Volkssturmgewehr (VG) სახალხო იერიშისათვის

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კერძოდ 1944 წლის მიწურულს და 1945 წლის დასაწყისში, გერმანიის არმიას შეექმნა ცეცხლსასროლი იარაღის დიდი დეფიციტი. შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის ხელისუფლებას გადწურული ჰქონდა ყველა იმედი და ბოლო ძალებს იკრებდა. საბჭოთა კავშირი და სხვა მოწინააღმდეგე მხარეები კი აგრძელებდნენ შეტევებს გერმანიის ტერიტორიაზე და ყოველდღიურად იკავებდნენ მნიშვნელოვან პოზიციებს. გერმანიის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შექმნილიყო სახალხო რაზმი, რომელსაც ჰიტლერის ბრძანებით „Volkssturm“ (სახალხო იერიში) უწოდეს. ბრძანება „Volkssturm“ -ის შესაქმნელად ჰიტლერის მიერ გაცემულ იქნა 1944 წლის 18 ოქტომბერს. „Volkssturm“ -ის რიგებში ეწერებოდნენ 16 წლიდან 60 წლამდე ადამიანები, რომელთაც უნდა დაეცვათ კონკრეტული ლოკაციები და წინააღმდეგობის გაწევით მოეხდინათ მტრის შეჩერება / შესუსტება. (რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ „Volkssturm“ -ის რიგებში იბრძოდნენ 13 წლის ბავშვებიც). 1945 წლის  12 თებერვალს მოხდა ასევე ქალების და 14 წლის ასაკს მიღწეული გოგონების მობილიზაცია, რომელთაც უტარდებოდათ ინსტრუქტაჟი ცეცხლსასროლი იარაღის, ხელყუმბარის და ყუმბარმტყორცნ „Panzerfäuste“ -ის სროლაში. „Volkssturm“ -ში მსახურობდნენ აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც ძირითადად გერმანიის ზურგში არსებული სხვადასხვა ობიექტების ყარაულობა ევალებოდათ.  „Volkssturm“ -ის ფარგლებში მხოლოდ ბერლინის დასაცავად 40 000 დან 60 000 კაცამდე გაერთიანდა. დანარჩენი ხალხი კი სხვადასხვა ლოკაციებში იყვნენ მობილიზებული. რიგი წყაროების თანახმად სულ ჯამში „Volkssturm“ -ის რიგებში 1 500 000 კაცი იყრიდა თავს.
„Volkssturm“ -ის რიგებში ჩაწერისას ხდებოდა ფიცის დადება და სპეციალური ჯარისკაცის წიგნაკის გაცემა. „Volkssturm“ -ის ბატალიონის წევრები ატარებდნე სპეციალურ სამხრე ნიშანს წარწერით „Deutscher Volkssturm Wehrmacht“. 
ჯარისკაცები გარდა სამოქალაქო ტანისსამოსისა ატარებდნენ სხვადასხვა ფორმებს. ეს ფრომები შეიძლება ყოფილიყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული უნიფორმა, რკინიგზის თანამშრომლის ფრომა ან ნებისმიერი გერმანული სამსახურეობრივი ფორმა. ასევე იყო სპეციალური რომბისებური საყელოები, რომელზეც ვერცხლისფერი ოთხკუთხა ნიშნით ხდებოდა რანგის მინიჭება.

„Volkssturm“ -ის მებრძოლები ძირითადად გადიოდნენ მარტივ და საბაზისო მომზადებას, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებას. ადმიანური რესურსების სიმცირის გამო ხშირად ინსტრუქტაჟს ატარებდნენ ყოფილი ვეტარანები ან ის ადმიანები ვინც უბრალოდ ელემენტარულ დონეზე იცოდა იარაღის მოხმარების წესები და ტექნიკური მხარები.
