პრელუდია
დილა უჟმურად დაიწყო, მოღრუბლულ ამინდში სახლიდან გამოვედი
და სამსახურისკენ დავიძარი. ჩვეულებრივი სამსახურეობრივი რუტინა… და შესვენების დროც
მოვიდა. როგორც წესი იშვიათად გავდივარ შესვენებიდან სამსახურს გარეთ და ვცდილობ ბევრი
დრო რომ არ დავკარგო უცებ ვისადილო სამსახურის სასადილოში. რატომღაც ამ დღეს გადავწყვიტე
გარეთ გავსულიყავი სადილზე. გზად ცეცხლსასროლი იარაღის მაღაზიას ჩავუარე. მაღაზია
„დიანა“ ერთერთი ძირძველი მაღაზიაა თბილისში. მახსოვს ჯერ კიდევ 90-ან წლებში პლეხანოვიდან
ფეხით მივდიოდი პეკინზე ამ მაღაზიაში იარაღების დასათვალიერებლად. ყოფილა დღეები, რომ
ორჯერ წავსულვარ ფეხით და ძმაკაცებიც წამიყვანია, რომ მეჩვენებინა მაღაზიის დახლზე
განთავსებული ახალი იარაღები. წელს პანდემიის დაწყებამდე ვიყავი ბოლოს აღნიშნულ მაღაზიაში
და გადავწყვიტე დღესაც შევსულიყავი. რატომღაც შესვლისას გლუვლულიანი თოფების დათვალიერება
დავიწყე. ამ დროს მაღაზიის თანამშრომელმა დამიძახა აქეთ მოდი, შენ რომ გიყვარს ისეთი
„რაღაცეები“ მივიღეთო. დახლთან მისულმა დავინახე ძალიან ბევრი „Walther PPK“, ფრანგული
კომპანია „Manurhin“ -ის მიერ წარმოებული „Walther PP“ -ები, „Beretta M70 და M71“,
„Beretta M1934/M1935“, ესპანური „Starr“, იტალიური ვინჩენცო ბერნარდელის სპორტული
პისტოლეტები.... და უცებ ვხედავ დახლის კუთხეში 2 ცალი FN Browning M1922 დევს. ვთხოვე
ეჩვენებინათ ორივე. ერთერთი აღმოჩნდა ადრეული ვარიანტი იუგოსლავიის საკონტრაქტო დამღით
და გერბით, ხოლო მეორე შედარებით მოგვიანებით გამოშვებული, რომელსაც საკეტზე მარჯვენა
მხრიდან დატანილი ჰქონდა მარკირება „Bahnpolizei U.S. Zone” (ამ დამღის შესახებ ცალკე
ვისაუბრებ სტატიის ქვემოთ). ეს პისტოლეტი საკმაოდ კარგად იყო შენახული. ვიზუალურად
მცირედ ეტყობოდა ცვეთის კვალი, ხოლო მექანიზმი აბსოლუტურად გამართულად ფუნქციონირებდა.
ამ იარაღის დახლზე დაბრუნება სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა ჩემთვის. ეს იყო ჩემი ერთერთი
ბავშვობის ოცნება და ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ ამ ოცნებასთან. მივხვდი რომ ასეთ
მდგომარეობაში ამ პისტოლეტის ხელიდან გაშვება არ გამოვიდოდა... მაგრამ ფასი? ასეთი
პისტოლეტები საქართველოს მეორადი იარაღის ბაზარზე
მინიმუმ 4000-5000 და რიგ შემთხვევბში მეტიც ღირს. არადა ვერ ველევი... რა დააბრუნებს
ამ იარაღს უკან დახლზე?! ხმის კანკალით ამოვილუღლუღე
„რა ღირს“? "1300 ლარი" მიპასუხა მაღაზიის თანამშრომელმა. თითქოს მომესმა და კიდევ ერთხელ
გავამეორებინე. „1300 ლარი ღირს კი“ დამიდასტურა თანამშრომელმა. აი აქ მივხვდი, რომ
ეს პისტოლეტი უკვე ჩემი იყო! დასარეგისტრირებლად მომსახურების სააგენტოში ფეხით გავიქეცი
და მერე გამახსენდა რომ მანქანა მაღაზიასთან დამრჩა J))). იარაღის მოწმობა სანამ დაიბეჭდა, მერე საღამოს
საცობები და მოკლედ იმ დღეს ვერ მოვასწარი
იარაღის გამოტანა. ვიცოდი რომ ის „რკინის ნაჭერი“ მაღაზია „დიანას“ კედლებში მელოდებოდა. თეთრი ღამე ფიქრში გაიწელა, დილას კი
შედგა ჩვენი მორიგი და ალბათ სამუდამო შეხვედრა...
