ყველაფერი მაკაროვის ვაზნების შესახებ (9х18 ПМ)

ვაზნის შექმნის ისტორია
 
1945 წელს საბჭოთა კავშირში მიღებული იქნა გადაწყვეტილება არმისაათვის შეემუშავებინათ ახალი პისტოლეტის ვაზნა და პისტოლეტი. ამავე წელს გამოცხადდა კონკურსი, რომელში გამარჯვებული პისტოლეტით უნდა შეცვლილიყო შეიარაღებაში არსებული ტოკარევის სისტემის პისტოლეტი „ТТ“. კონკურსის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დამზადებულიყო ორი სხვადასხვა კალიბრის პისტოლეტი:
1. 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე(7,65х17);
2. 9მმ-ან ვაზნაზე.
 
პისტოლეტს უნდა ჰქონოდა უფრო მცირე გაბარიტები და მასა(წონა), ვიდრე იმ მომენტისათვის შეიარაღებაში არსებულ 7,62მმ-ან ტეტეს სისტემის პისტოლეტს (ТТ). გარდა ამისა პისტოლეტი უნდა ყოფილიყო საიმედო და ზუსტი.    
1945 წელს საბჭოთა კავშირში არ არსებობდა საკუთარი წარმოების 9მმ-ანი ვაზნები. სპეციალურად ახალი პისტოლეტის პროტოტიპების შესაქმნელად 1946-1947 წლებში ახლანდელი ЦНИИТОЧМАШ-ის (Центральный научно-исследовательский институт точного машиностроения) (იმ პერიოდში ერქვა НИИ-44 Научно-исследовательский институт) ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნა ახალი ვაზნა. პროექტს ხელმძღვანელობდა  Б.В. Сёмин. 

ბორის ვლადიმერის ძე სიომინი (Семин Борис Владимирович 1911-1982)
ჯგუფმა მიზნად დაისახა შეექმნათ ვაზნა, რომელიც იქნებოდა 9მმ-ანი ბრაუნინგის მოკლე ვაზნის (9х17) გაბარიტების მქონე, ხოლო სიძლიერით მასზე მეტი.  ზუსტად ანალოგიური ტიპის პროექტი განხორციელდა გერმანიაში 1936 წელს. პროექტის  მიზანი იყო შეექმნათ ვაზნა რომელიც სიძლიერით შუალედურ პოზიციას დაიკავებდა 9მმ-ანი ბრაუნინგის მოკლე ვაზნას (9x17mm Kurz/Short) და 9х19Luger (Prabellum)-ს შორის. გერმანელბმა შექმნეს ვაზნა 9х18 Ultra (ვაზნას აწარმოებდა კომპანია “Geco”), რომელმაც შემდგომ 1976 წელს გაიარა მცირედი მოდიფიცირება და მიენიჭა დასახელება “9х18 Ultra/Police”, რომლის წარმოებაც დაიწყო კომპანია «Hirtenberger»-მა.  ზუსტად 9х18 Ultra-ს გავლენით შეიქმნა საბჭოთა ვაზნა, რომელსაც თავდაპირველად მიენიჭა დასახელება 9х18. 
 
