NAACO Brigadier / .45 NAACO

აღნიშნულ მცირე სტატიაში მინდა გიამბოთ ერთერთ იშვიათ პისტოლეტზე, რომლის შესახებაც ინფორმაციას პირველად 1997 წელს წავაწყდი, როდესაც შევიძინე Ian Hogg და John Weeks -ის წიგნი „Pistols of the World“. მინდა ავღნიშნო, რომ ამ პისტოლეტზე ინფორმაცია აბსოლუტურად ყველა წიგნში და სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე საკმაოდ მწირადაა წარმოდგენილი. შესაბამისად ჩვენი სტატიაც ვერ იქნება სრულყოფილი, თუმცა ამ სტატიის მიზანი ის არაა, რომ თქვენ ძირფესვიანად შეისწავლოთ ეს პისტოლეტი. ამ სტატიის (ასევე ზოგადად ჩვენი ბლოგის) მთავარი მიზანია გავაცნოთ ქართველ მოყვარულებს იშვიათი ცეცხლსასროლი იარაღები და გიამბოთ მათი ისტორიის შესახებ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კანადაში ჩამოყალიბებულ იქნა ახალი საარმიო-სამსახურეობრივი პისტოლეტის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად 1950-ანი წლების დასაწყისში ტორონტოში მდებარე კანადურმა კომპანიამ NAACO -North American Arms Corporation (ეს კომპანია არ უნდა აგვერიოს იარაღის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიაში NAA, რომელიც დღემდე აწარმოებს რევოლვერებს და პისტოლეტებს) შეიმუშავა და კომპლექსური სახით (იარაღი+ახალი ვაზნა)  წარმოადგინა ბელგიური FN Hi-Power -ის ვიზუალის მქონე თვითდამტენი პისტოლეტი, სახელწოდებით „NAACO Brigadier“, რომელიც გათვლილი იყო კომპანია NAACO-ს მიერვე შექმნილ საკმაოდ ძლიერ .45 კალიბრიან ვაზნაზე. პისტოლეტის შემუშავებაში ჩართული იყო ორი თანამშრომელი Robert Herman და Russell Sutherland, რომლებმაც დავალების მიღებიდან 1 წელიწადში შეძლეს პისტოლეტის ტექნიკური დოკუმენტაციის/ნახაზების მომზადება, მისი საბოლოო დაპროექტება და პროტოტიპის დამზადება.
ფოტოზე გამოსახულია კანადური პისტოლეტი „NAACO Brigadier“
„NAACO Brigadier“ კონსტრიქციულად წარმოედგენდა COLT M1911 -ის და Browning Hi-Power –ის ნაზავს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საერთო წონის შემსუბუქების მიზნით პისტოლეტის ჩარჩო დამზადებული იყო ალუმინისგან, რაც იმ პერიოდში ერთგვარ ინოვაციას წარმოადგენდა. პისტოლეტს გააჩნდა SA/DA ტიპის სასხლეტი მექანიზმი. ცნობილია, რომ გარდა სტანდარტული საარმიო პისტოლეტისა ასევე უნდა შექმნილიყო  საიერიშო პისტოლეტის ვარიანტი სახელწოდებით ”Borealis", რომელიც მოდულური სასხლეტი მექანიზმის წყალობით უზრუნველყოფდა ავტომატური ჯერებით სროლის შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში პისტოლეტზე უნდა დამაგრებულიყო კონდახი და 20 ცალ ვაზნაზე გათვლილი დაგრძელებული მჭიდი, რაც პისტოლეტს აქცევდა მინი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად.
რაც შეეხება პისტოლეტში გამოყენებულ საბრძოლო მასალს, კომპანიის თანამშრომლებმა აიღეს ამერიკული შაშხანის ვაზნა 7,62×63მმ (იგივე .30-06 Springfield), გადაჭრეს მისი მასრა და ჩაამაგრეს .45ACP-ის 15 გრამიანი (230 გრეინი) ტყვია. გასროლის დროს ტყვია ლულას ტოვებდა 490მ/წამი სიჩქარით, ხოლო მისი ენერგია ლულიდან გამოსვლის დროს შეადგენდა დაახლოებით 1800 ჯოულს. შედარებისთვის COLT M1911 დან ნასროლი სტანდარტული მუხტის მქონე .45ACP - ის ტყვიის ენერგია საშუალოდ 500 ჯოულს შეადგენს. ფაქტიურად პისტოლეტი „NAACO Brigadier“ იყო იმ ეპოქის ერთგვარი მონსტრი.
ფოტოზე გამოსახულია კანადური პისტოლეტი „NAACO Brigadier“ , მისთვის განკუთვნილი ვაზნა .45NAACO  და მის გვერდით შედარებისთვის .45ACP ტიპის ვაზნა
კანადის სამხედროები ნაკლებად დაინტერესდნენ „NAACO Brigadier“-ით. ასევე ამ ყველაფერს დაემთხვა იმ პერიოდისთვის NATO-ს ახალი სტანდარტიზაცია, რომელსაც კანადური პისტოლეტი ვერ აკმაყოფილებდა. ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე 1952 წელს პისტოლეტზე მუშაობა საბოლოოდ შეწყდა და არ იქნა ჩაშვებული სერიულ წარმოებაში. დღეს უცნობია ზუსტად რამდენი ეგზემპლარი იქნა დამზადებული. რიგი წყაროები ამბობს, რომ მხოლოდ 1 ცალი ეგზემპლარი იქნა დამზადებული, ხოლო რიგი წყაროების თანახმად დამზაებულ იქნა რამოდენიმე საცდელი პისტოლეტი, რომელიც კერძო პირებზე გაიყიდა.
საბოლოოდ კომპლექსი „NAACO Brigadier“ მივიწყებას მიეცა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პროექტს უკვალოდ არ ჩაუვლია. 1977 წელს კომპანიამ “Winchester” წარმოადგინა შორ დისტანციაზე მიზანში სასროლი ძლიერი პისტოლეტის ვაზნა სახელწოდებით „.45 Winchester Magnum“ (იგივე .45 Magnum; .45 Win Mag; 11,5x30 მმ), რომელიც ფაქტიურად წარმოადგედნა .45 NAACO -ს რეანიმირებულ ვარიანტს.

No comments:

Post a Comment