DUO / DUO Z (CZ DUO)

რამოდენიმე დღის წინ ქართულ ვებ სივრცეში გასაყიდად გამომზეურდა ორი ცალი ჩეხოსლოვაკიური ჯიბის პისტოლეტი ‘SLAVIA” და „DUO”. ორივე პისტოლეტს იდენტური კონტრუქცია გააჩნია და ერთი ფესვები აქვთ, რადგანაც მათი შექმნის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებულნი ერთმანეთთან. ჩვენი ბლოგის მკითხველები ალბათ ამჩნევთ, რომ მე დაინტერესებული ვარ პოლონური, უნგრული და ჩეხური იარაღით, რის  შესახებაც არაერთხელ აღმინიშნავს ჩვენს სტატიებშიც. (თითქმის ყველა სტატიას ჩეხურ იარაღზე ასე ვიწყებ და უნდა გადავეჩვიო J).    ‘SLAVIA“ და „DUO” ჩემი კვლევის ობიექტი ბევრჯერ გამხდარა. პისტოლეტ „DUO”-ს პირველად სტუდენტობის პერიოდში ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში, კრიმინალისტიკის პრაქტიკების გავლისას წავაწყდი. პირველი შეხედვით იგი მეგონა ესპანელების მიერ დამზადებული „Browning 1906“-ის მორიგი კლონი, რომელსაც ესპანეთში გაზეთების ბეჭდვის სისწრაფით ამზადებდნენ. კვლევა-ძიების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პისტოლეტი ჩეხოსლოვაკიური წარმოების იყო, თუმცა ფესვებს ესპანეთდან იღებდა.  დღეისათვის პრაქტიკული დანიშნულების კუთხით (თავდაცვისთვის ან  ყოველდღიურად სატარებლად ვისაც ამის უფლება აქვს მინიჭებული კანონით) მეეჭვება საღად მოაზროვნე ადამიანმა შეიძინოს ეს პისტოლეტები, ხოლო რაც შეეხება მათ საკოლექციო ღირებულებას, რა თქმა უნდა ამ ჭრილში თუ მივუდგებით უდაოდ ღირს მათი შეძენა. თუმცა ფასი რომლსაც მფლობელი ითხოვდა მათში (800 $ თითო პისტოლეტში) ნამეტანი იკბინება. სწორედ გასაყიდად დადებული პისტოლეტების განცხადების ნახვამ შთამაგონა  დამეწერა ეს მცირე სტატია, რომელიც  ამ პისტოლეტებს და მათი შექმნის ისტორიას ეხება.
სანამ სტატიის მთავარ ნაწილს დავიწყებდე მინდა ავღნიშნო, რომ არ გეგონოთ მე რეკლამას ვუკეთებ ამ პისტოლეტებს. ჩვენი სტატიის დანიშნულებაა უბრალოდ გაგაცნოთ ეს პისტოლეტები, ხოლო პიროვნებას რომელიც ყიდის ამ პისტოლეტებს 800$-ად ღმერთმა ხელი მოუმართოს. თუ ეს სტატია დაეხმარება მას პისტოლეტების გაყიდვაში მაგას რა ჯობია. გულწრფელად მიხარია, რომ საქართველოში არის ეს პისტოლეტები და ვიღაცას აქვს.
პისტოლეტების შექმნის ისტორია
შევეცდები ქრონოლოგიურად აღვწერო "Slavia"-ს და "DUO"-ს შექმნის ისტორია.
1920 წლის მიწურულს ჩეხეთის ქალაქ კდინში (Kdyne) Antonin Vilímec-მა დაიწყო საწარმოო დანადგარების მომზადება და დაკომპლექტება ახალი პისტოლეტისათვის, რომელთა წარმოებაც სახელწოდებით ‘Slavia“ დაწყებულ იქნა 1921 წელს.
ეს პისტოლეტი წარმოადგენდა ბრაუნინგ 1906 მოდელის კლონს, რომელიც კონსტრუქციულად გამარტივებული იყო და ბრაუნინგისგან განსხვავებით არ გააჩნდა ტარის უკანა ნაწილში არსებული ავტომატური მცველი, რომელზეც მსროლელი ხელის მტევნის მეშვეობით ახდენდა დაწოლას და თიშავდა მცველს. პისტოლეტის კონსტრუქცია აღებულ იქნა ესპანეთიდან იმპორტირებული მოდელისგან “Singer”. 14 წლის განმავლობაში  დამზადებულ იქნა 70 000 ცალ ეგზემპლარზე მეტი „Slavia”.
1935 წელს პისტოლეტ „Slavia“-ს საწარმოო ხაზი შეისყიდა ჩეხოსლოვაკიის ქალაქ კდინში არსებულმა კომპანიამ ”Posumavska Zbrojovka Kohout & Spol“, რომელმაც თავდაპირველად პისტოლეტების წარმოება დაიწყო სახელწოდებით „PZK“. აღნიშნული სახელით სულ დამზადდა დაახლოებით 1000 ცალ ეგზემპლარამდე. შემდგომ პისტოლეტს მიენიჭა ახალი სავაჭრო სახელწოდება „MARS”.


