Beretta M71 მფლობელის თვალით

გადავწყვიტე სტატია დავიწყო ლირიული შესავალით, ასე რომ თუ არ გაინტერესებთ ლირიული წიაღსვლები, შეგიძლიათ გამოტოვოთ.

მე .22LR კალიბრის პისტოლეტების კვალდაკვალ
უკვე წლებია ჩემი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს .22LR ვაზნაზე გათვლილი ის თვითდამტენი პისტოლეტები, რომელიც ამ ხნის მანძილზე თბილისის მაღაზიებში იყო წარმოდგენილი და ხელმისაწვდომი. მე არაერთხელ მივსულვარ სხვადასხვა მაღაზიებში, კონკრეტულად .22LR ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტების დასათვალიერებლად და შესარჩევად, მაგრამ ვერცერთხელ ვერ მივიღე გადაწყვეტილება თუ რომელი პისტოლეტი დაიდებდა ბინას ჩემს ოჯახში. (იგივე შეიძლება ვთქვა .22LR ვაზნაზე გათვლილ შაშხანებზე, რომლის შეძენაც საერთოდ გადავიფიქრე იმ მიზეზით, რომ არ მიზიდავს პლინკინგისთვის შექმნილი იაფი მოდელები). შეიძლება ითქვას 2007 წლიდან - 2016 წლამდე მე ვეძებდი .22LR კალიბრის თვითდამტენ პისტოლეტს და (პატრულს დავესეხები გამონათვაქმს) „ვატარებდი შემოვლას ჩემს კვადრატში“ კი არა და მაღაზიებში იმ მიზნით, რომ შევარჩევდი პისტოლეტს.
რატომ ვერ ვიღებდი გადაწყვეტლებას?  ამ კითხვაზე ვრცლად მინდა ვისაუბრო და გამოვყო ის კრიტერიუმები (მოთხოვნები), რომელთა გათვალისწინებითაც მე წლებია ვარჩევდი მცირეკალიბრიან პისტოლეტს. აქვე ავღნიშნავ, რომ ეს კრიტერიუმები არ გეგონოთ რაიმე დოგმა და არ იფიქროთ, რომ თქვენც ამ კრიტერიუმებით გირჩევთ იხლმძღვანელოთ. პირიქით ეს ყველაფერი ერთგვარი „ახირებაა“, რომელიც მე მახასიათებს / მახასიათებდა .22LR კალიბრის პისტოლეტის შერჩევისას.
ახირება „აუცილებლად ძველი სკოლა“ (“Old school”)
უნდა ავღნიშნო, რომ მე ძველი თაობის (ე.წ. “Old school”) იარაღი ყველაზე მეტად მხიბლავს და მცირეკალიბრიანი პისტოლეტის შერჩევისასაც, პირველ რიგში ვცდილობდი სწორედ ასეთ ეგზემპლარებზე გამემახვილებინა ყურადღება. “Colt Woodsman” -ის და “High Standard Model H-D” –ის შოვნის იმედია არ მქონია, მაგრამ ოცნებით რამდენიც გინდა. ახლაც ვოცნებობ ამ მცირეკალიბრიანებზე. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ჩამოვყალიბდი და გავაცნობიერე, რომ ყველაზე მეტად მაღაზიებში წარმოდგენილი ეგზემპლარებიდან მესიმპატიურებოდა .22LR ვაზნაზე გათვლილი “Walther PPK”, რომელიც ერთერთ მაღაზიაში იყიდებოდა, თუმცა მისი ფასი შეადგენდა 1000 ლარს. იმ პერიოდში 1000 ლარი დიდი ფული იყო და ზედმეტად მეძვირა ვალტერის ეს მოდელი. აქედან გამომდინარე სერიოზულად არ მიფიაქრია  მის შეძენაზე. გარდა ამისა „Walther PPK”-ზე თავის შეკავების ერთერთ მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ ეს ეგზემპლარები თანამედროვე წარმოების იყო, მე კი უფრო მეტად ადრეული წარმოების ვალტერი მინდოდა, რომელიც .22LR კალიბრში თითქმის არარეალური საშოვნელია საქართველოს პირობებში. (ასეთი საქართველოში მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი და ისიც ძალზედ ცუდ მდგოარეობაში. მხოლოდ ის იყო Walther PP და არა PPK). შემდეგ .22LR ვაზნაზე გათვლილი “Walther PPK” საერთოდ გაქრა გაყიდვიდან და მეც ამოვისუნთქე. მოგვიანებით იგი კვლავ გამოჩნდა ერთერთ მაღაზიაში უკვე ზედმეტად არარეალურ ფასად (1400 ლარი) და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არ გავიხედავდი ამ პისტოლეტისკენ. არადა როგორ მიყვარს ეს ოხერი! (ნუ ჩემთვის ასევე სანუკვარია Walther TPH .22LR ვაზნაზე, რომელზეც შეიძლება ითქვას არარეალური საშოვნელია საქართველოში და ალბათ ამიტომაც PPK -ზე ვფიქრობ ხოლმე).
ჩემს მიერ მაღაზიებში ჩატარებული „დაზვერვის“ და „შემოვლის“ სერიებში ხშირად ვაჩერებდი მზერას „Walther“-ის მოდელ „P-22“-ზე, რომელიც თითქმის ყველა მაღაზიაში იყო წარმოდგენილი და ფასიც არ „იკბინებოდა“ (750-900 ლარამდე მერყეობდა) (დღეს P-22 მაღაზიებში 1200-1500 ლარამდე ღირს რაც ჩემი აზრით ძვირია). ვალტერის ამ მოდელზე შინაგანი ხმა მკარნახობდა „რად გინდა თანამედროვე იარაღი! შენ ხომ ძველი სკოლის მოტრფიალე ხარ“ და მეც ცივად გამოვდიოდი მაღაზიდან. იგივეს მეუბნებოდა ჩემი ეგო ავსტრიული წარმოების „ISSC M22” მოდელზე, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს მის თანამემამულე „Glock“-ს. (სხვათაშორის  „ISSC M22” ისევ შემოიტანა ერთერთმა მაღაზიამ საქართველოში და ამ სტატიის დაწერის დროს ხელმისაწვდომია მისი სხვადასხვა ვარიენტები).
დიდი წანწალის და დილემის შემდეგ პერიოდულად მსტუმრობდა  „ძველი სიყვარული“, რომელსაც  ახლაც ვთვლი ერთერთ კარგ .22LR კალიბრის პისტოლეტათ და არაერთხელ მიფიქრია ამ მოდელის შეძენაზეც. ეს არის საბჭოთა მარგოლინის სისიტემის პისტოლეტი, თუმცა ეგზემპლარები, რომელიც მეორადი იარაღის ბაზარზე ვნახე ხშირად არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და თავი შევიკავე მისი შეძენისგან. აგრეთვე ალტერნატივად განვიხილავდი მარგოლინის თანამედროვე მოკელულიან ვარიანტ „Марго”-საც (Margo), თუმცა მაინცდამაინც არ მხიბლავდა არც მისი დამზადების ხარისხი და არც ის ფაქტი, რომ მარგოლინის გამარტივებულ და თანამედროვე ვარიანტს წარმოადდგენდა, რომელსაც არანაირი ისტორიული „ბექგრაუნდი“ არ ჰქონია, ამიტომაც  შევეშვი მასზე ფიქრს.
და იქნებ რევოლვერი?  ძიების პერიოდში მაღაზიებში (ასევე მეორადი იარაღის ბაზარზე) გამოჩნდა გერმანული წარმოების „Hermann Weihrauch“-ის რევოლვერები .22LR ვაზნაზე, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად მომწონდა, თუმცა ერთი მოდელი „HW3“ მოკლე 70მმ-ანი ლულით და „მსუქანი“ ტარით იმსახურებდა ჩემს სიმპატიას. ეს მოდელიც მალე გაქრა გაყიდვიდან და ვერ მოვასწარი გადაწყვეტილების დროულად მიღება. პრინციპში შემდეგ ამაზე არც მინანია. ახლა რომ ვუყურებ დიდად აღარ მომწონს ეს რევოლვერი.
მორიგი არჩევანი
დაახლოებით 2010-2011 წლებში თბილისის ერთერთ მაღაზიაში მორიგი შემოვლისას აღმოვაჩინე ორი თვითდამტენი პისტოლეტი .22LR ვაზნაზე. ეს იყო იტალიური Beretta-ს მიერ წარმოებული ლეგენდარული მოდელი „М71“, რომელიც მეორადი სახით იყო წარმოდგენილი და ფრანგული წარმოების „Unique  LD“. ორივე პისტოლეტი ძალიან მომეწონა თუმცა არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, რადგანაც “BERETTA М71” მოდელი უფრო მომწონდა, მაგრამ მათი მდგომარეობა მაინცდამაინც კარგი არ იყო, ხოლო ფრანგული „Unique“-ის პისტოლეტები იყო თითქმის სულ ახალი. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ ბერეტები გაიყიდა და დარჩა მხოლოდ ფრანგული „Unique“. სანამ გადაწყვეტილება მივიღე ფრანგიც ამოიყიდა. ზუსტად ამ პერიოდში ჩემმა ძმაკაცმა მოასწრო და შეიძინა „Beretta M71“ რომელიც რამოდენიმე ეგზემპლარიდან აარჩია და ნორმალურად იყო შენახული. ყველაზე მეტად მომეწონა ის რომ მოჰყვებოდა თავისი ორიგინალური ბერატას მიერ წარმოებული მჭიდი. (ხშირად ამ მოდელებს არ მოჰყვება ე.წ. „რადნოი“ მჭიდები). ამ ეგზემპლარის ახლოდან გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო მომეწონა იგი და ვინანე, რომ თავის დროზე არ შევიძინე იგი, რომელიც სულ რაღაც 520 ლარი ღირდა.
