გერმანული მოიერიშე შაშხანების კვალდაკვალ (ნაწ.1)

30-ან წლებში გერმანიაში დაწყებულ იქნა სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა იმ პერიოდისათვის „ახალ ხილს“, კერძოდ შუალედურ ვაზნას და მასზე გათვლილ ავტომატურ იარაღს.

ახალი იარაღის შექმნის ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნები და მახასიათებლები შემუშავებულ იქნა ვერმახტის სახმელეთო ჯარების შეიარაღების სამმართველოს (HWaA – HeeresWaffenAmt) მიერ. პირველ დავალებას სწორედ შუალედური ვაზნის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც 1000 მეტრამდე სასროლათ უნდა გამოყენებულიყო. 1935-1937 წლებში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგად ჩამოყალიბებულ იქნა ახალი მსუბუქი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შექმნის პროგრამის კონცეფცია. ახალ აიარაღს უნდა ჩაენაცვლებინა პისტოლეტ-ტყვიაფრქვევი, მჭიდიანი შაშხანა და ნაწილობრივ ხელის ტყვიამფრქვევი.
გერმანული შუალედური ვაზნის შექმნა
სხვადასხვა ექსპერიმენტული ვაზნების გამოცდის შემდეგ (ამ ვაზნებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში > „კალაშნიკოვის ავტომატის შექმნის ისტორიანაწ.1, ამიტომ აქ აღარ განვმეორდებით და აღარ დავწერთ იმ ეპოქის სხვა გერმანულ შუალდურ-ექსპერიმენტალურ ვაზნებზე) არჩევანი გაკეთდა მაგდებურგში მდებარე ბიუროში „Polte Armaturen-und-Maschinenfabrik A.G. Werk Magdeburg“  შემუშავებულ ვაზნაზე  მეტრიკული აღნიშვნით 7.92х33 მმ (7.92 mm Kurz). იგი წარმოადგენდა მაუზერის შაშხანის ვაზნის 7,92x57 ბაზაზე დამზადებულ ეგზემპლარს. მარტივად რომ ვთქვათ მაუზერის შაშხანის ვაზნის მასრა გადაჭრილ იქნა 33მმ-მდე და გაუკეთდა ყელი, რომელშიც ჩამაგრებული იყო მოკლე 7,92მმ-ანი ტყვია. (აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტყვიის რეალური დიამეტრი შეადგენდა 8,2მმ-ს). „
მარცხნივ 7,92x33 Kurz, მარჯვნივ მაუზერის შაშხანის ვანზა 7,92X57
 
Polte”-ს მიერ შუალედური ვაზნაზე მუშაობა დაწყებულ იქნა 1938 წელს და ამავე წელს იქნა წარმოდგენილი ვაზნის საცდელი ვარიანტი, რომლის ტყვია იწონიდა 8,2 გრამს, საწყისი სიჩქარე ბალისტიკური ლულიდან სროლისას შედგენდა 694 მ/წამს, ხოლო ენერგია 1975 ჯოულს. ვაზნის პირვანდელი ვარიანტი დამუხტული იყო მთლიანად გარსიანი ტყვიით, რომლის გულარიც იყო ტყვიისგან დამზადებული. მოგვიანებით ტყვიის ეკონომიის მიზნით შემუშავდა ვაზნა აღნიშვნით m.E. (mit Eisenkern), რომლის ტყვიასაც გააჩნდა ფოლადის გულარი. თავდაპირველად არანაწრთობი ფოლადის გულარს ჰქონდა წვეტიანი ცხვირი.
ფოტოზე გამოსახულია ადრეული ტყვიის წვეტიანი გულარი
 
