კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ.4)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 1)
სტატიის მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე >  კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 2)
სტატიის მესამე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 3)

1955 წელს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრომ და თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრომ (МОП) გადაწყვიტა, რომ მუშაობა დაწყებულიყო ერთიანი ცეცხლსასროლი იარაღის კომპლექსზე, რომელსაც ექნებოდა გაუმჯობესებული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და ამავდროულად იქნებოდა შემსუბუქებული. ერთიან კომპლექსში უნდა შესულიყო ორი სახის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი: 1. მსუბუქი ავტომატი; 2. ხელის ტყვიამფრქვევი (ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი). აღნიშნული კომპლექსის შერჩევის შემდეგ, ეტაპობრივად  მოხდებოდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში მანამდე არსებული ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღის ამოცვლა. ყველაფერთან ერთად ახალი კომპლექსი უნდა ყოფილიყო წარმოებისთვის გაადვილებული და უნიფიცირებული (უნიფიცირებულში იგულისხმება ის, რომ ხელის ტყვიამფრქვევის და ავტომატის გარკვეული დეტალები უნდა ყოფილიყო ერთმანეთზე მორგებადი. ასევე მათი დამზადება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ერთი დაზგა-დანადგარების და ინსტრუმენტების გამოყენებით). მსგავის კომპლექსური იარაღის შექმნის იდეის პირველი ტალღა ჯერ კიდევ 1953 წლის მარტში მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ იქნა აგორებული, რომლის ფარგლებშიც გაიწერა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები (ტტმ), როგორც შემსუბუქებულ ავტომატზე („პერსპექტიული ავტომატი“ ასე მოიხსენიებდნენ მას იმ პერიოდში), ასევე ხელის ტყვიამფრქვევზე. პერსპექტიული ავტომატის ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნა ნომრით №006256-53 გამოიყურებოდა შემდეგნაირად:
ავტომატის საერთო სიგრძე არ უნდა ყოფილიყო 920მმ-ზე მეტი; წონა ცარიელი მჭიდით უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 2,7კგ-ზე მეტი; ტყვიის საწყისი სიჩქარე არ უნდა ყოფილიყო 710-730მ/წამზე ნაკლები; დამიზნების მანძილი (აქ იგულისხმება უკანა სამიზნეზე დატანილი დანაყოფები) არანაკლებ 1000 მეტრი; ავტომატიც და ხელის ტყვიამფრქვევიც გათვლილი უნდა ყოფილიყო საბჭოთა შუალედურ ვაზნაზე 7,62х39. მოთხოვნაში გაწერილი იქნა ასევე სიზუსტის და ტყვიების შეჯგუფების მახასიათებლები. ტყვიების გაფანტვა ერთეული გასროლებით ბჯენის გამოყენების შემთხვევაში 100 მეტრამდე სროლისას უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 10 სმ. ხოლო მოკლე ავტომატური ჯერებით სროლისას არაუმეტეს 20სმ.
რამოდენიმე ხნის შემდეგ მთავარი საარტილერიო სამმართველოს გარკვეული გამოკვლევების შედეგად 1955 წელს ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები უმნიშვნელოდ იქნა დაკორექტირებული. მსუბუქი ავტომატის ახალ მოთხოვნებს მიენიჭა ნომერი № 006822 შემდეგ კი № 006823, ხოლო ხელის ტყვიამფრქვევს № 006821.(ხელის ტყვიამფრქვევის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ მისი წონა ცარიელი მჭიდით არ უნდა ყოფილიყო 5,5კგ-ზე მეტი, ხოლო საერთო სიგრძე 1050 მმ-ზე მეტი). ახალი მოთხოვნების თანახმად ავტომატის წონა ცარიელი მჭიდით გაიზარდა და არ უნდა ყოფილიყო 2,8 კგ-ზე მეტი. მოგვიანებით რეალური ეგზემპლარების შესწავლის შედეგად აღნიშნული მოთხოვნა კვლავ დაკორექტირდა და გაიზარდა 3.1 კგ-მდე. აი აქ კიდევ ერთი კითხვა იჩენს თავს. რატომ დაკორექტირდა მოთხოვნა მაინცდამაინც 3,1 კგ-მდე? თუკი გადავხედავთ საგამოცდო ეგზემპლრაების მონაცემებს, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველა ეგზემპლარი ან ჯდებოდა ან ძალიან ახლოს იყო მანამდე არსებულ მოთხოვნასთან (2,8კგ). მხოლოდ ერთადერთი კალაშნიკოვის ეგზემპლარები ვერ ჯდებოდა ამ მოთხოვნებში და ყველაზე შორს იდგა წონის კუთხით. (კალაშნიკოვის სხვადასხვა საცდელი ეგზემპლარების წონა შეადგენდა 3,020-3,030კგ-ს და 3,1კგ-ს). გამოდის რომ სპეციალურად კალაშნიკოვის ხელშესაწყობათ გაიზარდა დაკორექტირებისას აღნიშნული მოთხოვნა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ კალაშნიკოვის წარმატებით მაღალჩინოსანი პირები იყვნენ დაინტერესებულნი და რადაც არ უნდა დაჯდომოდათ კალაშნიკოვი უნდა გამხდარიყო ამ კონკურსის გამარჯვებული.
პერსპექტიული ავტომატის შექმნა უნდა მომხდარიყო 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი კალაშნიკოვის ავტომატის საშტატო მჭიდის გამოყენებით, თუმცა ეს არ იყო აუცილებელი (სავალდებულო) მოთხოვნა. გადამუშავებული მოთხოვნის თანახმად აუცილებელი იყო, რომ ავტომატიც და ხელის ტყვიამფრქვევიც შექმნილიყო დაბეჭდვის მეთოდის გამოყენებით. ასევე მინიმუმამდე უნდა შემცირებულიყო ჩარხების გამოყენება და დეტალების ხელით დამუშავება. საცდელი ეგზემპლარების გადარჩევისას უპირატესობა მიენიჭებოდა ისეთ ავტომატებს და ხელის ტყვიამფრქვევებს, რომლებიც მაქსიმალურად უნიფიცირებულნი იქნებოდნენ.
1955 წელს სხვადასხვა საკონსტრუქტორო ბიუროებში დაუყოვნებლივ იქნა დაწყებულ სამუშაოები საცდელი იარაღების შექმნაზე. სამუშაოები ავტომატზე და ხელის ტყვიამფრქვევზე მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში. ქვემოთ გთავაზობთ ბიუროების ჩამონათვალს სადაც კონსტრუქტორები ასრულებდნენ სამუშაოებს:
·         იჟევსკის ქარხანა № 74. მუშაობდა მ.ტ. კალაშნიკოვის ჯგუფი;
·         კოვროვის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო ОКБ-2 (1956 წელს ამ ბიუროს მიენიჭა სახელწოდება ОКБ-575). მუშაობდა ა.ს. კონსტანტინოვი (А.С. Константинов) და ბ.ნ. ბოლხოვიტინოვი (Б.Н. Болховитинов);
·         ტულის ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიური ЦКБ-14. მუშაობდა გ.ა. კორობოვი (Г.А. Коробов) და ნ.მ. აფანასევი (Н.М. Афанасьев);
·         კლიმოვსკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი НИИ-61 (ამ ინსტიტუტში შედიოდა ასევე საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო ОКБ-180). მუშაობდა ს.გ. სიმონოვი (С.Г. Симонов).
1955-1956 წლებში ახალი ავტომატების შემუშავება ხდებოდა გარკვეული თავისებურებებით, რაც გამოწვეული იყო რამოდენიმე ფაქტორით.
1.      ვინაიდან ავტომატი უნდა ყოფილიყო მსუბუქი და ამავდროულად წარმოებისთვის გაადვილებული, კონსტრუქტორების ნაწილი შეეცადა საცდელი ეგზემპლარების მექანიზმი ნახევრადთავისუფალი საკეტის პრინციპით შეემუშავებინათ.
2.      პრაქტიკულად ყველა ეგზემპლარს გააჩნდა ლულის კოლოფის მოხსნადი თავსაფარი.
3.      გამოიკვეთა და შეიძლება ითქვას ერთგვარ სტანდარტად იქცა ავტომატის მოძრავი დეტალების (საკეტის ჩარჩო, საკეტი) განთავსება ლულის კოლოფზე არსებულ შვერილ-მიმმართველებში (ე.წ. შეკიდული სისტემა).
4.      ყველა კონსტრუქტორი თავის ავტომატს ქმნიდა ორი ძირითადი ვარიანტის სახით: ქვეითების ვარიანტი მუდმივი (არასაკეცი) ხის კონდახით და სამხედრო საჰაერო დესანტისთვის განკუთვნილი ვარიანტი მეტალის საკეცი დუგლუგით.
1955-1956 წლები და კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ეგზემპლარები
ჯერ კიდევ 1955 წელს კონსტრუქტორმა ნ.მ. აფანასევმა (Никола́й Миха́йлович Афана́сьев)(ალბათ სწორი წარმოთქმა იქნება აფანასიევმა), წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის ავტომატი, რომელიც დამზადებული იყო „ბულპაპის“ სქემით.
ნ.მ. აფანასევი
იგი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდებოდა მბრუნავი საკეტით. დამრტყმელი მექანიზმი იყო ჩახმახიანი და იძლეოდა როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლის საშუალებას.
ჩემთვის გამოცანად რჩება ერთი საკითხი. თუკი დავაკვირდებით ფოტოს, დავინახავთ, რომ მჭიდის უკან ეგრევე იწყება ხის კონდახი და როგორ ახერხებდა საკეტი მოძრაობას ასეთ პატარა მანძილზე? სავარაუდოდ კონდახში შედიოდა საკეტის ნაწილი? შესაძლოა ავტომატს ჰქონდა სპეციალური U-სებური ვაზნების მიმწოდებელი. მოკლედ ეს კითხვა ჯერჯერობით პასუხგაუცემელია და ვერსად ვერ შევძელი ინფორმაციის მოპოვება ავტომატის სქემის შესახებ.
კალაშნიკოვის ავტომატი С-04-М. ბუნებრივია მ.ტ. კალაშნიკოვის ჯგუფი განუწყვეტლივ აგრძელებდა მუშაობას ავტომატის გადამუშავებაზე. მათ მიერ 1955 წელს დამზადდა ავტომატი სახელწოდებით С-04-М, რომელიც წარმოადგენდა გადამუშავებულ АК-47 მოდელს.
მასში თავმოყრილი იყო, როგორც АК-47-ის დადებითი თვისებები, ასევე 1955 წელს წარმოდგენილი კალაშნიკოვის ავტომატ-კარაბინის „ОПЛ“ თვისებები. ავტომატ С-04-М მოდელს გააჩნდა ფოლადის ფურცლებისგან დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი. დაბეჭდვის მეთოდზე არჩევანის გაკეთება გამოწვეული იყო იმ ფაქტორით, რომ შემცირებულიყო იარაღის საერთო წონა და ასევე მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი საზეინკლო სამუშაოები. ფრეზირებული მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფის წონა შეადგენდა 1 კგ-ს და მის დასამზადებლად საჭირო იყო 5,5 კილოგრამის მქონე ფოლადის სამზადი, რომლიდანაც 4,5 კგ ფოლადი დამზადების დროს ნახერხად (ბურბუშელათ) იქცეოდა. შესაბამისად ფრეზირებულ ლულის კოლოფზე უარის თქმის მიზეზის ერთერთი საფუძველი ფოლადის ტყუილი ხარჯვაც გახლდათ. ლულის კოლოფის ცივად დაბეჭდვის მეთოდის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იჟევსკის № 74 ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილემ მ.ი. მილერმა (М.И. Миллер), რომლის წყალობითაც მეტალის ხარჯი დაბეჭდვის მეთოდის გამოყენებისას შემცირებულ იქნა 40–60% -ით.  ასევე დაბეჭდვის მეთოდის პლიუსს წარმოადგენდა ის, რომ 1ცალი ლულის კოლოფის დასამზადებლად საჭირო სამზადის გამოყენების კოეფიციენტი გაიზარდა 80–85 % -ით. მარტივად რომ ვთქვათ სამზადების ათვისება ხდებოდა 80-85% -ით და მხოლოდ 15-20% იკარგებოდა დამზადების პროცესში.  ფრეზირების მეთოდის შემთხვევაში კი ფოლადის 70-80% იკარგებოდა. დაბეჭდვის მეთოდზე გადასვლას მოჰყვა ასევე ქარხნის დაზგა-დანადგარების გადამუშავება და მოდერნიზება. თუკი მანამდე გარკვეულ ოპერაციებს ადამიანები ასრულებდნენ, ახლა ხდებოდა ავტომატური ოპერაციების განხორციელება, რომელსაც გადამუშავებული ჩარხები და დაზგა-დანადგარები ასრულებდნენ. გარდა ლულის კოლოფის ცივად  დაბეჭდვის ტექნოლოგიის ათვისებისა, იჟევსკში მიმდინარეობდა სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა კალაშნიკოვის ავტომატის გარკვეული დეტალების ზუსტი ჩამოსხმის მეთოდით დამზადებას. საბოლოოდ შემუშავებულ იქნა ჩამოსხმის მეთოდით დამზადების ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც 9 ცალი დეტალი მზადდებოდა. ამ დეტალებს შორის იყო: კონდახის სამაგრი ფუძე, სროლის რეჟიმების სექტორული გადამრთველი, ავტოგამშვები, ტიბჟირის რგოლი და ხიშტ-დანის ტარის რგოლი/თავაკი. საბოლოოდ ასეთი გადამუშავების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა მილიონამდე საბჭოთა მანეთი.

