12/01/2017

გერმანული მოიერიშე შაშხანების კვალდაკვალ (ნაწ.2)

სტატიის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე > გერმანული მოიერიშე შაშხანების კვალდაკვალ (ნაწ.1)

MP.43 -დან MP.43/1-მდე
1943 წლის აპრილის თვეში ავტმატური კარაბინი Mkb.42(H) აღმოსავლეთ ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში გადიოდა რეალურ საბრძოლო გამოცდებს, რომლის დროსაც ობიექტურად იქნა გამოვლენილი მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ასევე რეალურმა საბრძოლო პრაქტიკამ აჩვენა იარაღის ექპლუატაციური თავისებურებანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „C.G.Haenel“-ში დაიწყეს განახელებული ვარიანტის (სახელწოდებით MP.43) დახვეწა. დახვეწის და საბოლოო სახის მიცემის შემდეგ იგი მზად იყო წარმოებისთვის. მესამე რეიხის შეიარაღების და საბრძოლო მასალის მინისტრის ალბერტ შპეერის (Albert Speer) თანადგომით, 1943 წლის ივნისის მიწურულს და ივლისის დასაწყისში უკვე დაწყებულ იქნა ახალი ვარიანტის სახელწოდებით "MP.43"  მასიური წარმოება. (სიტყვა მასიური ამ შემთხვევაში პირობითია. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, მათი წარმოების ტემპი ვერანაირად ვერ ჩაითვლება მასიურად).
ავტომატური კარაბინი "MP.43" ადრეული ვარიანტი
ავტომატური კარაბინი "MP.43" მისი წინამორბედი ეგზემპლარებისგან “Mkb.42(H)” (რომელიც ისროდა ღია საკეტიდან) და “Mkb.42 (H) aufschießend” (ისროდა დახურული საკეტიდან და გააჩნდა შიდა ჩახმახი), პირველ რიგში განსხვავდებოდა აირის კამერით, რომელიც იყო შემოკლებული და წინა ნაწილში გააჩნდა დენთის აირის ბლოკირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ხრახნიანი საცობი. სხვაობა იყო ასევე საკეტის ჯგუფში და აირის დგუშის კონსტრუქციაში.
ფოტოზე ზევით მოცემულია "Mkb.42 (H)" -ს საკეტის ჯგუფი და დგუში, ხოლო ქვემოთ მოცემულია "MP.43" -ის საკეტის ჯგუფი და დგუში
"MP.43" (“Mkb.42 (H) aufschießend” -ის მსგავსად) ისროდა დახურული საკეტით და გააჩნდა ჩახმახიანი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. აღნიშნული მექანიზმი გადმოტანილ იქნა კონკურენტი ვალტერის Mkb.42(W) მოდელიდან (ამ მოდელზე ჩვენ სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ).  
ფოტოზე გამოსახულია ვალტერის ავტომატური კარაბინი Mkb.42(W)
სროლის რეჟიმების გადამრთველი ღილაკი განთავსებული იყო ისევე, როგორც “Mkb.42(H)” და “Mkb.42 (H) aufschießend” მოდელებში, ხოლო დროშისებური მცველის ბერკეტი გადმოტანილ იქნა “Mkb.42 (H) aufschießend” მოდელიდან, რომელიც მარცხენა მხარეს პისტოლეტისებურ სახელურთან იყო განთავსებული.
ცვლილებას დაექვემდებარა ასევე აირის კამერიდან ზედმეტი აირების გარეთ გამოსაფრქვევი ჭრილი, რომელიც MKb.42 (H)  მოდელზე იყო ოვალური ფორმის ფანჯრის სახით, ხოლო MP.43 -ში 7მმ დიამეტრის მქონე ნასვრეტის სახით.
ასევე სერიული წარმოების დაწყებიდან რამოდენიმე ხანში კონსტრუქციიდან გაქრა ხიშტ-დანის სამაგრი. MP.43 მოდელს Mkb.42(H) -ისგან მემკვიდრეობით ერგო კონდახში შესრულებული სათავსო, რომელშიც საწმენდი აქსესუარები ინახებოდა.
1943 წლის აგვისტოში კვლავ შეიცვალა იარაღის ნომენკლატურა და მიენიჭა ოფიციალური ინდექსი „МР.43/1“, ხოლო მანამდე წარმოებული MKb.42 (H)  მოდელები ოფიციალურ დოკუმენტებში აღინიშნებოდა როგორც MP.43/2.  ივნისიდან-სექტემბერის ჩათვლით ზულში მდებარე ფაბრიკამ "C.G.Haenel" შეძლო სულ 2000 ცალი ეგზემპლარის წარმოება. აგვისტოს თვიდან დამზადებულ ეგზემპლარებზე ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს დატანილ იქნა წარწერა „МР43/1“.
1943 წლის ივნისის მიწურულს კარაბინების დამზადებასთან ერთად დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო გამოცდები. გამოცდა ხდებოდა აღმოსავლეთ ფრონტზე განლაგებულ მეხუთე მოტორიზირებული დივიზიის ელიტარულ შენაერთში 5. SS-Panzer-Division „Wiking“.
1943 წლის სექტემბერში, სამხედრო გამოცდებზე დაყრდნობით მომზადებულ იქნა ანგარიში, რომლის თანახმად მსროლელების ნახევარზე მეტი აღნიშნავდა, რომ ახალი იარაღი შეიძლება ჩაითვალოს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების და შაშხანების ეფექტურ შემცვლელად. იარაღმა მოწონება დაიმსახურა ასევე SS-ის გენერალთა რიგებში, რომლებიც თხოვნით მიმართავდნენ ადოლფ ჰიტლერს რაც შეიძლება მალე დათანხმებოდა ახალი იარაღის მასიურ წარმოებას. მთავარ ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა ახალი იარაღის საბრძოლო უპირატესობა, საბჭოთა შპაგინის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევთან  (ППШ-41) მიმართებაში.  გერმანული "MP.43" ერთეული გასროლების განხორციელებისას იძლეოდა ცოცხალი ძალის 400 მეტრამდე დაზიანების საშუალებას. გაწვრთნილი ჯარისკაცები კი 600 მეტრამდე სროლასაც ახერხებდნენ. შედარებისთვის საბჭოთა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ППШ-41 ეფექტური იყო 150-200 მეტრამდე. გადამრთველის ავტომატურ რეჟიმზე დაყენებისას, რეკომენდირებული იყო ცეცხლის მოკლე ჯერებით (2-3 გასროლა) წარმოება. ასეთი სროლა ეფექტურ შედეგს იძლეოდა 300 მეტრამდე. 100 მეტრ დისტანციაზე სრული ავტომატური ჯერებით სროლის შემთხვევაში ტყვიების გაფანტვა შეადგენდა 11,5სმ-ს, ხოლო გასროლილი ტყვიების 50% ჯდებოდა 5,4სმ-ანი წრის რადიუსში (ანუ r50 = 5,4სმ-ს).
