პისტოლეტი Schüler Reform

ჯიბის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამ, ჯერ კიდევ კაჟიანი აალების და შემდგომ კაფსულიანი პისტოლეტების ეპოქაში აიღო სტარტი. მოგვიანებით ასპარეზზე მცირეგაბარიტიანი რევოლვერები გამოჩნდნენ, რამაც განაპირობა ისეთი ცნობილი კლასის ჩამოყალიბება/გავრცელება, როგორიცაა „ბულდოგის“ და „ველოდოგის“ ტიპის რევოლვერები. ასევე პარალელურად  ე.წ. „დერინჯერის“ ტიპის მცირეგაბარიტიანი პისტოლეტებიც სარგებლობდა გარკვეული მოთხოვნით, ხოლო გარდამტეხი როლი ამ საკითში ბრაუნინგის 6,35მმ კალიბრის ვაზნებზე გათვლილმა თვითდამტენმა პისტოლეტმა „Browning M1905/M1906“ ითამაშა, რომელის წარმოებაც ბელგიურმა კომპანია FN-მა წამოიწყო. მოგვიანებით (1908 წელს) ამ წამოწყებას ამერიკული კომპანია COLT შეურთდა, რომელმაც „Browning M1905/M1906“ –ის ოფიციალური წარმოება სახელწოდებით „Colt Model 1908 Vest Pocket“ დაიწყო აშშ-ს ტერიტორიაზე. შემდგომ ჯიბის თვითდამტენი პისტოლეტების წარმოების ფერხულში სხვა ქვეყნის მეიარაღეები და კომპანიები ჩაებნენ. 6,35მმ-ან (.25ACP) ვაზნაზე გათვლილი ჯიბის თვითდამტენი პისტოლეტები საიმედოდ მუშაობდა და მათი ჯიბით ან პატარა ჩანთით ტარება საკმაოდ მიმზიდველს ხდიდა მას. თუმცა ასეთი პისტოლეტების ღირებულება, მცირეგაბარიტიან რევოლვერებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო. ასევე იარაღის მოყვარულთა გარკვეული ნაწილი არ ენდობოდა თვითდამტენ პისტოლეტებს და მაინც რევოლვერს ანიჭებდნენ უპირატესობას. პარალელურად გამოჩდნენ კონსტრუქტორები, რომლებიც ცდილობდნენ შეექმნათ არა თვითდამტენი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტები, რომელსაც რამოდენიმე ლულა ექნებოდა და სასხლეტზე დაჭერით ლულებიდან თანმიმდევრულად განხორციელდებოდა სროლა. ეს სტატიაც სწორედ ასეთი ტიპის პისტოლეტს შეეხება.
 
