Javette

იარაღის  და საბრძოლო მასალის ევოლუცია უმეტეს შემთხვევაში (რათქმაუნდა არა ყველგან და ყოველთვის) ომთან არის დაკავშირებული. ომი არის რეალური, უტყუარი  და ყველაზე პრაქტიკული გამოცდა, რომელიც ავლენს ბრძოლაში გამოყენებული საარმიო იარაღის (ხაზს ვუსვამ სიტყვა საარმიოს, რადგანაც სამოქალაქო იარაღის შემთხვევაში ეს აუცილებლად ასე არ ხდება) სუსტ / ძლიერ მხარეებს და ხშირად იძლევა ნათელ სურათს იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები უნდა გატარდეს შეიარაღების გასაუმჯობესებლად. რეალური საბრძოლო პრაქტიკისას იქმნება კონკრეტული სიტუაციები, როდესაც შეიარაღებაში არსებული მოდელები, არ და ვერ იქნება გამოყენებული კონკრეტული დავალებების შესრულბისას, რადგანაც ისინი უბრალოდ არ შეესაბამებიან კონკრეტული ოპერაციის მოთხოვნებს.  ასეთ შემთხვევაში საქმეში ერთვებიან საკონსტრუქტორო ბიუროები და ცდილობენ შექმნან ახალი ეგზემპლარები, რომლითაც შესაძლებელი გახდება შევსებულ იქნას შეიარაღების ის „ცარიელი ადგილები“, რომელიც რეალურმა საბრძოლო პრაქტიკამ გამოავლინა. სწორედ ერთერთ ასეთ ეგზემპლარზე მინდა ვისაუბროთ ამ სტატიაში.

60-ანი წლების შუალედში ამერიკულმა კომპანიამ „MB Associates“ (შემოკლებით MBA), რომელიც ცნობილია პისტოლეტებით  „Gyrojet“  (ეს პისტოლეტები ტრადიციული ვაზნის ნაცვლად იყნებდა მინი რაკეტებს), წამოიწყო ახალი პროექტი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უნდა შემუშავებულიყო სპეციალური ვაზნა, რომელსაც გამოიყენებდნენ კონკრეტული ოპერაციების შესრულებისას. „MB Associates“-ის თანამშრომლებმა შეისწავლეს აშშ-ს არმიის და სპეცდანიშნულების დანაყოფის საჭიროებები, რის შედეგადაც გადაწყვიტეს შეექმნათ ახალი ტიპის საბრძოლო მასალა და იარაღი, რომელიც საყარაულო ძაღლების წინააღმდეგ უნდა გამოყენებულიყო. გარდა ძაღლებისა ამ იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა ასევე ადამიანების წინააღმდეგაც. მთავარ გათვლას წარმოადგენდა ის, რომ გასროლა უნდა ყოფილიყო ჩუმი და არალეტალური. მარტივად რომ ვთქვათ ბილოგიური სამიზნე რომელსაც მოხვდებოდა ტყვია, უნდა დაძინებულიყო  და არა გარდაცვლილიყო. ფაქტიურად ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი ტრანკვილიზატორი. გარდა დასაძინებელი შემადგენლობისა, შესაძლებელი იყო ასევე სხვა ნივთიერების გამოყენება, რომელიც მოახდენდა ობიექტის დროებით პარალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროებს და სპეცსამსახურებს არ მიუმართავთ ოფიციალური მოთხოვნით, კოპანია „MB Associates“ თავის ინიციატივით გამოვიდა და გადაწყვიტა მსგავსი საბრძოლო მასალის შექმნა.
