კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 3)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 1)
სტატიის მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე >  კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 2)
ფოტოზე მოყვანილია 1947 წელს დამზადებული კალაშნიკოვის ავტომატის სხვადასხვა ვარიანტები
1947 წელს გამართული კონკურსის დასრულების შემდეგ სასწრაფო წესით დამტკიცებულ იქნა სერიული წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ნახაზები, ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და სხვა), რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო კალაშნიკოვის ავტომატის სერიული პარტიის დამზადება სამხედრო (საარმიო) გამოცდებისთვის. 1948 წლის 21 იანვარს საბჭოთა კავშირის შეიარაღების მინისტრმა დ.ფ. უსტინოვმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმად 1948 წლის 1 ივნისს მზად უნდა ყოფილიყო 7,62 მმ-ან ვაზნაზე (7,62х39) გათვლილი კალაშნიკოვის ავტომატის (AK-47), სიმონოვის თვითდამტენი კარაბინის (СКС) და დეგტიარევის ხელის ტყვიამფრქვევის (РПД-44) საცდელი სერიული პარტია.
კალაშნიკოვის ავტომატის (АК-47) სერიული პარტიის დამზადება უნდა მომხდარიყო ქალაქ იჟევსკის მოტოქარხანაში (ქარხანა №524). ავტომატისთვის განკუთვნილი მჭიდების დამზადება დაევალა ტულის იარაღის ქარხანას (ТОЗ). ავტომატების დამზადებას უხელმძღვანელებდა შეიარაღების მინისტრის მოადგილე პ.პ. ბარსუკოვი (П.П. Барсуков). ავტომატების სერიული დამზადებისას დადგა საჭიროება, რომ გადამუშავებულიყო ტექნიკური დოკუმენტაცა, რაზეც მ.ტ. კალაშნიკოვს და ა.ა. ზაიცევს 2კვირიანი ვადა მიეცათ. შემდგომ კალაშნიკოვი ქ. კოვროვის ქარხნიდან (ქარხანა №2) მივლინებულ იქნა იჟევსკის მოტოქარხანაში №524. მას თან გაჰყვნენ კოვროვის №2 ქარხნის წარმომადგენლები ა.ა. ზაიცევი,  ვ.ი. სოლოვიევი და ვიცე პოლკოვნიკი ვ.ს. დეიკინი. როგორც უკვე ვისაუბრეთ სტატიის პირველ/მეორე ნაწილში, ეს სამი პიროვნება კალაშნიკოვის ავტომატის შექმნაში ყველაზე მეტად იყვნენ ჩართულნი. ასევე იჟევსკის მოტოქარხანაში კალაშნიკოვთან ერთად მივლინებულ იქნა კაპიტანი ს. სუხიცკი (С.Я. Сухицкий). სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ, სერიული წარმოების ათვისებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა ვ.ი. სოლოვიევმა, რომელიც ავტომატის სერიულ წარმოებაში ჩაშვების შემდეგ დაბრუნდა ქალაქ კოვროვში. ვ.ი. სოლოვიევის მიერ ჩატარებულ იქნა ყველა ანალიტიკური სამუშაოები და სერიული დამზადებისათვის საჭირო გათვლები. ასევე მის მიერ დამუშავდა საწარმოო ტექნიკური პოროცესის მეთოდიკის ნიუანსები. ავტომატების სერიულ დამზადებაზე ქარხნის მხრიდან პასუხისმგებლობა დაეკისრა მთავარ კონსტრუქტორს დ.ა. ვინოკგოიზს (Д.А. Винокгойз). 1948 წლის მაისის დასაწყისში უკვე მზად იყო კალაშნიკოვის ავტომატის პირველი საცდელი პარტია 100 ცალი ეგზემპლარის სახით, რომელიდანაც 2 ცალი ეგზემპლარი (1 ცალი АК-47 და 1 ცალი АКС-47)  გამოცდას გაივლიდა პოლიგონ НИПСМВО-ზე, ხოლო დანარჩენი 98 ცალი ავტომატი უკვე შემდგომ დაიგზავნებოდა სამხედრო გამოცდების გასავლელათ. 18 მაისს საცდელი პოლიგონის (НИПСМВО) ხელმძღვანელმა, პალკოვნიკმა მატვეევმა მიიღო ბრძანება მთავარი საარტილერიო სამმართველოს საინჟინრო-საარტილერიო სამსახურის გენარალ-მაიორ კიკოინისგან, რომლის თანახმად უნდა მომხდარიყო კალაშნიკოის ავტომატების გამოცდა. გამოცდა უნდა განხორციელებულიყო სხვადასხვა ქარხნის მიერ წარმოებული და სხვადასხვა პარტიის ვაზნებით, რომელიც დამზადებულ იქნა №3, №539 და №543 ქარხნების მიერ. სროლების დროს გამოყენებულ უნდა ყოფილიყო როგორც ბიმეტალის, ასევე სპილენძის მასრიანი ვაზნები, რომლებიც დამუხტული იქნებოდნენ გარსიანი ტყვიებით (ტყვიის გულარით) და გარსიანი ტყვიებით ფოლადის გულარით.
ს.გ. სიმონოვის ავტომატები
მიუხედავად იმისა, რომ 1948 წელს სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი СКС ახლოს იყო შეიარაღებაში მიღებასთან და შეიძლება ითქვას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა გამარჯვებას, კონსტრუქტორი პარალელურად მაინც აგრძელებდა  ავტომატზე მუშაობას. სიმონოვს და არა მარტო მას ჰქონდა იმის იმედი, რომ იქნებ კალაშნიკოვზე უკეთესი ეგზემპლარი შეექმნა.  მის მიერ 1948 წელს წარმოდგენილ იქნა ნახევრად თავისუფალი საკეტის სქემით მომუშავე ავტომატი  სახელწოდებით АС-19П, რომელსაც დამაბრუნებელი ზამბარა და ლულის კოლოფის უკანა ნაწილი კონდახში ჰქნდა ჩამონტაჟებული.
ფოტოზე გამოსახულია АС-19П. კალიბრი 7,62х39; მჭიდის ტევადობა 30 ვაზნა; საერთო სიგრძე 852მმ; წონა მჭიდის გარეშე 3,2კგ.
1949 წელს სიმონოვის მიერ გადამუშავდა მისი ავტომატი და შეიქმნა ახალი მოდელი АС-21П, თუმცა საბოლოოდ კალაშნიკოვის ავტომატის (АК-47) შეიარაღებაში მიღების გამო სიმონოვის ეგზემპლარები არ იქნა განხილული.

პირველი სერიული АК-47
იჟევსკში მდებარე ქარხანა ემზადებოდა კალაშნიკოვის ავტომატის სერიული წარმოებისათვის, რომელსაც დამატებითი გამოცდები უნდა გაევლო. სერიული ავტომატების კონსტრუქციაში კალაშნიკოვის ჯგუფის მიერ შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები:
ა) ლულის კოლოფის კედლების გასამაგრებლად იმ ნაწილში სადაც ისინი უერთდებოდნენ საგებს (ლეინერს), კედლების კვეთის ადგილას გაკეთებულ იქნა სიმრგვალეები.
ბ) ავტომატი დაკომპლექტდა აქსესუარებით: საწმენდი ღერო, საწმენდი ჯაგრისი, სახრხანისი “პანჩით”  (ე.წ. Выколотка), რომლებიც მოთავსებული იყო სპეციალურ „პენალში“. ასევე ავტომატის აქსესუარებში შედიოდა ორყელიანი საზეთე. პენალი აქსესუარებით ინახებოდა ავტომატის კონდახის საზურგის მხრიდან გაკეთებულ სპეციალურ ბუდეში (ფუღუროში) და დახურული იყო თავსაფარით,  ხოლო საზეთე ინახებოდა მჭიდების ჩანთაზე არსებულ პატარა ჯიბეში. მჭიდების ჩანთაში თავსდებოდა 5 მჭიდი.
გ) გადამუშავება შეეხეო ავტომატის ზუმბასაც (შოპოლს), რომლის დიამეტრიც გაიზარდა 5მმ-მდე;
დ) მცველის და სროლის რეჟიმების გადამრთველ ბერკეტზე არსებულმა შვერილმა (გამონაზარდმა) გადაინაცვლა ბერკეტის ქვედა მხარეს. ასევე ლულის კოლოფზე სროლის რეჟიმების გადამრთველის სამოძრაო ხაზზე, გაკეთდა სპეციალური ღერძი ამობორცული თავით, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავდა ბერკეტის გადაადგილებას ქვევით;
ე) უკანა სამიზნეს შკალაზე დაემატა მუდმივი დამიზნების დანაყოფი (ე.წ. П) და მომრგვალდა სამიზნის თავის ჭრილი;
ვ) გადამუშავდა ტიბჟირის ფორმა და ქვედა ნაწილში გაუკეთდა გამსხვილება;
ზ) საკიდი ქამრის (ღვედის) წინა ყულფი შესრულებულ იქნა ტიბჟირის სამაგრ წვეროსთან ერთად;
თ) შეიცვალა მჭიდის ღილაკ ფიქსატორის და შესაბამისად მჭიდზე არსებული შვერილის ფორმა;
პოლიგონნზე გამართული გამოცდებისას ავტომატმა გაიარა რთულ პირობებში სროლის ტესტი, რომელიც გულისხმობდა მშრალი დეტალებით სროლას, შედედებული (შესქელებული) საპოხით სროლას, დამტვერილი მექანიზმით სროლას, წვიმის პირობებში სროლას, წყალში დასველების შემდეგ სროლას, ყინვაში -45 გრადუს ცელსიუსამდე სროლას. ასევე სროლა გაიმართა ნორმალურ პირობებშიც. საბოლოდ კალაშნიკოვის ავტომატმა ვერცერთ პირობებში სროლისას ვერ აჩვენა ტექნიკურ დოკუმენტაციაში გაწერილი საიმედოობის მოთხოვნები. მოთხოვნების თანახმად ადვილად აღმოფხვრადი შეფერხებების რაოდენობა საცდელ სროლებზე უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 0.5%. რეალურად კი გამოცდისას შეფერხებების რაოდენობამ შეადგინა 1,67 დან - 3,34 %-მდე. ხოლო ავტომატის ქვიშაში გორაობის ტესტის შემდეგ იგი საერთოდ აღარ ფუნქციონირებდა. დაფიქსირდა საკეტის ქვემოთ გადახრის  შემთხვევებიც, რის შედეგადაც დგუშის ღერო იჭედებოდა აირის მილაკში. სიტუაცია დაამძიმა დეტალების დაბალმა რესურსმაც. ჩახმახი მალე განიცდიდა ცვეთას, ასევე ცვეთას განიცდიდა საკეტი, რომელიც შუაზეც კი გატყდა. ზედმეტ ცვეთას განიცდიდა მასრების ამომგდები და მისი ზამბარა. კრახი განიცადა ლულის კოლოფმაც, რომელსაც მჭიდის ფანჯარასთან გაუჩნდა ბზარები და მოირყა მასზე არსებული მოქლონები (ე.წ. ზაკლიოპკები). დადგენილ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა ასევე ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების შეჯგუფება.
1948 წლის ივნისის მიწურულს და ივლისის დასაწყისში მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატმა გაიარა ასევე აირ-დინამიური ბალანსის ტესტი, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა ქარხნის სერიულად წარმოებული ვაზნების გასროლას და ლულის არხში (ასევე დგუშზე) წნევის გაზომვას. აღნიშნულმა ტესტმა აჩვენა, რომ კალაშნიკოვის ავტომატი მგრძნობიარე იყო გარკვეული პარტიის ვაზნების მიმართ და აჩვენებდა  ბალისტიკური მახასიათებლების უფრო დიდ გაბნევას, ვიდრე სიმონოვის თვიტდამტენი კარაბინი (СКС-45) და დეგტიაროვის ხელის ტყვიამფრქვევი (РПД-44). ამავე ცდაზე გამოვლინდა, რომ შედარებით მაღალი წნევის წარმოქმნისას საკეტი იმდენად სწრაფად ასრულებდა მოძრაობის ციკლს, რომ არ ხდებოდა ვაზნის მიწოდება. მარტივად რომ ვთქვათ საკეტი ახტებოდა მჭიდის გამომავალ ყელში არსებულ ვაზნას. ხოლო დაბალი წნევის შემთხვევაში საკეტის ჩარჩო ვერ ახერხებდა სრული მანძილის უკან გავლას და მტვრით დაბინძურებული მექანიზმით ან მშრალი (საპოხის გარეშე) მექანიზმით ვაზნის მიწოდებას. აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო იმით, რომ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ავტომატური იარაღის მოძრავი დეტალების სიჩქარის გათვლის რაიმე მეთოდი. შესაბამისად ოპტიმალური სიჩქარის შერჩევა ხდებოდა ლულიდან აირგამყვანი ნასვრეტების სხვადასხვა დიამეტრის შერჩევით (ვარირებით) და ცდების ჩატარებით. ასევე ცდები ტარდებოდა დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიის შემცირება/მომატებით (დამძიმება/შემსუბუქებით).
1948 წლის ივლისში დამზადებულ იქნა და გამოცდას დაექვემდებარა ორი ცალი ავტომატი, რომელშიც გათვალისწინებული იყო მანამდე ჩატარებული აირ-დინამიური ბალანსის კვლევები. აღნიშნულ ავტომატებს გამოცდისას არ ჰქონდა თანდართული ტექნიკური დოკუმენტაცია, რაც იმ პერიოდში იშვიათობას წარმოადგენდა და შეიძლება ითქვას, რომ არღვევდა როგორც მთავარი საარტილერიო სამმართველოს(ГАУ), ასევე პოლიგონის (НИПСМВО)  პროცედურებს. მაიორ დეიკინის განცხადებით ავტომატში გადამუშავებული იყო შემდეგი კვანძები:
ა) ჩახმახის უფრო რბილი შეყენებისთვის, დამრგვალებულ იქნა ის ნაწილი სადაც უკან მოძრავი საკეტი ედებოდა (ებჯინებოდა) ჩახმახს და იწვევდა მის შეყენებას;
ბ) დამაბრუნებელი ზამბარის ენერგია შემცირდა 6,0-6,3 კგ-მდე (მანამდე მისი ენერგია შეადგენდა 8,4-8,8კგ-ს);
გ) აირგამყავნი ნასვრეტის დიამეტრი გაიზარდა 4,4-4,5მმ-მდე (მანამდე მისი დიამეტრი შეადგენდა 4მმ-ს);
დ) მცირედით დამოკლდა დგუშის სიგრძე;

