კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 2)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 1)
 
1946 წლის დეკემბერში პოლიგონ “НИПСМВО” -ზე გაიმართა პროტოტიპების გამოცდა, რომელზეც კომისიის მიერ დაშვებულ იქნა 5 ეგზემპლარი:
1.    ნ.ვ. რუკავიშნიკოვის ავტომატი АР-46;
2.    გ.ა. კორობის ავტომატი ТКБ-408;
3.    ა.ა. ბულკინის ავტომატი АБ-46;
4.    ა.ა. დემენტიევის ავტომატი АД-46;
5.    მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატი АК-1 (იგივე АК-46 № 1).
კ.ა. ბარიშევის ავტომატი არ იქნა დამზადებული, რადგანაც კონსტრუქტორი ამ პერიოდში სხვა მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული. იგი მუშაობდა საშტატო თვითდამტენი პისტოლეტის შექმნაზე, რომელიც იმ დროს საკმაოდ სერიოზულ მოთამაშედ განიხილებოდა და ლამის გამარჯვებულიც კი გახდა, თუმცა საბოლოოდ გაცხარებულ შეჯიბრში მაკაროვის პისტოლეტმა აჯობა, რომელიც მოგვიანებით შეიარაღებაში იქნა მიღებული. შესაბამისად კ.ა. ბარიშევი გამოირიცხა კონკურსიდან. საგამოცდო სროლებზე საკონტროლო იარაღის სახით გამოიყენებოდა შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი (ППШ-41), სუდაევის ავტომატი (АС-44) და გერმანული მოიერიშე შაშხანა МР.44  (გივე StG.44).
რუკავიშნიკოვის ავტომატი „Автомат Рукавишникова АР-46
კონკურზე რუკავიშნიკოვმა წარმოადგინა ორი ტიპის ავტომატი, რომლიდანაც ერთი იყო ხის მუდმივი (არადასაკეცი) კონდახით (АР-46) (პირველი ვარიანტი), ხოლო მეორე ვარიანტი მეტალის საკეცი დუგლუგით (АР-46С). 

აირგამყვანი მილაკი და დგუში განთავსებული იყო ლულის ქვემოთა მხრიდან. ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის მბრუნავი თავის მეშვეობით, რომელსაც ორი საბრძოლო ბჯენი გააჩნდა. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის.  რუკავიშნიკოვის ავტომატი საერთო აგებულებით და დაშლის პრინციპით ახლოს იდგა სუდაევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევთან (ППС-43), თუმცა რადიკალურად განსხვავდებოდა მისი ავტომატურად მუშაობის პრინციპი. იგი შედგებოდა ქვედა და ზედა ლულის კოლოფისგან, რომლებიც ღერძის მეშვეობით იყო ერთმანეთზე დამაგრებული. ავტომატს წინა მხარეს გააჩნდა დამატებითი პისტოლეტისებური სახელური. ლულის კოლოფი დამზადებული იყო დაბეჭდვის მეთოდით, რომელშიც გამოიყენებოდა 1,2მმ-ანი ფოლადის ფურცელი. საკეტის ჩარჩოს მოძრაობისათვის ლულის კოლოფის კედლებზე გაკეთებული იყო სპეციალური ამონაჭყლეტი ღარი, რომელიც ასრულებდა საკეტის ჩარჩოს მიმმართველის ფუნქციას. დამაბრუნბელი ზამბარა განთავსებული იყო ლულის ქვემოთ არსებულ მილში. იარაღის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის და გააჩნდა ცილინდრისებული საბრძოლო ზამბარა. მცველზე დაყენებისას ხდებოდა სასხლეტი კავის ბლოკირება. გადასატენი სახელური განთავსებული იყო მარცხენა მხარეს და სროლის დროს რჩებოდა უძრავ მდგომარეობაში.

 
ფოტოებზე წარმოდგენილია უშუალოდ გამოცდაში მონაწილე  რუკავიშნიკოვის ეგზემპლარები (ზევით ავტომატის პირველი ვარიანტი, ქვევით ავტომატის მეორე ვარიანტი)
 
კორობოვის ავტომატი Автомат Коробова (ТКБ-408)
კორობოვის ავტომატი მისი კონკურენტებისგან განსხვავებოდა იმით, რომ შესრულებული იყო „ბულ-პაპის“ (Bull-Pup) სქემით. ასეთი სქემის გამოყენებამ განაპირობა ავტომატის საერთო სიგრძის 200მმ-მდე შემცირება, ისე, რომ ლულის სიგრძე არ შემცირებულა.
ისევე როგორც კონკურსზე წარმოდგენილი სხვა ეგზემპლარები, კორობოვის ავტომატიც მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. აირგამყვანი მილაკი განთავსებული იყო ლულის ზევითა მხრიდან. ლულის არხის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის ბლოკის ვერტიკალურ სიბრტყეში გადაადგილებით და არა მბრუნავი თავის მეშვეობით. საკეტის ბლოკი ჩაკეტილ მდგომარეობაში შეჭიდებული იყო ლულის ქვემოთ არსებულ სპეციალუ შვერილზე. დამრტმელ-გამშვები მექანიზმი იყო საცემიანი (ე.წ. Striker) ტიპის და გააჩნდა დამოუკიდებელი საბრძოლო ზამბარა.
ლულის კოლოფი დამზადებული იყო დაბეჭდვის მეთოდით და შედგებოდა ორი ნაწილისგან.  ავტომატის დაშლისას კოლოფის ზედა ნაწილი ადიოდა მაღლა. ლულის ბოლოში შესრულებული იყო სპეციალური მუხრუჭი. იარაღის გადასატენი ბერკეტი განთავსებული იყო მარცხენა მხარეს და სროლის დროს უძრავ მდგმარეობას ინარჩუნებდა. მჭიდი გათვლილი იყო 30 ცალ ვაზნაზე, რომელიც ფიქსირდებოდა პისტოლეტისებური სახელურის ზურგზე არსებული ფიქსატორის მეშვეობით.

ავტომატის ავტორი გერმან კორობოვი

ცარიელი მჭიდით ავტომატი იწონიდა 4,37-4,41კგ-ს. საერთო სიგრძე შეადგენდა 790მმ-ს, ხოლო სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ სროლის ტემპი შეადგენდა 503 გასროლას წუთში. პრაქტიკული სწრაფსროლა ერთეული გასროლების შემთხვევაში შეადგენდა 33 გასროლას წუთში, ხოლო ავტომატური ჯერებით 65 გასროლას წუთში. ვინაიდან ავტომატი დაპროექტებულ იქნა ტულის იარაღის ქარხანაში მას მიენიჭა კოდური სახელწოდება ТКБ-408 (ТКБ - Тульское Конструкторское Бюро)



ბულკინის ავტომატი Автомат Булкина (АБ-46)
ბულკინის ავტომატი რადიკალურად განსხვავდებოდა მის მიერ 1945 წელს გამართულ კოკურსზე წარმოდგენილი ეგზემპლარისგან, რომელსაც მჭიდი ზემოთა მხრიდან ჰქონდა განთავსებული. ავტომატი АБ-46 იყო ტრადიციული  სქემით შესრულებული, რომელსაც მჭიდი ქვემოდან უკეთდებოდა.
ფოტოებზე წარმოდგენილია უშუალოდ გამოცდაში მონაწილე  ბულკინის ეგზემპლარები (ზევით ავტომატის პირველი ვარიანტი, ქვევით ავტომატის მეორე ვარიანტი)


შემდგომ ლულა მცირედით იქნა შემოკლებული

მუშაობის პრინციპი ეფუძნებოდა ლულიდან აირების გაყვანას. აირის მილაკი ლულის ზევით იყო დამაგრებული. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა მბრუნავი საკეტის თავით. (სხვათაშორის ბულკინის ავტომატის საკეტზე რუსები საუბრობენ, რომ ამერიკელებმა M-16-ში გამოყენებული საკეტი სწორედ ამ ავტომატიდან აიღეს). აირის დგუში მუშაობდა გრძელი სვლით. იმისათვის, რომ შემცირებულიყო დგუშის თავაკის, აირის მილაკზე ხახუნის ფართობი, თავაკზე გაკეთებულ იქნა წრიული ამონაჭრელი ღარები. გადასატენი სახელური ისევე როგორც ზევით განხილულ რუკავიშნიკოვის და კორობოვის ავტომატში სროლის დროს უძრავ მდგომარეობას ინარჩუნებდა.
ფოტოზე გამოსახულია არასრულად დაშლილი ბულკინის ავტომატი АБ-46
ბულკინის ავტომატის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის. ლულის დამაგრება კოლოფზე ხდებოდა სპეციალური საგების მეშვეობით. ლულის კოლოფი დამზადებული იყო დაბეჭდვის მეთოდით და გააჩნდა მოხსნადი თავსაფარი, რომელსაც ჰქონდა სპეციალური შვერილები. აღნიშნული შვერილები წარმოადგენდნენ ერთგვარ მიმმართველს, რომელზეც საკეტის ჩარჩო მოძრაობდა. ბულკინის ავტომატის ორიგინალურ დეტალს წარმოადგენდა საბრძოლო ზამბარა, რომელიც ჩახმახის ძირას არსებულ სპეციალურ ფუღუროში იყო განთავსებული. ავტომატის დროშიებური მცველი მარჯვენა მხარეს იყო დამაგრებული და ცალკე დეტალს წარმოადგენდა. ასევე ცალკე ბერკეტის სახით იყო შესრულებული სროლის რეჟიმების გადამრთველი. მჭიდის ღილაკ ფიქსატორის განთავსებული იყო ჩარჩოზე გვერდითა მხრიდან. ავტომატის სროლის ტემპი შეადგენდა 550-600 გასროლას წუთში, მჭიდსი ტევადობა 30 ცალი ვაზნა.
ავტომატის ავტორი ალექსეი ბულკინი
დემენტიევის ავტომატი Автомат Дементьева (АД-46)
დემენტიევის ავტომატები ზევით პირველი ვარიანტი, ქვემოთ მეორე ვარიანტი საკეცი დუგლუგით