 
1905 წლის 1 ოქტომბერს გერმანიაში  ავგუსტ შულერის (August Schüler წარმოშობით ზულიდან) მიერ შეტანილ იქნა განაცხადი პატენტზე, რომელიც ეხებოდა 4 ლულიან მექანიკურ პისტოლეტს. ნახაზების და საპატენტო განაცხადის შესწავლის შემდეგ, საპატენტო კომისიის მიერ 1906 წლის 8 ნოემბერს გაცემულ იქნა პატენტი „Deutsches Reichspatent Nr 177023“.
ნახაზი პატენტიდან გერმანული პატენტიდან D.R.P. Nr 177023
იარაღი „Schüler Reform“ წარმოადგენდა არათვითდამტენ პისტოლეტს, რომელსაც ჰქონდა რევოლვერისათვის დამახასიათებელი ტარი და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. მის ჩარჩოში ზემოდან ჯდებოდა 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.25ACP) გათვლილი 4 ვერტიკალურად განლაგებული ლულა, რომელიც ერთი მთლიანი ბლოკის სახით იყო შესრულებული. ლულების ბლოკში წინასწარ იდებოდა 4 ცალი ვაზნა (თითო ვაზნა თითო ლულაში) რის  შემდეგაც აღნიშნული ბლოკი თავსდებოდა პისტოლეტში.
სასხლეტზე თითის დაწოლისას ხდებოდა ჩახმახის თვითშეყენება და ბოლომდე დაწოლის შემთხვევაში გასროლა. შესაძლებელი იყო ასევე ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენება (როგორც ერთმაგი მოქმედების რევოლვერებში). ჩახმახის შეყენებისას სპეციალური ბერკეტი უზრუნველყოფდა ლულების ბლოკის ვერტიკალურ გადაადგილებას ქვემოდან ზემოთ. ფაქტიურად ეს იყო რევოლვერის პრინციპი, სადაც სასხლეტზე თითის დაწოლისას და ჩახმახის შემართვისას დოლურის გადაბრუნების მაგივრად, ლულების ბლოკი გადადგილდებოდა ზემოთ, რისი წყალობითაც საცემი თანმიმდევრულად ახდენდა გასროლას ჯერ N1 ლულიდან, შემდეგ მის ქვემოთ განთავსებული N2 ლულიდან, შემდეგ N3-დან  და ბლოს N4-დან.  ასეთი კონსტრუქციის წყალობით პისტოლეტი, რევოლვერისგან განსხვავებით იყო უფრო კომპაკტური და ბრტყელი.
აღსანიშნავია მასრების ექსტრაქციის ორიგინალური (შეიძლება ითქვას ავტომატური) პრინციპი, რომელიც ასევე თანმიმდევრულად ხდებოდა.  N1 ლულიდან პირველი გასროლის შემდეგ მასში რჩებოდა მასრა, ხოლო N2 ლულიდან გასროლის განხორცილების დროს დენთსი გარკვეული ნაწილი ლულის კედელზე შესრულებული სპეციალური აირგამყვანი ნასვრეტის მეშვეობით გაედინებოდა N1 ლულაში და ახდენდა ლულის სავაზნე ნაწილში ჩარჩენილი მასრის გარეთ გამოტყორცნას მსროლელის მიმართულებით. იმისათვის, რომ მსროლელეს არ მოხვედროდა მასრა, იგი ეჯახებოდა ჩახმახის თავს და აირეკლებოდა.  მესამე გასროლისას N3 ლულიდან დენთის აირები გაედინებოდა N2 ლულაში და იგივე პრინციპით ხდებოდა მასში ჩარჩენილი მასრის გამოგდება. ანალოგიურად N4 ლულიდან გასროლის დროს დენთის ნაწილი ხვდებოდა N3 ლულაში და უზრუნველყოფდა მის სავაზნეში ჩარჩენილი მასრის გამოგდებას. მხოლოდ ბოლო N4 ლულიდან გასროლის შემდეგ მის სავაზნეში რჩებოდა მასრა, რომელიც უკვე ლულის ბლოკის მოხსნის შემდეგ მსროლელს უნდა ამოეგდო რაიმე დამხმარე საგნის გამოყენებით.
ზედა ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტი და მოხსნილი ლულების ბლოკი, ხოლო ქვემოთ გამოსახულია ლულაში არსებული აირგამყვანი ნასვრეტები, რომელიც უზრუნველყოფდა მასრის ამოგდებას
პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან ტარის ზევით განთავსებული იყო მცველის დროშიებური ბერკეტი, რომელიც გააქტიურების შემთხვევაში ახდენდა ჩახმახის ბლოკირებას. წინა სამიზნე მოწყობილობა იყო მომრგვალებული ფორმის შვერილის სახით, ხოლო უკანა სამიზნის როლს ასრულებდა ლულის ბლოკების ზემოდან გაკეთებული გრძელი ღარი.
პისტოლეტი „Reform“ იყო მარტივი კონსტრუქციის, მუშაობდა საიმედოდ და რამდენადაც ცნობილია იმ პერიოდში წარმოებულ ჯიბის თვითდამტენ პისტოლეტებთან შედარებით იყო 30-35%-ით უფრო იაფი.
ფოტოზე გამოსახულია სრულად დაშლილი "Schüler Reform"
დღეს ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რომელ წელს დაიწყო ავგუსტ შულერის პისტოლტების წარმოება და რომელ წელს დასრულდა. სხვადასხვა წყაროებში მოცემულია შემდგი მონაცემები: წარმოების დაწყება 1909 წელი, ხოლო წარმოების დასრულება 1914 წელი. რიგი წყაროების თანახმად წარმოება დაიწყო 1907 წელს და 1910 წელს შეწყდა. პისტოლეტი გაყიდვაში ოფიციალურად გამოჩნდა 1911 წელს დაბეჭდილ სავაჭრო ცნობარში „Alfa”, რომელშიც მინიჭებული ჰქონდა სახელწოდება „Reform Pistole“. აღნიშნულ ცნობარში პისტოლეტი მოიხსნიებოდა როგორც სიახლე, ხოლო 1915 წლიდან დაბეჭდილი ცნობარებიდან პისტოლეტი საერთოდ გაქრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პისტოლეტი იწარმოებოდა 1909-1914 წლებში. ცნობილია, რომ პისტოლეტი მზადდებოდა ავგუსტ შულერის მცირე საწარმოში, რომელიც გერმანიაში, კერძოდ კი ზულში მდებარეობდა. რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტების წარმოება ერთერთი სწარმოს მიერ ხდებოდა ასევე ბელგიაში. გერმანიაში დამზადებული პისტოლეტების ლულის ბლოკი შედგებოდა 4 ცალი ლულისგან, რომელიც ერთმანეთზე მირჩილვის მეთოდით იყო გადაბმული, ხოლო ბელგიაში წარმოებული პისტოლეტების ლულის ბლოკი ერთი მთლიანი ფოლადის ნაჭრისგან კეთდებოდა, რომელშიც 4 ცალი დამოუკიდებული ლულის არხი იბურღებოდა.
ცნობილია, რომ არსებობს პისტოლეტის 3 განსხვავებული ვარიანტი:
1. ადრეული ვარიანტი;
ფოტოზე გამოსახულია ადრეული ვარიანტი, რომლის სერიული ნომერიც არის 837
 