თავდაპირველად გადაწყდა, რომ შემუშავებულიყო სპეციალური ვაზნა, რომელსაც ლულის ადაპტერის მეშვეობით გამოიყენებდნენ აშშ-ს არმიის საშტატო შაშხანაში M-16.  მსროლელს უნდა მოეხდინა M-16-ის ლულაში გრძელი გლუვლულიანი ლულა- ადაპტერის ჩამაგრება და სპეციალური ფიქსატორების მეშვებით მისი დაფიქსირება. გლუვი ლულა ადაპტერის კალიბრი შეადგენდა 0,76მმ-ს. მისი მონტაჟი და დემონტაჟი არ საჭიროებდა დიდ ძალისხმევას, რისი წყალობითაც მსროლელს მცირე დროში შეეძლო მოეხსნა ადაპტერი ლულიდან და გაეგრძელბინა საბრძოლო 5,56x45 კალიბრის ვაზნებით სროლა.
მთავარ ობიექტს წარმოადგენდა ახალი საბრძოლო მასალა, რომელიც 5,56x45 კალიბრის ვაზნის მასრისგან შედგებოდა. კონსტრუქტორებმა აიღეს საშტატო ვაზნის 5,56x45 მასრა და გაბურღეს მისი ფუძე ისე, რომ მასში მოთავსებულიყო ბრაუნინგის 6,35x15მმ-ანი (.25ACP) პისტოლეტის ვაზნის მასრა. რატომ არ დატოვეს მასრის ფუძე და კაფსულ მაალებელი სტანდარტული ხახით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში გვეხმარება ვაზნის კონსტრუქციის დეტალური შესწავლა.
მასრაში იდებოდა მოგრძო მეტალის ადაპტერი, ხოლო ამ ადაპტერის არხში მოთავსებული იყო დაახლოებით 3სმ (რიგი წყაროების თანახმად 23მმ) სიგრძის ნემსი (შეიძლება ვუწოდოთ ისარი), რომლის კალიბრიც შეადგენდა 0,76მმ-ს. სწორედ ამ ადაპტერის მოსათავსებლად იყო გაბურღული ვაზნის ფუძე. მასრაში ნემსიანი ადაპტერის ჩამაგრების შემდეგ იდებოდა ბრაუნინგის 6,35მმ-ანი პისტოლეტის ვაზნის კაფსულირებული მასრა და დენთის მუხტი.
სასხლეტზე თითის გამოკვრისას ნემსა ახდენდა 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნის კაფსულის აალებას, რომელიც თავისთავად იწვევდა დენთის მუხტის აფეთქებას. დენთის მუხტის აფეთქების შედეგად გამოყოფილი აირები უბიძგებდა 0.76მმ-ან ისრისებურ (ნემსისებურ) ტყვიას, რომელიც გაივლიდა ვაზნაში არსებულ ადაპტერს და შემდეგ ხვდებოდა გლუვ ლულა ადაპტერში. ნემსისებური ტყვია შედგებოდა ორი ნაწილისგან: 1. მოკლე წვეტიანი წინა ნაწილი დამზადებული იყო ვოლფრამისგან; 2. გრძელი უკანა ნაწილი, რომელიც მაგნიუმის შენადნობისგან იყო დამზადებული. ასეთი ორკომპონენტიანი კონსტრუქციის წყალობით ნემსისბური ტყვიის დასტაბილურება გლუვ ლულაში უკეთესად ხდებოდა. ნემსისებური ტყვიის უკანა ნაწილს, რომელიც მაგნიუმის შენადნობისგან იყო დამზადებული, გააჩნდა განივი ხრახნისებური ნაჭდევები, რომელშიც თავსდებოდა შესაბამისი დამაძინებელი ან პარალიტიკური მოქმედების მქონე ქიმიური შემადგენლობა. ნემსისებურ ტყვიას მიენიჭა სახელწოდება „Javette“. (აღნიშნული სახელით კომპანია „MB Associates“ -მა მანამდეც წარმოადგინა საცდელი პერსპექტიული ვაზნები, რომელიც ტყვიის მაგივრად ისროდა რამოდენიმე ისარისებურ დამაზიანებელ ელემენტს).