მიუხედავდ ჰებელსის დიდი პროპაგანდისა, „Volkssturm“ -ს არ გააჩნდა არც სათანადო ეკიპირება/აღჭურვილობა და არც სათანადო იარაღი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტის გამო „Volkssturm“ -ის რიგებში არსებული მებრძოლები იყვნენ ყველაზე მეტად დემოტივირებულნი. მებრძოლთა შეიარაღებაში იყო სხვადასხვა მოძველებული ცეცხლსასროლი იარაღი, როგორც სამამულო წარმოების, ასევე სხვა ქვეყნებში დამზადებული ეგზემპლარები. სხვადასხვა იარაღს ესაჭიროებოდა განსხვავებული კალიბრის ვაზნები, რომელთა მიწოდებასაც ხშირად ვერ ახერხებდნენ. მაგალითად ზოგ მებრძოლს გააჩნდა ბელგიური და იტალიური შაშხანები, რომელთა ვაზნები საერთოდ არ იშოვებოდა გერმანიაში. იგივე შეიძლება ითქვას 8х50R ვაზნაზე გათვლილ ფრანგულ შაშხანა „Lebel M1886“ -ზე.  ყველაზე მეტად უმართლებდა იმ მებრძოლს, რომელსაც მაუზერის შაშხნა «Mauser 98k» ან საბჭოთა მოსინი (М1891) შეხვდებოდა, რადგანაც ასე თუ ისე საბჭოთა ვაზნები 7,62х54R იშოვებოდა ბრძოლის ველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ სპეციალურად „Volkssturm“-ის მებრძოლთათვის შექმნილიყო მარტივი და იაფფასიანი ხელის ცეცხლსასროლი იარაღი. მოკლელულიან ეგზემპლარებზე, რომელიც „Volkssturm“ -ის საიარაღო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა  ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ სტატია, რომელიც აღნიშნულ ბმულზე > http://www.iaragi.com/2015/04/volkspistole.html შეგიძლიათ იხილოთ. ამ სტატიაში კი გრძელლულიან ეგზემპლარებზე ვისაუბრებთ.
პროექტს, რომლის ფარგლებშიც „Volkssturm“ -ის მებრძოლთათვის განკუთვნილი იარაღი უნდა მომზადებულიყო უწოდეს „Primitiv-Waffen-Programm“. მთავარ მიმართულებათ არჩეულ იქნა შაშხანების შექმნა სახლწოდებით „Volkssturmgewehr“ (შემოკლებით „VG”). შაშხანების დაპროექტება-წარმოების პროცესში ჩართო რამოდენიმე ფაბარიკა. მთავარი სამუშაოები კი ქვემოთ მოცემულ ფაბრიკებში მიმდინარეობდა:
·         Walther
·         Spree-Werke
·         Rheinmetall
·         Mauser
·         Steyr
·         Gustloff -Werke
Walther Volkssturm Gewehr 1 (VG.1)
Walther -ის ფაბრიკის მიერ 1945 წლის დასაწყისში მომზადებულ იქნა გრძივად-მოსრიალე მბრუნავი საკეტის პრინციპით (ე.წ. Bolt action) მომუშავე შაშხანა, რომელსაც მიენიჭა კოდური სახელწოდება „VG.1“. შაშხანის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ყოველი გასროლის შემდეგ ხდებოდა ხელით. VG.1 მცირე პარტიად იქნა დამზადებული და მასიურად არ ჩაშვებულა წარმოებაში.
შაშხანის საკეტს გააჩნდა 2 ცალი საბრძოლო ბჯენი, რომლის სახელურიც შესრულებული იყო პრიმიტიული ღერძის სახით. დაზღვევის მიზნით დამატებით საბრძოლო ბჯენს წარმოადგენთა საკეტის სახელური, რომელიც ჩაკეტილ მდგომარეობაში გეჯაზე (ლულის კოლოფზე) არსებულ კედელს ებჯინებოდა. ლულის კოლოფი მზადდებოდა ფოლადისგან ჩამოსხმის მეთოდით.  შაშხანის ვაზნებით კვება ხდებოდა 10 ვაზნაზე გათვლილი მოხსნადი მჭიდისგან, რომელიც თვითდამტენი შაშხანა G.43 -იდან იქნა აღებული. შაშხანის ღია სამიზნე მოწყობილობა იყო პრიმიტიული არარეგულირებადი სახის.
