1942 წელს
იაპონიის იარაღის საწარმომ მიიღო სამთავრობო შეკვეთა, რომლის თანახმად უნდა
განხორციელებულიყო იაპონიის საშტატო ვაზნაზე (8x22mm Nambu) გათვლილი საარმიო
თვითდამტენი პისტოლეტის შექმნა. აღნიშნულ პროექტს სათავეში ჩაუდგა ბუნჟი ჰამადა.
ახალი პისტოლეტის საფუძვლად ბუნჟი ჰამადამ აიღო მისივე კონსტრუქციის პისტოლეტი “Hamada
Type I” (ჩვენ ამ პისტოლეტზე უკვე ვისაუბრეთ. სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე Hamada Type 1), რომელის გაბარიტებიც მცირედით გაზარდა. ასევე
შეიცვალა პისტოლეტის ვიზუალური მხარე და გახდა უფრო დაკუთხული. კონსტრუციულად კი
პისტოლეტს არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. დაშლის კუთხითაც იგივე
მეთოდით იშლებოდა და გააჩნდა ლულის დამაგრების ისეთივე პრინციპი, როგორიც
გამოიყენებოდა Hamada Type 1 -ში. ვინაიდან ჰამადას ახალი პისტოლეტი შეიქმნა 1942
წელს, მას მიენიჭა სახელწოდება „Hamada Type 2“.
Hamada Type 2
პისტოლეტი მისი წინამორბედისგან
განსხვავებით გახდა უფრო ერგონომიული და მოსახერხებელი. შეიცვალა ტარის დახრის
კუთხე. ასევე იგი გათვლილი იყო უფრო ძლიერ იაპონურ საშტატო ვაზნაზე (8x22mm Nambu),
თუმცა ვაზნის ბოთლისბური ფორმის მასრის და პისტოლეტის ტარის დიდი დახრის კუთხის გამო
მჭიდში ვაზნების რაოდენობა შემცირდა 6 ცალამდე (Hamada Type 1-ის მჭიდში 9 ცალი 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა
თავსდებოდა). წონის შემცირების კუთხით პისტოლეტის საკეტის ზედა უკანა ნაწილში ორივე მხრიდან გაკეთებულ იქნა სახასიათო
ამონაჭრელები.
წარმოების საკითხი
პისტოლეტის
პირველი პროტოტიპები დამზადებულ იქნა 1942 წელს, ხოლო გამოცდების შემდეგ 1943 წლის
ივნისში ოფლიიციალურად იქნა მიღებული იაპონიის არმიის შეიარაღებაში. წარმოების
დაწყება იგეგმებოდა ამავე წელს (1943), თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ
მოხერხდა საწარმოო ხაზის დროეული გამართვა. საბოლოოდ 1944 წლის თებერვალში
დასრულდა წარმოების საორგანიზაციო სამუშაოები და 1944 მიწურულს მცირე პარტიამ
იხილა დღის სინათლე. ამავე პერიოდში შეწყდა „Hamada Type 1“-ის წარმოება, რომელიც
ახალი Hamada Type 2 -ით უნდა ჩანაცვლებულიყო.
თავდაპირველი
ჩანაფიქრის თანახმად, ჰამადას პისტოლეტი უნდა ყოფილიყო ძალზედ იაფი და
წარმოებისთვის მარტივი, თუმცა საბოლოოდ 1 ცალი პისტოლეტ Hamada Type 2 -ის
ღირებულება შეადგენდა 164 იაპონურ იენს და 98 სენს. (ცნობისათვის ამავე პერიოდში
შეიარაღებაში არსებული იაპონური საშტატო პისტოლეტი Nambu Type 94 ჯდებოდა 80
იაპონური იენი).
