კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ.5)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 1)
სტატიის მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე >  კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 2)
სტატიის მესამე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 3)
სტატიის მეოთხე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორია (ნაწ. 4)

1957 წელი კონკურსი (განმეორებითი ტური)
1957 წლის 20 სექტემბერს სტარტი აიღო გამოცდების განმეორებითმა ტურმა, რომელიც 31 ოქტომბრამდე გაგრძელდა. აღნიშნულ გამოცდებში წარმოდგენილ იქნა კალაშნიკოვის გადამუშავებული ავტომატი (А-55), კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი РП-55 (შემდგომ მისი სახელწოდებიდან გაქრა ასო Р და აღინიშნებოდა, როგორც П-55) და კონსტანტინოვის გადამუშავებული ავტომატები და ხელის ტყვიამფრქვევი. გ.კორობოვმა ვერ შეძლო საკუთარი ავტომატების (ასევე ხელის ტყვიამფრქვევის) დროული გადამუშავება და გადაწყდა შემდგომ მომხდარიყო მათი გამოცდა. 
კალაშნიკოვის გადამუშავებული ავტომატები (А-55)
ფოტოზე გამოსახულია სერიულ ეგზემპლარამდე დამზადებული კალაშნიკოვის ავტომატი А-55
გადამუშავების შედეგად კალაშნიკოვის ეგზემპლარებში (А-55) შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილებები:
-         მეტი საიმედოობისთვის და სიმტკიცისთვის შეიცვალა გარკვეული დეტალების ზომები;
-         შემოღებულ იქნა ანკერული ტიპის ჩახმახის შემანელებელი;
-         საბრძოლო ბჯენების სპირალისებური ბიჯი 3მმ-დან გაიზარდა 6მმ-მდე;
-         საკეტის ჩარჩოს წინ დაჯახება (მარჯვენა მხრიდან) გადატანილ იქნა ლულის კოლოფის მარცხენა მხარის შვერილზე;
-         კაფსულის ინერციული დაზიანების თავიდან ასაცილებლად შემუშავებულ იქნა ახალი ტიპის შემსუბუქებული საცემი ნემსა. (აქვე განვმარტავ თუ რა არის კაფსულის ინერციული დაზიანება. როდესაც საკეტს შეაქვს ლულის სავაზნეში ვაზნა, საკეტში ჩასმული საცემი ნემსა, საკუთარი მასის [წონის] ხარჯზე შეიძლება ინერციით გადაადგილდებოდეს წინ და ეჯახებოდეს კაფსულ მაალებელს. ამას ხშირად მოწმობს სავაზნედან ამოღებული გაუსროლელი ვაზნა, რომელსაც კაფსულ-მაალებელზე პატარა წერტილის სახით ეტყობა საცემი ნემსას ზემოქმედება. ბევრ კონსტრუქციაში საცემს უკეთებენ ზამბარას, რომლის წყალობითაც, არ ხდება ნემსას ინერციული სვლა წინ და მხოლოდ ჩახმახის დაჯახების დროს იძვრება ნემსა ადგილიდან);
კალაშნიკოვის მიერ გამოცდებზე წარმოდგენილ იქნა ასევე А-55-ის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელშიც დამატებით შესული იყო შემდეგი სხვაობები:
- გააჩნდა 25მმ-ით დაგრძელებული კონდახი, ასევე შემცირებულ იქნა კონდახის დახრის კუთხე;
- ტიბჟირი და ლულის ზედსადები დაგრძელებულ იქნა 30მმ-ით;
- ტიბჟირზე და ლულის ზედსადებზე დამატებულ იქნა კიდევ ერთი (რიგით მესამე) სავენტილაციო ოვალური ნასვრეტი.
კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი ავტომატთან მიმართებაში უნიფიცირებულ იქნა ძირითადად საექსპლუატაციო მხარეებით (საერთო აგებულება და ექსპლუატაციის საერთო წესები).
ფოტოზე გამოსახულია კალაშნიკოვის ავტომატი А-55, რომელსაც 30მმ-ით ჰქონდა  დაგრძელებული ტიბჟირი და ლულის ზედსადები
კონსტანტინოვის გადამუშავებული ეგზემპლარები
ფოტოზე გამოსახულია კონსტანტინოვის გადამუშავებული ავტომატი სახელწოდებით 2Б-А-40
კონსტანტინოვმა გადამუშავების შედეგად კარდინალური ცვლილება გაატარა დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმში. შემოღებულ იქნა ახალი მბრუნავი ჩახმახი. შეიცვალა ლულის კოლოფის დამზადების ტექნოლოგია. ლულის კოლოფი კეთდებოდა ორი ცალი დაბეჭდილი ნაწილისგან. მჭიდის მიმღები ფანჯარა 5 მმ-ით გადაიწია უკან. მასრების ამოსაგდები ფანჯარა გახდა უფრო დიდი; მოძრავი დეტალების სხვლა გაიზარდა 133მმ-მდე (მანამდე შეადგენდა 120მმ-ს).
ზევით კონსტანტინოვის ავტომატი 2Б-А-45, ქვევით 2Б-А-40
ასევე გაიზარდა ლულის სახაზინო ნაწილის დიამეტრი და სავაზნეში რეველის ტიპის ნაჭდევების რაოდენობა შემცირდა 4 ცალამდე (მანამდე შეადგენდა 6 ცალს). გამყარდა ჩემკეტი ბერკეტის ღერძი, მასრების ამომგდები და სასხლეტი მექანიზმის კედლები. შეიცვალა საკეტის გეომეტრიული ფორმები, დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი, სამიზნე თამასა, სამიზნე მოწყობილობის სამაგრის ფუძე და სამაგრი. მცირედი ცვლილება განიცადა გადასატენმა სახელურმა და მისმა სამაგრმა. გადამუშავდა მეტალის საკეცი დულუგის კონსტრუქცია.
კონსტანტინოვის ავტომატებში (2Б-А-40 / 2Б-А-45) და ასევე ხელის ტყვიამფრქვევში 2Б-П-40. გადამუშავებული იყო სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტის ფორმაც.
გამოცდების შედეგად გამოვლინდა, რომ კონსტანტინოვის ავტომატზე დახარჯულმა რესურსმა ვერ გაამართლა მოლოდინი. ვერც ავტომატი და ვერც ხელის ტყვიამფრქვევი ვერ აკმაყოფილებდა ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებს ტყვიების შეჯგუფების და სხვადასხვა პირობებში საიმედოდ მუშაობის პირობებს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გადამუშავების შედეგად მაინც არ იქნა აღმოფხვრილი საცემის მიერ კაფსულ მაალებელზე სუსტი დარტყმა, რაც გახდა მტყუნების (ასეჩკის) მიზეზი. „ასეჩკების“ რაოდენობამ საცდელ სროლებზე შეადგინა 7%. ასევე აღმოჩნდა, რომ 50% შემთხვევაში ძლიერ დაჯახებული საკეტის მიერ ხდებოდა კაფსულ მაალებლის დაზიანება და ხშირ შემთხვევაში სართოდ გახვრეტა, რასაც თან ზდევდა თვითნებური გასროლებიც.
საბოლოოდ კონსტანტინოვის ავტომატი ისევ მოიხსნა გამოცდებიდან. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გამოცდებზე წარმოდგენილი კონსტანტინოვის ხელის ტყვიამფრქვევი (2Б-П-40) ნომრით № 7 და ავტომატი ნომრით № 6 დაებრუნებინათ საცდელ საკონსტრუქტორო ბიუროში (ОКБ-575) და განეხორციელებინათ მისი გადამუშავება. ხოლო ავტომატი ნომრით № 2 და ხელის ტყვიამფრქვევები ნომრით №5 და №6 ადგილზევე გადამუშავდა ОКБ-575 -ის თანამშრომლების მიერ.