შაშხანა VG.1 გათვლილი იყო გერმანულ საშტატო ვაზნაზე 7.92x57 მმ; მისი საერთო სიგრძე შეადგენდა 1092 მმ-ს, ლულის სიგრძე 589 მმ-ს, ხოლო შაშხანის წონა 3,77 კილოგრამს.  
შაშხანას გააჩნდა ძალზედ პრიმიტიული მცველი, რომლის დანიშნულებას ასრულებდა სასხლეტი კავის დამცავზე სასხლეტის უკან დამაგრებული ფოლადის ხვეულა. მსროლელს აღნიშნული ხვეულა ხელით უნდა შეებრუნებინა ისე, რომ ხვეულას თავი აღმოჩენილიყო დაბლა. ასეთ დროს სასხლეტზე თითის დაწოლისას ხვეულა არ მისცემდა სასხლეტს უკან გადაადგილების საშუალებას.

Spree-Werke Volkssturm Gewehr 2 (VG.2)
Spree-Werke“ -ს ფაბრიკაში დამზადებულ იქნა ასევე ხელით გრძივად-მოსრიალე მბრუნავი საკეტის (ე.წ. Bolt action) პრინციპით მომუშავე შაშხანა, რომელსაც მიენიჭა კოდური სახელწოდება „VG.2“. ისევე როგორც Walther VG.1 მოდელში,  ამ შემთხვევაშიც საკეტს წინა ნაწილში გააჩნდა 2 ცალი საბრძოლო ბჯენი, ხოლო დამატებით ბჯენს წარმოადგენდა საკეტის სახელური.
ასევე ვალტერის იდენტური იყო კალიბრი (7,92x57) და შაშხანის ვაზნებით კვება G.43 -ის 10 ვაზნიანი მჭიდით. ლულის კოლოფი (გეჯა) მზადდებოდა ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით, რომლის შემდგომი შეკვრაც ხდებოდა შედუღების მეშვეობით. შაშხანის ლულა VG.2 -ის შემთხვევაში კეთდებოდა შემორჩენილი საავიაციო ტყვიამფრქვევის ლულებისგან. ღია სამიზნე მოწყობილობა იყო არარეგულირებადი და მისროლილი იყო 100 მეტრამდე სასროლათ. კონდახი და ტიბჟირი მზადდებოდა ერთმანეთისგან დამოუიკიდებელ ნაჭრებად. კონდახის დამაგრება ლულის კოლოფზე (გეჯაზე) ხდებოდა მოქლონების გამოყენებით, ხოლო ტიბჟირის დამაგრება ლულაზე ხდებოდა ფოლადის რგოლისებური სალტეს გამოყენებით. შაშხანის საერთო სიგრძე შეადგენდა 1068 მმ-ს, ლულის სიგრძე 500მმ-ს, ხოლო წონა ვაზნების გარეშე 3,85კგ-ს / სავსე მჭიდით 4,05 კგ-ს. რიგი წყაროების თანახმად სულ ჯამში დამზადებულ იქნა 16 000-18 000 ცალამდე VG.2.

Rheinmetall Volkssturm Gewehr .3 (VG.3)
ფაბრიკა Rheinmetall -ის მიერ დამზადდა კარაბინი სახელწოდებით „VG.3“, რომელიც სხვა ეგზემპლარებთან შედარებით იყო უფრო მოკლე.  „VG.3“ გათვლილი იყო მოიერიშე შაშხანის ვაზნაზე 7.92x33 Kurz, რომელიც გამოიყენებოდა  „Sturm Gewehr 44“ -ში (StG 44). კარაბინის ვაზნებით კვება ხდებოდა „Sturm Gewehr 44“ -ის 30 ვაზნიანი მჭიდით. „VG.3“ ისევე, როგორც Walther VG.1 და Spree-Werke VG.2 იყენებდა გრძივად-მოსრიალე საკეტს (ე.წ. Bolt action), რომლის მოძრაობა და შემობრუნება (გადატენვა) ყოველი გასროლის შემდეგ ხდებოდა მსროლელის ხელით. კარაბინს გააჩნდა უბრალო ხისგან დამზადებული კონდახი რომელზეც დამაგრებული იყო ლულა და მილისებური ფორმის ლულის კოლოფი მჭიდის მიმღებთან ერთად. დღეს აღნიშნული ეგზემპლარები თითქმის აღარ შემორჩა, რადგანაც სულ დამზადებული კარაბინების რაოდენობამ 40-50 ცალამდე შეადგინა.

