როგორც
უკვე ვისაუბრეთ აღნიშნულ სტატიაში > STA MAS M1924
პირველი ფრანგული წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გახლდათ STA MAS 1924. თუმცა მისი წარმოების გაჭიანურებამ და ახალ 7,65
მმ-ან ფრანგულ საარმიო პისტოლეტის ვაზნაზე გადასვლამ გამოიწვია ის, რომ უარი თქვეს
STA / MAS 1924 -ზე. მიუხედავად ამისა Section Technique de l'Armée (STA) და ქარხანა
Manufacture d'armes de Saint-Étienne
(MAS) მაინც აგრძელებდნენ ახალი კონსტრუქციების დამუშავებას.
1935
წელს წარმოდგენილ იქნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროტოტიპი სახელწოდებით „SE-MAS 35“, რომელიც თითქმის სრულიად აკმაყოფილებდა
სამხედროების ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს, მაგრამ იყო გარკვეული საკითხები, რომელიც
საჭიროებდა გადამუშავებას და გამოსწორებას.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ „SE-MAS 35“-ს ჰქონდა მილისებური ფორმის მეტალის
არასაკეცი დუგლუგი, რომელშიც დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა იყო განთავსებული. გადამუშავების შემდეგ, 1938 წელს გამოჩნდა საბოლოო
ვარიანტი, რომელიც ოფიციალურად იქნა მიღებული საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში. ახალ
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს მიენიჭა სახელწოდება MAS-38 (Manufacture d'armes de
Saint-Étienne -1938).
ფოტოზე გამოსახულია MAS-38 (MAS mle 38)
MAS-38
წარმოადგენდა საკმაოდ კომპაქტურ და მარტივი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს, რომელიც
გათვლილი იყო საფრანგეთის საშტატო ვაზნაზე 7,65х20mm Longue. იარაღის ძირითად ელემენტს
ქმნიდა ფოლადისგან დამზადებული ლულის კოლოფი, რომლის უკანა ნაწილზე დამაგრებული იყო
მუდმივი (არა დასაკეცი) ხის კონდახი. კონსტრუქციიდან
გამომდინარე იარაღის ლულა და კონდახი არ იყო ერთმანეთის ხაზზე სწორად განლაგებული.
მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყო მარტივი კონსტრუქციის, იგი გამოირჩეოდა
ნაკლებ ტექნოლოგიურობით. დეტალების დიდი რაოდენობა მზადდებოდა ფრეზირების მეთოდით,
რაც საბოლოო ჯამში ართულებდა წარმოების პროცესს.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
MAS-38 მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც სროლა წარმოაბდა ღია საკეტით,
თუმცა მასში იყო ჩადებული ორიგინალური კონსტრუქცია,
რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ მოქმედების პრინციპი ნახევრდათავუსუფალ საკეტთან არის
მიახლოვებული. იმისათვის, რომ შემცირებულიყო იარაღის გაბარიტები და საკეტის წონა, კონსტრუქციაში
ჩაიდო ერთგვარი საკეტის შემანელებელი. მოძრავი
საკეტი ლულის კოლოფში იჯდა გარკვეული დახრილობით, რაც მის უკან გადაადგილების დროს
იწვევდა საკეტის ზედა ფერდის ხახუნს ლულის კოლოფზე. ხახუნის შედეგად იხარჯებოდა საკეტის
ინერციული სიჩქარე და შესაბამისად კლებულობდა სროლის ტემპი. (ცნობისთვის ამდაგვარი
გადაწყვეტილება გამოყენებულ იქნა 1978 წელს ფინეთში დაპროექტებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში
სახელწოდებით „JaTiMatic“).
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის
საკეტის ჯგუფი გამოირჩეოდა სიმარტივით და შეიძლება ითქვას გარკვეულწილად იმეორებდა
STA M1924 –ის საკეტის აგებულებას. გადასატენი სახელური შესრულებული
იყო მართკუთხა თავსაფართან ერთად, რომელიც ფარავადა ლულის კოლოფზე მარჯვენა მხარეს
განლაგებულ მასრების ამოსაყრელ ფანჯარას. სროლის დროს გადასატენი სახელური ინარჩუნებდა
უძრავ მდგომარეობას.