დემენტიევის ავტომატი მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდებოდა ორი ცალი საბრძოლო ბჯენით აღჭურვილი მბრუნავი საკეტის თავით. აირის დგუში განთავსებული იყო ლულის ზემოდან, ძირითადი დეტალები დამზადებული იყო  ცივი დაბეჭდვის მეთოდით, რომელიც გერმანული მოიერიშე შაშხანის МР.43-ის (StG.44 -ის პირველი პროტოტიპი) მსგავსად მზადდებოდა. კონსტრუქციის თავისებურობას წარმოადგენდა დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული მთლიანად დახურული ლულის კოლოფი, რომელიც 1,2მმ-ანი ფოლადის ფურცლებისგან მზადდებოდა. ლულის კოლოფის შიგნით შესრულებული იყო სპეციალური მიმმართველი ღარები, რომელშიც საკეტის ჩარჩო მოძრაობდა. ჩახმახიანი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი და კონდახი ლულის კოლოფზე დამაგრებული იყო სპეციალური სარჭების მეშვეობით. აღნიშნული სარჭების გამოღების შემთხვევაში დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი და კონდახი იხსნებოდა ლულის კოლოფიდან. სროლის რეჟიმების გადამრთველი განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს. მცველის დროშიებური ბერკეტი წარმოადგენდა სროლის რეჟიმების გადამრთველისაგან დამოუკიდებელ დეტალს. დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმული იყო მიმმართველ ღეროზე, რომელიც დამაგრებული იყო ლულის კოლოფის საზურგე ხუფზე. აღნიშნული ნაწილი, კონდახის მოხსნის დროს კონდახზევე რჩებოდა მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებული იყო ლულის კოლოფზე გვერდითა მხრიდან. სროლის ტემპი შეადგენდა 500 გასროლა წუთში.
ავტომატის ავტორი ალექსანდრე დემენტიევი

კალაშნიკოვის ავტომატი АК-46 № 1 (АК-1)
მ.ტ. კალაშნიკოვის მიერ წარმოდგენილი მოდელი იყენებდა ლულის ზემოთ განლაგებულ აირგამყვანს და აირის დგუშს, სადაც ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის მბრუნავი თავით.
АК-46 № 1 (АК-1) ექსპერიმენტალური ვარიანტი  450 მმ სიგრძის ლულით და ლულის ბოლოში არსებული კომპენსატორით
АК-46 № 1 (АК-1) ექსპერიმენტალური ვარიანტი  400 მმ სიგრძის ლულით და ლულაზე არსებული ნასვრეტებით, რომელიც ერთგვარი კომპენსატორის დანიშნულებას ასრულებდა
საკეტის თავს გააჩნდა სამი შვერილი. ზედა შვერილის დანიშნულება იყო საკეტის ჩარჩოზე არსებულ ფიგურულ ღართან ზემოქმედება, რაც უზრუნველყოფდა საკეტის ბრუნავს, ხოლო ორი ცალი შვერილი ასრულებდა ერთგვარ საბრძოლო ბჯენის დანიშნულებას, რომლებიც ლულის კოლოფთან შეჭიდების მეშვებოთ ასრულებდნენ ლულის ჩაკეტვას.
ვარიანტი 400 მმ-ა-ანი ლულით
 
საკეტს ქვედა მხარეს ჰქონდა მბიძგავი მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფდა მჭიდიდან ვაზნის გადაადგილებას ლულის სავაზნისკენ და სავაზნეში მიწოდებას. ლულის კოლოფი დამზადებული იყო ფრეზირების მეთოდით, რომელშიც ღერძების მეშვეობით ჩამაგრებული იყო დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, პისტოლეტისებური სახელური და ხის კონდახი.
კალაშნიკოვის ავტომატის AK-46 (AK-1) ლულის კოლოფი შედგებოდა ორი ნაწილისგან. ერთი ნაწილი იყო ლულის კოლოფი, რომელშიც მოძრაობდა საკეტის ჯგუფი, ხოლო მეორე ნაწილში განლაგებული იყო ჩახმახიანი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, დროშისებური მცველის ბერკეტი, სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტი და პისტოლეტისებური სახელური. ასევე ამ ნაწილზე იყო დამაგრებული ავტომატის კონდახი.  ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან გადაბმული იყო სპეციალური ჭრილების მეშვეობით და დაფიქსირებული იყო სარჭით.
კალაშნიკოვის ავტომატის „AK-46“ (AK-1) აირის დგუში არ იყო დამაგრებული საკეტის ჩარჩოზე, როგორც დღეს თანამედროვე სერიულ კალაშნიკოვებში გვხდება. ასევე დგუშის  კონსტრუქციაში ჩადებული იყო სპეციალური ბიძიგის მიმცემი ზამბარიანი ღერძი, რომელსაც გასროლისას დგუში გადასცემდა ბიძგს, შემდეგ კი აღნიშნული ბიძგის მიმცემი ზამბარიანი ღერძი გადასცემდა ენერგიას საკეტის ჩარჩოს. ასეთი დგუშის გამოყნების წყალიბით შესაძლებელი იყო საკეტის გახსნა, დაფიქსირება სპეიალური შემაკავებლის მეშვეობით უკანა პოზიციაში და ავტომატზე მორგებული მჭიდის სპეციალური "კლიპებით" (აბოიმით) შევსება ზევითა მხრიდან. ანალოგიური პრინციპი გვხდება ჩეხოსლოვაკურ მოიერიშე შაშხანებში Vz.58 და მის სამოქალქო ბაზრისათვის განკუთვნილ ვარიენტებში „CZ-858“ (ასევე სიმონოვის კარაბინში СКС). კალაშნიკოვის ავტომატის АК-46 № 1 (АК-1) აირის მილაკს გააჩნდა 2 ცალი ნასვრეტი, რომლიდანაც ხდებოდა დარჩენილი და ზედმეტი (არასაჭირო) დენთის აირების ატმოსფეროში გამოდევნა. ჩახმახიანი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იძლეოდა როგორც ავტომატური, ასევე ერთეული გასროლების განხორციელების შესაძლებლობას და ჩამონტაჟებული იყო ლულის კოლოფში. ჩახმახის შეყენება ხდებოდა საკეტის ჩარჩოს უკან გადაადგილების დროს. საბრძოლო ზამბარა იყო ცილინდრული ფორმის. დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებული იყო ლულის კოლოფში და შედგებოდა მიმართველ ღერძზე ჩამოცმული ორი ნაწილისგან. მიმმართველი ღერძის უკანა ნაწილი სპეციალური ჭრილის მეშვეობით მაგრდებოდა ლულის კოლოფზე არსებულ შვერილზე. დამაბრუნებელი მექანიზმის ეს ნაწილი ასრულებდა აგრეთვე დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული საკეტის მოხსნადი ხუფის ფიქსატორის დანიშნულებას. აღნიშნული ხუფი ფარავდა მხოლოდ დამაბრუნებელ მექანიზმს. АК-46 № 1 (АК-1) –ის დროშისებური მცველი შესრულებული იყო ცალკე სახით და განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს. ასევე ცალკე დეტალს წარმოადგენდა სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტი.  გადასატენი სახელური განლეგებული იყო მარცხენა მხარეს (და არა მარჯვენა მხარეს როგორც ჩვენთვის ცნობილ კალაშნიკოვის ავტომატებშია) და შეადგენდა საკეტის ჩარჩოს ნაწილს.
მიხაილ კალაშნიკოვი
ავტომატი აღჭურვილი იყო რეგულირებადი ღია სამიზნე მოწყობილობით, რომელიც 800 მეტრამდე სროლისთვის გამოიყენებოდა. უკანა სამიზნე დამაგრებულ იყო ლულის სავაზნის თავზე განთავსებულ სპეციალურ ბაზაზე. წინა სამიზნე დამაგრებული იყო ლულის ცხვირზე არსებულ სამკუთხედ ბაზაზე, რომელშიც  ჩაპრესვის მეთოდით და 2 ცალი დამჭერი სარჭის გამოყენებით ფიქსირდებოდა. ავტომატს АК-46 № 1 (АК-1) რომელიც აღჭურვილი იყო 400 მმ სიგრძის ლულით არ გააჩნდა ცალკე ლულის მიხრუჭი, მის როლს  ასრულებდა ლულის ცხვირის ნაწილზე გვერდებიდან შესრულებული 6 ცალი ნასვრეტი (3 ნასვრეტი თითო მხრიდან). ავტომატის ვაზნებით კვება ხორციელდებოდა 30ცალ ვაზნაზე გათვლლი მოხსნადი მჭიდით, რომელიც ფოლადის ფურცლებისგან იყო დამზადებული. აღნიშნული მჭიდი აღებულ იქნა სუდაევის სისტემის ავტომატიდან.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ ავტომატის АК-46 № 1 (АК-1) ხის კონდახს ბოლოში ორი ცალი ხრახნის მეშვეობით დამაგრებული ჰქონდა მეტალის საზურგე. პისტოლეტისებური სახელური დამზადებული იყო ხისგან. ასევე ხისგან იყო დამზადებული ტიბჟირი და ლულის ზედსადები, რომელიც ინტენსიური სროლის შემთხვევაში დამწრობისგან იცავდა მსრლელს. ტიბჟირზე და ლულის ზედსადებზე გვერდებიდან შესრულებული იყო ჭრილები (3 ჭრილი თითო გვერდზე), რომელიც უზრუნველყოფდა ლულის უკეთეს გაგრილებას. ასევე ლულის ქვემოთ გაკეთებული იყო ზუმბას (შომპოლის) სამაგრი. АК-46 № 1 (400მმ სიგრძის ლულით) ცარიელი მჭიდით იწონიდა 4,1 კგ-ს, საერთო სიგრძე შეადგენდა 895მმ-ს, ხოლო სროლის ტემპი 760 გასროლას წუთში. ავტომატის სისქე (სიგანე) შეადგენდა 47მმ-ს, ხოლო მორგებული მჭიდით მისი სიმაღლე იყო 240 მმ. ს
საკონკურსო გამოცდაზე გატანილ იქნა მოდელი 450 მმ სიგრძის ლულით (400მმ-ანი ლულით მოგვიანებით დამზადდა), რომლის წონაც მჭიდის გარეშე შეადგენდა 4,04 კგ-ს, ხოლო ცარიელი მჭიდით ოწონიდა 4,46 კგ-ს. ავტომატი 5 ცალ სავსე მჭიდთან ერთად იწონიდა 8,59 კგ-ს. საერთო სიგრძე შეადგენდა 972მმ-ს.
კონკურსის შედეგები
კონკურსის საბოლოო შედეგების გამოვლენა მოხდა კომისიის მხრიდან დეტალური ანალიზის და დაკვირვებების შედეგად. კომისიამ გადაწყვიტა, რომ 5 კონკურსანტიდან გამოევლინა საუკეთესო ვარიანტები, რომლებზეც გაგრძელდებოდა შემდგომი სამუშაოები. კომისიის წევრების აზრით კონკურსის პირველი ტურის საუკეთესო ვარიანტებს წარმოადგენდნენ ბულკინის და დემენტიევის ავტომატები.  გერმან კორობოვის და რუკავიშნიკოვის ავტომატები გაემოეთიშნენ ასპარეზობას. რუკავიშნიკოვის ავტომატი (АР-46) კონკურსიდან მოიხსნა ბევრი კონსტრუქციული ნაკლოვანებეის გამო, ხოლო კორობოვის ავტომატმა (ТКБ-408) 5000 გასროლის შემდეგ დატოვა კონკურსი, რადგანაც კომისის წევრების აზრით მისი ლულის კოლოფი და საკეტი ვერ აკმაყოფილებდა სიცოცხლისუნარიანობის ნორმებს. ასევე კორობოვის ავტომატს საცდელ სროლებზე ხშირად ექმნებოდა შეფერხებები. კონკურსზე წარმოდგენილი ავტომატებიდან ვერცერთი ეგზემპლარი ვერ აკმაყოფილებდა ვერც ტყვიების შეჯგუფების და ვერც დეტალების სიცოცხლისუნარიანობის მოთხოვნებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ საგამოცდო კონკურსზე საკონტროლო ეგზემპლარის სახით წარმოდგენილ იქნა შპაგინის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “ППШ-41” და სწორედ მასთან შედარებით ხდებოდა სიზუსტის და ტყვიების შეჯგუფების შეფასება. 200 მეტრ დისტანციაზე ზევით სროლისას უპირატესობა გაჩნდა კონკურსზე წარმოდგენილ ავტომატებს, თუმცა 200 მეტრზე ქვევით სროლის შემთხვევაში “ППШ-41” აჩვენებდა 1,5-2 ჯერ უკეთეს შედეგს. საკონკურსო ეგზემპლარებს შორის ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში სიზუსტის კუთხით საუკეთესო შედეგი აჩვენეს ბულკინის და დემენტიევის ავტომატებმა, თუმცა ვერცერთი მათდგანი ვერ ჯობდა 1944-1945 წლებში სუდაევის მიერ წარმოდგენილ ავტომატ АС-44 -ს. კომისიის წევრების დასკვნაში ასევე ეწერა, რომ გერმანული მოიერიშე შაშხანა „МР.44“ (StG.44 -ის ანალოგი) სასროლო კურსის (Курсу стрельб -43 შემოკლებით КС-43) სავარჯიშოების შესრულებისას აჩვენებდა კონკურსზე წარმოდგენილი საცდელი ეგზემპლარების მსგავს შედეგს.
გარდა ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნებისა, კომისია თავის დასკვნაში ყურადღებას ამახვილებდა წარმოდგენილი ეგზემპლარების წარმოებისათვის საჭირო ეკონომიკურ ფაქტორებზე, რომლის თანხამადაც ფრეზირების მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი (რესივერი), ითვლებოდა არამიზანშეწონილად, რადგანაც მოითხოვდა დიდ რესურსს, არმიას კი ესაჭიროებოდა უფრო იაფფასიანი ტექნოლოგიით დამზადებული ეგზემპლარი, რომელშიც გამოყენებულ იქნებოდა დაბეჭდვის და შედუღების ტექნოლოგია.
გამოდინარე იქიდან, რომ კონკურსზე წარმოდგენილი ვერცერთი ეგზემპლარი ვერ აკმაყოფილებდა დეტალების სიცოცხლისუანრიანობის და სიზუსტის მოთხოვნებს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დემენტიევს, ბულკინს და კალაშნიკოვს მოეხდინათ თავიანთი ეგზემპლარების გადამუშავება 5 თვის ვადაში.  გადამუშავებული ეგზემპლარების გამოცდა გაიმართებოდა  1947 წლის მაისის მიწურულს. ყველაზე მეტი პრეტენზია ამ სამი ეგზემპლარიდან კომისიის წევრებს ჰქონდათ მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატის მიმართ, რომლის კონკურსიდან მოხსნაზეც კი საუბრობდნენ. მაგალითად ერთერთი გამომცდელი უფროსი ლეიტენანტი პჩელნიცევი (Пчелинцев) ამბობდა, რომ იგი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც კარგი ნამუშევარი და არ ღირს მასზე დროის დახარჯვაო, თუმცა საბოლოოდ იგი მაინც მოხვდა კონკურსის შემდეგ ტურში. ეს კიდევ ერთი საეჭვო ფაქტია კალაშნიკოვის ისტორიიდან, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ვიღაცეები სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული კალაშნიკოვის გამარჯვებით.
1947 წელს გამართული კონკურსი (მეორე ტური)
კონსტრუქტორებმა სასწარფო წესით დაიწყეს თავიანთი ეგზემპლარების გადამუშავება. ვინაიდან ყველაზე მეტი პრეტენზია იყო მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატის მიმართ, მას საკმაოდ რთული გადამუშავება ელოდა წინ.  კალაშნიკოვს გარდა იმისა, რომ უნდა გადაემუშავებინა კონსტრუქციული დეტალები, რომელიც საიმედოობას და სიცოცხლისუნარიანობას გაზრდიდა, ასევე უნდა შეემცირებინა ავტომატის საერთო მასა, რაც ბუნებრივია გამოიწვევდა სიზუსტის გაუარესებას, რაც ისედაც კალაშნიკოვის ეგზემპლარის აქილევსის ქუსლს წარმოადგენდა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჯერ კიდევ 1946 წლის დეკემბერში, როდესაც კალაშნიკოვის ავტომატი АК-46 № 1 გადიოდა გამოცდებს და თავად კალაშნიკოვიც მივლინებით იმყოფებოდა  გამოცდებზე, კოვროვში დარჩენილი კონსტრუქტორები ა.ა. ზაიცევის (А.А. Зайцев)  ხელმძღვანელობით აგრძელებდნენ მუშაობას კალაშნიკოვის ავტომატის გადამუშავბაზე. 