გადამუშავება შეეხო საცემის ცვლილებას. ასევე შეიცვალა მასრების ამომგდები, ლულის კოლოფის თავსაფარი და დამაბრუნებელი ზამბარა. ასევე გატარდა ღონისძიებები, რომელიც საკეტის ასხლეტვის საწინააღმდეგო სისტემას ეხებოდა (მარტივად რომ ვთქვათ საკეტის უკუცემის დროს, როდესაც იგი ეჯახებოდა უკიდურეს წერტილს, ხდებოდა მისი სწრაფი ასხლეტვა, რაც დამატებით არასაჭირო ენერგიას აძლევდა საკეტს და მის ჩარჩოს, ამიტომ ხდებოდა ამ ენერგიის ჩახშობა, სპეციალური ბუფერის მეშვებით). კონსტანტინოვის ავტომატების დამატებითი გამოცდა გაიმართა 1957 წლის 22 ოქტომბერს, რომლის დროსაც ასევე არასაიმედოობა და დეტალების დაბალი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა. ტაქტიკურ-ტექნიკური ნორმების თანახმად ავტომატს უნდა განეხორცილებინა 20 000 მდე გასროლა, ხოლო კონსტანტინოვის ავტომატებმა განახორციელეს 4000 დან 10 000 გასროლამდე ისე, რომ ხშირად ექმნებოდათ შეფერხებები და ზიანდებოდა გარკვეული დეტალები. ასევე "კატასტროფულად" გაიზარდა „ასეჩკების“ (მტყუნების) რაოდენობა, რომელმაც სროლებისას 70%-მდე ავიდა.
კალაშნიკოვის მიერ წარმოდგენილი გადამუშავებული ავტომატები A-55 და ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევები РП-55, მოწონებულ იქნა გამომცდელების მიერ, თუმცა აქაც იყო გარკვეული შენიშვნები: А-55-ის მეტალის საკეცი დუგლუგი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და არასაიმედოდ ფიქსირდებოდა. უკმაყოფილებები გამოითქვა კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევის კონდახზე, სადგარ ორფეხაზე, სამიზნე მოწყობილობაზე და 75 ცალ ვაზნაზე გათვლილ დისკისებურ მჭიდზე, რომლის კორპუსიც არ იყო მყარი, ასევე ზედმეტად გართულებული იყო მასში ვაზნების მოთავსება.
უარყოფითმა ფაქტორებმა იჩინეს თავი საექსპლუატაციო კუთხითაც. იხილეთ ჩამონათვალი:
– სასხლეტი მექანიზმის ღერძები არ ფიქსირდებოდა საიმედოდ და იყო მათი თვითნებურად ამოვარდნის საშიშროება.  გამოიკვეთა, რომ სასხლეტ მექანიზმს არ გააჩნდა არასწორად აწყობისგან დამცავი მექანიზმი (ანუ მსროლელს შეეძლო არასწორად ჩაესვა სასხლეტი მექანიზმი ავტომატში, რაც გამოიწვევდა გარკვეული დეტალების დაზიანებას).
– А-55 და РП-55 უფრო მეტად ბინძურდებოდა დენთის ნამწვით, ვიდრე შეიარაღებაში არსებული კალაშნიკოვის საშტატო ავტომატები «АК» და დეგტიარევის ხელის ტყვიამფრქვევი «РПД»;
– ღამით (სიბნელეში) რთული იყო მჭიდის მორგება, რადგანაც საჭიროებდა მჭიდის ყელის ზუსტად შესმას მიმღებ ფანჯარაში;
– იარაღის ძირს დაგდებისას მცველის და სროლის რეჟიმების გადამრთველი ბერკეტი თვითნებურად გადაადგილდებოდა. ასევე სამიზნე მოწყობილობები არ იყო დაცული, რაც ძირს დაგდების ან მყარ ზედაპირზე დაჯახების შემთხვევებში ადვილად გამოიწვევდა მათ დაზიანებას.
– გამომცდელები ასევე აღნიშნავდნენ დეტალების (საკეტის ჩარჩო საკეტით და დამაბრუნებელი მექანიზმი) არაუნიფიცირებულობას, რაც სამომავლოდ გამოიწვევდა არაეულობას სარემონტო სამუშაოებისას, ვინაიდან ერთი ეგზემპლარის დეტალები ან საერთოდ არ ერგებოდა მეორეს, ან კიდევ ერგებოდა, მაგრამ იარაღი ვერ ფუნქციონირებდა სათანადოდ.
საბოლოოდ გამოცდების შედეგები განხილულ იქნა თათბირზე, რომელსაც ესწრებოდა პოლიგონის 16 სპეციალისტი. სპეციალისტებს შორის წოდებით იყვნენ მხოლოდ მაიორები და ზემდგომი პირები. ასევე მთავარი საარტილერიო სამმართველოდან (ГАУ) ორი წამყვანი სპეციალისტი ა.ა. გრიგორიევი (А. А. Григорьев) და ვ.ს. დეიკინი (В. С. Дейкин). თათბირზე განხილული საკითხები გაფორმდა პოლიგონის პროტოკოლში თარიღით 23.10.1957. თათბირის მსვლელობისას რაღაც საკითხებში იყო აზრთა სხვაობა, თუმცა საბოლოოდ ყველა მივიდა საერთო შეთანხმებამდე, რაც გახდა დასკვნითი ანგარიშის მომზადების საფუძველი. ანგარიშში ეწერა:
1. წარმოების შემოწმების მიზნით მიზანშეწონილია დამზადდეს კალაშნიკოვის ავტომატების მცირე სერია. სერიის დამზადების პროცესში მოხდეს საჭირო გადამუშავებების განხორციელება. სერიული ავტომატების დამზადების შემდეგ, მოხდეს მათი საპოლიგონო გამოცდები.
2. გადამუშავდეს კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი და შემდეგ მოხდეს მისი საპოლიგონო გამოცდა, რათა დადგინდეს ღირს თუ არა მისი სერიული დამზადება საარმიო გამოცდებისთვის.
ამ პერიოდში კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი იჩენს თავს. მთავარი საარტილერიო სამმართველოს სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის ხელმძღვანელი ინჟინერპოლკოვნიკი მიხაილ სოკოლოვი (М.Соколов) გაეცნო გამოცდების შემდეგ მომზადებულ დასკვნას, რომელიც პოლიგონის (ასევე მთავარი საარტილერიო სამმართველოს) ოფიცრების მიერ იქნა მომზადებული და არ დაეთანხმა. მის მიერ დაუყოვნებლივ გაიცა განკარგულება, რომ საარმიო გამოცდებისთვის დაუყოვნებლივ დაემზადებინათ კალაშნიკოვის ავტომატების და მსუბუქი ტყვიამფრქვევების მცირე სერია. ეს ფაქტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კალაშნიკოვის ავტომატის გარდა სხვა ვერცერთი ეგზემპლარი ვერ იქნებოდა შეიარაღებაში მიღებული და შეიძლება ითქვას ეს გამოცდებიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

კორობოვის გადამუშავებული ეგზემპლარები
დრო გადიოდა და გ.კორობოვის ავტომატები ჯერ კიდევ არ იყო გადამუშავებული. 1957 წლის მიწურულს დასრულდა ქარხნული გადამუშავების პროცესი და 26 დეკემბერს პოლიგონ НИПСМВО-ს მიეწოდა  ორი ცალი საცდელი ავტომატი ТКБ-517 ნომრებით №15 და №17.
კორობოვის ავტომატი ТКБ-517 ნომრით №15
კორობოვის ავტომატი ТКБ-517 ნომრით №17
ასევე პოლიგონს გამოსაცდელად გადაეცა კორობოვის ორი ცალი ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი (ТКБ-523) ნომრებით  № 9 და №10.
კორობოვის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი ТКБ-523  (აღნიშნული ტყვიამფრქვევი რიგ წყაროებში გვხდება სახელწოდებით ТКБ-516. ეს სახელწოდება მინიჭებული ჰქონდა ვაზნების კვების ფირიანი სისტემით აღჭურვილ ეგზემპლარს, რომელზეც ჩვენ სტატიის წინა ნაწილში ვისაუბრეთ)
31 დეკემბერს კი ქალაქ ტულის ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიუროს (ЦКБ-14) მიერ დამატებით იქნა გაგზავნილი კორობოვის შემსუბუქებული ავტომატი  ТКБ-517 ნომრით № 16, რომელიც მანამდე გაგზავნილი კორობოვის ავტომატებისგან განსხვავდებოდა 200 გრამით ნაკლები წონით (მისი საერთო მასა შეადგენადა 2,77 კგ-ს). შემსუბუქება მოხდა 1 მმ-ანი ფოლადის ფურცლებისგან დაბეჭდილი ლულის კოლოფის ხარჯზე (მანამდე მიწოდებული ეგზემპლარების ლულის კედლები მზადდებოდა 1,5მმ-ანი ფოლადის ფურცლებით). ასევე კონსტრუქციიდან შემსუბუქების მიზნით ამოღებულ იქნა საკეტის შემაკავებელი კვანძი.
კონსტანტინოვის ავტომატის კიდევ ერთი გადამუშავება
1958 წლის 3 იანვარს პოლიგონზე წარმოდგენილ იქნა ასევე კონსტანტინოვის ავტომატის მეოთხე ვარიანტი 2Б-А-40 ნომრით № 7 და მსუბუქი ტყვიამფრქვევები 2Б-П-40 ნომრით №9 და №10.
