პისტოლეტი ÖWA

1919 წლის მიწურულს ავსტრიაში (კერძოდ ვენაში) მდებარე საიმპერატორო არსენალს შეექმნა სხვადასხვა სახის პრობლემები, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი მუშაობის გაგრძელების საკითხი. ამ პერიოდში პირველი მსოფლიო ომის შედეგად დასუსტებულმა ავსტრიამ შეუწყვიტა არსენალს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მიწოდება. იმისათვის რომ არსენალი არ დაკეტილოყო, 1919 წლის 1 ოქტომბერს მოხდა მისი შერწყმა კომპანიასთან “Österreichischen Industriewerke”. ამ ფაქტიდან ძალიან მალე საიმპერატორო არსენალის კუთვნილი მეტალის დამამუშავებელი ხაზი ავსტრიის სავაჭრო რეესტრში დარეგისტრირდა ცალკე კომპანიის სახით, რომელსაც ეწოდა „Österreichische Werke, Gemeinwirtschaftliche Anstalt in Wien“ (შემოკლებითი სახელწოდება ÖWA).
1920 წლის 20 მარტს კომპანიამ Österreichischen Industriewerke ქალაქ ვენაში დაარეგისტრირა პატენტი № 19770. პატენტი მოიცავდა 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.25ACP) შემუშავებულ ჯიბის პისტოლეტს, რომლის წარმოებაც ქარხანამ „Österreichische Werke, Gemeinwirtschaftliche Anstalt in Wien“ (ÖWA) დაიწყო 1922 წლის პირველ ნახევარში. პისტოლეტი იარაღის ბაზარზე გამოტანილ იქნა კომპანიის აბრევიატურის სახელწოდებით „ÖWA“. ვინაიდან პისტოლეტი დაპატენტებული იყო 1920 წელს, მას ხშირად სხვადასხვა ლიტერატურაში აღნიშნავენ, როგორც „ÖWA M1920”.
 
პისტოლეტი ÖWA
 
ვიზუალურად პისტოლეტი ÖWA წააგავს იარაღის კონსტრუქტორის ნიკოლა პიპერის (Nicolas Pieper) პისტოლეტს, რომლის პატენტიც თავის დროზე ავსტრიულმა კომპანია „Steyr“-მა შეიძინა. რეალურად პისტოლეტი ÖWA კონსტრუქციულად განსხვავდება ნიკოლა პიპერის მოდელებისგან.
 
 
პისტოლეტს გააჩნია მონოლთური ზედა ჩარჩო, რომელც აერთიანებს ლულას. აღნიშნულ ჩარჩოს უკანა ნაწილში შესულებული აქვს განიერი ამონაჭრელები, რომელშიც თავისუფლად მოძრაობს პისტოლეტის საკეტი. ზედა ჩარჩო წინა ნაწილში ღერძის მეშვეობითაა დამაგრებულია ქვედა ჩარჩოზე. უკანა ნაწილი კი დაფიქსირებულია მასიური დროშისებური ფიქსატორით. იარაღის დასაშლელად საჭიროა მარცხენა მხარეს ჩარჩოს უკანა ნაწილში დამაგრებული მასიური დროშისებური ფიქსატორის ზევით აწევა, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება ზედა ჩარჩო ავწიოთ მაღლა და პისტოლეტი გადავხსნათ როგორც სანადირო თოფი.
 

დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებულია ლულის და საკეტის ზემოთ. პისტოლეტის ქვედა ჩარჩოში ჩამაგრებულია დაფარული ჩახმახი, რომელიც სასხლეტზე თითის დაჭერისას წყდება ადგილიდან და საკეტში მოთავსებულ საცემს ეჯახება.
ტარის ლოყები დამზადებულია პლასტმასისგან და მის ზედა ნაწილში მონოგრამის სახით შესრულებულია წარწერა [ÖWA]. მარცხენა მხარიდან ჩარჩოს უკანა ნაწილში განთავსებულია მცოცავი (ე.წ. სლაიდერული ტიპის) მცველი, რომელიც გააქტიურების დროს ახდენს ჩახმახის ბლოკირებას. 
 