იმისთვის,
რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ყოფილიყო კომპაქტური, ცილინდრული ფორმის დამაბრუნებელ-საბრძოლო
ზამბარა განთავსდა ხის კონდახში არსებულ მილში. აქედან გამომდინარე ლულის კოლოფის შიდა
სივრცე, მხოლოდ საკეტმა და სასხლეტმა მექანიზმმა დაიკავა.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს
არ გააჩნდა სროლის რეჟიმების გადამრთველი. შესაბამისად სროლა წარმოებდა მხოლოდ ავტომატური
ჯერებით. ორიგინალურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა, მცველი, რომლის როლს ასრულებდა
სახლეტი კაუჭი. თუ მსროლელი სასხლეტ კავს უკანა მხრიდან მიაწვებოდა და წინ გადაწევდა,
მოხდებოდა მცველის გააქტიურება.
გააქტიურებული
მცველის დროს ხდებოდა საკეტის ბლოკირება. მცველის გააქტიურება შესაძლებელი იყო, როგორც
ღია, ასევე დახურული საკეტის შემთხვევაში. შესაბამისად რა პოზიციაშიც იქნებოდა საკეტი
მცველის გააქტიურების დროს, მისი ბლოკირება მოხდებოდა იმ პოზიციაში. (ანუ ღია ან დახურულ
მდგომარეობაში).
ისევე
როგორც STA M1924 -ის შემთხვევაში, MAS-38-ის მჭიდის მიმღებ შახტასაც გააჩნდა თავსაფარი,
რომელიც მოხსნილი მჭიდის შემთხვევაში ფარავდა მჭიდის მიმღებს და იცავდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს
დაბინძურებისგან.
უკანა
სამიზნე მოწყობილობა შესრულებული იყო ორი ცალი დიპოტრული საკეცი დეტალის სახით. ერთი
სამიზნე გათვლილი იყო 100 მეტრამდე სასროლად, ხოლო მეორე 200 მეტრამდე.
საერთო
ჯამში MAS-38 -ს ჰქონდა, როგორც პლიუსები, ასევე ნაკლოვანებები. მთავარ დადებით ფაქტორს
წარმოადგენდა: მცირე გაბარიტები, მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე ნაკლები ფოლადის
ხარჯვა წარმოების პროცესში და შედარებით სუსტი ვაზნით გამოწვეული მცირე უკუცემა, რაც
დადებითად აისახებოდა ჯერებით სროლის დროს ტყვიების შეჯგუფებაზე. ამავდროულად მთავარ
უარყოფით მხარედ ითვლება შედარებით სუსტი ვაზნა 7,65x20mm Longue, რომელიც საბრძოლო მახასიათებლებით
ჩამოუვარდება 9x19 Parabellum ტიპის ვაზნას.
წარმოება და გამოყენება
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის
„MAS-38“ პირველი სერიული პარტია საფრანგეთის არმიას გადაეცა 1939 წელს, რასაც მალევე
მოჰყვა კიდევ რამოდენიმე მცირე პარტიის მიწოდება. MAS-38-ის წარმოება გაგრძელდა
1940-წლის შუა პერიოდამდე. სულ ამ პერიოდში დამზადებულ იქნა 2000 ცალი ეგზემპლარი.
საფრანგეთის ოკუპაციის დროს გერმანელებმა ხელში ჩაიგდეს დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების
გარკვეული ნაწილი, ასევე შეძლეს შემორჩენილი დეტალებისგან რამოდენიმე ერთეულის დამზადება, რომელიც სახელწოდებით
MP 722(f), მოხვდა ნაცისტური არმიის და SS-ის შეიარაღებაში.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები
MAS-38 გამოიყენებოდა ვიშისტური რეჟიმის (le régime de Vichy) მებრძოლების მიერ. ასევე
მცირე რაოდენობით იყენებდნენ ფრანგი პარტიზანები და წინააღმდეგობის წევრები.