პისტოლეტ MARS-ისათვის „Posumavska Zbrojovka Kohout & Spol“-ში ლულებს აკეთებდა იარაღის ოსტატი ფრანტიშეკ დუშეკი (Frantisek Dusek). ფრანტიშეკ დუშეკი დაიბადა  1876 წელს და წარმოშობით იყო ქალაქ ოპოჩნოდან (Opocno).  იგი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იღებდა სხვადასხვა შეკვეთებს შაშხანების და გლუვლულიანი საფანტის იარაღის დამადებაზე. რიგი წყაროების თანახმად პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მან უარი განაცხადა ავსტრო-უნგრეთისთვის იარაღის და მათი ნაწილების დამზადებაზე, ხოლო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციისას კი უარი განაცხადა ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაზე. იგი 20-ანი წლების მიწურულს  ეწეოდა ესპანეთიდან ბრაუნინგ 1906-ის კლონების იმპორტს ჩეხოსლოვაკიაში. პისტოლეტები იყიდებოდა სავაჭრო ნიშნით „Singer“ და „Ydeal“. შემდგომ ფრანტიშეკ დუშეკი აკეთებდა პისტოლეტების საკეტზე წარწერის Automat Pistole “DUO”, დატანას და ამდაგვარი სახით ყიდიდა მათ. ამავე პისტოლეტებთან ერთად დუშეკი ყიდიდა აგრეთვე პისტოლეტ „MARS“-ს. 
30-ანი წლების მიწურულს დუშეკი ვეღარ ახდენდა ესპანეთიდან პისტოლეტების იმპორტირებას და გადაწყვიტა დამოუკიდებლად დაეწყო პისტოლეტების წარმოაბა. 1938 წელს დღის სინათლე იხილეს ახალმა პისტოლეტებმა სახელწოდებით „DUO”. რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტ „DUO-ს წარმოების დაწყება თარიღდება 1926 წლიდან. ეს პისტოლეტები იყო ზემოთ აღნიშნული დუშეკის სავაჭრო ნიშნით მარკირებული ეგზემპლარები, ხოლო 1938 წელს მოხდა უკვე დუშეკის მიერ დამოუკიდებლად, ოფიციალური სახით წარმოების დაწყება. სწორედ ეს ახალი “DUO”-ები გახდა ყველაზე მეტად წარმატებული მის თანამოძმეებში.

ახალი „DUO” პისტოლეტების დამზადების ხარისხი, მის წინამორბედ „Slavia”-ს და  “MARS”-თან შედარებით იყო ბევრად უფრო მაღალი. “DUO” ხარისხით ჯობდა აგრეთვე დუშეკის მიერ ესპანეთიდან  იმპორტირებულ ეგზემპლარებსაც, რადგანაც მისი წარმოების სტანდარტი იყო ბევრად უფრო მაღალ დონეზე.
პისტოლეტ „DUO-ს არ გააჩნდა ღია სამიზნე, მის როლს ასრულებდა საკეტ-გარსაცმზე ზევითა მხრიდან არსებული ღარი მთელ სიგრძეზე. პისტოლეტს ტარის პლასტმასის ლოყებზე დატანილი ჰქონდა წარწერა „DUO”, ხოლო საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხარეს დატანილი იყო მარკირება „AUTOMAT. PISTOLE “DUO” CAL.6,35 F.DUSEK. OPOCNO”
სურათზე მოყვანილი "DUO" არის ოკუპაციის პერიოდში დამზადებული, თუმცა მისი მარკირება არის ისეთი, როგორიც გააჩნდა ოკუპაციამდელ მოდელებს. სავარაუდოდ იგი მანამდე მორჩენილი საკეტ-გარსაცმით ააწყვეს გერმანელებმა
 
