რევოლვერი FN Barracuda

1970-ანი წლების დასაწყისში ბელგიურმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ Fabrique Nationale d’Herstal (FN Herstal), ბაზარზე წარმოადგინა რევოლვერი აგრესიული სახელწოდებით „FN BARRACUDA“. აღნიშნული სახელწოდება აღებულ იქნა მტაცებელი თევზისგან „Sphyraena barracuda“, რომელიც მსოფლიო ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში ბინადრობს. კომპანიის გათვლებით რევოლვერის მთავარ სამიზნე ჯგუფს პირველ რიგში წარმოადგენდა ევროპული და ამერიკული საპოლიციო იარაღის ბაზარი. კომპანია ასევე ვარაუდობდა, რომ რევოლვერი მოხვდებოდა სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების შეიარაღებაშიც.
 
რევოლვერი FN Barracuda
მთავარ მომენტს წარმოადგენდა ის, რომ რევოლვერი ეგრედწოდებული მულტიკალიბრული თვისებით გამოირჩეოდა. იგი დაკომპლექტებული იყო 2 ცალი დოლურით. ერთი დოლურა გათვლილი იყო რევოლვერის ვაზნაზე .357 Magnum, რომლშიც ასევე შეიძლებოდა მისი მსგავის გეომეტრიის მქონე უფრო სუსტი ვაზნების .38 Special გამოყენება. 
რევოლვერი FN Barracuda, დამატებითი დოლურა და ვაზნები .357 Magnum, .38 Special, 9x19 Parabellum (9mm Luger)
მეორე დოლურა კი გათვლილი იყო პისტოლეტის ვაზნაზე 9x19 Parabellum (9mm Luger), რომელშიც სპეციალური სწრაფდამტენი ვარსკვლავისებური ფორმის „კლიპის“ (ე.წ. „აბოიმის“) მეშვეობით შეკრული 6 ცალი ვაზნა თავსდებოდა.
 სწრაფდამტენი "კლიპების" გამოყენების დემონსტრირება
 
ასეთი გათვლის წყალობით რევოლვერს შეეძლო როგორც იმ პერიოდში აშშ-ს პოლიციელებს შორის პოპულარული რევოლვერის ვაზნების გამოყენება, ასევე დოლურის შეცვლის შემთხვევაში ევროპის ქვეყნებში გავრცელებული 9მმ-ანი ვაზნის 9x19 Parabellum (9mm Luger) მონელება. ერთი შეხედვით ასეთი ნაბიჯი ბელგიური კომპანიის (FN) მხრიდან სწორ გათვლას წარმოადგენდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვთარდა.
რევოლვერი „FN Barracuda“ იარაღის ბაზარზე 1974 წელს გამოჩნდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მის დამზადება მოხდა ცნობილი ესპანური კომპანიის „Astra Unceta y Cía SA“-ს მიერ, რომელსაც ბელგიურმა ფაბრიკა FN -მა დაუკვეთა რევოლვერების პარტია. დამზადებული რევოლვერების ხარისხის კონტროლს და ტესტირებას ანხორციელებდა დამკვეთი კომპანია „Fabrique Nationale“ (FN).
 
რიგ წყაროებში გვხდება ცნობები, რომლის თანახმად რევოლვერების პირველი პარტია დაიტესტა სხვადასხვა ვაზნების გამოყენებით და სულ თითო სატესტო რევოლვერიდან ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გასროლილ იქნა 4500 ცალი ვაზნა. სწორედ აღნიშნული ტესტირების შემდეგ Fabrique Nationale-მა დაიტანა რევოლვერის ჩარჩოზე საკუთარი ლოგო (სავაჭრო ნიშანი).