ფოტოზე გამოსახულია MP.43/1
ჯარისკაცები ასევე კმაყოფილებას გამოთქვამდნენ ვაზნის ეფექტურობაზე, რომლის ტყვიაც 50 მეტრ დისტანციაზე ხვრეტდა ფიჭვის დაფებისგან შემდგარ 250 მმ-ან პაკეტს, ხოლო 600 მეტრზე ფოლადის სამხედრო ჩაფხუტს. МР.43/1 -დან სროლისას უკუცემის ენერგია შეადგენდა 0,68 კგძ/მწ-ს (იგივე kgf m/s) (კილოგრამ-ძალა/მეტრი წამში. აღნიშნული არასისტემური საზომი ერთეული დღეს თითქმის აღარ გამოიყენება). შედარებისთვის აღნიშნული ენერგია, მაუზერის საშტატო კარაბინის Mauser K.98k შემთხვევაში 1,32 კგძ/მწ-ს შეადგენდა. შუალედური ვაზნის გამოყენებამ გამოავლინა ასევე სხვა დადებითი ფაქტორები, კერძოდ: მსუბუქი 7,92x33 Kurz ვაზნის წყალობით შესაძლებელი გახდა ჯარისკაცის მიერ სატარებელი საბრძოლო მარაგის გაზრდა წონის შემცირების გარეშე. მაუზერის საშტატო კარაბინისათვის (Mauser K.98k) განკუთვნილი 150 ცალი ვაზნა (7,92x57) იწონიდა 3,9კგ-ს, ხოლო 150 ცალი შუალედური ვაზნა (7,92x33) 2,6 კილოგრამს. შესაბამისად მებრძოლს შეეძლო ეტარებინა 180 ცალი ვაზნა წონის მომატების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ვაზნები იყო უფრო მსუბუქი, MP.43-ის მასა საბრძოლო კომპლექტთან (კომპლექტში შედიოდა 6 ცალი მჭიდი, მჭიდის ჩანთა, მჭიდის სწრაფდამტენები, 180 ცალი ვაზნა, საწმენდი აქსესუარები და საშულებები) ერთად შეადგენდა 10,3 კგ-ს, რაც დაახლოებით 1 კილოგრამით მეტი იყო, ვიდრე კარაბინი Mauser K.98k ხიშტით და საბრძოლო კომპლექტით. (აქედან გამომდნარე 1945 წელს ჯარისკაცის ძირითადი საბრძოლო კომპლექტი შემცირებულ იქნა 120 ცალ შუალედურ ვაზნამდე 7,92x33 Kurz).
მჭიდის ჩანთები, რომელშიც 3-3 ცალი  30 ვაზნიანი მჭიდი თავსდებოდა. ასეთი ჩანთით მებრძოლს გადაჰქონდა 180 ცალი ვაზნა (30x6)
გარდა საბრძოლო თვისებებისა ფრონტის ხაზზე ჩატარებულმა საბრძოლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ MP.43 იყო საიმედო, მისი ექსპლუატაცია არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ სირთულეს და მარტივად ექვემდებარებოდა საველე პირობებში მომსახურებას (დაშლა, აწყობა, წმენდა, გაპოხვა და ა.შ). თუმცა გარკვეული ჯარისკაცებისთვის ახალი იარაღი მაინც რთულად ასათვისებელი გამოდგა, რაც საჭიროებდა რიგი კონტიგენტის გადამზადებას.
სამხედრო გამოცდებმა ასევე გამოავლინა ახალი იარაღის ნაკლოვანებები:
·         იარაღის წონა (5,22 კგ სავსე მჭიდით) აღემატებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის და კარაბინის Mauser K.98k წონას. ზედმეტი წონა ართულებდა ასევე იარაღის სწრაფად მიმართვას სამიზნე ობიექტისკენ.
·         მისი რესურსი ავტომატური იარაღისათვის იყო საკმაოდ დაბალი და შეადგენდა 5000 გასროლას;
·         საბრძოლო დანაყოფის თქმით უარყოფით ფაქტორს წარმოადგენდა ასევე ღამით სროლისას ლულიდან გამოვარდნილი ცეცხლის ალი, რაც მარტივად ახდენდა მსროლელის გამოვლენას (დემასკირებას).
·         სამიზნე მოწყობილობა იყო ზედმეტად მაღალი, რაც ართულებდა სწრაფად დამიზნებას;
·         სროლის რეჟიმების გადამრთველი და დროშისებური მცველი წარმოადგენდა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ დეტალს, რაც სტრესულ სიტუაციებში ართულებდა მანიპულირებას.  (მსროლელი ავტომატურ ჯერებზე გადართვის მაგივრად ახდენდა მცველის გაააქტიურებს, ან პირიქით).
1943 წლის სექტემბერში MP.43/1 –ის მასიური წარმოების დასაწყებად ყველაფერი მზად იყო და შესაბამის უწყებაშიც ალაპარაკდნენ მის შეიარაღებაში მიღებაზე, თუმცა ადოლფ ჰიტლერი გასცემდა ბრძანაბას, რომლის თანახმად შუალედურ ვაზნაზე გადასვლა არ უნდა განხორციელებულიყო. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ ჰიტლერი ეწინააღმდეგებოდა  შუალედურ ვაზნაზე გადასვლას იმ მიზეზით, რომ საწყობებში უამრავი მაუზერის შაშხანის ვაზნა 7,92х57 დარჩებოდა გამოუყენებელი. ამ საკითხში გარდამტეხი როლი ითამაშა შეირაღების სამინისტროს ტექნიკური განყოფილების უფროსმა კარლ ოტო ზაურმა (Karl Otto Saur).