პერიოდულად მე ისევ ვაგრძელებდი სხვადასხვა მაღაზიებში სიარულს იმ იმედით, რომ გაყიდვაში კვლავ გამოჩნდებოდა “Beretta M71”. ზუსტად წელიწადნახევრის წინ ერთერთმა მაღაზიამ კვლავ შემოიტანა “Beretta M71”, რომელთა ღირებულებაც უკვე 700 ლარს შეადგენდა. ფასი მისაღები იყო ჩემთვის, თუმცა პისტოლეტების მდგომარეობამ არ დამაკმაყოფილა და თავი შევიკავე მისი შეძენისგან. ყველაზე მეტად ამ პისტოლეტში მომწონდა ის, რომ იგი არ იყო მხოლოდ გართობისთვის შექმნილი პისტოლეტი, არამედ იყო სრულფასოვანი საბრძოლო მოდელის ვარიანტი, მხოლოდ მცირეკალიბრიან ვაზნაზე. ასევე მას ზურგს უმაგრებდა სამხედრო სამსახური. მაგალითად “Beretta M71” ებრაული მოსადის შეიარაღებაში მსახურობდა, ჩემთვის კი ასეთ ისტორიულ მომენტებს დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა გააჩნია, რადგანაც მე საკოლექციო/ისტორიული ღირებულებით უფრო ვაფასებ იარაღს, ვიდრე მისი პრაქტკული დანიშნულებით და საბრძოლო თვისებებით.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო... როდესაც Beretta M71-ის შოვნის (ისეთ მდგომარეობაში, როგორსაც ვეძებდი) ყველა იმედი გადამეწურა, ძმაკაცმა დამირეკა საახლაწლო პერიოდში და სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ მჩუქნიდა თავის M71-ს. (ბუნებრივია ყველა პროცედურების დაცვით გადმოვიფორმე პისტოლეტი). მას მერე უკვე წელიწადზე მეტი დრო გავიდა და დღესაც საპატიო ადგილი უკავია ამ პისტოლეტს ჩემს გულში. შესაბამისად შევეცადე ფილიგრანულად და ამომწურავად დამეწერა ეს სტატია.
მაშ ასე… სიტყვა გამიგრძელდა... ამიტომ მოვრჩეთ ლირიკას და გადავიდეთ საქმეზე!
ესეც ჩემი კუთვნილი Beretta M71.
 
Beretta-ს 70-ე სერიის შექმნის ისტორია
კომპანია Beretta -ს ისტორიაში სხვადასხვა გარდამტეხ მომენტებს ჰქონია ადგილი, თუმცა ერთერთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ მომენტს წარმოადგენს 1951 წელი, როდესაც გამოჩნდა ბერეტას საარმიო თვითდამტენი პისტოლეტი „Beretta M951“. აღნიშნული მოდელის სერიული წარმოება დაწყებულ იქნა 1953 წელს და ეს იყო კომპანიის ისტორიაში პირველი თვიტდამტენი პისტოლეტი, რომელიც 9х19 Parabellum (Luger) ვაზნაზე იყო გათვლილი. (გაუგებრებოას რომ არ ჰქონდეს ადგილი ბერეტას მანამდეც [1914-1915 წლებში] ჰქონდა 9x19მმ-ან ვაზნაზე შექმნილი პისტოლეტი, ოღონდ იგი გათვლილი იყო იტალიურ 9მმ-ან ვაზნაზე სახელწოდებით 9x19 Glisenti, რომელიც თითქმის პარაბელუმის ვაზნის იდენტური იყო).
ფოტოზე გამოსახულია Beretta M951
პისტოლეტი М951 მუშაობდა ლულის მოკლე სვლის პრინციპით, რომლის სქემაც Walther P.38 -დან იქნა აღებული. მოგვიანებით სწორედ М951 -ის განვითარების შედეგად გაჩნდა ლეგენდარული M92 და მისი მოდიფიკაციები (M-92S, M-92F, M-92FS და ა.შ). მიუხედავად იმისა, რომ М951 იმ პერიოდისათვის იყო კარგი პისტოლეტი, დიდი გაბარიტების და მასის გამო მას ვერ გამოიყენებდნენ ფარულად ტარებისთვის და არც იმ პერიოდის საპოლიციო პისტოლეტის სტანდარტებში (მოთხოვნებში) ვერ ჯდებოდა. სწორედ ამიტომ კომპანია ბერეტაში აგრძელებდნენ თავისუფალი საკეტის პრინციპით მოქმედი ჯიბის პისტოლეტის შექმნაზე მუშაობას, რომლითაც უნდა შეცვლილიყო 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (9х17) გათვლილი პისტოლეტი Beretta M1934 (M-34 იგივე M934) და 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (7,65х17) გათვლილი Beretta M1935 (M-35 იგივე M935). (მოგვიანებით გამოჩნდა ამ მოდელების ვარიანტი წრიული აალების .22LR კალიბრის ვაზნაზეც. მას აღინიშნავდნენ როგორც М-1948 იგივე М948). პისტოლეტი Beretta M-34 და M-35 მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (ნაწილობრივ შემდგომაც) ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში. იტალიაში M-34 წარმოადგენდა საარმიო პისტოლეტს, ხოლო M-35 -ით შეიარაღებული იყო იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სამხედრო-საჰაერო ძალები. გარდა ზემოაღნიშნულისა ორივე პისტოლეტი გამოიყენებოდა იტალიის (ასევე სხვა ქვეყნების) სამართალდამცავთა რიგებში. როდესაც აშშ-ს სამოქალაქო იარაღის ბაზარზე მასიურად დაიწყო სხვადასხვა ქვეყნებიდან ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, M34 და M35-ი მრავლად მოხვდა აშშ-ს სამოქალაქო ბაზარზე. ხშირად ექსპორტის პერიოდში კომერციული მიზნით იარაღებს ენიჭებოდათ განსხვავებული აღნიშვნა. რიგი წყაროების თანახმად სწორედ ამ მიზეზით Beretta-ს მოდელებს, რომელიც აშშ-ი იყიდებოდა მიენიჭა კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების დასახელება. მაგალითად მოდელი M1934  აშშ-ში შედიოდა, როგორც “M934 / Cougar”, მოდელი M1935 “M935 / Puma”, ხოლო .22 LR ვაზნაზე გათვლილი მოდელი М1948 ექსპორტზე გადიოდა სახელწოდებით “M948 Plinker”. შემდგომ ეს სახელები ერთგვარ მარკეტინგულ გათვლადაც იქცა და ბერეტამ დაიწყო სხვა კატისებრთა სახელოწდებების გამოყენება მის პისტოლეტებში (მაგალითად Beretta M21A Bobcat, Beretta 3032 Tomcat, Beretta Cougar 8000).
კომპანია BERETTA -მ, 1958 წელს წარმოადგინა ახალი ჯიბის პისტოლეტების სერია, რომელიც 70-ე ნომრით აღინიშნებოდა. სწორედ ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ პისტოლეტი Beretta M70 შეიქმნა 1970 წელს, ხოლო M71 კი 1971 წელს. (იგივე შეიძლება ითქვას Beretta M92 სერიის მოდელზე, რომელიც 70-ან წლებში გამოჩნდა, ბევრს კი დასახელების გამო ჰგონია, რომ 1992 წელს შეიქმნა).
Beretta M70
პირველ მოდელს 70-ე სერიიდან წარმოადგენდა Beretta M70. იგი თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობდა, გააჩნდა ერთმაგი მოქმედების სასხლეტი მექანიზმი და გათვლილი იყო ბრაუნინგის 7,65მმ-ან ვაზნაზე (7,65x17). (მოგვიანებით გამოჩნდა ასევე ვარიანტი 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე 9x17). შეიძლება ითქვას, რომ Beretta M70 კომპაქტურ ზომებში აერთიანებდა გამოცდილი ჯიბის მოდელების M-34/M-35 საბრძოლო თვისებებს და საარმიო პისტოლეტის Beretta M951 -ის მართვის ორგანოებს (მცველის ღილაკი, საკეტის შემაკავებელი ბერკეტი, მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი და დასაშლელი ბერკეტი).