ფოტოზე გამოსახულია მარცხნივ ტყვიის ადრეული ვარიანტი, მარჯვნივ დაბეჭდვის მეთოდით დამზადებული წაკვეთილი გულარით
გულარის წვეტი ჩარხის მეშვებოთ ითლებოდა. 1942 წლის მიწურულს, ვაზნების სერიული წარმოების დაწყებისას ფოლადის გულარის დამზადება ხდებოდა დაბეჭდვის მეთოდით და გააჩნდა წაკვეთილი ცხვირი.
ფოტოზე გამოსახულია: მ(არცხნიდან-მარჯვნივ) 1. საშტატო ვაზნა, 2. ვაზნა მგეზავი (ე.წ. ტრასირი) ტყვიით; 3. ფუჭი (ე.წ. ხალასტოი) ვაზნა; 4. სასწავლო ვაზნა (ე.წ. ფალშპატრონ)
საცდელი სახით დამზადებულ იქნა ასევე პარტია მგეზავი (ე.წ. ტრასირი) ტყვიით (ამ ვაზნას გერმანულად აღნიშნავდენ, როგორც „Leuchtspur“) და ფუჭი (ე.წ. ხალასტოი) ვაზნები, რომელსაც ხის ან ახერხისგან დაპრესვის მეთოდით დამაზედებული თავი გააჩნდა.
ფოტოზე გამოსახულია 1945 წელს ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში მდებარე ფაბრიკა "Munitionsfabrik Vlasim"-ში (ახლანდელი Sellier & Bellot) დამზადებული ფუჭი ვაზნა.
ომის მიწურულს ეკონომიის მიზნით მიმდინარეობდა საცდელი სამუშაოები იაფფასიანი ტყვიის დამზადებაზე, რომელიც მეტალო-კერამიკული ფხვნილის შენარევისგან დაპრესვის და ცხობის მეთოდებით მზადდებოდა.
ფოტოზე გამოსახულია საცდელი ვაზნა, რომელსაც გააჩნდა ფხვნილისებური მეტალისგან, ცხობის მეთოდით დამზადებული ტყვია
სერიულად დამზადებული ვაზნის მთლიანი წონა შეადგენდა 16-17,05 გრამს, ფოლადის გულარიანი ტყვის წონა 8,1 გრამს, ტყვიის საწყისი სიჩქარე 685 მ/წამს, ხოლო ენერგია 1900 ჯოულს. სერიული ვაზნის მასრა დამზადებული იყო რკინისგან და გააჩნდა ლაკირებული დაფარვა. არსებობდა ასევე ვაზნის სერიული ვარიანტი, რომელსაც ჰქონდა შემდეგი ტექნიკური მონაცემები: ტყვიის წონა 6,95 გრამი, ტყვიის საწყისი სიჩქარე 650 მ/წამი, ენერგია 1468 ჯოული. მაგალითისთვის თანამედროვე ვაზნას, რომელსაც დღემდე აწარმოებს კომპანია PPU (Prvi Partizan), აქვს შემდეგი მონაცემები: ტყვიის წონა 8 გრამი (124 გრანი), ტყვიის საწყისი სიჩქარე 685 მ/წამი, ენერგია 1877 ჯოული.
ვაზნის აღნიშვნა
თავდაპირველად ვაზნას აღნიშნავდნენ როგორც “7,9mm Kurz”. შემდგომ აღნიშვნას ხდებოდა, როგორც “7,92x33 Kurz”.
გერმანული ვაზნის ოფიციალური სამხედრო აღნიშვნა ქრონოლოგიურად შემდეგნაირად იცვლებოდა:
·         Maschinenkarabiner-Patr. S (Spitzgeschoss)  - „ავტომატური კარაბინის ვაზნა წვეტიანი (მახვილი) თავით“ (1942 წელი);
·         Pistolenpatrone 43 m.E. (შემოკლებით Pist.-Patr. 43 m.E. ან Pistolen-Patr. 43 m.E.) – „პისტოლეტის ვაზნა ფოლადის გულარით“ (1943-1945 წლამდე). (რატომ მოიხსენიებდნენ ამ ვაზნას, როგორც პისტოლეტისას, ამაზე სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ);
·         Kurzpatrone 43 m.E. (შემოკლებით Kurzpatr. 43 m.E.) – „მოკლე ვაზნა ფოლადის გულარით“ (1945 წელი).
თანამედროვე ლიტერატურაში გერმანული ვაზნა შეიძლება შეგვხდეს შემდეგი აღნიშვნებით: 7,92 x 33 / 7,92 Kurz / Kurz Patrone 43 / .30 Kurz / 7.9 Infanterie Kurzpatrone / 7.9 PP/ 7.9 Sturmgewehr / 8x33 Kurz / SAA 3860 / ECRA-ECDV 08 033 BGC 040.
ვაზნების მწარმოებლები და დამღები მასრის ფუძეზე
ვაზნის სერიული წარმოება დაწყებულ იქნა გერმანიაში მდებარე ფაბრიკაში „Polte Armaturen-und-Maschinenfabrik A.G., Werk Magdeburg“. შემდგომ წარმოებაში ჩაერთო ასევე სხვა გერმანული ფაბრიკები. გარდა ამისა ვაზნები მზადდებოდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში და პოლონეთში.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ვაზნების დამზადება მცირე პარტიებად სხვადასხვა ქვეყნებშიც ხდებოდა. მაგალითად „7,92x33 Kurz“ ვაზნას ამზადებდნენ ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ), იუგოსლავიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, სერბეთში და აშშ-ში. დღესაც არსეობობენ მწარმოებლემი, რომლებიც მცირე პარტიებათ აწარმოებენ აღნიშნული კალიბრის ვაზნებს. მაგალითად ვაზნების მწარმოებელი კომპანია PPU (Prvi Partizan), რომელიც უკვე ვახსენეთ ზევით.

„პირველი მერცხალი“
1938 წლის 18 აპრილს, HWaA-ს საგამოცდო და ტექნიკური საშუალებების განყოფილების მეორე სამეცნიერო-კვლევითი ბიუროს მიერ დადებულ იქნა კონტრაქტი, ზულში მდებარე იარაღის საწარმოსთან „C.G. Haenel“, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ჰუგო შმაიზერი (შმაისერი). კონტრაქტის თანახმად „C.G. Haenel“-ს უნდა მოეხდინა „Polte“ -ში შექმნილ შუალედურ ვაზნაზე 7.92х33 მმ (7.92 mm Kurz) გათვლილი საცდელი ავტომატური იარაღის შემუშევება, დაპროექტება და დამზადება.
პროექტს თავდაპირველად მიენიჭა სახელწოდება „Schwere Maschinen-pistole“ (ითარგმნება როგორც მძიმე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი). შემდგომ იარაღის სახელწოდება ოფიციალურად გაიწერა როგორც „Mkb“ (Maschinenkarabiner - ავტომატური კარაბინი). პროექტის საკონსტრუქტორო ჯგუფს ხელმძღვანელობდა თავად ჰუგო შმაიზერი, რომელმაც 1939 წელს დაამუშავა ჩამკეტი მექანიზმის კონსტრუქცია და ავტომატიკის სხვა დეტალები. 1939 წლის ბოლოს უკვე მზად იყო ყველა საჭირო ნახაზი, რომლის მიხედვითაც უნდა დამზადებულიყო ახალი ავტომატური კარაბინი.