შექმნის
ისტორია
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ავსტრია-უნგრეთის
იმპერია დაიშლა და მის ადგილას წარმოიქმნა სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო
(Država Slovencev, Hrvatov in Srbov), რომელიც მალევა იქცა იუგოსლავიის სამეფოდ.
ბუნებრივია ომის შემდგომ ჩამოყალიბებული ახალგაზრდა
სახელმწიფო საჭიროებდა გაძლიერებას და შეიარაღების კუთხით გარკვეული მარაგების მოგროვებას/არსენალის
დაკომპლექტებას. ერთერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა თვითდამტენი პისტოლეტების მოძიება,
რომლითაც პირველ რიგში სამეთაურო შემადგენლობა შეიარაღედებოდა. სახელმწიფომ დახმარებისთვის
მიმართა ბელგიურ კომპანიას “FN” -ს (Fabrique Nationale). თავდაპირველად საარმიო პისტოლეტის
სახით განიხილეს 9x17 (9mm Kurz) ტიპის ვაზნაზე გათვლილი FN Browning Modell 1910
(FN M1910), რომლის მჭიდშიც 6 ცალი ვაზნა თავსდებოდა. საბოლოოდ აღნიშნული მოდელი არ
ჩათვალეს დამაკმაყოფილებლად, რადგან 6 ცალი ვაზნა იმ პერიოდში უკვე ითვლებოდა საკმაოდ
დაბალ ტევადობად. ასევე პისტოლეტი იყო მცირე გაბარიტიანი, ჰქონდა მოკლე ლულა, ხოლო
საკეტზე არ იყო შესრულებული ცალკეული ღია სამიზნე მოწყობილობები. სამიზნის როლს ასრულებდა
საკეტის ზემოდან დატანილი ნაჭდევებიანი თამასა. ასეთი მახასიათებლების გამო “FN
Browning M1910” მიუღებელი აღმოჩნდა იუგოსლავიის სამხედრო პირებისთვის. სხვა მხრივ
პისტოლეტი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია Fabrique
Nationale -ში ჩატარდა გარკვეული ანალიზი, რის შედეგადაც კომპანიის მესვეურებმა მიიღეს
მარტივი გადაწყვეტილება. ძალიან მცირე მატერიალური დანახარჯებით და მინიმალური ტექნოლოგიური
ჩარევით, შესაძლებელი იყო „FN Browning M1910“ –ის მორგება დამკვეთის მოთხოვნებზე.
მათ 25 მმ-ით დააგრძელეს იარაღის ლულა, რომლის სიგრძემ საბოლოოდ შეადგინა 113 მმ, ხოლო
იმისათვის, რომ სტანდარტული „FN M1910“-ის საკეტს დაეფარა გრძელი ლულა, შეიმუშავეს
საკეტის დამაგრძელებელი საცმი ქუროს სახით. აღნიშნული საცმი (ქურო) გადაბრუნებით მაგრდებოდა
საკეტის ცხვირზე და ზამბარიანი მცოცავი ფიქსატორის მეშვეობით ფიქსირდებოდა. საკეტის
საცმზე (ქუროზე) შესრულებული იყო ნახევრადმრგვალი (ე.წ. ნახევარმთვარისებური) ფორმის
წინა სამიზნე მოწყობილობა. საკეტის უკანა ნაწილში კი მერცხლის კუდის ტიპის სამაგრის
გამოყენებით განთავსდა V-სებური უკანა სამიზნე მოწყობილობა.
ასე გაჩნდა პირველი პროტოტიპი, რომელშიც მიღწეული იქნა
დამკვეთის მოთხოვნა სამიზნე მოწყობილობების და ლულის სიგრძის გაზრდის კუთხით.
ფოტოზე
გამოსახულია სწორედ ასეთი ეგრეთწოდებული გარდამავალი მოდელი FN M1910/M1922, რომელსაც გააჩნია FN M1910-ისთვის დამახასიათებელი ჩარჩო, გრძელი ლულა, საკეტის დამაგრძელებელი საცმი (ქურო) და ორმხრივი დროშისებური მცველის ბერკეტი
შემდგომ სამუშაოს წარმოადგენდა მჭიდში ვაზნების ტევადობის
გაზრდა. ამ შემთხვევაშიც გამოსავალი იყო საკმაოდ მარტივი. ადგნენ და პისტოლეტის ტარი
დააგრძელეს იმდაგვარად, რომ ერთრიგიან მჭიდში ჩადიოდა 2 ცალი ვაზნით მეტი (ანუ უკვე
8 ცალი “9x17/9mm Kurz” ტიპის ვაზნა, ნაცვლად 6 ცალისა).
