Salvator-Dormus

ჩვენი მორიგი სტატია ეძღვნება ავსტრო-უნგრეთში შექმნილ თვითდამტენ პისტოლეტს, რომელიც დიდი ხნის წინ შეიქმნა. აღნიშნული პისტოლეტის მთავარი ისტორიული ღირებულება, მდგომარეობს იმაში, რომ იგი იყო ერთერთი პირველი თვითდამტენი პისტოლეტი, რომლის სქემაც ეფუძნებოდა თავისუფალი საკეტის პრინციპს.
ისტორიას ახსოვს უამრავი მაგალითი, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი შეიქმნა რამოდენიმე კონსტრუქტორის ერთობლივი მუშაობის და თანამშრომლობის შედეგად. სწორედ ასეთ მაგალითს განეკუთვნებიან დიდი ხნის წინ ვენაში მცხოვრები ერცჰეროგი Carl Salvator და Georg Ritter Dormus, რომლებმაც ერთობლივი მუშაობით შექმნეს ტყვიამფრქვევი „Škoda“, შაშხანები და თვითდამტენი პისტოლეტი.
სალვატორ-დორმუსის ერთერთი პროტოტიპი
1891 წლის ივლისის პერიოდში დაპატენტებულ იქნა სალვატორის და დორმუსის პისტოლეტის კონსტრუქცია. 1892 წელს კი Carl Salvator-ი გარდაიცვალა. 1894 წელს დამზადდა პირველი პროტოტიპები, ხოლო 1896 წელს ავტსრიის ტერიტორიაზე მდებარე ფაბრიკა „Škoda“-ს სახელოსნოში  სულ დამზადდებულ იქნა 50 ცალ ეგზემპლარამდე, რომლიდანაც 30 ცალი გადაეცა ავსტრიის არმიას, ფორმალური ტესტირების და გამოცდების ჩატარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კარლ სალვატორი იყო გარდაცვლილი, მისი კოლეგა გეორგ დორმუსი აღნიშნავდა, რომ პისტოლეტის შექმნაში ყველაზე აქტიურად მუშაობდა და დიდი წვლილი შეიტანა სწორედ კარლს სალვატორმა.
 სალვატორ-დორმუსის პისტოლეტისათვის სპეციალურად შეიქმნა 8მმ-ანი რანტიანი ვაზნა “8x17 R Dormus”, რომელიც დამზადებულ იქნა ვენაში გეორგ როტის ფაბრიკაში (Georg Roth A.G).
8მმ-ანი სალვატორ-დორმუსის ვაზნის მასრის ფსკერი, რომელიც მარკირებულია გეორგ როტის სავაჭრო ნიშნით
სამწუხაროდ მე ვერ შევძელი ამ ვაზნის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების მოძიება, თუმცა მისი გაბარიტებიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მისი მახასიათებლები მიახლოვებული იქნება ბრაუნინგის 7,65მმ-ნი ვაზნასთან. თანამედროვე ლიტერატურაში აღნიშნული ვაზნა მოხსენიებულია შემდეგნაირი აღნიშვნებით: 8x17 R Dormus / 8 Dormus Selbstladepistole / 8 mm Salvator Dormus / SAA 3685 / XCR 08 017 CBC 040.
სალვატორ-დორმუსის პისტოლეტს გააჩნდა იმ დროისათვის საკმაოდ მარტივი კონსტრუქცია. დამაბრუნებელი ზამბარა წამოცმული იყო უძრავ ლულაზე და გარშემო დაფარული იყო სპეციალური მილისებური გარსაცმით.
ლულის ქვემოთ განთავსებული იყო პატარა გამოშვერილი ბერკეტი, რომელიც მიერთებული იყო პისტოლეტის საკეტზე. სწორედ ამ ბერკეტის უკან გაწევით ხდებოდა პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა (შემართვა). პისტოლეტს გააჩნდა ღია ჩახმახი და ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი.
პისტოლეტის ვაზნებით კვება ხდებოდა შემდეგნაირად: „პაჩკისებური“ კლიპში თავსდებოდა 5 ცალი ვაზნა, შემდეგ მსროლელი აღებდა პისტოლეტის საკეტს და პისტოლეტის ტარში ზემოდან დებდა 5 ვაზნიან კლიპს.
ფოტოზე ჩანს პისტოლეტის ღია საკეტი და მიმწოდებელი ზამბარა
მიმწოდებელი ახდენდა ვაზნების მიწოდებას ლულის ხაზთან, ხოლო საკეტის დაკეტვისას ხდებოდა ვაზნის შეტანა ლულის სავაზნეში. ვაზნების გახარჯვის შემდეგ, ხდებოდა ცარიელი კლიპის გამოგდება ტარის ქვემოთ განთავსებული კარებიდან. სამიზნე მოწყობილობა იყო ღია და საკმაოდ მარტივი ტიპის. უკანა სამიზნე დამაგრებული იყო სავაზნის თავზე და გააჩნდა V-სებური ჭრილი.
მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი საიმედოდ მუშაობდა, არმია არ დაინტერესდა აღნიშნული ეგზემპლარით, რადგანაც ვერ აკმაყოფილებდა იმ პერიოდში ავსტრიის არმიის მოთხოვნებს:
·          მასში გამოყენებული ვაზნა საარმიო პისტოლეტისათვის იყო ძალიან სუსტი;
·         პისტოლეტის ვაზნებით დამუხტვა იყო რთული;
·         5 ცალი ვაზნა იმ პერიოდშიც კი ითვლებოდა სასაცილო რაოდენობად.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე პისტოლეტი მალევე იქნა მივიწყებული. დამზადებული პისტოლეტების ნაწილი განადგურდა საცდელი სროლებისას, ხოლო ნაწილი კი მოხვდა სხვდასხვა კერძო პირების მფლობელობაში. დღეს სალვატორ-დორმუსის პისტოლეტებზე პირდაპირი მნიშვნელობით ნადირობენ კოლექციონერები და მათი ფასი ინტერნეტ აუქციონებზე 25 000-40 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

No comments:

Post a Comment