მიუხედავად იმისა, რომ გერმანული და საბჭოთა ვაზნების აღნიშვნა მეტრულ სისტემაში იყო ერთნაირი 9х18, ისინი მაინც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან გაბარიტებით. ორივე ვაზნის მასრა იყო სიგრძეში 18მმ-მდე, მაგრამ გერმანული ვაზნის ტყვიის დიამეტრი არ აღემატება 9,02მმ-ს ხოლო საბჭოთა ვაზნის ტყვიის დიამეტრი მერყეობდა 9,2-9,27მმ-მდე. აღნიშნული სხვაობის მიზეზი გახლდათ ის, რომ დასავლეთის ქვეყნებში იარაღის ლულის კალიბრი იზომება ჭრილებს შორის, ხოლო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კი ლულის ჭრილების ველებს შორის. 
შესაბამისად ერთნაირად აღნიშნული კალიბრის საბჭოთა და დასავლეთის იარაღის ლულების ჭრილის აზომვის შემთხვევაში ვიღებთ რეალურად განსხვავებულ ციფრებს. მაგალითად: მაკაროვის სისტემის პისტოლეტის ლულაში ველებს შორის მანძილი შეადგენს 9მმ-ს შესაბამისად ჭრილების დიამეტრი აღემატება 9მმ-ს და ამისათვის საჭიროა ოდნავ უფრო მსხვილი ტყვია 0,2-0,27მმ-ით ანუ 9,2-9,27მმ, რათა მოხდეს მისი ჭრილებში გატარება(დამუშავება).  ხოლო დასავლური იარაღის შემთხვევაში, რომელიც გათვლილია 9მმ-ან ვაზნაზე მაგალითად 9х19 (9mm Luger) აზომვა ხდება ჭრილებს შორის.  შესაბამისად მანძილი ჭრილებს შორის შეადგენს 9მმ-ს ხოლო ველებს შორის კი უფრო მცირეს 8,8მმ-ს. აქედან გამომდინარე ტყვიის დიამეტრი არის 9,02მმ-მდე.
სხვაობა გერმანულ და საბჭოთა ვაზნას შორის იყო აგრეთვე მასრის ფუძის დიამეტრშიც. გერმანული ვაზნის შემთხვევაში მასრის ბოლოში ნაწიბურს იქით მასრის ფსკერი არის ოდნავ უფრო მცირე დიამეტრის ვიდრე მასრის ძირითადი კორპუსი, ხოლო საბჭოთა ვაზნის შემთხვევაში მასრის ფუძე სტანდარტული ზომისაა.

შესაძლებელია თუ არა გამოვიყენოთ 9х18 Ultra / Police მაკაროვის პისტოლეტში ან პირქით მაკაროვის 9х18 მმ-ანი ვაზნა ულტრაზე გათვლილ პისტოლეტში?
მაკაროვის ვაზნას ბევრი იყენებს 9х17ბრაუნინგსი მოკლე ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტში რაც ძალიან სარისკოა. იგივე შეიძლება ითქვას 9х18 Ultra-ზე გათვლილ პისტლეტზეც, რადგანაც მაკაროვის ტყვიის რეალური დიამეტრი განსხვავებულია ულტრას ვაზნისაგან. რაც შეეხება მაკაროვის პისტოლეტში 9х18 Ultra ტიპის ვაზნის გამოყენებას თეორიულად შესაძლებელია მაგრამ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგანაც:
1. მეეჭვება საქართველოში ვინმემ იშოვოს ვაზნა 9х18 Ultra/Police;
2. დიდი ალბათობით მასრის ექსტრაქცია მისი ფუძის მცირე დიამეტრის გამო ან საერთოდ ვერ მოხდება, ან შეექმნება შეფერხებები. მასრის მცირე დიამეტრის გამო შესაძლოა მოხდეს მისი გაბერვაც, რადგანაც სავაზნეს კედლებსა და მასრას შორის იქნება თავისუფალი ადგილი;
3. სიზუსტე იქნება უფრო ცუდი რადგანაც ტყვიის დიამეტრი უფრო მცირეა და დენთის აირების ობტურაცია ვერ იქნება სათანადო (ანუ აირები გაიპარება ლულის არხსა და ტყვიას შორის)(აირები გამოიპარება აგრეთვე მასრასა და სავაზნეს შორის, თუ გასროლისას მასრა არ გაიბერა).
ერთერთ რუსულ ვებ გვერდზე „მცოდნე“ წერდა რომ ისროდა მაკაროვის პისტოლეტიდან 9х18 Ultra ვაზნებს და სავაზნეში რყევა (შატკა) რომ არ ყოფილიყო მასრაზე ახვევდა ერთ ფენა სკოჩს ან საიზოლაციო ლენტას. რატომ უნდა დასჭირდეს რუსეთში (მაკაროვის სამშობლოში) კაცს ამდაგვარი ექსპერიმენტი ჩემთვის გაუგებარია. 
პირველი საბჭოთა 9მმ-ანი საცდელი ვაზნების მასრები აღებულ იქნა 7,62მმ-ანი №711 ქარხანაში დამზადებული ტეტეს ვაზნიდან (7,62х25), რომელიც შეამოკლეს(გადაჭრეს) 18მმ-მდე და მოარგეს 9მმ-ანი ტყვია.  საცდელი ვაზნები დამუხტული იყო 6,1გრამიანი ტყვიით, ჰქონდა ბიმეტალის გარსი და მთლიანად ტყვიის გულარი. 1951 წელს შეიარაღებაში ოფიციალურად მიიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი (ПМ-Пистолет Макарова) და აღნიშნული ვაზნა, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება “9х18 ПМ”.  ვაზნას გააჩნდა ცილინდრისებული ფორმის მასრა, რომელშიც ტყვიის ჩამაგრება ხდებოდა მასრის შემოჭიმვის მეთოდით.