ადოლფ ჰიტლერი და კარლ ოტო ზაური
მან დაარწმუნა ადლოფ ჰიტლერი, რომ ახალ იარაღს და ვაზნას შეეძლო შეეცვალა ბრძოლის წარმოება გერმანიის სასიკეთოდ. ასევე კარლ ოტო ზაური არწმუნებდა ჰიტლერს, რომ ძალიან სწრაფი ტემპით მოხდებოდა იარაღის წარმოება და ახლო მომავალში ვერმახტს ექნებოდა 3-4 მილიონამდე МР.43 + 8 მილიარდი შუალედური ვაზნა (7,92x33 Kurz). საბოლოოდ ჰიტლერმა შეიცვალა მოსაზრება და ვერმახტის უმაღლეს სამეთაუროს (OKW - Oberkommando der Wehrmacht) დაავალა ახალი იარაღის შეიარაღებაში მიღება, რომლითაც უნდა აღჭურვილიყო სატანკო დივიზიის მოტომსროლელი პოლკი და SS-ის საველე ჯარი.
ადოლფ ჰიტლერისთვის ჩატარებული იარაღის დემონსტრაციის ამსახველი კადრი. მაგიდაზე დევს ავტომატური კარაბინი Mkb.42(H) და MP.43
ასევე ჰიტლერის დავალებით უნდა განხორციელებულიყო ფართომასშტაბიანი წარმოება, რომლის თანახმად თვეში მოხდებოდა 30 000 ცალი МР.43-ის და 30 000 000 ცალი 7,92x33 Kurz ვაზნის წარმოება. აღნიშნული იარაღის წარმოების დაწყებით ეტაპობრივად ამოიცვლებოდა შეიარაღებაში არსებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები MP.38 და МР.40. ამავდროულად ჰიტლერმა გასცა განკარგულება, რომლის თანახმად უნდა შეჩერებულიყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ МР.40-ის წარმოება. ჰიტლერის ბრძანების შემდეგ ახალი იარაღის (MP.43) და მისთვის განკუთვნილი ვაზნების წარმოება იქცა ზეპრიორიტეტულ დავალებათ. МР.43-ის საბრძოლო თვისებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო 600 და რიგ შემთხვევებში 800 მეტრამდე ინტენსიური ცეცხლის წარმოება, რაც დიდ უპირატესობას იძლეოდა მოწინააღმდეგე მხარეებთან შეტაკებისას. ფაქტიურად ახალ იარაღი რადიკალურად ცვლიდა ბრძოლის ტაქტიკას.
ვინაიდან დაგეგმილი იყო, რომ МР.43/1 გამხდარიყო ფეხოსანთა უნივერსალური იარაღი, გეგმის თანახმად იგი უნდა აღჭურვილიყო ლულის ცხვირზე დასამაგრებელი ყუმბარმტყორცნით  Gw.Gr.Ger.42 (Gewehrgranatgerät 42). ასევე ტარდებოდა ექსპერიმენტები ახალი ტიპის ყუმბარმტყორცნის „Gewehrgranatengerat 43“ დამაგრებაზე. თუმცა სამხედროების აზრით უფრო ლოგიკური იყო  საშტატო „Gewehrgranatgerät 42“ ტიპის ყუმბარმტყორცნის გამოყენება, რომელიც უკვე გამოცდილ და აპრობირებულ მოდელს წარმოადგენდა.
ფოტოზე გამოსახულია MP.43/1-ის მსხვილი ლულა და განიერი წინა სამიზნე მოწყობილობა
გამომდინარე იქიდან, რომ МР.43/1 -ის ლულა იყო მსხვილი (ვიდრე ჰქონდა კარაბინს Mauser K98k), მასზე ვერ აყენებდნენ ყუმბარმტყორცნს „Gewehrgranatgerät 42“. აქედან გამომდინარე დაიწყო მუშაობა MP.43/1-ის გადამუშავებაზე.
გადამუშავებული МР.43/1
1943 წლის შემოდგომას გამოჩნდა გადამუშავებული МР.43/1, რომლის ლულაზეც შესაძლებელი იყო 30მმ-ანი ყუმბარების სასროლი მოწყობილობის Gewehrgranatgerät 42 (Gw.Gr.Ger.42) და „Gewehrgranatgerät 43“ (Gw.Gr.Ger.43) დამაგრება. ამისათვის ლულის წინა ნაწილში შემცირდა გარე დიამეტრი და შეიცვალა წინა სამიზნე მოწყობილობის სამაგრი.
ყუმბარმტყორცნ მოწყობილობას მოგვიანებით მიენიჭა სახელწოდება „MP.Gr.Ger. 42“. იგი განკუთვნილი იყო ცოცხალი ძალის გასანადგურებლათ და მოწინააღმდეგე მხარის ჯავშანსატანკო ტექნიკასთან ბრძოლისთვის. მასში ხდებოდა ნამსხვრევებიანი, ჯავშანგამტანი, კუმულაციური და სააგიტაციო ყუმბარების გამოყენება. ყუმბარმტყორცნის გამოყენებიდან გამომდინარე შეიცვალა ასევე კონდახის გეომეტრია და ოდნავ ამაღლებულ იქნა მისი საზურგე.
ფოტოზე გამოსახულია Gewehrgranatgerät 42 (Gw.Gr.Ger.42), მისთვის განკუთვნილი შალითა და სამიზნე მოწყობილობა
იმისათვის რომ მომხდარიყო ყუმბარის გასროლა, მსროლელეს ესაჭიროებოდა რამოდენიმე ოპერაციის შესრულება: 1. ლულის ცხვირზე არსებული დამცავი ქანჩის მოხსნა; 2. სალულე ყუმბარმტყორცნის ლულის ბოლოში დამაგრება; 3. ყუმბარის წინიდან მოთავსება სასროლ მოწყობილობაში; 4. მჭიდში სპეციალური ბიძგის მიმცემი ფუჭი ვაზნის მოთავსება; 5. ფუჭი ვაზნის ლულის სავაზნეში მიწოდება გადასატენი სახელურის უკან მოქაჩვით და ხელის გაშვებით.