1922 წელს დასრულდა პისტოლეტის პროტოტიპების გამოცდა
შესაბამისად პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება „FN Browning Model 1922“. ვინაიდან
პისტოლეტის ძირითადი კონსტრუქცია აღებულ იქნა 1910 წლის მოდელიდან, პისტოლეტს გარკვეულ
წყაროებში აღნიშნავენ, როგორც „FN Browning Model 1910/22“.
1923 წლის 28 თებერვალს სლოვენების, ხორვატების და სერბების
სახელმწიფომ კომპანია FN -თან გააფორმა შეკვეთის დოკუმენტი, რომლის თანახმად კომპანიას
უნდა დაემზადებინა და მიეწოდებინა 60 000 ცალი პისტოლეტი. შესაბამისად სლოვენების,
ხორვატების და სერბების სახელმწიფო იყო ქვეყანა რომლისთვისაც ექსკლუზიურად (სპეცი დაკვეთით)
შეიქმნა „FN Browning Model 1922“. ასევე
იგი იყო პირველი ქვეყანა, ვინც ოფიციალურ შეიარაღებაში მიიღო პისტოლეტი
„FN Browning Model 1922“. შეკვეთილი
პისტოლეტების პირველი პარტიების მიწოდება დაიწყო 1923 წელს და გაგრძელდა 1925 წლის
ჩათვლით (რამდენადაც ცნობილია ამ პერიოდში დაკმაყოფილდა შეკვეთილი 60 000 ცალი პისტოლეტის
მიწოდება). ამის შემდეგ კვლავ განახლდა შეკვეთა და კომპანიამ ისევ დაიწყო დამატებითი
პისტოლეტების დამზადება.
კონსტრუქცია
და დეტალები
Browning M1922 სხვა კონსტრუქციული თვალსაზრისით არ
განსხვავდებოდა მისი წინამორბედი Browning M1910-ისგან. იყენებდა ერთმაგი მოქმედების
დამრტყმელიან მექანიზმს. მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. საკეტის გადაკეტვა
ხდებოდა გაძლიერებული დამაბრუნებელი ზამბარით და საკეტის მასით. იარაღის კონსტრუქციაში
ჩადებული იყო ერთდროულად 3 ტიპის მცველი:
1. დროშისებური მცველი, რომელიც პისტოლეტის ჩარჩოზე
მარცხენა მხარეს უკანა ნაწილში იყო დამაგრებული;
2. პისტოლეტის სახხელურის უკან დამაგრებული ავტომატური
მცველის კლავიში, რომელსაც მსროლელი ხელის მოჭერით თიშავს;
3. მჭიდის მცველი (თუ პისტოლეტზე არ არის მორგებული
მჭიდი, გასროლა შეუძლებელია). აღსანიშნავია, რომ შედარებით მოგვიანებით გამოშვებულ
გარკვეულ პარტიებში მჭიდის მცველი ამოღებულ იქნა კონსტრუქციიდან.
პისტოლეტის ტარზე ქვედა მარცხენა მხარეს შესრულებული
ღვედის სამაგრი პერიოდულად ქრებოდა კონსტრუქციიდან და პერიოდულად ისევ ჩნდებოდა. ეს
ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული დამკვეთი კონკრეტული შეკვეთის დროს ითხოვდა
ღვედის სამაგრს.
ასევე წარმოების პერიოდში იცვლებოდა საკეტის საცმის
ვიზუალური მხარე. შესაბამისად პისტოლეტებზე გვხვდება ორნაირი ტიპის საცმი: 1. ბრტყელი გვერდებით
და 2. მთლიანად მრგვალი.
სხვადასხვა
შეკვეთების პისტოლეტები და მათი იდენტიფიკაცია
ზოგადად ბრაუნინგის 1922 წლის მოდელი მისი შეკვეთის
და დამზადების პერიოდის მიხედვით შეიძლება დაიყოს რამოდენიმე კატეგორიად:
იუგოსლავიური კონტრაკტის პისტოლეტები (FN Browning Model 1922 pistol Yugoslavian order)
ასეთი პისტოლეტების საკეტის ზედა მხარეს დატანილია სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო გერბი, ხოლო საკეტის მარჯვენა მხარეს შესრულებულია წარწერა „Воjно државни №“ და შემდგომ იარაღის სერიული ნომერი.