რევოლვერის კონსტრუქცია შემუშავებული იყო ტრადიციული სქემით და გააჩნდა მთლიანად ფოლადისგან დამზადებული ჩარჩო. რევოლვერი კონსტრუქციულად ახლოს იდგა ამერიკული “Smith & Wesson” -ის განიერი „K“ ტიპის (ე.წ. K-frame) ჩარჩოაინ რევოლვერებთან. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ჩახმახიანი თვითშეყენებადი ტიპის (ე.წ. ორმაგი მოქმედების DA). მსროლელეს შეეძლო ჩახმახის წინასწარ (ხელით) შეყენებაც. ჩახმახი წარმოადგენდა მხოლოდ დამრტყმელის დანიშნულებას, ხოლო საცემი ნემსა განთავსებული იყო რევეოლვერის ჩარჩოში.
რევოლვერის საბრძოლო ზამბარა
დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ქარხნულად დარეგულირებული იყო შემდეგი პრინციპით: ორმაგი მოქმედების რეჟიმით (DA) სროლისას სასხლეტზე დაწოლის ძალისხმევა შეადგენდა 11 ფუნტს, ხოლო წინასწარ შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში (SA) 4,84 ფუნტს. მფლობელს შეეძლო შეეცვალა ქარხნული პარამეტრები და მის გემოზე დაერეგულირებინა სასხლეტი.  რევოლვერის ვაზნებით დასამუხტად დოლურა გადადიოდა მარცხნივ.
მასრების ექსტრაქცია ხდებოდა ერთდროულად. დოლურის სამაგრი კვანძის კონსტრუქცია იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მფლობელს წამებში მოეხსნა იგი და შეეცვალა მეორე დოლურით. რევოლვერის სამიზნე მოწყობილობა იყო არარეგულირებადი. წინა სამიზნე მოწყობილობა ცალკე დეტალის სახით მზადდებოდა და შემდგომ მაგრდებოდა ლულის ბოლოში, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა რევოლვერის ჩარჩოს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ლულის სიგრძე შეადგენდა 3 დუიმს (76მმ). იგეგმებოდა, რევოლვერების დამზადება სხვადასხვა სიგრძის ლულებით, თუმცა მხოლოდ 76მმ სიგრძის ლულით იქნა წარმოებული. სავარაუდოდ კომპანია FN-მა ჩათვალა, რომ თუ რევოლვერი გახდებოდა პოპულარული, შემდეგ მოახდენდა მათ წარმოებას განსხვავებული სიგრძის ლულებით. რევოლვერის ტარის ლოყები შესრულებული იყო ხისგან და იმეორებდა კოლტის რევოლვერებში გამოყენებული ლოყების მოყვანილობას. სასხლეტი კავის დამცავი იყო ისეთი ფორმის, რომ მსროლელს დამატებითი სიმყარისთვის შეეძლო მის წინა ნაწილზე თითებით მოჭიდება. რამდენადაც ცნობილია სხვადასხვა მფლობელებისგან, რევოლვერი გამოირჩეოდა შესრულების მაღალი ხარისხით და ზედაპირის იდეალური დამუშავებით.

საბოლოოდ „FN BARRACUDA“ განწირული აღმოჩნდა, რადგანაც აშშ-ს იარაღის ბაზარზე ისეთი ძლიერი მეტოქეები ბატონობდნენ, როგორიცაა „Smith & Wesson“, „Colt“, „Ruger“ და სხვა. აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოებულ რევოლვერებს უკვე დამკვიდრებული ჰქონდათ თავიანთი ადგილი, როგორც აშშ-ს სამართალდამცავთა რიგებში, ასევე სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. გარდა ზემოაღნიშნულისა „FN BARRACUDA“-ს წარუმატებლობა განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ სწორედ ამ პერიოდში ძალოვან თუ სამართალდამცავ სტრუქტურებში თვითდამტენმა პისტოლეტებმა დაიწყეს ფეხის მოკიდება. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ იარაღის ბაზარმა ზურგი აქცია „FN BARRACUDA“-ს, ხოლო 1984 წელს მათი წარმოება შეწყვეტილ იქნა. (რიგი წყაროების თანახმად რევოლვერები კომპანიის სავაჭრო კატალოგებიდან 1889 წლის შემდეგ გაქრა. რიგი წყაროები კი რევოლვერის წარმოების შეწყვეტას 1987 წლიდან იუწყება). დღეს არ არსებობს ზუსტი ცნობები დამზადებული რევოლვერების რაოდენობის შესახებ, თუმცა ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ 10-15 წლის განმავლობაში სულ რამოდენიმე ათას ეგზემპლარამდე იქნა დამზადებული, რომელთა უმეტესობა მხოლოდ 1 ცალი .357 Magnum / .38 Special კალიბრის დოლურით იქნა დაკომპლექტებული. დღეს 9x19 Parabellum (9mm Luger) ვაზნაზე გათვლილი დოლურის შოვნა თითქმის შეუძლებელია და იარაღის კოლექციონერები რასაც ჰქვია ნადირობენ მასზე.
ესპანური რევოლვერი “Astra .357 Police”
ესპანური კომპანია „Astra Unceta y Cía“ საკუთარი სახელითაც აწარმოებდა რევოლვერს, სახელწოდებით “Astra .357 Police”, რომელიც მყიდველის სურვილის შემთხვევაში დაკომპლექტდებდა დამატებითი დოლურით 9x19 Parabellum, ან ეგზოტიკურ 9x23mm Steyr ტიპის ვაზნაზე. ესპანური ვარიანტი FN Barracuda -სგან გამოირჩეოდა მომრგვალებული სასხლეტი კავის დამცავის ფორმით და ტარის ლოყების მოყვანილობით. რიგი წყაროების თანახმად ასეთი რევოლვერები გარდა ესპანეთის პოლიციისა, მცირე რაოდენობით მოხვდა იორდანიის სამართალდამცავ სტრუქტურებში.
ალბათ ბედის ირონიად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ერთ დროს ყველაზე პოპულარული და თვითდამტენი პისტოლეტების მწარმოებელ კომპანიებს შორის ერთერთი "პიონერი" ფაბრიკის (FN) რევოლვერი წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს იყო FN -ის ისტორიაში რევოლვერის შექმნის პირველი და ალბათ უკანასკნელი მცდელობა. > [აქ ახლა რაიმე გულისამაჩუყებელი მუსიკა უნდა შემოდიოდეს] :)))

No comments:

Post a Comment