პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი КППЯ


მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში,  გარკვეული რაოდენობით ირიცხებოდა სამამულო წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები (დეგტიაროვის ППД1934/38, ППД-40, შპაგინის ППШ-41 და სიმონოვის ППС-42/43). ასევე რიგ სიტუაციებში მებრძოლები იყენებდნენ გერმანულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს MP.38/MP.40, რომელიც ნაალაფარის სახით იყო მოპოვებული. ზევით ჩამოთვლილი ყველა მოდელი, გარკვეულ წილად წარმოადგენდა სრული გაბარიტების მქონე ეგზემპლარს, რომელიც იმ პერიოდში დამაკმაყოფილებლად ასრულებდა თავის მოვალეობას. იყო სიტუაციები, როდესაც კონკრეტული სადაზვერვო და დივერსიული ოპერაციების  შესრულებისას, მებროლებს ესაჭიროებოდათ  უფრო კომპაკტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები. ასეთ შემთხვევაში ძირითადად საკეც დუგლუგიან ვარიანტებს იყენებდნენ.  თუ გადავხედავთ მეორე მსოფლიო ომის ქრონიკებს, საბჭოთა კავშირის დაზვერვის, დივერსიული ჯგუფების და სადესანტო შემადგენლობის ხელში, ხშირად დავინახავთ გერმანულ MP.38/MP.40 ან საბჭოთა ППС-42/43-ს. რიგ შემთხვევბში დგებოდა ბევრად კომპაკტური იარაღის საჭიროება, რომელიც ფარულად უნდა ჰქონოდა მებრძოლს. შესაბამისად ასეთ დროს ნაცვლად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისა, უბრალოდ საბჭოთა კავშირის საშტატო ტოკარევის სისტემის პისტოლეტს (ТТ-33) იყენებდნენ. ზემოაღნიშნული ეპიზოდებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა საჭიროება, რომ შექმნილიყო შუალედური ვარიანტი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევსა და თვითდამტენ პისტოლეტს შორის. თუმცა ეს საჭიროება არ იყო მაინცდამაინც მწვავე და პრიორიტეტული. შესაბამისად გაგანია ომის პერიოდში არავის არ ჰქონდა იმის დრო, ასევე მატერიალური რესურსი, რომ გამოეცხადებინათ კონკურსი და დაეწყოთ საკონსტრუქტორო-კვლევითი სამუშაოები მსგავსი ტიპის იარაღის შექმნაზე. მიუხედავად ამისა საბჭოთა კავშირის ერთერთმა სამხდრო მოსამსახურემ, გამომგონებელმა და იარაღის ოსტატმა ფ.ი. იაზიკოვმა (Фома Иович Язиков) სცადა შეექმნა მცირგაბრიტიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც სპეციალური ოპერაციების შესასრულებლად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
1943 წლის დასაწყისში ფ.ი. იაზიკოვმა, რომელიც ამ პერიოდში სატანკო პოლკში მსახურობდა, შეისწავლა რამოდენიმე უცხოური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სქემა და გადაწყვიტა საკუთარი ძალებით დაეპროექტებინა კომპაკტური ეგზემპლარი. ფ.ი. იაზიკოვმა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ნახაზები დასრულების შემდეგ წარუდგინა პოლკის მეთაურს. ნახაზების შესწავლის შემდეგ ფ.ი. იაზიკოვი მივლინებულ იქნა ლენინგრადის №186 ქარანაში, სადაც უნდა დამზადებულიყო საცდელი ეგზემპლარი. ეგზემპლარის დამზადების შემდეგ კონსტრუქტორი იარაღთან ერთად გაგზავნილ იქნა რჟევსკის პოლიგონზე.
ფ.ი. იაზიკოვის საცდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „КППЯ“
საცდელ ეგზემპლარს მიენიჭა აბრევიატურა „КППЯ“ რომელიც, შემდეგნაირად იშიფრებოდა „Кабурный пистолет-пулемёт Язикова“ (იაზიკოვის საკაბურე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი). საგამოცდო კომისიამ საბოლოოდ დადებითი დასკვნა დადო, რის შემდეგაც იაზიკოვი მისი მეთაურის ბრძანებით გაგზავნილ იქნა მოსკოვში გამოგონებების განყოფილებაში, სადაც განყოფილების უფროსს, პოლკოვნიკ გლუხოვს უნდა შეხვედროდა.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „КППЯ“ იყო კომპაკტური ავტომატური იარაღი, რომელიც გათვლილი იყო საბჭოთა კავშირის საშტატო პისტოლტის ვაზნაზე 7,62х25 (ТТ) და მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინიპით, რომელშიც სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. საინტერესო გადაწყვეტილებას წარმოადგენდა მასში გამოყენებული საკეტის დინამიური დამუხრუჭების პრინციპი, რომელიც შემდეგნაირად ფუნქციონირებდა. ლულის კოლოფის უკანა ბოლოში ჩახრახნილი იყო საზურგე, რომელშიც იჯდა ალუმინის და რეზინის რგოლებისგან აწყობილი საჰაერო ამორტიზატორი.