კონსტანტინოვის ავტომატი 2Б-А-40 ნომრით № 7
კონსტანტინოვის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევები 2Б-П-40 ნომრით №10
აღნიშნული იარაღებში გათვალისწინებული იყო გამოცდების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებების აღმოფხვრა. ასევე კონსტანტინოვმა გაითვალისწინა დეტალების უნიფიცირების მნიშვნელოვანი მომენტები, როგორც საექსპლუატაციო, ისე საწარმოო კუთხით. 
კონსტანტინოვის ტყვიამფრქვევები მისივე ავტომატებისგან განსხვავდებოდა გრძელი ლულით, სადგარი ფეხებით, კონდახის ფორმით უფრო მასიური ტიბჟირით და სამიზნე მოწყობილობით.
1958 წლის 9 იანვარი - 8 მარტი (საპოლიგონო გამოცდები)
1958 წლის 9 იანვარს სტარტი აიღო გადამუშავებული ეგზემპლარების საპოლიგონო გამოცდებმა, რომელიც ამავე წლის 8 მარტამდე გაგრძელდა. (რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ, აღნიშნული გამოცდები 13 იანვარს დაიწყო და არა 9 იანვარს) მიუხედავად იმისა, რომ უკვე მიმდინარეობდა კალაშნიკოვის ავტომატების (А-55) და ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევების (РП-55) სერიული დამზადება, აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ კონსტანტინოვის და კორობოვის ეგზემპლარები.
წარმოდგენილი ეგზემპლარების შესწავლამ და გამოცდებმა აჩვენეს, რომ ვერც კორობოვის და ვერც კონსტანტინოვის ავტომატები ვერ აკმაყოფილებდნენ კომისიის წევრებს, თუმცა მთავარი საარტილერიო სამმართველოს (ГАУ) ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებში სავსებით ჯდებოდნენ. რიგ წყაროებში მოცემულია, რომ გამოცდების შედეგად გამოვლენილმა უარყოფითმა მხარეებმა 6 ცალი თაბახის ფურცელი შეავსეს. გამომცდელები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ კორობოვის და კონსტანტინოვის ეგზემპლარები უნდა მოხსნილიყო კონკურსიდან, რადგანაც აღარ ღირდა მათი შემდგომი გადამუშავება.
თუკი დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი ჩანს ამ გამოცდებიდან და გვიჩნდება ლოგიკური კითხვა. სანამ მიმდინარეობდა კონსტანტინოვის და კორობოვის გადამუშავებული ავტომატების გამოცდა, რას აკეთებდა ამდროს კალაშნიკოვი და მისი ჯგუფი? მხოლოდ სერიულ წარმოების საკითხებს განიხილავდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ წარმოების პროცესს? ამ შეკითვაზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ფაქტი ამბობს, რომ ისინი კალაშნიკოვის თაოსნობით აგრძელებდნენ ავტომატის და ხელის ტყვიამფრქვევის გადამუშავებას, რომელიც მცირესერიიანი წარმოების პარალელურად მიმდინარეობდა. ფაქტიურად ამით კალაშნიკოვმა მოიგო გარკვეული დრო. თან დიდი ალბათობით მას მისდიოდა ცნობები კონსტანტინოვის და კორობოვის გადამუშავებული ავტომატების შესახებ, რომლებიც საპოლიგონო გამოცდებს გადიოდა. შესაბამისად ეს ინფორმაცია მის წისქვილზე ასხავდა წყალს და ხვდებოდა თუ რაზე უნდა გემახვილებინა ყურადღება, რა იყო მისი კონკურენტების აქილევსის ქუსლი და რითი ჯობდნენ მის ეგზემპლარებს კონკურენტები. აღნიშნულ ინფრომაციაზე დაყრდნობით კალაშნიკოვის ჯგუფმა გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა კალაშნიკოვის ეგზემპლარები ყოფილიყო კონკურენტებზე უკეთესი.
როგორც კი დასასრულს მიუახლოვდა ა. კონსტანტინოვის და გ. კორობოვის გადამუშავებული ავტომატების და ტყვიამფრქვევების გამოცდა, კალაშნიკოვის ჯგუფმა წარმოაგინა თავიანთი ეგზემპლარები. ეს ეგზემპლარები იყო 50 ცალ სერიათ დამზადებული გადამუშავებული ავტომატი და 25 ცალ სერიათ დამზადებული ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი. აღნიშნული ეგზემპლარების გამოცდა დაწყებულ იქნა 7 მარტს (ანუ ზუსტად კორობოვის და კონსტანტინოვის ეგზემპლარების გამოცდის დასრულების წინა დღეს) და გაგრძელდა 19 მარტამდე.
კალაშნიკოვის ჯგუფმა ხელის ტყვიამფრქვევის და ავტომატის კონსტრუქციაში შეიტანეს მთელი რიგი ცვლილებები:
– მოხდა მოძრავი დეტალების (საკეტის ჩარჩო, საკეტი, დამაბრუნებელი ზამბარა) და სასხლეტი მექანიზმის უნიფიცირება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, საკეტის წინ დაჯახებისას დარტყმა მოდიოდა ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს არსებულ შვერილზე, რაც ამცირებდა მსროლელის მიერ იმპულსის აღქმას;
– დამაბრუნებელი ზამბარის დაწოლა შეადგენდა 6-6,8კგ-ს (მანამდე არსებულ საშტატო ავტომატებში АК, აღნიშნული მახასიათებელი შეადგენდა 5,5-6,5 კგ-ს);
– კონსტრუქციაში დამატებულ იქნა სპეციალური ფარი, რომელიც ფარავდა გადასატენ სახელურსა და ლულის კოლოფის თავსაფარს შორის არსებულ ნაპრალს. აღნიშნული ფარი იყო ზამბარიანი და გასროლის მომენტში გადასატენი სახლურის უკან მოძრაობისას ხდებოდა მისი დაბლა დაწევა, ხოლო გადასატენი სახლურის წინ დაბრუნების შემდეგ ფარის ზამბარა კვლავ წევდა აღნიშნულ ფარს ზევით და ფარავდა ნაპრალს. ასეთი მექანიზმის გამოყენება უზრუნველყოფდა შიდა მექანიზმის მაქსიმალურ დაცულობას მტვრისგან და ქვიშისგან;
– ვინაიდან კონსტრუქციაში ჩადებული იყო ჩახმახის მოძრაობის ტემპის შემანელებელი მექანიზმი, შეიცვალა სასხლეტის მექანიზმის რიგი დეტალები ისე, რომ შეფერხებების გარეშე ემუშავა შემანალებელს;
– მსუბუქ ტყვიამფრქვევში შეიცვალა კონდახის სამხრე ნაწილის დახრის კუთხე და გაიზარდა  კონდახის საიმედოობა;

–გადამუშავებას დაექვემდებარა მსუბუქი ტყვიამფრქვევის მოძრავი დეტალები, რის შედეგადაც საკეტის ჩარჩო გახდა უფრო მძიმე. საბოლოოდ მოძრავი დეტალების მასამ შეადგინა 527 გრამი (მანამდე შეადგენდა 483 გრამს), რამაც გაზარდა ხელის ტყვიამფრქვევის საიმედოობა;
–ხელის ტყვიამფრქვევში გადამუშავდა ასევე ლულის კოლოფი და გახდა უფრო მყარი;
–ლულის კოლოფის თავსაფარი თავდაპირველად აღებულ იქნა ავტომატისგან А-55, თუმცა შემდგომ მეტი სიმყარისთვის მისი დამზადება ხდებოდა უფრო სქელი ფოლადის ფურცლისგან;
– გადამუშავებას დაექვემდებარა ასევე ხელის ტყვიამფრქვევისათვის განკუთვნილი დისკისებური მჭიდი, რომელზეც მეტი სიმყარისთვის გაჩნდა წრიული ზოლები ნეკნების სახით. ასევე დამზადებისას გამოიყენებოდა ფოლადი მარკით 40 (მანამდე გამოიყენებოდა მარკა 20). ახალ დისკისებურ მჭიდში შეიცვალა ასევე ყელის ფორმა და შიდა მექანიზმის გარკვეული დეტალები. გადამუშავდა მჭიდის ჩასადები შალითა, რომელიც გახდა უფრო მოსახერხებელი;
– დისკისებური მჭიდის ვაზნებით დამუხტვისას მსროლელს ყოველი ვაზნის ჩადების შემდეგ უნდა მოეხდინა დროშისებური ბერკეტის შებრუნება;
კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევის დამუშავებაში და საინჟინრო გათვლებში ჩართული იყო ინჟინერი ლ.გ. კორიაკოვცევი (Л.Г. Коряковцев), რომელმაც დიდი როლი ითამაში მის გადამუშავებაში. გადამუშავების შედეგად ასევე შეიცვალა სადგარი ფეხების ფორმა და მისი დამზადების ტექნოლოგია. სამიზნე მოწყობილობას გააჩნდა ასევე დამატებითი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო გვერდითი შესწორებების შეტანა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოთ, კალაშნიკოვის ჯგუფის მიერ კონსტრუქციაში ჩაიდო ჩახმახის შემანელებელი ანკერული მექანიზმი. ჩახმახის შემანელებელი წარმოადგენდა П -სებურ ბერკეტს, რომელიც სასხლეტ კავთან ერთად (ერთ ღერძზე) იყო დამაგრებული. მარტივად რომ ვთქვათ ეს მექანიზმი ამუხრუჭებდა ჩახმახის მოძრაობას, რითაც ზრდიდა გასროლების ციკლთაშორის დროს. ანუ გასროლის შემდეგ საკეტი როდესაც გადაკეტავდა ლულას და მექანიზმი (ზამბარები და მოძრავი დეტალები) დაწყნარდებოდა (შეწყვეტდა რხევას), შემდგომ ხდებოდა განმეორებითი გასროლა. ასეთი მექანიზმი გამოიყენებოდა კორობოვის ავტომატშიც ТКБ-517 და სწორედ ამიტომ იგი ავტომატური ჯერებით სროლისას აჩვენებდა კალაშნიკოვის ავტომატზე (АК) უკეთეს შეჯგუფებას. შესაბამისად კალაშნიკოვის ჯგუფმა აღმოაჩინა ერთერთი მიზეზი, თუ რატომ აკეთებდა ავტომატური ჯერებით სროლისას კორობოვის ავტომატი ტყვიების უკეთეს შეჯგუფებას და ანალოგიური მექანიზმი გამოიყენეს თავიანთ გადამუშავებულ ავტომატებში (ასევე ხელის ტყვიამფრქვევებში). კალაშნიკოვის გადამუშავებული ავტომატის სამიზნე ხაზის სიგრძე იყო 378მმ და გააჩნდა 1000 მეტრამდე გათვლილი სექტორული უკანა ღია სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც თამასაზე დატანილი ჰქონდა შკალა 1-დან 10-მდე. (1=100 მეტრს, 2=200 მეტრს, 3 = 300 მეტრს და ა.შ.). ასევე თამასაზე იქნა გაკეთებული დანაყოფი მარკირებით «П» (Постоянная), რომელიც შეესაბამებოდა შკალაზე არსებულ დანაყოფს „3“ (300 მეტრი). აღნიშნული პოზცია განკუთვნილი იყო მუდმივად დასაყენებელ პოზიციათ, რაც იძლეოდა საშუალებას დაუყოვნებლივ გაეხსნა მსროლელს ცეცხლი ისე, რომ პირდაპირი დამიზნების მანძილი შეადგენდა 300-350 მეტრამდე დისტანციას.
შემაჯამებელი გამოცდებისას გამოვლინდა, რომ კორობოვის ავტომატი რომელიც ნახევრადთავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობდა, უფრო მარტივი კონსტრუქციით გამოირჩეოდა, ვიდრე კალაშნიკოვის მექანიზმი, თუმცა საიმედოობის კუთხით და დეტალების სიცოცხლისუნარიანობით კალაშნიკოვი ლიდერობდა.
ავტმატური ჯერებით სროლისას ტყვიების შეჯგუფების კუთხით კორობოვის ავტომატი იდგა პირველ ადგილზე, შემდგომ მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდა კალაშნიკოვი და ბოლო ადგილზე იყო კონსტანტინოვის ავტომატი.
კორობოვის ავტომატი პირველ ადგილზე იყო ასევე დამზადების შრომატევადობის კუთხით. მის დასამზადებლად დახარჯული შრომა კალაშნიკოვის ავტომატთან შედარებით შეადგენდა 31% -ით უფრო ნაკლებს, ხოლო კონსტანტინოვის ავტომატთან შედარებით 11%-ით უფრო ნაკლებს.
კორობოვის ავტომატი წონის (მასის) კუთხითაც ჯობნიდა კოკურენტებს და კონკურსში წარმოადგენდა ყველაზე მსუბუქ ავტომატს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორობოვის და კონსტანტინოვის ავტომატები ზედმეტად ბინძურდებოდა დენთის ნამწვით, რაც იწვევდა მოძრავი დეტალების სვლის გართულებას.
კალაშნიკოვის ავტომატი აჩვენებდა საუკეთესო გამძლეობას და დეტალების სიცოცხლისუნარიანობას, რაც საბოლოოდ მისი გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
საბოლოო ვერდიქტი
საბოლოოდ პოლიგონ НИПСМВО -ს კომისიის მიერ შედგენილ იქნა გამოცდების დასკვნა  № 132, რომელიც დათარიღებული იყო 1958 წლის 29 მარტით. დასკვნაში ეწერა:
-         კონსტანტინოვის ავტომატი ტექნოლოგიურობით, ტყვიების შეჯგუფებით და საიმედოობით მიახლოებულია კალაშნიკოვის ავტომატთან, ხოლო სიცოცხლისუნარიანობით და დეტალების გამძლეობით ჩამორჩება კალაშნიკოვის ავტომატს.
-         კონსტანტინოვის ხელის ტყვიამფრქვევი საიმედოობით და ტექნოლოგიურობით პრაქტიკულად არის კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევის დონეზე, ხოლო წონით, სიცოცხლისუნარიანობით და დეტალების გამძლეობით ჩამორჩება კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევს. ასევე 1,5ჯერ უარესი შედეგი აქვს ტყვიების შეჯგუფების კუთხით.
-         კონსტანტინოვის ავტომატის და ხელის ტყვიამფრქვევის წონა მნიშვნელოვნად აღემატება კალაშნიკოვის ეგზემპლარებს. კონსტანტინოვის ავტომატი 250 გრამით მძიმეა კალაშნიკოვის გადამუშავებულ ავტომატზე, ხოლო 165 გრამით მსუბუქია შეიარაღებაში არსებულ კალაშნიკოვის ავტომატზე АК. კონსტანტინოვის ხელის ტყვიამფრქვევი (75 ვაზნიანი მჭიდით) 300 გრამით მეტია, კალაშნიკოვის (75 ვაზნიანი ფოლადის დისკისებური მჭიდით) ხელის ტყვიამფრქვევთან შედარებით.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ დასკვნაში თითქმის არაფერს არ წერდნენ კორობოვის ავტომატის და ხელის ტყვიამფრქვევის უპირატესობების შესახებ. სპეციალურად ვეძებე სხვადასხვა ჩანაწერები, სადაც იქნებოდა დაფიქსირებული დასკვნის სრული სურათი, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი რასაც წავაწყდი სხვადასხვა ჩანაწერებში არის ის, რომ კორობოვის ავომატს ახასიათებდა მოძრავი დეტალების უკუსვლისას მაღალი სიჩქარე, რაც ცუდად მოქმედებდა ავტომატის სტაბილურობაზე ჯერებით სროლისას, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც ჯობნიდა ტყვიების შეჯგუფების კუთხით კალაშნიკოვის ავტომატს А-55.
დასკვნაში საუბრობდნენ იმაზეც, რომ კალაშნიკოვის ავტომატის წარმოება უკვე ათვისებულია და შესაბამისად მისი გადამუშავებული ეგზემპლარების და ხელის ტყვიამფრქვევების წარმოების გამართვა უფრო ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს, ვიდრე ახალი ეგზემპლარების წარმოების ნულიდან ათვისება/გამართვა.
შესაბამისად კომისიამ არამიზანშეწონილად სცნო კორობოვის და კონსტანტინოვის ეგზემპლარებზე მუშაობის გაგრძელება. მათი აზრით ორივე კონსტრუქტორის ქმნილებებს ახასიათებდა ისეთი ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრაც ვერ გამოიწვევდა რაიმე მნიშვნელოვან უპირატესობას კალაშნიკოვის ავტომატთან შედარებით. ასევე გამომცდლები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ნახევრადთავისუფალი საკეტის სქემის გამოყენებას. საბოლოოდ გადაწყდა, რომ შემდგომი სამუშაოები გაგრძელებულიყო კალაშნიკოვის გადამუშავებული ავტომატის და ხელის ტყვიამფრქვევის წარმოების ათვისებაზე.