ე) დგუშის უკანა ნაწილში „ფასკის“ გამოყენებით აღებულ იქნა მეტალის გარკვეული ნაწილი;
ვ) გამყარებულ იქნა ლულის კოლოფის ზედა ნაწილში და საგებ ლეინერზე არსებული მოქლონების (ე.წ. ზაკლიოპკების) გარე თავები;

ზ) მანამდე წარმოდგენილ საცდელ ეგზემპლართან შედარებით გადამუშავდა მეტალის საკეცი დუგლუგის ფიქსატორის კონსტრუქცია. ასევე საკეცი დუგლუგის მარჯვენა თამასაზე გაჩნდა სპეციალური ღარი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა დაკეცილი დუგლუგის შემთხვევაში სროლის რეჟიმების ბერკეტის დაყენება ერთეული გასროლების პოზიციაზე.
1948 წლის 28 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართა გადამუშავებული ავტომატების 2 ცალი ეგზემპლარის გამოცდა, რომლებმაც წინა ეგზემპლარებთან შედარებით დადებითი შედეგები აჩვენეს. ავტომატის მოძრავი დეტალები საიმედოდ ფუნქციონირებდა, თუმცა მათი რესურსი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. სროლისას გატყდა საბრძოლო ზამბარა და მასრების ამომგდების ზამბარა. ასევე გაიღუნა ამომგდების ღერძი. ლულის კოლოფზე მიმაგრებული საგების (ლეინერის) დამჭერი მოქლონები კი კვლავ განიცდიდა რყევას. გარდა ზემოაღნიშნულისა ავტომატის წყლით დასველების შემდეგ გაიბერა ლულის ზედსადებზე და ტიბჟირზე არსებული ხის ნაწილი, რის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ზედსადების მოხსნა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პარალელურად სხვა ჯგუფიც ანხორციელებდა კალაშნიკოვის ავტომეტების გამოცდას. (აღნიშნული ჯგუფი გამოცდას ატარებდა 6 ივლისდან 10 ივლისის ჩათვლით). რატომ მოხდა ასე, რომ ორი ჯგუფი ანხორციელებდა ავტომატების გამოცდას? აქაც რაიმე „გაცურებას“ ხომ არ ჰქონდა ადგილი? ამ შეკითხვეაზე პასუხის გაცემა დღეს შეუძლებელია, თუმცა ფაქტი ერთია 10 ივლისს დასრულებული გამოცდის შემდეგ კალაშნიკოვის ავტომატი (АК-47) რეკომენდირებულ იქნა სამხედრო გამოცდებზე დასაშვებად. ერთადერთი გადაწყვეტილება რაც მიღებულ იქნა ამ გამოცდების შედაგად იყო ის, რომ ავტომატებს სამხედრო გამოცდებზე სათადარიგო ინვენტარის კომპლექტში (ЗИП) უნდა გაჰყოლოდა სათადარიგო მასრების ამომგდები და მისი ზამბარა. შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა სამხედრო გამოცდებისთვის განკუთვნილი სერიული პარტიის დამზადება, რომელიც გამოცდებს გაივლიდა სხავადასხვა სამხედრო ნაწილში. მიუხედავად ამ ყველაფრისა კალაშნიკოვის ავტომატის ტყვიების შეჯგუფება ავტომატური სროლის დროს კვლავ ვერ აკმაყოფილებდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს. მოთხოვნები იყო შემდეგი სახის: ერთეული გასროლებით 100 მეტრამდე სროლისას R100 უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 15სმ. ხოლო r50 არაუმეტეს 6 სმ. ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში კი R100 უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 35სმ, ხოლო r50 არაუმეტეს 14სმ. რეალურად კი ავტომატური ჯერით სროლისას მიღებულ იქნა შემდეგი საშუალო მონაცემები R100 = 53 სმ და r50 = 24 სმ, რაც თითქმის ორჯერ აჭარბებდა დადგენილ ნორმებს.
ავტომატური რეჟიმის დროს ტყვიების გაფანტვის გამოსასწორებლად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა კომპენსატორების გამოცდა-გამოყენებას, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ იქნა მიღებული ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებში გაწერილი დამაკმაყოფილებელი შედეგი. გარდა ამისა კომპენსატორების გამოყენება ზედმეტად ზრდიდა აკუსტიკური ტალღის დარტყმას მსროლელზე. ყოველასათვის მოულოდნელად მთავარი საარტილერიო სამმართველოს შეიარაღების ხელმძღვანელმა ინჟინერ-პოლკოვნიკმა სერგეევმა გასცა განკარგულება, რომ საერთოდ ამოეღოთ ავტომატის კონსტრუქციიდან ლულის მუხრუჭ-კომპენსატორი და გამოეცადათ ავტომატი მჭიდის მიწაზე დაბჯენით. ამდაგვარი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ავტომატური ჯერებით სროლისას გაუმჯობესბულიყო ტყვიების შეჯგუფება მჭიდის, როგორც საბჯენის გამოყენბის ხარჯზე და აღმოფხვრილიყო არაეფექტური ლულის კომპენსატორის შედეგად წარმოქმნილი აკუსტიკური ზემოქმედება მსროლელზე. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ მუხრუჭ-კომპენსატორის კონსტრუქციიდან ამოღების იდეა თავად კალაშნიკოვს მოუვიდა, მაშინ როდესაც იარაღის გამოცდებს ესწრებოდა საბჭოთა კავშირის მარშალი ნ.ნ. ვორონოვი (Н.Н. Воронов), რომელმაც შენიშვნა მისცა კალაშნიკოვს იარაღის გასროლისას გაუსაძლის ხმასთან დაკავშირებით.
1948 წლის აგვისტო-ოქტომბერში გამართულ ხელახალ გამოცდებზე კალაშნიკოვის ავტომატმა აჩვენა მოულოდნელი შედეგები. კომპენსატორის გარეშე ავტომატი უკეთესი სიზუსტით გამოირჩეოდა. ასევე ავტომატური ჯერებისას არ იყო არანაირი სხვაობა კომპენსატორიან და უკომპენსატორო ავტომატს შორის. გამომცდელები ამბობდნენ, რომ უკუცემა ისევ იგივე დონეზე შენარჩუნდა და გასროლის ხმაც აღარ იყო გაუსაძლისი. გამომცდელების აზრით მჭიდის მიწაზე დაბჯენით სროლისას (ანუ მჭიდის საყრდენად გამოყენების დროს) ტყვიების გაფანტვა შემცირდა დაახლოებით 2,5 ჯერ. გასროლების შემდეგ გადამოწმებულ იქნა მჭიდები და მათი ფიქსატორი. აღმოჩნდა, რომ ისინი ინარჩუნებდნენ საიმედოობას და არანაირ მორყევას არ ჰქონდა ადგილი.
აღნიშნული შედეგების შემდეგ მთავარმა საარტილერიო სამმართველომ გასცა ბრძანება, რომ დამზადებულიყო ავტომატების ახალი სერიული პარტია მუხრუჭ-კომპენსატორის გარეშე, რომელიც გაივლიდა სამხედრო გამოცდებს. ზუსტად ამ პერიოდში მთავარმა საარტილერიო სამმართველომ მიიღო კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება. კალაშნიკოვის ავტომატის სერიული პარტიის დამზადება უნდა მომხდარიყო არა იჟევსკში მდებარე № 524 მოტოქარხანაში, არამედ იჟევსკის №74 ქარხანაში (ახლანდელი „იჟმაში“) („Ижмаш“). რატომ მაინცდამაინც ეს ქარხანა? ალბათ უკვე მიხვდით. სწორედ ამ ქარხნის კედლებში ჰყავდათ გამოკეტილი გერმანელი კონსტრუქტორი ჰუგო შმაიზერი, რომელიც კალაშნიკოვის ავტომატის სერიულ წარმოებაში ჩაშვებაში უნდა დახმარებოდა ქარხანას. რათქმაუნდა ამის შესახებ დღეს არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი ან თუ არსებობს გასაიდუმლოებულია. შესაბამისად ეს ინფორმაციაც არაა ჭეშმარიტება და მხოლოდ ერთგვარი საფუძვლიანი ვარაუდია, რომელსაც აქვს უფლება არსებობდეს.

