უნგრული „53M / K1“ (Kucher K1)

მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდში უნგრეთის არმია შეიარაღებული იყო უნგრელი კონსტრუქტორის პოლ კირალის (Pál Dedai Király) მიერ შემუშავებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით “39M” და “43M”. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უნგრეთის არმიაში გაჩნდა ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შეიარაღებაში მიღების საჭიროება.  უნგრელები განიხილავდნენ ორ ალტერნატივას: 1. თავად შეექმნათ ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და გამოცდების შემდეგ მიეღოთ შეიარაღებაში; 2. სხვა ქვეყნისგან ლიცენზიით ეყიდათ რომელიმე მოდელი და საკუთარი ძალებით მოეხდინათ მისი წარმოების დაწყება.

Kucher József
უნგრეთის არმიისთვის ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავებით დაინტერესდა კონსტრუქტორი იოზეფ კუჩერი (Kucher József), რომელიც 1930-ანი წლებიდან მუშაობდა ფაბრიკაში Danuvia Gépgyár და იყო პოლ კირალის უაშუალო დაქვემდებარებაში. პოლ კირალიმ და კუჩერმა ჯერ კიდევ 1944 წელს ერთობლივი ძალბით შეიმუშავეს საცდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სახელწოდებით „Danuvia 44M“.
„Danuvia 44M“
1947 წელს პოლ კირალი ემიგრირებულ იქნა დომინიკის რესპუბლიკაში, ხოლო 1948 წელს იოზეფ კუჩერს მიენიჭა კაპიტნის წოდება და გადაყვანილ იქნა უნგრეთის სამხედრო-კვლევთ ინსტიტუტში, სადაც წამოიწყო საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროტოტიპზე მუშაობა. პროტოტიპის შემუშავებისას კუჩერმა საფუძვლად აიღო  პოლ კირალისთან ერთად შემუშავებული, ნაკლებად ცნობილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Danuvia 44M“.
1950 წლის დასაწყისში იოზეფ კუჩერმა წარმოადგინა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროტოტიპი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „K1“ (Kucher 1). რიგ დოკუმენტებში მას მოიხსნიებდნენ, როგორც „Kucher Könnyü Géppisztoly“ (კუჩერის მსუბუქი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი). „K1”-ის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით სადაც სროლა ღია საკეტით წარმოებდა. მისი სასხლეტი მექანიზმი იძლეოდა როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლის შესაძლებლობას.
„K1“ (Kucher 1)
კუჩერის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მთავარ კვანძს წარმოადგენდა ცილინდრული ფორმის ლულის კოლოფი, რომლის უკანა ქვედა ნაწილში მიმაგრებული იყო სასხლეტი მექანიზმისთვის განკუთვნილი ბუდე და ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური. ლულის კოლოფის წინა ნაწილში დამაგრებული იყო პერფორირებული (დახვრეტილი) კონუსური მოყვანილობის ლულის გარსაცმი, რომელიც ცხელ ლულაზე ხელის მიდებისგან და დამწვრობის მიღებისგან იცავდა  მსროლელს. ლულის გარსაცმის ბოლოში გაკეთებული იყო პროფილური ამონაჭრელები, რომელიც ერთგვარი მუხრუჭ-კომპენსატორის დანიშნულებას ასრულებდა. გადასატენი სახელური განლაგებული იყო ლულის კოლოფის მარჯვენა მხარეს.
გადასატენ სახელურში ჩამაგრებული იყო დამცავი კვანძი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო საკეტის ბლოკირება უკანა ან წინა პოზიციაში. სასხლეტი კავის ზევით მარცხენა მხარეს განთავსებული იყო სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტი. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული მეტალის საკეცი დუგლუგი გარკვეულ წილად იმეორებდა გერმანული MP.38 -ის დუგლუგის კონსტრუქციას. დუგლუგის დაკეცვა ხდებოდა ქვემოთ, იარაღის ლულის კოლოფის გასწვრივ. უკანა სამიზნე მოწყობილობა შედგებოდა საგდულიანი L-სებრი დეტალისგან, რომელსაც გააჩნდა ორი პოზიცია. ერთი პოზიცია იძლეოდა 100 მეტრამდე დამიზნების საშუალებას, ხოლო მეორე 200 მეტრამდე.
სროლის რეჟიმების გადამრთველი
 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „K1” იყო მარტივი კონსტრუქციის, რაც აადვილებდა მის წარმოაბას. თუმცა მისი ლულის კოლოფი მზადდებოდა ფრეზირების მეთოდით და არა დაბეჭდვით, რაც საბოლოოდ ზრდიდა იარაღის თვითღირებულებას. კუჩერის პროტოტიპის გამოცდა გაიმართა 1951 წელს. მან გამოცდებზე აჩვენა საკმაოდ კარგი საიმედოობა და დეტალების სიცოცხლისუნარიანობა. სწორედ ამიტომ გამომცდელებმა დადებითი რეკომენდაცია გაუწიეს „K1”-ს. ამ პერიოდში უნგრეთის არმიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არმიის შეიარაღებაში წასულიყო კონსტრუქტორ შპაგინის მიერ შემუშავებული საბჭოთა პისტოლეტ-ტყვიაფრქვევი „ППШ-41“, რომელის წარმოებასაც უნგრელები ოფიცალური ლიცენზიით დაიწყებდნენ.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გამოცდების დასრულების შემდეგ, 1951 წლის 11 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კუჩერის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მაინც ჩაშვებულიყო სრიულ წარმოებაში. საწარმოო ხაზის გამართვის შემდეგ კუჩერის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 1953 წელს ოფიციალურად, როგორც დამხმარე იარაღი იქნა მიღებული უნგრეთის შეიარაღებაში. შეიარაღებაში მიღებისას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს მიენიჭა სახელწოდება „53M / K1“, რომლის წარმოებაც დაწყებულ იქნა ფაბრიკაში Danuvia Gépgyár.
 „53M / K1“ მოხვდა უნგრეთის სასაზღვრო/საბაჟო დაცვის, სახაზინო დაცვის, უნგრეთის პოლიციის და გარკვეული გასამხედროებული ფორმირებების შეიარღებაში. ასევე მოგვიანებით გარკვეული ნაწილი გადაეცა უნგრეთის სამთავრობო აგენტებს. იმის გამო, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შეიარაღებაში ჰქონდა ხაზინის დაცვას, მას გარკვეულ დოკუმენტებში მოიხსენიებდნენ, როგორც "Pénzügyõr Géppisztoly"- ხაზინის დაცვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი არ იყო უნგრეთის არმიის ძირითად შეიარაღებაში, მისი წარმოება ხდებოდა მხოლოდ მცირე პარტიებით. „53M / K1“  შეიარაღებაში იმყოფებოდა დაახლოებით 1960-ან წლებამდე. მოგვიანებით კი ნელნელა დაიწყო შეიარაღებული რიგების დატოვება და იარაღის საწყობებებში გადაინაცვლა.

No comments:

Post a Comment