1970-ანი
წლების მიწურულს საფრანგეთში გამოცხადდა კონკურსი რომელიც მიზნად ისახავდა ახალი სამსახურეობრივი
რევოლვერის შერჩევას და სხვადასხვა სამართალდამცავი/ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებაში
მიღებას. ეს სტრუქტურები იმ პერიოდისთვის შეიარაღებული იყვნე ჩინებული რევოლვერით Manurhin MR-73, რომელიც გამოირჩეოდა უმაღლესი შესრულებით და დეტალების
სიოცოცხლის უნარიანობით, თუმცა მისი თვითღირებულება იყო ზედმეტად მაღალი. ფაქტიურად
ახალი რევოლვერი უნდა ყოფილიყო Manurhin MR-73-ის ბიუჯეტური ალტერნატივა. ზემოაღნიშნულ
კონკურსში სხვადასხვა მწარმოებლებთან ერთად ჩაერთო ფრანგული კომპანია Manurhin, რომელმაც
ცნობილ ამერიკულ კომპანია Sturm Ruger & Co -სთან თანამშრომლობის შედეგად წარმოადგინა
სამსახურეობრივი რევოლვერის ვარიანტი. სწორედ ეს რევოლვერი გახდა კონკურსის გამარჯვებული
და მიღებულ იქნა შეიარაღებაში ამბიციური სახელწოდებით „Manurhin Special Police“. კონკურსის
დასრულებიდან ძალიან მალევა 1979 წელს სამართალდამცავ უწყებებში დაიწყო ახალი რევოლვერის
Manurhin Special Police მიწოდება.
Manurhin
Special Police წარმოადგენდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმიან რევოლვერს
ღია ჩახმახით და მთლიანი ჩარჩოთი. აღსანიშნავია, რომ დამრტყმელი არ იყო დამაგრებული
ჩახმახზე. იგი წარმოადგენდა დამოუკიდებელ დეტალს, რომელიც ჩასმული იყო რევოლვერის ჩარჩოში
შესრულებულ ბუდეში და სასხლეტზე თითის დაჭერისას ჩახმახი ახდენდა მასზე დარტყმას. სასხლეტი
კავის დამცავი დამზადებული იყო ცალკე დეტალის სახით, რომელიც მოდულურ სასხლეტ მექანიზმთან
ერთად მაგრდებოდა რევოლვერის ჩარჩოზე. რევოლვერის დოლურა ვაზნების ჩასალაგებლად/მასრების
ამოსაყრელად გადადიოდა მარცხენა მხარეს და იტევდა 6 ცალ .357 Magnum (9x32mm R) ტიპის
ვაზნას. დოლურას ბრუნვა ხდებოდა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. დოლურას
ჩამკეტი ღილაკ-ფიქსატორი განთავსებული იყო რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან. დოლურის
კამერებიდან (სავაზნეებიდან) მასრების ერთდროული ამოყრა ხდებოდა ვარსკვლავისებური ექსტრაქტორის
ზემოქმედებით, რომელიც დოლურას ღერძში გაყრილი გადამცემი ღეროს და მსროლელის ხელის
მოქმედებით წარმოებდა. რევოლვერის ჩარჩოს საფუძვლად აღებულ იქნა ამერიკული კომპანია
Sturm Ruger & Co -ს მიერ წარმოებული რევოლვერის Ruger Speed Six ჩარჩო. სწორედ
ეს კომპანია ახდენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში რევოლვერის ჩარჩოს დამზადებას სასხლეტ
მექანიზმთან ერთად და შემდგომ აწვდიდია აღნიშნულ დეტალებს საფრანგეთში მდებარე კომპანია
Manurhin-ს, სადაც უკვე ხდებოდა ლულის და დოლურის დამზადება, დეტალების ერთმანეთზე
მორგება და რევოლვერის აწყობა საბოლოო სახით.
1981 წელს გამოჩნდა რევოლვერი Manurhin Special Police F1, რომელიც უკვე მთლიანად საფრანგეთში კომპანია Manurhin-ის ქარხანაში მზადდებოდა. Manurhin Special Police F1 განსხვავდებოდა წინამორბედი Manurhin Special Police-ისგან იმით, რომ სასხლეტი კავის დამცავი წარმოადგენდა რევოლვერის ჩარჩოს განუყოფელ ნაწილს.
რევოლვერი ძირითადად იწარმოებოდა ორი კონფიგურაციით: 1. სტანდარტული მოდელი 3 ინჩიანი (76მმ) სიგრძის ლულით; 2. 4 ინჩიანი (102მმ) სიგრძის ლულით. ამას გარდა მოგვიანებით გამოჩნდა რევოლვერი Manurhin Special Police X1 რომელიც უჟანგავი ფოლადისგან იყო შესრულებული.
ასევე მცირე სერიებათ იწარმოებოდა რევოლვერი, რომლის დოლურაც გათვლილი იყო 9x19mm (9mm Luger) ტიპის ვაზნებზე. შეიძლება ითქვას, რომ Manurhin-ის საპოლიციო რევოლვერების ახალი ოჯახი გამოვიდა ისეთივე საიმედო და უმაღლესი შესრულებით, როგორიც იყო ლეგენდარული Manurhin MR-73.
1988 წელს კომპანიამ სერიულ წარმოებაში ჩაუშვა Special Police F1 -ის კომერციული ვარიანტი აღნიშვნით Manurhin MR-88, რომელიც სერიულად 1994 წლამდე იწარმოებოდა Manurhin-ის მიერ. შემდგომ მათი წარმოება მცირე პარტიების სახით ხდებოდა 2003 წლამდე. ხოლო 2003 წლიდან მათი წარმოება Manurhin-ის სავაჭრო ნიშნით გააგრძელა კომპანიამ Chapius Armes. Manurhin MR-88-ის ღირებულება მისი შესრულებიდან და კონფიგურაციიდან გამომდინარე მერყეობს 2100-2600$-მდე. ხოლო თუ რომელიმე აუქციონზე წააწყდებით Manurhin Special Police F1-ს მათი ღირებულება კიდევ უფრო მაღალია.
No comments:
Post a Comment