ნიდერლანდური,
ჰოლანდიური და დანიური შეკვეთის პისტოლეტები
1924 წლის ოქტომბერში ნიდერლანდების ხელისუფლებამ კომპანია
FN -ს დაუკვეთა 7,65x17 (.32 ACP) კალიბრის ვაზნაზე გათვლილი 2000 ცალი პისტოლეტი,
რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. პისტოლეტებს მიანიჭეს აღნიშვნა „Pistool M25 No
1“. 7,65 მმ-ან ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტის მჭიდში თავსდებოდა 9 ცალი ვაზნა.
1925 წელს ასევე განახორციელეს შეკვეთა 2000 ცალ პისტოლეტზე,
რომელიც 9x17 (9mm Kurz) ტიპის ვაზნაზე იყო გათვლილი. ამ პისტოლეტებს მიენიჭა აღნიშვნა
„Pistool M25 No 2“. პისტოლეტმა აღიარება დაიმსახურა
ჰოლანდიაში, ამიტომ მასზე შეკვეთები გრძელდებოდა 1940 წლის ჩათვლით, მანამ სანამ გერმანია
მოახდენდა ჰოლანდიაში შეჭრას და მის ოკუპირებას. მკვლევარების და ისტორიკოსების აზრით
კომპანია FN -მა ჰოლანდიისათვის ჯამში დაამზადა და მიაწოდა 60 000 ერთეული Pistool M25, რომელსაც იყენებდნენ ჰოლანდიის პოლიცია,
პენიტენციალურ სისტემაში მომუშავე თანამშრომლები და ნაციონალური ბანკის ის პირები,
რომელთაც სამსახურეობრივი მიზნებისთვის ეკუთვნოდათ ცეცხლსასროლი პისტოლეტის ტარება.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე პისტოლეტი FN M1922 ასევე მოხვდა დანიის შეიარაღებაში.
1930-ან წლებში დანიამ კომპანია FN-ს დაუკვეთა 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი 3000 ცალი
პისტოლეტი, რომელიც დანიის ფედერალური პოლიციისთვის იყო განკუთვნილი.
ომამდელი შეკვეთის ფარგლებში
დამზადებულ Browning M1922 -ს საკეტის ზედა მხარეს დატანილი ჰქონდა დამღა გვირგვინის
სახით, ხოლო მის ქვემოთ შესრულებული იყო ასო «W», რომელიც წარმოადგენდა ნიდერლანდების დედოფალის
ინიციალს (Wilhelmina Helena Pauline Maria 1890—1948).
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჰოლანდიამ კვლავ
განაახლა შეკვეთები კომპანია Fabrique Nationale-თან. ჰოლანდიის მიერ ომის შემდგომი
შეკვეთის Browning M1922 -ზე დატანილი იყო
დედოფალ იულიანის (Juliana Louise Emma Marie Wilhelmina van
Oranje-Nassau) ინიციალი ასო “J”-ს სახით. ასეთი დამღა პისტოლეტებზე გამოჩნდა 1948
წლიდან.
კომპანია Fabrique Nationale მცირე პარტიებად ამზადებდა
Browning M1922 -ს როგორც ბელგიის, ასევე სხვადასხვა ქვეყნების არმიის და პოლიციისთვის.
მათ შორის იყო: საფრანგეთი (1932 წელს
საფრანგეთის საზღვაო ფლოტისთვის განხორციელდა 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტების
შეკვეთა);
საბერძნეთი
(1926-1929 წელს საბერძნეთის
მიერ განხორციელდა 9 980 ცალი 9x17მმ-ან ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტების შესყიდვა, რომელიც
საბერძნეთის არმიის და საჰაერო ძალების შეიარაღებაში მოხვდა).
ესპანეთი - 1936 წელს ესპანეთის ომის დაწყების შემდეგ ესპანეთის
მთავრობამ შეისყიდა 200 ცალი 9x17მმ-ან ვაზნაზე გათვლილი FN Browning M1922.
მექსიკა - პისტოლეტებზე განხორციელებულ იქნა
შეკვეთა მექსიკის პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებისთვის, ასევე
მცირე ნაწილი მოხვდა არმიის რიგებში.
