რევოლვერი Manurhin MR-73

XX-ე საუკუნის ნახევარზე მეტი პერიოდი საფრანგეთის ჟანდარმერია/პოლიცია ძირითადად ტექნიკურად და მორალურად მოძველებული პისტოლეტებით იყო შეიარაღებული. მათი უმეტესობა ხშირ შემთხვევაში ბრაუნინგის 7,65მმ-ან (.32ACP) სუსტ ვაზნას იყენებდა. ბოროტმოქმედებთან რეალური საბრძოლო შეტაკებების პრაქტიკამ და ანალიზმა აჩვენა, რომ ჟანდარმერიას უფრო სერიოზული ცეცხლსასროლი იარაღი ესაჭიროებოდა. კონკრეტული დანაყოფები მცირე რაოდენობით იყენებდნენ ასევე სხვადასხვა უცხოური წარმოების იარაღებს თუმცა მათი რაოდენობა იყო შეზღუდული.
1960-ანი წლების მიწურულს საფრანგეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა რჩევის მისაღებათ ამერიკელ კოლეგებს მიმართეს. ამ პერიოდში აშშ-ს პოლიციის და ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) რიგებში რევოლვერები „მეფობდნენ“, შესაბამისად ამერიკელმა კოლეგებმა,  საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლებს სწორედ რევოლვერების პრაქტიკული გამოყენების შესახებ გაუწიეს კონსულტაცია და გარკვეული ინსტრუქტაჟი. ბუნებრივია არაფერი არ ხდება უანგაროდ და გარკვეული შეკვეთის იმედად ამრიკული იარაღის მწარმოებელი კომპანია სმიტ და ვესონი (Smith & Wesson) ტექნიკური კუთხით ჩაერთო საფრანგეთის სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ახალი იარაღის შემუშავებაში. შესაბამისად საფრანგეთის ნაციონალურმა პოლიციამ,  კომისარ რაიმონდ სასიას (Raymond Sasia) თაოსნობით, კომპანია "Smith & Wesson"-ისგან შეიძინა .357 Magnum  ტიპის ვაზნაზე გათვლილი  რევოლვერები, რომელიც ცნობილია სახელწოდებით  „Model 19 RS“ (ბოლოში დამატებული ასოები, სწორედ კომისარის სახელისა და გვარის ინიციალებია). საფრანგეთისთვის დამზადებულ რევოლვერებს ჰქონდა 3 ინჩის (76 მმ) სიგრძის ლულა და ფიქსირებული უკანა სამიზნე მოწყობილობა. ეს რევოლვერი ცნობილია ასევე სახელწოდებით „S&W M19/3“.
საფრანგეთისთვის დამზადებული Smith & Wesson Model 19 RS
გარკვეული პერიოდსი შემდეგ "Smith & Wesson"-მა ფრანგულ კომპანია „Manurhin“-ს გაუწია დახმარება, იმისათვის რომ საფრანგეთში დაწყებულიყო ახალი სამსახურეობრივი ცეცხლსასროლი რევოლვერის წარმოება. კომპანია „Manurhin“ (სრული დასახელება Manufacture de Machines du Haut-Rhin) მანამდე ძირითადად დაკავებული იყო "Walther PP"  / "Walther PPK" ტიპის თვითდამტენი პისტოლეტების ლიცენზირებული კლონების დამზადებით. 1970-ანი წლების დასაწყისში მათ სმიტ და ვესონის დახმარების შედეგად შეიმუშავეს ცეცხლსასროლი რევოლვერი, რომელიც წარმოებაში 1973 წელს ჩაეშვა. რევოლვერს მიენიჭა სახელწოდება  „MR-73“.