ალექსანდრე (საშა) ზაიცევი
 
წარმოიდგინეთ რამხელა ინტერესი იყო ჩადებული კალაშნიკოვის ავტომატში, რომ მისი არ ყოფნის შემთხვევაშიც კი სხვები მუშაობდნენ კალაშნიკოვის გადამუშავებაზე. აი აქ საბოლოოდ ვრწმუნდებით იმაში, რომ კალაშნიკოვის როლი მისი ავტომატის შექმნისას იყო მიზერული, რადგანაც ყველა საიჭირო სამუშაოებს სხვები ანხორციელებდნენ, ხოლო საბოლოო ჯამში კალაშნიკოვს ეწერებოდა ქულები. ჯერ სად ხართ კიდევ უფრო საინტერესო ფაქტები გელით სტატიის შემდგომ ეპიზოდებში!
7,62х41მმ-ანი ვაზნის გადამუშავება - ნ.მ. ელიზაროვის ჯგუფი პარალელურად ანხორციელებდა ვაზნის გადამუშავებისათვის საჭირო სამუშაოებს. მათ ჯერ კიდევ 1946 წელს წარმოდგინეს მოდერნიზირებული ვაზნა, რომელსაც მასრა შეუმოკლეს 38,7მმ-მდე. მოდერნიზაციის პროცესი განხორციელდა ულიანოვსკის მანქანამშენებელ ქარხანაში (Ульяновски машиностроительни завод). გადამუშავებული ვაზნის ტყვიის სიგრძე შეადგენდა 26,8მმ-ს და გააჩნდა ფოლადის გულარი. ვაზნის საერთო სიგრძე შეადგენდა 56მმ-ს, ვაზნის წონა 16,1 გრამს, ხოლო ტყვია იწონიდა 7,9 გრამს. ვაზნა დამუხტული იყო 1,6 გრამი დენთის მუხტით. ტყვიის საწყისი სიჩქარე საშუალოდ შეადგენდა 715მ/წამს. ახალ ვაზნას მიენიჭა სახელწოდება „7,62х39“. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ეს ვაზნა იქნებოდა სტანდარტი და ყველა კონკურსანტი, სწორედ ამ ვაზნაზე წარმოადგენდა ავტომატს.
მარცხნივ ძველი ვარიანტი 7,62х41, მარჯვნივ  გადამუშავებული 7,62х39 (სასწავლო ვაზნა)
რეალურად ვაზნის გეომეტრია რადიკალურად არ შეცვლილა, ამიტომ კონკურსანტებმა მარტივად შეძლეს, სავაზნეების მორგება ახალი სტანდარტის ვაზნაზე. შესაბამისად 1947 წლის ზაფხულიდან  ყველა საცდელი ეგზემპლარი წარმოდგენილ იქნა 7,62х39 ზნაზე. ტყვიის სტაბილიზაციისთვის ლულის ჭრილების ოპტიმალურმა ბიჯმა შეადგინა 240მმ.  ლულიდან გამოსვლისას ტყვიის ბრუნი შეადგენდა 2980 ბრუნს წუთში, რაც საკმარისი იყო სტაბილიზაციისთვის. საბჭოთა ვაზნა 7,62х39 მისი მახასიათებლებით და გაბარიტებით ყველაზე ახლოს დგას გერმანულ ვაზნასთან „7,75х39,5 GeСo“. შესაძლოა ვაზნის გადამუშავებაც, სწორედ ამ ეგზემპლარის შესწავლის შედეგად განხორციელდა. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ, საბჭოთა კავშირმა ბერლინში მდებარე GECO -ს ფაბრიკას საცდელი სროლებისთვის 20 000 ცალი ვაზნაც კი დაუკვეთა.
ფოტოზე გამოსახულია (მაცხნიდან-მარჯვნივ) 7,62х39, 7,62х41, 7,75х39,5 GeCo, 7,92x33 Polte (Kurz)
კალაშნიკოვის ავტომატები АК-46 № 2 და АК-46 № 3
1947 წლის გაზაფხულს კოვროვის ქარხანაში კალაშნიკოვის მიერ წარმოდგენილ იქნა გადამუშავებული ეგზემპლარები. მოთხოვნებიდან გამომდინარე გადამუშავებული კალაშნიკოვი დამზადდა ორი ვარიანტის სახით:
 