АК-47 სამხედრო (საარმიო) გამოცდებზე
ავტომატების სამხედრო გამოცდა განხორციელებულ იქნა 1948 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. (რიგ წყაროებში შეიძლება შევხდეთ, რომ სამხედრო გამოცდები კალაშნიკოვმა გაიარა ივნისის თვეში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ივნისში ჩატარებული გამოცდები არ იყო სამხედრო. ის იყო საპოლიგონო გამოცდები НИПМСВО-ს ტერიტორიაზე). სამხედრო გამოცდები ჩატარებულ იქნა მოსკოვის, ლენინგრადის და შუააზიის სამხედრო ოლქებში. საბოლოოდ АК-47-ის ახალმა სერიულმა პარტიამ აჩვენა საუკეთესო და იმ პერიოდისათვის არნახული შედეგები. ადვილად აღმოფხვრადი შეფერხებების რაოდენობამ საცდელ სროლებზე შეადგინა 0,13 % (იმ პერიოდში მოთხოვნების თანახმად დაშვებული იყო 0,5 %). მიუხედავად იმისა, რომ АК-47 -მა წარმატებულად გაართვა თავი სამხედრო გამოცდებს, მაინც გამოიკვეთა კონკრეტული სამსახურეობრივ-საექსპლუატაციო ნიუანსები, რომელიც საჭიროებდა დამუშავებას, მაგალითად გამოცდებში მონაწილე ჯარისკაცები უკმაყოფილონი იყვნენ საკეცი დუგლუგით, რომელიც მოუხერხებლად ჯდებოდა მსროლელის მხარზე და სროლის დროს ჰქონდა მხრიდან მოცურების ტენდენცია. 1948 წლის 11 დეკემბერს იჟევსკში მდებარე ქარხანა № 74 -ის ტერიტორიაზე გამოცდას დაექვემდებარა სამხედრო გამოცდების შედეგად გადამუშავებული ეგზემპლარი, რომლიდანაც მოახდინეს 13350 გასროლის განხორციელება (მეტი გასროლა ვერ მოხერხდა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ქარხნის ტერიტორიაზე აღარ იყო ავტომატისთვის საჭირო ვაზნები). გასროლების შემდგომი დათვალიერებისას ავტომატის დეტალებს არ აღენიშნებოდა რაიმე მნიშვნელოვანი ცვეთის კვალი, ხოლო შეფერხებების რაოდენობამ 13350 გასროლიდან შეადგინა  სულ რაღაც 0,045 %.
მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატს (АК-47 და АКС-47. ამ უკანასკნელს ასეთი დასახელება მიენიჭა შეიარაღებაში მიღებისას, მანამდე იგი ყველა დოკუმენტში მოხსენიებულ იყო როგორც უბრალოდ АК-47 მეტალის საკეცი დუგლუგით) რჩებოდა მხოლოდ ერთი ეტაპის გავლა, რომელიც მთავარი საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) პოლიგონზე უნდა გამართულიყო.
საბოლოო გამოცდები ჩატარებულ იქნა 1948 წლის 20-22 დეკემბერს ინჟინერ-მაიორ დ.პ. მარტემიანოვის (Д. П. Мартемьянов) მიერ. გამოცდას დაექვემდებარა როგორც ხის კონდახით აღჭურვილი ავტომატი AK-47 სერიული ნომრით (№ 2), ასევე მეტალის საკეცი დუგლუგით (სერიული № 4). ეს ავტომატები სამხედრო გამოცდებზე წარმოდგენილი ეგზემპლარებისგან განსხვავდებოდნენ შემდეგი დეტალებით:
1. გამაგრებულ იქნა ლულის კოლოფზე არსებული ლულის შემაერთებელი ხრახნი. მისი გამყარება მოხდა ხრახნის ბიჯის შეცვლით 1 დან 1,5მმ-მდე.

2. შეიცვალა მასრების ამომგდების კონსტრუქცია და საცემის (დამრტყმელის) დამაგრების მეთოდი, რომლის სამაგრი სარჭიც გადანაცვლებულ იქნა საკეტის წინა ნაწილში.
3. სიგანეში გაიზარდა ე.წ. „სუხარის“ წაკვეთილი სამუშაო ადგილის ზომა, რომელც მანამდე შეადგენდა 2მმ-ს, ხოლო გადამუშავების შედეგად გაფარდოვდა 4 მმ-მდე. ასევე „სუხარის“ ქვედა მხრიდან გაკეთებულ იქნა სპეციალური შვერილი. შვერილი აჩერებდა „სუხარის“ გვერდით გადაადგილებას.  
4. შეიცვალა გადასატენი სახლურის ფორმა და გახდა ნამგალისებური (აღნიშნული სახელურის ფორმა აღებულ იქნა ამერიკული თვიტდამტენი შაშხანიდან „Garand M1“). მანამდე არსებულ კალაშნიკოვის ყველა ეგზემპლარზე გადასატენი სახელური იყო ცილინდრული ფორმის შვერილის სახით.
5. საბრძოლო ზამბარის დიამეტრი 15მმ-დან გაიზარდა 18მმ-მდე, რამაც გაზარდა მისი სიცოცხლისუნარიანობა.
6. გადამუშავებას დაექვემდებარა ასევე სამიზნე მოწყობილობის ზომები (გახდა უფრო მაღალი და განიერი). ასევე გადამუშავდა უკანა სამიზნე მოწყობილობის მოძრავი „ხამუტის“ ფიქსატორი.
7. შეიცვალა ტიბჟირის უკანა სამაგრი და დაემატა მეტალის წვერი, რომელიც იცავდა ტიბჟირს გაბზარვისგან. ასევე ტიბჟირის ქვედა მხარე გამსხვილდა 3მმ-ით.

8. მეტი სიმტკიცისთვის ლულის კოლოფის დაბეჭდვა ხდებოდა უფრო მსხვილი ფოლადის ფურცლისგან, რომლის სისქეც შეადგენდა 1,7მმ-ს. (მანამდე გამოიყენებოდა 1,5მმ-ანი ფურცლები).
9. გამყარებულ იქნა მცველის და სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტის დამჭერი.

10. ლულა დაგრძელდა 15მმ-ით და ბოლოში გაუკეთდა ხრახნისებური სამაგრი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა მოწყობილობების დაყენება. ლულის ბოლოში არსებულ ხრახნზე დამაგრდა ხრახნის დამცავი, რომელიც ამავდროულად ასრულებდა ლულის წმენდისთვის საჭირო საცმის სამაგრის როლსაც. ხოლო   საცმის როლს კი ასრულებდა აქსესუარების შესანახი პენალის თავსაფარი.
11. წინა სამიზნის ფუძეზე ქვემოთა მხრიდან არსებულ შვერილზე გაკეთებულ იქნა ნაჭდევი, რომელიც აადვილებდა ლულის ქვეშ დამაგრებული ზუმბას (შომპოლის) მოხსნას.
 
12. დამუშავდა  „სუხარის“ დამჭერი მოქლონი (ე.წ. ზაკლიოპკა), რომელზეც ადრეულ ვარიანტში ზუმბას წვერი ებჯინებოდა და იწვევდა მის დაზიანებას.
13. ავტომატის ღვედი (ქამარი) აღიჭურვა სპეციალური სამაგრი კარაბინით, რამაც აღმოფხვრა ღვედის ცხელ კორპუსზე მიდება და ამოწვა.
14. შეიცვალა საწმენდი აქსესუარების პენალი და როგორც უკვე ავღნიშნეთ მისმა თავსაფარმა შეითავსე ლულის საწმენდი საცმის ფუნქცია. აღნიშნული საცმი კეთდებოდა ლულის წვეროზე და შემდეგ მასში ტარდებოდა ზუმბა.

საცდელი სროლების საბოლოო დასკვნაში ეწერა „7,62მმ-ანი კალაშნიკოვის ავტომატის (АК-47) კონსტრუქცია, გათვლილი 1943 წლის მოდელის ვაზნაზე, საიმედოობით და დეტალების სიცოცხლისუნარიანობით აკმაყოფილებს მოთხოვნებს ნომრით №3581“.
„კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებები არის მიზანმიმართული და შესაძლებელია შეტანილ იქნას АК-47 –ის ნახაზებში“.

АК-47 -ის წარმოების დაწყება
როდესაც დასრულდა ავტომატის გამოცდები დაწყებულ იქნა მუშაობა, მის სერიულ წარმოებაში ჩასაშვებად. საბოლოოდ გადამუშავებების შედეგად ავტომატის ნახაზებში შევიდა 596 ცვლილება, რომლიდანაც კონსტრუქციული ხასიათის იყო 228, ხოლო ტექნოლოგიური თვალსაზრისის 214. მიუხედავად ამდენი ცვლილებისა, ავტომატი „АК-47“ მთელი წარმოების პერიოდი მაინც გადიოდა გარკვეულ ტექნოლოგიურ და კონსტრუქციულ გადამუშავებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა ცვლილებებს ექვემდებარებოდა ასევე ავტომატისათვის განკუთვნილი ვაზნები. ზუსტად ამ პერიოდში საცდელ საკონსტრუქტორო ბიურო 44 -ში (ОКБ-44) შეიქმნა ფუჭი (ე.წ. „ხალასტოი“) ვაზნა, რომელიც სავარჯიშოდ უნდა გამოყენებულიყო. ფუჭი ვაზნით სროლისას ლულის ბოლოში უნდა დამაგრებულიყო სპეციალური საცმი, რომელიც უზრუნველყოფდა ავტომატიკის მუშაობას. გადამუშავებას დაექვემდებარა ასევე ვაზნის მასრის ფუძის ფორმები, რაც მიმართული იყო იქითკენ, რომ გაუმჯობესებულიყო მასრის ექსტრაქციის საიმედოობა და მინიმუმამდე შემცირებულიყო საკეტის სარკესა და მასრას შორის არსებული ღრიჭო. ამავე პერიოდში შემუშავებულ იქნა ვაზნები სპეციალური ტყვიებით, როგორიც იყო მგეზავი (Т-45) (ე.წ. „ტრასირი“). ცეცხლგამჩენი (З) და ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი მოქმედების (БЗ).
გარდა იმისა, რომ ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების გაფანტვის საკითხი კვლავ მტკივნეულ თემად ითვლებოდა, მასიურ წარმოებაში ჩაშვებისას გამოიკვეთა კიდევ რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც საჭიროებდა მოგვარებას. ეს საკითხები იყო ავტომატის ხიშტით აღჭურვა და ლულის კოლოფის უფრო მეტად გამყარება.
სამხედრო პირთა რიგებში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ ავტომატი აუცილებლად უნდა აღჭურვილიყო ხიშტით. შესაბამისად კონსტრუქციას დაემატა ხიშტის სამაგრი. რაც შეეხება ლულის კოლოფის გამყარებას აღნიშნული საკითხის მოგვარება გადაწყდა ტექნოლოგიური მეთოდით. დაბეჭდვის ნაცვლად АК-47 -ის ლულის კოლოფი უნდა დამზადებულიყო ფრეზირების მეთოდით.
1949 წლის პირველ კვარტალში იჟევსკში მდებარე ქარხანა №74 -მა მოახდინა АК-47 -ის სერიული წარმოების ათვისება და ამავე წლის 16 აგვისტოს გატარდა არმიისთვის ავტომატების მისაწოდებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებითი სამუშაობი.

1949 წელს კალაშნიკოვის ავტომატი სახელწოდებით АК-47 მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში. შეიარაღებაში მიღებისას იარაღის დასახელებიდან ამოვარდა აღნიშვნა "47" და  დარჩა მხოლოდ "АК" (Автомат Калашникова). (შემდგომ მას მიენიჭა ინდექსით 56-А-212) (საკეც დუგლუგიანი ვარიანტი АКС-47, შეიარაღებაში წავიდა სახელწოდებით "АКС" ინდექსით 56-А-212М).
სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის თანახმად 1951 წლიდან 1955 წლამდე უნდა მომხდარიყო საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში 4,4 მილიონი კალაშნიკოვის ავტომატის (АК-47) და სიმონოვის თვითდამტენი კარაბინის (СКС) მიწოდება.