MR-73 3 ინჩიანი ლულით და მუდმივი (არარეგულირებადი) სამიზნე მოწყობილობით
ვინაიდან რევოლვერი უნდა ყოფილიყო სამსახურეობრივი, ძირითად კალიბრად არჩეულ იქნა კვლავ ძლიერი ვაზნა .357 Magnum. თუმცა ფაბრიკამ ასევე აქცენტი გააკეთა რევოლვერის სპორტულ დანიშნულებაზე და მოგვიანებით სამოდელო ხაზს შეემატა .38 Special, .32 S&W Long და წრიული აალების .22LR ვაზნაზე გათვლილი ვარიანტები. გარდა სხვადასხვა კალიბრისა, რევოლვერები გამოდიოდა ასევე სხვადასხვა სიგრძის ლულებით (2.25 / 2.75 / 3 / 4 / 4.25 / 5.25 / 6 / 8  და 10 ინჩიანი ლულებით).
კონსტრუქცია და კონსტრუქციული თვისებები
რევოლვერში გამოყენებულია ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც იძლევა სროლის შესაძლებლობას, როგორ წინასწარ შეყენებული ჩახმახით, ასევე თვითშეყენებით. კონსტრუქცია ითვალისწინებს ჩახმახის უკან დამხევ მექანიზმს, რომლის წყალობითაც ჩახმახი დაშვებულ მდგომარეობაში იმყოფება ოდნავ უკან, რათა დავარდნისას, ან მყარ ზედაპირზე დაჯახებისას არ მოხდეს შემთხვევითი გასროლა. სასხლეტ მექანიზმში გამოიყენება პატარა საკისრების (ე.წ. პადშიპნიკები) მსგავსი გორგოლაჭები, რომლის წყალობითაც სასხლეტი არის გამორჩეულად რბილი.
დოლურის ბრუნვა ხდება მარცხნივ. ვაზნების ჩასალაგებლად დოლურა სხვა რევოლვერების მსგავსად გადადის მარცნივ. როდესაც დოლურა გადაწეულია მარცხნივ, სასხლეტი მექანიზმი არის ბლოკირებული. დოლურას დაფქისრება ხდება წინ გასაწევი ბერკეტით. აღნიშნული ბერკეტი რევოლვერის ჩაროზე მარცხენა მხრიდან არის დამონტაჟებული.
სამიზნე მოწყობილობები კონკრეტული მოდელიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ან ორ სიბრტყეში რეგულირებადი ტიპის, ან მუდმივი (არარეგულირებადი). სახელურის ლოყები, როგორც წესი დამზადებულია ან მყარი რეზინის მსგავსი პოლიმერისგან ან ხისგან. კონკრეტულ მოდელებს შეიძლება ჰქონდეს თითებისთვის განკუთვნილი ამონაჭრელები / ტარის ბოლოში შესრულებული განიერი ტერფი ან სპორტული ორთოპედიული სახელური.
Manurhin MR-73 4 ინჩიანი ლულით, რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობით და პოლიმერული სახელურით
Manurhin MR-73 -ის დამზადებისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხი ლეგირებული საიარღო ფოლადი. ლულა მზადდება ცივად ჭედვის მეთოდით, რა დროსაც ხდება ასევე ლულის არხში ჭრილების ფორმირება. ასეთი პროცესის წყალობით ჭრილები გამოდის იდეალურად ზუსტი, პრიალა და მყარი.  ჩარჩოს დამზადება ხდება ფრეზირების მეთოდით წინასწარ ნაჭედი ფოლადის სამზადისგან, რაც დამატებით განაპირობებს იარაღის სიმყარეს და საკმაოდ მაღალ რესურსს. ფაქტიურად რევოლვერის ყველა საპასუხიმგებლო დეტალი გამძლეობით უთანაბრდებოდა ინსტრუმენტალურ ფოლადს.