Hamada
Type 2-ის აწყობა მიმდინარეობდა ნოტობეს ტექსტილის ფაბრიკაში, რომელიც სპეციალურად
მოაწყვეს იარაღის წარმოებისათვის, ხოლო შემდეგ აწყობილი პისტოლეტები იგზავნებოდა
რაიონულ ცენტრ ნაგოიაში მდებარე ქარხნის სახელოსნოში, რომელიც განთავსებული იყო ტორიიმაცუში
(Nagoya Arsenal Toriimatsu). აღნიშნულ ქარხანაში ხდებოდა პისტოლეტების ხარისხის ინსპექტირება,
საიმედოობის შემოწმება, გარეგანი დაფარვა და საბოლოო დმუშავება.
სულ დამზადებული პისტოლეტების რაოდენობა
დღეს არ
არსებობს რაიმე ზუსტი ცნობები დამზადებული პისტოლეტების რაოდენობის შესახებ. რიგ
წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ სულ ჯამში 1944-1945 წელს დამზადდა 1500 ცალი
პისტოლეტი, რომლიდანაც პირველი პარტიის 500 ცალი პისტოლეტი 1944 წლის მიწურულს ნოტობეს
ფაბრიკიდან მიეწოდა ტორიიმაცუში მდებარე ფაბრიკას დაფარვისთვის და საბოლოო დამუშავებისთვის,
ხოლო 1000 ცალი ეგზემპლარი გაგზავნილ იქნა 1945 წელს (მეორე მსოფლიო ომის მიწურულს).
ტორიიმაცუს ფაბრიკის ჩანაწერების თანახმად მხოლოდ პირველი პარტიის 500 ცალი პისტოლეტი
დაფიქსირდა ჩაბარებულად, რომლიდანაც პირველი 50 ცალი პისტოლეტი რაღაც მიზეზის გამო
მიწოდებისთანავე ცალკე იქნა გადადებული ისე, რომ მათზე დაფარვაც არ გაუკეთებიათ.
დანარჩენი 450 ცალი პისტოლეტის ვინაობა დღეს უცნობია. ვარაუდის დონეზე გვხდება
ინფორმაცია, რომ ეს 450 ცალი ეგზემპლარი გაგზავნილ იქნა ჩინეთში და
ტრანსპორტირებისას გზაში ჩაიძირა, რადგანაც ამერიკული წყალქვეშა ნავები
ანხორციელებდნენ ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთების ჩაძირვას. დღეის მდგომარეობით ოფიციალურად
ცნობილია მხოლოდ 17 ცალი Hamada Type 2-ის ვინაობა, რომლიდანაც ჩვიდმეტივე
ეგზემპლარი აშშ-ს ტერიტორიაზე კერძო კოლექციონერების ხელში ინახება. სერიული
ნომრების თანახმად აღნიშნული პისტოლეტები არის პირველი პარტიიდან გადადებული 50
ცალი ეგზემპლარიდან, რომელიც არ იქნა გაგზავნილი ჩინეთში. აღნინულ ეგზემპლარებს არ
გააჩნიათ გარეგანი დაფარვა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტს, რომ ეს არის
პირველი პარტიის მიწოდებისას გადადებული ეგზემპლარები. 1945 წელს დაბომბვების
შედეგად მთლიანად განადგურდა იაპონიის ტერიტორიაზე მდებარე ფაბრიკა, ამიტომ არავინ
არ იცის ზუსტი ცნობები წარმოებული ეგზემპლარების რაოდენობის შესახებ. რიგ
წყაროებში სახელდება 50-100 ეგზემპლარი.
სხვადასხვა
ლიტერატურაში ჰამადას პისტოლეტები შეიძლება შეგვხდეს დასახელებით “Hamada-Yato” ან
“Yato Pistol”. აღნიშნული სახელწოდება უკეავშირდება იაპონელ მაიორ იატოს, რადგანაც
ბევრი თვლის, რომ პისტოლეტის შექმნაში მონაწილეობას იღებდა მაიორი იატო (Yato)
(რიგი წყაროების თანახმად კი ჰამადას ორივე პისტოლეტი იატომ შექმნა, ჰამადა კი
უბრალოდ წარმოების გამართვას უზრუნველყოფდა).
No comments:
Post a Comment