STA modèle 1924 (STA PM M1924)

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში წარმოდგენილი იყო საკუთარი წარმოების შაშხანები, კარაბინები და ტყვიამფრქვევები, თუმცა მათ შეიარაღებაში არ ჰქონიათ ფრანგული წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. აღნიშნული სიცარიელის შესავსებათ 1921 წლის 11 მაისს საფრანგეთის სამხედრო უწყებამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად უნდა შემუშავებულიყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. (გარდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისა, ბრძანების თანახმად საჭირო იყო ავტომატური პისტოლეტიების და ტყვიამფრქვევების შემუშავებაც). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ინიცირებულ იქნა, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავდა საცდელი ეგზემპლარების დამზადებას, საპოლიგონო გამოცდებს / სამხედრო გამოცდებს და შეიარაღებაში მიღების შემდგომ წარმოების გამართვას.

ტექნიკური დავალების მოკლე აღწერა ასე გამოიყურებოდა:
-         პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ეფექტური უნდა ყოფილიყო 200 მეტრამდე სასროლად;
-         სროლის ტემპი 400-500 გასროლა წუთში;
-         მინიმუმ 25 ვაზნაზე გათვლილი მჭიდი;
-         კალიბრი: „9x19 Parabellum“ ტიპის ვაზნა.
აგრეთვე დავალების თანახმად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ერგონომიულობა მიახლოვებული უნდა ყოფილიყო კარაბინთან და ამავდროულად უნდა ჰქონოდა ორფეხა სადგარის გამოყენების შესაძლებლობა.
დავალება პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავებაზე მიიღო საფრანგეთის არმიის ტექნიკურმა დეპარტამენტმა STA (Section Technique de l'Armée), ექსპერიმენტალურმა ჯგუფმა Camp de Satory და ქარხანამ Manufacture d'armes de Saint-Étienne (MAS).
საფრანგეთის არმიის ტექნიკურმა დეპარტამენტმა (STA) ჯერ კიდევ 1919 წელს შეისწავლა ბერგმან-შმაიზერის კონსტრუქციის გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Bergmann MP.18“ და დაიწყო გარკვეული სამუშაოების განხორციელება. შესაბამისად მათ ჰქონდათ საკმაოდ დიდი უპირატესობა, რადგანაც უკვე პროექტის ინიცირებამდე გააკეთეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მონახაზი. აქედან გამომდინარე არმიის ტექნიკურმა დეპარტამენტმა  მცირე ვადებში, 1921 წლის ოქტომბერს ქარხნული გამოცდებისთვის წარმოადგინეს „Bergmann MP.18“ -ის ბაზაზე შექმნილი პროტოტიპი. აღნიშნული პროტოტიპების დამზადება მოხდა ქარხანაში MAS (Manufacture d'armes de Saint-Étienne). 1922 წელს რამოდენიმე საცდელი ეგზემპლარი გამოცდებისთვის გადაეცათ სამხედროებს. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს მიენიჭა სამუშაო სახელწოდება „STA Pistolet Mitrailleur Modèle 1922“ (შემოკლებით SAT PM M1922). პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულის კოლოფი წარმოადგენდა მარტივ მილს, რომელსაც უკანა მხარეს ჰქონდა თავსაფარი. პროტოტიპის მილისებური ლულის კოლოფი დამზადდა ალუმინისგან, რამაც გამოიწვია იარაღის საერთო მასის შემცირება. მოხსნადი მჭიდი დაპროექტებული იყო იატალიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის „Villar-Perosa Modello 1918“ იდენტურად. ფრანგული მჭიდი იყო მოღუნული ფორმის და იტევდა 9x19 Parabellum ტიპის 40 ცალ ვაზნას. იმისათვის, რომ შემცირებულიყო იარაღის საერთო წონა, გადაწყდა რომ მჭიდიც ალუმინისგან დამზადებულიყო.
პირველადი გამოცდების შემდეგ სამხედროების და საგამოცდო კომისიის მიერ გაიცა რეკომენდაციები, რომლის თანახმად უნდა გადამუშავებულიყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. ალუმინის ლულის კოლოფმა ვერ გაამართლა მოლოდინები, რადგანაც იგი ართულებდა წარმოების პროცესს და ჯდებოდა საკმაოდ ძვირი. შესაბამისად გადაწყდა მისი შეცვლა ფოლადის ლულის კოლოფით. ასევე არ იყო აუცილებელი 600 მეტრამდე სასროლათ გათვლილი რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა, რომელიც უნდა გამარტივებულიყო. გამომცდელებმა არასაჭიროდ ჩათვალეს მჭიდის დიდი ტევადობა 40 ცალი ვაზნა. სხვა კუთხით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აკმაყოფილებდა დამკვეთის მოთხოვნებს. 
1924 წელს წარმოდგენილ იქნა გადამუშავებული ეგზემპლარი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „STA PM M1924” (აღნიშვნა PM წარმოადგენს Pistolet Mitrailleur -ის აბრევიატურას, რომელიც ფრანგულად ნიშნავს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს. დასახელებეაში აბრევიატურა PM გვხვდება ოფიციალურ სამხედრო დოკუმენტებში, რეალურად სხვადასხვა ლიტერატურაში ეს აბრევიატურა ამოვარდა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აღინიშნებოდა როგორც „STA M1924”).  ვინაიდან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს ამზადებდა ქარხანა "MAS", შესაძლოა შეგხვდეს შემდეგი ტიპის დასახელებც: „STA MAS M1924”, „MAS M1924” და "MAS-1924".

