იაპონური რევოლვერი Type 26 (Hino)

1871 წელს იაპონიაში ჩამოყალიბებულ იქნა პირველი სრულფასოვანი საიმპერატორო არმია, რომელიც ძირითადად ამერიკიდან შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა მოდელებით იარაღდებოდა. ამის მიზეზი გახლდათ ის ფაქტი, რომ იაპონიას იმ პერიოდში არ ჰქონდა საკუთარი სამხედრო-საიარაღო წარმოება. 1870-ანი წლების მიწურულს  დაწყებულ იქნა სამხედრო იარაღის ფაბრიკა-ქარხნების გამართვა, ხოლო 1880 წელს შეიარაღებაში მიიღეს უკვე საკუთარი წარმოების ერთმუხტიანი შაშხანა გრძივად მოსრიალე საკეტით “Type 13” იგივე “Murata M1880” (村田銃  Murata jū 1880), რომელიც მოგვიანებით შეცვალა ლულისქვეშა მილისებური მჭიდის მქონე მოდელმა “Murata Type 22” (M1889) და შემდგომ ასევე იაპონური წარმოების მჭიდიანმა შაშხანამ  „Type 30 Arisaka“. ასე თუ ისე, იაპონიას ჰქონდა შაშხანების და კარაბინების საკუთარი და შეიძლება ითქვას საკმაოდ მძლავრი წარმოება, მაგრამ გარდა გრძელლულიანი იარაღისა, იაპონიის საიმპერატორო არმიის ოფიცრებს ესაჭიროებოდათ ასევე მოკლელულიანი თავდაცვითი იარაღი, რომლის ამპლუაშიც ამერიკული რევოლვერი “Smith & Wesson №3” – იქნა შერჩეული. ამ პერიოდში ანალოგიური რევოლვერით იყო შეიარაღებული რუსეთის ოფიცერთა შემადგენლობაც. 1890-ანი წლების დასაწყისში დასრულებულ იქნა მთავარი გრძელულიანი იარაღის პროგრამა და იაპონიის რიგი კონსტრუქტორ-მეირაღეები გადაერთვნენ მოკლელულიანი იარაღის, კერძოდ რევოლვერის შემუშავებაზე, რომლითაც ამერიკული  “Smith & Wesson №3” უნდა ჩაენაცვლებინათ. სწორედ ეს ახალი რევოლვერი გახდებოდა იაპონიის საიმპერატორო არმიის ოფიცრების საშტატო იარაღი. 1893 წელს წარმოდგენილ იქნა პირველი იაპონური რევოლვერი, რომელიც უნიტარულ ვაზნაზე იყო გათვლილი. ვინაიდან იმ პერიოდში იაპონიაში მოქმედებდა მეიძის კალენდარი, 1893 წელი მეიძის კალენდრის მიხედვით იყო 26-ე წელი. ამიტომ რევოლვერს მიენიჭა სახელწოდება “Type 26“ (იაპონურად 二十六年式拳銃 Nijuuroku-nen-shiki kenjuu). მისი მეორე სახელწოდება იყო „Hino“. რიგი წყაროების თანახმად ეს სახელწოდება უკავშირდება გამომგონებელს და იაპონიის ავიაციის პიონერს კუმასო ჰინოს (Kumazo Hino), რომლის მიერაც შეიქმნა აღნიშნული რევოლვერი. თუმცა რიგი წყაროები ამბობს, რომ კუმასო ჰინო არაფერ კავშირში არ არის ამ რევოლვერის შექმნასთან.
 
რევოლვერი „Type 26“ (Hino) 
 
1894 წლის 29 მარტს რევოლვერი „Type 26“ (Hino)  ოფიციალურად იქნა  შეიარაღებაში მიღებული, ხოლო მისი სერიული წარმოება დაიწყო ტოკიოში მდებარე ქარხანამ „Koishikawa Arsenal“ (小石川工廠  Koishikawa Kōshō). შეიძლება ითქვას რომ ეს არის იაპონიის ისტორიაში პირველი საკუთარი წარმოების უნიტარულ ვაზნაზე გათვლილი მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიც სერიულად იწარმოებოდა.

ფოტოზე გამოსახულია იაპონელი კუმასო ჰინო. აღნიშნული პიროვნება თუ მართლა კავშირშია რევოლვერის შექმნასთან, გამოდის, რომ იგი 15 წლის იყო როდესაც  შექმნა "Type 26". რეალურად ეს პიროვნება მუშაობდა ცეცხლსასროლ იარაღზე და საკმაოდ ორიგინალური თვითდამტენი პისტოლეტის ავტორიც გახლავთ, თუმცა ის პისტოლეტი სულ სხვა ისტორიაა და შევეცდები ოდესმე მის შესახებაც მოგითხროთ.