Gewehrgranatgerät 42 (Gw.Gr.Ger.42) -ით აღჭურვილი ავტომატური კარაბინი
იმისათვის, რომ მომხდარიყო ოპტიმალური ფუჭი ვაზნის წარმოება, ატარებდნენ ცდებს სხვადასხვა წონის მუხტიან ფუჭ ვაზნებზე. 1944 წლის ივლისში შემუშავებულ იქნა სპეციალური სახის 2 ტიპის ფუჭი ვაზნა. 1. მცირე დენთის მუხტით, რომლის წონაც შეადგენდა 1,5გრამს და განკუთვნილი იყო ნამსხვრევებიანი ყუმბარის (Gewehrsprenggranate) სასროლათ; 2. ფუჭი ვაზნა 1,9 გრამიანი მუხტით, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის (Gewehrpanzergranate) სასროლათ გამოიყენებოდა.
პარალელურად მიმდინარეობდა სამუშაოები ავტომატური კარაბინის სნაიპერულ ვარიანტზე, რომლის ფარგლებშიც 1943 წლის ოქტომბრის თვეში დობრიცში მდებარე ფეხოსანთა სასწავლებელში სიზუსტეზე შემოწმდა MP.43/1 და  თვითდამტენი შაშხანა G.43. შედარებისას ორივე ეგზემპლარი აღჭურვილი იყო იმ პერიოდისათვის ახალი 4 ჯერადი გადიდების ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით ZF.4, რომელიც იძლეოდა როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური შესწორებების შესაძლებლობას.
ფოტოზე გამოსახულია მეორე მსოფლიო ომის დროს დამზადებული ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა ZF.4 . აღნიშნული ეგზემპლარი ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე გამოჩნდა და მისი ღირებულება 1900 $-ს შეადგენდა
სამიზნე მოწყობილობა ZF.4 მაგრდებოდა ლულის კოლოფის მარჯვენა გვერდზე არსებულ სპეციალურ სამაგრზე.
ZF.4 ტიპის სამიზნე მოწყობილობის სამაგრი ლიანდაგი
ფოტოზე გამოსახულია ადრეული MP.43/1, რომელზეც დამაგრებულია სამიზნე მოწყობილობა ZF.4
მანამდე არსებულ მოდელზე Mkb.42(h) და ადრეულ MP.43/1-ზე გამოიყენებოდა ოპტიკური სამიზნე ZF.41, რომელიც მაგრდებოდა უკანა სამიზნე მოწყობილობის ამაღლებული ფუძის (პიედესტალის) გვერდებზე გაკეთებულ სპეციალურ მიმმართველებზე.
ფოტოზე გამოსახულია დრეული ვარიანტი MP.43/1, რომელც აღჭურვილია ZF.41 ტიპის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით
ასეთი სამაგრით და ZF.41 ტიპის სამიზნე მოწყობილობის გამოყენების დროს 30 ვაზნის ავტომატური ჯერებით სროლის შემდეგ სამიზნე მოწყობილობა ისე ირეოდა, რომ შეუძლებელი ხდებოდა მისი გამოყენება. ახალი ZF.4 ტიპის სამიზნე მოწყობილობაზე გადასვლიდან გამომდინარე МР.43/1-ის უკანა სამიზნე მოწყობილობის გვერდებიდან გაქრა  ZF.41 -ისთვის განკუთვნილი სამაგრის მიმმართველები.
უკან გამოსახულია უკანა სამიზნე მოწყობილობა ZF.41 -ის სთვის განკუთვნილი მიმმართველით, ხოლო წინ გამოსახულია ეგზემპლარი მიმმართველის გარეშე
MP.43/1 მოდელზე დაყენებული ZF.4 ტიპის სამიზნე მოწყობილობის გამოცდისას გამოვლინდა, რომ ასეთი კომპლექსი არ ივარგებდა სნაიპერული დანიშნულებით, თუმცა ავტომატურ კარაბინზე MP.43/1 მაინც აყენებდნენ   ZF.4-ის სამაგრს. რამდენადაც ცნობილია ასეთი სამინზე მოწყობილობით აღჭურვილი MP.43/1 რეალურ საბრძოლო შეტაკებებში არასოდეს გამოყენებულა. ერთადერთი დადასტურებული გამოყენება მოხდა 1944 წლის სექტემბერში, რა დროსაც გერმანელ მებრძოლს MP.44  მოდელზე ეყენა ZF.4 ტიპის სამიზნე მოწყობილობა.
ასევე ფოტოქრონიკებში გვხდება საინტერესო ფოტო, რომელზეც ჩასაფრებული გერმანელი მებრძოლია გამოსახული და მის ავტომატურ კარაბინზე  დამონტაჟებულია ოპტიკური სამინზე ZF.4. ჩემი აზრით ZF4-ის გამოყენება მაინც ხდებოდა გარკვეულ საბრძოლო ეპიზოდებში, თუმცა ერთეულ შემთხვევებში და არა მასიურად.
1943 წლის მიწურულს  ასევე გამოცდას დაექვემდებარა კიდევ ერთი სნაიპერული კომპლექსი, რომელიც შედგებოდა ავტომატური კარაბინისგან МР.43/1 და ღამის ხედვის სამიზნე მოწყობილობისგან „Zielgerat 1229“ (ZG.1229) იგივე „Vampir“. აღნიშნული სამიზნე მოწყობილობა განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ მსროლელს ღამით ბუნებრივი განათების პირობებში თვალყური ედევნებინა ბრძოლის ველისთვის, განესაზღვრა მანძილი მიზნამდე, ეწარმოებინა ცეცხლი და მოეხდინა ცეცხლის კორექტირება. სამიზნე „Zielgerat 1229“ (ZG.1229) დაპროექტებულ იქნა ბერლინში მდებარე სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში RPF (Forschungsanstalt der Deutschen Reichspost), ხოლო მისი წარმოება დაიწყო წამყვანმა გერმანულმა ოპტიკურ-მექანიკურმა ფაბრიკამ „Ernst Leitz“.