დაბეჭდვის მეთოდით დამზადებულ ლულის კოლოფს წინა ნაწილში მოქლონების მეშვეობით დაუმაგრდა ჩანართი (ლეინერი) რომელშიც ჩაპრესვის მეთოდით დამაგრდა ლულა. აღნიშნულ ლეინერს გააჩნდა ჭრილები, რომელის მეშვეობითაც საკეტის ბჯენები კეტავდა ლულას. ლულის კოლოფს მჭიდის მიმღებ ფანჯარასთან ორივე გვერდზე გააჩნდა ოვალური მოყვანილობის ჩანაჭდევი, რომელიც ასრულება მჭიდის მიმმართველის როლს. ეს ჩანაჭდევები დამატებით სიმტკიცეს აძლევდა მჭიდის დაფიქსირებას, რათა არ მომხდარიყო მისი რყევა. ლულის კოლოფის უკანა ნაწილში ჩამაგრებული იყო Т-სებური მმოყვანილობის ჩანართი ლეინერი, რომელიც ასრულებდა დამაბრუნებელი ზამბარის მიმმართველი ღერძის დამჭერის, ლულის კოლოფის თავსაფრის სამაგრის და კონდახის სამაგრი კუდის როლს. С-04-М მოდელში სიახლეს წარმოადგენდა ასევე დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფის თავსაფარი, რომელსაც გააჩნდა დამატებითი ნეკნები სიგანეზე არსებული ამობურცული ხაზების სახით. აღნიშნული ნეკნები თავსაფარს ანიჭებდა მეტ სიმტკიცეს. 
გატარებული ღონისძიებების შედეგად ავტომატის С-04-М წონა შემცირებულ იქნა 3,1 კგ-მდე (მანამდე არსებული კალაშნიკოვის ავტომატის წონა შეადგენდა 3,8კგ-ს). მიუხედავად იმისა, რომ ხის კონდახით აღჭურვილი С-04-М მოდელი ძალიან კარგ საექსპლუატაციო თვისებებს აჩვენებდა, მისი ვარიანტი მეტალის საკეცი დუგლუგით გამოირჩეოდა არადამაკმაყოფილებელი სიმტკიცით და ტყვიების შეჯგუფებით. გარდა ზენოაღნიშნულისა, ცვლილებები შევიდა დამაბრუნებელ მექანიზმში, რომელიც შედგებოდა დამაბრუნებელი ზამბარისგან, ლულის კოლოფის თავსაფრის ფიქსატორისგან, მიმმართველი და მოძრავი ღერძისგან. დამაბრუნებელი ზამბარის მიმმართველი ღერძი მზადდებოდა მავთულისებური ფოლადისგან. ცვლილება შეეხო ხის ტიბჟირსაც და გვერდებიდნ დაემატა დამატებითი გამონაზარდი ხელის უკეთ მოსაჭიდებლად. ავტომატის დაფარვა ახალ ეგზემპლარში ხდებოდა ლაქისებური-ფოსფატირების მეთოდით (მანამდე დაფარვა ხდებოდა ოქსიდირების მეთოდით). დაფარვის ახალი მეთოდის გამოყენებამ დაახლოებით 10 ჯერ გაზარდა ანტიკოროზიული გამძლეობა.
კალაშნიკოვის გადამუშავებული ვარიანტი С-04-М აღიჭურვა ახალი ტიპის ხიშტ-დანით, რომელსაც მოგვიანებით (მცირედი გადამუშავების შემდეგ) მიენიჭა ინდექსი „6x3“. აღნიშნული ხიშტი მაგრდებოდა ლულის ქვევით აირის კამერაზე გაკეთებულ სპეციალურ ბჯენზე. ხიშტ-დანის შალითას გააჩნდა სპეციალური შვერილი, რომელზეც მაგრდებოდა დანის პირი და შესაძლებელი ხდებოდა მავთულხლართების გადაჭრა. შალითას ასევე დაემატა რეზინის იზოლაციური გარსი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ძაბვის ქვეშ არსებული მავთულის გადაჭრა (გადაკვნეტა). ხიშტ-დანა 6x3-ის ავტომატზე დამაგრების შემთხვევაში, ავტომატის საერთო სიგრძე 50მმ-ით უფრო მოკლე იყო, ვიდრე მანამდე არსებული ხიშტ-დანის შემთხვევაში. 6x3 ტიპის ხიშტ-დანას ასევე დამატებული ჰქონდა ხერხისებური კბილანები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდებოდა სხვადასხვა საგნების გადახერხვა. ხიშტ-დანის წონა თავისი შალითით შეადგენდა 0,45კგ-ს. კალაშნიკოვის ჯგუფი პარალელურად ალტერნატივის სახით მუშაობდა კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც ასევე АК-47 –ის გადამუშავებას ეხებოდა. პროექტს მინიჭებული ჰქონდა სამუშაო სახელწოდება „А-55” (აღნიშნულ ეგზემპლარზე ქვემოთ ვისაუბრებთ დეტალურად).

ა.ს. კონსტანტინოვის ავტომატი АК 2Б-А-30 მუშაობდა  ნახევრადთავისუფალი საკეტის სქემის გამოყენბით, რომელსაც სავაზნეში გააჩნდა რეველის ტიპის ღარები. აღნიშნული ღარები განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ გასროლის დროს წარმოქმნილი დენთის აირების გარკვეული ნაწილი მოხვედრილიყო მასრასა და სავაზნეს შორის, რაც დააბალანსებდა მასრის კედლების გაბერვას და შესაბამისად გაადვილებდა საკეტის მიერ მასრის ამოგდებას. 
ა.ს. კონსტანტინოვი
საკეტის გახსნის შესანალებლად კონსტრუქციაში გამოყენებულ იქნა ბერკეტისებური შემანელებელი. კონსტანტინოვის ავტომატის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის, რომელსაც გააჩნდა ცალკე გამოყოფილი საბრძოლო ზამბარა. სროლა შესაძლებელი იყო როგორც ერთეული, ასევე სრული ავტომატური ჯერებით.

კონსტრუქციაში ჩადებული იყო ასევე სროლის ტემპის შემანელებელი. ლულის კოლოფი დამზადებული იყო ფოლადის ფურცლებისგან ცივად დაბეჭდვის მეთოდით. ლულის კოლოფის წინა ნაწილში მოქლონების (ე.წ. ზაკლიოპკების) მეშვეობით დამაგრებული იყო ლულის დამჭერი, რომელშიც ჩაპრესვის მეთოდით იჯდა ლულა. იარაღი ვაზნების გარეშე იწონიდა 2,6კგ-ს, ხოლო საერთო სიგრძე შედგენდა 920მმ-ს. ავტომატი “АК 2Б-А-30” იყო მუდმივი (არასაკეცი) ხის კონდახით.

ასევე კონსტანტინოვის მიერ დამზადდა ეგზემპლარი მეტალის საკეცი დუგლუგით “АКС 2Б-А-35”. კონსტანტინოვმა მისი ავტომატისთვის დაამზადა 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოკლე მჭიდი, რომელშიც ვაზნები 4 რიგად მწკრივდებოდა და გააჩნდა კალაშნიკოვის მჭიდის იდენტური ყელი.

ბოლხოვიტინოვის ავტომატი (Автомат Болховитинова) წარმოადგენდა ა.ს. კონსტანტინოვის მსგავს ეგზემპლარს, რომელიც უმნიშვნელო კონსტრუქციული დეტალებით განსხვავდებოდა მისგან. სამწუხაროდ ამ ეგზემპლარის შესახებ ვერანაირი ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელი. სავარაუდოდ საესკიზო პროექტის იქით არც გასულა აღნიშნული ეგზემპლარი და პირველ ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას.
გერმან კორობოვის ავტომატი ТКБ-517 1955 წლის მოდელი წარმოადგენდა გადამუშავებულ ТКБ-454-7А -ს ვარიანტს. (ამ ავტომატზე ჩვენ სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრეთ). ТКБ-517 ისევე როგორც მისი წინამორბედი ეგზემპლარი (ТКБ-454-7А) მუშაობდა ნახევრადთავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც ორფრთიანი ბერკეტი გამოიყენებოდა საკეტის გახსნის შემანელებლის როლში. ისევე, როორც მის წინამორბედ ეგზემპლარში სავაზნეს გააჩნდა სპეციალური ღარები.
კონსტრუქციაში ჩადებული იყო სროლის ტემპის შემამცირებელი მექანიზმი. ТКБ-517 მოკლე ჯერებით სროლისას, როგორც ბჯენის გამოყენებით (აქ იგულისხმება ლულის დაყრდნობა რაიმე საგანზე), ასევე ბჯენის გარეშე მთლიანად აკმაყოფილებდა სიზუსტის და ტყვიების შეჯგუფების მოთხოვნებს. კონსტრუქციაში დამატებული იყო ასევე ბოლო გასროლისას საკეტის ღია (უკიდურეს) მდგომარეობაში გაჩერების მექანიზმი, რომელიც მჭიდზე არსებული სპეციალური შვერილის მეშვეობით ხდებოდა. ავტომატში შესაძლებელი იყო ასევე კალაშნიკოვის ავტომატის სტანდარტული მჭიდების გამოყენება, თუმცა ამ შემთხვევაში ბოლო გასროლისას საკეტი არ დარჩებოდა ღია მდგომარეობაში. ТКБ-517 ისეთნაირად იყო დაპროექტებული, რომ მისი მოძრავი დეტალები ცენტრალურად მოძრაობდა, რისი მეშვეობითაც მემარჯვენე და ცაცია მსროლელის შემთხვევაში, უკუცემის ენერგია სიმეტრიულად ნაწილდბოდა, რაც დადებითად აისახებოდა ტყვიების შეჯგუფებაზე.