70-ე სერიის მოდელები მზადდებოდა სხვადასხვა ვარიანტების სახით. ქვემოთ გთავაზობთ აღნიშნული მოდლების აღწერას და ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს
საბაზისო Beretta M70
პისტოლეტები Beretta M70 გათვლილი 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე შეიარაღებაში მიიღო იტალიის სატყეო-საპოლიციო სამსახურმა „Corpo Forestale dello Stato“ (აბრევიატურა C.F.S.). აღნიშნული საპოლიციო სამსახური ჯერ კიდევ 1822 წელს შეიქმნა იტალიაში და მისი დანიშნულება იყო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის, სასოფლო მეურნეობების და გარემოს დაცვა. ამ სამსახურის შეიარაღებაში არსებულ პისტოლეტებს ჩარჩოზე მარცხენა მხარეს დატინილი ჰქონდა აბრევიატურა C.F.S. და დამღა არწივის სახით.
პისტოლეტი Beretta M70 7,65მმ-ან ვაზნაზე ასევე ჰქონდათ სხვადასხვა ობიექტების დაცვის თანამშრომლებს, კერძო დეტექტივებს და საგზაო მოძრაობის ინსპექტორებს. 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი მოდელების ჩარჩო იყო ფოლადისგან დამზადებული, თუმცა მცირე რაოდენობით დამზადდა ეგზემპლარები მსუბუქი ალუმინის ჩარჩოთი. მოგვიანებით გამოჩნდა პისტოლეტები M70, რომელიც გათვლილი იყო წრიული აალების .22LR კალიბრის ვაზნაზე და ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე (9x17 .380ACP). ამერიკის შეერთებულ შტატებში მოდელი M70 იყიდებოდა სახელწოდებით “New Puma”.  
ფოტოზე გამოსახულია Beretta M70, რომელსაც ტარზე დატანილი აქვს წარწერა "New Puma"
 
Beretta M70 სერია S და სერია Т
1977 წელს ფოლადის ჩარჩოს მქონე მოდელებს აღნიშვნის ბოლოში დაემატა ასო „S“  (M70S).  ასევე მოდელი Beretta M70S აღჭურვილი იყო მჭიდის მცველით. ანუ პისტოლეტი არ ისროდა იმ შემთხვევაში თუკი მასზე მორგებული არ იყო მჭიდი. .22LR ვაზნაზე გათვლილი ვარიანტი Beretta M70S გამოირჩეოდა რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობით.
Beretta M70S გათვლილი .22LR ვაზნაზე
Beretta M70S იწარმოებოდა 1985 წლამდე. 1969-1975 წლებში იწარმოებოდა Beretta M70T, რომელიც წარმოადგენდა მოდელს გრძელი 152 მმ-ანი ლულით და გააჩნდა რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა. ასევე მის მჭიდში თავსდებოდა 1 ცალი ვაზნით მეტი.
Beretta M71
Beretta M70 -ის შექმნიდან ძალიან მალე გამოჩნდა მოდელი Beretta M71, რომელიც მხოლოდ წრიული აალების .22lr ვაზნაზე იწარმოებოდა და გააჩნდა ალუმინის შენადნობისგან დამზადებული ანოდიზერებული ჩარჩო, ხოლო ლულა და საკეტი მთლიანად ფოლადისგან იყო დამზადებული. ალუმინის ჩარჩოს წყალობით პისტოლეტი გამოვიდა მსუბუქი. მისი წონა (მასა) შეადგენდა 480 გრამს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტისთვის Beretta M71 -ს მიენიჭა სახელწოდება “Jaguar”. ასეთი საექსპორტო მოდელების ტარის ლოყაზე დატანილია წარწერა „JAGUAR”.
 თავდაპირველად Bereta M71 წარმოადგენდა M70 -ის ზუსტ ასლს და გააჩნდა საკეტ-გარსაცმზე შესრულებული წინა სამიზნე მოწყობილობა, ასევე ღილაკისებური მრგვალი მცველი, რომელიც ჩარჩოზე იყო განთავსებული. შემდგომ 1967-1968 წელს ღილაკისებური მცველი, შეიცვალა დროშისებური ბერკეტით (დროშისებური ბერკეტი განთავსებული იყო ისე, როგორც ლეგენდარულ კოლტის პისტოლეტში M1911) (ანალოგიური ცვლილებები შევიდა 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილ მოდელში M70).
 განახლებულ პისტოლეტებს გააჩნდა ჩახმახის ნახევრად-შეყენბის შესაძლებლობა, რაც დამატებით მცველს წარმოადგენდა და იცავდა პისტოლეტს დავარდნის დროს (ჩახმახით დაცემის შემთხვევაში) უნებლიე გასროლისგან. მცველის გამოყენება შესაძლებელი იყო სრულად შეყენებული და ნახევრად შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში. ასევე განახლებულ პისტოლეტებში წინა სამიზნე მოწყობილობა გადანაცვლდა ლულის წვერზე. იმისათვის, რომ ლულის ბოლოში მოთავსებულიყო წინა სამიზნე მოწყობილობა, საჭირო გახდა საკეტ-გარსაცმის წვერის ზედა ნაწილში გაკეთებულიყო მცირე ზომის ჭრილი.  უმნიშვნელო ცვლილებას დაექვემდებარა ტარის ლოყები და მასზე დატანილი კომპანიის სავაჭრო ნიშანი. ასევე მცირედით შეიცვალა საკეტის შემაკავებელი ბერკეტის ფორმა.
Beretta M72 - წარმოადგენდა იგივე M71 მოდელს, მაგრამ დაკომპლექტებული იყო ასევე დამატებითი გრძელი ლულით, რომელიც მარტივად იცვლებოდა და მსროლელს აძლევდა საშუალებას საჭიროების შემთხვევაში დაყენებინა ან სტანდარტული სიგრძის (მოკლე 90მმ სიგრძის) ლულა, ან გრძელი (150მმ სიგრძის).
Beretta M73  დაკომპლექტებული იყო გრძელი ლულით. ამ მოდელში უკანა სამიზნე მოწყობილობა განთავსებული იყო ლულის სავაზნის ნაწილის ზევით და არა საკეტ გარსაცმზე, როგორც სტანდარტულ M71 მოდელში. ასევე დაგრძელებული იყო პისტოლეტის ტარი, რომელშიც 8 ცალი ვაზნის ნაცვლად თავსდებოდა 10 ცალი ვაზნა.
Beretta M74 წარმოადგენდა სპორტული სროლისთვის შექმნილ იაფფასიან პისტოლეტს. იგი წარმოადგენდა Beretta M73 მოდელის ანალოგს და  გაააჩნდა ლულაზე განთავსებული რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა.
Beretta M75 - წარმოადგენდა იგივე M72 მოდელს და მის ანალოგიურად დაკომპლექტებული იყო მოკლე (90მმ სიგრძის) ლულით  და გრძელი (150მმ სიგრძის).
Beretta M76 აღნიშნული პისტოლეტი ნუმერაციით წარმოდგენდა უკანასკნელ მოდელს 70-ანი სერიიდან და იყო სპორტული დანიშნულებით შექმნილი მოდელი, რომელსაც გააჩნდა მძიმე ლულა, რეგულირებადი სამიზნე მოწყებოლობა და სპორტული სროლისთვის განკუთვნილი სპეციალური ტარის ლოყები. აღნიშნული პისტოლეტი მისი ღირებულებიდან და ეფექტურობიდან გამომდინარე პოპულარულობით სარგებლობდა როგორც ევროპელ, ასევე აშშ-ს სპორტსმენთა შორის. აშშ-ში Beretta M76 -ს იცნობდნენ სახელწოდებით „Sable” (სიასამური).