ბენიტო მუსოლინი
MAS-38
-ის ბიოგრაფიაში ყველაზე დიდ ისტორიულ ფაქტს წარმოედგენს ის, რომ 1945 წლის 28 აპრილს,
სწორედ “MAS-38”-ით იქნა მოკლული იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი (Benito Mussolini).
დღეს აღნიშნული ეგზემპლარი ინხება ერთერთ ალბანურ მუზეუმში.
ფოტოზე
გამოსახულია ალბანეთის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის დირექტორი მოიკომ ზეგო, რომელსაც
ხელში უჭირავს სწორედ ის „MAS-38“ რომლითაც მოკლეს ბენიტო მუსოლინი და მისი საყვარელი
კლარა პეტაჩი
მეორე
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთის სამხედრო მრეწველობამ განაახლა MAS-38
-ის წარმოება, რომლითაც იგეგმებოდა არმიის შეიარაღება. რიგი წყაროების თანახმად 1946-1949
წლებში სულ საფრანგეთის არმიას გადაეცა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამზადებული 10
000 ცალამდე MAS-38.
1946
წელს MAS-38 მონაწილეობას იღებდა ინდოჩინეთის ომში, სადაც ფრანგები ცდილობდნენ თავიანთი
კოლონიების შენარჩუნებას. აღნიშნული შეტაკების პერიოდში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების
გარკვეული ნაწილი ფრანგებმა გადასცეს ადგილობრივ მეგობარ სამხედრო ფორმირებებსაც. გარკვეული
ნაწილი ნაალაფარის სახით ხელში ჩაუვარდათ მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლებსაც.
ცნობილია
ის ფაქტიც, რომ ამერიკელი მებრძოლები MAS-38 -ს ვიეტნამის ომში აწყდებონდნენ. რიგი
წყაროების თანახმად ვიეტნამელები ახდენდნენ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გადაკეთებას
საბჭოთა 7,62x25 TT ტიპის ვაზნებზეც.
მეორე
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საფრანგეთში პარალელურად განახლდა ახალ ცეცხლსასროლ
იარაღებზე მუშაობა, რის შედეგადაც 1949 წელს წარმოდგენილ იქნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
სახელწოდებით „MAT-49“, რომელიც სერიულ წარმოებაში 1950 წელს ჩაეშვა. ახალი იარაღის გამოჩენამ განაპირობა ის, რომ
1949 წელს საფრანგეთმა საბოლოოდ შეწყვიტა „MAS-38“ -ის წარმოება. შემორჩენილი ეგზემპლარების
გარკვეული ნაწილი დაექვემდებარა გადადნობას, რიგი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაიყიდა, ხოლო
რიგი ნაწილი მცირე პერიოდი ჟანდარმერიის საწყობებში ინახებოდა.
დღეს
„MAS-38“-ს საზღვარგარეთ მოღვაწე კერძო კოლექციონერების ხელში თუ შევხვდებით, რომელთა
ნაწილიც საკმაოდ კარგადაა შენახული. თუმცა ვაზნების უქონლობის გამო სროლის წარმოება
ფაქტიურად შეუძლებელია. ორიგინალური ვაზნები თითქმის აღარ შემორჩა, ხოლო რაც შემორჩა იმდენად ძველია, რომ მათი გამოყენება
არამიზანშეწონილია. ბოლო პერიოდში რამოდენიმე
კომპანიამ დაიწყო კოლექციონერებისგან 7,65mm Longue ტიპის ვაზნებზე შეკვეთის მიღება
და მათი მცირე პარტიებად დამზადება. რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ერთერთ ინტერნეტ
მარკეტზე (mymarket.ge) მომხმარებელი პერიოდულად აქვეყნებდა განცხადებას, რომლის თანახმად
მას სურდა 7,65mm Longue ტიპის ვაზნების შეძენა. მე დავინტერესდი, თუ რისთვის სჭირდებოდა
საქართველოში აღნიშნული ვაზნები. როგორც გაირკვა მას რეგისტრირებული ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის
საკმაოდ იშვიათი ფრანგული წარმოების თვითდამტენი პისტოლეტი „SACM mle 1935A“, რომელიც
7,65mm Longue ვაზნებზე იყო გათვლილი.
No comments:
Post a Comment