ავტომატის საერთო სიგრძე შეადგენდა 910მმ-ს; წონა მჭიდის გარეშე 2,78კგ-ს; სროლის ტემპი 560 გასროლა წუთში; ტყვიის საწყისი სიჩქარე 721მ/წამში; დამიზნების მანძილი 1000 მეტრი. 1955 წელს დამზადებული გ.კორობოვის ავტომატის (ТКБ-517) ტიბჟირი მთლიანად მეტალის იყო და გააჩნდა სავენტილაციო ამონაჭრელები მრგვალი ნასვრეტების სახით. მეტალის ტიბჟირი ძალზედ მოუხერხებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით ცივ (ზამთრის) კლიმატურ პირობებში დამატებით დისკომფორტს წარმოადგენდა მსროლელისთვის.
კონკურსზე წარმოდგენილი ეგზემპლარები კომისიამ დეტალურად შეისწავლა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველად გამოცდებზე დაშვებულიყო მხოლოდ რამოდენიმე საცდელი ვარიანტი. 1956 წლის მარტიდან-მაისის ჩათვლილ შჩუროვოში მდებარე პოლიგონზე (НИПСМВО), გამოცდას დაექვემდებარა მ.ტ. კალაშნიკოვის, გერმან კორობოვის და ა.ს. კონსტანტინოვის საცდელი ავტომატები.  ბოლხოვიტინოვის ავტომატი და აფანესევის ბულპაპის სქემით შექმნილი ავტომატი არ იქნა განხილული მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ. აღნიშნული მოდელების არ განხილვის მიზეზად დასახელდა კონსტრუქციული ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრაც გარკვეულ დროს საჭიროებდა. გამომცდელებს კიდევ სასწარფო წესით უნდა მოეხდინათ საკონკურსო ეგზემპლარების ტესტირება და გამოევლინათ საუკეთესო ავტომატი. გამოცდისას საკონტროლო ავტომატს წარმოადგენდა იმ დროს სერიულ წარმოებაში არსებული კალაშნიკოვის ავტომატი (АК). (ანუ საცდელი ეგზემპლარების შედარება ხდებოდა, როგორც ტტმ-ში გაწერილ მონაცემებთან, ასევე კალაშნიკოვის სერიულ ავტომატთან АК).
მიუხედავად საგამოცდო კომისიის ოპტიმისტური განწყობისა, საცდელი სროლებისას გამოვლინილ იქნა რიგი უარყოფითი ფაქტორები:
-         მთავარ უარყოფით ფაქტორს წარმოადგენდა ის, რომ ბოლომდე ვერცერთი ეგზემპლარი ვერ აკმაყოფილებდა მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ დადგენილ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს;
-         ტექნოლოგიური თვალსაზრისით წარმოდგენილი ეგზემპლარების სერიული დამზადება ვერ იძლეოდა დიდ ეკონომიას (წარმოებაში ჩაშვებულ კალაშნიკოვის ავტომატთან შედარებით), ხოლო გარკვეულ საკითხებში ართულებდა კიდევაც საწარმოო პროცესს;
-         საცდელი სროლებისას ტყვიების შეჯგუფება არ იყო სახარბიელო და ამ პუნქტითაც ვერ ჯდებოდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებში.
გამომცდელების მიერ მომზადებული ანგარიში იუწყებოდა: „კონსტანტინოვის ავტომატი ტექნოლოგიურობით, საიმედოობით და  ტყვიების შეჯგუფებით კალაშნიკოვის სერიული ავტომატის დონეზეა, ხოლო დეტალების სიცოცხლისუნარიანობით და წონით ჩამორჩება“. იგივე დასკვნა იქნა გამოტანილი კორობოვის ავტომატზეც (ТКБ-517 პირველი ვარიანტი), რომელიც საიმედოობითაც ჩამორჩებოდა კალაშნიკოვის სერიულ ავტომატს. კალაშნიკოვის ახალი ეგზემპლარი С-04-М ასევე ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. ვინაიდან კონკურსი სასწრაფო წესით უნდა დასრულებულიყო, გაიცა რეკომენდაცია, რომ კონსტრუქტორებს სასწარფოდ მოეხდინათ საცდელი ეგზემპლარების გადამუშევა და შემდგომ ხელახალ საპოლიგონო გამოცდებზე წარდგენა.
როგორც უკვე ვისაუბრეთ სტატიის ზევით, პარალელურ რეჟიმში უნდა გამართულიყო ხელის ტყვიამფრქვევების (მსუბუქი ტყვიამფრქვევების) საგამოცდო კონკურსი. მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ავტომატების და ხელის ტყვიამფრქვევების გამოცდა მომხდარიყო ერთად კომპლექსური სახით. მ.ტ. კალაშნიკოვის ჯგუფმა ავტომატთან ერთად შექმნა საკუთარი ხელის ტყვიამფრქვევი. ასევე ანალოგიური პრინციპით მოიქცა კონსტანტინოვი და სიმონოვი, რომლებმაც კომპლექსურად დაამუშავეს ავტომატი და ხელის ტყვიამფრქვევი, რომლებიც მჭიდების მეშვეობით იკვებებოდნენ. ვ.ვ. დეგტიარევმა (ვ.ა. დეგტიარევის შვილი) და გ.ს. გარანინმა წარმოადგინეს მხოლოდ ხელის ტყვიამფრქვევი, რომლის ვაზნებით კვება ხდებოდა ფირის (ლენტის) მეშვეობით.
1957 წლის იანვარი-თებერვალი (კონკურსის მეორე ტური)
1957 წლის იანვარ-თებერვალში, გაიმართა საპოლიგონო გამოცდები, რომელზეც წარმოდგენილ იყო რამოდენიმე საცდელი ეგზემპლარი. მათ შორის იყო ასევე კომპლექსურად შექმნილი ავტომატები + ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევები:
-         კალაშნიკოვის ავტომატი А-55 + ხელის ტყვიამფრქვევი С-108-М (РП-55 მოგვიანებით დასახელებიდან გაქრა ასო Р და ყტვიამფრქვევს ეწოდა უბრალოდ П-55);
-         კორობოვის გადამუშავებული ავტომატი ТКБ-517 + მის ბაზაზე შექმნილი ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი ТКБ-523. ასევე კორობოვის მიერ წარმოდგენილ იქნა მისი ძველი ავტომატის ТКБ-454 -ის ბაზაზე შექმნილი ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი სახელწოდებით ТКБ-516.М (ТКБ-516М), რომელის ვაზნებით კვება ხდებოდა ფირის მეშვეობით. (აღნიშნულ ეგზემპლარზე შესაძლებელი იყო ფირის მიმღები კონსტრუქციის მოხსნა და პირდაპირ ავტომატის მჭიდის მორგება);
-         კონსტანტინოვის მიერ წარმოდგენილ იქნა ავტომატი 2Б-А-40 + მის ბაზაზე შექმნილი ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი 2Б-П-40.
მიუხედავად იმისა, რომ გამოცდაზე უნდა მომხდარიყო კომპლექსური ეგზემპლარების წყვილის სახით (ავტომატი+ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი) ტესტირება, დაშვებულ იქნენ ასევე ცალკეული ეგზემპლარები:
-          სიმონოვის საცდელი ავტომატები, რომელთა შორისაც იყო АС-104-П-56, АС-106-П-56 და АС-107-П-56;
-         დეგტიარევ-გარანინის ხელის ტყვიამფრქვევი КБ-П-790.
ქვემოთ გთავაზობთ გამოცდებზე წარმოდგენილი ეგზემპლარების მიმოხილვას:
მ.ტ. კალაშნიკოვის კოპლექსი (ავტომატი + ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი)
მ.ტ. კალაშნიკოვოს ჯგუფმა კომპლექსური სახით წარმოადგინა მისი ახალი ავტომატი სამუშაო სახელწოდებით А-55 ხის არასაკეცი კონდახით (ეგზემპლარის № 8) / მეტალის საკეცი დუგლუგით  (ეგზემპლარის № 7) და ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი სამუშაო სახელწოდებით С-108-М (აღნიშნული მოდელი ცნობილია ასევე სახელწოდებით РП-55).  კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევები გამოცდაზე წარმოდგენილი იყო ორი ცალი ეგზემპლარის სახით (ეგზემპლარის ნომრები № 9 და 11).
ავტომატი A-55 ფაქტიურად წარმოადგენდა  იგივე С-04-М მოდელს, თუმცა იგი ისეთნაირად იყო დამუშავებული, რომ მასში გაუმჯობესებულ იქნა საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებები. ავტომატური ჯერებით სროლისას А-55 ტყვიების უკეთესი შეჯგუფებით გამოირჩეოდა. მთავარ გარეგან სხვაობას А-55 მოდელში წარმოადგენდა ახალი ტიპის სექტორული ღია სამიზნე მოწყობილობა, რომელიც 800 მეტრამდე სროლისთვის იყო განკუთვნილი.
იმისათვის რომ ავტომატს საიმედოდ ემუშავა მტვრით დაბინძურებულ გარემოში და საპოხის გარეშე (ან მშრალი საპოხით), მოძრავ დეტალებსა და ლულის კოლოფს შორის უფრო დიდი სივრცე დატოვეს, რაც მინიმუმამდე ამცირებდა მოძრავი დეტალების ხახუნს ლულის კოლოფის კედლებზე.

