Hamada Type 1

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იაპონიის საიმპერატორო არმიას შეექმნა მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი) დიდი დეფციტი. შესაბამისად ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა იარაღის ფაბრიკებში, საწარმოებში და ქარხნებში დაწყებულ იქნა საცდელი ეგზემპლარების შექმნა/დამუშავება. 1941 წელს ბუნჟი ჰამადას (Bunji Hamada კითხულობენ ასევე როგორც ბუნდზი ჰამადა. იაპონურად იწერება 濱田文治) მიერ რეორგანიზებულ იქნა ტოკიოში მდებარე იაპონიის ცეცხლსასროლი იარაღის საწარმო „Japan Firearms Manufacturing Co“ (აღნიშნული საწარმოს ოფიციალური აღნიშვნა იყო 日本銃器株式会社 და იკითხებოდა, როგორც Nippon Juki Kabushiki Gaisha), რომელიც მანამდე სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის დამზადებით იყო დაკავებული. ბუნჟი ჰამადა შეეცადა წასულიყო იოლი გზით და ველოსიპედის გამოგონების ნაცვლად, მოეხდინა რომელიმე ცნობილი და წარმატებული პისტოლეტის ბაზაზე საკუთარი მოდელის შექმნა. მის მიერ არჩეულ იქნა ბელგიურ კომპანია FN -ში (Fabrique Nationale) დამზადებული ჯონ ბრაუნინგის თვითდამტენი პისტოლეტი “Browning M1910”, რომლის ბაზაზეც შეიმუშავა საკუთარი თვითდამტენი პისტოლეტი სახელწოდებით “Hamada Type 1” (იაპონური დასახელება 浜田式 იკითხება როგორც Hamada shiki).
აღნიშნული პისტოლეტი ბუნჟი ჰამადას გათვლით უნდა ყოფილიყო იაპონიის შეიარაღებაში არსებული ნამბუს (Nambu) პისტოლეტების იაფიანი და საიმედო ალტერნატივა. ზოგადად ნამბუს პისტოლეტები არ გამოირჩეოდა საიმედოობით და ძალზედ ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა იაპონიის საიმპერატორო არმიაში. სწორედ ამიტომ ბუნჟი ჰამადა მარტივ კონსტრუქციაზე და საიმედოობაზე ამახვილებდა ყურადღებას.
მან უარი თქვა ტარის უკან განთავსებულ კლავიშზე, რომელიც ბრაუნინგის პისტოლეტში (Browning M1910) მცველის დანიშნულებას ასრულებდა და მსროლელი მასზე ხელის მოჭერით თიშავდა მცველს. სხვადასხვა წყაროებში შეიძლება შეხვდეთ ინფორმაციას, რომ “Hamada Type 1” აგებული იყო ლულის მოკლე სვლის პრინციპით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად პისტოლეტი “Hamada Type 1”  მუშაობდა თავისუფალი საკეტის და უძრავი ლულის პრინციპით. იგი აღჭურვილი იყო პისტოლეტის ჩარჩოზე განთავსებული დროშისებური მცველით. დროშისებური ბერკეტის ზევით აწევისას ხდებოდა სასხლეტის ბლოკირება, ხოლო ქვევით ჩაწევისას მცველი ითიშებოდა. დამაბრუნებელი ზამბარა ისევე, როგორც ბრაუნინგის პისტოლეტში, ჩამოცმული იყო ლულაზე. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო საცემიანი ტიპის (ე.წ. Striker Fired). ჰამადას პისტოლეტი ბრაუნინგისგან (M1910) ასევე განსხვავდებოდა დაშლის კუთხით. იმისათვის რომ მომხდარიყო პისტოლეტის დაშლა, საჭირო იყო საკეტის უკან არსებული ფიქსატორიანი ფირფიტის დაბლა დაწევა.
შემდეგ საკეტი ნახევრად უნდა გაწეულიყო უკან და მოხსნილიყო ისე, როგორც ხდება მაკაროვის პისტოლეტში საკეტის ზევით აწევით. აღნიშნული დაშლის სქემა ბუნჟი ჰამადას მიერ ოფიციალურად იქნა დაპატენტებული 1943 წელს. იმისათვის, რომ მფლობელი მიმხვდარიყო თუ რა დონეზე უნდა გაეწია საკეტი დაშლისას, პისტოლეტის ჩარჩოზე და საკეტზე დატანილი იყო ერთმენთისკენ მიმართული ისრები.