ქარხანა №74-ში АК-47–ის წარმოების დაწყებისას გამოიკვეთა მთელი რიგი სირთულეები, რომლებიც უკავშირდებოდა ავტომატის წარმოებას. აღმოჩნდა, რომ ფაბრიკის ჩარხები, დაზგები და დანადგარები მოძველებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა ავტომატის წარმოებისათვის საჭირო მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე უნდა მომხდარიყო ან ავტომატის კონსტრუქციის ტექნოლოგიურობის დახვეწა, რაც გამოიწვევდა მის უკვე მერამდენე საფუძვლიან გადამუშავებას, ან ქარხანა უნდა აღჭურვილიყო თანამედროვე დაზგა-დანადგარებით და ხელსაწყოებით. წარმოების პროცესში ჩაერთვნენ ყველაზე მოწინავე მეტალურგები, ტექნოლოგები, კონსტრუქტორები და წამყვანი სპეციალისტები. რიგ წყაროებს თუ დავუჯრებთ კალაშნიკოვის წარმოების პროცესში 10 000 -ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ყველაზე დიდი როლი მათ შროსი ჰქონდა ქარხნის მთავარ ინჟინერს ა. ფიშერს (А.Я. Фишер), მთავარ ტექნოლოგს კ.ნ. მამონტოვს (К.Н. Мамонтов) და წარმოების ხელმძღვანელს ა.გ. კოზლოვს (А.Г. Козлов), რომელთა დაჟინებული მოთხოვნით 1950-1951 წლებში  განახლებულ იქნა ქარხნის აღჭურვილობა და ჩარხების დიდი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ლულის კოლოფის ცივად დაბეჭდვის ტექნოლოგიით დამზადება ბევრად ეკონომიურ პროცესს წარმოადგენდა, მას მაინც არ გააჩნდა სათანადო სიმტკიცე. შესაბამისად მოხდა ფრეზირებული ლულის კოლოფების წარმოების ათვისება. თითო ფრეზირებული ლულის კოლოფის დამზადებაზე ხდებოდა 1,5 კილოგრამი მეტალის ზედმეტი გადახარჯვა. სულ 1 ცალი ფრეზირებული ლულის კოლოფიანი  ავტომატის დამზადებას სჭირდებოდა 15 კგ მეტალი. თუმცა ფრეზრებული კოლოფი იყო უფრო მყარი და საიმედო. ასევე მის დასამზადებლად უფრო ნაკლები ოპერაციის შესრულება იყო საჭირო. ლულის კოლოფის ფრეზირების მეთოდით დამზადებამ გამოიწვია ასევე ავტომატის საერთო მასის გაზრდა.
АК-47 ფრეზირებული ლულის კოლოფით
ფრეზირებული ლულის კოლოფით ავტომატის საერთო მასა შეადგენდა 4,3 კილოგრამს. როგორც უკვე ვისაუბრეთ ცივად დაბეჭდვის მეთოდით დამზადებულ ლულის კოლოფს გააჩნდა საგები (ლეინერი), რომელზეც მაგრდებოდა ლულა, ხოლო ფრეზირების მეთოდით დამზადებულ ლულის კოლოფზე აღნიშნული საგები (ლეინერი) აღარ იყო საჭირო, რადგანაც თავად მასიურ ლულის კოლოფზევე მაგრდებოდა ლულა. ასევე ფრეზირებული ლულის კოლოფის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა მასრების ამრეკლი. საკეტის ჩარჩო მოძრაობდა კოლოფის შიდა მხარეს გაკეთებულ მიმმართველ ღარებში, რომელზეც გამოკიდული იყო საკეტის ჩარჩო. წონის შემცირების მიზნით ფრეზირებულ ლულის კოლოფს მჭიდის მიმღები ფანჯრის ზევით გვერდებიდან გააჩნდა ამონაჭრელები. ცვლილებას დაექვემდებარა ასევე ლულის კოლოფზე კონდახის დამაგრების კონსტრუქცია და პისტოლეტისებური სახელურის დამაგრების მეთოდი. ამდაგვარმა გადამუშავებამ საბოლოო ჯამში ერთი ცალი ავტომატის თვითღირებულება შეამცირა 2003 მანეთიდან 1003 მანეთამდე.
ზუსტად ამ პერიოდში სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში და დანაყოფებში დაიწყო კალაშნიკოვის ავტომატების მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ АК-47  იყო საიმედო ავტომატი, მისი მომხმარებლების მხრიდან მაინც ისმოდა გარკვეული ნეგატიური გამოხმაურებები (ე.წ. რეკლამაციები), რომელიც ძირითადად ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების დიდ გაფანტვას უკავშირდებოდა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მეტალის საკეც დუგლუგზე, რომელიც ზედმეტად განიერი და მოუხერხებელი იყო.

კალაშნიკოვის ავტომატი (АК-47) ნელნელა იწყებდა ფეხის მოკიდებას საბჭოთა კავშირის არმიის რიგებში, თუმცა მუდმივად მიმდინარეობდა მისი კონსტრუქციის გადამუშავებაზე მუშაობა. მთავარი მიმართულებები რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ავტომატის გადამუშავება განსაზღვრულ იქნა საბჭოთა კავშირის შეიარაღების სამინისტროს და მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ. ყველაზე მეტად ავტომატის გადამუშავებაში ჩართულნი იყვნენ ქ. კლიმოვსკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (НИИ-61) კონსტრუქტორები და ინჟინრები. სასროლი იარაღის სამმართველოდან კი ჩართულნი იყვნენ  ი.ლიტიჩევსკი (И.Я. Летичевский), ი.ნ. პისკუნი (И.Н. Пискун), ვ.ს. დეიკინი (B.C. Дейкин), ვ.ი. ალგალოვი (В.И. Алгалов) და ი.პ. ბუშინსკი (И.П. Бушинский). მათ შორის ყველაზე მეტი ჩართულობა სწორედ კალაშნიკოვის ავტომატის ერთერთი თანაავტორის ვ.ს. დეიკინის მხრიდან იყო, რომელიც იჟევკსის ქარხნასაც ეხმარებოდა ავტომატის წარმოების გაუმჯობესებაში.

ალტერნატიული ავტომატის შექმნა (პარალელური პროექტის ინიცირება 1947 წელი)
ჯერ კიდევ 1947 წლის ნოემბერში, სანამ გამოვლინდებოდა გამარჯვებული ავტომატი და სანამ კალაშნიკოვის ავტომატს ოფიციალურად მიიღებდნენ შეიარაღებაში, საბჭოთა კავშირში წამოწყებულ იქნა პარალელური პროექტი სამეცნიოერო-კვლევითი სამუშაოს ფორმატით, რომელსაც მიენიჭა კოდური სახელწოდება "NHI-06-7". აღნიშნული სამუშოს მთავარ მიზანს წარმადგენდა შუალედურ ვაზნაზე (7,62х39) გათვლილი ავტომატის შექმნა, რომელიც აგებული იქნებოდა თავისუფალი ან ნახევრად თავისუფალი საკეტის პრინციპზე. აღნიშნულ პროექტში ჩართულნი იყვნენ პ.ვ. ვოევოდინი (П.В. Воеводин), ვ.ე. ვორონკოვი (В.Е. Воронков) და გ.ა. კორობოვი (Г.А. Коробов).  მიუხედავად იმისა, რომ გერმან კორობოვი ჯერ კიდევ 1946 წელს იღებდა მონაწილეობას  კონკურსში ავტომატით ТКБ-408 (სახელწოდებით "Бычок"), რომელიც საცდელ სროლებზე დაიბრაკა, იგი კვლავ აგრძელებდა საკუთარი კონსტრუქციების შექმნა/დამუშავებას ახალ (პარალელურ) პროექტში. 1947 წლის მიწურულს კორობოვმა ცენტრალურ-საკონსტრუქტორო ბიუროში (ЦКБ-14) დაამზადა მისი ახალი ავტომატი კოდური სახელწოდებით ТКБ-454-43 (ТКБ–Тульское Конструкторское Бюро-454-43), რომელიც ნახევრადთავისუფალი საკეტით ფუნქციონირებდა და გააჩნდა საკეტის აირით დამუხრუჭების სისტემა.
გერმან კორობოვის ავტომატი ТКБ-454-43
მარტივად რომ ვთქვათ გასროლისას დენთის აირები ანელებდნენ საკეტის გაღების პროცესს, რათა ტყვიას მოესწრო ლულის დატოვება და შემდგომ მომხდარიყო საკეტის სრული გახსნა.  ავტომატს არ გააჩნდა რაიმე განსაკუთრებული ჩაკეტვის სქემა და არ იყენებდა დგუშს. შესაბამისად გასროლის დროს მოძრავი დეტალების წონა იყო მინიმალური, რამაც გამოიწვია უკუცემის შემცირება თითქმის 2ჯერ. უკუცემის შემცირების შედეგად ავტომატური ჯერებით სროლა იყო ბევრად კომფორტული და კალაშნიკოვის ავტომატთან შედარებით გააჩნდა გაცილებით უკეთესი სიზუსტე (ტყვიების შეჯგუფება). ТКБ-454-43 -ს ახასიათებდა კიდევ ერთი თავისებურება. საკეტის უკუდურეს პოზიციაში გადაადგილების შემდეგ, როდესაც იგი დაეჯახებოდა ლულის კოლოფის უკანა ნაწილს, ხდებოდა საკეტის ასხლეტვის შენელება. რაც იწვევდა მოძრავი დეტალების დაწყნარებას და უკვე შემდგომ გრძელდებოდა მჭიდიდან ვაზნის მიწოდების მოქმედება. ყველაფერთან ერთად ეს მექანიზმი მუშაობდა როგორც ერთგვარი ტემპის შემამცირებელი. ამავდროულად აღნიშნული თავისებურება იყო ერთერთი დამატებითი ბერკეტი, რომელიც ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში იწვევდა იარაღის სტაბილიზაციას. კორობოვის ავტომატის მთავარ მინუსს წარმოადგენდა დენთის აირების და ნამწვის დიდი რაოდენობით მოხვედრა ლულის კოლოფში რაც სწრაფად აბიძნურებდა ავტომატის მოძრავ დეტალებს და მექანიზმს. ТКБ-454-43 იწონიდა 3,07კილოგრამს, შესაბამისად იგი ბევრად მსუბუქი იყო კალაშნიკოვის ავტომატზე (АК-47).  დამატებით პლიუსს წარმოადგენდა დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული ავტომატის ლულის კოლოფი, რომელიც უფრო ტექნოლოგიური იყო, ვიდრე კალაშნიკოვის ავტომატში გამოყენებული ლულის კოლოფი.  1 ცალი ავტომატის დამზადებაზე განკუთვნილი შრომა შემცირებული იყო 50% -ით (კალაშნკოვის ავტომატთან შედარებით), ხოლო გამოსაყენებელი მეტალის ხარჯი შემცირებული იყო 30% -ით. ლეგირებული დეტალების დანახარჯი კალაშნიკოვის ავტომატთან შედარებით შემცირებული იყო 15 ჯერ (საჭიროებდა 6,93 კილოგრამით ნაკლებ ლეგირებულ მეტალს). ასეთი კარგი საწარმოო-ტექნოლოგიური მახასიათებლების გამო  კორობოვის ავტომატი მოექცა საბჭოთა კავშირის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს (МОП) ყურადრების ქვეშ და დაუყვნებლივ იქნა დაგეგმილი მისი ქარხნული გამოცდები.  ცდების და გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ კონსტრუქციაში რაციონალური იქნებოდა სპეციალური სამუხრუჭე (საკეტის გახსნის შემანელებელი) ბერკეტის დამატება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კორობოვმა დაიწყო მუშაობა მისი ავტომატის ТКБ-454-43 -ის გადამუშავებაზე.
1948 წელს გამოჩნდა კორობოვის ახალი გდამუშავებული ავტომატი სამუშაო სახელწოდებით „ТКБ-454-5“. მისი მუშაობის პრინციპი კვლავ ნახევრად თავისუფალი საკეტის სქემას ეფუძნებოდა, თუმცა კონსტრუქციას დაემატა სპეციალური შემანელებელი ბერკეტი. აღნიშნულ ბერკეტს გააჩნდა ორი ფიგურული გვერდი და მოთავსებული იყო საკეტის ჩარჩოს და საკეტს საბრძოლო თავაკს შორის.  გ. კორობოვმა ქარხნული გამოცდების შედეგად კვლავ გადაამუშავა მისი ავტომატი და შექმნა მოდელი ТКБ-454-6, რომელიც მჭიდთან ერთად იწონიდა  3.65 კილოგრამს, ხოლო საერთო სიგრძე შეადგენდა 885მმ-ს. მოგვიანებით ავტომატმა განიცადა კიდევ ერთი გადამუშავება და გაჩნდა ვარიანტი ТКБ-454-7А.
ТКБ-454-7А ხის მუდმივი (არასაკეცი) კონდახით
 
ТКБ-454-7А მეტალის საკეცი დუგლუგით
ასრებობდა თუ არა კორობოვის ავტომატის მსგავსი პრინციპით მომუშავე ავტომატური იარაღი მანამდე? ამ შეკითხვას შეიძლება მარტივად ვუპასუხოთ თუკი მოვიძიებთ ინფორმაციას უნგრულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე 39М (39 Minta), რომელიც პოლ კირალიმ  (Paul Dedai Kiraly) ჯერ კიდევ 1937 წელს შვეიცარიულ ფაბრიკა “SIG” -ში მუშაობისას შექმნა. აღნიშნული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გათვლილი იყო ძლიერ პისტოლეტის ვაზნაზე 9х25 Mauser Export. შეიძლება ითქვას, რომ გერმან კორობოვი იყო პირველი ვინც პოლ კირალის სქემა გადაამუშავა და გამოიყენა შუალედურ ვაზნაზე მომუშავე ავტომატურ იარაღში. შემდგომ კორობოვის ავტომატის იდენტური მექანიზმი გამოიყენეს ფრანგებმა თავიანთ მოიერიშე შაშხანაში FAMAS.