1. АК-46 № 2, რომელსაც გააჩნდა მუდმივი (არა საკეცი) ხის კონდახი ლულის სიგრძე 450 მმ; 
2. АК-46 № 3 400მმ სიგრძის ლულით საკეცი მეტალის დუგლუგით. ეს დუგლუგი პირდაპირ რომ ვთქვათ წარმოადგენდა გერმანული МР.38/МР.40 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებიდან მოპარულ, გინდათ მსუბუქად ვთქვათ და ნასესხებ ვარიანტს, რომელიც ლულის კოლოფის ქვემოთ იკეცებოდა. საკეც დუგლუგიანი ეგზემპლარი გათვლილი უნდა ყოფილიყო  საჰარეო-სადესანტო ჯარისთვის (ВДВ - Воздушно-десантные войска) და სხვა სპეციალური სახის დანაყოფებისთვის.  საკეცი დუგლუგი შედგებოდა ორი ცალი თამასისგან, რომელიც დაბეჭდვა-შედუღების მეთოდით დამზადდა, სამხრე საბჯენისგან და დამაფიქირებელი მექანიზმისგან. მსროლელს შეეძლო სროლა ეწარმოებინა როგორც გახსნილ მდგომარეობაში დაფიქსირებული დუგლუგით, ასევე დაკეცილ მდგომარეობაში. დუგლუგის გამოყენებამ АК-46 № 3 -ში განაპირობა ლულის კოლოფის უკანა ნაწილის მცირედი კონსტრუქციული ცვლილება, რათა დამონტაჟებულიყო საკეცი დუგლუგის სამაგრი და ფიქსატორის მექანიზმი.
კალაშნიკოვის გადამუშავებული ავტომატები АК-46 № 2 და АК-46 № 3  მეტწილად იმეორებდნენ АК-46 № 1 -ის კონსტრუქციას, თუმცა მექანიზმში იყო გარკვეული სიახლეებიც.  პირველ რიგში ცვლილება შეეხო ფრეზირებულ ლულის კოლოფს, რომელიც გადამუშავებულ კალაშნიკოვში მზადდებოდა დაბეჭდვის მეთოდით და შედუღების გამოყენებით. ახალი ლულის კოლოფი აღარ იყო ზემოდან ღია, რაც უფრო მეტად იცავდა იარაღს მტვრისგან და ქვიშისაგან. თუმცა ამან განაპირობა ის, რომ ავტომატზე მორგებული მჭიდის კლიპებით დამუხტვა აღარ იყო შესაძლებელი.   გადამუშავებული ავტომატის ლულის კოლოფი გარკვეულიწლად ჰგავდა გერმანული მოიერიშე შაშხანის МР.43 კოლოფს. ლულის კოლოფის ბოლოში მიდუღებული იყო მჭიდის ყელი, რაც უზრუნველყოფდა მჭიდის საიმედო დაფიქსირებას. ახალ ეგზემპლარში შეიცვალა ასევე ლულის კოლოფზე საკეტის განთავსების კონსტრუქცია. თუკი ადრა საკეტი ფრეზირებული ლულის კოლოფის სპეციალურ ჭრილებში იჯდა და ისე მოძრაობდა, АК-46 № 2 და АК-46 № 3 -ის დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი უზრუნველყოფდა ავტომატის მოძრავი სისტემისათვის მიმართულების მიცემას.
მიმართულების მიცემა ხორციელდებოდა ლულის კოლოფზე დაბეჭდილი ბრტყელი მიმართველების მეშვეობით. ავტომატის გადასატენი სახელური ისევ ჩვეულ ადგილას მარცხენა მხარეს იყო განთავსებული და სროლის დროს ინარჩუნებდა უძრავ მდგომარეობას. ასევე ლულის კოლოფზე არსებულ გადასატენი სახელურის ჭრილზე გაკეთებული იყო მტვერისგან დასაცავი სპეციალური თამასა (ე.წ. პლანკა). გადამუშავები შედეგად კალაშნიკოვის ავტომატი გახდა უფრო ადვილი დასამზადებელი და ამავდროულად დაბეჭდვის მეთოდით დამზადებულმა ლულის კოლოფმა უზრუნველყო იარაღის საერთო მასის შემცირება. ასევე წონის და გაბარიტების შემცირების მიზნით ავტომატის ლულა დამოკლდა 50მმ-ით.
მიუხედავად გადამუშავებისა, კალაშნიკოვის ავტომატები АК-46 №2 და АК-46 №3 მაინც შორს იდგა სრულყოფილებისგან. არასრული დაშლის დროს იარაღი სანადირო თოფივით ორ ნაწილად იხსნებოდა, სადაც საკეტის კვანძი და დამაბრუნებელი მექანიზმი რჩებოდა ლულის კოლოფში, რაც ქმნიდა გარკვეულ უხერხულობას ავტომატის წმენდისას.
1947 წლის მაისი-ივნისის თვეში გამართულ საპოლიგონო გამოცდებზე კალაშნიკოვის ავტომატის АК-46 № 2 / АК-46 № 3 კონკურენტებად წარსდგნენ ა.ა. დემენტიევის გადამუშავებული ავტომატი სახელწოდებით  „КБ-П-410“, და ა.ა. ბულკინის გადამუშავებული ავტომატი „ТКБ-415“, რომლებიც დამზადებული იყო ორ ძირითად ვარიანტში მუდმივი (არა საკეცი) ხის კნდახით და მეტალის საკეცი დუგლუგით.

ა.ა. დემენტიევის ავტომატი КБ-П-410


ა.ა. დემენტიევის ავტომატი კონსტრუქციულად იმეორებდა კონკურსზე მანამდე წარმოდგენილ ეგზემპლარს, თუმცა შეცვლილი და გადამუშავებული იყო ის კვანძები, რომელთა მიმართებაშიც კომისიის წევრებს ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი გადამუშავებულ ავტომატში შესრულებული იყო ერთიანი მოხსნადი მოდულის სახით, რაც აადვილებდა, როგორც წარმოების პროცეს, ასევე მის წმენდა/მომსახურებას. КБ-П-410 -ის საკეტი განთავსებული იყო საკეტის ჩარჩოში ცილინდრულ ღარში და არა ჩარჩოს მიმმართველში, როგორც მანამდე წარმოდგენილ ეგზემპლარს გააჩნდა. ასევე შემცირდა ლულის სიგრძე და გაუმჯობესდა ერთკამერიანი ლულის მუხრუჭ-კოპენატორის კონსტრუქცია.

ა.ა. ბულკინის ავტომატი ТКБ-415



ა.ა. ბულკინის ავტომატმა განიცადა უფრო საფუძვლიანი გადამუშავება. პირველ რიგში მისი საერთო სიგრძე მნიშვნელოვნად დამოკლდა.
დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი დამაგრებულ იქნა ლულის კოლოფისგან გამოყოფილ ცალკეულ კორპუსში. შეიცვალა მასრის ამრეკლი, რომელიც გახდა უფრო ხისტი.  ადრეული ლულის კოლოფი შეიცვალა უფრო მყარი კოლოფით, რომელიც დაბეჭდვის და შედუღების მეთოდით დამზადდა.
მეტი კომფორტისთვის დროშისებური მცველის ბერკეტი გადამონტაჟდა პისტოლეტის სახელურთან მარცხენა მხარეს, რაც იძლეოდა მასზე მსროლელის მარჯვენა ხელის ცერა თითით მანიპულირების საშუალებას.  გადამუშავებას დაექვემდებარა ასევე ერთკამერიანი ლულის მუხრუჭ-კომპენსატორი, რომელსაც გააჩნდა დახრილი წინა კედელი, რაც უზრუნველყოფდა სროლის დროს ავტომატის უკეთეს მდგრადობას და დადებითად აისახებოდა ტყვიების შეჯგუფებაზე.
ა.ა. ბულკინის ავტომატი ТКБ-415 საკეცი დუგლუგით

ბულკინმა თავისი გადამუშავებული ავტომატი აღჭურვა სპეციალური მოძრავი საფარით, რომელიც ზევით აწეულ მდგომარეობაში ფარავდა საკეტის სახელურის სამოძრაო ღარს და ამავდროულად ასრულებდა ერთგვარი მცველის ფუნქციას. მსროლელს გასროლის წინ უნდა ჩამოეწია საფარი ქვევით

 
კონკურსის შედეგები
1947 წლის მასი-ივნისში გამართულ საგამოცდო სროლებზე, წარმოდგენილ სამივე ეგზემპლარს შეექმნა გარკვეული შეფერხებები. რთულ პირობებში სროლის დროს საუკეთესო შედეგი შეფერხებების სიმცირის კუთხით აჩვენა კალაშნიკოვის ავტომატმა АК-46 № 2. საბოლოოდ კომისიამ გადაწყვიტა კიდევ ერთი გამოცდა ჩაეტარებინა იმავე წლის აგვისტოს თვეში. გამოცდამდე კი კონსტრუქტორებს უნდა მოეხდინათ თავიანთი ეგზემპლარების ხელმეორედ გადამუშავება. საგამოცდო სროლების საერთო შედეგი კი ასე გამოიყურებოდა:  1 ადგილი - ბულკინის ავტომატი ТКБ-415;  2 ადგილი დემენტიევის ავტომატი  КБ-П-410;  3 ადგილი მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატები АК-46 № 2 / № 3.  ბულკინის და დემენტიევის ავტომატი, კალაშნიკოვის ავტომატისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მათი აირის დგუში და საკეტის ჩარჩო ერთმანეთზე იყო გადაბმული, ხოლო კალაშნიკოვის აირის დგუში და საკეტს ჩარჩო ერთმანეთისგან განცალკევებულ დეტალს წარმოადგენდა. შესაბამისად ბულკინის და დემენტიევის ავტომატებში საკეტის ჩარჩოს წონა გაზრდილი იყო დგუშის წონის ხარჯზე, რადგანაც დგუში მიმაგრებული იყო საკეტის ჩარჩოზე. კომისიის აზრით ასეთი სქემის გამოყენება ბევრად უფრო გამძლე იქნებოდა, რადგანაც საკეტის ჩარჩოს დიდი წონიდან გამომდინარე იგი ნაკლებად დაიტვირთებოდა, რაც გაზრდიდა მის სიცოცხლისუნარიანობას ხანგრძილივი ექსპლუატაციისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ.ტ. კალაშნიკოვი დაფიქრდა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი ავტომატიც მსგავსი პრინციპით უნდა დაპროექტებულიყო. აი აქ უკვე იწყება ერთერთი მნიშვნელოვანი ისტორია კალაშნიკოვის ვტომატის ისტორიაში, რომელიც ყველაზე მეტად არის უზუსტობებით და შავი ადგილებით მოცული. ოფიციალური ვერსიით, რასაც ლიტერატურაში წერენ და რასაც თავად კალაშნიკოვი ამბობს თავის მოგონებებში, სიტუაცია შემდეგნაირად განვითარდა.  კალაშნიკოვის თქმით მან და ალექსანდრე (საშა) ზაიცევმა,  ხელმძღვანელობისგან უჩუმრად გადაწყვიტეს მოეხდინათ ავტომატის მექანიზმის სრული და კაპიტალური გადამუშავება. მთავარ საფიქრალს კალაშნიკოვის და ზაიცევის აზრით წარმოადგენდა ვადა, რომელშიც შეიძლება ვერ ჩატეულიყვნენ. ზუსტად ამ პერიოდში გამომცდელები და პოლიგონ НИПСМВО -ს ოფიცრები ალაპარაკდნენ, რომ საუკეთესო ავტომატს წარმოადგენდა დემენტიევის ავტომატი, რომელიც ყველაფერთან ერთად იყო კონკურენტებზე დაახლოებით 300 გრამით უფრო მსუბუქი. თუმცა გამომცდელები ასევე საუბრობდნენ იმაზეც, რომ დემენტიევის ავტომატიკის მუშაობის პრინციპის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და ვერავინ ვერ იტყოდა გარანტირებულად, რომ იგი რეალური ბრძოლის პირობებში საიმედოდ იმუშავებდა. კომისიის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ავტომატის შერჩევა უნდა მომხდარიყო არა მარტო გამოცდების შედეგებზე დაყრდნბით, არამედ მისი კონსტრუქციის შემდგომი გადამუშავების პერსპექტივითაც. კონკურსის დასკვნით ეტაპზე მოხდა მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატის АК-46 #2 და #3 ეგზემპლარების დამატებითი გამოკვლევა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ინდივიდუალური იარაღის გამოცდების დანაყოფის ახალი ხელმძღვანელი მაიორი ვ.ფ ლიუტი (В.Ф. Лютый). (ჩვენ სტატიის ზევით უკვე ვახსენეთ აღნიშნული პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ კონკურსის საწყის სტადიაზე ეხმარებოდა მ.ტ. კალაშნიკოვს. კალაშნიკოვის ავტომატის გამოკვლევებში ვ.ფ. ლიუტის ჩართვა, სწორედ კალაშნიკოვის მოთხოვნით მოხდა, რაზეც თანხმობა განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ნ.ს. ოხოტნიკოვმა (Н.С. Охотников). აღნიშნული გამოკვლევების შემდეგ, კალაშნიკოვი დასახელდა კონკურსის ერთერთ საუკეთესო ეგზემპლარად, თუმცა ამ აზრს ბევრი არ იზიარებდა და არ ეთანხმებოდა. კონკურსის საბოლოო დასკვნაში გაკეთდა ჩანაწერი, რომ შესრულებულიყო კალაშნიკოვის, დემენტიევის და ბულკინის ეგზემპლარების გადამუშავება შემდგომი გამოცდებისათვის.
კონსტრუქტორებს უნდა მოეხდინათ ავტომატების აღჭურვა ლულის ეფექტური მუხრუჭ-კომპენსატორებით. ასევე პრაქტიკული სწრაფსროლა უნდა ჩამდგარიყო ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების ნორმებში. უნდა შემსუბუქებულიყო იარაღის მასა და შემცირებულიყო გაბარიტები. ასევე უნდა გაზრდილიყო საიმედოობა და დეტალების სიცოცხლისუნარიანობა. 
კოკრეტულად მ.ტ. კალაშნიკოვს დაევალა, რომ მოეხდინა ლულის კოლოფის და დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის გადამუშავება. ასევე უნდა მომხდარიყო კონდახის დამაგრება უშუალოდ ლულის კოლოფზე და კონსტრუქციიდან ამოღებულიყო კონდახის მეტალის საზურგე.  ცვლილება შეეხებოდა ასევე ტიბჟირის დამაგრების მეთოდს, რომელიც კომისიის წევრების აზრით ადვილად მოხსნადი უნა ყოფილიყო.
დემენტიევს დაევალა საკეტის კონსტრუქციის გადამუშავება, რაც მიმართული იყო აღნიშნული დეტალის ცვეთის მიმართ მდგრადობის გაძლიერებაზე. ავტომატს გადამუშავების შედეგად უნდა შესძლებოდა რთულ პირობებში საიმედოდ მუშაობა. ასევე უნდა გაზრდილიყო ლულის მუხრუჭ-კომპენსატორის ეფექტურობა.
ბულკინს უნდა მოეხდინა ავტომატიკის მოძრავი დეტალების გადამუშავება, რაც გაზრდიდა საიმედოობას. უნდა შეცვლილიყო ლულის გარსაცმი და შემცირებულიყო მისი სიგრძე. ასევე ცვლილებები შეეხებოდა მასრის ამრეკლის კონსტრუქციასაც.