ფოტოზე გამოსახულია ჰუგო შმაიზერის პროტოტიპი
 
1940-წლის დასაწყისში კომპანია „C.G. Haenel“-მა შეძლო პირველი საცდელი ეგზემპლარის (პროტოტიპის) დაამზადება, რომელიც შემოწმების შემდეგ დაუყოვნებლივ გადასცა HWaA -ს. (რიგი წყაროების თანახმად HWaA-ს გადაეცა 2 ცალი საცდელი ეგზემპლარი). პირველ პროტოტიპში დეტალების გარკვეული ნაწილი დამზადებული იყო დაბეჭდვის მეთოდით, თუმცა რიგი დეტალები მზადდებოდა ჩარხების (ფრეზირების) გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ HWaA მკაცრად ითხოვდა უმეტესი დეტალების დაბეჭდვის მეთოდით დამზადებას, მათ მაინც ჩაიბარეს ჰუგო შმაიზერის პროტოტიპი რათა საფუძვლიანად მოეხდინათ მისი შესწავლა.
ჰუგო შმაიზერის მიერ შექმნილი პროტოტიპის ავტომატიკა მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. აირები უბიძგებდა დგუშს, რომელიც დაკავშირებული იყო საკეტის ჯგუფთან. ლულის გადაკეტვა ხდებოდა საკეტის ვერტიკალურ სიბრტყეში გადახრით. კონსტრუქციულ თავისებურებას წარმოადგენდა ლულის ზვით განთავსებული დგუში, რომელიც გასროლისას აირის მილაკში გრძელი სვლით გადაადგილდებოდა. იმისათვის, რომ შემცირებულიყო აირის მილაკის კედლბზე დგუშის ხახუნის ფართობი, კონსტრუქტორმა დგუშს გაუკეთა წრიული ამონაჭრელი ღარები. კიდევ ერთ კონსტრუქციულ თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ ზემოაღნიშნულ სისტემასთან ერთად ავტომატური კარაბინი ისროდა ღია საკეტიდან. ანუ შემართული საკეტის ჯგუფი იმყოფებოდა უკან და სასხლეტზე თითის დაჭერისას ჩურჩულა ათავისუფლებდა მას. რის შედეგადაც საკეტის ჯგუფი გადადგილდებოდა წინ, მჭიდიდან აწვდიდა ვაზნას სავაზნეში (ლულაში), შემდგომ ახდენდა ლულის გადაკეტვას და გასროლას.
არასრულად დაშლილი ჰუგო შმაიზერის პროტოტიპი
ტაქტიკურ-ტექნიკური დავალების თანახმად, ავტომატური იარაღი უნდა ყოფილიყო წარმოებისათვის იოლი და ტექნოლოგიური. შესაბამისად ჰუგო შმაისერმა დეტალების გარკვეული ნაწილი დაბეჭდვის მეთოდით დაამზადა. ამავე მეთოდით იყო დამზადებული ავტომატის ლულის კოლოფი და ტიბჟირი. დაბეჭდვის მეთოდით დამზადებულ ლულის კოლოფში განთავსებული იყო საკმაოდ დიდი ფოლადის ფრეზირებული საგები (ლეინერი), რომელზეც მაგრდებოდა კარაბინის ლულა და რომელზეც საკეტის ბჯენი ახდენდა ლულის გადაკეტვას.
პროტოტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ფიქსირებული საცემი ნემსათი (არა ჩახმახიანი) და შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. სროლის რეჟიმების არჩევა შესაძლებელი იყო ღილაკისებური გადამრთველით, რომელიც ცეცხლის სამართავ პისტოლეტისებურ სახელურთან იყო განთავსებული. აღნიშნული გადამრთველი ჰუგო შმაიზერმა ჯერ კიდევ მის მიერ კონსტრუირებულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ МР.28/II-ში გამოიყენა. გადასატენი სახელური განთავსებული იყო მარცხენა მხარეს. შემთხვევითი გასროლის თავიდან ასარიდებლად შესაძლებელი იყო გადასატენი სახელურის უკან გადაწევა და გახსნილ მდგომარეობაში დაფიქსირება ისე, როგორც ხდებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში МР-38 / 40. დახურული საკეტის შემთხვევაში გადასატენ სახელურზე ხელის დაჭერა იწვევდა მის სიღრმეში გადაადგილებას და ბლოკირებას უკეთებდა ავტომატის მოძრავ დეტალებს რაც კიდევ ერთ დამატებით მცველს წარმოადგენდა.
სასხლეტი მექანიზმის და პისტოლეტისებური სახელურის კორპუსი დამზადებული იყო დაბეჭდვის (ე.წ. შტამპოვკა) მეთოდით და წარმოადგენდა ერთიან დეტალს, რომელიც მჭიდის მიმღები ყელის უკან გაყრილი ღერძის მეშვეობით მაგრდებოდა ლულის კოლოფზე.
იარაღის ვაზნებით კვება ხდებოდა სექტორული მჭიდით, რომელშიც ვაზნები ორრიგად იყო განლაგებული. თავდაპირველად დამზადდა 10 ცალ ვაზნაზე (მოკლე მჭიდი)  და 30  ცალ ვაზნაზე გათვლილი მჭიდები, ხოლო მოგვიანებით დამატებით შემუშავდა 20 და 25 ცალ ვაზნიანი მჭიდის ვარიანტები. ასევე მოგვიანებით მეტალის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით დამზადებულ იქნა მჭიდების სპეციალური სწრაფდამტენი, რომელიც მჭიდის ტუჩთან მაგრდებოდა.
აღნიშნულ სწრაფდამტენში ჯდებოდა სტანდარტული მაუზერის შაშხანის კლიპი (ე.წ. აბოიმა), რომელშიც 5 ცალი 7,92x33 Kurz ტიპის ვაზნა იყო მოთავსებული. მსროლელი თითით აწვებოდა ზედა ვაზნას, რაც თავისთავად იწვევდა მჭიდში ვაზნების სწრაფად ჩაშვებას. მჭიდის ღილაკ ფიქსატორი განთავსებული იყო მმჭიდის მიმღებ ყელთან მარცხენა მხარეს. მჭიდის მოხსნას მხროლელი ანხორციელებდა მარცხენა ხელის ცერა თითის მეშვეობით.
სექტორული უკანა სამიზნე მოწყობილობა ლულის კოლოფის ზემოდან სპეციალურ ამაღლებულ ფუძეზე იყო დამაგრებული და 800 მეტრამდე სროლისთვის გამოიყენებოდა. პროტოტიპის კონდახი და ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელურის ლოყები ხისგან იყო დამზადებული.
HWaA-მ დეტალურად შეისწავლა ჰუგო შმაიზერის პროტოტიპი და გარკვეული განკარგულებები გასცა მის გადასამუშავებლად. 1940 წლიდან 1941 წლის ბოლომდე შმაიზერი ანხორციელებდა ტექნოლოგიურ ცვლილებებს, ასევე წვრილმანი დეტალების გადამუშავებას რათა გაადვილებულიყო წარმოების პროცესი.