ფოტოზე გამოსახულია „STA PM M1924”
ლულის კოლოფის წინა ნაწილში შესრულებული იყო მჭიდის მიმღები და მასრების ამოსაყრელი ფანჯარა. მარჯვენა მხარეს განთავსებული იყო საკეტის სახელური, რომელიც ლულის კოლოფზე შესრულებულ გრძივ ჭრილში მოძრაობდა. საკეტის სახელური სხვადასხვა ეგზემპლარებში იყო განსხვავებული ფორმის. რიგ ეგზემპლარებზე იგი მოკაუჭებული ფოლადის დეტალის სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო როგ ეგზემპლარებზე კი სწორი ცილინდრის სახით. ლულის კოლოფი სარეცელთან მაგრდებოდა წინა ნაწილში შესრულებული ღერძის მეშვეობით და უკანა ნაწილში კი ბერკეტის სახით გაკეთებული დეტალით (.ე.წ. ურდულით).
ლულის კოლოფის დამჭერი ბერკეტი (ურდული)
არასრული დაშლის დროს ლულის კოლოფის უკანა ნაწილი თავისუფლდებოდა დამჭერი ბერკეტისგან (ურდულისგან) და წინა ღერძის მეშვეობით დაბლა ეშვებოდა.
იარაღის ავტომატიკა  მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით საცდაც ლულის ჩაკეტვა მასიური ფოლადის საკეტით მიიღწეოდა. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს არ გააჩნდა სროლის რეჟიმების გადამრთველი, ამიტომ სროლის წარმოება ხდბოდა მხოლოდ ავტომატური ჯრებით. საკეტი მისი ფორმით იყო ცილინდრული მოყვანილობის, რომელშიც განთავსებული იყო ასევე ცილინდრული ფორმის მოძრავ საცემი ნემსა. მიუხედავად იმისა, რომ საცემი იყო მოძრავი და არა საკეტში ხისტად ჩამაგრებული, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მუშაობდა ღია საკეტის პრინციპით.
ფოტოზე გამოსახულია საკეტის ჯგუფი. დეტალები: 1. საკეტი, 2. ნემსა, 3. გადასატენი სახელური; 4. დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა; 5. ლულის კოლოფის თავსაფარზე დამაგრებული ზამბარის მიმმართველი ღერძი.
საკეტის სარკესთან დამაგრებული იყო ზამბარიანი ექსტრაქტორი. საკეტის მარჯვენა ბორტზე შესრულებული იყო გადასატენი სახელურის ბუდე. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში გამოყენებული სასხლეტი მექანიზმი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმარტივით და ამავდროულად იკავებდა საკმაოდ მცირე ადგილს. სასხლეტი კავი ჩურჩულასთან ერთად დამონტაჟებული იყო მომცრო ზომის ჩარჩოზე, რომელიც ლულის კოლოფის უკანა ნაწილში იყო განთავსებული.
ლულის კოლოფზე შესრულებულ საკეტის სამოძრაო ჭრილში გაკეთებული იყო სპეციალური ღარი, რომელშიც მსროლელს შეეძლო უკან გადაწეული საკეტის  დაფიქსირება, რათა არ მომხდარიყო შემართული საკეტის ადგილიდან მოწყვეტა და შემთხვევითი გასროლა.
რაც შეეხება სამიზნე მოწყობილობას მისი გამარტივება არ მოხდა და მაინც ძველი 100-600 მეტრამდე სასროლათ გაკუთვნილი სამიზნე დატოვეს. სამიზნე მოწყობილობა იყო ღია სექტორული ტიპის და იძლეოდა რეგულირბის საშუალებას 100 დან 600 მეტრამდე. რეგულირება ხდებოდა უკანა სამიზნე მოწყობილობის მეშვეობით, ხოლო წინა სამიზნე იყო უძრავი, რომელსაც არ გააჩნდა გვერდითი შესწორებების შესაძლებლობა. უკანა სამიზნე მოწყობილობას გააჩნდა მრგვალი დიოპტრული ტიპის ნასვრეტი, რომლის მეშვეობითაც მსროლელი ახდენდა დამიზნებას.
 მჭიდის ტევადობა ახალ ეგზემპლარში შემცირდა 32 ცალ ვაზნამდე და მჭიდის უკანა ნაწილში გაკეთდა ფანჯარა, რომლის მიხედვითაც მსროლელი გააკონტროლებდა მჭიდში არსებული ვაზნების რაოდენობას. საბრძოლო და ტექნიკური მახსიათებლებით „STA M1924” თითქმის არ განსხვავდებოდა მისი წინამორბედი პროტოტიპისგან „STA M1922”.
მოთხოვნის შესაბამისად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აღჭურვილი იყო ორფეხა სადგარი ფეხებით, რომელიც ლულის წინა ნაწილში მაგრდებოდა. ტრანსპორტირების დროს სადგარი ფეხები იკეცებოდა და ფიქსირდებოდა ლულის გასწვრივ ქვემოთა მხრიდან. (საცდელი სახით ასევე დამზადაა ვარიანტი ერთფეხა ე.წ. მონო საყრდენი ფეხით). მოგვიანებით საყრდენზე უარი თქვეს, რადგანაც იგი ამძიმებდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს და რეალურ საბრძოლო პრაქტიკაში ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო.
 