ალექსანდრე ზაიცევი კალაშნიკოვთან საუბრისას ამბობდა, რომ ავტომატის კონსტრუქცია მთლიანად უნდა გადამუშავებულიყო და თავად მოახდენდა ამ გადამუშავებას. რომ ჩავიხედოთ სხვადასხვა საბჭოთა ლიტერატურაში და სტატიებში ადრეულ პერიოდში არავინ საუბრობდა ალექსანდრე ზაიცევის შესახებ. არადა ამ პიროვნებას ერეთრთი ყველაზე დიდი როლი მიუძღვის კალაშნიკოვის ავტომატის დამუშავებაში. შეიძლება ითქვას, რომ თავად კალაშნიკოვზე მეტი როლიც კი მიუძღვის.
მოულოდნელად კოვროვის ქარხანა № 2-ში დაწყებულ იქნა სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავდა კალაშნიკოვის ავტომატის ძირეულ გადამუშავებას. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ კონკურსზე დარეგისტრირებული ეგზემპლარის ასეთი ძირეული გადამუშავება, არღვევდა იმ პერიოდში არსებულ საკონკურსო წესებს. შესაბამისად ასეთი ნაბიჯის გადადგმა იყო დიდ რისკზე წასვლა. მიუხედავად ამისა ა. ზაიცევი ჩაერთო აიარღის ავტომატიკის  გადამუშავებაში.  ზუსტად ამ პერიოდში მ.ტ. კალაშნიკოვმა ყურადღება მიაქცია მისი კონკურენტის ა.ა.ბულკინის ავტომატს და შეეცადა გარკვეული იდეები მისგანაც აეღო.  საბოლოოდ კალაშნიკოვმა და ზაიცევმა გადაამუშავეს აირის დგუში ისე, როგორც ბულკინის ავტომატში იყო. ანუ დგუში და საკეტის ჩარჩო ხისტად დაამაგრეს ერთმანეთზე. ლულის გადამუშავებაში და ნახაზების შედგენაში კალაშნიკოვს და ზაიცევს ეხმარებოდა ვ.პ პისკუნოვი (В.П. Пискунов).
ზედა აბზაცში მოყვანილი ისტორია არის ერთგვარი გავრცელებული მოსაზრება, რომელსაც საზოგადაობა კალაშნიკოვის შექმნის დღიდან ისმენს. რა მოხდა რეალურად? მართლა კალაშნიკოვმა და ზაიცევმა მოახდინეს ავტომატის სრული გადამუშავება? ამ შეკითხვებზე პასუხის პირდაპირი გაცემა ძალიან რთულია, თუმცა აქაც არსებობს ერთი საეჭვო ფაქტი. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ ზუსტად ამ პერიოდში მ. კალაშნიკოვს კოვროვის საკუნსტრუქტორო ბიუროდან ჩუმად უშვებენ იჟევსკში მდებარე ფაბრიკაში, სადაც უნდა გაევლო კონსულტაცია ავტომატის და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების გადამუშავებისთვის. აქ საინტერესოა ის, რომ კალაშნიკოვი მის ავტომატთან ერთად გაემგზავრა კონკურენტებთან ქალაქ იჟევსკში. რატომ მაინცდამაინც იჟევსკში? ალბათ იმიტომ რომ იჟევსკში ზუსტად ამ პერიოდში ჰუგო შმაიზერი მუშაობდა? მარტივად რომ ვთქვათ შესაძლოა იგი მივლინებულ იქნა ჰუგო შმაიზერის ჯგუფში, რომლებსაც უნდა მოეხდინათ ავტომატის გადამუშავება. რამოდენიმე ხნის შემდეგ იჟევსკის ერთერთი მაცხოვრებელი იხსენებდა, რომ იმ სახლის პირდაპირ, სადაც ცხოვრობდნენ გერმანელი სპეციალისტები, იყო პროდუქტების გასტრონომი №1, რომელშიც ახალგაზრდა კალაშნიკოვი გადმოირბენდა ლუდ „ჟიგულიოვსკის“ (Жигулёвски) საყიდლათ და მიჰქონდა ჰუგო შმაიზერთან. მოკლედ ეს ისეთი თემაა, რომ ძალიან ბევრი შეიძლება იდავოს კაცმა, რადგანაც არ არსებობს არანაირი ოფიციალური დოკუმენტი (ან თუკი არსებობს გასადუმლოებულია, ან არავის გამოუთხოვია არქივიდან), რომელშიც ეწერება, რომ კალაშნიკოვი მივლინებულ იქნა იჟევსკში. (არსებობს ოფიციალური ცნობები, რომელიც მოწმობს, რომ კალაშნიკოვი მართლაც იქნა მივლინებული იჟევსკში, თუმცა ეს მივლინება დათარიღებულია 1949 წლით, ხოლო მივლინების დანიშნულებას წარმოადგენდა კალაშნიკოვის ავტომატის სერიულ წარმოებაში ჩაშვება). თუმცა ფაქტი ერთია, რომ ზუსტად გერმანელი კონსტრუქტორების ჩამოსვლის შემდეგ  გამოჩნდა კალაშნიკოვის ავტომატის ახალი (გადამუშავებული) ეგზემპლარი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება „АК-47 №1“. ბევრი ჰუგო შმაიზერს და კალაშნიკოვს შორის კომუნიკიაციის არარსებობის გასაპრავებლად, იშველიებს რკინის არგუმენტს, რომ კალაშნიკოვი კოვროვში მუშაობდა, ხოლო შმაიზერი იჟევსკში. ეს ორი ფაბრიკა ერთმანეთისგან დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული და შესაბამისად არგუმენტიც გახლავთ ის, რომ კალაშნიკოვს და შმაიზერს ვერ ექნებოდათ კომუნიკაცია. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ არავინ არ იცის 1949 წლამდე  კალაშნიკოვი მიდიოდა თუ არა შმაიზერთან იჟევსკში. ასევე არვინ არ იცის რა მასალები და დოკუმენტები იგზავნებოდა კოვროვიდან იჟევსკში / იჟევსკიდან კოვროვში. ხოლო რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, არის ის რომ კალაშნიკოვი 1949 წელს იჟევსკში გადავიდა, სადაც მისი ავტომატის (АК-47) სერიულ წარმოებაში ჩაშვება და წარმოების დანერგვა უნდა მომხდარიყო. აი აქ კი უდავოდ ნათელია ჰუგო შმაიზერის როლი, რომელიც პირდაპირ კალაშნიკოვის დაქვემდებარებაში იყო. რიგ წყაროებს თუ ავუჯერებთ ჰუგო შმაიზერი ეხმარებოდა კალაშნიკოვს ლულის კოლოფის დაბეჭდვის მეთოდით დამზადების ტექნოლოგიის დანერგვაში.