ჰუგო შმაიზერის ავტომატური კარაბინის გადამუშავებული პროტოტიპის ფოტო
 
საბოლოოდ 1941 წლის მიწურულს კომპანია „C.G. Haenel“ -მა მიიღო პირველი შეკვეთა 50 ცალ იარაღზე, რომელიც სამხედრო გამოცდებზე უნდა გაეგზავნათ. კომპანია C.G.Haenel -ს არ ჰქონდა დიდი გამოცდილება დაბეჭდვით დეტალების დამზადებაში და შედუღებით სამუშაოებში, ამიტომ HWaA -ს ძალისხმევით, მოხდა C.G.Haenel-ის დაკავშირება ფრანკფურტში მდებარე კომპანია „Merz-Werke“ -სთან, რომელიც სუბკონტრაქტის საფუძველზე უზრუნველყოფდა რიგი საპასუხისმგებლო დეტალების დამზადებას ჰუგო შმაიზერის იარაღისთვის.
პროექტში Walther ერთვება
პარალელურად, 1940 წლის მიწურულს პროექტში ჩაერთო გერმანული გიგანტი „Carl Walther GmbH“, რომელსაც მცირე ვადებში უნდა მოეხდინა საცდელი პროტოტიპის დამზადება და სამხედრო გამოცდებზე წარდეგნა. პროექტს სათავეში ჩაუდგა ერიხ ვალტერი (Erich Walther). სწორედ მან დაითანხმა HWaA, რომ Walther-იც მიიღებდა მონაწილეობას ახალი იარაღის შექმნის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში და საგამოცდო კონკურსში. 1941 წლის იანვარში „Carl Walther GmbH“-ს და HWaA-ს შორის დაიდო კონტრაქტი, რომლის თანახმად „Carl Walther GmbH“ დაიწყებდა სამუშაოებს 7,92x33 Kurz ტიპის შუალედურ ვაზნაზე გათვლილი ავტომატური იარაღის შექმნაზე. კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც Walther-ის ფაბრიკას შეეძლო თავის იარაღში С.G.Haenel-ის მიერ დამზადებული მჭიდების გამოყენება. პროექტში იარაღის წამყვანი კონსტრუქტორის ამპლუაში მონაწილეობას იღებდა Karl August Braüning -ი. შეიძლება ითქვას, რომ „Carl Walther GmbH“-ს  გააჩნდა ბევრად უფრო ძლიერი საწარმოო ბაზა და იმ პერიოდისათვის ერთერთი მოწინავე საკონსტრუქტორო ბიურო, ვიდრე მის კონკურენტ С.G.Haenel-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე ვალტერის ფაბრიკა თავდაჯერებულად ჩაერთო ახალი იარაღის შექმნაში.
ფოტოზე გამოსახულია თვითდამტენი შაშხნა Walther A115
Karl August Braüning-მა ახალი იარაღის დაპროექტებისას საფუძვლად აიღო საკუთარი კონსტრუქციის ექსპერიმენტალური თვითდამტენი შაშხანა GA.115 (რიგ წყაროებში მოიხსენიებენ, როგორც А115). (აღნიშნული შაშხანა კონსტრუქტორმა შექმნა 30-ან წლებში. იგი გათვლილი იყო გერმანიის საშტატო შაშხანის ვზნაზე 7,92x57).
ვალტერის ფაბრიკის მიერ დამზადებული ავტომატური კარაბინი შუალედურ ვაზნაზე 7,92x33 Kurz. მოგვიანებით  მას მიენიჭა სახელწოდება Mkb.42(w)
ვალტერის ფაბრიკამ საკმაოდ შემჭიდროვებულ ვადებში შეძლო პროტოტიპის დამზადება და 1941 წლის დასაწყისში წარუდგინა  HWaA-ს საარტილერიო-ტექნიკური აღჭურვილობის განყოფილების ოფიცრებს. პროტოტიპი აგებულ იქნა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპზე, სადაც ლულის გადაკეტვა ხდებოდა მბრუნავი საკეტის მეშვეობით. ლულას გააჩნდა 2 ცალი ერთმანეთის საპირისპიროთ შესრულებული აირგამყვანი ნასვრეტი, რომლიდანაც გასროლის დროს დენთის აირები გადადიოდა ლულის გარსაცმში. გარსაცმსა და ლულას შორის (ზედ ლულაზე) განთავსებული იყო რგოლისებური დგუში. დგუში უბიძგებდა სპეციალურ მილისებრ (ე.წ. ვტულკა [ქართულად მილისი]) დეტალს, რომელიც უკვე იწვევდა საკეტის ჯგუფის გადაადგილებას. გადაადგილების შედეგად მბრუნავი საკეტის ბჯენები გამოდიოდა გადაბმულობიდან, რაც იწვევდა საკეტის გახსნას. დროშისებური ფორმის სროლის რეჟიმების ორმხრივი სელექტორი (გადამრთველი), განთავსებული იყო ლულის კოლოფზე, სასხლეტის ზევით. გადამრთველზე მანიპულირება მსროლელს შეეძლო როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხრიდან.
800 მეტრამდე სასროლათ გათვლილი სექტორული უკანა სამიზნე მოწყობილობა С.G.Haenel-ის იარაღის მსგავსად მაღალ ფუძეზე იყო განთავსებული. იმისათვის რომ ავტომატური ჯერებით სროლისას, შემცირებულიყო იარაღის მაღლა ხტომა, კონსტრუქტორმა მოძრავი დეტალების კვანძი და კონდახი ლულის ხაზის გასწვრივ განალაგა.  იარაღის უმეტესი დეტალები დამზადებული იყო დაბეჭდვის მეთოდით. ტიბჟირი დამზადდა ასევე მეტალის ფურცლისგან დაბეჭდვის მეთოდით, ხოლო კონდახი და ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელურის ლოყები ხისგან.
HWaA-მ პროტოტიპის გამოცდა მოახდინა 1941 წელს კუმერსდორფში (Kummersdorf) მდებარე პოლიგონზე. იარაღმა აჩვენა დამაკმაყოფილებელი შედეგები, თუმცა გაიცა გარკვეული რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც უნდა გადამუშავებულიყო და შეცვლილიყო გარკვეული დეტალები. გადამუშავების პროცესი ვალტერის ფაბრიკაში გაგრძელდა  1941 წლის ბოლომდე.

