უკვე არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ იაპონიის
არმიას მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცეცხლსასროლი პისტოლეტების გარკვეული დეფიციტი
ჰქონდა. შესაბამისად სამხედრო პირების შეიარაღება ხდებოდა უცხოური წარმოების სხვადასხვა
ეგზემპლარებით. თუკი გადავხედავთ რიგ ლიტერატურას და ფოტოქრონიკებს, აღმოვაჩენთ, რომ
ძირითადად ყველაზე უცნაურ და იშვიათ პისტოლეტებს იაპონიის საჰაერო ძალების რიგებში
ხვდებოდა. ჩვენ ერთერთ სტატიაში შევეხეთ უცნობი მწარმოებლის ესპანურ ავტომატურ პისტოლეტს,
რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მცირე რაოდენობით იაპონელი მფრინავების შეიარაღებაში
მოხვდა. აღნიშნული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > http://www.iaragi.com/2015/06/blog-post.html რამოდენიმე ხნის წინ ინტერნეტ
სივრცეში აღმოვაჩინე ფოტოსურათი, რომელზეც იაპონელი მფრინავია გამოსახული, ხოლო მის
აღჭურვილობაში ჩანს სახასიათო მოგრძო ტარის მქონე პისტოლეტი. სწორედ აღნიშნული ფოტოს
ნახვის შემდეგ გადავწყვიტე დამეწერა ეს მინი სტატია.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში (კერძოდ 1908 წლის
17 ივლისს) ესპანეთის ქალაქ ეიბარში (Eibar) ხუან ესპერანსამ (Juan
Esperanza) და პედრო უნსეტამ (Pedro
Unceta) დაარეგისტრირეს თავიანთი კომპანია სახელწოდებით „Esperanza y Unceta“, რომელიც
სხვადასხვა დანადგარების გაყიდვით და მოდიფიცირებით იყო დაკავებული. პარალელურად მათ
დაიწყეს იარაღთან დაკავშირებული სავაჭრო ოპერაციების განხორციელება. თავდაპირველად ისინი სხვადასხვა მწარმოებლის პისტოლეტების
გაყიდვით იყვნენ დაკავებული. 1911 წელს ისიდორო გასტანიაგასთან (Isidro Gaztañaga) პარტნიორობით ჩამოყალიბდა იარაღის მინი საწარმო.
1913 წელს კომპანიამ გადაინაცვლა ქალაქ გერნიკაში (Guernica), სადაც მცირე კონტრაკტის
საფუძველზე დაიწყო ესპანეთის არმიისთვის პისტოლეტების წარმოება. 1914 წლის ნოემბერში
კომპანიას ეწოდა „Astra Unceta y Cía“.
ფოტოზე გამოსახულია ASTRA M1911
კომპანიის
მიერ ჯერ კიდევ 1911 წელს მცირედი ცვლილებების შეტანის შემდეგ გადამღერებულ იქნა ბრაუნინგის
სისტემის პისტოლეტი, რომელიც ვიზუალურად წარმოადგენდა FN Browning M-1905/1906 -ის
გადიდებულ და გამარტივებულ ვარიანტს 7,65მმ-ან ვაზნაზე (.32 ACP), ხოლო კონსტრუქციულად
იგი იყო ასევე ბრაუნინგის FN Browning M1903-ის სისტემაზე დაფუძნებული ვარიანტი. პისტოლეტს
ჰქონდა შიდა (დაფარული) ჩახმახი და მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. (ასეთი
კონსტრუქციის პისტოლეტები ესპანეთში, კერძოდ ეიბარში, სხვადასხვა მწარმოებლების მიერ
იწარმოებოდა უამრავი ვარიაციით და იყიდებოდა
სხვადასხვა სახელწოდებებით. სწორედ ამიტომ გაჩნდა მთელი კლასი, რომელსაც „ეიბარის ტიპის
პისტოლეტებს“ უწოდებენ). აღნიშნულ პისტოლეტს ყიდიდნენ სავაჭრო დასახელებით „Astra
M1911” (ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა ოფიციალური კომპანია სახელწოდებით
„Astra Unceta y Cía“).
ფოტოზე გამოსახულია Astra M1915 9 ვაზნიანი მჭიდით
ფოტოზე გამოსახულია Astra M1916 9 ვაზნიანი მჭიდით. აღნიშნული პისტოლეტი იყიდებოდა ასევე სახელწოდებით "Brunswig M1916"
მოგვიანებით გამოჩნდა ასევე მოდელი „Astra M1915“ და „Astra
M1916“. ეს პისტოლეტები მზადდებოდა ნახევრად კუსტარული წესით და სხვადასხვა სავაჭრო
სახელწოდებებით იყიდებოდა გარკვეული დილერების მიერ. პისტოლეტები Astra M1915 და M1916 მზადდებოდა
სხვადასხვა სიგრძის ტარით, რომელშიც ერთრიგიანი მჭიდი გამოიყენებოდა. არსებობდა ეგზემპლარები,
რომლის მჭიდშიც ჩადიოდა 7, 8, 9 და10 ცალი ვაზნა. შემდგომ გამოჩნდა ასევე ვარიანტი
სახელწოდებით Astra Model 100 Special (ამ მოდელს ასევე უწოდებენ ASTRA M1000-ს) რომელსაც გააჩნდა ყველაზე გრძელი ტარი და მის
ერთრიგიან მჭიდში თავსდებოდა 12 ცალი ვაზნა (სხვადასხვა წყაროების თანახმად გარკვეული
პერიოდის შემდეგ მჭიდის ზამბარა სუსტდებოდა და შესაძლებელი ხდებოდა 13 ცალი ვაზნის
ჩატევა). (Astra Model 100 Special არსებობდა ასევე მოკლე ტარითაც, რომელის მჭიდშიც
9 ვაზნა თავსდებოდა).