„АК-47 №1“
გადამუშავებული ავტომატი „АК-47 №1“ ისევე როგორც მისი წინამორბედი „АК-46 №2 და 3“ მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით, სადაც ლულის გადაკეტვა ხდებოდა საკეტის მბრუნავი თავაკის მეშვეობით.  „АК-47 №1“-ის შემთხვევაში დგუში დამაგრებული იყო საკეტის ჩარჩოზე ხრახნის მეშვეობით და დაფიქსირებული იყო სპეციალური ღერძით. შეიცვალა ასევე საკეტის ჩარჩოს და საკეტის მბრუნავი თავაკის გეომეტრია.
გადამუშავებას დაექვემდებარა ლულის კოლოფის ის ნაწილი, რომელშიც მოძრაობდა საკეტს ჩარჩო. ლულის კოლოფი დამზადებული იყო დაბეჭდვის მეთოდით, რომლის წინა ნაწილში ხისტად დამაგრდა ფოლადისგან დამზადებული სპეციალური საგები (ლეინერი). აღნიშნულ საგებზე (ლეინერზე) ხრახნის მეშვეობით დამაგრდა ლულა.  ასეთმა კონსტრუქციამ განაპირობა ლულის უფრო საიმედო დამაგრება, ვიდრე დაბეჭდვის მეთოდთ დამზადებული АК-46 № 2-ის ლულის კოლოფის შემთხვევაში იყო. საგები (ლეინერი) ასრულებდა ასევე სხვა დანიშნულებებს: მასზე ხისტად იყო დამაგრებული მასრების ამრეკლი, ვაზნის მიწოდებისას მიმართულების მიმცემი (ე.წ. სუხარი), საკეტის მიმმართველი თამასის წინა ნაწილი. ასევე მასზე იყო შესრულებული სპეციალური განივი ჭრილები, რომლის მეშვეობითაც საკეტის ბჯენები კეტავდა ლულას და უკანა სამიზნე მოწყობილობის სამაგრი. მჭიდის დაფიქსირებაც აღნიშნულ საგებზე არსებულ ჭრილში ხდებოდა. 
დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფის ზედა კუთხეები მოღუნულ იქნა შიდა მხარეს, რაც ქმნიდა ერთგვარ სიმყარეს. ლულის კოლოფის შიდა მხრიდან დამაგრებული იყო კუთხოვანი მიმმართველები, რომლის ზედა ნაწილი ასრულებდა საკეტის ჩარჩოს შვერილების დამჭერს, ხოლო ქვედა ნაწილი ჩახმახის დამონტაჟების ადგილს აძლევდა დამატებით სიმყარეს.    გადამუშავებას დაექვემდებარა ასევე დამაბრუნებელი მექანიზმი, რომელიც შედგებოდა დამაბრუნებელი ზამბარისგან, სპეციალური საყელურისგან (შაიბა) მიმმართველი მილისგან და ღერძისგან. ცვლილება შეეხო ლულის კოლოფის თავსახურსაც, რომელიც მთლიანად ფარავდა მოძრავ დეტალებს. შეიცვალა ასევე თავსახურის დამაგრების მეთოდი. გადამუშავებულ ავტომატში გადასატენი (შესამართი) სახელური გადატანილ იქნა მარჯვენა მხარეს. იგი შეადგენდა საკეტის ჩარჩოს განუყოფელ ნაწილს და სროლის დროს მოძრაობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკეტის თავსაფარს მარჯვენა მხრიდან გააჩნდა ჭრილი, რომელშიც მოძრაობდა გადასატენი სახელური. გადასატენი სახელურის მარჯვნივ გადატანა განაპირობა პოლიგონ НИПСМВО -ს  მსროლელების გამოხმაურებებმა, რომელთა აზრით  АК-46 № 2 და 3 -ის მარცხენა მხარეს განთავსებული გადასატენი სახელური სირბილის და გადაადგილების დროს სროლის შემთხვევაში მტკივნეულად ხვდებოდა მსროლელს მუცლის არეში. სახელურის მარჯვნივ გადატანამ განაპირობა ასევე, სროლის რეჟიმების გადამრთველის მარჯვნივ გადატანა, რომელიც ამავდროულად მცველის ფუნქციასაც ასრულებდა. ბევრს აღნიშნული ბერკეტი ჰქგონია კალაშნიკოვის გამოგონება, არადა იგი ჯერ კიდევ მე-20-ე საუკუნის დასაწყისში არსებობდა სხვა იარაღებზე (ამის შესახებ მოგვიანებით სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ). მცველზე დაყენებისას გადამრთველი ბერკეტი ფარავდა გადასატენი სახელურის ჭრილს, რითაც იცავდა ლულის კოლოფს მტვერის და ქვიშის შიდა მექანიზმში მოხვედრისაგან.  ბერკეტის სულ ზევით აწევა და მცველის პოზიციაზე დაყენება იწვევდა სასხლეტი კავის ჩაკეტვას, ასევე ზღუდავდა საკეტის ჩარჩოს უკან გადაადგილებას. ბერკეტის შუა პოზიციაში დაყენებისას (მარკირებაზე «АВ») შესაძლებელი იყო ავტომატური ჯერების განხორციელება, ხოლო ბერკეტის სულ ქვედა პოზიცია (მარკირებით «ОД») განკუთვნილი იყო ერთეული გასროლისთვის. ამდგავრაი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ სტრესულ სიტუაციაში მსროლელი ავტომატის მცველიდან მოხსნის შემთხვევაში ბოლომდე (მთელი ძალით) დააწვება ბერკეტს, რაც გამოიწვევს ერთეული გასროლების რეჟიმის გააქტიურებას და არა ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმს.  ავტომატური რეჟიმის გააქტიურების საჭიროების შემთხვევაში კი მსროლელი გაცნობიერებულად მოახდენდა ბერკეტის შუა პოზიციაზე დაყენებას.
სამიზნე ხაზის სიგრძე შეადგენდა 378 მმ-ს. უკანა სამიზნე თამასაზე დატანილი იყო მარკირება ციფრების სახით 1 დან 8 -მდე, რაც შეესაბამებოდა 100 დან 800 მეტრამდე დისტანციას. გადამუშავების შედეგად ასევე შეიცვალა ლულის სიგრძე და შემცირდა 350 მმ-მდე, რაც არღვევდა კონკურსის ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს.
АК-47 №1 აღჭურვილი იყო გრძელი ხის ტიბჟირით, რომელსაც არ გააჩნდა ლულის გასაგრილებელი სავენტილაციო ნასვრეტები. ხის კონდახს ჰქონდა მეტალის საზურგზე, რომელსზეც დამაგრებული იყო ზამბარიანი ხუფი. ხუფის გახსნის შემთხვევაში კონდახში შესაძლებელი იყო საწმენდი აქსეუსუარებისთვის განკუთვნილი პენალის შენახვა.
ავტომატის ლულის დამზადებისას დიდი ყურადღება ექცოდა მასალების სწორად შერჩევას. რამდენადაც ცნობილია სხვადასხვა წყაროებიდან, ლულა დამზადდა სპეციალური საიარაღო ფოლადისგან მარკით 50Р (ბორით ლეგირებული) და 50РА (მავნენე ნარევების შემცირებული შემადგენლობით). გამძლეობისათვის ლულის არხი და სავაზნე დაიფარა ქრომის 0,04 მმ-ანი ფენით. აღნიშნული ლულის გამოყენებამ მისი რესურსი გაზარდა 15000-18000 გასროლამდე. ასევე გადამუშავებას დაექვემდებარა ლულის სავაზნე ნაწილი, რომელშიც გაიზარდა დენთის წვის კამერა. დენთის წვის კამერის გაზრდა მოხდა ტყვიის შესასვლელი ნაწილის დაგრძელებით, რომელიც 10 მმ-ით გაიზარდა. АК-47 №1 -ს ლულის ბოლოში ჰქონდა პრიმიტიული ლულის მუხრუჭი. ლულის მუხრუჭი შედგებოდა წინა სამიზნის ფუძეზე დამაგრებული რგოლისაგან, რომელსაც გააჩნდა 3 წყვილი გამჭოლი ნასვრეტი დიამეტრით 3,4 მმ. АК-47 №1 იმდაგვარად იყო დაპროექტებული, რომ მინიმუმამდე შემცირებულიყო ერთმანეთზე მოხახუნე დეტალების რაოდენობა და ფართობი, რაც საბოლოო ჯამში გაზრდიდა იარაღის სიოცოცხლისუნარიანობას და ცვეთის მიმართ მდგრადობას.
АК-47 №1 -ის საიმადოობის გასარზდელად კალაშნიკოვმა და ზაიცევმა იხმარეს რამოდენიმე ხრიკი: 1. საკეტის ჩარჩოს მაღალი წონა და ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარა, რაც უზრუნველყოფდა ნებისმიერი კლიმატური პირობების და დაბიძნურებული მექანიზმის შემთხვევაში, ლულის სავაზნეში ვაზნის მიწოდებას ძალისმიერი დაჯახებით; 2. ლულის კოლოფში არსებული გარკვეული სივრცე, რომელიც დაბინძურების და კოლოფში უცხო სხეულის მოხვედრის შემთხვევაში ავტომატის მოძრავი დეტალების გადაადგილების საშუალების შანსებს ზრდიდა.
АК-47 №1-ის პირველი გამოცადა შიდა ძალებით მოეწყო კოვროვის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდა ავტომატის გარკვეული უარყოფითი მხარეები: 1. მიუხედავად იმისა, რომ ლულის მუხრუჭმა გააუმჯობესა ტყვიების შეჯგუფება, გასროლისას ხმა იყო ზედმეტად დიდი და აჭარბებდა დადგენილ ნორმებს. ასევე ღამით სროლისას მუხრუჭის ნასვრეტებიდან გამოვარდინილი ალი უარყოფითად მოქმედებდა მსროლელზე და ხელს უშლიდა დამიზნებას. გარდა ზემოაღიშნულისა დაწოლილ მდგომარეობაში სროლის შემთხვევაში, ნასვრეტებიდან გამოვარდნილი წნევა ზემოქმედებდა მიწაზე და მსროლელის წინ აყენებდა მტვრის ღრუბელს, ასევე ახდენდა მსროლელის პოზიციის მკვეთრ გამოვლენას (დემასკირებას).  სავაზნეში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რმელიც ეხებოდა მანიძილის გაზრდას ტყვიასა და ჭრილებს შორის, ვერ გაამართლა და ერთეული გასროლების დროს ავტომატი უფრო ცუდ შედეგს იძლეოდა. ვინაიდან ტიბჟირი იყო მთლიანი და არ გააჩნდა სავენტილაციო ნასვრეტები, ჯერებით სროლისას ლულა ზედმეტად ხურდებოდა. საერთო ჯამში ავტომატი АК-47 №1 მაინც გამოირჩეოდა პლიუსებით. იყო კომპაქტური და მსუბუქი. წინა ეგზემპლარებთან შედარებით გაიზარდა მისი ერგონომიულობა და გახდა უფრო მოსახერხბელი.
К-47 №2 (КБ-П-580)
ძალიან მალე მ.ტ. კალაშნიკოვის ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა ახალი ეგზემპლარი სამუაო სახელწოდებით „АК-47 №2“, რომელშიც გადამუშავებას დაექვემდებარა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. ახალ ეგზემპლარში გათვალისწინებული იყო მექანიზმი, რომელიც გამორიცხავდა ჩახმახის დაშვებას იმ შემთხვევაში, თუკი საკეტი ბოლომდე არ იქნებოდა დაკეტილი.  
აღნიშნული ეგზემპლარის გადამუშავებაში ჩართული იყო, როგორც ა.ა. ზაიცევი (А.А. Зайцев), ასევე მთავარი საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) წარმომადგენელი ვ.ს. დეიკინი (B.C. Дейкин), რომელმაც გადაამუშავა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. გადაამუშავა ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მან შესთავაზა კალაშნიკოვს, რომ მექანიზმი აეღოთ ემანუელ ჰოლეკის კონსტრუქციის ჩეხოსლოვაკიური თვითდამტენი შაშხანიდან „ZH-29“, რომლის ჩახმახიც ანკერული ტიპის ჩურჩულას იყენებდა (ნაწილობრივ ასეთივე სქემაა გამოყენებული გერმანული მოიერიშე შაშხანა „МР.43“-ის დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმში).
დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი გაერთიანებული იყო საერთო კვანძში და ლულის კოლოფში მაგრდებოდა სამი ცალი სპეციალური ღერძის მეშვეობით. ჩახმახის საბრძოლო ზამბარა ახალ ეგზემპლარში იყო რუსული „П“ ასოსებრი, რომელიც მრავალძარღვიანი მავთულისგან დამზადდა. ასეთი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იმდენად კარგი გამოდგა, რომ კალაშნიკოვის აბსოლიტურად ყველა შემდგომ მოდელში მას იყენებდნენ. ასევე ვ.ს. დეიკინის თაოსნობით გაკეთდა ჩახმახის შენელების მექანიზმი.  ცვლილება ახალ ეგზემპლარში შეეხო ტიბჟირსაც. ვინაიდან ლულა ზედმეტად ხურდებოდა, ტიბჟირზე და ლულის ზედსადებზე გაკეთდა სავენტილაციო ამონაჭრელბი და ოდნავ დამოკლდა სიგრძეში. ეგზემპლარს მიენიჭა ქარხნული ინდექსი КБ-П-580.  საცდელმა სროლებმა აჩვენეს, რომ ახალი ეგზემპლრაიდან ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების გაფანტვა პირველი გასროლის შემდეგ 4-8 ჯერ მეტს შეადგენდა. აქედან გამომდინარე КБ-П-580 აღჭურვეს ერთკამერიანი ლულის მუხრუჭ-კომპენსატორით, რომელსაც ზევითა მხრიდან გააჩნდა ორი ცალი ოვალური ამონაჭრელი ფანჯარა დიამეტრით 10х7 მმ-ზე. ასეთი გადაწყვეტილება ამცირებდა იარაღის უკუცემას და ამცირებდა ლულის მაღლა ხტომას. ხის კონდახი ლულის კოლოფზე დამაგრდა 2 ცალი ხრახნის მეშვეობით. მცირე ცვლილება შეეხო აირის კამერასაც, რომელზეც გაკეთდა 8 ცალი ნასვრეტი (4 თითო მხარეს) საიდანაც ხდებოდა ზედმეტი დენთის აირების გარეთ გამოდევნა. КБ-П-580 -ის მოძრავი დეტალები (საკეტი, საკეტის ჩარჩო და დგუში) ექვემდებარებოდა გაპრიელებას, ხოლო დანარჩენი დეტალები კოროზიის შემცირების მიზნით  იფარებოდა ოქსიდირების მეთოდით. ხის დეტალები (კონდახი, ტიბჟირი, ლულის ზედსადები და პისტოლეტისებური სახელური) დამზადებული იყო არყის ხისგან, რომელიც ლაქის 3 ფენით იფარებოდა. ლაქის ფენები განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ წყალში მოხვედრისას ან სინესტეში ხის დეტალები არ გაბერილიყო. КБ-П-580 -ის ლულის ქვეშ თავსდებოდა მეტალის ზუმბა. გამოცდებისთვის დამზადებულ იქნა АК-47 (КБ-П-580) -ის ორი ვარიანტი: 1. ხის მუდმივი (არა საკეცი) კონდახით; 2. მეტალის დასაკეცი დუგლუგით, რომელიც ლულის ქვეშ იკეცებოდა.
АК-47 (КБ-П-580) მეტალის საკეცი დუგლუგით, რომელსაც შემდგომ მიენიჭა სახელწოდება АКС-47
ავტომატის КБ-П-580 დამზადებაში მონაწილეობას იღებდა ასევე ზეინკალი-ამწყობი ბორის მარინიჩევი (Борис Маринычев). სულ საგამოცდო სროლებისთვის 1947 წლის ნოემბერში დამზადდა 3 ცალი ეგზემპლარი, რომლიდანაც 1 ცალი (სერიული ნომრით 1) გამოიცადა ქალაქ კოვროვის ქარხანაში, ხოლო დანარჩენი 2 ეგზემპლარი ქარხნის გამომცდელების ხელში გავლის შემდეგ გაგზავნილ იქნა პოლიგონ НИПСМВО-ზე, სადაც კომისიის წევრებს კონკურენტებთან ორთაბრძოლაში უნდა გამოცადათ.