ფოტოზე გამოსახულია ჰუგო შმაიზერის გადამუშავებული ავტომატური კარაბინი, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება Mkb. 42 (H)
1942 წლის 21 იანვარს C.G. Haenel-მა, HWaA-ს მიაწოდა გადამუშავებული იარაღის საცდელი ვარიანტი [შემდგომში ცნობილი სახელწოდებით Mkb.42(h)]. აღნიშნული ეგზემპლარი ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნის თანახმად, უფრო მეტი ოდენობის ბეჭდვის მეთოდით დამზადებული დეტალსგან შედგებოდა, ვიდერე პირველი პროტოტიპი, რომელშიც ჩარხების და ფრეზირების მეთოდით დამზადებული დეტალები ჭარბობდა. გადამუშავებული ეგზემპლარის საექსტრაქციო ფანჯარას გააჩნდა მტვრისგან დამცავი ფარი, რომელიც გადასატენი სახელურის გადაწევის (შეყენების) შემდეგ ავტომატურად იღებოდა. (მსგავსი ფარი მოგვიანებით გამოიყენეს ამერიკულ შაშხანაში AR-15/M-16).
1942 წლის იანვრის ბოლოს, HWaA-მ გაფართოებული საკონკურსო გამოცდებისთვის  კომპანია C.G. Haenel -ისგან, ნაცვლად 50 ცალი იარაღისა, მოითხოვა, რომ 200 ცალი ეგზემპლარი მიეწოდებინათ. ანალოგიური დავალება მიიღო ვალტერის ფაბრიკამ, რომელსაც 200 ცალი ეგზემპლარის დასამზადებლად 1942 წლის ივლისამდე მიეცა ვადა.
1942 წლის 28 იანვრიდან ოფიციალურ მიმოწერებში გამოჩნდა საცდელი იარაღების ახალი სახელწოდება „Maschinen-karabin“ (შემოკლებით Mkb.). (ამ პერიოდიდან გერმანელები არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში აღარ მოიხსენიებდნენ საცდელ ეგზემპლარებს, როგორც „Schwere Maschinen-pistole“ [მძიმე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი]). HWaA-მ საცდელ ეგზემპლარებს მიანიჭა შემდეგი აღნიშვნები: ჰუგო შმაიზერის იარაღს Mkb. 42 (H) (ალფავიტური ინდექსი H ნიშნავდა Haenel-ს) (აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს 2 ცალი შემორჩენილი ეგზემპლარი პირველი პარტიიდან, რომლებიც მარკირებულია «M.K.42 (H.S)». ეს შემოკლებითი აღნიშვნა იშიფრება, როგორ «Haenel-Schmeisser»). Walther -ის ფაბრიკაში შემუშავებულ ეგზემპლარს მიენიჭა სახელწოდება  Mkb. 42 (W) (ალფავიტური ინდექსი W ნიშნავდა Walther-ს).
1942 წლის ივლისს გამართული  პირველი ორთაბრძოლა Mkb. 42 (H) vs Mkb. 42 (W)
1942 წლის 14 აპრილს Mkb. 42 (H)  და Mkb. 42 (W) წარუდგინეს ადოლფ ჰიტლერს. ამ პერიოდში C.G. Haenel -ს ჰქონდა დამზადებული 50 ცალი Mkb. 42 (H), ხოლო 50 ცალი იყო დამზადების პროცესში. რაც შეეხება Walther-ის ფაბრიკას, მან შეძლო მხოლოდ 4 ცალი Мкb.42 (W) -ს წარდგენა. ახალმა იარაღმა ადოლფ ჰიტლერზე ვერ მოახდინა დიდი გავლენა. მისი აზრით ფეხოსანთა იარაღს უნდა ჰქონოდა დამიზნების მანძილი 1200-1500 მეტრამდე. ასევე მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ვერმახტს უფრო მეტად ესაჭიროებოდა არა შუალედურ ვაზნაზე გათვლილი იარაღი, არამედ სნაიპერული შაშხანები და ტყვიამფრქვევები მაღალი სროლის ტემპით.
მიუხედავად იმისა, რომ ადოლფ ჰიტლერი არ მიესალმებოდა შუალედურ ვაზნაზე გათვლილ იარაღს, HWaA -ს ბრძანებით 1942 წლის აპრილში 25 ცალი Mkb. 42 (H) გაგზავნილ იქნა ქალაქ დობრიცში (Döbritz) მდებარე ფეხოსანთა სასწავლებელში, სადაც უნდა გამართულიყო იარაღის შეფასება და სამხედრო გამოცდა. ამავე წლის 30 ივლისს, ფეხოსანთა სასწავლებლის ხელმძღვანელობამ მოამზადა ანგარიში, რომელიც გაგზავნილ იქნა შეიარაღების სამმართველოში. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ Mkb. 42 (H) -ს კონდახი იყო ძალიან მოუხერხებელი, რის გამოც მსროლელს შეეძლო მხოლოდ კონდახის ქვედა ნაწილის მხარზე მყარად მიბჯენა. ფოხოსანთა სასწავლებლის აზრით იარაღის კონდახი უნდა აღებულიყო მაუზერის კარაბნიდან K.98k და მისი სიგრძე უნდა ყოფილიტო 26 სმ (Mkb. 42 (H) -ის კონდახის სიგრძე შეადგენდა 23,5 სმ-ს). HWaA-მ ნაწილობრივ გაითვალისწინა ფეხოსანთა სასწავლებლის მოთხოვნა და ჰუგო შმაიზერს დაავალა შეეცვალათ კონდახის გეომეტრია, თუმცა კონდახის სიგრძე დატოვა  23,5 სმ, იმ გათვლით, რომ სამომავლოდ Mkb. 42 (H) აღიჭურვებოდა ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით და ასეთ შემთხვევაში მოკლე კონდახით უფრო კომფორტული იქნებოდა დამიზნება. Mkb. 42 (H) -ის გამოცდებისას მონაწილეობას იღებდნენ ასევე საკონტროლო-ტექნიკური პუნქტის „WaPruf 2“ სპეციალისტები, რომელთა დასკვნაშიც ეწერა, რომ იარაღის გარკვეული დეტალები არ იყო უნიფიცირებული. ანუ ერთი ეგზემპლარიდან ამოღებული დეტალი, არ მუშაობდა მეორე ეგზემპლარში. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ავტომატური კარაბინის დეტალების მორგება  ხდებოდა ინდივიდუალურად / ხელით. ასევე გარკვეული დეტალები (დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა, საცემი) 3000-4000 გასროლის შემდეგ გამოდიოდა მწყობრიდან ან ტყდებოდა.
1942 წლის ივლისის დასაწყისში გაიმართა Mkb. 42 (W) -ის და  Mkb. 42 (H) -ის ოფიციალური გაფართოებული დემონსტრაცია. HWaA დარწმუნებული იყო იმაში, რომ ორივე კომპანია ახლო მომავალში შეძლებდა თავიანთი ეგზემპლარების საბოლოო გადამუშავებას და გაზაფხულის ბოლოს სერიული წარმოების დაწყებას. მათი ვარაუდით ნოემბრის ბოლოს ორივე კომპანია შეძლებდა 500 ცალი ეგზემპლარის წარმოდგენას, ხოლო 1943 წლის მარტისთვის კი წარმოება ისე იქნებოდა გამართული, რომ ყოველთვიურად შეძლებდნენ 15 000 ცალი იარაღის დამზადებას. ამ ვარაუდზე დაყრდნობით HWaA-ს მიერ მომზადებულ იქნა სპეციალური დოკუმენტი, რომელიც 1942 წლის 1 ივლისით იყო დათარიღებული.  დოკუმენტის თანახმად იგეგმებოდა, რომ ნოემბერში დაწყებულიყო Mkb. 42 (H) -ის მასიური წარმოება, ხოლო ოქტომბერში კი Mkb. 42 (W) -ის.  ასევე დოკუმენტი იუწყებოდა, რომ 1943 წლის თებერვალში ვერმხატს ექნებოდა 42 500 ცალი ახალი ავტომატური კარაბინი, ხოლო მარტიდან კომპანია Наеnel ყოველთვიურად დაამზადებდა 10 000 ცალ კარაბინს, Walther-ის ფაბრიკა კი 15 000 ცალს.
დოკუმენტის მომზადებიდან 1 თვეში (1942 წლის აგვისტოში) გაიმართა  Мкb.42 (W) და Мкb.42 (Н) შორის შერკინება. შერკინების შემდეგ HWaA-მ აშეცვალა ტაქტიკურ-ტექნიკური დავალება. დავალების ცვლილება განპირობებული იყო აღმოსავლეთ ფრონტზე და აფრიკაში მიღებული საბრძოლო გამოცდილება, რომელმაც აჩვენა, რომ ფეხოსანთა ძირითადი იარაღი უნდა ყოფილიყო უნივერსალური და შეეცვალა პისტოლეტი, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP.38/ МР.40, კარაბინი K.98k, შაშხანის ყუმბარმტყორცნის კომპლექსი (K.98k + Gw.Gr.Ger.42), სნაიპერული კარაბინი K.98k და ხელის ტყვიამფრქვევი. ასევე კარაბინის გამოყენება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ხელჩართულ ბრძოლაში ხიშტის და კონდახის დარტყმით. აღნიშნულიდან გამომდინარე C.G.Haenel -ს და Walther -ს თავიანთ მოდელზე უნდა დაემატებინათ მაუზერის K.98k ხიშტის სამაგრი, ლულის ცხვირზე დასამაგრებელი ყუმბარების სასროლი მოწყობილობის სამაგრი და ოპტიკური სამიზნე მოწყობილობისათვის საჭირო კრონშტეინის სამაგრი. ხიშტის სამაგრი პირველად ჰუგო შმაიზერმა გააკეთა თავის კარაბინზე Mkb.42 (Н). ასევე Mkb.42 (Н) აღიჭურვა ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით ZF-41 (Zielfernrohr 41).