გარკვეული რაოდენობით პისტოლეტი FN Browning M1922 მოხვდა
რუმინეთში (შეკვეთა გაიგზავნა 1935 წლის
სექტემბერში. ასეთ პისტოლეტებზე დატანილი იყო რუმინეთის შსს-ს გერბი).
როგორც წესი სხვადასხვა ქვეყნისთვის განკუთვნილ პისტოლეტებს
ჰქონდა ინდივიდუალური მარკირება გერბების, ლოგოტიპების და სპეციალური დამღების სახით.
მაგალითად საფრანგეთის საზღვაო ფლოტში იყო პისტოლეტები,
რომელთაც საკეტის ზემოდან შესრულებული ჰქონდა ლოგოტიპი ღუზის სახით.
თურქული
შეკვეთის პისტოლეტების
საკეტზე მარჯვენა მხრიდან დატანილი იყო შემდეგი სახის წარწერები 1. "T.C.
Subay" (იშიფრება როგორც Turkiye
Cumhuriyeti Subay - თურქეთის რესპუბლიკის ოფიცერი); 2. "T.C. Ordusuna
Mahsustur" (იშიფრება როგორც Turkiey Cumhuriyeti Mahsustur - თურქეთის რესპუბლიკის
შეიარაღებული ძალების აკუთრება); 3. "Subaylara Mahsustur" (იშიფრევა რგორც
შეიარაღებული ძალების ოფიცრის საკუთრება).
გერმანია და ოკუპაციის პერიოდში დამზადებული პისტოლეტები
1940 წლიდან 1944 წლის ჩათვლით გერმანიის მიერ ოკუპირებულ
ბელგიის ტერიოტორიაზე კომპანია Fabrique Nationale-მა გერმანელების მეთვალყურეობის
ქვეშ გააგრძელა M1922 -ის წარმოება. რიგი წყაროების თანახმად გერმანელების კონტროლის
ქვეშ სულ დამზადებულ იქნა დაახლოებით 363 200 ცალი პისტოლეტი FN Browning
Modell 1922. ასეთი პისტოლეტების სერიული ნომრები მერყეობს 20000 დან 215000 დიაპაზონის ფარგლებში. ამას გარდა ოკუპაციის დროს
იწარმოებოდა პისტოლეტები, რომელთაც ჰქონდა
შერეული აღნიშვნა (ციფრული და ბოლოში ასო) ასეთი პისტოლეტების ნომრები მერყეობს 1 დან 100000-მდე და აქვს ასოები
"a", «b» და «c».
ზოგადად ოკუპაციის დროინდელი პისტოლეტები იყოფა 3 კატეგორიად:
პირველი ტიპის საოკუპაციო პისტოლეტები Browning
1922 ვაფენ ამტის მარკირებით WaA613 - ეს პისტოლეტები
იყო 9mm kurz (9x17) კალიბრის ვაზნაზე. ჰქონდა ბაკელიტისგან დამზადებული ტარის ლოყები ოვალში ჩასმული ლოგოტიპით „FN“. პისტოლეტის დეტალები
კარგად იყო გაპრიალებული და ჰქონდა ხარისხიანი დაფარვა. როგორც წესი მათი სერიული ნომრები
შედგებოდა 6 ცალი სიმბოლოსგან. პისტოლეტის ჩარჩოზე, საკეტზე, მჭიდზე და ლულის სავაზნეზე
დატანილი იყო მარკირება «WaA 613». ამ მარკირებით სულ დამზადებულ იქნა დაახლოებით
3200 ცალი პისტოლეტი Browning M1922.
მეორე ტიპის საოკუპაციო პისტოლეტები Browning
1922 ვაფენ ამტის მარკირებით WaA613 - იგი განსხვავდებოდა კალიბრით და იყენებდა 7,65მმ-ან
ვაზნებს. სულ დამზადებულ იქნა დაახლოებით 3000 ცალი ეგზემპლარი. მათი სერიული ნომრები
მერყეობს 20000 დან 23000 -მდე და ასევე 288000-289000 მდე დიაპაზონში.
მეორე ტიპის საოკუპაციო პისტოლეტები Browning
1922 ვაფენ ამტის მარკირებით „WaA103“. მათი კალიბრი ასევე არის 7,65მმ და არაფრით არ განსხვავდება
(გარდა მარკირებისა „WaA103“. სულ ასეთი მარკირებით დამზადებულ იქნა დაახლოებით
32000 ცალი Browning 1922, რომელთა სერიული ნომერი არის ხუთნიშნა.