მეორე მოდელი

გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანია "ÖWA"-მ გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა პისტოლეტი, რის შედეგადაც შეიქმნა მეორე მოდელი.
 
ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტის მეორე მოდელი
 
მეორე მოდელიდან ამოღებულ იქნა მცოცავი მცველი და მის მაგივრად გაკეთდა დროშისებური კონსტრუქციის ბერკეტი. იმისათვის, რომ მსროლელს ერთმანეთში არ არეოდა დროშისებური მცველი და დროშისებური ფიქსატორი, გადაწყდა რომ ფიქსატორი პისტოლეტის ჩარჩოს მარჯვენა მხარეს გადაეტანთ. მცირე ცვლილება განიცადა მჭიდის ფიქსატორმაც, რომელიც წინამორბედ მოდელთან შედარებით გახდა უფრო განიერი და დიდი, რაც მოსახერხებელს ხდიდა მჭიდის მოხსნას. 
 

მეორე მოდელში ცვლიელბა შეეხო ასევე პისტოლეტის ზედა ჩარჩოს და მცირედით შეიცვალა საკეტის ფორმა. აღნიშნული ცვლილებები უფრო მეტად ატარებდა კოსმეტიკურ ხასიათ, ვიდრე პრაქტიკულს.
 
 
ოტოზე გამოსახულია პისტოლეტი „ÖWA“  მეორე მოდელი გადახსნილ მდგომარეობაში
 
ფოტოზე მოცემულია სრულად დაშლილი პისტოლეტები „ÖWA“. (ზევით ადრეული ვარიანტი, ქვევით მეორე მოდელი)
 
წარმოება და დამზადებული პისტოლეტების რაოდენობა
 
ჯიბის პისტოლეტის „ÖWA“ წარმოება გაგრძელდა 1925 წლამდე. სულ ჯამში დამზადებულ იქნა დაახლოებით 40 000 ცალი პისტოლეტი. ინფლაციის, პისტოლეტის მაღალი ღირებულების და დამზადების დაბალი ხარისხის შედეგად, სულ კომპანიამ 1922 წლიდან 1925 წლამდე ოფიციალური დოკუმენტების თანახმად შეძლო მხოლოდ 8000 ცალი პისტოლეტის გაყიდვა.

1925 წელს ეკონომიკური პრობლემების გაუარესების გამო კომპანიამ შეწყვიტა პისტოლეტების წარმოება, ხოლო თავად კომპანია „ÖWA“ გასაყიდად იქნა გამომზეურებული. 1929 წელს კომპანიამ შეწყვიტა არსებობა, ხოლო მის კუთვნილ მარაგებში დასაწყობებული იარაღი და სხვა აქტივები მიზერულ ფასად იქნა გაყიდული.

ÖWA-ს მიერ დამზადებული პისტოლეტების ყველაზე დიდი ნაწილი გატანილ იქნა გერმანიაში (დაახლოებით 12000 ცალი), აშშ-ში მოხვდა 5500 ცალზე მეტი პისტოლეტი, იუგოსლავიაში დაახლოებით 2000 ცალი. დაახლოებით 800 ცალი პისტოლეტი გაიყიდა პოლონეთში, ხოლო დაახლოებით 500 ცალი რუმინეთში. რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტების გარკვეული ნაწილი მოხვდა საბჭოთა კავშირში, ნორვეგიაში და ბელგიაში.
 

ავსტრიაში დახლოებით 1000 ცალი პისტოლეტი ÖWA შეისყიდა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ვენის სახალხო გვარდია“ (Wiener Gemeindewache), ხოლო რამოდენიმე 1000 ცალი პისტოლეტი მოხვდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის გასამხედროებული დანაყოფის Österreichischer Schutzbund რიგებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა 1000-ცალ ეგზემპლარზე მეტი პისტოლეტი ქარხნის თანამშრომლების მიერ მოპარული დეტალებისგან კუსტარული წესით იქნა დამზადებულ. ასეთი პისტოლეტები ქარხნულისგან განსხვავდებოდა იმით, რომ არ გააჩნდა არანაირი დამღები და მარკირებები.

No comments:

Post a Comment