Mauser Volkssturm Gewehr .4 (VG.4)
მაუზერის ფაბრიკის მიერ დამზადებულ იქნა მოდელი სახელწოდებით VG.4. იგი ასევე წარმოადგენდა ხელით გრძივად-მოსრიალე საკეტის (ე.წ. Bolt action) პრინციპით მომუშავე კარაბინს, რომელსაც გააჩნდა შიდა (არა მოხსნადი) 5 ვაზნიანი მჭიდი. მჭიდში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა 5 ცალ შეკვრად სპეციალური კლიპის მეშვეობით. კარაბინი გათვლილი იყო  7.92x33 Kurz ვაზნაზე. (საცდელი სახით დამზადდა ასევე ეგზემპლარები 7,92х57 ვაზნაზეც).
კარაბინის ღია სამიზნე მოწყობილობა სხვა VG სერიის იარაღების მსგავსად იყო არარეგულირებადი. VG.4 ისევე, როგორც VG.1 აღჭურვილი იყო სასხლეტი კავის უკან განთავსებული პრიმიტიული მცველით.
მცველის გააქტიურება ხდებოდა მომრგვალებული ფოლადის ფურცლის დაბლა ჩამოწევით, რომელიც გააქტიურების შემთხვევაში ჩახმას არ აძლევდა უკან გადაადგილების საშუალებას. ითვლება, რომ Mauser VG.4 არის ყველაზე იშვიათი ეგზემპლარი, რადგანაც სულ 10 ცალ ეგზემპლარამდე იქნა დამზადებული. (თუმცა მაუზერის ფაბრიკის მუზეუმში ინახება ეგზემპლარი სერიული ნომრით 103. რათქმაუნდა ეს სერიული ნომერი აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ 100-ზე მეტი ეგზემლარი დამზდაა, რადგანაც არავინ არ იცის რა პრინციპით ხდებოდა VG სერიის იარაღებზე სერიული ნომრის მინიჭება).

Steyr VolkssturmGewehr .5 (VK.98 Volkssturm Karabiner 98)
ავტსტრიულ ფაბრიკა „Steyr“ -ში, რომელიც გერმანელების მიერ იქნა ოკუპირებული და იმართებოდა გერმანული ადმინისტრაციის მიერ დაამზადა კარაბინი სახელწოდებით „Volkssturm Karabiner 98“. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ეგზემპლარი „Volkssturm Gewehr“ -ების სერიაში იყო ყველაზე მასიური წარმოების.  მარტივად რომ ვთქვათ „VK.98“ წარმოადგენდა ვერმახტის საშტატო შაშხანის “Mauser Kar.98K” -ს გამარტივებულ და იაფიან ვარიანტს, რომელსაც არ ჰქონდა მჭიდი.
შაშხანა „VK.98“ იყო ერთმუხტიანი და ვაზნის ჩადება ლულის სავაზნეში ხდებოდა მსროლელის მიერ ხელით. შაშხანის საკეტი იყო ხელით გრძივად მოსრიალე (ე.წ. Bolt action) ტიპის და აღებულ იქნა მაუზერის შაშხანისგან Kar.98K. კარაბინის ღია სამიზნე მოწყობილობა იყო   არარეგულირებადი და მისროლილი 100 მეტრამდე სროლისათვის. კარაბინში გათვალისწინებული იყო შიდა (არამოხსნადი) მჭიდის ადგილი, თუმცა რეალურად არ გააჩნდა მიმწოდებელი მექანიზმი. მექანიზმის ჩასმის შემთხვევაში კარაბინი გახდებოდა ჩვეულებრივი მჭიდიანი.