მეორე ტიპის საოკუპაციო პისტოლეტები Browning 1922 ვაფენ ამტის მარკირებით „WaA140“. წინამორბედი პისტოლეტებისგან
განსხვავებით ტარის ლოყები დამზადებული იყო კაკლის ხისგან, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი
ლოგოტიპი. ხელის უკეთ მოსაჭიდებლად ხის ლოყებზე გაკეთებული იყო წვრილი რომბისებური
ნაჭდევები. ასეთი იარაღის
დეტალების დამუშავება და დაფარვა ჯერ კიდევ ხარისხიანად ხდებოდა. მათი სერიული ნომერი
იყო ექვსნიშნა. სულ დამზადებულ იქნა დაახლოებით 90000 ცალი პისტოლეტი.
მესამე ტიპის საოკუპაციო პისტოლეტები Browning
1922 მარკირებით „WaA140“.
დამზადდა ასევე
7,65მმ-ან ვაზნაზე. ტარის ლოყები დამზადებული
იყო კაკლის ხისგან. მათი შესრულების ხარისხი
იყო დაბალი. იარაღის დეტალებს ეტყობოდა ჩარხების და ინსტრუმენტების კვალი. სერიული
ნომერი იყო ხუთნიშნა + ასო. საკეტის
მარცხენა მხარეს და ლულის სავაზნე ნაწილში დატანილი იყო მარკირება „WaA140“. ამ სახით
სულ დამზადებულ იქნა დაახლოებით 230 000 ცალი პისტოლეტი FN Browning M1922.
რიგი წყაროების თანახმად ოკუპაციის დროს პისტოლეტების
გარკვეული ნაწილი მზადდებოდა ასევე კომერციული მიზნით. კომერციული პისტოლეტები გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP). მათი
შესრულება და დამუავება ხდებოდა უხეშად, ხოლო ტარის ლოყები დამზადებული იყო პლასტმასისგან
(არა ბაკელიტისგან), რომლის ზედა ნაწილში ოვალში ჩასმული FN-ის საფირმო ლოგოტიპი იყო
დატანილი. სერიული ნომერი შედგებოდა 5 ციფრისგან + ასო. ლულის სავაზნე ნაწილში დატანილი
იყო მარკირება „WaA140“ რაც იმას მოწმობს, რომ კომერციულ პისტოლეტებში იყენებდნენ სამხედრო
მიზნებისთვის დამზადებულ ლულებს. პისტოლეტის ჩარჩოს უკანა მხარეს დატანილი იყო სამკუთხა
ფორმის დამღა. კომერციული პისტოლეტები ძირითადად კომპლექტდებოდა ფოსფატირებული მჭიდებით,
რომელსაც დაკრავდა სახასიათო მონაცრისფრო ელფერი.
გერმანიის არმიის შეირაღებაში არსებულ პისტოლეტებს შორის
ასევე ირიცხებოდა ის FN Browning Modell
1922 -ები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ნაალაფარის სახით იქნა წამოღებული. როგორც წესი
ასეთ პისტოლეტებზე გვხვდება შესაბამისი ქვეყნისთვის განკუთვნილი დამღები/გერბები/მარკირებები
და ამავდროულად ნაცისტური დამღები.
პისტოლეტი FN Browning 1922 როგორც წესი დაკომპლექტებული
იყო ტყავის შალითით (კაბურით), რომელსაც ჰქონდა დამატებითი (სათადარიგო) მჭიდის ჯიბე.
შალითები (კაბურები) სხვადასხვა ქვეყნისთვის გამოიყურებოდა სხვადასხვაგვარად. შესაბამისად
შეიძლება შეგვხდეს რამოდენიმე ვარანტი.
ომის
შემდგომი ვარიანტები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამზადებულ FN Browning
Modell 1922 -ზე გვხვდება ცვლილება გაზრდილი ავტომატური მცველის ღილაკის სახით. კლავიშის
სვლის მანძილი დარჩა უცვლელი, თუმცა მიუხედავად ამისა მოზრდილ კლავიშისებურ მცველზე
მანიპულირება გახდა უფრო იოლი და საიმედო.
მოდელი
FN
M125 (ცნობილი ასევე სახელწოდებით
M1955), რომელიც ძირათადად ასევე ამერიკის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. მას ჰქონდა რეგულირებადი სპორტულ-საასპარეზო პისტოლეტებისათვის
დამახასიათებელი ტიპის სამიზნე მოწყობილობა.
