Hyde Carbine M1944

Hyde Carbine M1944 წარმოადგენს ჯორჯ ჰაიდის (George Hyde) ნამუშევარს, რომელიც 1944 წელს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისთვის შექმნა. ავტომატური კარაბინი კონსტრუქციის კუთხით გარკვეულ წილად ეფუძნება ჯონ ტალიაფერო ტომპსონის (John Taliaferro Thompson) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს. ზოგადად ჯორჯ ჰაიდს არაერთი იარაღი აქვს შექმნილი ტომპსონის გავლენით.
Hyde Carbine M1944

Hyde Carbine M1944 არის ერთგვარი „ერზაც“ კატეგორიის იარაღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სასწრაფო წესით შეიქმნა. მასში ფართოდ არის გამოყენებული ფოლადის ფურცლისგან დაშტამპვის (დაბეჭდვის) მეთოდით შესრულებული დეტალები, რაც მნიშნელოვნად ამარტივებდა წარმოების პროცესს, ჯდებოდა იაფი და ამავდროულად კონსტრუქცია გამოდიოდა უფრო მსუბუქი.
კონსტრუქციულ თვალსაზრისით ჯორჯ ჰაიდის კარაბინი უფრო ახლოს იდგა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებთან, თუმცა მასში გამოიყენებოდა M1 Carbine -ის ვაზნა 7,62x33 იგივე .30 Carbine. მიუხედავად ძლიერი ვაზნისა, კარაბინის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და შესაძლებეი იყო სროლის წარმოება, როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით.
ჯორჯ ჰაიდის იარაღში გამოიყენებოდა ერთი უჩვეული გადაწყვეტლება. კერძოდ, მისი ლულა მარტივად იხსნებოდა, ისე როგორც გერმანულ ტყვიამფრქვევში „MG42“. ეს იარაღი მისი ტაქტიკური მონაცემებიდან და საბრძოლო თვისებებიდან გამომდინარე ვერ ჩაანაცვლებდა ტყვიამფრქვევს. ამიტომ გამოცანად რჩება რისთვის იყო საჭირო ასეთი მოხსნადი ლულის კონსტრუქციის გაკეთება.
ჰაიდის კარაბინი იყენებდა დაშტამპვის (დაბეჭდვის) მეთოდთ დამზადებულ ლულის კოლოფს, რომელსაც გააჩნდა პერფორირებული ლულის გარსაცმი. გარსაცმის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე გაკეთებული იყო ამონაჭრელი ღარი, რომელიც ლულის სწრაფად მოხსნისთვის იყო განკუთვნილი. სასხლეტი მექანიზმი ჩამონტაჟებული იყო ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებური სახელურის ბუდეში.
ცეცხლის სამართავი პისტოლტისებური სახელური და სასხლეტი მექანიზმის დეტალები
აღნიშნული სახელური სასხლეტ მექანიზმთან ერთად მთლიანად იხსნებოდა ლულის კოლოფიდან. სასხლეტი მექანიზმის სრული დაშლის განხორციელება შესაძლებელი იყო 3 ცალი დამჭერი სარჭის გამოღების შემდეგ. კარაბინის დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა განთავსებული იყო იარაღის კონდახში.
ლულის კოლოფიდან მოხსნილი კონდახი და დამაბრუნებელი ზამბარა
საკეტს უკანა ნაწილში დამაგრებული ჰქონდა ე.წ. „ვირთხის კუდის“ („Rat Tail“) ტიპის დეტალი, რომელიც დამაბრუნებელი ზამბარის მიმმართველს წარმოადგენდა და ამავდროულად დამაბრუნებელი ზამბარა მისი წყალობით ზემოქმედებდა საკეტზე. ცნობისთვის  ასეთი ვირთხის კუდი გამოიყენებოდა ასევე  ავსტრიულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში „Steyr-Solothurn MP-34“ და  ბელგიურ საიერიშო შაშხანაში „FN FAL“.
ჯორჯ ჰაიდის კარაბინი იყო საკმაოდ საიმედო და ამავდროულად ზუსტი. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ, იგი ისროდა უფრო ზუსტად, ვიდრე აშშ-ს არმიის შეიარაღებაში არსბული “M1 Carbine“. აქედან გამომდინარე კარაბინი საბრძოლო თვისებებით ახლოს იდგა საიერიშო შაშხანებთან. მიუხედავად ამისა Hyde M1944 არ დამზადებულა მასიურად და მისი კარიერა მხოლოდ საცდელი ეგზმპლარების დამზადებით შემოიფარგლა.

No comments:

Post a Comment