SIG AK-53

1950-ანი წლების დასაწყისში შვეიცარიულ იარაღის საწარმოში SIG (Schweizerishe Industrie Gesellschaft) შემუშავდა ექსპერიმენტალური ავტომატური შაშხანა სამუშაო სახელწოდებით SIG AK-52 (Automatische Karabiner 1952). ავტომატური შაშხანის პროექტს ხელმძღვანელობდა კონსტრუქტორი რუდოლფ ამსლერი (Rudolf Amsler).
 
 
ავტომატური შაშხანის პროტოტიპი AK-52
 
შაშხანის პირველი პროტოტიპი დამზადებულ იქნა 1952 წელს, ხოლო 1953 წელს კონსტრუქციაში მცირედი ცვლილებების შეტანის შემდეგ შეიქმნა მოდელი სამუშაო სახელწოდებით „SIG AK-53“.  შაშხანის შემუშავებისას მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სრულიად ავტომატური ჯერებით სროლისას ოპტიმალური ტემპის შერჩევა, რომელიც უნდა ყოფილიყო 300-400 გასროლა წუთში.  
 
 
SIG AK-53
იმ პერიოდში არსებული ავტომატიკის მუშაობის ტრადიციული სქემების გამოყენების შემთხვევში შაშხანის ვაზნებზე გათვლილი ხელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ჰქონდა შედარებით მცირე გაბარიტები და იწონიდა 4,5-5 კილოგრამამდე, როგორც წესი ავტომატური ჯერებით სროლისას უზრუნველყოფდა წუთში 600-800 გასროლას ან რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო მაღალ სროლის ტემპს, რაც თავის მხრივ წარმოქმნიდა  ტყვიების გაფანტულობის ზრდას და ვაზნების არაეფექტურ ხარჯვას. როგორც წესი იმ პერიოდში სროლის ტემპის შესამცირებლად დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმში იყენებდნენ სპეციალურ ტემპის შემანელებლებს, რომელიც აყოვნებდა გასროლას გადატენვის ციკლის შესრულების შემდეგ. მეორე გზას წარმოადგენდა ავტომატიკის სქემის გამოყენება ლულის გრძელი სვლით, რაც საბოლოო ჯამში გასროლის დროს ზრდიდა იარაღის გადატენვის ციკლის პერიოდს. კონსტრუქტორმა რუდლფ ამსლერმა სროლის ტემპის შესამცირებლად გამოიყენა წინ მოძრავი ლულა და აირგამყვანი სისტემა. ასეთი სისტემის წყალობით სროლის ტემპი ავტომატური ჯერებისას შემცირებულ იქნა წუთში 300 გასროლამდე. მთავარი მიზანი დაბალი სროლის ტემპის სახით მიღწეულ იქნა, თუმცა თავი იჩინა რიგმა უარყოფითმა მხარეებმა, რომელიც მოძრავი ლულის გამოყენებას უკავშირდებოდა.
·         პირველ რიგში უარყოფით მხარეს წარმოადგენდა ნაკლები სიზუსტე და იარაღის დაბინძურების შემთხვევაში ავტომატიკის არასაიმედო მუშაობა.
·         მეორეს მხრივ ინტენსიური ავტომატური ჯერებით სროლის ხდებოდა ლულის გადახურება და მის შედეგად თერმული გაფართოვება, რაც იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე ასევე აფერხებდა ავტომატიკის მუშაობას. ამ ყველაფერს ერთვოდა დახურული ლულის გარსაცმი, რომელიც კიდევ უფრო ართულებდა გადახურებული ლულის გაგრილებას.


SIG AK-53 -ის ავტომატიკა იყენებდა აირის ცილინდრს, რომელიც ლულის გარშემო იყო განთავსებული. გასროლის დროს ლულის ბოლოსკენ არსებული ნასვრეტებიდან გამოედინებოდა დენთის აირები, რომელიც ხვდებოდა აირის ცილინდრში. აირის ცილინდრი დენთის აირების ენერგიის შედეგად უკუაგდებდა მილისებურ აირის დგუშს. უკან გადაადგილებისას აირის დგუში კუმშავდა ძლიერ ზამბარას, რომელიც დგუშსა და უძრავ ლულის გარსაცმს შორის იყო განთავსებული. როდესაც აირის დგუში უკიდურეს (უკანა) წრტილს მიაღწევდა იგი სპეციალური ბეჭდისებური რგოლის წყალობით ახდენდა გადაბმას ლულასთან. ამ დროს ლულა და საკეტი თავისუფლდებოდა ერთმანეთისგან, ხოლო შეკუმშული ზამბარის მეშვეობით მილისებური აირის  დგუში იწყებდა წინ (საწყის მდგომარეობაში) დაბრუნებას. აირის დგუში თავის მხრივ წინ იყოლებდა ლულას.  SIG AK-53-ში საკეტი სროლის დროს იკავებდა უძრავ მდგომარეობას.