საცდელი სახით დამზადდა ასევე კალაშნიკოვის ავტომატის АК-47 №2, რომელსაც შეცვლილი ჰქონდა აირის კამერის ფორმა და ლულის ბოლოში გააჩნდა 2 კამერიანი მუხრუჭი.
ბულკინის ავტომატი ТКБ-415
ბულკინის ავტომატმა განიცადა უმნიშვნელო გადამუშავება, თუმცა მთლიანობაში მისი კონსტრუქცია და ვიზუალური მხარე ისევ ისეთივე დარჩა. ბულკინის გადამუშავებული ავტომატი ТКБ-415 -ის ხის კონდახიანი ვარიანტის სიგრძე შეადგენდა 878მმ-ს, ლულის სიგრძე შეადგენდა 400მმ-ს, სროლის ტემპი მერყეობდა წუთში 540-600 გასროლამდე და ცარიელი მჭიდით იწონიდა 4,3კილოგრამს. ასევე ალტერნატიული ექსპერიმენტის სახით დამზადდა ბულკინის ავტომატის დამოკლბული ვარიანტი.
ბულკინის ესპერიმენტალური დამოკლებული ავტომატი
ა.ა. დემენტიევის (А.А. Дементьев) გადამუშავებული ავტომატი АД-47 / АДС-47
ა.ა. დემენტივმა მისი ავტომატი „КБ-П-410“ გადაამუშავა შემდეგი პრინციპით: კალაშნიკოვის მსგავსად მოახდინა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის ჩეხოსლოვაკიური ZH-29 -ის ანალოგიით დამზადება. შეცვალა მჭიდის ფიქსატორის კონსტრუქცია, გადაამუშავა კონდახი. დემენტიევის გადამუშავებულ ავტომატს მიენიჭა სახელწოდება АД-47. პოლიგონს გადაეცა ავტომატის ორი ვარიანტი АД-47 ხის მუდმივი (არასაკეცი) კონდახით და ვარიანტი АДС-47 მეტალის საკეცი დუგლუგით. სხვადასხვა ლიტერატურაში ეს ეგზემპლარები შეიძლება შეგვხდეს აგრეთვე სახელწოდებით КБ-2, რაც განპირობებულია იმით, რომ იგი დამზადდა საკონსტრუქტორო ბიური N2 -ში და საცდელი ავტომატის ლულის კოლოფზე დატანილი იყო წარწერა "КБ-2".
ფოტოზე გამოსახულია დემენტიევის ავტომატი საკეცი დუგლუგით АДС-47
საპოლიგონო გამოცდები 1947 წლის 16 დეკემბერი - 1948 წლის 11 იანვარი
1947 წლის 16 დეკემბერს НИПСМВО-ს ტერიტორიაზე სტარტი აიღო ახალმა საპოლიგონო გამოცდებმა, სადაც  საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე  გახლდათ ნ.ს. ახოტნიკოვი (Н.С. Охотников), ხოლო გამოცდებზე პასუხისმგებელ ხელმძღვანელს წარმოადგენდა ვ.ფ. ლიუტი (В.Ф. Лютый) < გეცნოთ ეს პიროვნება? სტატიის ზევით ჩვენ ვსაუბრობდით მის შესახებ. იგი მ.ტ. კალაშნიკოვს კონკურსში გამოჩენის დღიდან ეხმარებოდა. აი აქ უკვე საბოლოოდ ვრწმუნდებით, რომ „კალაშნიკოვის ავტომატი“ აუცილებლად უნდა გახდეს გამარჯვებული! განა იმიტომ, რომ კონკურენტებზე უკეთესია? რათქმაუნდა არა! იმიტომ რომ დიდი ხნის წინ ასე გადაწყვიტეს სადღაც ზევით!
საგამოცდო სროლებზე კალაშნკოვის ავტომატმა АК-47 (КБ-П-580) აჩვენა საკმაოდ კარგი შედეგები საიმედოობის და სიცოცხლისუნარიანობის კუთხით, თუმცა სიზუსტით იგი ვერ ჯობნიდა მის კონკურენტებს. სიზუსტეზე გამოცდა მიმდინარეობდა სასროლი კურსის (КС-43) თანახმად. ერთეული გასროლებით ყველა ეგზემპლარი ასე თუ ისე აკმაყოფილებდა კომისიის ნორმებს, თუმცა ავტომატური ჯერებით სროლისას კალაშნიკოვი აჩვენებდა ყველაზე ცუდ შედეგს. ყველაზე საუკეთესო შედეგები სიზუსტის კუთხით მოკლე ჯერებით სროლის შემთხვევაში აჩვენა ბულკინის ავტომატმა „ТКБ-415“, რომელსაც ჰქონდა კონკურენტებთან შედარებით უფრო მსხვილი ლულა და ერგონომიული ტიბჟირი. ფეხზე დამდგარი პოზიციიდან ავტომატური ჯერების სროლის შემთხვევაში ვერცერთი ეგზემპლარი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. (ცნობისთვის 1944 წელს გამოცდილი სუდაევის ავტომატი „АС-44“ ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებდა).  სიმარტივით და ავტომატის მომსახურების (დაშლა, აწყობა, წმენდა) კუთხით კალაშნიკოვის და ბულკინის ავტომატი თანაბარ დონეზე იდგნენ. ხოლო დემენტიევის ავტომატი მათთან შედარებით უფრო რთული კონსტრუქციით გამოირჩეოდა.
1947 წლის 27 დეკემბერს მთავარმა საარტილერიო სამმართველომ (ГАУ) გასცა დავალება, რომლის თანახმადაც პოლიგონ „НИПСМВО“ -ზე მომუშავე კომისიას უნდა მოეხდინა საბოლოო გამოცდის განხორციელება. კომისიას შედეგების საბოლოო ანგარში უნდა დაედო 12 დღეში.
გამოცდების შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა რთულ კლიმატურ პირობებში და დაბინძურებული იარაღიდან სროლა. ასევე იარაღები უნდა გამოცდილიყო სრულიად მშრალი (საპოხის გარეშე) და შესქელებული საპოხით. პოლიგონის ჩანაწარების თანახმად ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა დემენტიევის ავტომატმა. სრულიად მშრალ და დამტვერილ მდგომარეობაში კი ბულკინის ავტომატს შეექმნა შეფერხებები. კალაშნიკოვის ავტომატი საიმედოდ მუშაობდა დაბინძურების შემთხვევაში, თუმცა მისი სიზუსტე ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს. გამომცდელებმა ასევე შეამჩნიეს, რომ კალაშნიკოვის ავტომატის დამრტყმელის რესურსი იყო საკამოდ დაბალი. ზედმეტად იცვითებოდა მასრების ამომგდებიც (ექსტრაქტორი). კომისიამ უკმაყოფილება გამოთქვა კალაშნიკოვის დასაკეც დუგლუგზეც, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში ფარავდა სროლის რეჟიმების გადამრთველ ბერკეტს. კომისია არ აკმაყოფილებდა ასევე კალაშნიკოვის ავტომატის ტიბჟირი, რადგანაც ავტომატური ჯერებით სროლის დროს, მსროლელებში დაფიქსირდა ხელის მოცურების შემთხვევები.
მარტივად რომ ვთქვათ სასწორის ერთ მხარეს იდო შედარებით დახვეწილი და ზუსტი ბულკინის ავტომატი ТКБ-415, რომელმაც ცუდი შედეგები აჩვენა მშრალ (საპოხის გარეშე) მტვრით დაბინძურებულ მდგომარეობაში სროლისას, ხოლო მეორე მხარეს იდო მ.ტ. კალაშნიკოვის ავტომატი, რომელიც სიზუსტის კუთხით ცუდ შედეგს აჩვენებდა, ჰქონდა გარკვეული მინუსები დამრტყმელის და მასრების ამომგდების სიცოცხლისუნარიანობის კუთხით, თუმცა საიმედოდ მუშაობდა დაბინძურების შემთხვევაში.
1948 წლის 10 იანვარი - НИПСМВО-ს საგამოცდო კომისის საბოლოო ვერდიქტი
НИПСВО-ს საპოლიგონო გამოცდების საბოლოო ანგარიშში მოკლედ ეწერა შემდეგი დასკვან:
1. 7,62 მმ-ანი კალაშნიკოვის ავტომატი გათვლილი 7,62х39 (1943 წლის მოდელის ვაზნა) საიმედოობით, დეტალების სიცოცხლისუნარიოანობით და საექსპლუატაციო მახასიათებლებით,  ძირითადად აკმაყოფილებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს და რეკომენდირებულია მისი სერიის დამზადება შემდგომი საარმო გამოცდებისთვის.
2. ტყვიების შეჯგუფებით  კალაშნიკოვის ავტომატი მთლიანად ვერ აკმაყოფილებს ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ ერთეული გასროლებით იგი მცირედით ჯობნის შპაგინის კონსტრუქციის  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს (ППШ-41), ხოლო ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში მის დონეზეა. ვუწევთ რეკომენდაციას დამზადდეს სერია საარმიო გამოცდებისთვის და პარალელურად გატარდეს სამუშაოები ტყვიების შეჯგუფების გაუმჯობესების მიზნით. სამუშაოებმა ხელი არ უნდა შეუშალოს და არ უნდა შეაფერხოს სერიის დამზადებაა.
3. ბულკინის და დემენტიევის 7,62მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ავტომატები ვერ აკმაყოფილებენ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს და ვერ გაართვეს თავი საპოლიგონო გამოცდებს.   გინებას ვერ ვიტან, მაგრამ აი აქ მოუხდებოდა - ისემც თქვენი დედა მოვტ..ან მე!
ბოლოს და ბოლოს ვისგან და საიდან დააკოპირა კალაშნიკოვმა კონსტრუქცია?
როგორც უკვე ავღნიშნეთ სტატიის დასაწყისში ქართულ (და არა მარტო ქართულ) ინტერნეტ რესურსებში და სოციალური ქსელში, ხშირად შევხდებით პოსტებს, სადაც მოკლედ ამბობს ხალხი, რომ კალაშნიკოვმა ავტომატი გერმანული StG.44 იდან დააკოპირა. შევეცდები უფრო ჩავშალო ეს თემა და ჩვენს მკითხველს დავანახო ის კონკრეტული ნუანსები, რომლებზეც ბევრი არ საუბრობს.
ის რომ კალაშნიკოვმა პირდაპირ დააკოპირა გერმანული Mkb 42h, Mkb 42W და StG.44 არ იქნება ობიექტური ნათქვამი, რადგანაც კალაშნიკოვს მარტო ამ შაშხანებიდან არ მოუპარავს იდეები და ბევრი სხვადასხვა ეგზემპლარიდან აიღო კონკრეტული კონსტრუქციული დეტალები. ქვემოთ შევეცდები მივყვე და განვავრცო თუ უშუალოდ ვისგან და საიდან აიღო კალაშნიკოვმა იდეები.  ზოგადად რომ ვთქვათ, კალაშნიკოვის ავტომატი კონკრეტულ დეტალებში უფრო ახლოს არის კონსტრუქციულად Mkb.42W ეგზემპლართან (გარდა რგოლისებური აირგამყვანი სისტემისა), რომელიც ვალტერის ფაბრიკაში შეიქმნა, ვიდრე StG.44 -თან.
კალაშნიკოვის მიერ „მოპარული“ კონკრეტული დეტალები:
1.      პირველ რიგში რომ ვისაუბროთ ჩაკეტვის სქემაზე, ჯერ კიდევ StG.44 და Mkb .42(W) მოდელამდე არსებობდა ასეთი ჩაკეტვის სქემა. მაგალითად დგუშის გრძელი სვლა გამოიყენებოდა ფრანგულ დაზგურ ტყვიამფრქვევში Hotchkiss Mle 1897, რომელიც ავსტრიელმა Adolf Freiherr Odkolek -მა შეიმუშავა.  დგუშის გრძელი სვლა მბრუნავ საკეტთან ერთად კი გამოყენებულ იქნა მექსიკელი მანუელ მონდრაგონის თვითდამტენ შაშხანაში, რომელიც მე-19-ე საუკუნის მიწურულს შეიქმნა.  დგუშის გრძელი სვლის პრინციპით მუშაობდა ასევე ჩეხური მსუბუქი ტყვიამფრქვევი Lehký kulomet vz. 26 (ZB-26), რომელიც ვაცლავ ჰოლეკის მიერ იქნა კონსტრუირებული.  დგუშის და საკეტის ჩარჩოს ერთმანეთთან გადაბმულობაც არ იყო კალაშნიკოვის მიერ შემუშავებული, რადგანაც Mkb.42 (h) -ში სწორედ ანალოგიური პრიციპი გამოიყენებოდა და სხვა ბევრი იარაღი არსებობდა კალაშნიკოვამდე მსგავსი სისტემით.
2.      ლულის კოლოფზე კონდახის დამაგრების მეთოდი აღებულ იქნა Mkb .42(W) -დან.
3.      საკეტის ჩარჩო განთავსება იმდაგვარად, რომ შემცირებულიყო ხახუნის ფართობი ჩარჩოსა და ლულის კოლოფს შორის, აღებულ იქნა სუდაევის ავტომატიდან.
4.      დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი აღებულ იქნა ჩეხოსლოვაკიური Emmanuel Holek -ის სისტემის თვითდამტენი შაშხანიდან „ZH-29“ (Zbrojovka-Holek, 1929). ასევე გარკვეულ წილად მსგავსი მექანიზმი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილ ბრაუნინგის თვიტდამტენ სანადირო თოფებში. მსგავს დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმს იყენებდა ასევე ამერიკული ჯონ გარანდის სისტემის თვითდამტენი შაშხანა. თუნდაც შორს რომ არ წავიდეთ კალაშნიკოვამდე რუსეთშივე იყო С. Симонов -ის საცდელი თვითდამტენი შაშხანა, ანალოგიური მექანიზმით.  თუკი დავფიქრდებით ამ საკითხზე და ლოგიკურად ჩავუღრმავდებით, კალაშნიკოვმა და დეიკინმა მისი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი  შესაძლოა პირდაპირ დააკოპირა ვალტერის ფაბრიკაში შექმნილი MKb.42 (W) მოდელიდან, რადგანაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ახლოს გაცნობოდნენ ამ ეგზემპლარს.
5.      მცველის ბერკეტი, რომელიც მარჯვენა მხრიდან არის განთავსებული და მცველზე დაყენების შემთხვევაში ზღუდავს საკეტის სახელურის უკან გადაადგილებას ჯერ კიდევ 1906 წელს გამოიყენებოდა ჯონ ბრაუნინგის მიერ შექმნილ შაშხანაში  Remington Model 8. ასევე ანალოგიურ მცველს იყენებს Browning M1910.
მცველის ბერკეტი Remington Model 8
 