რამდენადაც ცნობილია რევოლვერს "Manurhin MR-73"  გარანტირებულად შეუძლია 40 000 გასროლის განხორციელება ისე, რომ არ დაქვეითდეს მისი საბრძოლო თვისებები.  ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეცდანიშნულების რაზმისთვის, რომლებიც ყოველდღიური ვარჯიშის დროს მინიმუმ 150 ცალ ვაზნას ისვრიან. ცნობისთვის საფრანგეთის ნაციონალური პოლიციის რიგებში მანამდე არსებული „S&W M19/3“ (იგივე Model 19 RS) ვერ უძლებდა ამხელა დატვირთვას.
მაგალითად კომპანია Manurhin -ის მუზეუმში ინახებოდა რევოლვერი MR-73, რომლიდანაც განხორციელდა 100 000-ზე მეტი გასროლა და რევოლვერის ლულის არხი ისევ ახალივით გამოიყურებოდა. ერთერთი საცდელი სროლებისას რევოლვერიდან განხორციელდა 170 000 გასროლა იესე, რომ რევოლვერის არცერთი დეტალი არ დაზიანებულა. საცდელი სროლებისას გამოიყენებოდა ვაზნა  Norma .357 Mag 158 gr. გარკვეულ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ გამოთვლების თანახმად რევოლვერის ლულას შეუძლია განახორციელოს 300 000 გასროლა ისე, რომ შეუმჩნევლად დაქვეითდეს სიზუსტე.   
 
ვინაიდან იარაღი უნდა დამზადებულიყო სახელმწიფო შეკვეთით, კომპანია არ ფიქრობდა ეკონომიურ ფაქტორებზე და ცდილობდნენ იარაღის დეტალები დაემზადებინათ საუკეთესო ფოლადისგან და მათი მორგება ყოფილიყო იდალურ დონეზე. 1 ცალ რევოლვერზე ხელით შესასრულბელი სამუშაოების (დეტალების მორგება, გაპრიალება) დროითი დანახარჯი შეადგენდა 12 საათს, რაც დაახლოებით 50%-ით  ზრდიდა იარაღის თვითღირებულებას. ქარხნული შემოწმობისას და საგამოცდო სროლისას (C.I.P.) გამოიყენება .357 Magnum ტიპის ვაზნები, რომელთა გასროლის დროს რევოლვერის ლულაში და დოლურაში წარმოიქმენება 30%-ით უფრო მეტი წნევა. რიგი წყაროების თანახმად  რევოლვერის დეტალები იმდენად მტკიცეა, რომ დაზიანების გარეშე შეუძლია გაუძლოს მაქსიმალური წნევის ორმაგ გადამეტებას. C.I.P. სტანდარტის თანახმად .357 Magnum ვაზნის შემთხვევაში მაქსიმალურ წნევად განსაზღვრულია 300.00 Mpa (43,511 psi), ხოლო ფრანგული რევოლვერი უძლებს წნევის მატებას 600.00 MPa (87,023 psi)-მდე. თუ დავფიქრდებით და გავითვალისწინებთ .357 მაგნუმის წნევას, ეს ციფრები მართლაც შთამბეჭდავად ჟღერს. მთლიანობაში რევოლვერი MR-73 წარმოადგენს ერთერთ ყველაზე გამძლე და საიმედო რევოლვერს, რომელიც არის მარტივი მოსახმარი. გარდა ამისა იგი გამოირჩევა ფენომენალური სიზუსტით. რევოლვერს 5 -15 გასროლიდან 25 მეტრ დისტანციაზე საშუალოდ უნდა შეესრულებინა 20მმ-ანი ჯგუფი. გარკვეული წყაროების თანახმად თუ რევოლვერი ქარხნული გამოცდისას სიზუსტის ტესტში ვერ აჩვენებდა ასეთ შედეგს იგი არ ტოვებდა ქარხნას.
რევოლვერის წარმოება და შეიარაღებაში მიღება
როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზემოთ,  MR-73-ის წარმოაბა დაიწყო 1973 წელს და 1980-ანი წლების ბოლომდე აწარმოებდა კომპანია „Manurhin“, ხოლო შემდეგ მისი წარმოება გაგრძელდა ფრანგული კომპანია „Chapuis Armes“-ს ტერიტორიაზე.