2. ადრეულის შემდგომ გამოშვებული ვარიანტი;
ფოტოზე გამოსახულია ადრეულის შემდგომ გამოშვებული ვარიანტი (ხედი მარცხნიდან)
 
ფოტოზე გამოსახულია ადრეულის შემდგომ გამოშვებული ვარიანტი (ხედი მარჯვნიდან)
 
3. მოგვიანებით წარმოებული, რომელიც განსხვავდება სასხლეტი კავის (აქ იგულისხმება სასხლეტის დამცავი რგოლი) და მცველის დამაგრებით. ადრეულ და მოგვიანებით გამოშვებულ ეგზეპლარებში სხვაობაა ასევე ტარის ლოყებში (პანელებში), რომელიც ებონიტისგან მზადდებოდა (რიგ ეგზემპლარებზე შეიძლება შეგვხვდეს ხისგან დამზადებული ტარის ლოყები) და ჩარჩოს უკანა ნაწილის მოყვანილობაში.
 
ფოტოზე გამოსახულია მოგვიანებით წარმოებული ვარიანტი, რომელსაც გააჩნდა განსხვავებული ჩარჩოს ფორმა, მცველის დამაგრების განსხვავებული მექანიზმი, განსხვავებული ტარის პანელები (ლოყები) და განსხვავებულად დამაგრებული სასხლეტის დამცავი კავი.
 
დღეს „Reform Pistole“ საკმაოდ იშვიათი პისტოლეტია, რადგანაც მათი წარმოება არ მომხდარა დიდი რაოდენობით. განსაკუთრებით იშვიათია ადრეული ტიპის ეგზემპლარები, რომელიც დაახლოებით 500-800 ცალამდე დამზადდა. რიგი წყაროების თანახმად სულ ჯამში დამზადდა 5000 ცალამდე „Reform Pistole“ (ადრეულს + მოგვიანებით წამოებული). ხოლო რიგი წყაროების თანახმად 8000 ცალი. ცნობილია, რომ არსებობს პისტოლეტები, რომელთა სერიული ნომერიც 8000-ს სცილდება. ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ არ ხდებოდა სერიული ნუმერაციის ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა. იმ ეპოქაში ასეთ მეთოდს ხშირად მიმართავდნენ იარაღის მცირე მწარმოებლები რათა მყიდველისთვის დაეტოვებინათ შთაბეჭდილება, რომ ბევრ ეგზემპლარს აწარმოებდნენ და ბევრს ყიდიდნენ, რაც მწარმოებელ კომპანიას მყიდველის თვალში ავტორიტეტეს უმაღლებდა.
 

No comments:

Post a Comment