 9х18მმ-ანი ვაზნის შექმნის დღიდან, საბჭოთა კავშირში და შემდგომ რუსეთში ხდებოდა სხვადასხვა ტიპის ტყვიით დამუხტული ვაზნების წარმოება. ზოგი ვაზნა სერიულად იწარმოებოდა ზოგიც კი მხოლოდ საცდელი სახით გამოდიოდა. შევეცდები დეტალურად აღვწერო კონკრეტული ტიპის ვაზნები.

          9x18მმ მაკაროვის ვაზნის ვარიანტები

ვაზნა ტყვით 'П'  (9х18 ПМ/П)
1951 წელს მაკაროვის პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებასთან ერთად მიიღეს მისი ვაზნა "9х18 ПМ" ტყვიით “П”, რომელიც იყო ბიმეტალის გარსიანი მთლიანად ტყვიის გულარით. ვაზნა შედგებოდა ლატუნის მასრისაგან, ბერდანის ტიპის კაფსულ-მაალებლისაგან, უკვამლო დენთის მუხტისაგან მარკით  П-125 და სფეროსებური ფორმის თავიანი ტყვიისაგან. 
საცდელი პარტიის დამზადება განხორციელდა კლიმოვსკის საშტამპო ქარხნის მიერ (№711 Климовский штамповочный завод). შემდგომ მისი სერიული წარმოება დაიწყო იურუზანის მექანიკურმა ქარხანამ (№38 Юрюзанский механический завод) და №270 ლუგანსკის ვაზნების ქარხანამ (Луганский патронный завод). ვაზნები  9х18 ПМ ტყვიით „П“ იწარმოებოდა 1956 წლამდე, რადგანაც შემდგომ სერიულ წარმოებაში დარჩა ვაზნები ფოლადის გულარიანი ტყვიით ПСТ.