6.      დამაბრუნებელი ზამბარის ნაწილობრივი განთავსება საკეტის ჩარჩოში, რომელიც არ გამოიყენება გერმანულ შაშხანაში Mkb.42 (h) ბევრს ჰგონია, რომ  კალაშნიკოვის იდეაა. სინამდვილეში კი იგი აიღო ასევე ამერიკული ჯონ გარანდის (Garand M1) შაშხანიდან. ეს პრინციპი კალაშნიკოვმა ჯერ კიდევ 1944 წელს წარმოდგენილ თვიტდამტენ კარაბინში ისესხა ამერიკული გარანდიდან.
7.      აირგამყვანი კამერის ლულის ზევით განთავსებაში არც კალაშნიკოვი და არც ჰუგო შმაიზერი არ იყვნენ პირველები, რადგანაც მსგავს პრინციპს იყენებდა 1922 წელს შექმნილი ჩეხური იოზეფ ნეტჩის (Josef Netsch) თვითდამტენი შაშხანა და 1923-1924 წლებში დამზადებული ლუისის ტყვიამფრქვევი.
ასე, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ კალაშნიკოვს ბევრად მეტი კონსტრუქტორის ვალი აქვს, ვიდრე მხოლოდ გერმანელი ჰუგო შმაიზერის. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კალაშნიკოვი მარტო არ მუშაობდა ავტომატზე და მას უამრავი სხვა ინჟინერი, ტექნოლოგი და კონსტრუქტორი ეხმარებოდა. წესით ამხელა რესურსით ბევრად უკეთესი ავტომატიც უნდა შექმნილიყო ვიდრე “АК-47”. მოკლედ რომ შევაჯამოთ კალაშნიკოვი და Stg.44 კონსტრუქციით და აგებულებით გასნხვავებული ხილია, საერთო კი არის კონცეფცია მოკლე შუალედური ვაზნისა და დიდი ტევადობის (30 ვაზნიანი) მჭიდის გამოყენებისა ავტომატურ იარაღში. ამ კუთხით კიდევ არც კალაშნიკოვი იყო პირველი და არც შმაიზერი.
დემენტიევის ავტომატი КБ-П-520
მიუხედავად იმისა, რომ კალაშნიკოვის ავტომატმა დაამარცხა მისი კონკურენტები, დემენტიევმა 1948 წელს სცადა გადამუშავებული ავტომატის, კოდური სახელწოდებით КБ-П-520 წარმოდგენა, თუმცა უკვე გვიანი იყო. საბჭოთა კავშირის ხელისუფლება მთლიანად გადაერთო კალაშნიკოვის ავტომატზე განსახორციელბელ სამუშაობზე. კალაშნიკოვის ავტომატს წინ საარმიო გამოცდები ელოდა.
გაგრძელება იქნება

No comments:

Post a Comment