პისტოლეტის
არასრული დაშლა
იმისათვის, რომ დავშალოთ პისტოლეტი, პირველ რიგში საკეტიდან უნდა მოიხსნას ცხვირზე განთავსებული საცმი. საცმის მოსახსნელად მისი მცოცავი ფიქსატორი უნდა გავწიოთ წინ და შემდეგ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გადავაბრუნოთ საკეტის საცმი. ამის შემდეგ შესაძლებელია საცმის საკეტიდან მოხსნა. დაშლის დროს ყურადღება უნდა მიექცეს საკეტის ცხვირის საცმზე არსებულ ზამბარიან მცოცავ ფიქსატორს, რადგანაც აღნიშნული დეტალი და მისი ზამბარა არის საკმაოდ მინიატურული და დიდი ალბათობით თუ იგი ამოვარდა თავის ბუდიდან ადვილად დაიკარგება. ლულის და საკეტის მოსახნელად საჭიროა საკეტი გადავწიოთ უკან და დავაფიქსიროთ დროშისებური მცველის მეშვებით ნახევრადგახნილ მდგომარეობაში. ამის შემდედ ლულას გადავაბრუნებთ და შესაძლებელია საკეტის წინ გაწევით ჩარჩოსგან მოხსნა და ლულისგან განცალკევბა.
პისტოლეტის
თავისებურებანი
რათქმაუნდა FN M1922 ვერ შეედრება თანამედროვე ბესტსელერებს
და არც იქნება კორექტული მათ შევადაროთ, მაგრამ ჩამოვწერ რა მომწონს მასში და რა არ
მომწონს. პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ პისტოლეტი კარგად ზის ხელში. არაერთხელ მითქვამს,
რომ პატარა ხელი მაქვს, შესაბამისად FN Browning
1922 -ის ვიწრო და ამავდროულად გრძელი ტარი იდელაურად ერგება ჩემს ხელს. ამ მხრივ რასაც
შევცვლიდი არის ტარის დახრის კუთხე (ოდნავ უფრო დიდი დახრილობა იდელურ ერგონომიკას
შესძენდა პისტოლეტს. ავტომატური მცველის კლავიში პირადად ჩემთვის არის ზედმეტად მცირე შესაბამისად საჭიროებს გარკვეულ
„დამუღამებას“ რომ ხელის მოჭერით ბოლომდე მოახდინო მცველის გათიშვა. ამ მხრივ ომის
შემდგომ წარმოებულ პისტოლეტებზე დაყენებული მოზრდილი კლავიში ბევრად უკეთესია. დამაბრუნებელი ზამბარა ზედმეტად ხისტი მეჩვენება, თუმცა ამის წყალობით იგი ენერგიულა და შეიძლება ითქვას საიმედოდ ახდენს ვაზნის მიწოდებას.
სამიზნე მოწყობილობა როგორც იმ ეპოქის პისტოლეტებს ახასიათებს მარტივად რომ ვთქვათ არის რუდიმენტული. ზედმეტად თხელი წინა სამიზნის და V სებური უკანა სამიზნის კომბინაცია ჩემი აზრით ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად ამისა პისტოლეტის სიზუსტემ რასაც ჰქვია გამაკვირვა და გამახსენა კადრი ფილმიდან „დათა თუთაშხია“, სადაც ერთერთი პერსონაჟი FN M1922 -ს ისვრის და ამბობს „სად შოულობს ეს კაცი ასეთ იარაღს, დამიზნება არ ჭირია თვითონ ხვდება მიზანს“.
პისტოლეტის სასხლეტი მექანიზმი კონკრეტულად ჩემ იარაღზე საკმაოდ რბილია თუმცა გარკვეულწილად არაპროგნოზირებადია. ამ პისტოლეტიდან სროლისას მაქვს განსაკუთრებული შეგრძნება, რომელიც არ ჰგავს სხვა პისტოლეტს, რომელიდანაც მე მისვრია. სროლის დროს უკუცემა არის ერთი შეხედვით მსუბუქი, მაგრამ ამავდროულად გასროლოს დროს თითქოს ვგრძნობ, რომ წინ და მაღლა გარბის ლულა. (შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ ეს არის ჩემი პირადი შეგრძნება).