რევოლვერი „Manurhin MR-73“ შეიარაღებაში მიიღო საფრანგეთის საპოლიციო სპეცრაზმმა და სხვადასხვა სპეციალურმა სამსახურებმა. მაგალითად საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფმა GIGN (Groupe d’Intervention de la Gendarmerie Nationale - მისი გაშიფრვა ჟღერს როგორც „სწრაფი რეაგირების ნაციონალური ჟანდარმერია“), ასევე რევოლვერი მოხვდა RAID -ის (Recherche, Assistance, Intervention, Dissuasion - ძიება, მხარდაჭერა, ჩარევა, შეკავება) შეიარაღებაში.

საფრანგეთის ძალოვანი უწყებების შეიარაღებაში საშტატო სახით ძირითადად გამოიყენებოდა  2.5, 3 და 4 ინჩანი ლულის მქონე რევოლვერები. სპეციალური სახით მზადდებოდა ასევე დმატებითი დოლურა, რომელიც გათვლილი იყო 9х19 Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე.
გარდა ძალოვანი უწყებებისა, რევოლვერი გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა ევროპის სამოქალაქო იარაღის ბაზარზე, როგორც სპორტული და თავდაცვითი იარაღი. გარკვეული წყაროების თანახმად რევოლვერი მცირე რაოდენობით შეიძინა ასევე საბჭოთა კავშირის სპეც სამსახურებმაც, რომელიც შემდგომ უკვე რუსეთის მიერ გამოიყენებოდა, ბელგიური „FN Browning High Power“-ის ნაცვლად. ამდაგვარ  გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ის, რომ გარკვეული დავალებების/ოპერაციების შესრულებისას 9mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნა ვერ უმკლავდებოდა დაკისრებულ მოვალეობას და საჭირო იყო უფრო ძლიერი ენერგიის მქონე ვაზნის გამოყენება. რუსულ წყაროებს თუ დავუჯერებთ „Manurhin MR-73“ -ის გამოყენება ხდებოდა მანამდე, სანამ სპეც დანაყოფების რიგებში მოხვდებოდა პისტოლეტი „Гюрза“.
ისტორიული ფაქტები
ისტორიულ ფაქტებს რომ მივყვეთ ფრანგული რევოლვერის სამომავლო ბედზე დიდი გავლენა იქონია კრისტიან პრუტომ (Christian Prouteau). სწორედ მისი თაოსნობით მოხდა 1973 წელს GIGN-ის ჩამოყალიბება და ერთერთი საშტატო იარაღის სახით „Manurhin MR-73“-ის შეიარაღებაში მიღება. კრისტიან პრუტო 9 წელი ხელმძღვანელობდა „GIGN“-ს. მისი იდეალოგია იყო რომ  სპეცდანიშნულების რაზმს უნდა ჰქონოდა ქირურგიული სიზუსტის, ძლიერი და ყველაზე საიმედო იარაღი, რომელიც ერთი ზუსტი გასროლით შეძლებდა ბოროტმოქმედის განეიტრალებას. კრისტიან პრუტო თვად დარწმუნდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, როდესაც 20 მეტრ დისტანციაზე ერთი გასროლით  მოახდინა ბოროტმოქმედის მხარში დაჭრა, რომელსაც მძევალი ჰყავდა ამოფარებული.