საჰაერო ამორტიზატორი
სროლის დროს უკან გადაადგილებული საკეტის კუდი შედიოდა აღნიშნულ ამორტიზატორში და მის კამერაში ახდენდა ჰაერის შეკუმშვას. შეკუმშული ჰაერი კი სპეციალური ნასვრეტიდან გამოედინებოდა.  საკეტის საწყის პოზიციაზე (წინ) გადაადგილებისას ამორტიზატორში წარმოქნილი ვაკუუმი ამუხრუჭებდა საკეტის მოძრაობას, რისი წყალობითაც იზრდებოდა საკეტის მოძრაობის დრო და საბოლოო ციკლი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ფ.ი. იაზიკოვმა სცადა ორი კურდღლის ერთდროულად მოკვლა: 1. 7,62х25 კალიბრის ვაზნის უკუცემის შემცირება; 2. სროლის ტემპის შემცირება.  თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ კონსტრუქტორმა „ვერცერთი კურდღელი“ ვერ მოკლა ამ სისტემის არასწორი დაპროექტების გამო და პირიქით ხელიც კი შეუშალა. ამაზე სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ.
იყო თუ არა ფ.ი. იაზიკოვის მიერ გამოყენებული საჰერო ამორტიზატორი ინოვაციური? ამაზე ცალსახად შეიძლება ვთქვათ არა! რადგანაც ანალოგიურ ვაკუუმურ სიტემას იყენებდა ჯერ კიდევ 1930 წელს შექმნილი ფინელი კონსტრუქტორის აიმო იოჰანეს ლახტის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Suomi-konepistooli M/31“ (KP/-31, Suomi KP), რომელიც 1931 წელს იქნა ფინეთის შეირაღებაში მღებული.  
ფინური „Suomi-konepistooli M/31“
იმისათვის, რომ მომხადარიყო საკეტის შემართვა (შეყენება), ლულის გარსაცმსა და ლულას შორის ჩამონტაჟებული იყო სპეციალური ბერკეტი. ბერკეტის სახელური კი ლულის ქვემოთ იყო გამოშვერილი. აღნიშნული სახელური სროლის დროს უძრავ მდგომარეობაში რჩებოდა.  
ფ.ი. იაზიკოვის არასრულად დაშლილი საცდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „КППЯ“
ისტოლეტ-ტყვიამფრქვევის უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო ორპოზიციიანი L-სებური კონსტრუქციის. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სახელურზე (ქვემოდან) მაგრდებოდა ბუდე (კაბურა), რომელიც კონდახის დანიშნულებას ასრულებდა. რამდენადაც ცნობილია იარაღი სავსე მჭიდით და ბუდით იწონიდა დაახლოებით 2,4 კგ-ს. მჭიდში თავსდებოდა 15 ცალი ვაზნა.
საპოლიგონო გამოცდები
1943 წლის შემოდგომას ფ.ი. იაზიკოვის საცდელი ეგზემპლარი „КППЯ“, გაგზავნილ იქნა სასროლი იარაღის სამეცნიერო-კვლევით პოლიგონზე (НИПСВО). საცდელი სროლებისას გამოვლენილ იქნა სროლის მაღალი ტემპი, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 1200-1300 გასროლას წუთში. შესაბამისად მაღალი სროლის ტემპის და ძლიერი ვაზნის 7,62х25 გამოყენების გამო, შეუძლებელი იყო ბუდე-კონდახის გარეშე ავტომატური ჯერებით სროლის განხორციელება. როგორც აღმოჩნდა კონსტრუქტორმა ვერ გათვალა ჰაერის ამორტიზატორის მუშაობა სათანადოდ. შეკუმშული ჰაერი ვერ ასწრებდა გამომავალი ნასვრეტიდან გამოსვლას და საკეტის დამუხრუჭების მაგივრად, პირიქით დამატებით ბიძგს აძლევდა საკეტს წინ გადაადგილებისას, რაც იწვევდა სროლის ტემპის მატებას. საბოლოოდ საგამოცდო კომისიამ არ გაუწიაა რეკომენდაცია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის „КППЯ“ გადამუშავებას, რის შედეგადაც  შემდგომი სამუშაოები შეწყევტილ იქნა.
