ჩინური ავტომატური პისტოლეტები Type 75 (ZDSQ Type 75) და Type 80 (Norinco QS80)

60-ანი წლების მიწურულს ჩინეთში დაწყებულ იქნა სამუშაოები ახალ ავტომატურ პისტოლეტზე, რომლითაც უნდა შეიარაღებულიყვნენ ჩინეთის სახალხო-გამანთავისუფლებელი არმიის (ჩინურად 中国人民解放军)  ის სამხედრო მოსამსახურეები, ვისაც საშტატო განაწესის თანახმად არ ეკუთვნოდათ ავტომატი (მოიერიშე შაშხანა) და ამავდროულად საჭიროებდნენ პისტოლეტზე მეტი საცეცხლე ძალის მქონე იარაღს. ასევე ეს იარაღი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო სხვადასხვა დანაყოფების მეთაურებისთვის, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟისათვის, ტანკისტებისთვის და საჰაერო დესანტებისთვის. პისტოლეტის დაპროექტება მოხდა საბჭოთა ტოკარევის სისტემის პისტოლეტის ვაზნის 7,62х25 ჩინურ კლონზე, რომელიც ოფიციალურად ირიცხებოდა ჩინეთის შეიარაღებაში სახელწოდებით „7,62х25mm Тype 51“. იმ პერიოდისთვის ჩინეთში ჯერ კიდევ პოპულარული იყო პისტოლეტი “Mauser C-96”, შესაბამისად ახალი იარაღიც სწორედ მისი გავლენით იქნა შემუშავებული. პისტოლეტის საცდელმა ვარიანტებმა 70-ან წლებში იხილეს დღის სინათლე, ხოლო მათი სერიული დამზადება 1975 წელს იქნა დაწყევული. პისტოლეტს მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება "ZDSQ Type 75".


მისი აგებულება წააგავდა მაუზერის ლეგენდარულ პისტოლეტს, თუმცა იყო გარკვეული სხვაობები. ვიზუალურად ყველაზე შესამჩნევ სხვაობას წარმოადგენდა დახრილი კუთხით განლაგებული მჭიდის მიმღები, რომელზე მორგებული მჭიდიც, ასევე დახრილად დგებოდა. “Type 75” იყენებდა მოხსნად მჭიდებს ვაზნების შახმატური განლაგებით, რომელიც ორი განსხვავებული ტევადობით მზადდებოდა: 1. მჭიდი 10 ცალ ვაზნაზე; 2. მჭიდი 20 ცალ ვაზნაზე (20 ვაზნიანი მჭიდების დამზადება მოგვიანებით მოხდა). პისტოლეტის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი, ასევე მაუზერის C-96 მოდელის ანალოგიურად წარმოებდა. შესაბამისად მოძრავი ლულის ჩაკეტვა საკეტის ქვემოდან განთავსებული ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავი საბრძოლო ბლოკით ხდებოდა. პისტოლეტის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხორციელდებოდა Mauser C-96-ის ანალოგიურად საკეტის უკანა ნაწილში არსებული სპეციალური ღარებიანი ბლოკის უკან მოქაჩვით.  