კრისტიან პრუტო (Christian Prouteau) და რევოლვერი „Manurhin MR-73“.  ფოტო გადაღებულია 1973 წელს GIGN -ის წვრთნებზე
 
კრისტიან პრუტოს იდეოლოგიას იზიარებდნენ ასევე საფრანგეთის ძალოვანი სტრუქტურების სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებიც. მაგალითად საპოლიციო სპეცრაზმის BRI (Brigade de Recherche et d'Intervention) კომისარი რობერტ ბრუსარდი, რომელმაც მისი დანაყოფისთვის ოფიციალურად GIGN-ზე ადრე  მიიღო შეიარაღებაში რევოლვერი Manurhin MR-73.  რევოლვერი ასევე მოიწონა და შეიაღარებაში მიიღო კომისარმა ჟორჟ ნგუენ ვან ლოკმა (Georges Nguyen Van Loc წარმოშობით ვიეტნამელი), რომელიც გახლდათ დანაყოფ GIPN-ის (Groupes d'Intervention de la Police Nationale) შემქმნელი.

რეისი 8969
1994 წლის 24 დეკემბერს ალჟირში ჰუარი ბუმედიენის (Houari Boumediene) სახელობის აეროპორტში, ისლამური დაჯგუფების აფრიკელმა წევრებმა ხელში ჩაიგდეს კომპანია „Air France“-ის კუთვნილი თვითმფრინავი Airbus A300B2-1C რეისი ნომრით 8969, რომელიც პარიზში უნდა გაფრენილიყო. ოთხი ტერორისტი ბორტზე ავიდა, როგორც უსაფრთხოების თანამშრომელი. მათ ჩაატარეს სტანდარტული კონტროლი, რის შემდეგაც მოახდინეს მგზავრების და ეკიპაჟის წევრების მძევლად აყვანა. ტერორისტები შეიარაღებულნი იყვნენ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებით, ებრაული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით „UZI”, ხელყუმბარებით და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ტერორისტებს შორის იყო მათი მეთაური აბდულ აბდულა იაჰია (Abdul Abdullah Yahia).
რეისი 8969 -ის ეკიპაჟის წევრები
ტერორისტების მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ გაენთავისუფლებინათ "ისლამის გადარჩენის ფრონტის" პოლიტიკური პარტიის ლიდერები Abassi Madani და Ali Belhadj, რომლებიც შინა პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მოლაპარაკების პროცესში, ალჟირის პოლიციამ და სპეც სამსახურებმა მოახდინეს თვითფრინავის ბლოკირება ისე, რომ ვერ მოეხდინათ გაფრენა. გარდა ამისა თვითმფრინავს ისევ მიდგმული ჰქონდა ასასვლელი ტრაპი. 2 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ტერორისტებმა მოითხოვეს პარიზში გაფრენა, რაზეც მიიღეს უარი. ამ ფაქტის შემდეგ მათ ერთერთი მგზავრი მიიყვანეს ტრაპთან და მოახდინეს ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა თავის არეში.  როგორც შემდეგ გაირკვა ეს მგზავრი იყო ალჟირის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამაგალითოდ დასაჯეს ტერორისტებმა. მიუხედავად ამ ფაქტისა ხელისუფლება უარს აცხადებდა თვითმფრინავის გაფრენაზე. ამის შემდეგ ტერორისტებმა კიდევ ერთი მგზავრი 48 წლის ვიეტნამელი დიპლომატი ბუი გიანგ ტო (Bui Giang To) გაიყვანეს ტრაპზე და დახვრიტეს. საფრანგეთის ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ალჟირთან, რომ ფრანგული სპეცდანიშნულების დანაყოფი შეეშვათ ალჟირში და მიეცათ სპეც ოპერაციის ჩატარების საშუალბა, რაზეც ალჟირისგან მიიღეს უარი.
ამ პროცესის განმავლობაში ფრანგული GIGN -ის წევრები სასწრაფო წესით ემზადებოდნენ და გადიოდნენ წვრთნებს. უფრო კონკრეტულად ისინი ესპანეთში პალმა დე მალიორკას  აეროპორტში ვარჯიშობენდნენ ზუსტად ისეთივე Airbus A300-ის იერიშზე. სწავლობდნენ მის შიდა პერიმეტრს, შესასვლელებს, სამალავ სივრცეებს და ოპერაციის შესასრულებლად საჭირო სხვა პარამეტრებს. პალმა დე მალიორკაში ჩავიდნენ იმ მიზეზით, რომ თუ ალჟირიდან ექნებოდათ თანხმობა სპეც ოპერაციის ჩატარებაზე, მაშინ აქედან მალევე მოახდენდნენ ალჟირში გადაფრენას.