რევოლვერი „Type 26“ შეიქმნა ამერიკული “Smith & Wesson
№3”-ის გავლენით და იყენებდა მის იდენტურ მასრების ერთდროულად ექსტრაქციის მეთოდს ლულის დაბლა დაშვებისას. თუმცა კუმასო ჰინომ სხვა რევოლვერებიდანაც აიღო კონკრეტული კონსტრუქცული იდეები. მაგალითად დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იფარებოდა გვერდითა ფირფიტით, რომელიც ღერძით მაგრდებოდა რევოლვერის ჩარჩოზე და მექანიზმის დასათვალირებლად შესაძლებელი იყო მისი მარჯვნივ გაღება. ამდაგვარი გადაწყვეტილება აღებულ იქნა ფრანგული რევოლვერიდან „Modèle 1892“ (St. Etienne 8mm), თუმცა ფრანგულ რევოლვერში დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ფირფიტისებური კარები მარცხნივ იღებოდა და გაღების წინ საჭიროებდა ჩარჩოზე არსებული ხრახნის მოშვებას.
 
იაპონურ Type 26 -ში კი ფირფიტის გასაღებად საჭირო იყო სასხლეტი კავის დამცავის დაბლა დაწევა. იაპონური რევოლვერის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო მხოლოდ ორმაგი მოქმედების (DAO), რომლის ღია ჩახმახსაც არ ჰქონდა არანაირი კუდი. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გარკვეულ წილად აღებულ იქნა ფრანგი მეიარაღის შარლ-ფრანსუა გალანის (Charles-François Galand) რევოლვერიდან  „Galand model 1870“.
 
რევოლვერის გადახსნა ხდებოდა უკანა სამიზნე მოწყობილობასთან ფიქსატორის მეშვეობით, რომელიც იყო ზამბარიანი და მისი მაღლა აწევით ათავისუფლებდა ლულის ბლოკს ჩარჩოსგან. ნახევრადმრგვალი წინა სამიზნე მოწყობილობა ლულაზე დამაგრებული იყო მომცრო ღერძის მეშვეობით, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობის როლს ასრულებდა რევოლვერის ჩარჩოს ზედა ნაწილზე არსებული ჭრილი.
რევოლვერის დასაშლელად არ იყო საჭირო არცერთი ხრახნის ან ქანჩის მოშვება-დაჭერა, რაც აადვილებდა მის მოვლა-ექსპლუატაციას საველე პირობებში. ასევე მისი დამზადების ხარისხი იყო ძალზედ მაღალი, თუმცა საბრძოლო თვისებებით იგი არ ბრწყინავდა და გააჩნდა მთელი რიგი უარყოფითი ფაქტორები. უარყოფით ფაქტორს პირველ რიგში წარმოადგენდა მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც ზედმეტად ხისტ ზამბარას იყენებდა. შესაბამისად ჩახმახს მსროლელი წინასწარ ვერ შეაყენებდა და სროლა უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ორმაგი მოქმედების (ე.წ. თვითშეყენებადი) პრინციპით, რაც საბოლოოდ ცუდად აისახებოდა სიზუსტეზე და საგრძნობლად აქვეითებდა სწრაფსროლას. ცუდი სიზუსტის გამო რევოლვერის გამოყენება ეფექტური იყო მხოლოდ  6 მეტრამდე.


იაპონური რევოლვერის “Type 26” მეორე სერიოზულ ნაკლს წარმოადგენდა დოლურის თავისუფალი ბრუნვა ორივე მიმართულებით (როგორც საათის ისრის, ასევე მის საწინააღმდეგოდ). დოლურას გაჩერება ხდებოდა მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც სასხლეტზე თითის დაწოლისას ჩახმახი მიაღწევდა სრულ შეყენებას. შესაბამისად თუ გასროლის შემდეგ დოლურა მიედებოდა აღჭურვილობას, მსროლელის უნიფორმას ან რევოლვერის ბუდეს, იყო იმის ალბათობა, რომ იგი თვითნებურად გადაბრუნდებოდა შემდეგ ვაზნაზე ან დოლურაში არსებულ უკვე მანამდე გასროლილი ვაზნის მასრაზე. 
 