გამოცდებზე წარმოდგენილი კალაშნიკოვის ავტომატები А-55  (ზევით № 10 ხის კონდახით, ქვევით № 9 მეტალის საკეცი დუგლუგით). გაოცდებზე წარმოდგენილ ეგზემპლარებს სამიზნე მოწყობილობა ჰქონდათ სტანდარტული ტიპის.
როგორც უკვე ავღნიშნეთ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა А-55 მოდელის ორი ვარიანტი 1. მუდმივი (არასაკეცი) ხის კონდახით; 2. მეტალის საკეცი დუგლუგით. А-55 წარმოადგენდა საშტატო კალაშნიკოვის ავტომატის მოდიფიცირებულ ვარიანტს, რომელშიც შესული იქნა ქვემოთ ჩამოთვლილი  კონსტრუქციული ცვლილებები:
-         ლულის კოლოფი დამზადებული იყო დაბეჭდვის მეთოდით, რომელიც 1,1მმ სისქის ფოლადის ფორცლებისგან იბეჭდებოდა. ლულის კოლოფის შიგნით გაკეთებული იყო სპეციალური გადამბმელი, რომლის მეშვობითაც ლულის კოლოფის გვერდითი კედლები მეტი სიმყარისთვის დაკავშირებული იყო ერთმანეთთან;
-         დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმში ჩამატებული იყო სპეციალური შემზღუდველი, რომელიც ზღუდავდა ჩახმახის უკან გადაადგილებას. აღნიშნული ცვლილება განხორციელებულ იქნა იმიტომ, რომ ჩახმახი არ დაჯახებოდა ჩურჩულას. ასეთი შემზღუდველის შემოღება განაპირობა საშტატო კალაშნიკოვებზე (АК) ჩურჩულას დამჭერი ღერძის დაზიანებამ. სროლისას ჩახმახის უკან გადაადგილების დროს ხდებოდა ჩახმახის დაჯახება ჩურჩულაზე რაც იწვევდა ღერძის დაზიანებას. შესაბამისად А-55 -ის ლულის კოლოფის ფსკერზე გაკეთდა შემზღუდველი, რომელიც  ჩახმახს უკან გადაწევის დროს არ აძლევდა საშუალებას დაჯახებოდა ჩურჩლას;
-         А-55 -ის აირგამყვანი ნასვრეტი შემცირდა 3,5მმ-მდე. (მანამდე მისი დიამეტრი შეადგენდა 4,4 (+0,1) მმ-ს);
-         ლულის კოლოფის თავსაფარზე მასრების საექსტრაქციო ფანჯარასთან გაკეთდა სპეციალური დამცავი შემრგვალების სახით, რომელიც ამცირებდა ლულის კოლოფში მტვრის და ქვიშის მოხვედრას;
-         ავტოგამშვები და სასხლეტი კავი ფრეზირების მეთოდის ნაცვლად დამზადდა დაბეჭდვის მეთოდით. ამავდროულად შეიცვალა სასხლეტის ფორმა;
-         ერთეული გასროლისთვის განკუთვნილი ჩურჩულა, ასევე სასხლეტი კავი და ჩურჩულას ფიგურული ზამბარა დამონტაჟებულ იქნა ერთ მთლიან სარჭზე;
-         შეიცვალა მეტალის დუგლუგის საზურგეს ფორმაც. დუგლუგის დასაკეცად საჭირო გახდა შემდეგი ოპერაციის შესრულება: მსროლელს უნდა მოექაჩა საზურგის მარჯვენა მხარე თავისკენ და შემდეგ მოეკეცა დუგლუგის ღეროების გასწვრივ. ახალი ფორმის საზურგე იძლეოდა საშუალებას, რომ ავტომატზე მორგებული 36 ვაზნიანი მჭიდის შემთხვევაში (ეს მჭიდი ეკუთვნოდა კონსტანტინოვის ავტომატს) მოკეცილიყო შეფერხებების გარეშე. დუგლუგის ღეროები მზადდებოა 1,1 მმ სისქის ფოლადის ფურცლებისგან დაბეჭდვის მეთოდის გამოყენებით;
-         ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელურის დამაგრება ხდებოდა ლულის კოლოფზე სპეციალურ ჭრილში დაფიქსირებით და ხრახნის მეშვეობით;
-         მცირედი ცვლილება შეტანილ იქნა ასევე კონდახის დამაგრების მექანიზმში და 15მმ-ით იქნა შემცირებული კონდახის ყელში არსებული ცილინდრული ნახვრეტი, რაც დამატებით სიმტკიცეს მატებდა მას;
-         ავტომატის შემსუბუქების მიზნით ტიბჟირის საგები, შემაერთებელი და დამჭერი შესრულებულ იქნა მსუბუქი შენადნობისგან;
კალაშნიკოვის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი „С-108-М“
ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევის პირველი ვარიანტი ჯერ კიდევ 1955 წელს შემუშავდა კალაშნიკოვის ჯგუფის მიერ. მის ძირითად დეტალებზე მუშაობდა ქარხნა №74 -ის საკონსტრუქტორო ბიუროს წევრი ვ.ვ. კრუპინი (В.В. Крупин). თავდაპირველად ამ მოდელს მიენიჭა სახელწოდება С-108.
ფაქტიურად ეს იყო ჩვეულებრივი კალაშნიკოვის ავტომატი დაბეჭდილი ლულუს კოლოფით და დაგრძელებული ლულით, რომელიც 520მმ-ს შეადგენდა. (საცდელი სახით დამზდდა ასევე ფრეზირებული კოლოფიანი ვარიანტიც). სამიზნე მოწყობილობა  გათვლილი იყო 1000 მეტრამდე სროლისთვის. ასევე კონსტრუქციაში დამატებულ იქნა ორფეხა საკეცი სადგარი. მსუბუქი ტყვიამფრქვევი С-108 იწონიდა 5.09 კგ-ს. საერთო სიგრძე შეადგენდა 1080მმ-ს, ხოლო სამიზნე ხაზის სიგრძე 485მმ-ს. აღნიშნული მსუბუქი ტყვიამფრქვევი ვერ ჯდებოდა კონკურსის მოთხოვნებში, ამიტომ 1956 წელს კალაშნიკოვის ჯგუფმა მოახდინა მისი მოდერნიზაცია და მიენიჭა სახელწოდება „С-108-М“.
ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი „С-108-М“ წარმოადგენდა ავტომატ А-55 -ის ვარიანტს, რომლის ლულა დაექვემდებარა დამძიმებას ლულის კედლების გამსხვილებით და დაგრძელებას. მისი სიგრძე შეადგენდა 590 მმ-ს. მსხვილი (მძიმე) ლულა სიგრძის ხარჯზე ზრდიდა ტყვიის საწყის სიჩქარეს 745 მ/წამამდე, ასევე უკეთეს სიზუსტეს და ტყვიების შეჯგუფებას აჩვენებდა. ლულის გამსხვილებამ გამოიწვია ლულის კოლოფში ჩამაგრებული საგების დიამეტრის გაზრდაც. ამიტომ კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევებზე ლულის კოლოფის წინა ნაწილში ორივე გვერდზე გაჩნდა გამონაზარდი. ლულის და საგების გამსხვილების შემდეგ, ნაკლებად ხდებოდა სავაზნის გაცხელება, რის წყალობითაც შესაძლებელი გახდა ავტომატური ჯერებით ინტესნიური სროლა ისე, რომ მსროლელი განახორციელებდა 180 გასროლამდე, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო ლულის გაგრილება, რათა მაღალი ტემპერატურისგან სავაზნეში თვითნებურად არ აალებულიყო ვაზნა. რიგი დეტალები უფრო მაღალი ხარისხის ფოლადისგან იქნა დამზადებული რამაც რესურსი გაზარდა 25 000 გასროლამდე (ამ მომენტში კალაშნიკოვის სერიული ავტომატების „АК“ რესურსი მერყეობდა 15 000-18 000 გასროლამე). 1956 წლის მიწურულს ხელის ტყვიამფრქვევი „С-108-М“ ისევ გადამუშავდა და მიიღო საბოლოო სახე. აღნიშნულ ტყვიამფრქვევს უკვე აღნიშნავდნენ, როგორც РП-55.
მასში  გამოიყენებოდა გაუმჯობესებული საკეცი ორფეხა სადგარი, რომელიც ვ.ნ. პუშჩინმა (В.Н. Пущин) მა შექმნა. ცვლილება შეეხო ასევე კონდახს, რომელიც დეგტიაროვის ხელის ტყვიამფრქვევის (РПД) ანალოგს წარმოადგენდა.
ფოტოზე გამოსახულია მჭიდის მიმღები და მტვრისგან დამცავი თავსაფარი (ფირფიტა). აღნიშნული თავსაფარი ფიქსირდებოდა მჭიდის ღილაკის მეშვებოთ. მჭიდის მორგებამდე მსროლელი დააწვებოდა მჭიდის ღილაკ-ფისატორს, რის შემდეგაც თავსაფარი საკუთარი ზამბარის მეშვეობით თავისით იხსნებოდა და იკავებდა ფოტოზე მოცემულ მდგომარეობას.
კალაშნიკოვის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევში გამოიყენებოდა ვ.ვ. კრუპინის მიერ შემუშავებული დისკისებური მჭიდი გათვლილი 75 ცალ ვაზნაზე და ასევე დაგრძელებული ავტომატის მჭიდის ანალოგიური ვარიანტი 45 ცალ ვაზნაზე (საცდელი სახით დამზადდა ასევე 40 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდები). ახალი ტყვიამფრქვევის მასა ცარიელი მჭიდით შეადგენდა 5,6 კგ-ს.
ფოტოზე გამოსახულია სრულად დაშლილი კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი РП-55 იგივე П-55.
კალაშნიკოვის ხელის ტყვამფრქვევები გამოცდებზე წარდგენილ იქნა 5 ცალ დისკისებურ მჭიდებთან ერთად, რომელიც დამზადებული იყო მთლიანად მსუბუქი ალუმინის შენადნობისგან АМГ. ასევე დამატებით კომპლექტაციაში იყო 4 ცალი დისკისებური მჭიდი, რომელთაც ჰქონდა ფოლადის თავსაფარი და ფოლადის მიმწოდებელი დოლურა.

ა.ს. კონსტანტინოვის კომპლექსი შედგებოდა მისი გადამუშავებული ავტომატიებისგან 2Б-А-40 ხის არასაკეცი კონდახით და  მეტალის საკეცი დუგლუგით (მოგვიანებით მას მიენიჭა სახელწოდება 2Б-А-45), რომელთა კონსტრუქციაშიც შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები. ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა შემდეგი ფაქტორები:
-         გაუმჯობესდა ტყვიების შეჯგუფება ავტომატური ჯერებით სროლისას;
-         კაფსულ-მაალებლებელზე საცემი ნემსის დარტყმა გახდა უფრო ძლიერი (მანამდე სუსტი დარტყმის შედეგად ხშირი იყო მტყუნება ე.წ. „ასეჩკა“);
-         გაიზარდა ავტომატის საქესპლუატაციო თვისებები;
-         გაადვილდა ავტომატის დაშლა / აწყობია;
-        შემცირდა დეტალების დაბინძურება დენთის წვის შედეგად გამოყოფილი პროდუქტებით;
-         შეიცვლა ტიბჟირის კონსტრუქცია, რამაც უზრუნველყო უკეთესი თბოარიდება.
-    თავდაპირველად  გადასატენი სახელური კონსტანტინოვის ავტომატებზე (2Б-А-40)განთავსებული იყო მარცხენა მხარეს, მოგვიანებით ეს ცვლილებაც განხორციელდა და სახელური მარჯვენა მხარეს გადანაცვლდა. ცვლილება შეეხო აგრეთვე გადასატენი სახელურის ფორმას. თავდაპირველად იგი იყო ცილინდრული ფორმის, რომელსაც გააჩნდა ნაჭდევები. შემდეგ მისი ფორმა გახდა ნამგალისებური.

მიუხედავად რიგი ფაქტორების გაუმჯობესებისა, მაინც რჩებოდა გარკვეული ნაკლოვანებები, რომლის გამოსწორებაც დღის წესრიგში იდგა. მთავარ ნაკლოვანებას წარმოადგენდა საბრძოლო ზამბარის დაბალი სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და კონდახის დამაგრების სისუსტე რაც ექსპლუატაციისას იწვევდა კონდახის მორყევას. საცდელ სროლებზე ასევე დაფიქსირდა ერთი საშიში მინუსი. ცხელი ლულის შემთხვევაში სავაზნეში არსებული ვაზნა თვითნებურად ალდებოდა.
1957 წელს  წარმოდგენილი კონსტანტინოვის ავტომატები (ზევით № 2 ხის კონდახით, ქვევით № 1 მეტალის საკეცი დუგლუგით).
1957 წელს წარმოდგენილი კონსტანტინოვის ავტომატები (2Б-А-40 / 2Б-А-45), 1956 წელს გამოცდილი ავტომატებისგან (2Б-А-30/2Б-А-35) განსხვავდებოდა რამოდენიმე ძირითადი კონსტრუქციული სხვაობით:
1.    ტყვიების შეჯგუფების გაუმჯობესების მიზნით გატარდა შემდეგი ღონისძიებები:
-         40 გრამით შემცირდა სასხლეტის წონა;
-         20 მმ-ით გაიზარდა მოძრავი დეტალების სვლა (მანამდე სვლა შეადგენდა 100მმ-ს, ხოლო გადამუშავების შედეგად გაიზარდა 120მმ-მდე);
-        გაიზარდა საბრძოლო ზამბარის ძალისხმევა, რომლის წყალობით ჩახმის ჩურჩულიდან მოწყვეტის მომენტიდან - საცემზე დარტყმის მომენტამდე გასული დრო ერთეული გასროლებისას მინიმუმადე იქნა შემცირებული;
-         შეიცვალა კონდახის დახრის კუთხე;
-         შეიცვალა უკანა სამიზნე მოწყობილობის ჭრილის და წინა სამიზნის კუთხური თანაფარდობის სიდიდე, რაც უფრო მოხერხებულს ხდიდა დამიზნებას;