 
Beretta M71 საბრძოლო მწყობრში
ახალი ხილი არ არის ის, რომ სამხედროები და სამართალდამცავები კონკრეტული ოპერაციებიდან გამომდინარე შეიძლება იყენებდნენ წრიული აალების მცირეკალიბრიან .22LR  ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტებს და შაშხანებს. მაგალითად ამერიკელი „გვირაბის ვირთხები“ ვიეტნამის ომში შეიარაღებულნი იყვნენ .22LR კალიბრის პისტოლეტებით Hi-Standard Model HD და Ruger .22 MK1.  ბრიტანეთის არმიაში სპეციალური დავალებების შესრულებისთვის იყენებდნენ .22LR -ზე გათვლილ გერმანულ პისტოლეტს Walther PP, რომელიც ოფიციალურ შეიარაღებაში „L66A1“ სახელწოდებით იქნა მიღებული 1972 წელს. (რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ სულ ბრიტანეთის მიერ ოფიციალურად შესყიდულ იქნა 3000 ცალი Walther PP გათვლილი .22LR ვაზნაზე). Walther PP .22LR ვაზნაზე ჰქონდათ ასევე ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე მომსახურე სამხედრო პირებს. მაყუჩით აღჭურვილი პისტოლეტი Walther PPK .22LR ვაზნაზე და ასევე Beretta M71 ხშირად გამოიყენებოდა პალესტინელებისგან შემდგარი დაჯგუფებების მიერ შესრულებულ თავდასხმებში და ოპრაციებში. აშშ-ს სპეციალურ სამსახურებს ასევე ჰქონდათ .22LR ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტები Walther TPH, რომელიც სათადარიგო (Back-up) პისტოლეტის დანიშნულებას ასრულებდა და სპეციალური ნებართვის საფუძველზე გაიცემოდა. ზუსტად იგივ ბედი გაიზიარა .22LR ვაზნაზე გათვლილმა Beretta M71-მა, რომელიც ისრაელის შეიარაღებული ძალების სპეცსამსახურების და გარკვეულ სამართალდამცავთა რიგებში პოპულარობით სარგებლობდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს პისტოლეტ Beretta M71-ის მიმართ იარაღის მოყვარულთა ინტერესი და მისი პოპულარულობის ერთერთი მიზეზი სწორედ ისრაელის სპეცსამსახურებში ნამსახურეობით არის გამოწვეული. რატომ და როგორ მოხვდა ისრეალის შეიარაღებაში Beretta M71? 1948 წელს, როდესაც ისრაელი დამოუკიდებელ ქვეყანად ჩამოყალიბდა და მოხდა შეიარაღებული ძალების ფორმირება, სამხედრო (ასევე სხვა სტრუქტურების) შეიარაღებაში ძირითადად სხვადასხვა მწარმოებლის და მოდელის პისტოლეტები ირიცხებოდა.  მოგვიანებით კი ისრაელის პირველ საშტატო პისტოლეტად არჩეულ იქნა იტალიური Beretta M951 9x19 Parabellum ვაზნაზე, რომელიც შესყიდულ იქნა კომერციული კონტრაქტის საფუძველზე იტალიიდან. შემდგომ Beretta M951-ის გარკვეული ნაწილი ეგვიპტიდან მოხვდა ისრაელის არსენალში. „6 დღიანი ომის“ სახელწოდებით ცნობილი მოვლენების შემდეგ, პალესტინელი ემიგრანტების და იატაკქვეშა ორგანიზაციების მხრიდან გახშირდა ტერაქტები, როგორც ისრეალში, ასევე მთელს მსოფლიოში. პალესტინელების მთავარ სამიზნეს ხშირ შემთხვევში თვითმფრინავები წარმოადგენდნენ.
1968 წლის 23 ივლისს პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის სამმა მებრძოლმა, ხელში ჩაიგდო და გაიტაცა ისრელის ავიაკომპანია „El Al“ -ის თვითმფრინავი ბოინგ -707, რომელიც ასრულებდა რეისს რომიდან თელ-ავივის მიმართულებით. თვითმფრინავმა განახორციელა დაშვება ალჟირის ტერიტორიაზე, სადაც რამოდენიმე კვირა მძევლად იმყოფებოდნენ ეკიპაჟის წევრები და მგზავრები. მოლაპარაკების შედეგად ისრაელი დაემორჩილა ტერორისტებს და გაანთავისუფლა პალესტინის თავისუფლებისათვის მებრძოლი ორგანიზაციის 12 წევრი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ისრაელის ციხეში. ეს იყო ისრაელისთვის საკმაოდ სამარცხვინო და ამავდროულად დასაფიქრებელი ფაქტი. როგორც იტყვიან „რაც არ გვკლავს გვაძლიერებსო“. შესაბამისად ისრაელის ხელისუფლება დაფიქრდა იმაზე, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური სამსახური, რომლის მეშვეობითაც უკეთ შეძლებდნენ თავიანთი ავიაკომპანიის და მგზავრების დაცვას, ხოლო ტერორისტებს არ დაუტოვებდნენ გამარჯვების შანსს. ჯერჯერობით 0:1 ანგარიშით იგებდნენ ტერორისტები.
იმისათვის, რომ მომხდარიყო ისრეალის ავიაკომპანია „El Al“ -ის თვითმფრინავების დაცვა,  მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტდა საჰაერო მარშლების სამსახურეობრივი დანაყოფი (ე.წ. Sky Marshals), რომლებიც სამოქალაქო ტანისსამოსში გადაცმულები ინკოგნიტოდ იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე და მიყვებოდნენ მას ჩაფრენის წერტილამდე. აღნიშნული დანაყოფის შექმნა და აღჭურვა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. საჰაერო მარშლების ძირთადი კონტიგენტი შერჩეულ იქნა ისრაელის თავდაცვის გენერალური შტაბის დაზვერვის სპეცსამსახურიდან სახელწოდებით „საიერეტ მატკალ“ (ინგლისურად "Sayeret Matkal" / გერმანულად „Sajeret Matkal“/ ებრაულათ ‏סיירת מטכ"ל), რომლის დანიშნულებაც იყო ტერორიზმთან ბრძოლა, საიდუმლო ოპერაციების განხორციელება და დაზვერვა. მიუხედავად იმისა, რომ შერჩეული საჰაერო მარშლები წარმოადგენდნენ გამოცდილ და ელიტარულ პირებს, მათი გადამზადება მიმდინარეობდა საკმაოდ ინტენსიურად. გადამზადებაში მონაწილეობას იღებდა ამერიკელი დეივ ბეკერმანი (აშშ-ს ფედერალური ბიუროს სპეცსამსახურის ვეტერანი). იმ პერიოდში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ასოციაციის წესებით, არ შეიძლებოდა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი. ამიტომ თავდაპირველად საჰაერო მარშლების აღჭურვილობაში შედიოდა მხოლოდ გაზის პისტოლეტი და მოკლე ხელკეტი. ასევე დეივ ბეკერმანმა მოიფიქრა, რომ საჰაერო მარშლებს პიჯაკის სამკერდე ჯიბეში მოთავსებულ ცხვირსახოცში ჰქონოდათ ქვიშა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში თვალებში შეაყრიდნენ ბოროტმოქმედს.
1968 წლის 26 დეკემბერს 11:30 საათზე პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის 19 წლის წევრი მახერ ხუსეინ იამანი (Hussein Yamani) და 25 წლის  მაჰმუდ მოჰამად ისა (Mahmoud Mohammad Issa) ფრანგული ავიაკომპანია „Air France” -ის თვითმფრინავით ბეირუთიდან ჩაფრინდნენ ათონში. იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა არც მგზავრების არც მათი ბარგის მკაცრი კონტროლი. ამიტომაც მათ შეძლეს გრძელი ქურთუკების ქვეშ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატების დამალვა და გადატანა. ასევე მათ ჩანთებში ჰქონდათ 63 ცალი ხელყუმბარა და სათადარიგო მჭიდები. ზუსტად ამ დროს ათონის აეროპორტში იმყოფებოდა ისრეალის ავიაკომპანია „El Al“-ის თვითმფრინავი ბოინგ-707, რომელიც ასრულებდა რეისს  №253 თელ-ავივიდან ათონის მიმართულებით, ხოლო ათონიდან პარიზი და შემდეგ ნიუ-იორკის მიმართულებით.  ტერორისტები მგზავრებთან ერთად ჩაჯდნენ ავტობუსში და გაემართნენ თვითმფრინავისკენ. ავტობუსის თვითმფრინავთან მიახლოების შემდეგ მათ მოახერხეს აეროპორტის ტექნიკური ავტომანქანების უკან დამალვა. როდესც თვითმფრინავმა დაიწყო ასაფრენ ბილიკზე გასვლა ტერორისტებმა 6 მეტრიანი დისტანციიდან ცეცხლი გახსენს თვითმფრინავის მიმართულებით. შემდეგ ერთერთმა ტერორისტმა თვითმფრინავის ფრთის ქვეშ ისროლა რამოდენიმე ხელყუმბარა. ტერაქტის დროს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 37 მგზავრი და 11 ეკიპაჟის წევრი. ერთი ტყვია თავში მოხვდა 50 წლის მგზავრს ლეონ შირდანს (Leon Shirdan), რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად აალდა თვითმფრინავის ერთი ძრავა რის შედეგადაც ცეცხლი გავრცელდა ფიუზილაჟის ნაწილისკენ. ბორტგამცილბელმა ხანი შაპირამ გახსნა თვითმფრინავში შესასვლელი ლუქი რათა მომხდარიყო მგზავრების ევაკუაცია. ლუქის გახსნისას ბორტგამცილებელს მოხვდა ორი ტყვია. ერთი ტყვია ბარძაყში, ხოლო მეორე ტყვიამ მოახდინა ფილტვის გამჭოლი ჭრილობა. მგზავრების გარკვეულმა ნაწილმა შეძლო ლუქიდან გადმოხტომა. სროლა გრძელდებოდა 20 წუთი. ამ დრში ტერორისტებმა შეძლეს თითქმის მთელი საბრძოლო მასალის გახარჯვა, რის შემდეგაც საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს ტერორისტების დაკავება.
როგორც ზემოთ აღწერილმა ეპიზოდმა აჩვენა, ცხვირსახოცში გახვეული ქვიშა და ხელკეტი კურიოზულ აღჭურვილობას უფრო წარმოადგენდა. საჰაერო მარშალებს კი აუცილებლად ესაჭიროებოდათ ცეცხლსასროლი იარაღი. ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ (28 დეკემბერს) საიერეტ მატკალის მოიერიშე ჯგუფი 2 ვერტმფრენით დაეშვა ბეირუთის აეროპორტში. მათ მოახდინეს აეროპორტის დაცვის წევრების განიარაღება, რის შემდეგაც არაბული ავიაკომპანიის თვითმფრინავებიდან გამოიყვანეს მგზავრები, ააფეთქეს 15 ერთეული თვითმფრინავი და გაფრინდნენ უკან ისრაელში.