ფოტოზე გამოსახულია ყველაზე ადრეული მაკაროვის საშტატო ვაზნა 9x18 ПМ  ტყვიით П

ჩემს მიერ გადამოწმებულ იქნა რუსეთის ვაზნების მწარმოებელი კომპანიის მონაცემები და გავარკვიე, რომ სტატიის დაწერის მომენტში მსგავსი ტიპის ვაზნები კვლავ იწარმოება და მინიჭებული აქვს სახელწოდება ПС (Пуля Свинцовая). ვაზნას საექსპორტოდ აწარმოებს ნოვოსიბირსკის დაბალვოლტიანი აპარატურის ქარხანა. მისი ტყვიის მასა(წონა) შეადგენს 6,1გრამს, საწყისი სიჩქარე 315მ/წამს, ენერგია კი 303 ჯოულს. ტულის ვაზნების ქარხანა აწარმოებს ვაზნას, რომლის ტყვიის მასა(წონა) შეადგენს 6,86გრამს, საწყისი სიჩქარე 303მ/წამს, ხოლო ენერგია 315ჯოულს. ვაზნები იწარმოება აგრეთვე ბარნაულის დაზგამშენებელ ქარხანაში (Барнаульским станкостроительны завод) შემდეგი მონაცემებით - ტყვიის მასა(წონა) 6,1გრამი, საწყისი სიჩქარე 325მ/წამი, ენერგია 322ჯოული.
საქართველოში მე შემხვედრია როგორც ტულის ვაზნების ქარხნის გამოშვებული ვაზნები ПС ტყვიით, აგრეთვე ძველი ლუგანსკის ქარხნის  ვაზნები მოყვითალო ფერის მასრით (ვაზნის ფუძეზე დამღა 270 და ასო E).

ვაზნის 9х18 ПМ/П სქემა და მისი ტყვია

აღნიშნული ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები წარმოადგენს ერთგვარ ეტალონურ შაბლონს

ვაზნა ფოლადის გულარიანი ტყვიით 9х18 ПМ/ПСТ
ვაზნა ტყვიით ПСТ (Пуля Стальная) პირველად დამზადდა 1954 წელს და განკუთვნილია ცოცხალი ძალის დასაზიანებლათ პისტოლეტიდან სროლისას 50 მეტრ დისტანციამდე, ხოლო პისტოლტ-ტყვიამფრქვევიდან 200 მეტრ დისტანციამდე. ტყვია შედგება ბიმეტალის გარსისაგან, სოკოს ფორმის ფოლადის გულარისაგან (ე.წ. პენეტრატორისგან) და ტყვიის პერანგისაგან.  ტყვია ПСТ  2მმ-ით უფრო გრძელია ვიდრე П ტიპის ტყვია. ტყვიის ძირი ПСТ-ს შემთხვევაში ბრტყელია, ხოლო П ტიპის ტყვიის ძირი არის შეღრმავებული ფორმის. 
მაკაროვის პისტოლეტის საშტატაო ვაზნა 9x18 ПМ ტყვიით ПСТ

ვაზნების წარმოება ტყვიით ПСТ დაიწყეს 1956 წელს იურუზანის მექანიკურ ქარხანაში  №38 (Юрюзанский механический завод) და მიღებულ იქნა შიარაღებაში სახელმწიფო საარტილერიო სამმართველოს (ГАУ ) ინდექსით 57-Н-181С. როგორც კი სერიულად მოხდა მათი წარმოება ავტომატურად შეჩერდა П ტიპის ტყვიებით დამუხტული ვაზნების წარმოება, რადგანაც ПСТ-ს უფრო უკეთესი მონაცემები გააჩნდა გამჭოლი ენერგიის თვალსაზრისით (ანუ უფრო კარგად ხვრეტდა წინააღმდეგობებს). ზოგადად საბჭოთა კავშირში თავდაპირველი მიდგომა იყო ის, რომ ტყვიას უნდა ჰქონოდა კარგი  პენეტრაცია(შეღწევადობა) და ხშირად გამოცდისას ტყვიას ესროდნენ ფიჭვის დაფებისაგან გაკეთებულ ბლოკებს. რაც მეტ ბლოკს გახვრიტავდა ტყვია, მით უფრო კარგად ითვლებოდა იგი.   

ყველაზე მეტი ვაზნა ПСТ ტყვიით ძირითადად იწარმოებოდა №38 ქარხანაში ბიმეტალის მასრებით. წარმოება ხდებოდა 1989 წლამდე.  1956-1963 წლებში ПСТ ტყვიით დამუხტულ ვაზნებს გააჩნდათ იასამნისფერი ლაკ-ჰერმეტიზატორით მარკირება კაფსულ-მაალებელზე, ხოლო დაახლოებით 1950-ანი წლების მიწურულს რიგ პარტიებზე იასამნისფერი ლაკ-ჰერმეტიზატორით მარკირება დაიწყეს აგრეთვე მასრის და ტყვიის გასაყარზეც წრიულად. 1963 წლიდან 1965 წლამდე კი ყველა პარტიის ვაზნაზე იასამნისფერი ლაკ-ჰერმეტიზატორით ხდებოდა მარკირება როგორც კაფსულზე აგრეთვე მასრის და ტყვიის გასაყარზე წრიული სახით. 1965 წელს იასამნისფერი ლაკის მაგივრად დაიწყეს ბორდოსფერი (მოწითალო) ლაკის გამოყენება. 