მცირე მუხტის და გრძელი მიკროკალიბრული ლულის წყალობით გასროლის ხმა იყო საკმაოდ დაბალი, რაც იძლეოდა შეუმჩვნეველი გასროლის განხორციელების საშუალებას. ნემსისებური ტყვია ლულას ტოვებდა 240-250 მ/წამი სიჩქარით. საცდელი სროლებისას დადგინდა, რომ ნემსისებურ ტყვიას შეეძლო ცხოველის ბეწვის და ტყავის (ასევე ადამიანზე სროლის შემთხვევაში ტანისასამოსის და ტყავის) გახვრეტა. ვინაიდან ნემსისებური ტყვია იყო მიკროკალიბრული, ბიოლოგიურ სამიზნეზე მოხვედრისას არ ჰქონდა მკვეთრად შესამჩნევი ტკივილის შეგრძნება. სამიზნე უბრალოდ იგრძნობდა მცირე ჩხვლეტას, რომელიც ჰგავდა მწერის ნაკბენს. ქიმიური შემადგენლობა სწრაფად იწყებდა სისხლში მოქმედებას, რომლის წყალობითაც სამიზნე დროის მცირე მონაკვეთში იძინებდა / პარალიზდებოდა და კარგავდა წინააღმდეგობის გაწევის უნარს. სანამ საყარაულო ძაღლს ან დაცვას ეძინა, დივერსიული ჯგუფი, სპეცდანიშნულების მებრძოლები, ახერხებდნენ დაცულ ტერიტორიაზე შეუმჩნევლად შეღწევას. დღეს არ არსებობს უტყუარი ცნობები „Javette“-ის რეალურ საბრძოლო პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, თუმცა რიგი წყაროები ამბობს, რომ მას იყიენებდნენ 1966-1973 წლებში ჩრდილოეთ ვიეტნამში.
კომპანია „MB Associates“ პროექტ “Javette”-ის ფარგლებში არ შეჩერებულა, მხოლოდ 5,56x45 კალიბრის სპეციალური ვაზნის შემუშავებით. მათ მიერ ასევე შეიქმნა ნემსისებური ტყვიით აღჭურვილი  .22LR ტიპის ვაზნა. სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ ამ ვაზნების გამოყენება  ხდებოდა პისტოლეტებში High Standard (Hi-Standard) HDM, რომლითაც CIA (Central Intellegence Agency) იყო შეიარაღებული.
ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტი High Standard (Hi-Standard) HDM
მოგვიანებით კომპანია „MB Associates“-მა, მერილენდში მდებარე Fort Detrick-ის სამხედრო ობიექტიდან, რომელშიც შედიოდა ამერიკის არმიის სამედიცინო ცენტრი ე.წ. MEDCOM (Medical Command) და ბიოლოგიურ-ბაქტერიული (ასევე ენტემოლოგიური) იარაღის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორები, მიიღო შეკვეთა ნემსისებურ ტყვიებზე, რომელიც აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსთვის (CIA) უნდა შემუშავებულიყო.  პირველი ვარიანტის „Javette“- ტიპის ნემსისებური ტყვია (რომელზეც ზევით ვისაუბრეთ) რჩებოდა ადამიანის ორგანიზმში და მისი აღმოჩენა შესაძლებელი იყო, ხოლო CIA-ს ესაჭიროებოდა ისეთი ნემსისებური ტყვია, რომელიც აორთქლდებოდა ორგანიზმში. გადაწყდა რომ ახალი ნემსისებური ტყვია ყოფილიყო დამზადებული ვოლფრამისებური ფხვნილისგან, რომელიც სპეციალური წებოთი შეერთდებოდა. წებო სისხლში მოხვედრისას იქნებოდა ხსნადი, რაც სხლეუში შესვლისას გამოიწვევდა მისი სტრუქტურის დაშლას. ანუ მარტივად, რომ ვთქვათ ტყვია აორთქლდებოდა ორგანიზმში შესვლისას. ასეთ ნემსისებურ ტყვიაში უკვე გამოყენებულ იქნებოდა სხვადასხვა ლეტალური მოქმედების ბიოლოგიურ-ბაქტერიული შემადგენლობა და ორგანული წარმომავლობის ტოქსინები, მაგალითად ერეთრთი ტოქსინი განკუთვნილი იყო გულსისხლძარღვთა სისტემისთვის და სხეულში მოხვედრისას იწვედა ინფარქტით გარდაცვალებას. ნემსისებური ტყვიის უკანა ნაწილი უნდა დამზადებულიყო, ასევე ხსნადი პლასტმასისგან, რომელიც სისხლთან კონტაქტისას დადნებოდა.
