OG-43 / OG-44

1943 წელს იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ კრემონაში მდებარე კომპანიამ „Armaguerra Cremona“ დაამზადა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროტოტიპი, რომლის ავტორიც გახლდათ კონსტრუქტორი ჯუზეპე ოლიანი (Giuseppe Oliani). ჯუზეპემ აღნიშნული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პირველი ვარიანტი 1942 წელს შეიმუშავა და მიანიჭა სამუშაო სახელწოდება „OG-42“. სახელწოდება გულისხმობს კონსტრუქტორის ინიციალებს OG (Oliani Giuseppe), ხოლო 42 კი იარაღის შექმნის წელს (1942). ვინაიდან იარაღმა დღის სინათლე იხილა 1943 წელს,  ხოლო დამზადებულ იქნა კომპანია „Armaguerra Cremona“-ს მიერ, დღეს იგი ცნობილია სახელწოდებით „Armaguerra OG-43”.  

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Armaguerra OG-43”
„Armaguerra OG-43” შეიძლება ჩაითვალოს ერთერთ პირველ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად, რომელიც იყენებდა ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურში განლაგებულ მჭიდს და ეგრედწოდებულ ტელესკოპურ საკეტს. ასეთი ტიპის იარაღების შექმნის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში „ვინ იყო პირველი?“.
უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს არ აქვს ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური. მის როლს ასრულებს მჭიდის მიმღები და მასში მოთავსებული მჭიდი.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Armaguerra OG-43” მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან, როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით.  მასში გამოყენებულია L-სებური ფორმის საკეტი, რომელსაც აქვს მოკლე ბლოკი და მოგრძო ფომრის ფრთა.  აღნიშნული ფრთია ლულის პარალელურად (გასწვრივ) ზემოთა მხარეს არის მოთავსებული. ასეთი გადაწყვეტილების გამოყენებით ლულის კოლოფი გამოვიდა მაქსიმალურად მოკლე. გადასატენი სახელური განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს. გადასატენი სახელური უკან გადაწევისას ზემოქმედებდა საკეტის მოგრძო ფრთაზე.
ფოტოზე გამოახულია დაშლილი OG-43, სადაც კარგად ჩანს საკეტი მოკლე ბლოკით და მოგრძო ფრთით
ჯუზეპე ოლიანის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იკვებებოდა  Beretta M38A -ს  სტანდარტული ორრიგიანი მჭიდებით, რომელიც გათვლილი იყო  20, 30 ან 40 ცალ ვაზნაზე. იარაღის ლულის კოლოფი დამზადდა ფოლადის ფურცლისგან დაშტამპვის (დაბეჭდვის) მეთოდით, რაც ამცირებდა საწარმოო ხარჯს და დროით რესურსს. ლულის გარსაცმი იყო პერფორირებული სახის, რომლის მეშვეობითაც ლულა უფრო ეფექტურად გრილდებოდა. OG-43 -ს ჰქონდა საკეცი დუგლუგი, რომელიც  ასევე ფოლადის ფურცლისგან იშტამპებოდა.  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს წინა ნაწილში ლულის გარსაცმზე დამაგრებულია ხისგან გაკეთებული დასაკეცი სახელური. აღნიშნული სახელური იკეცებოდა ლულის გასწვრივ ქვემოთ. უკანა სამიზნე მოწყობილობა შესრულებული იყო საგდულის სახით, რომელსაც ჰქონდა 2 პოზცია 100 და 200 მეტრამდე სროლისთვის.
OG-44
1944 წელს ჯუზეპე ოლიანიმ შექმნა გადამუშავებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სახელწოდებით “Armaguerra OG-44”, რომელიც მისი წინამორბედიგან განსხვავდებოდა ტრადიციული შესრულებით. მას ჰქონდა ცალკე ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური, რომლის წინაც განლაგებული იყო სახლეტი და შემდეგ მჭიდის მიმღები.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი OG-44 ხის ფიქსირებული (არასაკეცი) კონდახით
ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური დამზადდა დაბეჭდვის მეთოდით და წარმოადგენდა ლულის კოლოფის ნაწილს. ლულის კოლოფის უკანა მხარეს ფარავდა პისტოლეტისებური სახელურის ბოლოში ღერძის მეშვეობით დამაგრებული საფარი. აღნიშნულ საფარზე ასევე დამაგრებული იყო კონდახი. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დასაშლელეად კონდახი საფართან ერთად ღერძის მეშვებით იწეოდა დაბლა, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იყო დამაბრუნებელი ზამბარის და საკეტის გამოღება.
OG-44 დამზადდა ორი ვარიანტის სახით. ერთი ვარიანტი იყო მეტალისგან შესრულებული საკეცი დუგლუგით, ხოლო მერე არასაკეცი ხის დუგლუგით. შიდა მექანიზმის და აგებულების კუთხით იგი პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა წინამორბედი მოდელისგან Armaguerra OG-43.
OG-44 საკეცი დუგლუგით
 
საბოლოოდ იტალიის არმია არ დაინტერესდა ჯუზეპე ოლიანის კონსტრუქციის პისტოლეტე-ტყვიამფრქვევებით რადგანაც იმ პერიოდში ქვეყანაში ასე თუ ისე არსებობდა საკმარისი მარაგი  ისეთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისა, როგრიცაა „MAB 38“, „FNA-B M43“ და შემდგომში უკვე TZ-45.
გარკვეული წყაროების თანახმად, სულ ჯამში დამზადდა მხოლოდ 14 ცალი ჯუზეპე ოლიანის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელთაგან უმეტესი ნაწილი იყო ვარიანტი “OG-44“. დღეს ოფიციალურად ცნობილია, რომ 1 ცალი "OG-43" არის შვეიცარიაში კერძო კოლექციონერის მფლობელობაში, 1 ცალი „OG-44“ საკეცი დუგლუგით დაცულია ბრეშაში ბერეტას მუზეუმში, ხოლო 1 ცალი ხის კონდახით აღჭურვილი ვარიანტი „OG-44“  ინახება ბრიტანეთში იარაღის სამეფო კოლექციაში. დანარჩენი 11 ცალი პსტოლეტ-ტყვიამფრქვევის შესახებ არაფერია ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ „Armaguerra OG-44“ არ დამზადებულა სერიულად მან გარკვეული გავლენა მოახდინა იტალიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შემდგომ განვითარებაზე. მაგალითად ჯუზეპე ოლიანის რიგი გადაწყვეტილებები გამოიყენებოდა იტალიურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში „Franchi LF-56“ და გერმანულ Walther MPL / MPK -ში. ხოლო ჯუზეპე ოლიანის სკეტის ფორმა და გადატენვის მეთოდი გამოყენებულ იქნა ესპანურ საიერიშო შაშხანაში „CETME“ და გერმანულ საიერიშო შაშხანაში „Heckler & Koch G3“.

No comments:

Post a Comment