1990 წლიდან ПСТ ტყვიით დამუხტული ვაზნების წარმოება დაიწყეს ტულის ვაზნების ქარხანაში №539 (Тульский патронный завод), რომელსაც გააჩნდა ბიმეტალის მასრა ფოსფატირებულ-ლაკირებული დაფარვით, აგრეთვე ლუგანსკის №270 ქარხანაში. 1994 წლიდან ვაზნების წარმოებას შეუართდა ნოვოსიბირსის ვაზნების ქარხანა №188 (Новосибирский патронный завод) მოგვიანებით კი მათი წარმოება დაიწყო ულიანოვსკის მანქანამშენებელმა ქარხანამ  №3 (Ульяновский машиностроительный завод) – ბიმეტალის და ფოლადის ლაკირებული მასრებით,  ამურის ვაზნების ქარხანა №7 (Амурский патронный завод) -ბიმეტალის მასრებით და ბარნაულის ვაზნების ქარხანა №17 (Барнаульский патронный завод) ფოლადის ლაკირებული მასრებით. 



ვაზნების მარკირება მასრის ფუძეზე:

მასრის ფუძეზე კაფსულ მაალებლის ზემოთ დატანილი კოდები მიუთითებს მწარმოებელ ქარხანაზე

38 - № 38 იურუზანის მექანიკური ქარხნა (Юрюзанский механический завод);

539 - № 539 ტულის ვაზნების ქარხანა (Тульский патронный завод);

188 - № 188 ნოვოსიბირსკის ქარხნა (Новосибирский завод низковольтной аппаратуры);

3 - № 3 ულიანოვსკის მანაქნამშენებელი ქარხანა (Ульяновский машиностроительный завод);

270 - №270 ლუგანსკის ვაზნების ქარხანა;

7 - №7 ამურის ვაზნების ქარხანა (Амурский патронный завод);

17 - №17 ბარნაულის ვაზნების ქარხანა (Барнаульский патронный завод);

711 - №711 კლიმოვსკის საშტამპო ქარხანა (Климовский штамповочный завод);

მასრის ფუძეზე ქვემოთ დატანილი ციფრები მიუთითების გამოშვების წელზე

საქართველოში შესაძლოა შეგხვდეს ასევე ვაზნები, რომელიც ტყვიის და მასრის გასაყარზე და კაფსულ მაალებელზე მწვანე ფერის ლაკ ჰერმეტიზატორით არის მონიშნული.  ამ ვაზნების მასრის ფუძეზე დატანილია ქარხნის კოდი 10. ეს გახლავთ ბულგარეთის წარმოების ვაზნები ქარხანა №10. (ბევრს ეს ვაზნა ჰგონია ან მგეზავი ე.წ. ტრასირი, ან გაძ₾იერებული მუხტის მქონე ვაზნა რაც არ შეესაბამება რეალობას).