1958 წლის 20 ივნისს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდუმის ბრძანებულების თანახმად იჟევკის მანქანათმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელს მ.ტ. კალაშნიკოვს მიენიჭა სოციალუსტური შრომის გმირის წოდება. მას გადაეცა ლენინის ორდენი და ოქროს მედალი „ნამგალი და ურო“. ამავე პერიოდში დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული გადამუშავებული ავტომატების და ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევბის წარმოებაზე მუშაობა. გადამუშავებულ (მოდერნიზირებულს, როგორც უწოდებდნენ ოფიციალურად) ხის არასაკეცი კონდახიან ავტომატს მიენიჭა სახელწოდება АКМ (Автомат Калашникова модернизированный), მეტალის საკეცი დუგლუგით აღჭურვილ ვარიანტს АКМС (Автомат Калашникова модернизированный складной) ხოლო ხელის ტყვიამფრქვევს РПК (Ручной пулемёт Калашникова). მთავარი საარტილერიო სამმართველოს გადაწყვეტილებით უნდა დამზადებულიყო სერიული პარტია, რომელიც სამხედრო (საარმიო) გამოცდებს გაივლიდა. უცნაური ის ფაქტი, რომ დღეს არ არსებობს რაიმე ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ სად და რომელ სამხედრო ოლქებში/ნაწილებში გაიარა კალაშნიკოვის მოდერნზირებულმა ავტომატმა და ხელის ტყვიამფრქვევმა სამხედრო გამოცდები.
კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატი АКМ
მოდერნიზირებული ავტომატის (АКМ) მასა (30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული სავსე მჭიდით და ხიშტ-დანის გარეშე) შეადგენდა 3,6კგ-ს (ვაზნების გარეშე ავტომატი იწონიდა 3,1კგ-ს), ხოლო საკეცი დუგლუგით აღჭურვილი მოდელის (АКМС) წონა შეადგენდა 3,8კგ-ს (3,3კგ ვაზნების გარეშე). მოდერნიზირებული ავტომატის (АКМ) ტყვიაბის შეჯგუფება ავტომატური ჯერებისას შეიარაღებაში არსებულ კალაშნიკოვის ავტომატთან (АК) შედარებით გაუმჯობესდა 1,5-2 ჯერ.

ფოტოზე გამოსახულია კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატის АКМ პირველი ვარიანტი, რომელიც 1958-1962 წლებში მზადდებოდა.
ავტომატის დამზადების ტექნოლოგიაში შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები. საბოლოოდ ითქვა უარი ფრეზირებულ დეტალებზე და პრაქტიკულად ბოლომდე გადავიდნენ ფოლადის ფურცლებისგან ცივად დაბეჭდვის მეთოდზე. ასევე გარკვეული დეტალები მზადდებოდა ზუსტად ჩამოსხმული სამზადების გამოყენებით. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მკვეთრად შემცირდა ლეგირებული ფოლადის გამოყენების ხარჯი. ამავდროულად 1 ცალი ავტომატის დამზადებისათვის საჭირო შრომითი დანახარჯი შემცირდა 20% -ით, ხოლო მეტალის ხარჯი 13%-ით. საბოლოოდ გადასატენ სახელურთან არსებულ მტვრისგან დამცავ ფარზე ითქვა უარი, რადგანაც იგი ხდებოდა გარკვეული შეფერხებების მიზეზი. ასევე სროლის რეჟიმების გადამრთველი არასაიმედოდ ფიქსირდებოდა მცველის პოზიციაზე.
კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი РПК
კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი (РПК) გამოირჩეოდა მასიური და მსხვილი ლულით, რომელსაც შეეძლო უფრო ინტენსიური სროლის განხორციელება, ვიდრე ავტომატს. შეუჩერებლად შეიძლებოდა 200-250 გასროლის განხორციელება, რის შემდეგაც საჭირო იყო ლულის გაგრილება. РПК-ს საბრძოლო სწრაფსროლა ავტომატური ჯერებისას შეადგენდა წუთში 150 გასროლას, ხოლო ერთეული გასროლებით 50 გასროლამდე. სროლის ტემპი შეადგენდა წუთში 600-650 გასროლას. ჭრილების ბიჯი 240 მმ-ს, ლულის სიგრძე 590მმ-ს, ხოლო სამიზნე ხაზის სიგრძე 555 მმ-ს. საკეცი ორფეხა სადგარის ფიქსატორი მარჯვენა ფეხიდან გადანაცვლდა მარცხენა ფეხზე. ტყვიამფრქვევი დაკომპლეკტდა 40 ცალ ვაზნაზე გათვლილი სეკტორული მჭიდით და 75 ცალ ვაზნაზე გათვლილი დოლურისებრი (დისკისებური) მჭიდით.
ფოტოზე გამოსახულია 75 ცალ ვაზნაზე გათვლილი დოლურისებური მჭიდით დაკომლექტებული კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი РПК
გრძელი ლულის წყალობით РПК -დან ნასროლ ტყვიას გააჩნდა უფრო მეტი საწყისი სიჩქარე და ენერგია, ასევე ავტომატთან შედარებით უფრგო გრძელი სამიზნე ხაზი, რაც ზრდიდა ტყვიამფრქვევის ეფექტურად გამოყენების მანძილს. ოფიციალურად РПК –ს გამოყენება უნდა მომხდარიყო სახმელეთო სამიზნეებზე 800 მეტრ დისტანციამდე, ხოლო თვითმფრინავებზე/ვერტმფრენებზე და პარაშუტისტებზე სროლისას 500 მეტრამდე.
ერთი ცალი РПК-ს დასამზადებლად საჭირო შრომა დეგტიარევის ხელის ტყვიამფრქვევ РПД -სთან შედარებით შემცირდა 40%-ით. ამავდროულად კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი 2 კილოგრამით უფრო მსუბუქი იყო РПД-ზე. 75 ცალ ვაზნაზე გათვლილი სავსე დისკისებური მჭიდით РПК იწონიდა 6,8 კგ-ს (სექტორული 40 ცალ ვაზნიანი სავსე მჭიდით 5,6 კგ-ს). (მოგვიანებით შექმნილი საკეც კონდახიანი ვარიანტი РПКС იწონიდა 7,1 კგ-ს 74 ცალ ვაზნაზე გათვლილი სავსე დისკისებური მჭიდით, ხოლო 5,9 კგ-ს სექტორული 40 ცალ ვაზნიანი სავსე მჭიდით).
РПК –ს კომპლეკტში შედიოდა საწმენდი აქსესუარები, გადასატანი ღვედი, შალითა და მჭიდებისთვის განკუთვნილი ორი ცალი ჩანთა.
РПК –ს კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა მჭიდის მიმღები ფანჯრის ზამბარიანი თავსაფარი, რომელიც გამოცდების დროს წარმოდგენილ РП-55 (П-55) -ში გამოიყენებოდა.
ფოტოზე გამოსახულია საცდელ ხელის ტყვიამფრქვევის РП-55(П-55) მჭიდის მიმღებ ფანჯარაზე არსებული თავსაფარი, რომელიც ამოღებულ იქნა სერიულ РПК-დან. ასევე შეიცვალა ლულის კოლოფის თავსაფრის უკან არსებული დამაბრუნებელი ზამბარის მიმმართველის  ქუსლის ფიქსატორი. (ფოტოზე მარჯვნივ გამოსახულია РП-55-ის ფიქსატორი).

უნიფცირბის საკითხი
შეიძლება ითქვას, რომ კალაშნიკოვის კომპლექსი (ავტომატი АКМ/АКМС + РПК/РПКС) საბჭოთა კავშირში იყო იმ ეპოქისთვის მაქსიმალურად უნიფიცირებული კომპლექსური ცეცხლსასროლი იარაღი. ავტომატ АКМ-ის 24 ცალ კვანძში და 95 დეტალში  შესაძლებელი იყო АКМС -ის 18 კვანძის და 92 დეტალის გამოყენება, ასევე РПК-ს 33 კვანძში შესაძლებელი იყო РПКС -დან 28 კვანძის და 90 დეტალის გამოყენება. ავტომატ АКМ-ს და ხელის ტყვიამფრქვევ РПК-ს გააჩნდა სრულიად უნიფიცირებული 10 კვანძი და 80 დეტალი. ერთმანეთს ყოველგვარი მორგების გარეშე ცვლიდა შემდეგი დეტალები: მჭიდი, წინა სამიზნე მოწყობილობა, სროლის რეჟიმების და მცველის ბერკეტი, საბრძოლო ზამბარა, ჩურჩულას ზამბარა, მასრების ამომგდების ზამბარა, ლულის ზედსადები, სამიზნე თამასის ხამუთი, მასრების ამომგდები, მჭიდის ვაზნების მიმწოდებელი და სხვა დეტალები. ასეთი  უნიფიცირება მიღწეულ იქნა კალაშნიკოვის ჯგუფის კოლექტიური მუშაობის შედეგად, რომელშიც კონსტრუქტორ-მეიარაღეების გარდა ჩაერთვნენ საკონსტრუქტორო ბიუროს ანალიტიკური ჯგუფის ინჟინრები. მათ ხელმძღვანელობდა ვ.ა. ხარკოვი (В.А. Харьков). ჯგუფში შედიოდნენ ნ.ი. არდაშევი (Н.И. Ардашев), ფ.მ. დორფმანი (Ф.М. Дорфман) და ი.ა. ჩუკავინი (И.А. Чукавин).