 
დღეს არ არსებობს ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ საერთო ჯამში, რამდენი ცალი ეგზემპლარი დამზადდა და კონკრეტულად რომელ წლებამდე ხდებოდა მისი წარმოება.
“Type 75”-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ეფუძნებოდა ჯერ კიდევ 30-ან წლებში იოზეფ ნიკლის და კარლ ვესტინგერის მიერ შექმნილ სქემას, რომლის წყალობითაც პისტოლეტის ჩარჩოზე, მარცხენა მხარეს განთავსებული იყო დროშისებური ბერკეტი. აღნიშნული ბერკეტი ასრულებდა როგორც მცველის, ასევე სროლის რეჟიმების სელექტორის (გადამრთველის) დანიშნულებას, ერთეული გასროლებიდან-სრულიად ავტომატურ ჯერებზე. ავტომატური ჯერებით სროლისას ტემპი შეადგენდა 850-900 გასროლას წუთში.
პისტოლეტი Type 75. ფოტოზე კარგად ჩანს მოდულური ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი
პისტოლეტი ამავდროულად იყენებდა მოდულური ტიპის მოხსნად დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმს. საბრძოლო ზამბარა “Type 75”-ში საბჭოთა ტოკარევის სისტემის პისტოლეტის იდენტურად ჩახმახში იყო განთავსებული. პისტოლეტის ტარი „Mauser C-96“ -ისგან განსხვავდებოდა უფრო დაკუთხული ფორმით და გამოირჩეოდა უკეთესი ერგონომიულობით.
პისტოლეტის უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო მუდმივი (არარეგულირებადი), რომლის მისროლაც ხდებოდა 50 მეტრზე (რიგ წყაროებში გვხდება ინფორმაცია, რომ იგი გათვლილი იყო 100 მეტრამდე სროლისთვის).
იარაღი დაკომპლექტებული იყო ბუდე-კონდახით, რომელიც პისტოლეტის ტარზე გაკეთებული სპეციალური ღარის მეშვეობით მაგრდებოდა. პისტოლეტების გარკვეული ნაწილი ბუდე-კონდახის ნაცვლად, დაკომპლექტებული იყო ორიგინალური მეტალის სამხრე დუგლუგით, რომელიც ამავდროულად საბრძოლო დანას წარმოადგენდა.
 
პისტოლეტი Type 75 (ZDSQ Type 75) ტარზე დამაგრებული დანა-დუგლუგით
 
პისტოლეტი Type 75 (ZDSQ Type 75) მოხსნილი დანა-დუგლუგით
 
მოგვიანებით დამზადებული ვარიანტი სახელწოდებით Type 80 (QS80)
1980 წელს დღის სინათლე იხილა პისტოლეტის გადამუშავებულმა ვარიანტმა. აღნიშნული ვარიანტი იყო დასამზადებლად უფრო ტექნოლოგიური. მისი მთავარი სხვაობა ვიზუალურადაც ჩანს, რადგანაც ჰქონდა განსხვავებული ტარის ფორმა, განსხვავებული საკეტის გარსაცმი და განსხვავებულად განლაგებული სროლის რეჟიმების სელექტორი.
პისტოლეტი Type 80 (QS80)
შეიძლება ითქვას, რომ პისტოლეტები "Type 75" და  “Type 80” იყო ერთგვარი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც ახლო მანძილზე საომრად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ჩემი აზრით საბრძოლო დანით (აქ ვგულისხმობ დანას, რომელიც დუგლუგის დანიშნულებასაც ასრულებდა) დაკომპლექტებული პისტოლეტი “Type 75” 2 ცალი სავსე მჭიდით (10 ცალ და 20 ცალ ვაზნაზე) კარგ ვარიანტს წარმოადგენდა თვითგადარჩენის იარაღის ამპლუაში.
Type 75 და მისთვის განკუთვნილი გაშლილი დანა-დუგლუგი

როგორც რიგი წყაროებიდან ირკვევა, პისტოლეტები Type 75" და   „Type 80” ხარისხიანად იყო დამზადებული და საიმედოდ მუშაობდა, თუმცა ჰქონდა გარკვეული ნაკლოვანება. კერძოდ: მისი ლულის კედლები იყო თხელი და ავტომატური ჯერებით 30 ცალი ვაზნის მიყოლებით გასროლის შემდეგ იმდენად ხურდებოდა, რომ  ცხელი ლულის სავაზნეში მიწოდებული ვაზნა მაღალი ტემპერატურისგან თავისით ალდებოდა, რაც თვითნებურ გასროლას იწვევდა. 
მიუხედავად ამ ნაკლისა, პისტოლეტები მცირე პარტიად დამზადდა იმ პერიოდში ჯერ კიდევ ახალი საწარმოს „NORINCO“ (China North Industries Corporation) მიერ და მაინც მოხვდა ჩინეთის სახალხო-გამანთავისუფლებელი არმიის არაოფიციალურ შეიარაღებაში, თუმცა ვერ მოიკიდა ფეხი და მისი წარმოებაც მალევე იქნა შეწყვეტილი.

No comments:

Post a Comment