ფოტოზე გამოსახულია „Zielgerat 1229 (ZG.1229) Vampir" ტიპის სამიზნე მოწყობილობით აღჭურვილი ავტომატური კარაბინი
საცდელი ექსპლუატაციის ჩასატარებლად დამზადებულ იქნა MP.43/1 -ის პარტია 310 ცალი ეგზემპლარის სახით, რომლებიც დაკომპლექტდა „Zielgerat 1229“ (ZG.1229) ტიპის სამიზნე მოწყობილობით.  სამიზნე მოწყობილობა თავის ინფრაწითელი მაშუქით (ე.წ. პროჟექტორით) იწონიდა 2,26 კილოგრამს, ამას ემატებოდა სპეციალური კვების ბლოკი+აკუმულატორი, კაბელი, რომელიც სპეციალურ ხის ყუთში იყო მოთავსებული და გააჩნდა ზურგზე ჩამოსაკიდი სამაგრი. აღნიშნული მოწყობილობა მთლიანად იწონიდა 13,59 კგ-ს.  „Zielgerat 1229“ (ZG.1229) ტიპის სამიზნე მოწყობილობით აღჭურვილ MP.43/1 მოდელს ლულის ბოლოში უმაგრებდნენ სპეციალურ ძაბრისებურ ალმქრობს.
ისევ ძველი სახელწოდება МР.43
სულ 1943 წლის ივნისი-დეკემბერში დამზადებულ იქნა დაახლოებით 14 000 ცალი MP.43/1. 1943 წლის დეკემბერში ოფიციალურ დოკუმენტაცაში (ასევე მიმოწერაში) კვლავ შეიცვალა ავტომატური კარაბინის დასახელება (დასახელიბიდან ამოვარდა /1) და მიენიჭა უბრალოდ „MP.43“. შესაბამისად დეკემბრის თვიდან დაწყებულ იქნა მისი წარმოება განახლებული სახით.  განახლებულ MP.43 მოდელზე გადასვლისას მოხდა ასევე მხოლოდ ერთი ტიპის ყუმბარების სასროლი მოწყობილობის არჩევა, ნაცვლად ორისა  სერიულ წარმოებაში ჩაშვებულ იქნა მხოლოდ მოწყობილობა „Gw.Gr.Gеr. 42“, რომელიც უნიფიცირებულ ეგზემპლარს წარმოადგენდა, რადგანაც გამოიყენებოდა  როგორც Mauser K.98k ტიპის კარაბინზე, ასევე MP.43 -ზე. განახლებულ MP.43-ს მანამდე წარმოეული MP.43/1 -ისგან განსხვავებით ჰქონდა მცირედით შევიწროვებული წინა სამიზნე მოწყობილობის სამაგრი ფუძე და ოდნავ შემოკლებული ლულის ცხვირზე დამაგრებული ხრახნის დამცავი ქანჩი.
MP.43
მიუხედავად იმისა, რომ განახლებული ავტომატური კარაბინი სახელწოდებით MP.43 უკვე ითვლებოდა დახვეწილ მოდელათ, მის ბაზაზე მაინც ტარდებოდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავდა იარაღის შესაძლებლობების ზრდას და ამავდროულად წარმოების გაადვილებას. ახალი იარაღი უნდა ყოფილიყო ფეხოსანთა მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელსაც გამოიყენებდნენ სატანკო და მოტომსროლელ ბრიგადებში, სპეცდანიშნულების რაზმებში, გარკვეულ ოპერაციებში სნაიპერული იარაღის დანიშნულებით, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემცვლელათ და რიგ შემთხვევებში, როგორც მსუბუქი ტყვიამფრქვევი. საბოლოოდ MP.43 -ის კონსტრუქციაში შეტანილ იქნა უმნიშვნელო ტექნოლოგიური ცვლილებები და 1943 წლის დეკემბრის მიწურულიდან წარმოებულ ეგზემპლარების ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს გაჩნდა მარკირება “MP.43” (ნაცვლად „MP.43/1“-სა). გადამუშავებას დაექვემდებარა ასევე იარაღის მაკოპლექტებელი აქსესუარები.
კომპლექტში შევიდა დამატებითი სათადარიგო ექსტრაქტორი, რომელიც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და ახალი Punch (ე.წ. ვიკოლოტკა), რომელიც გამოიყენებოდა აირის კამერის რეგულატორის მოსახრახნად. აღნიშნულ რეგულატორს გააჩნდა ნასვრეტი, რომელშიც გაუყრდინენ Punch-ს და მისი მოტრიალებით ახდენდნენ აირის კამერის რეგულატორის მახსნას.
ასევე აღნიშნული ხელსაწყო გამოიყენებოდა არასრული დაშლისას სხვადასხვა დეტალების მოსახსნელად. HWaA -ს ოფიცრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ კონსტრუქციიდან საერთოდ ამოღებულიყო ლულის ბოლოში არსებული ხრახნი და მისი დამცავი ქანჩი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ლულის დამზადებისას დახარჯულ დროით რესურსს. თუმცა გადაწყვიტეს, რომ მაინც დაეტოვებინათ აღნიშნული დეტალი, რადგანაც სამომავლოდ შესაძლებელი იქნებოდა მაყუჩის ან რაიმე მოწყობილობის გამოყენება. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში უკვე გამოიყენებოდა ძმები მიტინების მიერ შექმნილი უხმო და ალისგარეშე სროლის ხელსაწყო (ე.წ. მაყუჩი), რომელიც «Брамит»-ის სახელით იყო ცნობილი. 1943 წლის მიწურულს და 1944 წლის დასაწყიში გერმანიაშიც სცადეს მსგავსი მოწყობილობის გაკეთება და კომპანია „Schneider-Opel“-მა დააზმადა 30 ცალი მოწყობილობა „Schalldampfer L25“, რომელიც სამხედრო გამოცდებისთვის იყო განკუთვილი, ასევე დამზაებული იყო პარტია 500 ცალი ერთეულის სახით, რომელიც ფრონტის ხაზზე სხვადასხვა დანაყოფებში იქნა გაგზავნილი. „Schalldampfer L25“ წარმოადგენდა ცილინდრულ მოწყობილობას, რომელშიც განთავსებული იყო რეზინის მემბრანები (ე.წ. ობტურატორები), რომლებიც მოწყობილობას ყოფდა რამოდენიმე კამერად. თუ დავუჯერებთ რიგ წყაროებს, 10-12 გასროლის შემდეგ რეზინის ობტურატორების ეფექტი მცირდებოდა, ამიტომ უნდა შეცვლილიყო. საბოლოო ჯამში აღნიშნული მაყუჩი საცდელ ეგზემპლარად დარჩა და მის წარმოებაზე უარი განაცხადეს.