იაპონური რევოლვერის ვაზნა

რევოლვერი “Type 26” გათვლილი იყო სპეციალურად მისთვის შექმნილ რანტიან ვაზნაზე. ვაზნის აღნიშვნა ხდებოდა, როგორც  „9x22 R“.  ვაზნა იყენებდა ტყვიას გარსის გარშე, რომლის წონაც შეადგენდა 9,6-9,7 გრამს. კვამლიანი დენთის (შავი დენთის) მუხტის წყალობით საწყისი სიჩქარე იყო 195 მ/წამი. ლულიდან გამოსვლისას ტყვიის ენერგია შეადგენდა 185 ჯოულს.

იაპონური რევოლვერის ვაზნა 9x22R

1900 წლიდან ვაზნის დამუხტვა ხდებოდა უკვამლო დენთით, რის შედეგადაც მისი საწყისი სიჩქარე 229მ/წამამდე გაიზარდა, ხოლო ენერგია კი 252 ჯოულამდე.  იაპონური ვაზნა  „9x22 R“  რომ შევადაროთ იმ ეპოქის სხვა საარმიო რევოლვერის ვაზნებს, ვერ ვიტყვით, რომ სუსტია ან ძლიერია. იმ ეპოქაში ასეთი სიმძლავრე დამაკმაყოფილებლად ითვლებოდა. ფაქტიურად იაპონური ვაზნა წარმოადგენდა ამერიკული ვაზნის .38 S&W გადამღერებას.
თანამედროვე ეპოქაში კომერციული მიზნით იაპონურ 9მმ-ანი რევოლვერის ვაზნებს (9x22R) აწარმოებდა ამერიკული კომპანია “Midway” და „Old Western Scrounger Inc“.


ფოტოზე გამოსახულია ამერიკული კოპანია „Old Western Scrounger“ (OWS) -ის მიერ წარმოებული კომერციული ვაზნების კოლოფი. აღნიშნული კომპანია 9х22R კალიბრის ვაზნებს აწარმოებდა 2003 წლის ბოლომდე. ვაზნები კეთდებოდა .38 S&W მასრის ბაზაზე, ამიტომ მასრის ფსკერზე მარკირება იყო .38 S&W.
 
ფოტოზე მარცხნივ გამოსახულია “Midway”  -ს წარმოებული კომერციული ვაზნა, რომელიც იყო იაპონური ვაზნის იდენტური გეომეტრიის, ხოლო მარჯვნივ გამოსახულია 38 S&W მასრის ბაზაზე გაკეთებული „Old Western Scrounger“-ის ვაზნა.
 
ფოტოზე გამოსახულია მარცხნივ იაპონური ვაზნა 9x22R, ხოლო მარჯვნივ 9x19 Luger. მიუხედავად იმისა, რომ იაპონური ვაზნა უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, იგი ორჯერ სუსტია 9x19 Luger -ზე.
 
რევოლვერი “Type 26” იაპონიის საიმპერატორო არმიის შეიარაღებაში მიიღეს, როგორც ოფიცრებისთის და კავალერისტების სტანდარტული იარაღი, ხოლო დამხმარე იარაღის ამპლუაში იგი იმყოფებოდა მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე.
აგრეთვე Type-26-ს იყენებდნენ  რუსეთ-იაპონიის ომში, იაპონია-ჩინეთის ომში, პირველ და მეორე მსოფლიო ომში. რევოლვერები მცირე რაოდენობით მოხვდა სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაშიც. მაგალითად იგი იყო ჩინეთის რესპუბლიკის შეიარაღებაში, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის და ინდონეზიის რესპუბლიკის შეიარაღებაში. რიგი წყაროების თანახმად 1000 ცალი რევოლვერი შეისყიდა საფრანგეთმაც.
 

"Type 26”-ის წარმოება შეწყდა 1923 წელს, როდესაც ქარხნა „Koishikawa Arsenal“ მიწისძვრის შედეგად განადგურდა (აღნიშნული მიწისძვრა მოხდა 1923 წლის 1 სექტემბერს), თუმცა მარაგში არსებული შემორჩენილი დეტალების გამოყენებით რევოლვერების წარმოება გაგრძელდა 1935 წლამდე. სხვადასხვა წყაროების თანახმად სულ 1893 წლიდან 1935 წლამდე დამზადებულ იქნა 59 200 დან 59 900 ცალ რევოლვერამდე.

No comments:

Post a Comment