1951 წელს კორობოვის მიერ ქალაქ ტულის ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიუროში (ЦКБ-14) დამზადებულ იქნა კიდევ ერთი განახლებული ვარიანტი, რომელიც მთავარი საარტილერიო სამმართველოს განხილვის შემდეგ იმავე წელს (1951) წარსდგა საპოლიგონო გამოცდებზე. კორობოვის ახალი ავტომატი მთლიანობაში გამოირჩეოდა მარტივი კონსტრუქციით და დეტალების ტექნოლოგიურობით, რაც გაადვილებდა მის წარმოების პროცესს. წარმოების პროცესის გაადვილება კი შესაბამისად შეამცირებდა წარმოების ღირებულებას. კალაშნიკოვის ავტომატთან შედარებით მთავარ ტექნოლოგიურ სხვაობას წარმოადგენდა ის, რომ დეტალების დიდი ნაწილი მზადდებოდა ფოლადის ფურცლებისგან ცივად დაბეჭდვის მეთოდით. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომატს არ გააჩნდა ჩაკეტვის განსაკუთრებული მექანიზმი, შესაბამისად არ საჭიროებდა არც ლულის არხიდან აირგამყვან სისტემას და არც დგუშსს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ავტომატის საერთო მასის (წონის) შემცირება 650 გრამით. ავტომატის წარმოების ეკონომიურ ფაქტორს წარმოადგენდა ასევე მჭიდი, რომელიც პირდაპირ კალაშნიკოვის ავტომატიდან АК-47 იქნა აღებული. კორობოვის ავტომატის სავაზნეში შესრულებული იყო სპეციალური ღარები (ნაჭდევები), რომელიც გასროლის დროს ანელებდა მასრის გამოტანას.  ასევე გასროლის დროს მასრა აწვებოდა სპეციალურ ბერკეტს, ხოლო ეს ბერკეტი იწყებდა გადაბრუნებას და გადაბრუნების შედეგად გადასცემდა ენერგიას საკეტს. ამდაგვარი პრინციპის გამოყენებით საკეტის გახსნის პროცესი იწელებოდა დროში და ტყვია ასწრებდა ლულის დატოვებას მანამდე, სანამ საკეტი გაიხსნებოდა.
კორობოვის ავტომატის სავაზნის ნახევარი შეადგენდა ლულის ნაწილის, ხოლო მეორე ნახევარს წარმოადგენდა ლულის სამაგრი რგოლი. აქედან გამომდინარე საცდელი სროლებზე ლულის სამაგრი ნაწილი, სავაზნეში არსებული წნევის გამო ადვილად გამოდიოდა მწყობრიდან. შესაბამისად საცდელ სროლებზე ვერ მოხერხდა ავტომატის სრული პოტენციალის გამოვლენა. კორობოვმა სასწრაფო წესით გადაამუშავა ავტომატი და განახლებული სახით წარმოადგინა 1952 წელს. ხელახალმა გამოცდებმა აჩვენეს, რომ ავტომატი საიმედოდ მუშაობდა, როგორც ნორმალურ, ასევე რთულ პირობებში ექპლუატაციისას. საბოლოო ვერდიქტში ნათქვამი იყო, რომ კოობოვის ავტომატი აკმაყოფილებს მთავარი საარტილერიო სამმართველოს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს №3131 და კალაშნიკოვის ავტომატთან (АК-47) შედარებით გააჩნია რიგი უპირატესობები. უფრო მსუბუქია (0.5კილოგრამით), ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების შეჯგუფება ბევრად უკეთესია (ტყვიების შეეჯგუფებით გ.კორობოვის ავტომატი კალაშნიკოვის АК-47 -ს აღემატება 1,3-1,9 ჯერ), აქვს მარტივი კონსტრუქცია, რომელიც წარმობის კუთხით უფრო ადვილად ასათვისებელია ვიდრე კალაშნიკოვის ავტომატი (კორობოვის ავტომატის დასამზადებლად საჭირო სამუშაოები АК-47 -თან შედარებით 2-ჯერ უფრო ნაკლებია).  თუმცა ამ ყველაფერთან ერთად იყო გარკვეული მინუსები, რომელიც ეხებოდა ავტომატის ცალკეულ დეტალებს. კონსტრუქციაში იყო დეტალები, რომლებიც ზედმეტ ცვეთას განიცდიდნენ და საჭიროებდნენ გადამუშავებას. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ ავტომატის კონსტრუციაში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალმა დაიკავა 2 ფურცელი. ბევრია თუ ცოტა? ამ შეკითხვაზე თაამად შეიძლება ითქვას, რომ კალაშნიკოვის ავტომატთან შედარებით ცოტაა. კალაშნიკოვის ავტომატი რადიკალურად იცვლებოდა 1946-1949 წლებში და შემდგომ პერიოდშიც კი არ იყო ბოლომდე გადამუშავებული. გერმან კორობოვი დაუყოვნებლივ შეუდგა ავტომატის გადამუშავებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს კონსტრუქტორი არ ყრიდა ფარ-ხმალს და თავდადებით იბრძოდა კალაშნიკოვის წინააღმდეგ. კალაშნიკოვის ავტომატის გადამუშავებაზე კი კონსტრუქტორების, ინჟინრების და ტექნოლოგების მთელი დასტა მუშაობდა.
კალაშნიკოვის ავტომატის АК-47 მორიგი გადამუშავება
გარდა ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიის გაფანტულობის შემცირებისა, კალაშნიკოვის ჯგუფი მუშაობდა ასევე ავტომატის საერთო მასის (წონის) შემცირებაზე ისე, რომ შენარჩუნებულიყო მისი საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებები. მთავარი სამუშაოები მიმდინარეობდა დეფიციტური და ამავდროულად ძვირადღირებული მაღალლეგირებული ფოლადის (მარკით 25ХНВА) ამოცვლაზე, რომლისგანაც მზადდებოდა დეტალების დიდი ნაწილი. საბოლოოდ სხვადასხვა ცდების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ავტომატის 9 ცალი დეტალი დამზადებულიყო შედარებით იაფფასიანი, მაგრამ მყარი დაბალლეგირებულ ფოლადით (მარკა 30ХРА). აღნიშნული მარკის ფოლადისგან მოხდებოდა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის და საკეტის ჯგუფის დამზადება. მასის შემცირების კუთხით კიდევ უფრო შემსუბუქდა ფრეზირებული ლულის კოლოფი, შემცირდა ლულის კოლოფის თავსაფარის სისქე და შემუშავდა ახალი შემსუბუქებული მჭიდი. აღნიშნულმა ოპერაციებმა გამოიწვია ავტომატის საერთო მასის შემცირება 0,5 კილოგრამით (ავტომატის საერთო წონა გახდა 3,8 კგ). კალაშნიკოვის მჭიდები მანამდე მზადდებოდა ფოლადის ფურცლისგან და ვაზნების გარეშე იწონიდა  0,43 კგ-ს. გადამუშავებული მჭიდი მზადდებოდა მსუბუქი შენადნობისგან და იწონიდა 0,33 კგ-ს. გადამუშავებულ მჭიდებს მთელ სიგრძეზე გაუკეთეს ამობურცული კანტები ნეკნები სახით, რაც დამატებით სიმტკიცეს ანიჭებდა მჭიდის კორპუსს და იცავდა დაზიანებისგან.
ხიშტ-დანა 6x2
ხელჩართული ბრძოლისათვის ავტომატზე შესაძლებელი იყო ხიშტ-დანის კოდური სახელწოდებით  56-Х-212 დამაგრება. 1956 წელს ამ ხიშტ-დანას მიენიჭა სახელწოდება „ნაკეთობა 6x2“. (Изделие 6x2). მისი გამოყენება/ტარება შესაძლებელი იყო ავტომატისგან განცალკევებით, როგორც დანა და გააჩნდა თავისი შესანახი ქარქაში. ხიშტ-დანის ტექნიკური მახასიათებლები იყო შემდეგი სახის: ხიშტ-დანის საერთო სიგრძე: 315მმ; პირის სიგრძე: 205მმ; პირის სიგანე: 21,8მმ; სამაგრი რგოლის შიდა დიამეტრი 17,7მმ; წონა ქარქაშით: 370 გრამი. ხიშტ-დანის რგოლი საცმივით მაგრდებოდა ლულას ბოლოში და გააჩნდა სპეციალური შვერილი და ზამბარიანი ფიქსატორი, რომლითაც ფიქსირდებოდა ზუმბაზე აირის კამერის ქვემოთ.
კალაშნიკოვის სხვადასხვა მოდიფიკაციები 1950-1953 წლებში
გამომდინარე იქიდან, რომ მჭიდის მიწაზე დაბჯენის შემთხვევაში კალაშნიკოვის ავტომატიდან ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში ტყვიების შეჯგუფება უმჯობესდებოდა 1,5-2 ჯერ, საკონსტრუქტორო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამზადებულიყო ავტომატი, რომელსაც ექნებოდა საკეცი  საბჯენი ფეხი.
1950 წელს დამზადებული ეგზემპლარი საკეცი საბჯენი ფეხით
1950 წელს დღის სინათლე იხილა კალაშნიკოვის საცდელმა ვარიანტმა რომელსაც ლულის ცხვირზე დამაგრებული ჰქონდა საკეცი საბჯენი. დაკეცვის შემთხვევაში იგი თავსდებოდა ლულის და ტიბჟირის ქვეშ.
ამავე წელს (1950) წარმოდგენილ იქნა ეგზემპლარი, რომელსაც ტიბჟირზე გააჩნდა დამატებითი პისტოლეტისებური სახელური და ამავე სახელურში ჰქონდა ტელესკოპური ერთფეხა საბჯენი სადგარი.
1953 წელს გამოჩნდა კიდევ ახალი ვარიანტი, რომელსაც წინა სამიზნის ფუძესთან გააჩნდა ფოლადის მავთულისებრი ღეროებისგან დამზადებული საკეცი ორფეხა სადგარის სამაგრი. ასეთი კონფიგურაცით დამზადდა ორი ვარიანტი (1. მუდმივი ხის კონდახით და საკეცი მეტალის დუგლუგით). დაკეცვის შემთხვევაში სადგარის ფეხები ექცეოდა აირის მილაკის და უკანა სამიზნის გვერდების გასწვრივ. საბოლოოს ასეთი კონფიგურაციების პრაქტიკულმა გამოყენებამ აჩვენა, რომ მოუხერხებელი იყო მათი ექსპლუატაცია და კალაშნიკოვმაც უარი თქვა მის სერიულ წარმოებაში ჩაშვებაზე.
ალტერნატიული ავტომატზე მუშაობა გრძელდება
რაც უფრო მეტად იკიდებდა ფეხს კალაშნიკოვის ავტომატი (АК-47) საბჭოთა კავშირის არმიის რიგებში, მით უფრო მეტ თქყვანისმცემელს იძენდა და ეს ბუნებრივიც იყო. მოსინის შაშხანის შემდეგ კალაშნიკოვის ავტომატი უდაოდ სუპერ ინსტრუმენტს წარმოადგენდა, თუმცა მაინც ჰქონდა გარკვეული ნაკლოვანებები, რომლის გამოსწორებაც მატერიალურ და გონებრივ რესურსს მოითხოვდა. ასევე მატერიალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული კალაშნიკოვის ავტომატის მასიური წარმოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  მთავარი საარტილერიო სამმართველო მიესალმებოდა იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა საკონსტრუქტორო ბიუროებში ემუშავათ ახალ  ავტომატებზე და შეექმნათ საცდელი ეგზემპლარები, რომელიც შესაძლო ალტერნატივის სახით იქნებოდა განხილული. შესაბამისად თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრო აფინანსებდა იმ ბიუროებს, რომლებიც მუშაობდნენ ახალი ავტომატის შექმნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სხვადასხვა კონსტრუქტორებმა წამოიწყეს ალტერნატიული ავტომატების შექმნა/დამუშავება.
კორობოვის გადამუშავებული ავტომატი. 1953 წელს ЦКБ-14 -მა გამოსაცდელად წარმოადგინა კორობოვის ТКБ-454-7А გადამუშავებული ავტომატი, რომელსაც შეცვლილი ჰქონდა სავაზნე ნაწილი და ლულის კოლოფზე ლულის ჩამაგრების მეთოდი. ასევე ახალ ავტომატში გამყარებულ იქნა პრაქტიკულად ყველა დეტალი. შეიცვალა მოძრავი დეტალების დაფარვის მეთოდიც. ახალ ავტომატში მოძრავი დეტალები ექვემდებარებოდა ფოსფატირებას (მანამდე გამოიყენებოდა ძვირადღირებული და ამავდროულად საწარმოებლად მავნე კადმირების მეთოდი). ამავე პერიოდში მთავარი საარტილერიო სამმართველოს მიერ შემუშავდა ახალი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები  №006256-53, რომლის თანახმადაც მოხდებოდა ავტომატის გამოცდა.  გამოცდების შედეგად გამოვლინდა კორობოვის ავტომატის რიგი თავისებურებანი:
- ტყვიის საწყისი სიჩქარე კალაშნიკოვის ავტომატთან (АК-47) შედარებით იყო უფრო ნაკლები (საწყისი სიჩქარის დანაკლისი საშუალოდ შეადგენდა 38,5 მ/წამს). აღნიშნული თავისებურება გამოწვეული იყო სავაზნეში არსებული ღარებით (ნაჭდევებით), რაც დენთის აირების მიერ მასრის დეფორმირებაზე გახარჯვით აიხსნებოდა.