MP.43 -ის ფართომასშტაბიანი წარმოების დასაწყებად საჭირო იყო უფრო დიდი მობილიზაცია და საწარმოო ბაზის შექმნა, ვიდრე გააჩნდა კომპანია C.G. Haenel-ს, რომელსაც უწყვეტი ნაკადით უნდა ეწარმოებინა ავტომატური კარაბინები. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესში ჩართულიყვნენ სხვა მსხვილი და წვრილი მწარმოებლები, რაომლებიც დაამზადებდნენ იარაღისათვის განკუთვნილ გარკვეულ კვანძებს და მაკომპლექტებელ დეტალებს, ხოლო რიგი კომპანიები კი მოახდენდნენ იარაღის სრული სახით წარმოებას/აწყობას.  იარაღის საკვაძნო და მნიშვნელოვანი დეტალების (როგორიც არის ლულა, საკეტი, საკეტის ჩარჩო და დგუში) წარმოება ასევე საბოლოო აწყობა ხდებოდა ისეთი მსხვილი კომპანიების მიერ, როგორიცაა: C.G. Haenel, Walther, Stеyr-Daimler-Puch, ERMA (Erfurter Maschinenfabrik)  და J.P. Sauer & Sohn.
ქვემოთ გთავაზობთ ფაბრიკა/ქარხნების კოდებს, რომლის დატანასაც იარაღის ლულის კოლოფზე და კონკრეტულ დეტალებზე ახდენდნენ.
C.G. Haenel Waffen — und Fahrradfabrik ქალაქ ზულში (კოდი fxo);
Walther (კოდი ac);
Stеyr-Daimler-Puch  (კოდი bnz);
J.P. Sauer & Sohn  (კოდი ce);
ERMA (Erfurter Maschinenfabrik) (კოდი ayf);
Schiffer (კოდი afv).
დაბეჭდვის მეთოდით დეტალების დამზადებას ახდენენ კომპანიები: Merz-Werke ფრანკფურტიდან (კოდი сos) და გეიზლინგენში მდებარე კომპანია Wurtembergische Metallwarenfabrik (WMF) (კოდი awt). მეოერე მსოფლიო ომის მიწურულს მცირე შეკვეთები ლულის კოლოფების დამზადებაზე მიიღო ობერდორფში მდებარე მაუზერის ფაბრიკამაც Маuser-Werke AG (კოდი byf)
1 ცალი МР.43-ის დამზადებისთვის საჭირო იყო 12,5კგ მეტალი, 19 კაც/საათი და 14 დაზგა/საათი. 1 ცალი ავტომატური კარაბინის თვითღირებულება შეადგენდა 66 რეიხსმარკას. (მოგვიანებით, როდესაც წარმოება გადავიდა StG.44-ზე, მისი ფასი შეადგენდა 70 რეიხსმარკას) შედარებისთვის ამ პერიოდში მაუზერის კარაბინი Mauser K.98k ჯდებოდა 70 რეიხსმარკა.
მაღალჩინოსნების მხრიდან ხისტი მოთხოვნების, წარმოების მაღალი კონტროლის და სხვადასხვა კომპანიების ჩართულობით, წარმოების ტემპმა საგრძნობლად მოიმატა. 1944 წლის აპრილისთვის შესაძლებელი გახდა თვეში 9000 ცალი ავტომატური კარაბინის წარმოება.
МР.44
1944 წლის 16 მარტს, შეიარაღების სამმართველოს შემადგენლობაში არსებული სასროლი იარაღის და ტექნიკური საშუალებების საცდელ-საპროექტო განყოფილების (განყოფილება N2) ხელმძღვანელმა მოამზადა ანგარიში, რომლის თანახმად MP.43 მზად იყო ოფიციალურ შეიარაღებაში მისაღებად და მასიური წარმოების დასაწყებად.  ამავე პერიოდში სამხედროების მიერ (კერძოდ სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის წევრების მხრიდან) გამოითქვა უკმაყოფილება კონდახთან დაკავშირებით. მათი თქმით კონდახი იყო ზედმეტად დიდი, რაც შეუძლებელს ხდიდა სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ სპეციალურ კლიპებში (სათავსოში) ავტომატური კარაბინის მოთავსებას. აღნიშნული კლიპები გათვლილი იყო Mauser K.98k ტიპის კრაბინების კონდახზე. შესაბამისად 1944 წლის მარტში MP.43-ის კონდახმა განიცადა მცირეოდენი ცვლილება და მისმა საზურგემ მიიღო თითქმის კარაბინის Mauser K.98k იდენტური ზომები. გადამუშავებული კონდახის მქონე 2 ცალი ეგზემპლარი გაგზავნილ იქნა ფეხოსანთა სასწავლებელში, სადაც მოხდა მათი გამოცდა. გამოცდებმა გამოავლინეს, რომ ასეთი კონდახი იყო უფრო მოსახერხებელი.
MP.44
1944 წლის 25 აპრილს ადოლფ ჰიტლერმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც ეხებოდა ვერმახტის სასროლი შეიარაღების სისტემებს. აღნიშნულ დოკუმენტში გადამუშავებული კონდახის მქონე ავტომატური კარაბინის სახელწოდება კვლავ შეიცვალა და მიენიჭა ინდექსი “MP.44” (აღნიშნული ინდექსი შეიქმნა იმიტომ, რომ ადრეული MP.43-სგან განესხვავებინათ ახალი ავტომატური კარაბნი). თავად იარაღში არანაირი განსაკუთრებული ცვლილებები არ შესულა, უბრალოდ შეიცვალა გარკვეული ტექნოლოგიურ-წარმოებითი ნიუანსები და ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს გაჩნდა მარკირება MP.44.  მიუხედავად იმისა, რომ კონდახი გადამუშავდა MP.44 თავდაპირველად მაინც ადრეული ტიპის კონდახით მზადდებოდა. 1944 წლის შუა პერიოდიდან უკვე დაიწყო იარაღის ახალი შემცირებული ზომის კონდახებით წარმოება.
პარალელურად „Mauser Werke“-ც მუშაობს!
სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ჰუგო შმაიზერის მთავარ კონკურენტს კომპანია „Walther“ წარმოადგენდა, რომლის ქმნლებამ Mkb.42(W) კრახი განცადა. ამ პერიოდში ავტომატურ კარაბინზე პარალელურად მუშაობდნენ ფაბრიკა „Mauser Werke“-ში სადაც სკურპულოზურად უდგებოდნენ საკითხს და ცდილობდნენ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით შეექმნათ ახალი ტიპის იარაღი. 1942 წელს ფაბრიკა  „Mauser Werke“-ს 37-ე განყოფილებაში (Abteilung 37), რომელიც დაკავებული იყო მსუბუქი სასროლი იარაღის შექმნა/განვითარებით, წამოწყებულ იქნა ავტომატური კარაბინის პროექტი. პროექტს მიენიჭა სახელოწდება „ავტომატური კარაბინი ნაკეთობა 06“ (Maschinenkarabiner Gerät 06). (სიტყვა ნაკეთობის მაგივრად ასევე გვხდებ დასახელება „ხელსაწყო 06“).
Ludwig Vorgrimler ფოტო გადაღებულია 1950 წელს
პროექტს სათავეში ჩაუდგა ლუდვიგ ფორგრიმლერი (Ludwig Vorgrimler) ხოლო მთავარ კონსტრუქტორს აღნიშნულ პროექტში წარმოადგენდა ვილჰელმ შტალი (Wilhelm Stähle), რომელმაც ავტომატური კარაბინის დაპროექტებისას ჩამკეტი მექანიზმის გარკვეული კვანძი გერმანული ტყვიამფრვქვევისგან „MG-42“ აიღო.
Gerät 06 პროტოტიპი
ასე გაჩნდა პირველი პროტოტიპი კოდური სახელწოდებით „Gerät 06“, რომელიც 7,92x33 Kurz ტიპის ვაზნებზე იყო გათვლილი და მუშაობდა ლულიდან აირის გაყვანის და დგუშის მოკლე სვლის პრინციპით, სადაც ლულის გადაკეტვა ხდებოდა ხისტი საკეტით (შეიძლება ითქვას, რომ თავად საკეტი იყო თავისუფალი) და ლულის ჩაკეტვას ახდენდა საკუთარი წონის, დამაბრუნებელი ზამბარის ენერგიით და 2 ცალი სპეციალური გორგოლაჭისებური საკეტის შემაკავებელით. სწორედ საკეტის გორგოლაჭისებური შემაკავებელი იქნა აღებული ტყვიამფქრვევიდან „MG-42“.
„Gerät 06“-ის  ნახაზი
„Gerät 06“-ის  პროტოტიპი სერიული ნომრით 3
„Gerät 06“ დაშლილ მდგომარეობაში
„Gerät 06“ და 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდი
„Gerät 06“-ის  პროტოტიპი 1943 წლის პირველ ნახევარში დამზადდა. ქარხნული შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მისი ავტომატიკის სქემა ზედმეტად რთული და პრეტენზიული იყო. ამიტომ ფაბრიკის ანალიტიკურ-მათემატიკური განყოფილების ხელმძღვანელმა დოქტორმა მაიერმა გამოთქვა მოსზრება, რომლის თანახმად ავტომატიკა უნდა გაკეთებულიყო ნახევრადთავისუფალი საკეტის პრინციპით და კონსტრუქციიდან უნდა ამოღებულიყო ლულიდან აირგამყვანი სისტემა+დგუში. 1943 წლის გაზაფხულს დღის სინათლე იხილა ახალმა პროტოტიპმა სამუშაო ინდექსით „Gerät 06H“ (ალფავიტური ინდექსი „H“ ამ შემთხვევაში აღნიშნავდა „halbverriegelt“ - გერმანულად ნიშნავს ნახევრადგადაბმულ საკეტს).
„Gerät 06H“
აღნიშნულ ეგზემპლარში ასევე გამოიყენებოდა გორგოლაჭისებური დეტალები, რომელიც გასროლის საწყის ეტაპზე ამუხრუჭებდა საკეტის გახსნის პროცესს. გასროლამდე საკეტი საკუთარი წონის და დამაბრუნებელი ზამბარის დაწოლის ხარჯზე ახდენდა ლულის გადაკეტვას. ამ პოზიციაში 2 ცალი გორგოლაჭი გამოსული იყო საკეტის ტანიდან (კორპუსიდან) და უზრუველყოფდა დამატებით ჩაკეტვას.
გასროლის დროს მასრაში წარმოქმნილი წნევა აწვებოდა საკეტის თავაკს, რომელიც იწყებდა უკან გადაადგილებას. ამ მომენტში გორგოლაჭები საკეტის თავაკთან ერთად გადაადგილდებოდნენ უკან და შედიოდნენ მასიური საკეტის ტანში (კორპუსში). ასეთი სქემის წყალობით დენთის აირების ძირითადი ნაწილი იხარჯებოდა მასიური საკეტის უკუსვლაზე. შესაბამისად ლულაში წნევა ასწრებდა მისაღებ ზღვარზე ჩამოვარდნას, რის შემდეგაც გორგოლაჭები მთლიანად შედიოდნენ (იმალებოდნენ) საკეტის კორპუსში, ხოლო შემდეგ საკეტის ჯგუფი ინერციით განაგრძობდა უკუსვლას და ახდენდა მასრის ამოგდებას. კონსტრუქციაში ჩაიდო ასევე რეველის ტიპის ღარები, რომელიც სავაზნეში იყო შესრულებული. აღნიშნული ღარების წყალობით გასროლის დროს დენთის აირების გარკვეული ნაწილი ხვდებოდა სავაზნესა და მასრას შორის, რაც იწვევდა მასრაში არსებული წნევის დაბალანსებას. აქედან გამომდინარე მასრა ნაკლები ძალით ეკვროდა სავაზნის კედლებს და აადვილებდა მის ექსტრაქციას.
Gerät 06H -ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ჩახმახიანი ტიპის და შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. მცველის და ცეცხლის რეჟიმების გადამრთველი განთავსებული იყო ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს. ასევე მარცხენა მხარეს იყო გადასატენი სახელური. კონდახი დამზადებული იყო ხისგან და განლაგებული იყო ლულის ხაზზე, რაც სროლისას ამცირებდა ლულის ხტომას. იარაღის ვაზნებით კვება ხორციელდებოდა MP.43/1 და MP.43-ის 30 ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდებით, თუმცა მაუზერის ფაბრიკამ იარაღი დააკომპლექტა 10 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოკლე მჭიდებით. ასეთი მჭიდების გამოყენების შემთხვევაში მსროლილი დაწოლილი მდგომარეობიდან ცეცხლის წარმოებისას, მაქსიმალურად დაბალ პოზიციას იკავებდა, რაც თავისთავად მოწინააღმდეგე მხარეს უმცირებდა სამიზნე სილუეტის ზომას.