პისტოლეტების ექსპორტი ხდებოდა აგრეთვე გერმანიაში, სადაც იგი იყიდებოდა დისტრიბუტორის სახელწოდებით „Eblen“.  1939-1940 წლებში პისტოლეტი გერმანიაში იყიდებოდა სახელწოდებით „JAGA”.  ოკუპაციის დროს გერმანელებმა ხელში ჩაიგდეს პისტოლეტ „DUO”-ს საწარმო და დაამზადეს 110 000 ცალზე მეტი ეგზემპლარი, რომელიც სხვადასხვა სპორტული საქონლის მაღაზიებში იყიდებოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა გერმანელებში.
მარკირება ოკუპაციის დროინდელი ეგზემპლარის საკეტზე AUTOMAT PISTOLE “DUO” CAL 6,35 F.DUSEK. OPOTSCHNO.  მარჯვნივ რიცხვი 45 აღნიშნავს პისტოლეტის დამზადების წელს ანუ 1945 წელს ამ შემთხვევაში.
არსებობს ეგზემპლარები, რომლებსაც სასხლეტი კავის დამცავ რგოლზე წინა ნაწილში დასმული აქვთ "GECO"-ს სავაჭრო ნიშანი.
არაოფიციალურად პისტოლეტები "DUO" პირად შეიარაღებაში გააჩნდათ გერმანელ ოფიცრებსაც.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პისტოლეტის წარმოება გადავიდა უჰერსკში ფაბრიკა „Ceska Zbrojovka“-ში. 1948 წლიდან აღნიშნულ მოდელებზე შეიცვალა ტარის ლოყები, რომლებზეც დატანილ იქნა „Praga Zbrojovka“ -ს და „Czechoslovak Zbrojovka“ (იგივე Zbrojovka Brno) ძველი სავაჭრო ნიშანი (ლოგოტიპი).
აღნიშნული ლოგოტიპის გამო ხშირად მიმდინარეობს კამათი, რომ პისტოლეტი არაა წარმოებული "CZ"-ს (Ceska Zbrojovka) მიერ და არის წარმოებული „Czechoslovak Zbrojovka“ (Zbrojovka Brno)-ს მიერ.
მარკირება პისტოლეტზე შეიცვალა ამოვარდა ფ.დუშეკის სახელი და ქალაქი ოპოჩნო.  AUT. PISTOLE "DUO" R.6,35mm MADE IN CZECHOSLOVAKIA.
პისტოლეტის არასრული დაშლა ხდება შემდეგნაირად: საკეტს ვწევთ უკან ისე, რომ დროშისებური მცველის ბერკეტის ცხვირი შევიდეს საკეტ-გარსაცმზე არსებულ ჭრილში. შემდეგ ლულას ვაბრუნებთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, დროშისებური მცველის ბერკეტს ვათავისუფლებთ საკეტისგან და საკეტს ვწევთ წინ. საკეტთან ერთად გამოდის ლულა და ლულის ქვემოთ განთავსებული დამაბრუნებელი ზამბარა მისი ღერძით. ამის შემდეგ შეგვიძლია ლულა მოვაშოროთ საკეტ-გარსაცმს და ამოვიღოთ საბრძოლო ზამბარა საცემ ნემსასთან ერთად.
Pistole “Z” (DUO „Z“)
1949  წლიდან პისტოლეტს მიენიჭა ახალი სახელწოდება “Z”. რომლის საკეტიდანაც გაქრა მარკირება „AUTOMAT. PISTOLE “DUO” CAL.6,35  და მის ნაცვლად გამოჩნდა ახალი მარკირება.
AUT. PISTOLE “Z” R. 6.35mm MADE IN CZECHOSLOVAKIA. მარჯვნივ წარწერა "56" ნიშნავს 1956 წელს
პისტოლეტები „DUO” და „Z” შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა ტიპის დაფარვით და სხვადასხვა ფერის ტარის ლოყებით.  აგრეთვე არსებობს ეგზემპლარები, რომელთა ტარის ფორმაც განსხვავდება.
72 წელს დამზადებული პისტოლეტი "Z" მისი ტარის ლოყები განსხვავდება ადრეული "Z" პისტოლეტის მოდელებისგან

ალბათ ყველაზე იშვიათი ვარიანტს წარმოადგენს, პისტოლე "Z", რომელიც გათვლილია წრიული აალების მოკლე ვაზნაზე .22Short.  თუკი დააკვირდებით მის საკეტს, შეამჩნევთ, რომ უკანა ნაწილში საკეტ-გარსაცმს გააჩნია ამონაჭრელი. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საკეტი იყოს უფრო მსუბუქი, რადგანაც .22Short სუსტი ვაზნაა და უფრო მსუბუქ საკეტს საჭიროებს.

პისტოლეტი გათვლილი ვაზნაზე ".22Short" . ფოტ ოს ავტორი Jan Balcar
არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, შეიძლება ითქვას ლეგენდაც, რომლის თანახმად პისტოლეტ “DUO”-ს სულ თან ატარებდა ნიკოლაე ჩაუშესკუ (Nicolae Ceauşescu). აგრეთვე ითვლება, რომ პისტოლეტი “DUO" არის ჩეხეთის მწერლის, საზოგადო მოღვაწის, დისიდენტის და პრეზიდენტის Václav Havel-ის საყვარელი პისტოლეტი.
არაოფიციალური წყაროების თანახმად პისტოლეტს იყენებდნენ აგრეთვე ჩეხეთის უშიშროების სამსახურ VB-ში (VB-Verejnou Bezpecnost).


No comments:

Post a Comment