ამ ყველაფერს მოყვა ავიაკომპანია „El Al“-ის მცველების (საჰაერო მარშლების) გაფიცვა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არ იფრენდნენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. საბოლოდ გადაწყვიტეს საჰაერო მარშლებისთვის გაეცათ ცეცხლსასროლი პისტოლეტები, რომელიც აფრენის და დაჯდომის დროს უნდა ყოფილიყო სპეციალურ კარადაში (სეიფში) ჩაკეტილი. იარაღის კარადიდან გამოღება შეიძლებოდა უშუალოდ ფრენის განხორციელების დროს. თვითმფრინავის დაშვებისას კი პისტოლეტი ისევ კარადაში უნდა დაებრუნებინათ.
როდესაც საქმე მივიდა დანაყოფისათვის საჭირო პისტოლეტების შერჩევაზე, აღმოჩნდა რომ ისრეალის შეიარაღებული ძალების საშტატო Beretta M951 გამოუსადეგარი იყო საჰაერო მარშლებისთვის. „გამოუსადეგარობა“ გამოწვეული იყო რამოდენიმე მთავარი და გასათვალისწინებელი ფაქტორით: 1. საჰაერო მარშალი სამოქალაქო ტანისსამოსს ატარებდა და ამავდროულად  უნდა ყოფილიყო შეუმჩნეველი. შესაბამისად დიდი გაბარიტების და წონის პისტოლეტი არ იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება, რადგანაც ძნელი იქნებოდა მისი ფარული ტარება. 2. Beretta M951 გათვლილი იყო 9x19 Parabellum ვაზნაზე, რომლსაც გააჩნია სოლიდური შეღწევადობა. შესაბამისად გასროლის დროს იზრდებოდა თვითმფრინავის ფიუზილაჟის (კედლების), ან ილუმინატორის დაზიანების რისკი. ასევე ტერორისტის მიმართულებით ნასროლი ტყვიის შედეგად მომხდარი გამჭოლი ჭრილობის შემთხვევაში იყო უდანაშაულო მგზავრის დაზიანების მაღალი რისკი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ პისტოლეტი უნდა ყოფილიყო კომპაკტური ზომის, უნდა ჰონოდა მაღალი სიზუსტე და გათვლილი უნდა ყოფილიყო ნაკლებად ძლიერ ვაზნაზე (აღნიშნულის დაბალანსება უნდა მომხდარიყო წყვილ-წყვილი გასროლით). სწორედ ამ პარამეტრების გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა კომპაკტურ, მსუბუქ, ზუსტ და რაც მთავარია მცირეკალიბრიან პისტოლეტზე Beretta M71.
1969 წლის 18 თებერვალს პალესტინის გამანთავისუფლებელი სახალხო ფრონტის აქტივისტები თავს დაესხნენ ქალაქ ციურიხის აეროპორტის იმ მოედანს, სადაც ხდებოდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება. თავდასხმას ხელმძღვანელობდა წარმოშობით იორდანიელი აბდელ მოსენ ხასანი. ბოროტმოქმედებმა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს ისრეალის ავიაკომპანია „El Al“ -ის თვითმფრინავ Boeing 720B მიმართულებით, რომელიც ასაფრენად ემზადებოდა და შეეცადნენ თვითმფრინავის ხელში ჩაგდებას. ბორტზე იმყოფებოდა 11 ეკიპაჟის წევრი, 17 მგზავრი და ისრაელის საჰაერო მარშალი მორდეხაი რახამიმი (Mordechai Rahamim), რომელმაც სცადა ბოროტმოქმედების შეჩერება. მორდეხაიმ სწრაფად მიირბინა კარადასთან, სადაც მისი ტაბელური Beretta M71 ინახებოდა. პისტოლეტის აღების შემდეგ გაიხედა ილუმინატორიდან და დაინახა ასაფრენ მოედანთან მდგარი კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული ტერორისტები. მანძილი ტერორისტებამდე შეადგენდა დაახლოებით 50-60 მეტრს. მან მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება და თვითმფრინავის კუდის ნაწილში არსებული საავარიო ტრაპიდან დატოვა თვითმფრინავი, რიშ შემდეგაც თოვლის ბორცვებს ამოფარებულმა შეძლო ტერორისტებთან მიახლოვება და ორი დამიზნებითი გასროლის შედეგად მოკლა თავდამსხმელების ხელმძღვანელი აბდელ მოსე ხასანი. ერთერთმა ტერორისტმა ძირს დააგდო ავტომატი და შეეცადა გაქცევას, მორდეხაი კი აგრძელებდა სროლას, მანამ სანამ ვაზნები არ გაუთავდა. ამასობაში მოედანზე გამოჩნდა ციურიხის პოლიცია, რომელმაც ტერორისტებთან ერთად დააკავა მორდეხაი რახამიმიც. იგი ერთ თვეზე მეტი ჰყავდათ დაკავებული. აღნიშნული ინციდენტის დროს დაიჭრა რამოდენიმე მგზავრი და გარდაიცვალა მეორე პილოტი იორამ პერესი. გარდა კალაშნიკოვის ავტომატებისა ტრორისტებს დაკავებისას აღმოაჩნდათ ასაფეთქებელი ნივთიერება. როგორც შემდგომ გაირკვა აღნიშნული შეიარაღება ტერორისტებმა შვეიცარიაში მიიღეს არაბეთის დიპლომატიური ფოსტის მეშვეობით. მორდეხაი რახამიმმა დაკითხვისას აღიარა, რომ მუშაობდა ისრაელის სპეცსამსახურში და ასრულებდა საჰაერო მარშალის მოვალეობას. იგი 1 თვეში გაანთავისუფლეს გირაოთი და ჩაინიშნა სასამრთლო პროცესი, რომელზეც რაჰამიმი წარსდგებოდა დამნაშავის როლში.  1969 წლის 27 ნოემბერს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც რაჰამიმის დამცველად გამოვიდა ისრაელის სახელმწიფო პროკურორი გაბრიელ ბახი. რაჰამიმს ბრალი ედებოდა მკვლელობაში და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებაში. ამ პროცესისას ისრეალის მხარემ პირველად აღიარა, რომ მის კუთვნილ ავიარეისების შესრულებისას ბორტზე იმყოფებოდნენ შეიარაღებული საჰაერო მარშლები. 1969 წლის დეკემბერს შვეიცარიის სასამართლომ რაჰამიმი გაამართლა ტერორისტების მეთაურის მკვლელობაში და გაათავისუფლა, ხოლო 3 ტერორისტს მიუსაჯეს 12 წლიანი პატიმრობა და საკატორღე სამუშაოები.
ერთერთ ინტერვიუში უკვე 69 წლის ჭაღარა მორდეხაი რახამიმმა ამოიღო მისი Beretta M71. ეს ის პისტოლეტია, რომლითაც იგი მსახურობდა. ფოტოს ავტორი  Moshe Shai
ვინაიდან მორდეხაი რაჰამიმს უკვე იცნობნენ სახეზე, იგი ვერ გააგრძელებდა ინკოგნიტოდ ფრენას საჰაერო მარშლის პოზიციაზე, ამიტომ იგი გადაყვანილ იქნა „Sajeret Matkal“ -ის სპეცდანიშნულების რაზმში. მხოლოდ ამ საგმირო საქმით არ შემოიფარგლებოდა არც Beretta M-71 -ის ისტორია ისრაელის სამსახურში და არც მორდეხაი რახამიმი.