2.    ცვლილებები, რომელიც მიმართული იყო კაფსულ-მაალებელზე სუსტი დარტყმის აღმოსაფხვრელად:
-         შეიცვალა საკეტზე არსებული ჭრილი, რომელზეც ზემოქმედებდა ჩახმახი;
-        გადამუშავდა ჩახმახის გეომეტრიული ფორმები, რამაც შეამცირა ჩახმახის მოძრაობისას ხახუნი. ასევე გადამუშავების შედეგად შეიცვალა ჩახმახის მოძრაობის მანძილი. ჩახმახი კონსტანტინოვის ავტომატში არ იყო კალაშნიკოვის მსგავსი. იგი იყო მოგრძო ცილინდრული დეტალის სახით, რომელიც დარტყმას გადასცემდა საცემს. დაახლოებით მსგავსი ჩახმახი გამოიყენება ჩეხურ ავტომატში Vz.58;
 
-         საბრძოლო ზამბარის ძალისხმევა გაიზარდა 3,7-3,9 კგ-მდე (მანამდე შეადგენდა 3,1 კგ-ს);

3.    სხვა ცვლილებები:
-         თბოარიდების მიზნით ლულის სავაზნე ნაწილის გარე დიამეტრი გაიზარდა ლულის სავაზნე ნაწილის გამსხვილების ხარჯზე;
-         თბოარიდება გააუმჯობესა ასევე ლულის კოლოფში ფრეზირების მეთოდით დამზადებული საგების ჩაყენებამ, რომელიც ასრულებდა სავაზნის უკან საბრძოლო ბჯენებისთვის განკუთვნილი დეტალის დანიშნულებას;
-         სავაზნის უკანა ნაწილში ასევე გაკეთდა 8მმ სიგრძის ცილინდრული მონაკვეთი, რომელიც აუმჯობესებდა ობტურაციას და ამცირებდა ავტომატის დეტალების დაბინძურებას დენთვის წვის შედეგად გამოყოფილი პროდუქტებისგან;
-         შეიცვალა დამაბრუნებელი და საბრძოლო მექანიზმის კონსტრუქცია. დამაბრუნებელი ზამბარა განთავსდა ორ ცალ ტელესკოპურ მილაკში, რომელიც საბრძოლო ზამბარის შიგნით იყო განთავსებული;
-         გადამუშავებას დაექვემდებარა ასევე გამშვები (სასხლეტი) მექანიზმი;
-         მასრების ამომგდები გახდა დეგტიარევის ხელის ტყვიამფრქვევის (РПД) ანალოგიური, რაც აადვილებდა აღნიშნული კვანძის დაშლა-აწყობას;
-         სამიზნე თამასაზე (პლანკაზე) დატანლ იქნა  ციფრი 10 (1000 მეტრამდე სროლისთვის. მანამდე დატანილ იყო 8 – 800 მეტრამდე დამიზნებისთვის);
-         გაიზარდა ღრიჭო ლულასა და ლულის ზედსადებს (ასევე ტიბჟირს) შორის, რაც ინტენსიური სროლისას ამცირებდა ცხელი ლულისგან ტიბჟირის და ლულის ზედსადების გაცხელებას. შეიცვალა ასევე ტიბჟირის და ლულის ზედსადების გარეგანი ფორმები (მანამდე იგი იყო ამობურცული ნეკნებით, ხოლო გადამუშავების შედეგად გახდა სწორი);
-        შეიცვალა მცველის და სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტის მოყვანილობა, რაც უფრო მოსახერხებელი იყო მსროლელისთვის. ასევე გარდა ბერკეტის მოყვანილობისა გადამუშავდა მისი კონსტრუქცია, რამაც გააუმჯობესა გადამრთველის საიმედოობა;
-         შეიცვალა ლულის კოლოფის თავსაფრის დამჭერი ფიქსატორის კონსტრუქცია, რამელიც უფრო საიმედოდ ახდენდა თავსაფრის დაფიქსირებას;
-         გამყარდა ზუმბას (შომპოლის) დამჭერი, რაც უზრუნველყოფდა მის საიმედო დაჭერას. (ეს ცვლილება შეტანილ იქნა ქარხნული გამოცდის შემდეგ. ქარხნულ გამოცდებზე დაფიქსირდა ზუმბას თვითნებური ამოვარდნა სამაგრიდან);
-         გადამუშავდა ღვედის წინა და უკანა სამაგრების ფორმა, რაც უზრინველყოფდა კალაშნიკოვის ავტომატის საშტატო ღვედის გამოყენებას;
-         ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელურის ლოყებს (პანელებს) დაემატა მეორე ხრახნი, რაც ზრდიდა ლოყების დამაგრების საიმედოობას;
კონსტანტინოვის კომპლექსში შედიოდა მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი სახელწოდებით 2Б-П-40, რომელიც წარმოადგენდა მისივე კონსტრუქციის 2Б-П-25 ვარიანტის გადამუშავებულ მოდელს (მოდელი 2Б-П-25, ჯერ კიდევ 1956 წელს დაექვემდებარა გამოცდას და საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა).

კონსტანტინოვის ხელის ტყვიამფრქვევი 2Б-П-40
ფოტოზე გამოსახულია სრულად დაშლილი კონსტანტინოვის ხელის ტყვიამფრქვევი 2Б-П-40
მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი 2Б-П-40 კონსტანტინოვის ავტომატისგან განსხვავდებოდა დაგრძელებული ლულით, გაზრდილი ტევადობის მჭიდით, რომელიც 75 ვაზნაზე იყო გათვლილი და კონდახის ფორმით (კონდახი აღებულ იქნა დეგტიარევის ხელის ტყვიამფრქვევიდან (РПД). სავაზნეში შესრულებული იყო 6 ცალი რეველის ტიპის ღარი. ფაქტიურად ხელის ტყვიამფრქვევის ყველა დეტალი (გარდა ლულისა და კონდახისა) გადმოტანილ იქნა კონსტანტინოვის ავტომატისგან 2Б-А-40 / 2Б-А-45, რაც უნიფიცირების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. 75 ვაზნიანი მჭიდი იყო დისკისებური ფორმის, რომელშიც 3 რიგად თავსდებოდა ვაზნები. მოგვიანებით ასევე გაკეთდა ოთხრიგიანი მჭიდი. გამოცდაზე წარმოდგენილი იქნა 2 ცალი ტყვიამფრქვევი 2Б-П-40 (ეგზემპლარის ნომრები № 2 და 3).
ტყვიამფრქვევის მჭიდის სამაგრი იყო უნივერსალური და იღებდა, როგორც დისკისებურ მჭიდს, ასევე კალაშნიკოვის ავტომატის (АК) საშტატო მჭიდებს. მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევი 2Б-П-40 წონით აჭარბებდა დადგენილ მოთხოვნებს. ფოლადის ფურცლისგან დამზადებული დისკისებური მჭიდით იწონიდა 5,73კგ-ს, ხოლო მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული დისკისებური მჭიდით 5,6 კგ-ს. გამოცდებზე კონსტანტიონოვის ხელის ტყვიამფრქვევები დაკომპლექტებულ იქნა მსუბუქი შენადნობისგან (АМГ) დამზადებული 10 ცალი ოთხრიგიანი სექტორული მჭიდით, რომელთაგან 4 ცალი გათვლილი იყო 70 ცალ ვაზნაზე, ხოლო 6 ცალი 60 ცალ ვაზნაზე.
გ. კორობოვის კომპლექსი შედგებოდა გადამუშავებული ავტომატისგან ТКБ-517, რომელშიც გადამუშავდა შემდეგი დეტალები:
ფოტოზე გამოსახულია გ.კორობოვის გადამუშავებული ავტომატები ТКБ-517, რომელიც გამოცდაზე იქნა წარმოდგენილი (ზევით № 8 ხის კონდახით, ქვევით № 7 მეტალის საკეცი დუგლუგით).
-         შეიცვალა სროლის ტემპის შემანელებელი ბერკეტის კონფიგურაცია და გახდა უფრო საიმედო;
-         ლულის კოლოფის დამზადება მოხდა ორი თანაბარი ზომის ფოლადის ფურცლისგან სისქით 1,5მმ, რომელიც დაბეჭდვის მეთოდით ფორმირდებოდა და შემდგომ სპეციალური მოქლონებით საიმედოდ იკვრებოდა. (მანამდე ლულის კოლოფი მზადდებოდა 1მმ სისქის ფოლადის ფურცლებისგან);
-         უკანა სამიზნე მოწყობილობა შეიცვალა ახალი ტიპის ქანქარიანი სექტორული სამარჯვით;
-         წონის შემსუბუქების მიზნით ლულის სიგრძე შემცირდა 20 მმ-ით (მანამდე იყო 450მმ, ხოლო გადამუშავების შემდეგ 430მმ);
-         ლულის უკანა ნაწილში ქვემოთა მხრიდან გაჩნდა 2 ცალი შვერილი, რაც ამცირებდა ვაზნის მიწოდებისას შეფერხების ალბათობას;
-         გაიზარდა საბრძოლო ზამბარის მიმმართველი ღერძის დახრის კუთხე, რაც უზრუნველყოფდა სასხლეტი მექანიზმის უფრო რბილ მუშაობას. აღნიშნული ცვლილების შედეგად ჩახმახის წონა გაიზარდა 17 გრამით;
-         ჩახმახი დაბეჭდვის მეთოდის ნაცვლად მზადდებოდა ფრეზირების მეთოდით;
-         საკეცი მეტალის დუგლუგით აღჭურვილ ეგზემპლარში დამატებულ იქნა სპეციალური ფიქსატორი, რომელიც ლულის კოლოფის უკანა ნაწილში განთავსდა და საიმედოდ ახდენდა დუგლუგის დაფიქსირებას (დაკეცილ/გაშლილ მდგომარეობაში);
-         გადამუშავდა ტიბჟირის გარეგანი ფორმა და მისი დამაგრების მეთოდი;
-         შეიცვალა მცველის და სროლის რეჟიმების გადამრთველი დროშისებური ბერკეტის ფორმა;
-         გადამუშავდა ღვედის სამაგრის ფორმა;
-         ზუმბას სიგრძე გაიზარდა 45მმ-ით რაც აადვილებდა ლულის წმენდას (მანამდე იმდენად მოკლე ზუმბა გამოიყენებოდა, რომ ზედმეტად ართულებდა ლულის არხის მთელი სიგრძის წმენდას);
-         ზუმბას ბოლოში დაემატა სპეციალური კუდი, რომელიც ასრულებდა წინა სამიზნე მოწყობილობის სარეგულერებელი გასაღების დანიშნულებას.