Gustloff -Werke  VG.1-5 (MP 507 / VG. M45)
შეიძლება ითქვას, რომ პრექტ “Volkssturm Gewehr” –ის ფარგლებში ყველაზე წინწასული იარაღი შემუშავებულ იქნა Gustloff-Werke -ს ფაბრიკაში. საცდელ მოდელს მიენიჭა სახელწოდება  „Gustloff-Volkssturm MP 507“, თუმცა მცირედი ცვლილებების შემდეგ მისი სახელწოდება გახდა „Gustloff-Werke VG.1-5”. აღნიშნული ეგზემპლარი სხვა “VG” სერიის შაშხანებისა და კარაბინებისგან განსხვავებით წარმოადგენდა თვითდამტენ კარაბინს, რომელიც გათვლილი იყო 7,92x33 Kurz ვაზნაზე.
კარაბინი კონსტრუირებულ იქნა კარლ ბარნიცკეს (Karl Barnitzke) მიერ და იკვებებოდა Stg.44 (MP44) –ის 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდით. კარლ ბარნიცკემ აღნიშნულ ეგზემპლარზე მუშაობა, ჯერ კიდევ 1943 წლის მიწურულს დაიწყო და 1944 წლის ბოლოსკენ წარმოადგინა საცდელი ეგზემპლარის სახით.
ძალზედ საინტრესო გადაწყვეტილებას წარმოადგენდა კარაბინის მუშაობის პრინციპი, რომელიც ნახევრადთავისუფალ საკეტს იყენებს და საკეტის დამუხრუჭება დენთის აირებით ხდება. შევეცდები დეტალურად ავხსნა თუ როგორ მუშაობს საკეტის დამუხრუჭების სქემა.
კარაბინის ლულის გარსაცმი და საკეტი წარმოადგენს ერთ მთლიან მილისებურ ნაწილს, რომელიც ფარავს ლულის გარკვეულ მონაკვეთს. ლულას ცხვირის ნაწილამდე დაახლოებით 5-7 სმ -ზე, გააჩნია 4 ცალი რადიალურად განლაგებული ნასვრეტი.
 გასროლის დროს დენთის აირები გამოედინება აღნიშნული ნასვრეტებიდან და ხვდება ლულასა და ლულის გარსაცმს შორის არსებულ სივრცეში. ამ მომენტში საკეტი მასრის ფსკერზე დენთის აირების დაწოლის ენერგით მიემართება უკან, თუმცა ლულასა და გარსაცმს შორის არსებული დენთის აირები, რომელიც ლუზაზე არსებული ნასვრეტებიდან იქნა გააყვანილი, წინ უბიძგებს გარსაცმს. ვინაიდან გარსაცმი და საკეტი ერთმანეთთან მყარად არიან გადაბმული, ხდება საკეტის დამუხრუჭება. აღნიშნული პრინციპის მეშვეობით ტყვია ასწრებს ლულის დატოვებას და უკვე შემდგომ ხდება საკეტის ინერციით უკან სვლა და მასრის ამოგდება. შევეცადე დამეხაზა კარაბინის მუშაობის პრინციპი, რომელიც მოგვცემს საშუალებას თვალსაჩინო გავხადოთ საკეტის დამუხრუჭების მეთოდი.
კარაბინი VG.1-5 მზადდებოდა დაბეჭდვის და შედუღების მეთოდით. ვიზუალურად მისი დეტალები ძალზედ უხეშად გამოიყურებოდა. მაგალითად საკეტის სახელური წარმოადგენდა უბრალოდ მოკაუჭებულ ფირფიტისებურ რკინის ნაჭერს, რომელიც ლულის გარცმზე მოქლონებით (ე.წ. ზაკლიოპკა) იყო დამაგრებული.
ვინაიდან ლულის გარსაცმი და საკეტი ერთ მთლიან ნაწილს წარმოადგენდა, აღნიშნული სახელურის უკან მოქაჩვა იწვევდა ლულის გარსაცმის და მასზე დამაგრებული საკეტის გადაადგილებას უკან, ხოლო ხელის გაშვების შემდეგ დამაბრუნებელი ზამბარის მეშვეობით ხდებოდა მისი წინ დაბრუნება და მჭიდიდან ვაზნის მიწოდება ლულის სავაზნეში. კარაბინის ღია სამიზნე მოწყობილობა იყო არარეგულირებადი. იარაღის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ჩახმახიანი და შეეძლო მხოლოდ ერთეული გასროლების განხორციელება.