ოპერაცია „იზოტოპი“ (იზოტოპ-1)
მეორე ჯერზე მორდეხაი რახამიმმა 1972 წლის 9 მაისს გამოიყენა Beretta M71. ამ პერიოდში მორდეხაი რახამიმი მსახურობდა Sajaret Matkal-ში. 1972 წლის 8 მაისს, მაშინ როდესაც ფრენა 20 წუთის დაწყებული იყო, ორგანიზაცია „შავი სექტემბერის“ ოთხმა აქტივისტმა (ორმა მამაკცმა და ორმა ქალმა), ხელში ჩაიგდო ბელგიური ავიაკომპანია „Sabena Airlines“ -ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ბრუსელიდან ვენის აეროპორტის მიმართულებით და ვენიდან- თელ-ავივთან ქ.ლოდში მდებარე ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტში. ტერორისტებმა სპეციალურად აირჩიეს ბელგიური ავიაკომპანიის თვითმფრინავი და არა ისრაელის “El Al”, რადგანაც იცოდნენ, რომ „ელ ალის“ ავიარეისების დროს ბორტზე შეიარაღებული საჰაერო მარშლები იმყოფებოდნენ, ხოლო სხვა ქვეყნის რეისებზე კი არა. თვითმფრინავზე ასვლის შემდეგ 2 ტერორისტი შევიდა საპირფარეშო ოთახში, ამოიღეს სხეულზე დამალული პისტოლეტები, ხელყუმბარები და ქამარზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობები. ამავე დროს პისტოლეტით შეიარაღებული ტერორისტების მეთაური აბუ სნეინა შეიჭრა პილოტის კაბინაში და განუცხადა, რომ თვითმფრინავი გატაცებულია. 17:15 საათზე (რიგი წყაროების თანახმად 17:50 საათზე) თვითმფრინავმა განახორციელა დაშვება დანიშნულების პუნქტში. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა 99 მგზავრი (რიგ წყაროებში მოხსენიებულია 100 მგზავრი) და 10 ეკიპაჟის წევრი. ტერორისტები ითხოვდნენ 315 პალესტინელის გათავისუფლებას, რომლებიც ისრაელში იხდიდნენ სასჯელს. თუკი მეორე დღის დილის 9 საათამდე არ მოხდებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილება, ტერორისტები იმუქრებოდნენ თვითმფრინავის აფეთქებით. 9 მაისს ისრეალის თავდაცვის მინისტრის მოშე დაიანის ბრძანებით ტერორისტებთან გაიმართა მოლაპარაკება, რომელსაც უძღვებოდა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი აარონ იარივი.  მოლაპარაკების დროს ტერორისტებს განუმარტეს, რომ თვითმფრინავი საჭიროებდა ტექნიკურ-სარემონტო მომსახურებას. პარალელურად მიმდინარეობდა მძევლების გადასარჩენი სპეციალური ოპერაციის მომზადება, რომელსაც პირადად თავდაცვის მინისტრი მოშე დაიანი კურირებდა. ოპერაციას მიენიჭა კოდური სახელწოდება „იზოტოპი“. ღამით თვითმფრინავზე უჩუმრად დამონტაჟდა მოსასმენი მოწყობილობა, ხოლო იმისათვის რომ არ მომხდარიყო აფრენა, დაშვებულ იქნა საბურავები და სისტემიდან გამოშვებულ იქნა ჰიდრავლიკური სითხე. ამასობაში აეროპორტის მეორე ბოლოში დახურულ ანგარში მდგარ ისეთივე ბოინგ-707-ზე ვარჯიშობდნენ Sajeret Matkal-ის წევრები, რომელთაც უნდა მოეხდინათ სპეცოპერაცია „იზოტოპის“ შესრულება და მძევლების განთავისუფლება. სპეცოპერაციის შესასრულებლათ შეარჩიეს 14 კაცი (რიგი წყაროების თანახმად ოპერაციას 16 ადამიანი ასრულებდა). ძირითადი კონტიგენტი დაკომპლექტდა „საიარეტ მატკალის“ რიგებიდან. ასევე ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ ისრეალის ავიაკომპანია  „ელ ალის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. სპეცოპერაციის შემსრულებელთა შრორის იყვნენ: მორდეხაი რახამიმი, ეჰუდ ბარაკი (იგი მოგვიანებით იყო გენერალური შტაბის უფროსი და შემდგომ ისრაელის პრემიერი), ჯგუფის უფროსის მოადგილე იყო 28 წლის მაიორი დანი იათომი (შემდგომ მოსადის ხელმძღვანელი), 24 წლის უზი დაიანი (იგი იყო ისრეალის თავდაცვის მინისტრის ბიძაშვილი და შემდგომ გახდა გენშტაბის უფროსის მოადგილე / თავდაცვითი საბჭოს ხელმძღვანელი), 23 წლის ლეიტენანტი ბინიამინ (ბენიამინ / ბიბი) ნეთანიაჰუ (იგი შემდგომ გახდა ისრეალის პრემიერი). ვინაიდან სპეცოპერაცია უნდა განხორციელებულიყო თვითმფრინავში და ამავდროულად ოპერაციაში მონაწილე პირები უნდა ყოფილიყვნენ გამოწყობილნი ავიატექნიკოსების კომბინიზონში, გადაწყდა, რომ მათ ფარულად უნდა ჰქონოდათ მცირეკალიბრიანი Beretta M71 და მისთვის განკუთვნილი სავსე სათადარიგო მჭიდები. სპეცოპერაციაში მონაწილე პირები გამოეწყვნენ ავიატექნიკოსებისათვის განკუთვნილ თეთრ კომბინიზონებში. ოპერაციის ჩატარება იგეგმებოდა ღამით, თუმცა მოშე დაიანის ბრძანებით დაელოდნენ გათენაბას. გამთენიისას ტერორისტებმა თვითმფრინავიდან გამოუშვეს ერთერთი პილოტი. მას გამოატანეს მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლითაც გაკეთებული ჰქონდათ ძირითადი ასაფეთქებელი მოწყობილობა. აღნიშნული ქმედებით მათ სურდათ დაემტკიცებინათ, რომ ნამდვილად ჰქონდათ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობები. პილოტი რომელიც ტერორისტებმა გამოუშვეს, წარმოშობით აღმოჩნდა ებრაელი. მან დეტალურად აუხსნა სპეცოპერაციის შემსრულებლებს თუ რითი იყვნენ შეიარღებული ტერორისტები და რგორ იყვნენ თვითმფრინავში განლაგებული. ასევე პილოტმა დაადასტურა ტერორისტების ზუსტი რაოდენობა (2 კაცი და 2 ქალი). პილოტი ტერორისტების მოთხოვნით უკან უნდა დაბრუნებულიყო თვითმფრინავში და ეს ასეც მოხდა. მოგვიანებით ოპერაციის მონაწილენი იხსენებდნე, რომ დაავიწყდათ პილოტისთვის ეკითხათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, აეღწერა თუ როგორ გამოიყურებოდნენ და როგორ ტანისსამოსში იყვნენ გამოწყობილი ტერორისტები.
ერთერთ წყაროში წავაწყდი სპეცოპერაციაში მონაწილე პირების ინტერვიუს ჩანაწერებს, რომელშიც ისინი საუბრობდნენ ოპერაცია „იზოტოპის“ დეტალებზე:
ეჰუდ ბარაკი - მოშე დაიანმა გაგვყვო სამ ჯგუფად. მე დამნიშნა იმ ჯგუფის მეთაურად, რომელიც უნდა შეჭრილიყო თვითმფრინავში მარჯვენა ფრთის მხრიდან. ჩვენს ჯგუფში შედიოდნენ ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცები და ასევე „ელ ალის“ უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი.
სანამ დაიწყებოდა სპეცოპერაცია, ტერორისტებმა მოითხოვეს, რომ ავიატექნიკოსებთან ერთად აუცილებლად უნდა ყოფილიყო წითელი ჯვრის წარმომადგნელი. ასევე ისინი ითხოვდნენ ნივთმტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა რომ ტერორისტების მოთხოვნა შესრულდა და პალესტინელი პატიმრები გათავისუფლებულნი არიან.
დანი იათომი - აეროპორტის ტერიტორიაზე შევიყვანეთ ბრეზენტით გადახურული სატვირთო მანქანები და ვუთხარით ტერორისტებს, რომ ამ მანქანებში იჯდნენ პალესტინელი პატიმრები და როგორც კი მოხდებოდა მძევლების გათავისუფელება, ისინი გაათავისუფლებდნენ პატიმრებს. რეალურად სატვირთო მანქანები იყო ცარიელი.
უზი დაიანი - თვითმფრინავამდე მივდიოდით აეროპორტის სატვირთო ტრანსპორტით, რომელსაც ჩაბმული ჰქონდა ტვირთმზიდი ურიკები. ჩვენ ავიატექნიკოსების თეთრკომბინიზონში გამოწყობილები ვიჯექით. ასევე ჩვენთან ერთად იყო წითელი ჯვირის წარმომადგენელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ჩვენ სპეცოპერაციას ვასრულებდით. მასაც ნამდვილი ავიატექნიკოსები ვეგონეთ.
დანი იათომი - ერთერთ ჩვენთაგანს უეცრად იარაღი გამოუჩნდა. წითელი ჯვრის წარმომადგენელმა დაინახა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. შეიძლება ეგონა, რომ ავიატექნიკოსებს ყოველი შემთხვევისთვის მაინც ჩაუდეს იარაღი. შეიძლება მიხვდა, რომ ჩვენ სპეცოპერაციას ვასრულებდით, მაგრამ არაფერი არ თქვა. ეს დღემდე არვიცი თუ რატომ გაჩუმდა იგი.
უზი დაიანი - რომ მივუახლოვდით თვითმფრინავს, მის ქვეშ გავნაწილდით და ვითომ ვმუშაობდით დავიწყეთ ხმაური. სპეციალურად ვაბრახუნებდით თვითფრინავის კორპუსზე იმისათვის, რომ ტერორისტები დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩვენ მართლა ტექნიკოსები ვიყავით. ამავდროულად ჩვენ გავშალეთ დასაკეცი კიბეები, რომლის მეშვეობითაც თვითმფრინავში უნდა შევჭრილიყავით. ეჰუდ ბარაკის სასტვენით მოცემული სიგნალის შემდეგ ჩვენ უნდა დაგვეწყო თვითმფრინავის იერიში.
დანი იათომი - სიგნალის შემდეგ ჩვენ ამოვიღეთ მცირეკალიბრიანი პისტოლეტები და დავიწყეთ კიბეებზე ასვლა. ჩვენ წინა კარიდან უნდა შვსულიყავით. ამდროს ერთერთმა ტერორისტმა  ილუმინიტაროდან განახორციელა გასროლა. ტყვია მოხვდა ჩემს წინ მიმავალ ჯარისკაცს მხარში, რის შედეგადაც იგი დამეცა მე და ორივე ჩამოვარდით კიბეებიდან.