ალჟირის პოლიცა აგრძელებდა მოლაპარაკებას ტერორისტებთან. 25 დეკემბერს ტერორისტებმა მოლაპარაკების შედეგად საერთო ჯამში გაანთავისუფლეს 63 მგზავრი, რომელთა შორისაც ძირითადად იყვნენ ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით და ისეთი პირები, რომელიც იყვნენ შეუძლოდ. მათ მოთხოვნას კვლავ წარმოადგენდა საფრანგეთში გაფრენა და იმუქრებოდნენ, რომ ყოველ 30 წუთში თითო მგზავრს მოკლავდნენ.
თვითმფრინავის გატაცებიდან 39 საათის შემდეგ საფრენგეთის ხელისუფლების მოთხოვნით ალჟირის პოლიციამ მისცა თვითმფრინავს გაფრენის საშუალება. მთელი ამ პერიოდის მანძილზე თვითმფრინავის ძრავები მუშაობდა დაბალ ბრუნზე შესაბამისად საწვავის გარკვეული ნაწილი იყო უკვე გახარჯული. აქედან გამომდინარე თვითმფრინავი ვერ მიაღწევდა პარიზამდე. საბოლოოდ მიიღეს  გადაწყვეტილება, რომ მარსელში დამჯდარიყვნენ.
26 დეკემბრის გამთენიას თვითმფრინავი დაეშვა მარსელის აეროპორტში. სპეცსამსახურების ინფორმაციით და ვარაუდით ტერორისტები გეგმავდნენ თვითმფრინავის აფეთქებას პარიზის თავზე ან რომელიმე მნიშვნელოვან ობიექტზე შეჯახებას. აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა მოითხოვეს თვითმფრინავის ავზების ბოლომდე შევსება 27 ტონა საწვავით. რეალურად მარსელიდან პარიზამდე ფრენას ესაჭიროებოდა მხოლოდ 9 ტონა საწვავი.
დენი ფავიე (Denis Favier)
მარსელის აეროპორტთან უკვე მობილიზებულნი იყვნენ GIGN -ის პროფესიონალები, რომელთაც მაიორი დენი ფავიე (Denis Favier) ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დაწყებამდე  ფრანგებმა გამოიყენეს სხვადასხვა მიკროფონები, ღამის ხედვის და ინფრაწითელი მოწყობილობები, რომლითაც ზუსტად განსაზღვრეს თვითმფრინავის რომელ ნაწილში იმყოფებოდნენ ტერორისტები განლაგებული.
ფოტოზე გამოსახულია თვითმფრინავის შტურმის მომენტი. ამ ეპიზოდში GIGN-ის წევრებმა დაუშვეს ერთი შეცდომა. მათ წინასწარ გამზადებულ სიმაღლეზე დაყენებული ტრაპი მიაგორეს თვითფრინავის შესასვლელ კარებთან. სიმაღლის განსაზღვრა მანამდე ზუსტად იგივე ტიპის თვითმფრინავზე ვარჯიშის დროს მოახდინეს და ვერ გათვალეს ერთი საკვანძო მომენტი. მგზავრებით და ბარგით სავსე თვითმფრინავი იყო დაბლა დაწეული (დამჯდარი). შესაბამისად ტრაპი მოექცა კარებზე ოდნავ ზევით, რამაც შეაფერხა კარების სწრაფი გაღება და მოუწიათ ტრაპის ოდნავ უკან გაგორება და შემდე შეხტომა თვითფრინავის სალონში. ამ პროცესმა გარკვეული დრო დააკარგინა GIGN -ის მებრძოლებს.