9х18 ПМ/ПСТМ (ПММ) (მაღალიმპულსური ვაზნა გაზრდილი გამტანობის ტყვიით)

80-ანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირში დაიწყეს მუშაობა ახალ პისტოლეტზე და ვაზნაზე, რომელიც უფრო ეფექტური იქნებოდა თანამედროვე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი მებრძოლების წინააღმდეგ, ვიდრე მაკაროვის პისტოლეტი და მისი ვაზნა.  კონკურსს მიენიჭა შიფრი  «Грач», რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ერთერთი იყო  9х18მმ-ანი მაკაროვის პისტოლეტის ვაზნის მოდერნიზების პროექტი. კონკურსზე წარმოდგენილ იქნა მაღალიმპულსიანი ვაზნა, რომლის ტყვიასაც გააჩნდა ფოლადის გულარი და მომატებული საწყისი სიჩქარე  (410-435 /წამი). მომატებული საწყისი სიჩქარე მიიღწევოდა ტყვიის მასის (წონის) შემცირებით და დენთსი მუხტის გაზრდით. იმისათვის, რომ შეემცირებინათ ასხლეტის (რიკოშეტირების) ალბათობა, ტყვიას ცხვირის ნაწილში გაუკეთეს წაკვეთილი კონუსისებური ფორმა. ვაზნის დამუშავებისას შექმნილ იქნა ტყვიის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ გულარის წონით და ტყვიის ცხვირის ფორმებით. 15-20მეტრ დისტანციაზე სროლისას ტყვია 80% ალბათობით უზრუნველყოფდა 3მმ-ანი ფოლადის ფურცლის Ст.3-ის გახვრეტას, ხოლო 10 მეტრამდე სროლისას ტყვიას შეეძლო გაეხვრიტა ჯავშანჟილეტი Ж-81.  ტყვია შედგებოდა ბიმეტალის გარსისაგან, ფოლადის ცილინდრული ფორმის გულარისაგან, რომელსაც გააჩნია კონუსისებური ცხვირი და ტყვიის პერანგი. 

მაღალიმპულსურმა ვაზნებმა გაიარეს სახელმწიფო გამოცდები და მიღებულ იქნა შეიარაღებაში ორნაირი ინდექსით  ГРАУ 57-Н-181СМ  და 7Н16.

რადგანაც ვაზნას გააჩნდა 1/3ჯერ მეტი ბალისტიკური იმპულსი, ვიდრე სტანდარტულ 9х18მმ-ან მაკაროვის ვაზნას, მათი გამოყენება მაკაროვის პისტოლეტებში იწვევდა იარაღის მწყობრიდან გამოსვლას და დეტალების  ნაადრევ ცვეთას. აქედან გამომდინარე კონკურსზე სახელწოდებით «Грач», წარმოდგენილ იქნა მაკაროვის მოდერნიზირებული პისტოლეტი ПММ (Пистолет Макарова Модернизированный). პისტოლეტი სტანდარტული მოდიფიკაციისგან განსხვავდებოდა იმით, რომ გააჩნდა 12 ვაზნიანი კოლოფი და ლულის სავაზნე ნაწილში სპეციალური ჭრილები, რომლებიც ზრდიდა ხახუნის ეფექტს მასრის ექსტრაქციისას.
რა სჭირო იყო ჭრილები სავაზნეში? როგორც ზევით ავღნიშნეთ ახალი ვაზნა სტანდარტულისაგან გამოირჩევოდა მომატებული დენთის მუხტით, რომლის წნევაც თითქმის 9х19 კალიბრის ლუგერის ვაზნის (9mm Luger) იდენტური იყო. მოდერნიზირებული მაკაროვის პისტოლეტი (ПММ) მისი წინამორბედის მსგავსად მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, ამიტომ გაძლიერებული ვაზნის გამოყენებისას შეიძლებოდა მომხდარიყო საკეტის ნაადრევი გახსნა. სავაზნე ნაწილში არსებული ჭრილების (ღარების) მეშვეობით კი წარმოექმნებოდა დამატებითი ხახუნის ეფექტი, რაც ანელებდა მასრის უკუგდების პროცეს, შესაბამისად ტყვია ასწრებდა ლულის დატოვებას და შემდეგ იწყებოდა საკეტის გახსნის / მასრის ექსტრაქციის პროცესი. ანალოგიური ჭრილები გააჩნდა აგრეთვე რუსულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს „Клин“, რომელიც იგივე ვაზნებს იყენებდა.
ვაზნები7Н16 იწარმოებოდა მცირე ხნის მანძილზე (90-ანი წლების შუალედამდე) ტულის ვაზნების ქარხნის მიერ (№539  Тульский патронный завод), აგრეთვე მათი დამზადება მოხდა 2003 წელს მცირე პარტიის სახით, რომელიც რუსეთის არმიის შეკვეთით განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ მოდერნიზირებული ვაზნა ეფექტური იყო,  მისი შესყიდვა არ ხდებოდა დიდი პარტიების სახით. გარდა ამისა გახშირდა ფაქტები, როდესაც 7Н16 ტიპის ვაზნებს პოლიციელები იყენებდნენ საშტატო მაკაროვის სისტემის პისტოლეტებში (ПМ), რასაც მწყობრიდან გამოჰყავდა პისტოლეტი. ყველაფერთან ერთად მოდერნიზირებული მაკაროვის პისტოლეტებიც (ПММ) ვერ უძლებდნენ ძლიერი ვაზნების სროლას და ექმნებოდად რიგი პრობლემები:
·         საკეტი იჭედებოდა უკანა მდგომარეობაში;
·         იბზარებოდა საკეტის კორპუსი ან ჩარჩო;
·         იყო შემთხვევები, როდესაც ვაზნის მასრა იგლიჯებოდა და რჩებოდა სავაზნეში.
ზევით ჩამოთვლილი უარყოფითი მხარეებიდან გამომდინარე 7Н16 ვაზნების წარმოება საბოლოოდ შეწყდა.  