კარაბინის კონდახი მზადდებოდა ხისგან და ლულის კოლოფზე დამაგრებული იყო 2 ცალი დიდი მოქლონის მეშვეობით. საინტერესეოა ის ფაქტი, რომ კონდახზე ხდებოდა სერიული ნომრის დატანა. მცველი
კარაბინს მაცხენა მხარეს გააჩნდა მარტივი მცველი, რომელიც ბლოკავდა სასხლეტ მექანიზმს
VG.1-5 -ის დამზადება ტექნოლგიური თვალსაზრისით იყო ძალზედ მარტივი და მოითხოვდა მინიმალურ დამუშავებას. დეტალები ძირითადად მზადდებოდა დაბეჭდვის მეთოდით, რომლის საბოლოო შეკვრა ხდებოდა შედუღების აპარატის გამოყენებით. კარაბინის მთავარ პლიუსს წარმოადგენდა კომპაკტური გაბარიტები, მაღალი ტევადობის მჭიდი 30 ერთეულ ვაზნაზე და თვითდამტენი სროლის შესაძლებლობა.  სხვა მხირვ კარაბინი არ გამოირჩეოდა რაიმე პლიუსებით. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ იგი ადვილად ბინძურდებოდა და სროლისას ხშირად იქმნებოდა შეფერხებები. 1945 წლის იანვარში კარაბინმა VG.1-5 გაიარა პრიმიტიული გამოცდები და მიღებულ იქნა შეიარაღებაში. აქედან გამომდინარე ხშირად მას უწოდებენ „Volkssturmgewehr Model 45“ -ს.
სულ რა რაოდენობით იქნა დამზადებული VG.1-5 დღეს უცნობია. დამზადებული კარაბნების რაოდენობა სხვადასხვა ლიტერატურაში 10 000-დან 20 000 ცალამდე მერყეობს. ფაქტი ერთია, რომ იგი მოხვდა ბრძოლის ველზე და არაერთი ფოტო არსებობს ომის ქრონიკებიდან, რომელზეც ფიგურირებენ გერმანელი მებრძოლები VG.1-5 -ით ხელში.  დღეს შემორჩენილი ეგზემპლარების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და ვიზუალური მხარე მცირედით შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, რაც იმით არის განპირობებული, რომ მათი დამზადება ხდებოდა სრულ ქაოსში. მაგალითად იარაღის წონა ვაზნების გარეშე შეიძლება მერყეობდეს 4,28-4,52 კგ-მდე. ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს იარაღის საერთო სიგრძე, რომელიც მერყეობს 880-890მმ-მდე. სხვაობა შეიძლება იყოს ლულის სიგრძეშიც: მერყეობს 375-382მმ-მდე.
ეგზემპლარი, რომელსაც წინ გააჩნია დამატებითი პისტოლეტისებური სახელური
 
არსებობდა თუ არა „Volkssturmgewehr“ -ის ფარგლებში შექმნილი  სხვა ეგზემპლარები? ამ შეკითხვაზე ჩემი პასუხი იქნება, რომ უდაოდ არსებობდა, რადგანაც სხვა ფაბრიკებიც იღებდნენ, მონაწილეობას ამ პროექტში. უბრალოდ მათ მიერ წარმოდგენილი ეგზემპლარები მხოლოდ რამოდენიმე ცალი პროტოტიპებით შემოიფარგლა და შესაბამისად მათ შესახებ დღეს არაფერია ცნობილი. სხვადასხვა ლიტერატურაში მე შემხვედრია ცნობები, რომ ფაბრიკა „ERMA” -ს და  C. G. Haenel -ის მიერაც მომზადდა გარკვეული პროტოტიპები, თუმცა ვერსად ვერ შევძელი დამატებითი ინფორმაციის მოძიება.
ზოგადად „Volkssturmgewehr“ სერიის იარაღები წარმოადგენდა ეგრედწოდებული „ერზაც“ კატეგორიას, რომელიც იყო პრიმიტიული, უხეშად დამზადებული, მოითხოვდა მცირე მატერიალურ-ტექნიკურ დანახარჯებს, გააჩნდა საკმაოდ დაბალი რესურსი და საბრძოლო თვისებები.

No comments:

Post a Comment