ქარხნული გამოცდების დროს „Gerät 06H“ -დან განხორციელდა 6000 გასროლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა საპოლიგონო გამოცდები, რომლის განსახორციელებლად სახმელეთო ჯარების შეიარაღების სამმართველომ (HWaA – HeeresWaffenAmt), მაუზერის ფაბრიკას მოთხოვა 4 ცალი „Gerät 06H“. 1944 წლის დასაწყისში ფაბრიკამ დაამზადა საპოლიგონო გამოცდებისთვის საჭირო ეგზემპლარები, რომელსაც მიენიჭა ინდექსი Mkb.43(M) (ალფავიტური ინდექსი „M“ აღნიშნავდა Mauser-ს) და გაგზავნილ იქნა კუმერსდორფში მდებარე საგამოცდო ცენტრში. ამ პერიოდში გერმანიის არმიაში გარკვეულ წილად უკვე ფეხს იკიდებდა ჰუგო შმაიზერის ავტომატური კარაბინები MP.43/1, MP.43 და შემდგომში უკვე MP.44, შესაბამისად Mkb.43(M)-ის გამოცდა გაჭიანურდა და 1944 წლის მიწურულს იქნა დასრულებული. მიუხედავად იმისა, რომ Mkb.43(M)-მა წარმატებით გაიარა გამოცდები, სახმელეთო ჯარების შეიარაღების სამმართველომ არ განახორციელა მაუზერის ფაბრიკასთან შემდგომი სამუშაოები. პარარელურად მაუზერის ფაბრიკაში აგრძელებდნენ „Gerät 06H“-ის გადამუშავებას, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიურ დახვეწას და წარმოების გაადვილებას ემსახურებოდა. (ამ საკითხზე ჩვენ სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ)

MP.43 და МР.44 შეიარაღებაში
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ МР.44 -ით შეიარაღებულიყო მხოლოდ  ფეხოსანთა პოლკის ორი შემადგენლობა, თუმცა ახალი იარაღი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტეს მისი სხვა დანაყოფებში გაშვებაც.  1944 წელს წარმოების გეგმაში შევიდა კორექტირება, რომლის თანახმად MP.44 უნდა გამხდარიყო ფეხოსანთა ერთიანი იარაღი, რომელიც შეცვლიდა ყველა სხვა ხელის ცეცხლსასროლ იარაღს.
პირველ რიგში წარმოებული ავტომატური კარაბინები МР.43 და МР.44 შერჩევით მოხვდა ქვემოთ ჩამოთვლილ დანაყოფებში და შენაერთებში: მოტორიზირებულ ნაწილებში, ვერმახტის შენაერთებში და SS-ის საველე ჯარში.  1944 წელს შტატის თანახმად გერმანიის ფეხოსანთა დივიზიას უნდა ჰქონოდა 8598 ცალი  მჭიდიანი კარაბინი (Mauser K.98k); 309 ცალი  თვითდამტენი შაშხანა; 513 ცალი თვითდამტენი სნაიპერული შაშხანა; 2013 ცალი პისტოლეტი; 325 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი; 1270 ცალი ავტომატური კარაბინი (მოიერიშე შაშხანა), რომლიდანაც (პოლკს უნდა ჰქონოდა 330ცალი, ბატალიონს 165 ცალი, ხოლო როტას 55 ცალი);
614 ცალი ხელის ტყვიამფრქვევი; 102 დაზგური ტყვიამფრქვევი და 108 ცალი ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი. პარალელურად დაიგეგმა სხვა  სამხედრო დანაყოფების შეიარაღება ავტომატური კარაბინებით MP.43/MP.44. ასევე დღის წესრიგში დადგა ტანკების, თვითმსვლელი საარტილერიო და საიერიშო კომპლექსების ეკიპაჟის ყველა წევრის შეიარაღება. ერთერთ ყველაზე არასტანდარტულ მიდგომას წარმოადგნდა ის, რომ MP.43 და MP.44 უნდა გამხდარიყო იმ პერიოდისათვის უახლესი გერმანული ტანკების  „Panzerkampfwagen VI Ausf. B.“ (Т-VIB) (იგივე „Tiger II”, იგივე  „Königstiger“ ქართულად „სამეფო ვეფხვი“)  და „Panther II“ -ის  საბორტო იარაღი, რომელიც შეცვლიდა საშტატო ტყვიამფრქვევებს MG.34 და MG.42. ოფიცალურ დოკუმენტებში ყველაფერი ზუსტად იქნა გაწერილი, თუმცა რეალურ პრაქტიკაში გერმანელები ვერ ანხორციელებდნენ დასახულ მიზნებს. 1944 წლის ივნისის თვეში მოხერხდა მხოლოდ პირველი ფეხოსანთა დივიზიის სრული გადაიარაღება MP.44-ით. ყველა ფეხოსანთა დანაყოფებში ხვდებოდა ერთი ან ორი ცალი ავტომატური კარაბინი, ხოლო რიგ შემთხვევებში დანაყოფის ყველა მებრძოლო იღებდა MP.44-ს. იმ დანაყოფებში, სადაც ყველა მებრძოლი იყო შეიარაღებული MP.44 -ით, მაინც იდგა მჭდიანი კარაბინის Mauser K.98k საჭიროება, რადგანაც МР.44 ვერ უზრუნველყოფდა ლულაზე დასამაგრებელი ყუმბარების სასროლი მოწყობილობიდან ყუმბარების ეფექტურ სროლას. ასევე ავტომატური კარაბინის MP.43 / MP.44 სნაიპერული ვარიანტი კვლავ საცდელ ეგზემპლარებად რჩებოდა და ფეხოსანთა რიგებში ისევ Mauser K.98k ტიპის სნაიპერულ შაშხანებს იყენებდნენ.
გაგრძელება იქნება!

No comments:

Post a Comment