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ შევიჭერით თვითმფრინავში. ტერორისტმა ცეცხლი გაგვიხსნა. მისი ნასროლი ტყვია მოხვდა ერთერთ მგზავრს. ეს იყო ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა. ტერორისტი გაიქცა თვითმფრინავის კუდისკენ და ჩვენ მას გავეკიდეთ.
მორდეხაი რახამიმი - მე პირველი შევედი თვითმფრინავში. ჩემი მეწყვილე უკნიდან მაზღვევდა. როგორც კი შევედი თვითმფრინავში ტერორისტმა მესროლა. იგი ჩემმა მეწყვილემ მოკლა. მე მეორე ტერორისტის მიმართულებით გავისრლე და მოვარტყი, მაგრამ იგი გაიქცა ტუალეტისკენ და იქ ჩაიკეტა. ეს იყო ცნობილი თვითმფრინავის გამტაცებელი „შავი სექტემბრის ლეგენდა“ ალი ტახა აბუ სნეინა (სანაინა).
მორდეხაი რახამიმმა შეამტვრია ტუალეტის კარები და Beretta M71 -ით მოკლა ტერორისტი. გარდაცვლილ ტერორისტს ხელში ეჭირა ხელყუმბარა, რომლის რგოლშიც  თითი ჰქონდა გაყრილი. მან უბრალოდ ვერ მოასწრო რგოლის გამოძრობა. მორდეხაი რახამიმს რამოდენიმე წამი რომ დაეგვიანა სავარაუდოდ იგი ააფეთქებდა ხელყუმბარას.
უზი დაიანი -  მე ვხელმძღვანელობდი ჯგუფს, რომელიც თვითმფრინავში უკანა მხრიდან შევიდა. პირველი რაზეც ვფიქრობდით იყო ასაფეთქბელი მოწყობილობის მოძებნა. ერთერთმა მგზავრა ხელით მიმანიშნა იატაკისკენ სადაც სავარძლებს შორის შეშინებული ტერორისტი ქალი იმალებოდა. მას ხელყუმბარა ეჭირა, რომელსაც დამცავი რგოლი ჰქონდა მოხსნილი. მე ხელთ დავიჭირე ხელყუმბარა და ვუთხარი ტერორისტ ქალს ყველაფერი ისე გაეკეთებინა როგორც ვეტყოდი. ეს ქალი იყო 17 წლის ულამაზესი ტარაზ ხალასა (რიგ წყაროებში მოიხსენიებენ როგორც ტერეზ ხალასე). საბოლოოდ უსაფრთხოდ გამოვართვი ხელყუმბარა და გავანეიტრალე. შემდეგ სავარძელზე შევნიშნე ასაფეთქებლიანი ქამარი. 
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ მეორე ტერორისტი ქალი (სახელად რიმა ისა ტანუსი) დავაკავეთ. მე თმებში მოვკიდე ხელი და ვუყვიროდი „სად არის ბომბა“?! მგზავრება მითხრეს რომ ერთერთი სავარძელზე იდო. ტერორისტს პარიკი ეკეთა რომელიც ხელში შემრჩა. მე ისევ ვუყვიროდი სად არის ბომბა?! ჩემი ჯგფის წევრმა მარკო აშკენაზიმ მითხრა, რომ იგი მიხედავდა ტერორისტს. მარკომ რამოდენიმეჯერ პისტოლეტი დაარტყა ტერორისტს რა დროსაც მოხდა უნებლიე გასროლა. ტერორსტს ზურგში გაუარა ტყვიამ და მე მომხვდა ხელში. ორივე დავიჭერით.
ფოტოზე გამოსახულია მძევლების გამოყვანის პროცესი. ფოტო ცაჰალის პრეს-სამსახურიდან
ამით სპეცოპერაცია დასრულდა, ხოლო მგზავრები ევაკუირებულ იქნენ შემთხვევის ადგილიდან.
სპეცოპერაცია იზოტოპის წევრები ტერაქტიდან 40 წლის შემდეგ. ფოტო ბინიამინის საოჯახო არქივიდან
 
Beretta M71 მოსადის სამსახურში
გარდა საჰაერო მარშლებისა და სპეცსამსახურ “საიარეტ მატკალისა”, მცირეკალიბრიანი Beretta M71 მოხვდა ასევე მოსადის (Mossad) შეიარაღებაში. მოსადი ჩამოყალიბდა 1949 წელს და მისი შემოკლებითი სახელი “Mossad” ვრცლად იკითხებოდა შემდეგი სახით „Merkazi leModi in uLe Tafkidim Mejuchadim” (ებრაულად המוסד למודיעין ולתפקידים מיוחדים‎), რაც ითარგმნებოდა შემდეგნაირად „დაზვერვის, კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების გაერთიანებული სამსახური“. ისრაელში მოსადს შინაურულად უწოდებდნენ „ინსტიტუტს“.
1972 წლის 5 სექტემბერს მიუნჰენში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ორგანიზაცია „შავი სექტემბრის“ შვიდმა წევრმა მძევლად აიყვანა ებრაელი მონაწილეები (4 ტრენერი, 5 სპორტსმენი და 2 მსაჯი). მათ მოთხოვნას წარმოადგენდა დასავლეთგერმანული ტერორისტული ჯგუფის „ბაადერ-მაინჰოფის“ დაკავებული წევრების გათავისუფლება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები „შავი სექტემბრის“ თანამოაზრეებს წარმოადგენდნენ. მძევლების გათავისუფლება ბავარიის პოლიციამ სცადა, თუმცა ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 11 ისრეალის მოქალაქე და 1 ბავარიის პოლიციის თანამშრომელი. ამ ინციდენტის შემდეგ ისრაელის პრემიერმა გოლდ მეიერმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მოსადის სპეცსამსახურს უნდა მოეხდინა მიუნჰენის ტერაქტთან დაკავშირებული ყველა დამნაშვის ლიკვიდაცია. საიდუმლო ოპერაციას უწოდეს „ღვთის რისხვა“.  გეგმის თანახმად უნდა დასჯილიყო 11 ადამიანი (რიგ წყაროებში სახელდება 20 დან 25 კაცამდე). 1972 წლის შემოდგომას მოსადის მიერ დაკომპლექტდა შურისმაძეიებელთა ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ შეასრულებდნენ სადამსჯელო ოპერაციებს.
ოპერაცია „ღვთის რისხვა“
მოსადის პირველ სამიზნეს წარმოადგენდა აბდელ ვაილ ზუაიტერი (მოიხსენიებენ ასევე როგორც ვაელ აბუ ცვაიტერი). იგი თარჯიმნად მუშაობდა ლიბიის საელჩოში და იყო პალესტინელების გამანთავისუფლებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი იტალიაში. სპეციალურად მისი ლიკვიდაციისთვის იტალიაში ჩაიტანეს 5 ცალი Beretta M71. იმისათვის რომ პისტოლეტიდან გასროლა ყოფილიყო ჩუმი, ისრაელის მეიარაღეებმა მცირედით გადაამუშავეს იგი. სავარაუდოდ გადამუშავება მოხდა ორი სახით. რიგ პისტოლეტებში შეიცვალა დამაბრუნბელი ზამბარა. პისტოლეტზე დაყენდა შესუსტებული დამაბრუნებელი ზამბარა, რომლის მეშვეობითაც პისტოლეტი შეძლებდა თვითდამტენი ციკლის შერულებას .22LR კალიბრის ჩუმი ვაზნებით. აღნიშნული ვაზნები სტანდარტული .22LR ვაზნებისგან განსხვავდებოდა შემცირებული (თითქმის ნახევარი) დენთის მუხტით. ასეთი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში პისტოლეტს არ ესაჭიროებოდა მაყუჩი. იგი არ იყო სრულიად ჩუმი, თუმცა გასროლისას ხმა იყო საკმაოდ დაბალი. რიგი პისტოლეტების ლულის ბოლოში მოიჭრა ხრახნი, რომელზეც მაგრდებოდა სპეციალური ადაპტერის მსგავსი შტუცერი. აღნიშნულ შტუცერზე კი შესაძლებელი იყო მაყუჩის დაყენება.
1972 წლის 16 ოქტომბერს შებინდებისას, როდესაც აბუ ცვაიტერი სახლში დაბრუნდა მას სადარბაზოში დახვდნენ მოსადის აგენტები, რომლებმაც Beretta M71 -ებით ცეცხლი გაუხსნენს და ადგილზე მოკლეს. აბუ ცვაიტერს 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
გარდა ოპერაციისა „ღვთის რისხვა“,  Beretta M71 მოსადის მიერ სხვა ოპერაციების დროსაც გამოიყენებოდა. მაგალითად პისტოლეტი 1976 წლის 4 ივლისს გამოიყენეს ოპერაციაში სახელწოდებით „Thunderball, რა დროსაც უგანდის აეროპორტის მცველები, ისრეალის სპეცდანიშნულების რაზმმა მაყუჩიანი Beretta M71 -ებით გაანეიტრალეს, გაანთავისუფლეს 102 ებრეალი მძევალი და ფაქტიურად გაანადგურეს უგანდის მთელი სამხედრო ავიაცია.