შეიარაღებაში მიღების საკითხები და წარმოების დაწყება
საარმიო (სამხედრო) გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ 1959 წლის 8 აპრილს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილების (ნომრით №373-176) თანახმად, კალაშნიკოვის ავტომატი და ხელის ტყვიამფრქვევი კომპლექსური სახით ოფიციალურად იქნა შეიარაღებაში მიღებული. ავტომატს მიენიჭა სახელწოდება 7,62-მმ-ანი კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატი „7,62-мм автомат Калашникова модернизированный“ შემოკლებით „АКМ“ (ინდექსი 6П1) და 7,62-მმ-ანი კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევი „7,62-мм ручной пулемёт Калашникова“ შემოკლებით „РПК“ (ინდექსი 6П2). მეტალის საკეცი დუგლუგით აღჭურვილი АКМС -ის გადამუშავება და გამოცდა დასრულდა ოდნავ მოგვიანებით. 1962 წლის 7 სექტემბერს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს №232 ბრძანების თანახმად АКМС ოფიციალურად იქნა შეიარაღებაში მიღებული (ინდექსით 6П4). АКМС -ის დამუშავების პერიოდში  აღმოჩნდა, რომ ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევი РПК ვერ აკმაყოფილებდა დესანტირების პირობებს. შესაბამისად შემუშავებულ იქნა ასევე კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევის ვარიანტი ხის საკეცი კონდახით (РПКС) (ინდექსი 6П8), რომელიც გათვლილი იყო სპეციალურად საჰაერო დესანტისთვის (ВДВ-Воздушно-десантные войска). დაკეცილი კონდახით მისი სიგრძე შეადგენდა 820მმ-ს. აღნიშნულ ვარიანტს გააჩნდა სპეციალური ფიქსატორი, რომელიც მარცხნივ დაკეცილ კონდახს აფიქსირებდა. ხელის ტყვიამფრქვევის სამხედრო ინსტრუციაში (ე.წ. НСД) გაწერილ იქნა, რომ მსროლელს კონდახი უნდა მოეკეცა მხოლოდ დესანტირებისას სხვა დანარჩენ შემთხვევაში კონდახი უნდა ყოფილიყო გახსნილ მდგომარეობაში. იმისათვის, რომ მსროლელს მოეხდინა კონდახის დაკეცვა, საჭირო იყო მარცხენა მხარეს არსებულ ღილაკ-ფისატორზე ტყვიის თავით (ან სხვა დამხმარე საგნით) დაწოლის განხორციელება და შემდგომ კონდახის მოკეცვა.
თავდაპირველად 1959-60 წლებში АКМ ების წარმოება დაწყებულ იქნა იჟევსკის ქარხანაში (ქარხანა №74) ისე, რომ პარალელურად მიმდინარეობდა მანამდე შეიარაღებაში არსებული კალაშნიკოვის ავტომატბის АК წარმოება. 1961-62 წლებში АКМ -ის წარმოებაში ჩაერთო ტულის იარაღის ქარხანა (ТОЗ). ხელის ტყვიამფრქვევების РПК წარმოების გამართვა მოხდა კიროვის ოლქში მდებარე ქალაქ ე.წ. „ვიატსკიე პოლიანი“-ში (Вя́тские Поля́ны) მდებარე მანქანათმშენებელ ქარხანა „მოლოტ“-ში («Молот»).
 აღნიშნული საწარმოო ხაზის გამართვა და საორგანიზაციო სტრუქტურის შემუშავება მოახდინეს იჟევსკის №74 ქარხნის თანამშრომლებმა, რის შემდეგაც მოხდა ამ ყველაფრის გადაცემა ქარხანა „მოლოტ“-ის მფლობელობაში, რამაც გაადვილა პროცესები და ქარხანა „მოლოტ“-მა შესძლო შეფერხებების გარეშე დაეწყო კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევების წარმოება.
კალაშნიკოვის ავტომატის და ხელის ტყვიამფრქვევის სპეციალური ვარიანტები
გარდა სტანდარტული ვარიანტებისა, კალაშნიკოვის ჯგუფი მუშაობდა ასევე სპეციალური ოპერაციების შესასრულებლათ საჭირო მოდიფიკაციების შექმნაზე, რომლის ფარგლებშიც დამზადდა: ვარიანტი АКМН (ინდექსი 6П1Н). მას ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს გააჩნდა სპეციალური სამაგრი ღამის ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობისთვის НСП-2, НСП-3, НСП-3А.
ასევე შემუშავდა საკეც დუგლუგიანი ვარიანტი АКМСН (ინდექსი 6П4Н), ხელის ტყვიამფრქვევის ვარიანტები РПКН (ინდექსი 6П2Н) და РПКСН (ინდექსი 6П8Н). ავტომატებისთვის АКМН და АКМСН სამიზნე მოწყობილობას კომპლექტში მოყვებოდა სპეციალური ნაპრალებიანი ალმქრობი, რომელიც ლულს ბოლოში არსებულ ხრახნზე მაგრდებოდა.
ფოტოზე გამოსახულია ნაპრალებიანი ალმქრობი
ფოტოზე გამოსახულია ავტომატი АКМН, რომელიც აღჭურვილია ნაპრალებიანი ალმქრობით და ღამის ხედვის სამიზნე მოწყობილობით
აღნიშნული ალმქრობის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებდა ლულიდან გამოვარდნილ ალს, რაც აადვილებდა ღამის ხედვის სამიზნე მოწყობილობის გამოყენებას. (ანალოგიურ ალმქრობს იყენებდნენ ასევე ხელის ტყვიამფრქვევებზე РПКН და РПКСН). შემდგომ ავტომატების და ხელის ტყვიამფრქვევების ოჯახს დაემატა იმ პერიოდისათვის ახალ უნივერსალურ სამიზნე მოწყობილობაზე НСПУ (ინდექსი 1ПН34) გათვლილი ავტომატები АКМЛ/АКМСЛ და ხელის ტყვიამფრქვევები РПКЛ / РПКСЛ. НСПУ–ს გამოყენების მეშვეობით კალაშნიკოვის ავტომატით შესაძლებელი იყო ღამის პირობებში 350 მეტრამდე დამიზნებითი სროლის განხორციელება. ღამის ხედვის სამიზნე მოწყობილობით დაკომპლეკტებული АКМН -ის ტყვიების შეჯგუფება ნორმალურად ითვლებოდა თუკი 100 მეტრამდე ერთეული გასროლებით მსროლელი აკეთებდა 15სმ-ან წრეს. ხოლო РПКН -ის შემთხვევაში მოკლე ჯერებით სროლისას კარგ შედეგად ითვლებოდა 20 სმ-ანი შეჯგუფება. მოტომსროლელთა შემადგენლობაში საშტატო სახით არსენალში უნდა ყოფილიყო 3 ცალი ავტომატი АКМН და ერთი ხელის ტყვიამფრქვევი РПКН. აქვე დავარღვევ ქრონოლოგიას და ვიტყვი, რომ 1980 წელს НСП-3 და НСПУ შეიცვალა მოდერნიზირებული სამიზნე მოწყობილობით НСПУМ (ინდექსი 1ПН58), რომელსაც РПКН-2 -ზე (ინდექსი 6П2Н2) და РПКСН-2-ზე (ინდექსი 6П8Н2) ამაგრებდნენ. ასევე მოგვიანებით შეიქმნა სამიზნე მოწყობილობა НСПУ- 3 (1ПН51), რომელსაც იყენებდნენ კალაშნიკოვის ავტომატებთან და ხელის ტყვიამფრქვევებთან. (ზევით მოყვანილი დასახალებები ფაქტიურად აღნიშნავდა, რომ იარაღი კომპლექსიური სახით დაკომპლექტებული იყო სპეციალური ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით, თორემ, РПКН, РПКЛ და РПКН-2  ფაქტიურად იყო ერთი და იგივე იარაღი).