9х18 ПМ/РГ028 (ვაზნა გაზრდილი გამტანობის ტყვიით РГ028)


ვაზნა  РГ028 შემუშავებულ იქნა 70-ანი წლების მიწურულს ЦНИИТОЧМАШ-ის სპეციალისტების მიერ. არსებობს ინფორმაცია, რომ ვაზნა სპეციალურად შექმნეს XXII ოლიმპიური თამაშებისათვის, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო. ვაზნის დამკვეთი იყო საბჭოთა კავშირის უშიშროება (КГБ СССР ). იგი განკუთვნილი იყო ინდივიდუალური დაცვი აღჭურვილი (აქ იგულისხმება ჯავშანჟილეტი) ცოცხალი ძალის დასაზიანებლად.  ნახევრად გარსიანი ტყვია შედგებოდა ტომპაკის გარსისაგან, რომელსაც გააჩნდა წაკვეთილი ცხვირი და  ცილინდრის ფორმის ნაწრთობი ფოლადისაგან დამზადებული გულა. გულა გარსში მოთავსებულია ტყვიის პერანგის მეშვებოთ.  მომატებული (გაზრდილი) მხვრეტელობა მიიღწევა მისი კონსტრუქციის მეშვეობთ. ჯავშანზე მოხვედრისას ფოლადის გულა არ ხარჯავს ენერგიას ტყვიის გარსის გახვრეტაზე. РГ028 იპის ტყვიით აღჭურვილი ვაზნა უზრუნველყოფს ჩავჟანჟილეტ 6Б1-ის 100%-ან გახვრეტას 50 მეტრ დისტანციამდე. 6Б1 არის ერთერთი პირველი საბჭოთა  ჯავშანჟილეტი, რომელიც შექმნეს 1954-1957 წლებში ავიაციური მასალების ინსტიტუტში (Всесоюзный Институт Авиационных Материалов -ВИАМ). ჯავშანჟილეტი შედგებოდა მოზაიკურად განლაგებული ალუმინის ექვსკუთხ ფირფიტებისაგან, რომლის უკანაც მოთავსებული იყო კაპრონისაგან დამზადებული  ქსოვილის რამოდენიმე ფენა.  6Б1 იცავდა ადამიანს 7,62х25 ვაზნის ტყვიისაგან, რომელიც ნასროლი იყო 50 მეტრის დისტანციიდან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები (ППШ,ППС). მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან (ПМ) გასროლილი ტყვია РГ028 ხვრეტდა აგრეთვე  ЖЗТ-71М ჯავშანჟილეტის 4მმ-ან ტიტანის ჯავშანელემენტს. ითვლება, რომ ეს იყო პირველი საბჭოთა 9მმ-ანი ვაზნა, რომელსაც შეეძლო მეორე კლასის ჯავშანჟილეტის გახვრეტა.
 