ცვლილება შევიდა ასევე ვაზნის კონსტრუქციაში. ახალი ვაზნა უნდა ყოფილიყო მრავალჯერადი გამოყენების და შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მისი გადამუხტვა. ასევე მაქსიმალურად ჩუმი გასროლისთვის ვაზნა აღიჭურვა ელექტრონული ამაალებელით. აღნიშნულ ვაზნაზე შეიქმნა სპეციალური ერთმუხტიანი პისტოლეტი, რომელსაც არ ჰქონდა არც გასროლის ხმა და არც კაფსულაზე ნემსის დარტყმის შედეგად გამოწვეული ჩხაკუნი. ვაზნის ფუძეში არსებული მაალებელი შემადგენლობა სასხლეტზე თითის დაჭერის დროს გაგზავნილი ელექტრონული იმპულსით დეტონირდებოდა.
დღეს არ არსებობს რაიმე ოფიციალური ცნობები ამ პისტოლეტების რეალურ სიტუაცებში გამოყენების შესახებ, თუმცა სხვადასხვა წყაროების თანახმად იგი საცდელი სახით ვიეტნამის ომში იქნა გამოყენებული.  1969-70 წლებში აშშ-ს რიგით 37-ე პერზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა (Richard Milhous Nixon) თავის ბრძანებით აკრძალა ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენება. შესაბამისად „MB Associates“-ის ქმნილებაც მოხვდა აკრძალული იარაღის ნუსხაში.
მოგვიანებით, როდესაც ინფორმაციამ ნემსისებური ვაზნების შესახებ საზოგადოებაში გაჟონა, მასზე გათვლილ პისტოლეტს შეარქვეს სახელი  „Heart Attack Gun“ (გულის შეტევის პისტოლეტი).
1975 წელს აშს-ს კონგრესმა გამართა სხდომა, რომელიც ეძღვნებოდა CIA-ს საქმიანობას. აღნიშნულ ღონისძიებაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ასევე კომპანია „MB Associates“ -ის მიერ შექმნილი იარაღები. სწორედ ამ დროს სხდომათა დარბაზში დემონსტრირებულ იქნა რამოდენიმე ცალი „Heart Attack Gun“.
ფოტოზე გამოსახულია სენატორი ფრენკ ჩერჩი და ჯონ ტაუერი, რომლებიც ახდენენ პისტოლეტის „Heart Attack Gun“ დემონსტრირებას. ფოტოს ავტორი Washingtonpost.com
ამ ფაქტის შემდეგ საზოგადოებაში უამრავი მითქმა-მოთქმა გავრცელდა სხვადასხვა ადამიანთა მკვლელობის შესახებ, რომელთაც მანამდე არ აწუხებდათ გული და მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალნენ. ბუნებრივია ასეთი გარდაცვალების ფაქტები ყოველთვის იწვევს საზოგადოების ეჭვს, მაგრამ არავინ არ იცის თუ კონკრეტულად სად? როდის? ვის მიმართ? იქნა გამოყენებული „Heart Attack Gun“ და ალბათ არც არასოდეს გახდება ცნობილი!

No comments:

Post a Comment