კორობოვის კომპლექსში შედიოდა მსუბუქი ხელის ტყვიმფრქვევი ТКБ-523, რომელიც წარმოადგენდა ავტომატის (ТКБ-517) ანალოგს. მთავარი სხვაობა მდგომარეობდა ლულის სიგრძეში, კონდახის ფორმაში და მჭიდის ტევადობაში. ТКБ-523 დაკომპლექტებული იყო 75 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით.
კორობოვის მიერ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა ასევე ხელის ტყვიამფრქვევი ТКБ-516М, რომელიც ფირის მეშვეობით იკვებებოდა. ვაზნებით სავსე ფირი ჩახვეული იყო სპეციალურ დისკისებურ ყუთში. გამოცდაზე წარმოდგენილ იქნა ორი ეგზემპლარი (ეგზემპლარის ნომრები № 6 და 8).
გ.კორობოვის ხელის ტყვიამფრქვევი ТКБ-516
ფოტოზე (ქვემოთ) გამოსახულია გ.კორობოვის მიერ გამოცდაზე წარმოდგენილი სრულად დაშლილი ხელის ტყვიამფრქვევი ТКБ-516. ტყვიამფრქვევი ისევე, როგორც კორობოვის  ავტომატი (ТКБ-517) მუშაობდა ნახევრადთავისუფალი საკეტის პრინციპით. სავაზნეში გაკეთებული იყო 3 ცალი გრძივად შესრულებული რეველის ტიპის ღარი.
კორობოვის ხელის ტყვამფრქვევები (ТКБ-516)  გამოცდებზე წარდგენილ იქნა 6 ცალ დისკისებურ სავაზნე ყუთთან ერთად, რომელიდანაც 4 ცალი დამზადებული იყო მთლიანად ფოლადისგან, ხოლო 2 ცალი  მსუბუქი ალუმინის შენადნობისგან АМГ. დისკისებურ ყუთში თავსდებოდა 100 ცალ ვაზნაზე გათვლილი ფირი.
 
ს.გ. სიმონოვის ავტომატები  АС-106-П-56 (მეტალის საკეცი დუგლუგით)  და АС-107-П-56 (ხის არასაკეცი კონდახით).
ფოტოზე გამოსახულია სიმონოვის ავტომატები, რომელიც გამოცდაზე იქნა წარმოდგენილი (ზევით № 103 ხის კონდახით, ქვევით № 104 მეტალის საკეცი დუგლუგით).
აღნიშნული ავტომატები, მუშაობის პრინციპით წარმოადგენდნენ სიმონოვის თვითდამტენი კარაბინის „СКС“ მოდიფიკაციას, რომელშიც გამოყენებულ იქნა გარკვეულწილად ახალი გადაწყვეტილებები. მისი ლულის კოლოფი გამოირჩეოდა კომპაქტურობით, რადგანაც დამაბრუნებელი ზამბარა გადატანილ იქნა აირის დგუშის ღეროზე. ამდაგვარი კონსტრუქციის გამოყენებით ლულის კოლოფის სიგრძე შეადგენდა ლულის სიგრძის 45%-ს.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ იყო მაინცდამაინც გამართლებული, რადგანაც სიმონოვმა არ გაითვალისწინა ამ გზით წასული საბჭოთა კონსტრუქტორის დექტიარევის ცუდი გამოცდილება. მსგავსი პრინციპით ჯერ კიდევ 1926-1927 წელს დეგტიარევმა საკუთარი კონსტრუქციის ხელის ტყვიამფრქვევში (ДП) განათავსა დამაბრუნებელი ზამბარა ლულის ქვემოთ, რაც ხშირი შეფერხებების მიზეზი გახდა. ლულის ქვემოთ განთავსებული ზამბარა ცხელდებოდა და მალე კარგავდა ელასტიურობას, რასაც თან ახლავდა მუდმივი შეფერხებები. გარდა ამისა დამაბრუნებელი ზამბარის სიცოცხლისუნარიანობა საგრძნობლად მცირდებოდა. სწორედ ამიტომ დეგტიარევმა მოდერნიზირებულ ტყვიამფრქვევში (ДПМ), დამაბრუნებელი ზამბარა გადაიტანა ლულის კოლოფში. კიდევ ერთერთი თავისებურება სიმონოვის ავტომატებში АС-106-П-56 / АС-107-П-56 მთლიან მოხსნად მოდულში განთავსებული დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, რაც აადვილებდა ავტომატის მომსახურებას საველე პირობებში. ლულის კოლოფი დამზადებული იყო ფრეზირების მეთოდით, რომელზეც ლულა მაგრდებოდა ხრახნის მეშვეობით. სიმონოვის ავტომატში მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველი წარმოადგენდა დამოუკიდებელ ბერკეტს. ლულის კოლოფის თავსაფარი შედგებოდა ორი დეტალისგან: 1. თავსაფარი; 2. თავსაფრის უკანა კედელი, რომელიც СКС -ის მსგავსად მაგრდებოდა ლულის კოლოფზე. დუგლუგი დამონტაჟებული იყო 2 ცალი მიმმართველით, რომელიც ლულის კოლოფის გასწვრის მოძრაობდა (წინ-უკან). სიმონოვის ავტომატის ხის დეტალები მზადდებოდა ნატურალური არყის ხისგან, რაც არღვევდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს (ТТТ № 006823). მოთხოვნების თანახმად ხის დეტალები უნდა დამზადებულიყო ნეკერჩხლისგან. ფაქტიურად АС-106-П-56 და АС-107-П-56 წარმოადგენდა იგივე СКС-АКС-74-П-52 (АКС-53) ავტომატურ კარაბინს, რომელიც ჯერ კიდევ 1952 წელს დამზადდა და გამოიცადა მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატ-კარაბინებთან (ОПЛ) ერთად.
დეგტიარევ-გარანინის ხელის ტყვიამფრქვევი КБ-П-790 წარმოადგენდა გადამუშავებულ ეგზემპლარს, რომელიც ჯერ კიდევ 1956 წელს იქნა საპოლიგონო გამოცდებზე წარდგენილი. მასში გამოიყენებოდა ნახევრადთავისუფალი საკეტი, რომლის შენელებაც სპეციალური ბერკეტის მეშვეობით ხდებოდა, ხოლო სავაზნეში გაკეთებული იყო 4 ცალი რეველის სისტემის ღარები. აღნიშნული ტყვიამფრქვევი ისროდა მხოლოდ ავტომატური ჯერებით. სროლის დროს გადასატენი სახელური არ მოძრაობდა.
გამოცდაზე წარმოდგენილ იქნა ტყვიამფრქვევის 2 ცალი ეგზემპლარი (ეგზემპლარის ნომრები № 6 და 7), რომლებიც დაკომპლექტებულ იქნა 10 ცალი დისკისებური სავაზნე ყუთით. აღნიშნული ყუთებიც დამზადებული იყო მსუბუქი შენადნობისგან АМГ.
ვაზნებით კვება ხორციელდებოდა დეგტიარევის ხელის ტყვიამფრქვევის (РПД) ფირით, რომელშიც 100 ცალი ვაზნა თავსდებოდა. გადამუშავების შედეგად გაიზარდა საერთო კვანძების და მექანიზმის საიმედოობა ტყვიამფრქვევის გართულებულ პირობებში გამოყენებისას და ასევე გაიზარდა დეტალების სიცოცხლისუნარიანობა. იგი  გახდა უფრო მოსახერხებელი, შემცირდა მოძრავი დეტალების დენთის ნამწვით დაბინძურება და მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ვაზნის თვითაალება.
ფოტოზე გამოსახულია სრულად დაშლილი ხელის ტყვიამფრქვევი КБ-П-790

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილია გამოცდაზე წარდგენილი ავტომატების მახასიათებლები. აღნიშნული ცხრილი შედგენილია ГАУ-ს და НИПСМВО -ს არქივებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით

გამოცდების მიმდინარეობის პროცესი
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ეგზემპლარებისგან განსხვავებით, სიმონოვის ავტომატები АС-106-П-56 (მეტალის საკეცი დუგლუგით სერიული ნომერი 104) / АС-107-П-56 (ხის მუდმივი კონდახით სერიული ნომერი 103) შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით უკან იყო, რადგანაც მათ ჯერ უნდა გაევლოთ ქარხნული გამოცდები საცდელ საკონსტრუქტორო ბიუროში „ОКБ-180“ (სწორედ ამ ბიუროში დამზადდა ეს ავტომატები) და შემდეგ მოხდებოდა მათი საპოლიგონო გამოცდა.
გამოცდებზე წარმოდგენილი ეგზემპლარებიდან სულ ჯამში გასროლილ იქნა 281 649 ცალი ვაზნა. საგამოცდო-სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ გარკვეული პირები:  ინჟინერ-ვიცეპოლკოვნიკები Ф.А. Блантер, Ю.Э.Илгаж, Е.А. Слуцко, В.Г. Лугов, А.А.Малимон და Н.А.Слюсарь, ინჟინერ-მაიორი М.Б. Махатов, კაპიტანი В.Ф. Ефимов და М.Н. Крылов, უფროსი ტექნიკოს-ლეიტენანტი М.Г. Бабкин და ტექნიკ-ლეიტენანტები В.И. Малофеев და А.Н. Сычев.
გამოცდებს ესწრებოდნენ ასევე კონსტრუქტორები, საკონსტრუქტორო ბიუროს წარმომადგენლები, თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს და მთავარი საარტილერიო სამმართველოს წარმომადგენლები. ქვემოთ გთავაზობთ მათ სიას: მთავარი საარტილერიო სამმართველოდან (ГАУ) В.С. Дейкин და  А.Д. Ермоленко; თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროდან (МОП) К. М. Обыденкин; სამეცნიერო კვლევითი ტექნოლოგიური ინსტიტუტის № 40  (Научно-исследовательский технологический институт №40 შემოკლებით НИТИ-40).– წარმომადგენელი В. А. Гремиславский. ქარხანა  №74 -დან М. Т., Калашников, А. Г. Козлов, Е. В. Богданов, А. Д. Крякушин. ცენტრალური-საკონსტრუქტორო ბიუროდან (ЦКБ-14) – Г. А. Коробов, П. А. Богославский, В. С. Дегтярёв, А. Ф. Торгашев, В. С. Федосеев Ю. А. Панов. საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროდან (ОКБ-575) – А.М. Никифоренко, И. И. Потапов, В. В. Дегтярёв А. С. Константинов, Е. К. Александрович, В. А. Романов, Ю. А. Дмитриев, Н. А. Ранцев, С. Н. Расчётнов, В. Д. Лобанов, Р. И. Дороднов და М. Ф. Помыкалов.
გამოცდებზე წარმოდგენილ იქნა ყველა კონსტრუქციის თითო ცალი ავტომატი ორ მოდიფიკაციად 1. ხის არასაკეცი დუგლუგით; 2. მეტალის საკეცი დუგლუგით. ყველა ავტომატი დაკომპლექტებული იყო ხიშტ-დანით. კონკურსზე წრმოდგენილი ეგზემპლრაბეიდან. კალაშნიკოვის და სიმონოვის ავტომატები მუშაობდა ლულის არხიდან აირების გაყვანის პრინციპით, ხოლო კორობოვის და კონსტანტინოვის ავტომატები ეფუძნებოდა ნახევრადთავისუფალი საკეტის სქემას ლულაში არსებული რეველის ტიპის ღარებით.
გამოცდებზე ყველა ავტომატის ვაზნებით კვება ხორციელდებოდა კალაშნიკოვის ავტომატის საშტატო მჭიდით, რომელიც დამზადებული იყო მსუბუქი შენადნობისგან (АМГ). ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა კორობოვის ავტომატკი ТКБ-517, რომელშიც გამოიყენებოდა სპეციალური მჭიდი საკეტის შემაჩერებლით (ანუ ბოლო ვაზნის გასრლის შემდეგ საკეტი, რომ დარჩენილიყო ღია მდგომარეობაში, გამოიყენებოდა სპეციალური მჭიდი). კორობოვის ავტომატი მუშაობდა კალაშნიკოვის საშტატო მჭიდითაც, თუმცა ასეთ შეთხვევაში ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი არ დარჩებოდა ღია მდგომარეობაში. შესაძლებელი იყო თუ არა კორობოვის ავტომატის მჭიდის გამოყენება სხვა ავტომატებში? დიახ შესაძლებელი იყო, თუმცა ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ მოხდებოდა მიმწოდებლის დეფორმირება ან მოტეხვა. გამოცდებზე წარმოდგენილი კონსტანტინოვის ავტომატი დაკომპლექტებული იყო ასევე გრძელი მჭიდით, რომელშიც 36 ცალი ვაზნა თავსდებოდა.
გამოცდებზე წარმოდგენილი ავტომატებიც და ხელის ტყვიამფრქვევები დაკომპლექტებული იყო ფუჭი (ე.წ. ხალასტოი) ვაზნების გასასროლად საჭირო მოწყობილობებით.
იმისათვის, რომ კორობოვის, დეგტიარევ-გარანინის და კონსტანტინოვის ნახევრადთავისუფალ საკეტიან სქემას სათანადოდ ემუშავა ფუჭი ვაზნებით სროლისას, დაზადებულ იქნა მოწყობილობა სპეციალური ღეროსებრი ფორმით, რომელიც ლულის წინა ნაწილიდან უნდა ჩამაგრებულიყო ლულაში. გამოცდებისას აღმოჩნდა, რომ 100 ვაზნის გასროლის შემდეგ აღნიშნული ღეროები იწყებდა დეფორმირებას და დნებოდა. ასევე ამ მოწყობილობის გამოყენებისას გასროლის ხმა საგრძნობლად მცირდებოდა, რაც არ იძლეოდა გასროლის ხმის ზუსტ იმიტაციას. ამ კუთხით კალაშნიკოვის მოწყობილობა იყო ბევრად მოსახერხებელი.