ორიგინალურ კონსტრუქციას წარმოადგენდა აგრეთვე შაშხანის მოღუნული ფორმის მჭიდი, რომლის საფუძვლად აღებული იყო შვეიცარული ხელის ტყვიამფრქვევის „LMG25“ მჭიდი.  SIG AK-53-ის მჭიდს გამომავალ ტუჩთან გვრდებზე ჰქონდა 2 ცალი მოძრავი ფრთა. როდესაც  ლულა გადაადგილდებოდა წინ, მჭიდის მოძრავი ფრთები იხსნებოდნენ და ახდენდნენ ვაზნის აწევას ლულის ხაზის გასწვრივ. უკან დაბრუნებული ლულა სავაზნე ნაწილით წამოეცმეოდა ვაზნას და მიაბჯენდა საკეტის სარკეს. ამ დროს ვაზნა მასრის ბლოში არსებული ნაწიბურის მეშვეობით  საკეტზე განთავსებული ექსტრაქტორის კაუჭით ფიქსირდებოდა. გასროლის დროს ლულა იწყებდა ისევ წინ გადაადგილდებას და როდესაც მიაღწევდა უკიდურეს წინა პოზიციას ხდებოდა მასრის ექსტრაქცია. რთული კონსტრუქციის მჭიდის გამოყენებამ განაპირობა სპეციალური დროშისებური მჭიდის ფიქსატორის შემუშავება, რომელიც მსროლელს თითქმის ნახევარი ბრუნით უნდა მოებრუნებინა მჭიდის მოხსნა/დაყენებისას.


დროშისებური ფორმის მჭიდის ფიქსატორი
იარაღის გადასატენი სახლური განთავსებული იყო მარცხენა მხარეს და უკავშირდებოდა მოძრავ ლულას. იარაღის გადატენვა ხდებოდა სახელურს წინ გაწევით და არა უკან მოქაჩვით როგორც ხდება ტრადიცული კონსტრუქციის შაშხანებში. ასეთი მოქმედების პრინციპი განპირობებული იყო იმით, რომ საკეტი დაკავშირებული იყო ლულასთან, რომელიც სროლის დროს წინ გადაადგილდებოდა.
სროლის დროს გადასატენი სახელური უძრავ მდგომარეობას ინარჩუნებდა. ლულის ბოლოში დამაგრებული იყო მუხრუჭი, რომელიც უკუცემას ამცირებდა. სხვადასხვა ეგზემპლარების ფოტოების შესწავლისას ჩანს, რომ რიგ შაშხანებზე განსხვავებული კონსტრუქციის მუხრუჭი გამოიყენებოდა. SIG AK-53 -ს ჰონდა ტრადიციული ფორმის ხის კონდახი, ხის სარეცელი და ასევე ხის პისტოლეტისებური სახელური.
 
ფოტოზე გამოსახულია ეგზემპლარუ გრძელი სარეცელით და ლულის ზედსადებით

SIG AK-53 -ში გამოიყენებოდა შვეიცარიის არმიის საშტატო შაშხანის ვაზნა 7.5x55mm GP 11 (ცნობილია ასევე აღნიშვნით 7.5×55mm Schmidt–Rubin), როემლის პირველი ვარიანტი  ჯერ კიდევ 1889 წელს შექმნა ედუარდ რუბინმა.


SIG AK-53 მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევის კონფიგურაციით
SIG AK-53 იყო ზედმეტად რთული კონსტრუქციის იარაღი, რის გამოც არცერთი პოტენციური მყიდველი/დამკვეთი არ დაინტერესდა მისი შეძენით. სწორედ ასეთი რთული კონსტრუქციის წყალობით იქნა მიღწეული სროლის დაბალი ტემპი 300 გასროლა წუთში.  სხვადასხვა წყაროების თანახმად საერთო ჯამში დამზადებულ იქნა დაახლოებით 50-180 ცალი ავტომატური შაშხანა SIG AK-53. 
1955 წელს რუდოლფ ამსლერმა შეიმუშავა ახალი ავტომატური შაშხანა, რომელიც უფრო ტრადიციული ავტომატიკის (უძრავი ლულა და ნახევრადთავისუფალი საკეტი) პრინციპს იყენებდა. აღნიშნული შაშხანა ატარებდა სამუშაო სახელწოდებას „AM-55“. მისი ისტორია SIG AK-53 -ისგან განსხვავებით წარმატებით გაგრძელდა, რადგანაც შექმნიდან 2 წელიწადში მცირედი გადამუშავების შემდეგ ოფიციალურად მიიღეს შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში. შეიარაღებაში მიღებისას შაშხანას მიენიჭა სახელწოდება Stgw. 57 (ცნობილია ასევე კომერციული სახლწოდებით SIG SG 510).

No comments:

Post a Comment