- ავტომატს გააჩნდა არათანაბარი სროლის ტემპი როგორც ნორმალურ, ასევე რთულ პირობებში სროლის შემთხვევაში. სროლის ტემპი თამაშობდა წუთში 185 გასროლით. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ავტომატის ტემპი  შეადგენდა ხან წუთში 185 გასროლით მეტს, ხან ნაკლებს. (კალაშნიკოვის ავტომატის შემთხვევაში ასეთი არათანაბარი ტემპი 3 ჯერ უფრო ნაკლებს შეადგენადა). არათანაბარი სროლის ტემპი განპირობებული იყო სასხლეტ მექანიზმში ჩადებული ავტოგამშვები მექანიზმის სპეციფიკით, რომელიც პარარელურად ასრულებდა ტემპის შემანელებელის და საკეტის ჩარჩოს ასხლეტვის საწინაამღდეგო მექანიზმის როლს.
- შეუძლებელი იყო ფუჭი ვაზნებით ავტომატური ჯერების განხორციელება, რადგანაც ფუჭი ვაზნის გამოყენებისას ლულაში ვერ იქმნებოდა სათანადო წნევა, რომ მოეხდინა ნახევრადთავისუფალი საკეტის გახსნა. აქედან გამოდინარე საჭირო იყო სპეციალური გაძლიერებული მუხტის მქონე ფუჭი ვაზნების შემუშავება.

- სროლის დროს ლულიდან გამოვარდნილი ცეცხლის ალი მნიშვნელოვნად აღემატებოდა კალაშნიკოვის ავტომატის ლულიდან გამოვარდნილ ალს.  (თვალით შესამჩნევი ძლიერი ალის სიგრძე კორობოვის ავტომატში შეადგენდა 200-250მმ-ს, ხოლო კალაშნიკოვის შემთხვევაში 30-40მმ-ს).
მთავარ დადებით ფაქტორებს კორობოვის გადამუშავებულ ავტომატში წარმოადგენდა მისი სიმსუბუქე, რომელიც კალაშნიკოვის АК-47 -თან შედარებით 465 გრამით ნაკლებს იწონიდა და დამზადებისას 2,2-ჯერ უფრო  ნაკლებ სამუშაოებს მოითხოვდა. საბოლოოდ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილაბა, რომ დამზადებულიყო კორობოვის ავტომატის მცირე სერია 20 ცალი ეგზემპლარის სახით, რომელიც კალაშნიკოვის ავტომატთან ერთად დაექვემდებარებოდა გამოცდას სასროლო კურზებზე სახელწოდებით „გასროლა“ («Выстрел»). ასევე ავტომატების გამოცდა მოხდებოდა ტაქტიკური სროლის კომიტეტის მიერ და საპოლიგონო გამოცდებზე. გარდა ამისა ავტომატი უნდა გამოეცადათ ჯარში ხანგრძლივი ექსპლუატაციის წესით, რაც გულისხმობდა რამოდენიმე პიროვნების აღჭურვას ავტომატით, რომლებიც გარკვეული პერიოდი იმსახურებდნენ კორობოვის საცდელი ეგზემპლარით და შემდგომ დამკვირვებლებთან ერთად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს. 
კორობოვის ავტომატის საბოლოო გამოკვლევების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ არ ღირდა დროის დახარჯვა ნახევრადთავისუფალი საკეტის მქონე ავტომატზე, რადგანაც იგი არ იქნებოდა საიმედო. იქნებ აქაც გამოიჩინეს თავი იმ ხალხმა ვინც კალაშნკოვის წარმატებით იყვნენ დაინტერესებულნი? დიდი ალბათობით კი! თუმცა გერმან კორობოვმა აქაც გამოიჩინა მოთმინება და განაგრძო მუშაობა თავის ავტომატის გადამუშავებაზე, რომელიც მისი ჩანაფიქრით კვლავ დაუპირისპირდებოდა კალაშნიკოვის ეგზემპლარებს. (ამ დაპირისიპირებაზე სტატიის შემდგომ ნაწილში ვისაუბრებთ).
დლუგოვის (Длугов) ავტომატი. 1953 წელს კონსტრუქტორმა დლუგოვმა მთავარ საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) წარუდგინა შუალედურ ვაზნაზე (7,62х39) გათვლილი საკუთარი კონსტრუქციის ალტერნატიული ავტომატი, რომელიც თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობდა. ავტომატის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის და შეეძლო როგოც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. შეიძლება ითქვას, რომ დლუგოვმა არ გაითვალისწინა მთავარი მნიშვნელოვანი მომენტი. ძლიერ შუალედურ ვაზნაზე თავისუფალი საკეტის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და კრახით სრულდება. ზუსტად იგივე ბედი გაიზიარა ჯერ კიდევ 1944 წელს შექმნილმა შპაგინის შუალედურმა ავტომატმა, რომელიც თავისუფალი საკეტით მუშაობდა.
მოშჩევიტინის (Мощевитин) ავტომატი.  იმავე წელს (1953) იჟევსკის მეიარაღე მოშჩევიტინმა წარმოადგინა შუალედურ ვაზნაზე გათვლილი საცდელი ეგზემპლარი, რომელიც იყენებდა კალაშნიკოვის ავტომატის საშტატო კვანძებს და დეტალებს (ლულის კოლოფი, სამიზნე მოწყობილობა, ჩახმახიანი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი). ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი გამარტივებული კალაშნიკოვი, რომლითაც არ დაინტერესდა მთავარი საარტილერიო სამმართველო და უარი თქვეს მის გამოცდაზე.
კალაშნიკოვის ავტომატის გადამუშავება 1954-1955 წლები
კურსის სახელწოდებით «Выстрел» გავლის შედეგადად წამოვიდა მოსაზრება, რომ კალაშნიკოვის ავტომატის გადასაკიდი ქამრის (ღვედის) წინა სამაგრი, ტიბჟირის რგოლიდან გადანაცვლებულიყო აირის კამერის ბოლოში, რამაც აღმოფხვრა ექპლუატაციისას ტიბჟირის მორყევა. ასევე შეცვლას დაექვემდებარა ხის დეტალები (კონდახი, ტიბჟირი, ლულის ზედსადები), რომელთა დამზადება უნდა მომხდარიყო უფრო იაფფასიანი არყის ხის ლამინატისაებური ფანერისგან. შეცვლილ იქნა კონდახის ლულის კოლოფზე დამაგრების მეთოდიც, რამაც საბოლოო ჯამში შეამცირა ავტომატის თვითღირებულება.
გადამუშავებული ავტომატიდან 350 მეტრ დისტანციაზე  მოკლე ჯერებით სროლის შემთხვევაში, 50სმ სიმაღლის სამკერდე ფიგურაზე ტყვიების გაფანტვა შეადგენდა  0,3х0,4 მეტრს, რაც იმ პერიოდში არ ითვლებოდა ცუდ მაჩვენებელად. ხოლო 800 მეტრამდე სროლის შემთხვევაში კი ტყვიების გაფანტვა შეადგენა 1,9–2,7 მეტრს. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ 350 მეტრის ზევით კალაშნიკოვის ავტომატის გამოყენების ეფექტურობა რადიკალურად მცირდებოდა. მეტალის საკეც დუგლუგიან ავტომატს (АКС) დაემატა სპეციალური შემზღუდველი, რომელიც დაკეცილი დუგლუგის საზურგეს არ აძლევდა საშუალებას დაჯახებოდა ტიბჟირს.