Mkb.42 (Н) -ს ლულა, რომელზეც კარგად ჩანს ხიშტის სამაგრი კრონშტეინი
 
გადამუშავებული Mkb.42 (Н) ოპტიკური სამიზნე მოწყობილობით ZF-41 (Zielfernrohr 41)
 
ფოტოზე გამოსახულია დაშლილი Mkb.42 (Н)

შემდეგ უკვე Walther-ის ფაბრიკაშიც შეძლეს კარაბინის გადამუშავება და  Mkb.42 (W) მოდელზე გაჩნდა ხიშტის სამაგრი + ყუმბარმტყორცნის სამაგრი ლულის ბოლოში სპეციალური ხრახნის სახით.
Mkb.42 (W) ლულაზე დასამაგრებელი ყუმბარმტყორცნით
 
1942 წლის 15 ოქტომბერს HWaA-ს მიერ მომზადებულ იქნა ახალი დოკუმენტი, რომლის თანახმად შეიცვალა დასამზადებელი კარაბინების რაოდენობა და გახდა უფრო რეალისტური.  ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო წარმოება 100 ცალი ეგზემპლარით, ხოლო 1943 წლის მარტისთვის დამზადებული უნდა ყოფილიყო ჯამში 17 600 ცალი კარაბინი.
ვერმახტის უამღლესმა მეთაურებმა შესთავაზეს HWaA-ს რომ 1942 წლის ნოემბერში გამართულიყო ფართომასშტაბიანი სამხედრო გამოცდები, რათა უფრო ნათლად მიეღოთ ინფორმაცია ახალი კარაბინების შესახებ და გამოევლინათ მათ დადებითი / უარყოფითი მხარეები. თუმცა ამ კარაბინების ფართომასშტაბიანი სამხედრო გამოცდები არასოდეს არ გამართულა.  როგორც აღმოჩნდა სერიული წარმოების დაწყებისთვის არცერთი კომპანია არ იყო მზად. C.G.Haenel-ს შეექმნა პრობლემები მომწოდებელთან, ხოლო Walther-ის ფაბრიკას დეტალების დაბეჭდვის მეთოდით დამზადებისათვის საჭირო დანადგარების გამართვაში ჰქონდა პრობლემა. ამან გამოიწვია ის, რომ ოქტომბერის თვეში ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო გადამუშავებული კარაბინების დამზადება.
1942 წლის 18 ნოემბერს HWaA -ს ხელმძღვანელის არტილერიის გენერალის ემილ ფონ ლეების ხელმოწერით გაფორმდა მემორანდუმი N 03369/42g, რომელიც ეხებოდა  „Maschinenkarabine“-ბის სამომავლო განვითარებას. მემორანდუმში ფორმულირებული იყო კარაბინების და შუალედური ვაზნის (7,92x33 Kurz) მახასიათებლები. აღნიშნულ მემორანდუმში ასევე ნახსენები იყო საცდელი ავტომატური კარაბინი Mkb. 42 (W), თვითდამტენი კარაბინი G.41, საცდელი თვიტდამტენი შაშხანა G.43, იმ პერიოდისთვის ახალი ავტომატური შაშხანა Fallschirmjagergewehr 42 (FG-42) და C.G.Haenel-ის გადამუშავებული ავტომატური კარაბინი, რომელსაც დოკუმენტში მინიჭებული ჰქონდა შიფრი «MKb.42 (H) aufschiessend».
გადამუშავებული MKb.42 (H) aufschiessend, რომელსაც პისტოლეტისებურ სახელურთან გააჩნდა მცველი დროშისებური ბერკეტის სახით
მიუხედავად იმისა, რომ C.G. Haenel-ში ვერ შეძლეს ეგზემპლარების დამზადა, მათ ძირეულად გადაამუშავეს ჰუგო შმაიზერის ქმნილება. მოდერნიზირებული ავტომატი (Mkb.42 (H) aufschiessend ასე მოიხსენიებდნენ მას) ისროდა უკვე დახურული საკეტიდან. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გახდა ჩახმახიანი ტიპის. მცირედით შეიცვალა კონდახის ფორმა, სამიზნე მოწყობილობა ოდნავ დადებლდა. ამ პერიოდში მაუზერის კარაბინისთვის K.98k შემუშავდა სპეციალური ხიშტ-დანა სახელწოდებით Seitengewehr 42 (SG.42), რომლის გამოყენებაც ასევე შესაძლებელი იყო შმაიზერის ავტომატურ კარაბინზე Mkb.42 (H). აღნიშნული ხიშტი წარმოადგენდა უნივერსალურ ინსტრუმენტს, რომელიც მოიცავდა სახრახნისს, მახათს და გასახსნელს.  
ხიშტ-დანა Seitengewehr 42 (SG.42)
 