როდესაც საკეტზე და ჩარჩოზე დატანილი ისრები გაუსწორდებოდა ერთმანეთს, შესაძლებელი იყო საკეტის ზევით აწევა და მოხსნა.
პისტოლეტის ტარის ლოყები დამზადებული იყო კაკლის ხისგან და გააჩნდა წვრილად შესრულებული რომბისებური ნაჭდევები. მჭიდის დაფიქსირება ხდებოდა პისტოლეტის ტარის ძირზე განთავსებული ღილაკის მეშვეობით.
კიდევ ერთერთ მთავარ კონსტრუქციულ სხვაობას ბრაუნინგის M1910 -ისგან წარმოადგენდა ჩარჩოზე ლულის დამაგრების მეთოდი. ჰამადას პისტოლეტში ლულა დამაგრებული იყო სოლისებური შვერილის მეშვებოთ. ლულის მოსახნელად საიჭორი იყო მისი შემობრუნება საათის ისრის მიმართულებით და შემდგომ მოხსნა.
იყო თუ არა პისტოლეტი “Hamada Type 1”  ოფიციალურად შეიარაღებაში მიღებული? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ არის მარტივი, რადგანაც ფაბრიკა მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელების მიერ იქნა დაბომბილი, რის შედეგადაც მთელი დოკუმენტაცია გადანდგურდა და დღეს აღარ არსებობს. რიგი წყაროები ამბობს, რომ პისტოლეტმა გაიარა მკაცრი გამოცდები იაპონიის საარტილერიო სამმართველოში და 1941 წლის მიწურულს თავად სამმართველოს ხელმძღვანელის მიერ იქნა ოფიციალურად შეიარაღებაში მიღებული. რიგი წყაროები კი ამბობს, რომ პისტოლეტი ოფიციალურად არ იქნა მიღებული შეიარაღებაში, მაგრამ იაპონიის საიმპერატორო არმიის ოფიცრები საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ მას. ფაქტი ერთია, რომ პისტოლეტის წარმოება დაწყებულ იქნა 1941 წლის მიწურულს და გაგრძელდა 1944 წლის თებერვლამდე. ასევე ცნობილია, რომ სულ 1941-1944 წლებში დამზადებულ იქნა დაახლოებით 4500-5000 ცალამდე პისტოლეტი “Hamada Type 1”, რომელთა დიდი ნაწილიც გაგზავნილ იქნა ჩინეთის ტერტორიაზე.  დღეს ოფიციალურად მხოლოდ რამოდენიმე ცალი პისტოლეტის ვინაობაა ცნობილი. აღნიშნული პისტოლეტების სერიული ნომრები მერყეობს 2200-3000 -მდე. ასევე შემორჩენილი აგეზმპლარები განსხვავდება ერთმანეთისგან მარკირებებით, ზოგს საკეტზე გააჩნია მრგვალი ჩაპრესილი დამღა, ზოგზე აღნიშნული დამღა არ არის დასმული. ზოგი პისტოლეტი მარკირებულია იეროგლიფებით, ხოლო ზეოგზე მხოლოდ სერიული ნომერია დატანილი. სხვაობებია ასევე პისტოლეტის საკტის უკან არსებულ დასაშლელ ფირფიტის ნაჭდევებში. 
ბუნჟი (ბუნდზი) ჰამადა
 ვინაიდან პისტოლეტები Hamada Type 1 მცირე რაოდენობით  შემორჩა, იგი კოლექციონერებისთვის სანუკვარ ნივთს წარმოადგენს და სკმაოდ ძვირად ფასობს. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთერთ აუქციონზე პისტოლეტის ფასმა შეადგინა 12,650 $. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი Hamada Type 1 გამოირჩეოდა მარტივი კონსტრუქციით და მზადდებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მისი ხარისხი იყო ძალზედ მაღალი, რასაც მომწმობს  შემორჩენილი ეგზემპლარები, რომელთა დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები სარკესავით არის გაპრიალებული, ხოლო პისტოლეტების დაფარვა უმაღლეს დონეზეა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბუნჟი ჰამადას მიერ კიდევ ერთი პისტოლეტი შეიქმნა, რომლის შესახებაც აუცილებლად მოგითხრობთ.

No comments:

Post a Comment