პარალელურად იხვეწებოდა ასევე წარმოების ტექნოლოგიური ფაქტორები, რის შედეგადაც 1954 წელს ერთ ცალ ავტომატზე მეტალის დანახარჯი შემცირებულ იქნა 1,2 კილოგრამით. საერთო ჯამში კალაშნიკოვის ავტომატის თვითღირებულება შეამცირებულ იქნა 676 მანეთამდე.  1954 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირის არმიას მიეწოდა გადამუშავებული (შემსუბუქებული) კალაშნიკოვის ავტომატი, ხოლო 1955 წელს იჟევსკის მანქანამშენებელმა ქარხანამ აითვისა კალაშნიკოვის ავტომატების წარმოება АК-47 ინდექსით  (56-А-212) და მეტალის საკეცი დუგლუგით АКС ინდექსით (56-А-212М).
კალაშნიკოვის ავტომატის გადამუშავებაში და წარმოების დახვეწის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სპეციალურ ჯგუფს, რომელიც საბოლოო ჯამში (1954 წლის მიწურულს) ერთიან საკონსტრუქტორო ბიურად გარდაიქმნა. მასში შედიოდნენ ინჟინერ-კონსტრუქტორები: ვ.ვ. კრუპინი (В.В. Крупин), ა.დ. კრიაკუშინი (А.Д. Крякушин), ვ.ი. პუშჩინი (В.И. Пущин), ტექნიკური-კონსტრუქტორი ფ.ვ. ბელოგლაზოვი (Ф.В. Белоглазов), კოპირების ოსტატი ვ.ა. ზინოვიევი (В.А. Зиновьев), ზეინკლები პ.პ. ბუხარინი (П.Н. Бухарин), ე.ვ. ბოგდანოვი (Е.В. Богданов), ფრეზირების ოსტატი გ.გ. გაბდრახმანოვი (Г.Г. Габдрахманов); ასევე ა.ნ. ბერდიშევი (А.Н. Бердышев) და პ.მ. პერმიაკოვი ( П.М. Пермяков). მათთან ერთად კალაშნიკოვის მოდერნიზაციაში ჩართულნი იყვნენ, როგორც იჟევსკის მანქანამშენებელი ქარხნის  სპეციალისტები, ასევე თავდაცვის და თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს თანამშრომლები  ვ.პ. ბოლტუშკინი (В.П. Болтушкин), ტ.გ. ლევინი (Т.Г. Левин), ვ.ა. ხარკოვი (В.А. Харьков), ნ.ფ. კულიჩკოვი (Н.Ф. Куличков), ლ.მ. ოხოტნიკოვი (Л.М. Охотников), ა.ფ. მარკოვ (А.Ф. Марков) და სხვები.
НСП-2 -ით აღჭურვლი ავტომატი АКН
გარდა ავტომატის გადამუშავება/მოდერნიზაციისა, სამუშაოები მიმდინარეობდა ასევე მისი პოტენციური შესაძლებობების გაფართოვებაზეც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1954-1955 წლებში შეიქმნა კალაშნიკოვის ავტომატის ახალი ვარიანტები АКН და АКСН, რომლებზეც შესაძლებელი იყო ამავე პერიოდში შექმნილი ღამის ხედვის სამინზე მოწყობილობის НСП-2 დამაგრება. სამიზნე მოწყობილობის ავტომატზე დასამაგრებლად ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს გაკეთებულ იქნა სპეციალური სამაგრი კრონშტეინი.  აღნიშნული სამიზნე იძლეოდა საშუალებას, რომ მსროლელს ღამით ან ბინდში აღმოეჩინა სამიზნე 150-250 მეტრამდე და მოეხდინა დამიზნებითი სროლის განხორციელება. НСП-2-ით აღჭურვილი კალაშნიკოვი იწონიდა 8,18კგ-ს შესაბამისად სროლა წარმოებდა დაწოლილ ან ჩამუხლული პოზიციიდან რაიმე საგნის საყრდენად გამოყენების მეშვეობით.
კალაშნიკოვის ავტომატის მაყუჩით აღჭურვა
50-ანი წლების შუალედში საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მარშალ გ.კ. ჟუკოვის თაოსნობით ახლიდან იქნა ფორმირებული სადაზვერვო-დივერსიული ნაწილები და სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, რომელიც შედიოდა ე.წ. გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში „ГРУ ГШ“ (Главное разведывательное управление Генерального штаба). საბრძოლო პრაქტიკა აჩვენებდა, რომ მზვერავებს ესაჭიროებოდათ სპეციალური იარაღი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა უხმო და ალისგარეშე სროლის მოწყობილობით ე.წ. მაყუჩით.
1956 წელს სპეციალური დანიშნულების დანაყოფებს მიეწოდა კალაშნიკოვის ავტომატის მოდიფიკაცია, რომელსაც კომპლექტში მოყვებოდა უხმო და ალისგარეშე სროლის მოწყობილობა ПБС  (Прибор Бесшумной Стрельбы). აღნიშნული მოწყობილობა დამზადებული იყო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში НИИ-61, ინჟინერ ლ.ი. გოლუბევის (Л.И. Голубев) მიერ. გარდა აღნიშნული მოწყობილობისა საბჭოთა კავშირის სპეცდანიშნულების დანაყოფებს და არმიას ამავე პერიოდში მიეწოდა სპეციალური ვაზნები ტყვიის შემცირებული საწყისი სიჩქარით, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „7,62х39 УС“  (УС იშიფრებოდა როგორც Уменьшенной Скоростью). ვინაიდან ხმის ეფექტურ ჩახშობას ესაჭიროება ქვებგერითი საწყისი სიჩქარე, ვაზნა „7,62х39 УС“ დამუხტული იყო უფრო მძიმე ტყვიით და ნაკლები დენთის მუხტით, რისი წყალობითაც ლულიდან გამოსვლისიას ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 270–295 მეტრ წამს. აღნიშნული ვაზნა შემუშავებულ იქნა ასევე НИИ-61 -ის ბაზაზე კონსტრუქტორ მ.ა. კუზმინის (М. А. Кузьмин) და გ.მ. ტერეშინის (Г.М. Терешин) მიერ. (რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ ვაზნის შექმნაში ჩართული იყო ასევე კ.ვ. სმეკაევი К.В. Смекаев).
უხმო და ალისგარეშე სროლის მოწყობილობა მაგრდებოდა ლულის ცხვირზე არსებული ხრახნის მეშვეობით და შედგებოდა ორი ნახევარცილინდრისგან, რომლებიც ერთმანეთთან გადაბმული იყო ორი ღერძის მეშვეობით. ცილინდრის შუაში მოთავსებული იყო 12 ტიხარი. აღნიშნული ტიხრები ასრულებდა სეპარატორების ფუნქციას.  ტიხრებს შუაში გააჩნდა ნასვრეტი, რომელშიც გასროლისას გადიოდა ტყვია. პირველ ტიხართან დამაგრებული იყო რეზინის საცობ-ობტურატორი. ავტომატის ლულაზე ПБС-ის დამაგრების შემთხვევაში გამოიყენებოდა სპეციალური სამიზნე მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც დამიზნება ხდებოდა გვერდიდან. გასროლის დროს ლულიდან გამოსული ტყვია ხვრეტდა რეზინის საცობ-ობტურატორს, რომელიც ელასტურობის ხარჯზე იკუმშებოდა და ანელებდა დენთის აირების მოწყობილობის კორპუსში შესვლას.  ის აირები, რომლებიც ტყვიასთან ერთად გააღწევდნენ ობტურატორს მიღმა, ხვდებოდნენ ტიხრებში (სეპარატორებში) სადაც ხდებოდა აირების გაფართოვება და სიჩქარის ვარდნა. შესაბამისად ПБС -იდან გამოვარდნილ ტყვიას უკან მიყვებოდა უკვე გაფართოვებული და სიჩქარე დაკარგული აირები და შემცირებული ხმოვანი ტალღა. რეზინის საცობ-ოპტურატორის რესურსი შეადგენდა 200 გასროლამდე. ამიტომ შემდგომ უნდა მომხდარიყო მისი ამოცვლა. ПБС -ით აღჭურვილი ავტომატიდან დამიზნებითი სროლა ხორციელდებოდა 400 მეტრამდე. შეიძლება ითქვას, რომ იმ ეპოქაში შუალედურ ვაზნაზე გათვლილი მაყუჩიანი ავტომატური იარაღი ასე მასიურად არცერთ ქვეყნის შეიარაღებაში არ ყოფილა.
კალაშნიკოვის ავტომატის გასაიდუმლოება
მიუხედავად იმისა, რომ 50-ან წლებში საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში ხდებოდა კალაშნიკოვის ავტომატების მიწოდება, იგი მაინც ითვლებოდა გასაიდუმლოებულ იარაღათ და ხდებოდა მკაცრი კონტროლი იმისა, რომ  ავტომატის ამსახველი ფოტომასალა არ დაბეჭდილიყო პრესაში. ასევე კატეგორიულად იკრძალებოდა კალაშნიკოვის ავტომატის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გასაჯაროება. საწყის ეტაპზე კალაშნიკოვის ავტომატის გადატანა  ხდებოდა სპეციალური შალითებით, რათა ყველას არ შეძლებოდა მისი დანახვა. ამდაგვარი გასაიდუმლოების მთავარ დანიშნულებას ჩემი აზრით წარმოადგენდა ერთგვარი რეპუტაციის შექმნა რომ ეს ავტომატი იყო ზებუნებრივი იარაღი, რაც  საბჭოთა კავშირის აზრით შიშისმომგვრელი ფაქტორი უნდა გამხდარიყო დასავლეთისთვის. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ჯარისკაცებს სასროლეთის ტერიტორიაზე მასრებსაც კი აკრეფინებდნენ და ყოველი მასრა ექვემდებარებოდა მკაცრ აღრიცხვას. რიგი წყაროების თანახმად ერთერთი სროლების დროს ვერ შეძლეს რამოდენიმე მასრის პოვნა და ჯარისკაცებს დაავალეს აეღოთ პოლიგონზე არსებული მიწის საფარის გარკვეული ნაწილი და გაეტარებინათ საცერში რათა აღმოეჩინათ კალაშნიკოვის ავტომატიდან ნასროლი ვაზნის მასრები.
შეიძლება ითქვას, რომ 1956 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კალაშნიკოვის ავტომატმა გაიარა პირველი საბრძოლო ნათლობა უნგრეთში მომხდარი კონტრრევოლუციური აჯანყების ჩახშობისას. სწორედ აქ გამოჩნდა პირველად კალაშნიკოვის ავტომატი საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების ხელში. გარკვეულ ლიტერატურაში მოცემულია ცნობები, რომ ამავე პერიოდში (1956 წლის ნოემბერში) საბჭოთა კავშირის კონტრდაზვერვამ დააკავა უნგრეთის სახანძრო დაცვის ყოფილი ოფიცერი ერვინ რიმოცი, რომელიც ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს „CIA“(Central Intelligence Agency) მიერ იქნა „დავერბოვკებული“. დაკავებულს თან აღმოაჩნდა იმ იარაღების ჩამონათვალი, რომლითაც დაინტერესებული იყო ამერიკა.  ჩამონათვალის მეხუთე პუნქტში ეწერა „მთლიანად მეტალის ავტომატი“ (სწორედ ასე მოიხსენიებდნენ კალაშნიკოვის ავტომატს ამერიკელები), ან მისი საკეტის ჯგუფი, რომლის ხელში ჩაგდების შემთხვევაში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო იხდიდა 5000 დან 10 000 დოლარამდე ჯილდოს. რამდენად შეესაბამება აღნიშნული ფაქტი რეალობას ჩემთვის გაურკვეველია (ამ ინფორმაციას მხოლოდ რუსულენოვან წყაროებში შევხვედრივარ და შესაძლოა ეს უბრალოდ მითია). უნგრეთში კონტრრევოლუციური ამბოხების ჩახშობისას საბჭოთა კავშირმა უგზო-უკვლოდ დაკარგა რამოდენიმე ასეული მებრძოლი და მათი კუთვნილი იარაღი, რომელთან ერთადაც ასევე იყო რამოდენიმე ათეული კალაშნიკოვის ავტომატი АК და АКС. საბჭოთა ლიტერატურას თუ დავუჯერებთ ეს ავტომატები გაგზავნილ იქნა დასავლეთის კვლევით ცენტრებში, სადაც მოხდა მათი დეტალური შესწავლა.
ავტომატ-კარაბინი
გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირის არმიას შეიარაღებაში ჰქონდა მიღებული  შუალედურ ვაზნაზე (7,62х39) გათვლილი კალაშნიკოვის ავტომატი (АК-47) და სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი (СКС-45), გადაწყდა, რომ ექსპერიმენტის სახით დამუშავებულიყო  ავტომატ-კარაბინის კონცეფცია. ავტომატ-კარაბინი უნდა ყოფილიყო იგივე ავტომატი, მხოლოდ გრძელი ლულით, რაც გააერთიანებდა ორი განსხვავებული ტიპის იარაღის საბრძოლო თვისებებს.  ჯერ კიდევ 1950-ანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა საკონსტრუქტორო ბიუროებში დაწყებულ იქნა მუშაობა ავტომატ-კარაბინების შექმნაზე.  თავდაპირველად კოვროვის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროში (ОКБ-575) დამუშავებულ იქნა 3 საესკიზო პროექტი, რომელთა ავტორები იყვნენ ა.ს. კონსტანტინოვი (А.С. Константинов), გ.ს. გარანინი (Г.С. Гаранин) და ი.ი. სლოსტინი (И.И. Слостин), რომელიც ს.ს. ბრინცევთან (С.С. Брынцев) ერთად მუშაობდა. კონსტანტინოვის და გარანინის ეგზემპლარები მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის ქვემოთ გადახრის მეშვეობით. სლოსტინის და ბრინცევის ერთობლივი ქმნილებაც ლულის არხიდან აირების გაყვანის პრინციპით მუშაობდა, თუმცა ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის მბრუნავი თავაკის მეშვეობით.   მალევე ა.ს. კონსტანტინოვმა წარმოადგინა კიდევ ორი ცალი ავტომატ-კარაბინის ესკიზი. ერთი ეგზემპლარი ეფუძნებოდა  თავისუფალი საკეტის პრინციპს, სადაც საკეტის დამუხრუჭება ხდებოდა დენთის აირების გამოყენებით. ზუსტად იგივე პრინციპს იყენებდა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შექმნილი ბარნიცკეს სისტემის მოიერიშე შაშხანა Gustloff МР.507 იგივე VG 1–5. აღნიშნულ ეგზემპლარზე სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > „Volkssturmgewehr (VG) სახალხო იერიშისათვის“, ხოლო მეორე ვარიანტი ეფუძნებოდა თავისუფალი საკეტის სქემას. ასევე კოვროვის კონსტრუქტორმა ვ.რ. ჩუდნიმ (В.Р. Чудный) 1952 წელს წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის ავტომატ-კარაბინის ესკიზი.
იმ ფაქტმა, რომ სხვადასხვა კონსტრუქტორები მუშაობდნენ ახალი კონცეფციის ავტომატ-კარაბინზე მ.ტ. კალაშნიკოვი და ს.გ. სიმონოვი დააფიქრა და შეიძლება ითქვას შეაშინა კიდევაც, რადგან თუკი ავტომატ-კარაბინი ეფექტური გამოდგებოდა და შეძლებდა როგორც ავტომატის, ასევე თვითდამტენი კარაბინის ჩანაცვლებას შესაძლოა მათი იარაღიები (АК-47 და СКС-45) სათადარიგოთა სკამზე აღმოჩენილიყვნენ და საერთოდ აღარ გაგრძელებულიყო წარმოების პროცესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ს.გ. სიმონოვმა (С.Г. Симонов), დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოები სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (НИИ-61), სადაც შექმნა 10 ცალი მცირედით განსხვავებული ტიპის ავტომატ-კარაბინი, რომელიც СКС -ის ბაზაზე იყო დაპროექტებული. ეს ავტომატური კარაბინები  ცნობილია სახელწოდებით АКС-51; АКС-52; АКС-69; АКС-72; АКС-73; СКС-АКС-74; АКС-80; АКС-89; АКС-90; АКС-91 (ციფრები არ გეგონოთ, რომ აუცილებლად წლებს ნიშნავს ეს არის სიმონოვის იარაღების აღრიცხვის მანიშნებელი და არა მათი შექმნის წლები). ს.გ. სიმონოვის ყველა ეგზემპლარი მუშაობდა როგორც СКС და ვაზნებით კვება წარმოებდა 10 და 30 ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი მჭიდებით.
საბოლოოდ ამ ეგზემპლარებიდან გამოცდას დაექვემდებარა მხოლოდ 1952 წელს შექმნილი СКС-АКС-74, რომელიც ცნობილია აგრეთვე დასახელებებით СКС-АКС-74-П-52 და АКС-53.
ბუნებრივია მ.ტ. კალაშნიკოვი და მისი ჯგუფიც არ იჯდა გულხელდაკრეფილი. მათ მიერ 1952 წელს ქარხანა № 74 -ში დაპროექტებულ იქნა  ავტომატ-კარაბინი. სულ  1952-1956 წლებში შეიქმნა კალაშნიკოვის ავტომატ-კარაბინის 4 უმნიშვნელოდ განსხვავებული საცდელი ეგზემპლარი რომელთაც მიენიჭა საერთო დასახელება «ОПЛ».
თავდაპირველად ეგზემპლარს გააჩნდა ფრეზირების მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი, შემდეგ დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი. შემდგომ ისევ დამზადდა ეგზემპლარი ფრეზირებული ლულის კოლოფით, ხოლო 1955-1956 წლებში საცდელი სახით ისევ დაბეჭდვის მეთოდთ იქნა დამზადებული.
ავტომატ-კარაბინების გამოცდა. ძალიან დიდი ხანია ვეძებ ოფიციალურ დოკუმენტებს და ინფორმაციას სადაც აღწერილი იქნება ავტომატ-კარაბინების გამოცდის პროცესი და შედეგები, თუმცა ვერსად ვერ შევძელი სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება.
1954 წლის 26 აპრილის წერილის თანახმად უნდა მომხდარიყო კალაშნიკოვის ავტომატ-კარაბინის გამოცდა. გამოცდები გაიმართა ამავე წლის 3 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით. გამომცდელებს შორის იყვნენ: ინჟინერ-მაიორი ვ.გ. ლუგოვი, ფ.ა. ბლანტერი და ი.ა. ტიშუკოვი. საცდელი სროლებისს შესადარებლად გამოყენებულ იქნა კალაშნიკოვის სერიული ავტომატი АК და სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი СКС. კალაშნიკოვის მიერ აღნიშნულ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა მხოლოდ 1 ცალი ეგზემპლარი, რომელსაც ჰქონდა სერიული ნომერი НЖ-1470. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კალაშნიკოვის ავტომატ-კარაბინს გამოცდებზე არ ჰქონდა თანდართული ტექნიკური დოკუმენტაცია და აღწერილობა, რაც ითვლებოდა სერიოზულ დარღვევათ. გამოცდებზე წარდგენილი კალაშნიკოვის ავტომატ-კარაბინი განსხვავდებოდა АК-47 -სგან რამოდენიმე ძირითადი ნიუანსით:
1.     მისი ლულა დაგრძელებული იყო 70მმ-ით;
2.     აირის კამერა იყო მთლიანად დახურული. ანუ არ ჰქონდა ნასვრტები, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა ზედმეტი დენთის აირების გარეთ გაბნევა;
3.     აირგამყვანი ნასვრეტის დიამეტრი შემცირებულ იქნა 2მმ-მდე. (АК-47 ში აღნიშნული დიამეტრი შეადგენდა 4,4მმ-ს). ასევე აირგამყვანმა ნასვრეტმა 132 მმ-ით უკან გადაინაცვლა.