„STA M1924” სადგარი ფეხენის გარეშე და ადრეული 40 ვაზნიანი მჭიდით
 
ახალ მოდელში „STA M1924” პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე მომუშავე ჯგუფმა წარმოადგინა იდეა, რომლის თანახმად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აღიჭურვა მჭიდის მიმღების ფანჯარაზე გაკეთებული ფარით, აღნიშნული ფარი მოხსნილი მჭიდით გადაადგილების დროს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს დაიცავდა ჭუჭყისგან.
მჭიდის მიმღების ფანჯარაზე გაკეთებული დამცავი ფარი
ანალოგიური ფარის გაკეთება რიგ ეგზემპლარებზე მოხდა ლულის კოლოფზე საკეტის სამოძრაო ჭრილის დასაცავად.
აგრეთვე სამხედროების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იყო სროლის ავტომატური რეჟიმიდან, ერთეულ გასროლებზე გადამყვანი გადასართავის დამონტაჟება და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულის ბოლოში მოხსნადი ხიშტ-დანის სამაგრის გაკეთება. საბოლოოდ სამხედროები არ დაინტერესდნენ აღნიშნული სიახლეებით და საპოლიგონო გამოცდებისთვის დამზადებულ STA M1924 -ში არ იქნა ზემოთ მოყვანილი სიახლეების შესრულება.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონდახში განთავსებული იყო ლულის საწმენდი ზუმბა (ე.წ. შომპოლი, რომელიც თითბერისგან მზადდებოდა
რიგ წყაროებში გვხდება ინფორმცია, რომლის თანახმად  STA M1924 -ის ლულის კოლოფი ნაცვლად ფოლადისა მაინც ალუმინისგან მზადდებოდა. რიგი წყაროები ამბობს, რომ თავდაპირველად ალუმინისგან დამზადებული ლულის კოლოფებით იქნა აწყობილი და შემდეგ გადავიდნენ ფოლადზე.
1924 წელს STA M1924 -მა წარმატებით გაიარა გამოცდები, რასაც მოჰყვა სერიული პარტიის საწარმოო შეკვეთა სამხედრო გამოცდებისთვის. ქარხანა MAS-ს სამხედრო გამოცდებისთვის უნდა დაემზადებინა 300 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, საიდანაც 150 ცალი ეგზემპლარი გადაეცემოდა ფეხოსნებს, 80 ცალი არტილერისტებს, 40 ცალი მოხვდებოდა კავალერიაში, 10 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გადაეცემოდა ჯავშანსატანკო ეკიპაჟს, 10 ცალი ეგზემპლარი დამატებით გაივლიდა მკაცრ საპოლიგონო გამოცდებს, ხოლო დარჩენილი 10 ცალი ეგზემპლარი დარეზერვდებოდა.