როგორ დავადგინოთ რომელ წელს არის დამზადებული ჩვენი Beretta М71 ? 
Beretta M71-ზე (ისევე როგორც ყველა იტალიაში წარმოებულ ბერეტას პისტოლეტზე), დამზადების წლის აღნიშვნა ხდებოდა სპეციალური კოდით ან ასოების კომბინაციით. ქვემოთ გთავაზობთ ცხრილს, რომლის მიხედვითაც თქვენ დაადგენთ არა მარტო Beretta M71 -ის დამზადების წელს, არამედ იტალიაში წარმოებული Beretta-ს სხვა მოდელების დამზადების წელსაც. აღნიშნული კოდების დატანა ძირითადად ხდებოდა პისტოლეტის ჩარჩოზე სასხლეტ კავთ, ან კიდევ საკეტზე.
პისტოლეტის ჩარჩოზე მარჯვენა მხრიდან სასხლეტი კავის ზევით დატანილია ასევე უკვამლო დენთით გამოცდის დამღები, რომელსაც იტალიის ქალაქ გარდონში საგამოცდო სროლების შემდეგ არტყამდნენ. ამავე დროს ერტყმებოდა ასევე დამზადების წლის დამღა. კონკრეტულად ჩემ კუთვნილ M71-ზე დატანილია დამღა AC , რაც მოწმობს, რომ პისტოლეტი დამზადდა 1977 წელს.
რომელი ვაზნები ჯობია გამოვიყენოთ Beretta M71 -ში?
გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტის ჩარჩო არის ალუმინის და თავად კონსტრუქცია შექმნილია 50-ანი წლების მიწურულში, არ არის რეკომენდირებული ვისროლოთ მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე ვაზნები. თუ გადავხედავთ სხვადასხვა ვიდეო მიმოხილვებს, აღმოვაჩენთ რომ აშშ-ში თითქმის ყველა მომხმარებელი ამ პისტოლეტში იყენებს მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე ვაზნებს, რომელსაც პისტოლეტი ჩვეულებრივად ინელებს და ისვრის, მაგრამ რათქმაუნდა ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო მალე გაიხარჯება მისი რესურსი. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პისტოლეტები, რომელიც საქართველოში მოხვდა მანამდე ექსპლუატაციაში იმყოფებოდა  და გარკვეული რესურსი უკვე გახარჯული აქვს. პირადად მე ვიყენებ სტანდარტული საწყისი სიჩქარის მქონე ვაზნებს, რომელთა საწყისი სიჩქარეც შეადგენს 1070-1090 FPS -ს (320-335მ/წამი). პისტოლეტის ტესტირებისას ჩემს მიერ Beretta M71-ში გამოყენებულ იქნა ვაზნები: CCI  Standard velocity, 40 გრანიანი ტყვიით. ტყვიის საწყისი სიჩქარე 1070 FPS.  ასევე კარგად მუშაობს პისტოლეტში ვაზნები ELEY SPORT (40 გრანიანი ტყვია, საწყისი სიჩქარე 1090 FPS). როდესაც გამოვიყენე მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე ვაზნა federal 36 გრანიანი HP ტიპის მოსპილენძებული ტყვიით, პირველი ვაზნის მიწოდებისას შეექმნა შეფერხება.  ალბათ იმიტომ, რომ ამ ვაზნების ტყვიის წვერი არის წაკვეთილი (კონუსისებური) ფორმის. ზუსტად ისეთივე შეფერხება შეიქმნა ჩეხური Sellier & Bellot 22 LR HV (36 გრანიანი მოსპილენძებული ტყვით და მაღალი საწყისი სიჩქარით) ვაზნების გამოყენებისას. თუკი  თქვენს Beretta M71 -ში გამოიყენებთ ასეთი ტიპის ვაზნებს, მჭიდი შეავსეთ მხოლოდ 7 ცალი ვაზნით (და არა 8 ცალით), რადგანაც პირველივე მიწოდებისას დიდი ალბათობით მოხდება შეფერხება და მოგიწევთ დაეხმაროთ ვაზნას თითით და მიცეთ მიმართულება ლულის სავაზნისკენ. პისტოელეტმა კარგად მოინელა ასევე მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე CCI Mini-Mag 40 გრანიანი მოსპილენძებული ტყვით (საწყისი სიჩქარ 1235 FPS). კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე ტყვიების გამოყენება ასეთ პისტოლეტში არ არის მაინცდამაინც რეკომენდირებული.
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ გამოსახულია: 1. ალუმინის Snap Cap (ე.წ. "ფალშ-ვაზნა"); 2. ELEY Sport (40 გრანიანი ტყვია, საწყისი სიჩქარე 1090 FPS); 3. CCI Standard velocity (40 გრანიანი ტყვიით. ტყვიის საწყისი სიჩქარე 1070 FPS) ; 4. CCI Mini-Mag 40 გრანიანი მოსპილენძებული ტყვით (საწყისი სიჩქარ 1235 FPS).  5. FEDERAL Champion (36 გრანიანი HP ტიპის მოსპილენძებული ტყვიით. ტყვიის საწყისი სიჩქარე 1260 FPS); 6. Sellier&Bellot 22 LR HV (36 გრანიანი მოსპილენძებული ტყვით და მაღალი საწყისი სიჩქარით 1295 FPS); 7. CCI Stinger (მოსპილენძებული HP ტიპის ტყვიით. აღნიშნული ვაზნა არის ჰიპერ სწრაფი სიჩქარის მქონე და მისი 32 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენს 1640 FPS -ს).
რა მომწონს მე პირადად ამ პისტოლეტში ?
ნუ პირველ რიგში მომწონს ის, რომ იგი არის ძველი თაობის წარმომადგენელი, აქვს ისტორიული „ბექგრაუნდი“ სამხედრო ნამსახურეობის სახით და მისი დამზადების ხარისხი საკმაოდ მაღალია. ასევე მოწმონს ის რომ აქვს  სქელკედლებიანი მასიური ფოლადის ლულა და საკეტი. ფოლადისაა ასევე ყველა საპასუხისმგებლო დეტალი (ნემსა, მასიური ექსტრაქტორი, ჩახმახი, დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის ღერძები, მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი) გარდა ჩარჩოსი, რომელიც ანოდიზირებული ალუმინისგანაა დამზადებული.  მე პირადად პატარა ხელი მაქვს და პისტოლეტი იდეალურად ჯდება ჩემი ხელის მტევანში. როდესაც პისტოლეტს ვიჭერ ხელში ეგრევე მიჩნდება სურვილი რომ ვისროლო. ასევე მიადვილდება მცველით სწრაფი მანიპულირება. სამიზნე მოწყობილობა არ არის იდეალური, თუმცა მე იგი მომწონს, რადგანაც საკმაოდ განიერია და მიადვილდება დამიზნება. ასევე მოწონს პისტოლეტის სასხლეტი, რომელსაც საკმაოდ რბილი და მოკლე სვლა აქვს.
პისტოლეტი ადვილად იშლება და მომწონს მისი მოხსნადი ლულა, რომელიც აადვილებს წმენდას და ლულის არხის დათვალიერებას.
არ მომწონს ალუმინის ჩარჩო. განა იმიტომ, რომ ის არ ვარგა. უბრალოდ ჩემი ახირებაა ასეთი (თუგინდ დავარქვათ „წიკი“). მირჩევნია იყოს მთლიანად ფოლადის და ჰქონდეს მძიმე წონა. ალბათ ამიტომაც უფრო მეტად მომწონს მოდელი Beretta M70S. ასევე არ მომწონს მჭიდის ღილაკ-ფიქსატორის განლაგების ადგილი. გამომდინარე იქიდან რომ ყველაზე ხშირად რა პისტოლეტებიდანაც მისვრია მათ მჭიდის ღილაკი ჰქონდა ჩვეულ ადგილას (სასხლეტი კავის უკან) Beretta M71-ის შემთხვევაშიც ინსტიქტურად მიმაქვს ცერა თითი ჩვეულ ადგილას, სადაც რეალურად არაა მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი.
საბოლოოდ უნდა ვთქვა, რომ მთლიანობაში Beretta M71 ჩემი აზრით თავის კლასში არის ერთერთი ყველაზე კარგი .22LR ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი, რომელიც საქართველოში არც თუ ისე იშვიათია და ნორმალურ ფასად შეიძლება მისი შეძენა. რათქმაუნდა Beretta M71 ნაკლებად მოეწონებათ ისეთ მოყვარულებს, რომლებიც სუპერ ტაქტიკურ, პიკატინის ლიანდაგიან და მაქსიმალურად  ბრუტალური იერის მქონე პისტოლეტებს ანიჭებენ უპირატესობას. ძველი სკოლის იარაღის მოყვარულთათვის კი M71 ყოველთვის საპატიო ადგილს დაიკავებს!
ჩემი კუთვნილი იტალიური Beretta M71 და საბჭოთა ПСМ

No comments:

Post a Comment