4.      ავტომატ-კარაბინის აირის დგუში წარმოადგენდა საკეტისგან განცალკევებულ დეტალს, რომელიც მუშაობდა მოკლე სვლის პრინციპით. გასროლის დროს დგუში გადაადგილდებოდა უკან 8მმ-ით, უბიძგებდა საკეტის ჩარჩოს და შემდგომ საკეტის ჩარჩო დამოუკიდებლად (ინერციით) აგრძელებდა უკუსვლას.
5.      შემცირდა საკეტის ჩარჩოს სიგრძე.
6.      სასხლეტის ავტოგამშვებ მექანიზმში ჩამატებულ იქნა სროლის ტემპის შემანელებელი. (აღნიშნული მექანიზმი აღებულ იქნა კორობოვის ავტომატისგან ТКБ454).
7.      ვინაიდან ავტომატ-კარაბინი მუშაობდა დგუშის მოკლე სვლის პრინციპით და დგუში არ იყო გადაბმული საკეტის ჩარჩოზე, შესაძლებელი გახდა საკეტის ღია მდგომარეობაში დაფიქსირება და მჭიდის ვაზნებით შევსება კლიპების გამოყენებით (ისე როგორც СКС-ში).
8.      შეიცვალა დროშისებური მცველის+სროლის რეჟიმების გადამრთველის ფრომა და გადანაცვლდა სასხლეტის ზევით ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს.
9.      შეიცვალა ლულის ზედსადების და ტიბჟირის ფორმა. ასევე ოროვე მათგანი  დაგრძელდა.
10.  შეიცვალა ხიშტ-დანის დამაგრების მეთოდი.
11.  ავტომატის მოძრავი დეტალების (საკეტის ჩარჩო და საკეტი) სვლის მანძილი შემცირდა 34მმ-ით.

12.  დამოკლდა ლულის კოლოფის თავსაფარი.
კალაშნიკოვის ავტომატ-კარაბინი ყველანაირ პირობებში მუშაობდა საიმედოდ, თუმცა დაფიქსირდა რამოდენიმე შეფერხება ვაზნის მიწოდებასთან დაკავშირებით. ავტომატური ჯერებით სროლისას კალაშნიკოვის ავტომატ-კარაბინი თითქმის იგივე შედეგს აჩვენებდა, რაც გააჩნდა АК-47 -ს. პარალელურად გამოცდას დაექვემდებარა სიმონოვის, კონსტანტინოვის და კორობოვის (ТКБ454 –ის გრძელულიანი ეგზემპლარი) ავტომატ-კარაბინები. გამოცდებმა აჩვენა, რომ შეუძლებელი იყო ავტომატ-კარაბინს მთლიანად ჩაენაცვლებინა ავტომატი. ასევე კვლევების თანახმად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ  კალაშნიკოვის ავტომატი АК-47 ბევრად უფრო ეფექტურ იარაღს წარმოადგენდა, ვიდრე სიმონოვის თვიტდამტენი კარაბინი (СКС), რომელიც ერთეული გასროლებით 400 მეტრამდე სროლისას უმნიშვნელოდ ჯობნიდა სიზუსტეში АК-47 -ს, ხოლო სხვა დანარჩენი საბრძოლო თვისებებით ჩამორჩებოდა კალაშნიკოვის ავტომატს. ფაქტიურად ამ დასკვნამ განაჩენი გამოუტანა СКС-ს, რომლის წარმოებაც რამოდენიმე წელში შეწყვეტილ იქნა. საბოლოოდ თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა რომ არ იყო მიზანშეწონილი ავტომატ-კარაბინებზე დროის დახარჯვა, რადგანაც საბჭოთა კავშირის არმიის ერთიანი იარაღი კალაშნიკოვის ავტომატი (АК-47) უნდა გამხდარიყო. 1955 წლის მიწურულს და 1956 წლის დასაწყისში თემა, რომელც ავტომატ-კარაბინს ეხებოდა საბოლოოდ დაიხურა. შემდგომი სამუშაოები კი კალაშნიკოვის ავტომატის (АК-47) მაქსიმალურად დახვეწას და ტექნოლოგიურად გამარტივებას უნდა დათმობოდა.  თუმცა მთავარ საარტილერიო სამმართველოში (ГАУ) და თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროში (МОП) კვლავ ტრიალებდა იდეა ახალი პერსპექტიული ავტომატის შექმნის შესახებ, რომელიც საბრძოლო თვისებებით და ტექნოლოგიურობით თუ აჯობებდა კალაშნიკოვის ავტომატს, შეიარაღებაში მიიღებდნენ და შემდგომი სამუშაოებიც სწორედ მასზე გაგრძელდებოდა. ასეთ შემთხვევაში კალაშნიკოვის ავტომატს (АК-47), რომელიც ტექნოლოგიურად და საწარმოებლად ჯერ კიდევ ზედმეტად რთულად ითვლებოდა დასამარება ელოდა.
გაგრძელება იქნება!

No comments:

Post a Comment