Astra Model 100 Special 12 ვაზნიანი მჭიდით
Astra Model 100 Special 12 ვაზნიანი მჭიდით. პისტოლეტის ჩარჩოზე ჩანს იაპონური დამღები. სწორედ ასეთი პისტოლეტით არის შეიარაღებული სტატიის დასაწყისში ფოტოზე გამოსახული იაპონელი მფრინავი.
პისტოლეტს საკეტ-გარსაცმზე გააჩნდა არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა. წინა სამიზნე
იყო მომრგვალებული ფორმის. უკანა სამიზნეს ჰქონდა V -სებრი ჭრილი. პისტოლეტის ჩარჩოზე,
სასხლეტი კავის უკან დამაგრებული იყო დროშისებური მცველის ბერკეტი (აღნიშნული ბერკეტი
გამოიყენებოდა ასევე პისტოლეტის დაშლის დროს საკეტის ნახევრადღია მდგომარეობაში დასაფიქსირებლად).
მჭიდის დაფიქსირება ხდებოდა ტარის ქვემოთ (ფსკერზე) განთავსებული ღილაკის მეშვებით.
ფოტოზე გამოსახულია „M. Zulaica y Cia“ -ს პისტოლეტი "Royal" 12 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით
მოგვიანებით Astra Model 100 Special ტიპის პისტოლეტების
წარმოებაში ჩაერთო ასევე ესპანური კომპანია „M. Zulaica y Cia“, რომელიც აწარმოებდა
პისტოლეტებს სავაჭრო ნიშნით “Royal”.
ძირითადად ამ პისტოლეტების საერთო სიგრძე შეადგენდა
152-155 მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე 85-89 მმ-ს.
ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტი
„Royal“ 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP) 12 ცალ ვაზნიანი მჭიდით. რიგი წყაროების თანახმად იგი დამზადდა
ჩინეთის მაღალჩინოსანი სამხედრო პირებისთვის.
1920-ანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ასევე პისტოლეტები
Astra Model 100 Special და Royal, რომელსაც საკეტ-გარსაცმი, ლულა და ჩარჩო დაუგრძელეს.
დაგრძელების შედეგად პისტოლეტის საერთო სიგრძე გაიზარდა 205 მმ-დე, ხოლო ლულის სიგრძე
135მმ-მდე, რამაც ერთგვარი ბრუტალური იერსახე შესძინა პისტოლეტს.
ფოტოზე გამოსახულია „M. Zulaica y Cia Royal“ 7,65მმ ვაზნაზე გრძელი ლულით, ჩარჩოთი და საკეტით
ასეთივე ეგზემპლარებს ესპანეთში ყიდიდა ასევე ვინმე
ხოსე კრუზ მუგიკა (Jose Cruz Mugica) ეიბარიდან. სავარაუდოდ იგი იყო პისტოლეტების დილერი
და მის მიერ გაყიდულ პისტოლტებზე დატანილი
იყო წარწერა „MUGICA EIBAR”. ამ პისტოლტების ჩარჩოს ამზადებდა სანტიაგო სალავერია
(Santiago Salaverria).
ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტი 7,65მმ-ან ვაზნაზე „MUGICA EIBAR” 12 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით
რამდენადაც ცნობილია სწორედ Astra M100 Special 12 ვაზნიანი
მჭიდით და პისტოლეტები Royal 12 ვაზნიანი მჭიდით მოხვდა იაპონიის
საჰაერო ძალებში. რატომ მაინცდამაინც ეს ვარიანტები? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა
გამიჭირდება, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ პისტოლეტები რომელიმე დილერმა ჩაიტანა იაპონიაში და სწორედ 12 ვაზნიანი მჭიდის
წყალობით აპიარებდა მას, რადგანაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფაქტურად არ არსებობდა
ასეთი გაბარიტების მქონე პისტოლეტები (აქ იგულისხმება სტანდარტული ვარიანტები და არა
დაგრძელებული ლულით / საკეტით), რომლის ტარში განთავსებულ მჭიდში 12 ვაზნა ჩადიოდა.
სხვადასხვა აუქციონების გადამოწმების შედეგად აღმოვაჩინე,
რომ არსებობს კოლექციონერების გარკვეული წრე, რომლებიც ეძებენ და შეიძლება ითქვას ნადირობენ 12 ცალ ვაზნიან
პისტოლტებზე Royal და Astra Model 100 Special, რომელთა ფასებიც 1200-1800 $ -მდე მერყეობს.
ვიზუალური დაკვირვების შედეგად მარტივად მივხვდებით,
რომ პისტოლეტები არ გამოირჩევა დამზადების მაღალი ხარისხით, რადგანაც მცირე ზომის საამქროებში
ნახევრად-კუსტარული წესით მზადდებოდა, თუმცა მარტივი კონსტრუქციის წყალობით პისტოლეტები
საიმედოდ მუშაობდა და დარწმუნებული ვარ შემორჩენილი პისტოლეტების ნაწილი დღემდე კარგად
მუშაობს.
No comments:
Post a Comment