M1922
-ზე ვერ ვიტყვით, რომ კომპაქტურია, რადგანაც მისი სიგრძე შეადგენს 178მმ-ს, მაგრამ
იმ ეპოქის საარმიო პისტოლეტებისგან განსხვავებით მისი საკეტი არის თხელი, ჩარჩოს მოყვანილობა და ფორმა ვერ ვიტყვით რომ დიდია. პისტოლეტს არ აქვს გამოშვერილი დეტალები, რაც მთლიანობაში კომფორტულს ხდის
იარაღის ტარებას ან სწრაფად ამოღებას. ეს თვისებები გამოწვეული იმით, რომ FN M1922 წარმოდგენს ე.წ. „ჯიბის
პისტოლეტის“ FN M1910-ის მოზრდილ ვარიაციას (შეიძლება ითქვას, რომ FN
M1922 არის FN
M1910 მხოლოდ სტეროიდებზე). შესაბამისად
მას მისი წინამორბედისგან მემკვიდრეობით ერგო ”ჯიბის პისტოლეტის“ გარკვეული თვისებები.
ზოგადად ძველი თაობის და მითუმეტეს მეორადი იარაღის
შეძენისას ყოვლთვის არის ერთგვარი რისკი, რომ თქვენ ხელში შეგრჩეთ გუმართავი იარაღი,
ან სულაც ბუტაფორია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამოდენიმე ფაქტორი. როდესაც იარაღი დიდი პერიოდის წინ იქნა დამზადებული და ამავდროულად
იმყოფებოდა რომელიმე ქვეყნის ძალოვანი უწყების შეიარაღებაში, სავსებით შესაძლებელია,
რომ მას ჰქონდეს საკმაოდ დიდი „გარბენი“, რისგანაც მოძრავი დეტალები მორყეული, დაღლილი
ან გაცვეთილია, ზამბარები დამჯდარია (მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება დამაბრუნებელ
ან საბრძოლო ზამბარას) და სხვა საპასუხისმგებლო ნაწილებიც გადაიღალნენ ან მარტივად
რომ ვთქვათ თავის რესურსი ამოწურეს. ამას გარდა ხშირ შემთხვევაში ძველი თაობის პისტოლეტები ინახება არასათანადო პირობებში
(ნესტი, ყინვა), რაც დამატებით აჩქარებს იარაღის მწყობრიდან გამოსვლას.
რიგ შემთხვევაში შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარედან/კოსმეტიკურად
დაჟანგებულ და გაცვეთილ იარაღს მიღმა იმალებოდეს აბსოლუტურად მუშა და შეიძლება იდეალურადაც
შენახული მექანიზმი და ლულის არხი. განსაკუთრებით ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში,
თუკი იარაღი გათვლილია ისეთ ვაზნებზე, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში უბრალოდ ხელმიუწვდომელი
იყო საქართველოში და მარტივად, რომ ვთქვათ არავის გადაუკეთებია სხვა ვაზნაზე, ან არ
გასჩენია სურვილი სხვა (არა საშტატო) ვაზნით მოეხდინა გასროლა. პირადად მე მაქვს 2 ძველი თაობის პისტოლეტი, რომელიც
გათვლილია 7,65მმ-ან ბრაუინინგის ვაზნაზე (ერთი ჩვენი სტატიის მთავარი გმირი „FN
M1922“ და მეორე ჩეხოსლოვაკიური „CZ-27“) ორივე შემთხვევაში მე გამიმართლა, რადგან
მათი ლულები და შიდა მექანიზმი იდეალურად არის შენახული.
კონკრეტულად ჩემი პისტოლეტის საკეტზე მარჯვენა მხარეს
დატანილია დამღა «Bahnpolizei U.S.Zone», რომელიც მოწმობს, რომ იგი შეიარაღებაში ჰქონდა გერმანიის იმ სარკინიგზო
პოლიციას, რომელიც მსახურობდა ამერიკის მიერ ოკუპირებულ ზონაში. (როგორც ცნობილია მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია დაყოფილი იყო სულ 4 ძირითად საოკუპაციო ზონად. აღმოსავლეთ
ზონა - იყო საბჭოთა ზონა, ხოლო დასავლეთი დაყოფილი
იყო 3 ზონად. ბრიტანულ, ფრანგული და ამერიკულ ზონად).
საერთო ჯამში პისტოლეტი M1922 უდაოდ არის იარაღის ისტორიის
ერთერთ დიდი ნაწილი, იგი მსახურობდა უამრავ ქვეყანაში, აქვს გამორჩეული იერი, დამზადებულია
ლეგენდარული კომპანიის მიერ და შექმნილია გენიოსი კონსტრუქტორის ჯონ ბრაუნინგის თაოსნობით,
რაც სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი კოლექციონერისთვის / იარაღის მოყვარულისთვის სასურველ პისტოლეტს
წარმოადგენდეს.
No comments:
Post a Comment