გამოცდების ჩატარება ხდებოდა 1955-1956 წლებში შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით. აღნიშნული მეთოდოლოგიის პროგრამა გულისხმობდა შემდეგი ტიპის გამოცდებს და შემოწმებას:
იარაღების ექსპლუატაცია გართულებულ პირობებში
- მშრალი (საპოხის გარეშე) დეტალებით სროლა მინუს 5 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. (მინუს 5 გრადუს ტემპერატურაზევე ინახებოდა, როგორც საცდელი ეგზემპლარები, ასევე ვაზნები);
-  მშრალი (საპოხის გარეშე) დეტალებით სროლა მინუს 50 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. (მინუს 50 გრადუს ტემპერატურაზე ინახებოდა, როგორც საცდელი ეგზემპლარები, ასევე ვაზნები);
-  მშრალი (საპოხის გარეშე) დეტალებით სროლა მინუს 50 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. (მინუს 50 გრადუს ტემპერატურაზე ინახებოდა საცდელი ეგზემპლარები, ხოლო ვაზნები მინუს 70 გრადუს ცელსიუსზე);
-   დენთის წონის 10% -ით შემცირებული და მომატებული  მუხტით სროლა;
-   გაპოხილი ვაზნებით სროლა;
-   მტვრით დაბუნძურებული იარაღით სროლა (დაბინძურება ხდებოდა სპეციალურ კამერაში, რომელშიც დამონტაჟებული იყო მტვრის საფრქვევები);
-   ტრანსპორტირებისას მტვრით დაბინძურებული იარაღით სროლა;
-   იარაღების ქვიშაში გორაობის შემდეგ სროლა;
-  იარაღების წვიმით დასველება (სპეციალუი საშხაპეების მეშვეობით) და შემდეგ სროლა;
-  იარაღების ამოყირავებულად დაჭერა და სროლა;
- როგორც ზევით, ასევე ქვევით 85 გრადუსიანი დახრის კუთხით სროლა;
-  5 დღე ღამის მანძილზე გაუწმენდავად გამოყენება სხვადასხვა კომბინირებულ პირობებში.
იარაღების ექსპლუატაცია ნორმალურ პირობებში
- ტყვიის საწყისი სიჩქარეების განსაზღვრა ქრონოგრაფების გამოყენებით;
- მოძრავი დეტალების სიჩქარის გაზომვა სროლისას;
- ტყვიების შეჯგუფების დადგენა, როგორც ერთეული, ასევე ავტომატური ჯერებით სროლისას. სროლა წარმოებდა სხვადასხვა მდგომარეობებიდან (ბჯენის გამოყენებით/ბჯენის გარეშე/ დაწოლილი პოზიციიდან, დამჯდარი პოზიციიდან, დამდგარი პოზიციიდან სროლა);
- საბრძოლო სწრაფსროლის და ცეცხლის ეფექტურობის დადგენა, როგორც შეტევისას, ასევე თავდაცვითი და გამაგრებული პოზიციებიდან;
- დეტალების რესურსის განსაზვრა დიდი რაოდენობით სროლისას;
- საიმედოობის განსაზღვრა დიდი რაოდენობით სროლისას (გამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის ტყვით დამუხტული ვაზნები. ტყვია ფოლადის გულარით "ПС", ცეცხლგამჩენი ტყვია "З", ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ტყვია "БЗ", მგეზავი ტყვია "Т-45".)
სხვადასხვა საექსპლუატაციო თვისებების შეფასება
- რამდენად მოსახერხებელია იარაღის არასრული დაშლა-აწყობა;
- რამენად მოსახერხებელია იარაღის წმენდა/მოვლა;
- რამდენად მოსახერეხებელია იარაღის დათვალიერება/შემოწმება;
სიმყარის და სიცოცხლისუნარიანობის შემოწმება
- რამდენად უძლებს ძირს დაგდებას;
- რამდენად უძლებს ხელჩართულ ბრძოლაში გამოყენებას;
- ბევრჯერადი ოპერაციებით შემოწმება (გადატენვა, დამუხტვა, განმუხტვა, მჭიდის მოხსნა-მორგება, სროლის რეჟიმების და მცველის ბერკეტის მოძრაობა, "ცივი გასროლა" (ვაზნის გარეშე), რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობის ხამუტების მოძრაობა, კონდახში განთავსებული საწმენდი აქსესუარების ამოლაგება-ჩალაგება, დაშლა-აწყობა).

გამოცდებმა სტარტი აიღო 1957 წლის 17 იანვარს და დასრულდა 26 თებერვალს.
გამომცდელების მიერ ეგზემპლრაბის შესწავლისას გამოვლინდა, რომ კონსტანტინოვის ავტომატების და მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევის დეტალები (გარდა ლულისა და კონდახისა), ასევე კალაშნიკოვის საცდელი ავტომატების და ხელის ტყვიამფრქვევის დეტალები (გარდა ლულისა და კონდახისა) იყო აბსოლუტურად იდენტური, რაც გაადვილებდა წარმოების პროცესს. 
გამოცდების შედეგად დადგინდა, რომ კონსტანტიონოვის ავტომატები და მსუბუქი ტყვიამფრქვევები დეტალების უნიფიკაციის კუთხით ყველაზე წინ იყო. ამ კუთხით ასევე ლიდერობდა კალაშნიკოვის მიერ წარმოდგენილი ავტომატები და ხელის ტყვიამფრქვევი. კონსტანტინოვის ავტომატი საიმედოობის კუთხითაც (სხვადასხვა პირობებში სროლის ტესტის შედეგად) წინ იყო, ხოლო ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი მასის (წონის) კუთხით უგებდა კონკურსზე წარმოდგენილ სხვა ანალოგიურ ეგზემპლარებს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად კონსტანტინოვის ავტომატს ჰქონდა მთელი რიგი საბრძოლო და საექსპლუატაციო ნაკლოვანებები, რომელიც თავად კონსტრუქციიდან გამომდინარეობდა. ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრა შეუძლებელი იქნებოდა თუკი არ მოხდებოდა ძირეული გადამუშავება/გადაკეთება.