გარდა ოპტიკური სამიზნეებისა საბჭოთა კავშირში გამოჩნდა ასევე სამხედრო კონსტრუქტორის კაპიტან ვ.ტ. რუზველტის (В.Т. Рузвельт) მიერ შექმნილი თვითნათებადი წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობა სახელწოდებით „ПДСНИАК“ (Приспособление для стрельбы ночью из автоматов АК и АКМ), რომელიც პირდაპირ მაგრდებოდა ავტომატის ღია სამიზნე მოწყობილობებზე.
მსგავსი სამიზნე მოწყობილობით აღჭურვილ კალაშნიკოვის მოდერნიზირებულ ავტომატებს ოფიციალურად უწოდებდნენ АКМП -ს და АКМСП -ს. აღნიშნული სამიზნე მოწყობილობა შედგებოდა ორი ცალი სპეციალური საცმისგან, რომელსაც მსროლელი ამაგრებდა ლულის ბოლოში (წინა სამიზნეზე) და უკანა სამიზნეზე.
ფოტოზე გამოსახულია რუზველტის სამიზნე მოწყობილობის მანათობელი წერტილები ღამით
სამიზნეს გააჩნდა ტრიტიუმის მსგავსი მანათობელი წერტილები, რაც ბნელ (გართულებული ხედვის) პირობებში აადვილებდა დამიზნების განხორციელებას. დღისით სამიზნეები იკეცებოდა, ხოლო ღამით მსროლელს შეეძლო მათი ამოწევა.
АКМ -ის კომპლეკტში შედიოდა: აქსესუარები (ზუმბა, ჯაგრისი, საწმენდი თავი ე.წ. „პრაწირკა“, კომბინერებული სახრახნის-გასაღები, "ვიკოლოტკა", აქსესუარების შესანახი "პენალი" და ორყელიანი საზეთური). ასევე მხარზე გადასაკიდი ღვედი, მჭიდების ჩანთა და ხიშტ-დანა 6х3. АКМС -ის კომპლექტში დამატებით შედიოდა ავტომატის შალითა, რომელსაც ჰქონდა მჭიდისთვის განკუთვნილი ჯიბე.
მიუხედავად იმისა, რომ კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატი (АКМ) 1959 წელს იქნა შეიარაღებაში მიღებული, საკონსტრუქტორო ჯგუფი იჟევსკის №74 ქარხანაში კვლავ აგრძელებდა მუშაობას, რომელიც ძირითადად ატარებდა წარმოების გაადვლების და გაიაფების ხასიათს. 60-ანი წლების დასაწყისში ცდები ტარდებოდა სხვადასხვა მსუბუქი შენადნობების და პლასტმასის გამოყენებაზე. ცდების შედეგად წარმოებაში ჩაერთო ჩამოსხმის, ასევე ფხვნილისებური მასალისგან ცხობის მეთოდით შექმნილი სამზადების გამოყენება, რომლისგანაც რიგ დეტალებს ამზადებდნენ. მუშაობა მიმდინარეობდა ასევე საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესებაზეც. მაგალითად დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული რიგი დეტალები (ლულის კოლოფის თავსაფარი, საკეცი დუგლუგის საზურგე) მზადდებოდა უფრო მყარი ფოლადისგან მარკით 40РА. იჟევსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფილიალმა და ტექნოლოგიურმა ლაბორატორიამ ერთად მუშაობის შედეგად მიაღწიეს ლულის უკეთესად დამზადების ხარისხს. ლულის ახალი ტექნოლოგიით დამზადებისას ხდებოდა ქრომის უფრო თხელი ფენის დატანა ლულის არხში ისე, რომ შენარჩუნებული იყო ლულის სიცოცხლისუნარიანობა, ქრომის გამძლეობა და ანტიკოროზიული თვისებები. АКМ -ის ახალ ლულებში ქრომის ფენა შეადგენდა 0,04-0,06 მმ-ს. (მანამდე აღნიშნული ფენა შეადგენდა 0,06-0,08მმ-ს. თავდაპირველად წარმოებულ АКМ-ს, ლულის ბოლოში არ გააჩნდა სახასიათო ფორმის წაკვეთილი კომპენსატორი. ბუნებრივია იჟევსკში კონსტრუქტორების ჯგუფი მუშაობდა ასევე სიზუსტის და ავტომატური ჯერებით სროლისას ავტომატის სტაბილურობის გაუმჯობესებაზე. ამავე საკითხზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა თავდაცვითი მრეწველობის სამინიტსროს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში НИИ №61 (აღნიშნული ინსტიტუტი შემდგომ გადაკეთდა ზუსტ მანქანათმშენებლ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად ЦНИИТОЧМАШ). სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (НИИ №61) მუშაობისას ინჟინერმა ვ.ს. იაკუშევმა (В.С. Якушев) ჩამოაყალიბა ავტომატური იარაღის დინამიური სტაბილურობის თეორია, რომლის მიხედვითაც დააპროექტა ლულის კომპენსატორი. აღნიშნული კომპენსატორის დანიშნულება იყო ლულის ხტომის შემცირება, რაც ავტომატური ჯერებით სროლისას გამოიწვევდა ტყვიების შეჯგუფების გაუმჯობესებას. ვ.ს. იაკუშევის კომპენსატორი წარმოადგენდა ცილნდრს, რომელსაც 30°-ანი კუთხით ჰქონდა წაკვეთილი ცხვირი.
კომპენსატორი მაგრდებოდა ლულის ბოლოში არსებულ ხრახნზე და ფიქსირდებოდა ზამბარიანი ღერძის მეშვეობით. კომპენსატორის ლულაზე დამაგრებისას წაკვეთილი კუთხე  განლაგებული იყო ვერტიკალურად ქვემოთ და მარცხნივ. გასროლისას ლულიდან ტყვიის გამოსვლის შემდეგ გამოვარდნილი დენთის აირები ხვდებოდა კომპენსატორში და წარმოქმნიდა ერთგვარ ბიძგს, რომელიც ახდენდა ზემოქმედებას კომპენსატორის წაკვეთილი კუთხის შესაბამისად მარცხნივ და ქვემოთ, რაც ამცირებდა ლულის ხტომას. შესაბამისად კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპენსატორის გამოყენება ფეხზე მდგარი პოზიციიდან მოკლე ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში 2,5 ჯერ ზრდიდა АКМ -ის ტყვიების შეჯგუფებას. დაწოლილი მდგომარებიდან ლულის დაყრდნობის (ბჯენის გამოყენების) შემთხვევაში მოკლე ჯერებით 800 მეტრამდე სროლისას ტყვიების გაფანტვა შეადგენდა 0,64-0,9 მეტრს. ამ უპირატესობების შედეგად 1963 წლიდან კალაშნიკოვის ავტომატებზე (АКМ) მასიურად გამოჩნდა ვ.ს. იაკუშევის ლულის კომპენსატორები.
ფოტოზე  გამოსახულია სტანდარტული სერიული კლაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატი АКМ ლულის ბოლოში დამაგრებული ვ.ს. იაკუშევის ლულის კომპენსატორით
ხიშტ-დანის გადამუშავება
კონსტრუქტორთა ჯგუფი მუშაობდა ასევე ხიშტ-დანის გადამუშავებაზე, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ახალი ტიპის ხიშტ-დანა ინდექსით 6x4. წინამორბედი ხიშტ-დანისგან (ინდექსი 6x3) შეიცვალა კორპუსი და დამზადდა უფრო მყარი მონოლითური მინაბოჩკოვანი მასალისგან  АГ-4С, რომელიც ტარზე დამაგრებული იყო მეტალის თავაკით და ხრახნით.
ასევე აღნიშნული მასალისგან დამზადდა ხიშტ-დანის ქარქაში. АГ-4С იყო ელექტროიზოლატორი და არ ატარებდა დენს. შესაბამისად (ისევე როგორც წინამორბედი ხიშტ-დანის 6x3 შემთხვავაში), შესაძლებელი იყო ძაბვის ქვეშ არსებული ელქტრო სადენების გადასაჭრელად გამოყენებულიყო.  ახალი ხიშტ დანის წონა ქარქაშიანათ შეადგენა 0,49 კგ-ს.