1942 წლის ნოემბერში დამზადდა Mkb.42 (h) -ს პირველი მცირე პარტია 25 ცალი ეგზემპლარის სახით, რომელიც სახმლეთო უმაღლესი რანგის ოფიცრებს (Oberkommando des Heeres, OKH)  წარუდგინეს. ოფიცრები ახალი იარაღით კმაყოფილები დარჩნენ, მათ გამოთქვეს აზრი, რომ ასეთი იარაღის შეიარაღებაში მიღებით მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა ვერმახტის საცეცხლე ძალა.  ამავე თვეში Oberkommando des Heeres -ის ხელმძღვანელი შეხვდა ადოლფ ჰიტლერს და მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ფეხოსანთა გადაიარაღება ახალი უნივერსალური ავტომატური იარაღით, რომელიც შუალედურ ვაზნაზე იქნებოდა გათვლილი. ადოლფ ჰიტლერმა მკაცრი უარი  განუცხადა მას, თუმცა Oberkommando des Heeres -ის ხელმძღვანელი რისკზე წავიდა და დამოუკიდებლად ცდილობდა გაეგრძელებინა შემდგომი სამუშაოები.
კიდევ ერთი დაპირისპირება (გადამუშავებული Mkb.42 (W) vs Mkb.42 (H) aufschießend)
მიუხედავად დიდი პრობლემებისა 1942 წლის ნოემბერის მიწურულს Walther-ის ფაბრიკამ შეძლო 25 ცალი Mkb. 42 (W) -ს დამზადება, რომელიც C.G.Haenel-ის  გადამუშავებულ ეგზემპლარებთან (Mkb.42 (H) aufschießend) ერთად იქნა გაგზავნილი დობრიცის სასწავლებელში ხელახალ გამოცდებზე.  აღნიშნულ გამოცდებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ C.G.Haenel-ის  ავტომატური კარაბინი „Mkb.42 (H) aufschießend“ და Walther -ის Mkb.42 (W). ორივე იარაღი გარდა გამოცდებისა, ასევე შედარებულ იქნა მაუზერის გრძივად მოსრიალე საკეტიან კარაბინთან K.98k. გამოცდების შედეგად მოწონება დაიმსახურა C.G.Haenel-ის  მოდელმა Mkb.42 (H) aufschießend. მთავარ პლიუსად დასახელდა უკეთესი საიმედოობა (ვიდრე ჰქონდა ვალტერის ეგზემპლარს), უფრო მყარი კონსტრუქცია, დაშლა-აწყობის სიმარტივე და უფრო გრძელი სამიზნე ხაზი. ფეხოსანთა სასწავლებელის მიერ 1942 წლის 3 დეკემბერს მომზადდა ანგარიში, რომელიც ეხებოდა ჩატარებულ გამოცდებს. აღნიშნული ანგარიშის თანახმად კომპანია Walther-ის ავტომატური კარაბინი Mkb. 42 (W) იყო ზედმეტად რთული კონსტრუქციის და მგრძნობიარე დაბინძურების მიმართ, რაც ხშირად იწვევდა რგოლისებური დგუშის შეფერხებას/გაჭედვას.  ანგარიშში დადებითად ახასიათბდნენ ჰუგო შმაიზერის ქმნილებას „Mkb.42 (H) aufschießend“ და აღნიშნავდნენ, რომ მცირედი გადამუშავების შემდეგ Mkb.42 (H) aufschießend შეძლებდა 500 მეტრ დისტანციამდე სროლისას სიზუსტის კუთხით გათანაბრებულიყო მაუზერის გრძივადმოსრიალე საკეტიან კარაბინთან (K.98k). შეიძლება ითქვას, რომ ეს ანგარიში გადამწყვეტი აღმოჩნდა Walther -ის Mkb. 42 (W) მოდელის დასამარცხებლად.