1957 წლის 4 ივნისს გამოცდების ანგარიშში გაწერილ იქნა სხვადასხვა პირობებში გამოცდილი ეგზემპლარების შედეგები:
* იარაღის გამოყენება გართულებულ პირობებში
1) კალაშნიკოვის ავტომატები А-55
-დიდი რაოდენობით შეფერხებები სროლისას (შეფერხებებმა შეადგინა 16,3%-მდე). კომბინირებული სროლისას ავტომატმა შეწყვიტა მუშაობა;
2) კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევები П-55
-ყველა პირობებში მუშაობდა საიმედოდ. გამონაკლისს წარმოადგენდა ქვიშაში გორაობის შემდეგ სროლა (მიუხედავად იმისა, რომ ქვიშაში გორაობისას გამოიყნებოდა მჭიდის მიმრებ ფანჯარზე დამონტაჯებული მტვრისგან დამცავი ფირფიტა, შეფერხებების რაოენობამ შეადგინა 9,3%. შეფერხების მიზეზი ხდებოდა საკეტის ბოლომდე არ დაკეტვა. შეფერხების აღმოფხვრა: ხდებოდა მსროლელის მიერ საკეტზე ხელის დაჯახებით დაკეტვა).
3) გ.კორობოვის ავტომატები ТКБ-517
-ისევე როგორც კალაშნიკოვის ავტომატმა, შეწყვიტა მუშაობა კომბინირებულ პირობებში სროლის დროს, ხოლო ქვიშაში გორაობის შემდეგ შეუძლებელი იყო ერთეული გასროლების განხორცილება.
-საპოხის გარეშე მინუს 50 გრადუს ცელსიუსზე ავტომატი ვერ ფუნქციონირებდა საიმედოდ.
სხვა კონსტრუქციული ნაკლოვანება
-კორობოვის ავტომატზე დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც, მასრა იჭედებოდა საკეტსა და ლულის კოლოფს შორის. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ გდამუშავებას საჭიროებდა მასრების ამრეკლი და ექსტრაქტორი.
4) კორობოვის ხელის ტყვიამფრქვევები ТКБ-516
-სავაზნეში ვაზნის მიწოდებისას დაფიქსირდა კაფსულ მაალებლის ინერციული აალება, რის შედეგადაც მასრა სკდებოდა ლულის კოლოფშივე. მასრის გახეთქვა იწვევდა ლულის კოლოფის გაბერვას/დეფორმაციას და მასრების ამომგდების გატეხვას. ასევე კაფსულის ინერციული დაზიანება ხდებოდა ავტმატის კონდახის მყარ ზედაპირზე დაჯახებისას.
ფოტოზე გამოსახულია ინერციული აალების შედეგად გაგლეჯილი მასრები
მასრის გაგლეჯვისას გარდა იარაღის დაზიანებისა, იყო მსროლელის დაზიანების რისკი მასრის ნამსხვრევებით ან დენთის აირებით.
- დეგტიარევის ხელის ტყვიამფრქვევის (РПД-44) საშტატო სავაზნე ფირის გამოყენებისას, კორობოვის ტყვიამფრქვევი არასაიმედოდ მუშაობდა;
- ასევე არასაიმედოდ მუშაობდა თავისივე სავაზნე ფირის გამოყენების შემთხვევაში.
- ამბრაზურიდან სროლის დროს მასრები ეჯახებოდა ან ფრონტალურ კედელს, ან ჭერს, რის შედეგადაც მსროლელს თავში და მხრებში ხვდებოდა. აღნიშნული ფაქტი იწვევდა, როგორც დისკომფორტს და მსროლელის ყურადღების გადატანას, ასევე იყო ცხელი მასრისგან დამწვრობის მიღების შანსი.
5) კონსტანტინოვის ავტომატები 2Б-А-40 / 2Б-А-45
-დიდი რაოდენობით შეფერხებები გაპოხილი ვაზნებით და 10%-ით მომატებულ დენთის მუხტიანი ვაზნებით;
- შეფერხებები მტვრით დაბინძურებული მექანიზმისას;
- ავტომატი არასაიმედოდ მუშაობდა ასევე ქვიშაში გორაობის შემდეგ, დენთის მუხტის 10%-ით შემცირებული ვაზნების გამოყენებისას და მაღალი ტემპერატურისას 50-70 გრადუს ცელსიუსზე გათბობისას.
სხვა კონსტრუქციული ნაკლოვანება
- კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენდა მჭიდიდან ვაზნის თვითნებური დაძვრა (ვაზნის ინერციული დაძვრა) იმ მომენტში, როდესაც საკეტი უკან გადაადგილებისას ეჯახებოდა ლულის კოლოფს. აღნიშნულ ფაქტორი იწვევდა შეფერხებას ვაზნის მიწოდებისას. როდესაც გამოცდებზე გამოყენებულ იქნა პრიალა ლაკით დაფარული მასრები, შეფერხებები კიდევ უფრო გახშირდა. გასროლებისას ამ ფაქტორით გამოწვეულმა შეფერხებაბმა შეადგინა 4,4%.
6) ს.სიმონოვის ავტომატები
- ვერ მუშაობდა მტვრით დაბინძურების, ქვიშაში გორაობის და წვიმის შემდეგ;
- არასაიმედოდ მუშაობდა მინუს 5 და მინუს 50 გრადუს ცელსიუსზე. ასევე არასაიმედოობას აჩვენებდა მომატებული დენთის მუხტიანი ვაზნების გამოყენებისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მისი გამოცდა კომბინირებულ პირობებში, ტყვიების შეჯგუფებაზე და რესურსის შესამოწმებლად აღარ განხორციელებულა.
7) დეგტიარევ-გარანინის ხელის ტყვიამფრქვევები КБ-П-790
-ვერ მუშაობდა მტვრით დაბინძურების;
-არასაიმედოდ მუშაობდა ქვიშაში გორაობის შემდეგ;
-ასევე არასაიმედოდ მუშაობდა თავისუფლად ჩამოკიდებული 100 ცალ ვაზნიანი ფირის შემთხვევაში და მომატებული ტემპერატურის დროს.
-დაკეცილი ორფეხა საყრდენით სროლის შემთხვევაში დეგტიარევ-გარანინის ტყვიამფრქვევი უმართავი ხდებოდა.
თუმცა რიგ წყაროებში მოცემულია, ინფორმაცია, რომ დეგტიარევ-გარანინის ხელის ტყვიამფრქვევმა აჩვენა მაღალი საიმედოობა სხვადასხვა პირობებში სროლისას, მაგრამ გააჩნდა საკმაოდ დაბალი სიცოცხლისუნარიანობის მქონე ლულის კოლოფი და რიგი დეტალები, რომელთა რესურსიც ვერ აკმაყოფილებდა ნორმებს. გასროლებისას 22 ცალი წვრილი დეტალი (ზამბარები, ღერძები, ფიქსატორები და ა.შ.) დაზიანდა. 3 ადგილას დაზიანდა ლულის კოლოფი, რაც მოძრავი დეტალების მაღალი სიჩქარით იყო გამოწვეული. ასევე იყო გარკვეული ტექნიკური მინუსები, რომელიც მოითხოვდა კონსტრუქციულ გადაკეთებას. დეგტერიავ-გარანინის ეგზემპლარი კონკურსზე წარმოადგენდა მხოლოდ ერთი სახის იარაღს წყვილის გარეშე (ანუ არ იყო კომპლექსური სახით ავტომატი+ხელის ტყვიამფრქვევი), შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდგომი სამუშაოები ამ იარაღზე აღარ გაგრძელებულიყო.  იგივე ბედი ეწია ასევე სიმონოვის საცდელ ავტომატებსაც. მიუხედავად დახარჯული ძალისხმევისა, სიმონოვის ავტომატები ვერ მუშაობდა საიმედოდ, რაც გახდა მათი გამოცდიდან ნაადრევად მოხსნის მიზეზი.
ზევით მოყვანილ პუნქტებში არსად არ არის ნახსენები კორობოვის ხელის ტყვიამფრქვევის ТКБ-523 შედეგები. თუმცა რიგ წყაროებში მოცემულია ინფორმაცია, რომ გამოცდების პროცესში კორობოვის ხელის ტყვიამფრქვევმა (ТКБ-523) აჩვენა ყველაზე საუკეთესო გამძლეობა და დეტალების სიცოცხლისუნარიანობა.

* ტყვიების შეჯგუფება საცდელ სროლებზე
ერთეული გასროლებისას ტყვიების შეჯგუფების კუთხით თითქმის ყველა წარმოდგენილი იარაღი ერთმანეთის მსგავს შედეგს აჩვენებდა და ყველა ჯდებოდა მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ შემუშავებულ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებში (ტტმ ერთეული გასროლისას = 100 მეტრზე არაუმეტეს 10 სმ-ანი წრე). რაც შეეხება მოკლე ავტომატური ჯერებით სროლას (3-5 გასროლა) დაწოლი მდგომარეობიდან და ბჯენის გამოყენებით 100 მეტრ დისტანციაზე უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 20 სმ-ანი წრე. აღმიშნულ მოთხოვნას აკმაყოფილებდა მხოლოდ გ. კორობოვის ავტომატები (ТКБ-517). საკონსტროლო სახით წარმოდგენილი კალაშნიკოვის საშტატო ავტომატი АК, კონსტანტინოვის ავტომატები 2Б-А-40 / 2Б-А-45  და სიმონოვის ავტომატები  აჩვენებდნენ ერთმანეთის მსგავს შედეგს. ეს შედეგები კოობოვის ავტომატთან(ТКБ-517) შედარებით იყო 1,5 ჯერ უარესი. ხოლო კალაშნიკოვის ავტომატები А-55 აჩვენებდა კორობოვის ავტომატთან შედარებით 2 ჯერ უარეს შედეგს.
კორობოვის ТКБ-517 ლიდერობდა ასევე სხვა მდგომარეობებიდან (დაწოლილი ბჯენის გარეშე, ფეხზე მდგარი) სროლის შემთხვევაში.
გამოცდაზე წარმოდგენილი ხელის ტყვიამფრქვევებიდან ვერცერთი ვერ აკმაყოფილებდა მთავარი საარტილერიო სამმართველოს ტაქტიკურ ტექნიკურ მოთხოვნებს ტყვიების შეჯგუფების კუთხით (ტტმ = 100 მეტრზე სროლის შემთხვევაში არა უმეტეს 15სმ-ანი წრე). ასევე ყველა ხელის ტყვიამფრქვევი ტყვიების შეჯგუფების კუთხით ჩამორჩებოდა შეიარაღებაში არსებულ დეგტიარევის ხელის ტყვიამფრქვევს (РПД-44). თუმცა ამ ცუდ შედეგებში კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევი РП-55 და გ.კორობოვის ტყვიამფრქვევები აჩვენებდა კონკურენტებზე უკეთეს შედეგს.

ცეცხლის ეფექტურობის შემოწმება შეტევითი და დაცვითი (გამაგრებული) პოზიციიდან სროლისას
რიგ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ ამ კუთხითაც ლიდერობდა კორობოვის ავტომატები, თუმცა არსად არა მოცემული თუ რა კრიტერიუმებით მოხდა აღნიშნული შეფასების გაკეთება. არსებობს პირვანდელი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კორობოვის ავტომატი ჩამორჩება კონკურენტებს მიზნის დაზიანების სიხშირის კუთხით. აღნიშნული ცხრილი მომზადბულია დოკუმენტის თანახმად
ტყვიამფრქვევების შედეგები ამ კუთხით იყო ერთმანეთის იდნტური და იდგნენ შეარაღებაში არსებული დეგტიარევის ხელის ტყვიამფრქვევის (РПД-44) დონეზე. ასეთივე შედეგი იყო ტყვიამფრქვევების  საბრძოლო სწრაფსროლის კუთხით. მხოლოდ კორობოვის ტყვიამფრქვევი გამოირჩეოდა 13%-ით დაბალი საბრძოლო სწრფსროლით, რაც დაბალი სროლის ტემპით და გადატენვისათვის საჭირო მეტი დროით იყო განპირობებული.
ავტომატები საბრძოლო სწრაფსროლით იდგნენ შეიარაღებაში არსებული კალაშნიკოვის საშტატო ავტომატის АК დონეზე.

ინტენსიური სროლით შემოწმება ლულის და სავაზნის გაცხელებაზე
მთავარი სარტილერიო სამმართველოს მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ ავტომატებს გაგრილების გარეშე გაესროლა 180 ცალი ვაზნა. ხოლო ხელის ტყვიამფრქვევებს 300 ცალი ვაზნა. გასროლების შემდეგ 1 ცალ ვაზნას ტოვებდნენ ლულის სავაზნეში, რათა დადგენილიყო გაცხელებულ სავაზნეში თუ მოხდებოდა ვაზნის თვითნებური აალება. ამ ტესტს კარგად გაართვა თავი კალაშნიკოვის ავტომატმა А-55. კორობოვის და კონსტანტინოვის ავტომატებმა 150 გასროლის შემდეგ მოახდინეს ვაზნის თვითნებური აალება. ხოლო კორობოვის, კონსტანტინოვის და დეგტიარევ-გარანინის ხელის ტყვიამფრქვევებში 300 ვაზნის გასროლის შემდეგ ხდებოდა ვაზნის თვითნებური აალება მაღალი ტემპერატურისგან.

საექსპლუატაციო თვისებების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ყველა ეგზემპლარს ჰქონდა ჩავარდნები. ზიანდებოდა მჭიდები, კონდახი, ტიბჟირი, ტყვიამფრქვევების სადგარი ფეხები და სხვა დეტალები.
მთავარმა საარტილერიო სამმართველომ (ГАУ) 1957 წლის 3 ივლისს დაამტკიცა პოლიგონ НИПСМВО-ს დასკვნა, რომელშიც დაფიქსირებულ იქნა:
1. 7,62მმ-ანი კალაშნიკოვისკ კორობოვის, კონსტანტინოვის და სიმონოვის ავტომატები, ასევე კალაშნიკოვის, კორობოვის, კონსტანტინოვის და დეგტიარევ-გრანინის მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევები, რიგი საექპლუატაციო მახასიათებლებით ვერ აკმაყოფილებენ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს.
2. კალაშნიკოვის ავტომატები და ხელის ტყვიამფრქვევი, ასევე კორობოვის ავტომატები და ხელის ტყვიამფრქვევი მიზანშეწონილია გადამუშავდეს და აღმოფხვრილ იქნას გამოცდების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები.
შესაბამისად თავდაცვის სამინისტრომ გამოყო სახსრები, რომლითაც დაფინანსდებოდა კალაშნიკოვის და კორობოვის ავტომატების (ასევე ხელის ტყვიამფრქვევების) გადამუშავებისათვის საჭირო სამუშაოები.
ზევით მოყვანილი დასკვნის საფუძველზე, კონსტანტინოვი გამოეთიშა ასპარეზობას, თუმცა თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს (МОП) დახმარებით და დაფინანსებით საცდელ საკონსტრუქტორო ბიუროს (ОКБ-575), რომელშიც მუშაობდა კონსტანტინოვი გადაერიცხა თანხა, რომელითაც კონსტრუქტორმა მაინც გააგრძელა მისი ავტომატების და ხელის ტყვიამფრქვევის სასწრაფო წესით გადამუშავება. ხოლო 1957 წლის 20 აგვისტოს მთავარი საარტილერიო სამმართველოს წერილის თანახმად კონსტანტინოვს დართეს ნება გაეგრძელებინა გამოცდებში მონაწილეობა.

გაგრძელება იქნება!

No comments:

Post a Comment