მაყუჩი АКМ-ზე
1962 წელს ავტომატი АКМ სპეციალურად სადაზვერვო-დივერსიული ნაწილებისთვის დაკომპლექტდა უხმო და ალისგარეშე სროლისთვის განკუთვნილი ხელსაწყოთი ПБС-1 (ინდექსი 6Ч12), რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის НИИ-61 მიერ იქნა შემუშავებული. იგი მანამდე შეიარაღებაში არსებული ПБС -ისგან განსხვავებოდა კორპუსის გეომეტრიით, რომელიც წარმოადგენდა ცილინდრს, შიგნით მოთავსებული 10 ტიხრით (სეპარატორი) და რეზინის ობტურატორით. იმისათვის, რომ სეპარატორებს არ ემოძრავათ, მათ შორის მოთავსებული იყო ცილინდრული შუასაგები.
პლასტმასის დეტალების და მსუბუქი შენადნობებეის გამოყენება
60-ანი წლების დასაწყისში, როდესაც АКМ-ის წარმოება სწრაფი ტემპით იქოქებოდა, საბჭოთა კავშირში მიიღეს ინფორმაცია, რომ აშშ-ში გამოცდებს დაექვემდებარა ახალი მოიერიშე შაშხანა, AR-15/M16. საბჭოთა კავშირს ჯერ არ ჰქონდა დეტალური ცნობები ამერიკული შაშხანის შესახებ, თუმცა იცოდნენ, რომ მასში ფართოდ გამოიყენებოდა პლასატმასის და მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული გარკვეული დეტალები. აღნიშნული საკითხი გახდა კიდევ ერთი ბიძგი იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირში გამძაფრებულიყო მუშაობა АКМ -ში მსუბუქი შენადნობების და პლასტმასის დეტალების გამოსაყენებლად. თავდაპირველად ინჟინერ-ტექნოლოგები მუშაობდნენ АКМ-ის ხის დეტალების (კონდახი, ლულის ზედსადები, ტიბჟირი, ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური) პლასტმასით ჩანაცვლებაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში არ იყო განვითარებული მყარი პლასტმასის ჩამოსხმის მეთოდით დამზადების ტექნოლოგია. შესაბამისად არჩევანი დაპრესვის მეთოდის გამოყენებაზე შეჩერდა. საცდელი სახით დამზადებულ იქნა ავტომატების მცირე სერია, რომელსაც მინაბოჩკოვანი АГ-4В ტიპის მოყავისფრო ფერის პლასტმასის კონდახი ჰქონდა. აღნიშნული ავტომატები სპეციალურად გაგზავნილ იქნა ცხელ კლიმატურ პირობებში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში და ასევე ციმბირის ცივ კლიმატურ პირობებში. ძალიან მალე შუა აზიის ტერიტორიაზე განთავსებული სამხდრო ნაწილიდან მოვიდა უარყოფითი გამოხმაურებები. აღმოჩნდა რომ მზეზე ავტომატის კონდახი იმდენად ცხელდაბოდა, რომ შეუძლებელი იყო მისი გამოყენება. ციმბირიდან მოსული გამოხმაურება იუწყებოდა, რომ დაფიქსირდა კონდახზე ლოყის მიწებების შემთხვევები, რაც ყინვისგან იყო გამოწვეული. ასევე აღმოჩნდა, რომ გამოყენებული მასალა მიუხედავად კარგი სიმყარისა გამოირჩეოდა ნაკლებტექნოლოგიურობით და ართულებდა დამზადების პროცესს. წარუმატებელი ცდების შედეგად გადაწყვიტეს, რომ ისევ ხისგან დამზადებულიყო დეტალები. მოგვიანებით პისტოლეტისებური სახელურის დამზადება ხდებოდა დარტყმაგამძლე პლასტმასისგან, რომელსაც მხოლოდ АКМ -ზე აყენებდნენ, ხოლო საკეც დუგლუგიანი ავტომატი АКМС კვლავ ხისგან დამზადებული სახელურით იწარმოებოდა. (თუმცა შეიძლება შეგვხდეს АКМС, რომელიც პლასტმასის პისტოლეტისებური სახელურით იყოს აღჭურვილი). ცდები ტარდებოდა ასევე მჭიდის პლასტმასისგან დამზადებაზე, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ახალი მჭიდი. პლასტმასის მჭიდის დამზადება მოხდა ბაკელიტისგან და აღმოჩნდა ბევრად ეკონომიური, რადგანაც მეტალის ფურცლისგან მჭიდის დამზადება ხდებოდა დაბეჭდვის და შედუღების გამოყენებით. მპლასტმასის (ბაკელიტის) კორპუსის მქონე მჭიდი იწონიდა ფოლადის ფურცლისგან დამზადბულ მჭიდზე 130 გრამით ნაკლებს, ხოლო ალუმინის ფურცლისგან დამზადებულ მჭიდზე 20 გრამით მეტს. ბაკელიტის კორპუსიანი მჭიდი აღმოჩნდა ალუმინის კორპუსით დამზადებულ მჭიდზე უფრო მყარი და საიმედო. ალუმინის მჭიდის კორპუსი ადვილად დეფორმირდებოდა, რაც ხდებოდა ვაზნის მიწოდებისას გაჭედვის და შეფერხებების მიზეზი. ასევე ალუმინის მჭიდი ძალზედ მგრძნობიარე იყო კოროზიის მიმართ.
1967 წელს ბაკელიტის მჭიდი ისევ გადამუშავდა და მის კონსტრუქციაში მეტი სიმყარისთვის დამატებულ იქნა არმირებული ფოლადის ფირფიტები.  ასევე ფოლადის ფურცლებით დამზადდა მჭიდის წინა და უკანა მომჭიდებელი, რომლითაც ფიქსირდებოდა ლულის კოლოფის მჭიდის მიმღებში. ამ ცვლილებების შედეგად მჭიდის სიცოცხლისუნარიანობა 4 ჯერ გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა შეირაღებაში მიიღო კალაშნიკოვის მოდერნიზირებული ავტომატი (АКМ), მაინც არ ცხრებოდა სამუშაოები მის გადამუშავებაზე. 1962-1963 წლებში ჩატარებულ იქნა გარკვეული გამოკვლევები, რომლის ფარგლებშიც გამოითქვა მოსაზრება, რომ АКМ-ის კონსტრუქციის მცირედი გადამუშავებებით, შეუძლებელი იქნებოდა მეტი სიზუსტის და ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების უკეთესი შეჯგუფების მიღწევა. აღნიშნული ფაქტორი განპირობებული იყო ორი ძირითადი მიზეზით: 1. 7,62х39 ვაზნის მაღალი იმპულსი, რაც იწვევდა ზედმეტ უკუცემას; 2. თავად ავტომატის მუშაობის პრინციპი, რომელიც იყენებდა დგუშის გრძელ სვლას. თუკი სასწორის ერთ მხარეს იდო კალაშნიკოვის ავტომატის საიმედოობა და გამძლეობა, მეორე მხარეს აღმოჩნდა ავტომატური ჯერებით სროლისას ტყვიების არადამაკმაყოფილებელი შეჯგუფება, რომელიც არ იყო მარტივი მოსაგვარებელი.
ამავე პერიოდში (1962-1965 წლები) ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამში და ბრიტანელებმა ინდონეზიურ-მალაიზიურ კონფრონტაციის დროს რეალურ საბრძოლო პრაქტიკაში გამოცადეს მოიერიშე შაშხანა AR-15 (М16), რომლის შესახებაც საბჭოთა კავშირში სულ უფრო მეტად ინტერესდებოდნენ. მოარული ხმები და საბჭოთა კავშირის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ამბობდა, რომ М16 უფრო ნაკლები უკუცემით გამოირჩეოდა (ვიდრე АКМ), იყო კალაშნიკოვზე ზუსტი და ჰქონდა ტყვიების უკეთესი შეჯგუფება. ამ ყველაფერში კი საბოლოოდ დარწმუნდნენ, როდესაც საბჭოთა კავშირში მოხვდა ვიეტნამიდან ნაალაფარის სახით მოპოვებული ამერიკული მოიერიშე შაშხანა М-16.  შესაბამისად მთავარ საარტილერიო სამმართველოში კვლავ ალაპარაკდნენ ახალ „პერსპექტიული ავტომატის“ შექმნაზე, რაც რამოდენიმე კონსტრუქტორისთვის სტიმულის მიმცემი ფაქტორი გახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული ხელახალი და ძალზედ საინტერესო სამუშაოები, რომელზეც სტატიის შემდგომ ნაწილში ვისაუბრებთ.
გაგრძელება იქნება!

No comments:

Post a Comment