ფ.ი. იაზიკოვის საცდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „КППЯ“ ტარზე დამაგრებული ბუდე-კონდახით
პოლიგონის (НИПСВО) მხრიდან უარის შემდეგ  ფ.ი. იაზიკოვმა მიიღო ახალი დავალება, რომელიც გულისხმობდა ს.ი. მოსნის კარაბინის М1891/38 ბაზაზე ავტომატური იარაღის შექმნას. იარაღი გათვლილი უნდა ყოფილიყო პისტოლეტის ვაზნაზე 7,62х25 (ТТ). აღნიშნული ავტომატური კარაბინის დამზადება, ასევე  ლენინგრადის №186 ქარხანაში დაიგეგმა. პისტოლეტის ვაზნებზე დაპროექტებულ კარაბინზე მუშაობა 1944 წელს დასრულდა. იგი წარმოადგენდა მოსინის 1938 წლის კარაბინის მოდიფიცირებულ ეგზემპლარს, რომელსაც სავაზნეში ჰქონდა სპეციალური ადაპტერი. ადაპტერი უზრუნველყოფდა პისტოლეტის ვაზნების გამოყენებას. ასევე სტანდარტული მოსინის გრძივად მოსრიელ საკეტი შეიცვალა თავისუფალი საკეტით და ლულის კოლოფი აღიჭურვა "КППЯ"-ს მსგავსი ჰაერის ამორტიზატორით. ავტომატურ კარაბინში გამოიყენებოდა 25 ცალ ვაზნაზე (მოგვიანებით 50 ცალ ვაზნიანაზეც გაკეთდა) გათვლილი მოხსნადი სექტორული სავაზნე კოლოფი (მჭიდი). ასევე პარალელურად ფ.ი. იაზიკოვი მუშაობდა ავტომატურ კარაბინზე, რომელიც 7,62х54 კალიბრის ვაზნებზე იყო გათვლილი. აღნიშნული იარაღი 1945 წელს იქნა წარმოდგენილი, თუმცა ფ.ი. იაზიკოვს აქაც არ გაუმართლა, რადგანაც ზუსტად ამ პერიოდში დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. შესაბამისად აღარ იყო აქტუალური არც იაზიკოვის კარაბინები, რომელთა კვალიც სწორედ ამ პერიოდში  იკარგება და არავინ არ იცის რა ბედი ეწია ან სად წავიდა საცდელად დამზადებული პროტოტიპები, რომელიც ფ.ი. იაზიკოვმა შესაბამის უწყებას ჩააბარა. რამდენადაც ცნობილია ფ.ი. იაზიკოვი ომის შემდეგ მუშაობდა თვიტდამტენი გლუვლულიანი თოფის შექმნაზე, რომელიც ასევე საცდელ ეგზემპლარად დარჩა, ხოლო 1957 წელს კონსტრუქტორი პენსიაზე გავიდა.
გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა ფ.ი. იაზიკოვო მუშაობდა ასევე სხვა გამოგონებებზე. მაგალითად 1935 წლის 31 დეკემბერს მის სახელზე გაცემულ იქნა საგამომგონებლო მოწმობა №45500, რომელიც ეხებოდა მოტოციკლეტის თოვლში გადაადგილებისათვის შექმნილ მოწყობილობას. აღნიშნული გამოგონება შემდგომ გამოიყენებულ იქნა მოსკოვის ცენტრალური ავტოკლუბის მიერ. 1938 წელს ფ.ი. იაზიკოვის მიერ შემუშავდა მცილელიტრაჟიანი ავტომობილის და საბავშო სკუტერის (ე.წ. „სამაკატის“) პროექტი, რომლებმაც ამავე წლის სექტემბრის თვეში გაიარეს გამოცდები. გამოცდების შემდეგ ფ.ი. იაზიკოვი გამოიძახა ვლადიმერ ლენინის მეუღლემ, ნადეჟდა კრუპსკაიამ (Н. К. Крупская) და დაავალა შიდა წვის ძრავიანი საბავშო ავტომობილის დამზადება. 1939 წელს აღნიშნული ავტომობილი 3 ცალი ერთეულის სახით გადაეცა მოსკოვის  პიონერთა ცენტრალურ სახლს.
დღეს ფ.ი. იაზიკოვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის (КППЯ) ერთადერთი საცდელი ეგზემპლარი ინახება სანკტ-პეტერბურგში მდებარე სამხედრო ისტორიის საარტილერიო მუზეუმში (ВИМАИВиВС - Военно-исторического музея артиллерии, инженерных войск и войск связи), რომელიც სასროლი იარაღის სამეცნიერო-კვლევით პოლიგონმა (НИПСВО) 1961 წელს გადასცა მუზეუმს. სწორედ ამ მუზეუმიდანაა  ზევით მოყვანილი ფოტოები. ასევე ამ მუზეუმში ინახება ფ.ი. იაზიკოვის საცდელი 16 კალიბრიანი თვითდამტენი თოფის ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც 1981 წელს გადაეცა მუზეუმის.

No comments:

Post a Comment