ზემოაღნიშნული გამოცდების შემდეგ HWaA -მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სამუშაოები სწორედ „Mkb.42 (H) aufschießend“ მოდელის გადამუშავებაზე  გაგრძელებულიყო. მიუხედავად ამისა Walther -ის ფაბრიკამ მაინც განაგრძო მუშაობა თავის მოდელზე Mkb. 42 (W), რადგანაც HWaA -ს არ უთქვამს საბოლოო უარი. შესაბამისად კიდევ იყო იმის იმედი და შანსი, რომ კომპანია Walther აჯობებდა კონკურენტს. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე 1942 წლის დეკემბერში  Walther -ის ფაბრიკაში 90 ცალამდე ავტომატური კარაბინი Mkb. 42 (W) იქნა დაამზადებული, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წარადგენდნენ ხელახალ საგამოცდო კონკურსზე.
1943 წლის დასაწყისში Mkb.42 (H) aufschießend -ს გადამუშავების შემდეგ  მიენიჭა ახალი სახელწოდება „Maschinenpistole 43“ (შემოკლებით MP.43) (Maschinenpistole გერმანულად ნიშნავს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს). შესაბამისად 1943 წლის 15 იანვარიდან ჰუგო შმაიზერის კარაბინის ადრეულ ვარიანტს („Mkb.42 (H) aufschießend“) ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიებდნენ, როგორც „МР.43 А“, ხოლო ახალ გადამუშავებული ვარიანტს „МР.43 В“. რატომ მოხდა ავტომატური კარაბინის სახელის ცვლილება? ერთერთი ვერსიის თანახმად, სახელის შეცვლით მოატყუეს ადოლფ ჰიტლერი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ავტომატური კარაბინის შექმნას და შეიარაღებაში მიღებას. შესაბამისად ყველა ახალ დოკუმენტში ეს კარაბინი მოხსენიებული იყო, როგორც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი (გერმანულად Maschinenpistole).
საბჭოთა კავშირის მებრძოლები ნაალაფარის სახით მოპოვებული ავტომატური კარაბინით Mkb.42(H)
მეორე მსოფლიო ომის ფონზე გერმანიის არმიას ახალი ავტომატური იარაღის საჭიროება სულ უფრო მეტად უმძაფრდებოდა. იგეგმებოდა, რომ ამ ავტომატური კარაბინით მთლიანად გადაეიარაღებინათ ვერმახტის ფეხოსანთა, მოტორიზირებული, სამთო მსროლელეთა, საეგერო და სატანკო დივიზიები. აქედან გამომდინარე ახალი იარაღის დამზადებაში დასახმარებლად ჩაერთო შეიარღების სამინისტრო, რომლის თანადგომით იანვრის თვეში დამზადდა 300 ცალი (რიგ წყაროებში სახელდება 500 ცალი) „Mkb.42 (H)“ (და არა გადამუშავებული კარაბინი, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა შიფრი MP.43), ხოლო თებერვალში ფაბრიკამ C.G.Haenel შეძლო 1217 ცალი ავტომატური კარაბინის „Mkb.42 (H)“ დამზადება. ამ პერიოდში სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობასა და შეიარაღების სამინისტროს შორის წარმოიქმნა სერიოზული გაუგებრობა, რის შედეგადაც 1943 წლის თებერვალში ახალი ავტომატური იარაღის წარმოება და გამოცდა საერთოდ შეაჩერეს. მარტის თვეში კარაბინების წარმოება კვლავ განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰუგო შმაიზერს უკვე მზად ჰქონდა მნიშვნელოვნად გადამუშავებული ავტომატური კარაბინი სახელწოდებით "MP.43", მის ნაცვლად მაინც აწარმოებდნენ მოდელს „Mkb.42 (H)“. (MP.43 -ის წარმოება 1943 წლის ივლისიდან დაიწყო).
ისტორიამ ზუსტად არ შემოგვინახა ცნობები იმის შესახებ, თუ საერთო ჯამში რამდენი ავტომატური კარაბინი Mkb.42 (H) იქნა დამზადებული, თუმცა არსებობს გარკვეული დოკუმენტები, რომლის თანახმად შეიძლება ვიხელმძღვანელოთ შემდეგი ციფრებით:
მესამე რეიხის შეიაარღების და საბრძოლო მასალების მინისტრმა (Reichsministerium für Bewaffnung und Munition / შემოკლბით RMBuM) ალბერტ შპეერმა (Albert Speer) შმაიზერის და ვალტერის ქმნილებების საექსპლუატაციო-საბრძოლო თვისებების უკეთესად შესწავლის მიზნით გადაწყვიტა, რომ Mkb. 42 (H) და Mkb. 42 (W), გაეგზავნათ აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც მოხდებოდა მათი სამხედრო გამოცდები და რეალური საბრძოლო ნათლობა. დამზადების და ტექნოლოგიურობის კუთხით ორივე მოდელი წააგავდა ერთმანეთს და ბევრი საერთო ჰქონდათ, (იყენებდნენ დაბეჭდვის მეთოდით დამზადებულ დეტალებს, ორივეს ჰქონდა ზედა ქვედა ლულის კოლოფი, რომელიც ღერძით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული)  თუმცა კონსტრუქციულად ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. გამოცდამ აჩვენა, რომ ვალტერის  Mkb. 42 (W) იყო უფრო კომპაქტური, მსუბუქი, კარგად დაბალანსებული და ერგონომიული, ვიდრე ჰუგო შმაიზერის Mkb. 42 (H), თუმცა საიმედოობის კუთხით იგი ჩამორჩებოდა შმაიზერის კარაბინს. ცივ კლიმატურ პირობებში და დაბინძურებულ პირობებში სროლისას Mkb. 42 (W)-ს ექმნებოდა სისტემატიური შეფერხებები, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ბედი და მოიხსნილ იქნა კონკურსიდან. სხვადასხვა წაყროების თანახმად სულ 1942-1943 წლებში დამზადებულ იქნა 3 000 ცალამდე Mkb. 42 (W), რომლის გარკვეული ნაწილი მოხვდა აღმოსავლეთ ფრონტში ვერმახტის მოქმედ ნაწილებში. რიგი წყაროები ამბობს, რომ სულ ჯამში 200-300 ცალამდე ეგზემპლარი დამზადდა  (ჩემი აზრით სწორედ ეს ციფრებია რეალური). დღეს ძნალია ზუსტი ციფრების დადგენა, რადგანაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დოკუმენტაციის დიდი ნაწილი განადგურდა.

ფოტოზე გამოსახულია ამერიკელი სერჟანტი, რომელიც ათვალიერებს ნაალაფარ Walther -ის Mkb. 42 (W) მოდელებს (ფოტო გადაღებულია 1945 წლის აპრილში)
 
1943 წლის გაზაფხულს C.G.Haenel-ის ფაბრიკაში დარწმუნდენ, რომ Walther -ის სახით ერთადერთი მთავარი და ძალზედ სერიოზული კონკურენტი ჩამოიშორეს. ამავდროულად Mkb. 42 (H) აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე იხვეჭდა თავის სახელს, სადაც არა  მარტო გერმანელ ჯარისკაცებს შორის ხდებოდა პოპულარული, არამედ მოწინააღმდეგე მხარეც კი მასზე ალაპარაკდა.
ახლა მეორე მსოფლიო ომის "ჭადრაკის დაფაზე" C.G.Haenel-ის მხრიდან მორიგი სვლის დრო დგებოდა! მთავარ სამუშაოს ჰუგო შმაიზერის გადამუშავებული ავტომატური კარაბინი (სახელწოდებით MP.43) წარმოადგენდა, რომლის წარმოების გამართვაზე უნდა ეზრუნათ.

გაგრძელება იქნება !

No comments:

Post a Comment