17:08 საათზე GIGN ( Groupe d’Intervention de la Gendarmerie Nationale) -ის მიერ დაწყებულ იქნა თვითმფრინავზე იერიშის მიტანა. მიუხედავად იმისა, რომ  ტერორისტები შეიარაღებულნი იყვნენ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებით, ებრაული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით „UZI” და ყუმბარებით, ერთერთი საიერიშო ჯგუფის ხელმძღვანელმა ტიერი პრუნიომ (Thierry Prungnaud) საკუთარ იარაღად აირჩია მხოლოდ რევოლვერი Manurhin MR-73. მას შეეძლო აერჩია სხვა უფრო ეფექტური იარაღი, მაგრამ მაინც რევოლვერზე შეაჩერა არჩევანი.  
ტიერი პრუნიომ (Thierry Prungnaud)
ტიერი  პირველი იყო  ვინც შეიჭრა პილოტის კაბინისკენ მიმავალ კორიდორში და 2 გასროლით მოახდინა 1 ტერორისტის ლიკვიდირება, ხოლო მესამე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა მეორე ტერორისტი.  ამ დროს ერთერთმა ტერორისტმა, რომელიც გვერდით იმალებოდა ტიერის მიმართულებით  მოახდინა ავტომატის ჯერის გაშვება. ავტომატის ჯერის გარდა ტიერის ესროლეს ასევე ყუმბარაც.  მძიმედ დაჭრილმა ტიერიმ გადაიტანა რამოდენიმე ოპერაცია, რამოდენიმეჯერ გაუჩერდა გული, მაგრამ საბოლოოდ იგი გადარჩა და განაგრძო GIGN-ში მუშაობა საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორის პოზიციაზე.  მიღებული ტრავმების გამო მას მოუწია მარჯვენა ხელის ნაცვლად მარცხენა ხელიდან სროლის დაუფლება.  ტიერი ინსტრუქტორად მუშაობდა და სროლას ასწავლიდა 4 წლის განმავლობაში. მუშაობის პერიოდში იგი იყენებდა კომპანია „Manurhin“-ის მიერ საჩუქრად მიღებულ MR-73 –ს. ეს რევოლვერი იყო ზუსტად ისეთი, როგორიც გამოიყენა თვითმფრინავის იერიშის დროს.
თვითმფრინავის დაცხრილული კაბინა
საბოლოო ჯამში GIGN-ის სპეცრაზმის წევრების და სნაიპერების დახმარებით ყველა ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული, მგზავრები კი განთავისუფლებული. სულ ტერორისტებმა მოკლეს 4 მგზავრი, რამოდენიმე მათგანი კი ოპერაციის დროს დაიჭრა. ვისაც დაგინტერესებთ აღნიშნულ ტერაქტზე გადაღებულია მხატვრული ფილმი სახელწოდებით „The Assault“  (L'Assaut), რომელიც 2011 წელს გამოვიდა კინოთეატრებში.
რევოლვერი Manurhin MR-73 დღემდე აგრძელებს სამსახურს GIGN-ის და საფრანგეთის სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის რიგებში. აქვე აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის გარდა რევოლვერს იყენებდნენ სხვა ქვეყნის სპეც სამსახურებიც, მაგალითად ავსტრიის საპოლიციო ტაქტიკური დანაყოფი EKO Cobra (Einsatzkommando Cobra).
მიუხედავად იმისა, რომ რევოლვერები ახლანდელ ეპოქაში ნაკლებად არის პოპულარული, საფრანგეთში მაინც არსებობენ თანამშრომლები, რომლებიც დავალების შესრულებისას საკუთარი მოთხოვნით ირჩევენ საიმედო, ზუსტ და მსოფლიოში ერთერთ ყველაზე საუკეთესო რეპუტაციის მქონე რევოლვერს „Manurhin MR 73“.

No comments:

Post a Comment