 
სამხედრო და მკაცრი საპოლიგონო გამოცდების შემდეგ კვლავ გაიცა გარკვეული რეკომენდაციები, რომლის მიხედვით უნდა გადამუშავებულიყო „STA M1924“.  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი საჭიროებდა ერგონომიულ გაუმჯობესებას და რიგი დეტალების გადამუშავებას, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა მისი შეიარაღებაში მიღება და მასიური წარმოების დაწყება.
1925 წელს გამოცდებზე წარადგინეს განახლებული მოდელი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „STA Modèle 1924 modifié 1“ (შემოკლებით „STA M1924 M1. იგი ვიზუალურად არ განსხვავდებოდა მისი წინამორბედისგან. მთავარი სხვაობა მდგომარეობდა ტექნოლოგიურ-საწარმოო კუთხით. განახლებულმა მოდელმა დააკმაყოფილა საგამოცდო კომისა და 1925 წლის 11 აგვისტოს გაცემული ბრძანების თანახმად იგი მიღებულ იქნა საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში. 
ქარხნამ MAS მიიღო ოფიციალური შეკვეთა, რომლის თანახმად უნდა დამზადებულიყო 8250 ცალი „STA M1924 M1“. პირველი პარტია რაც შეიძლება მალე უნდა მიეწოდებინათ დამკვეთისთვის, თუმცა საწარმოო პროცესებს გამართვა გარკვეულ დროს მოითხოვდა. ამ დროის მონაკვეთში ქარხანა MAS –ის და STA-ს თანამშრომლები მუშაობდნენ იარაღის ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, რომელიც გაამარტივებდა წარმოების პროცესს. აღნიშნულმა სამუშაოებმა საბოლოო ჯამში წარმოების დაწყების გაჭიანურება გამოიწვია. 1926 წლის მარტის თვეში მხოლოდ 10 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დამზადება მოხერხდა, რის შემდეგაც საწარმო სამუშაოები შეჩერდა. ამავე წლის ივლისის დასაწყისში საფრანგეთში ინიცირებულ იქნა ახალი იარაღის შექმნაზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რომლის თანახმად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი უნდა შემუშავებულიყო ფრანგულ ვაზნაზე “7.65×20mm Longue” (ცნობილია ასევე აღნიშვნით “7,65mm Long” და „7.65mm MAS“). შესაბამისად STA -ს და ქარხანა MAS -ს ახალ კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა მოეხდინათ იარაღის ხელახალი გადამუშავება და „9x19 Parabellum“ კალიბრის ვაზნაზე გათვლილი მჭიდების (აგრეთვე  ლულების) საწარმოო ხაზის გადაკეთება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვდა. საბოლოო ჯამში პროექტი არამიზანშეწონილად ჩათვალეს და სამუდამოდ შეაჩერეს.
დღეს არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომლის თანახმად  ცნობილი იქნებოდა წარმოებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიბს ზუსტი რაოდენობა. რიგი წყაროები ამბობს, რომ სულ ჯამში დამზადდა 320 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლიდანაც 300 ცალი იყო მოდელი „STA M1924“ ხოლო  ადრეული საცდელი „STA M1922” და ბოლოს შემუშავებული  „STA M1924 M1” დამზადდა მხოლოდ 10-10 ცალი ეგზემპლარის სახით. რიგ წყაროებში გვხდება მონაცემები, რომლის თანხმად სულ ჯამში სხვადასხვა საცდელი და სერიულად წარმოებული ეგზემპლარების ჩათვლით დამზადებულ იქნა დაახლოებით 1000 ცალი ეგზემპლარი, რაც უფრო არარეალურად ჟღერს.
გამოიყენებოდა თუ არა STA M1924 რეალურ ბრძოლებში?
ამ კითხვაზე არ არსებობს უტყუარი პასუხი, თუმცა რიგი წყაროების თანახმად 1926-1927 წლებში იგი ფრანგი ჯარისკაცების მიერ გამოიყენებოდა ჩრდიოლეთ მაროკოში რიფის ომის დროს. გარკვეული მონაცემების თანახმად „STA M1924“ -ის გარკვეული ნაწილი საფრანგეთის არმიაში 40-ანი წლების დასაწყისამდე შემორჩა. გვხდება  ინფორმაცია რომლის მიხედვით, გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში, მოძრაობა ფრანგული  წინააღმდეგობის (La Résistance) რაზმები იყენებდნენ „STA M1924“-ს.  შეიძლება ითქვას, რომ დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების თითქმის სრული ნაწილი ან განადგურდა ან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გამართული შეტაკებებისა და საბრძოლო ბატალიების დროს იქნა დაკარგული.

No comments:

Post a Comment