ფოტოსურათზე გამოსახულია ჯავშანჟილეტი 6Б1

ვაზნა РГ028-ს გააჩნდა მარკირება წითელი ლაკის სახით ტყვიის ცხვირზე. მათი წარმოება ხდებოდა ЦНИИТОЧМАШ-ის მიერ და გამოყენებული იყო №38 იურუზანის მექანიკური ქარხნის (Юрюзанский механический завод) ბიმეტალის მასრები.  ყველაზე მოგვიანებით გამოშვებული ვაზნები თარიღდება 84-86 წლებით.

ვაზნა РГ028, მისი ტყვია და ფოლადის ცილინდრი



9х18 ПМ/ПП (Повышенной Пробиваемости) (მომატებული გამტანობის) 7Н15

კონკურსზე  «Грач»  ლ.ნ. კოშკინის  ავტომატური ხაზის საკონსტრუქტორო ბიუროს  КБАЛ (Конструкторское бюро автоматических линий им. Л.Н. Кошкина) სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ იქნა მათივე შემუშავებული მაკაროვის ვაზნა, ინდექსით 7Н15 გაზრდილი(მომატებული) გამტანი მოქმედების ტყვიით. 
ჯავშანგამტანი მახასიათებლების გაზრდისათვის სპეციალისტებმა შექმნეს ვაზნა ერთკომპონენტიანი ტყვიით, რომლის წონაც იყო  4,95 გრამი და შედგებოდა ფხვნილისებური მეტალისაგან. ტყვია მზადდებოდა შემდეგი ნივთიერებების შერევით: რკინა, ფოლადი, სპილენძი, ხის ფქვილი, თუთიის(ცინკი) სტეარატი და გრაფიტის ფხვნილი, რომლთა შერევაც ხდებოდა სხვადასხვა შეფარდებით.  შერევის შემდგომ ტყვია იფარებოდა  კოროზიული დაცვის შემადგენლობით ФПСМ-51.  რიკოშეტირების შესამცირებლად ტყვიას ჰქონდა წაკვეთილი კონუსის ფორმა. გაზრდილი დენთის მუხტის წყალობით ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 390-415მ/წამს. ტყვია უზრუნველყოფდა ჯავშანჟილეტების გახვრეტას (გატანას) 50 მეტრამდე. იგი 25 მეტრ დისტანციამდე სროლისას ხვრეტდა აგრეთვე 3მმ-ან ფოლადის ფურცელს მარკით Ст.3. ვინაიდან ტყვიას არ გააჩნდა გარსი და ამავდროულად დენთის მუხტიც იყო სტანდარტულ ვაზნასთან შედარებით უფრო მეტი, პისტოლეტის ლულები სწრაფად ცვდებოდა და აგრეთვე მწყობრიდან გამოდიოდა მისი დეტალებიც.  აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს შეეცვალათ ტყვიის კონსტრუქცია.
ლულის არხზე ზემოქმედების შესამცირებლად ტყვიის კონსტრუქციაში დამატებულ იქნა ტომპაკის გარსი, რომელიც მხოლოდ ტყვიის ქვედა ნაწილზე იყო ჭიქასავით დამაგრებული. შეიცვალა აგრეთვე ფოლადის დამზადების წესი. ამ შემთხვევაში იგი მზადდებოდა ფოლადის დაშტამპვის მეთოდით და მთლიანად ტყვიის მასა გაიზარდა 5,5 გრამამდე.  7Н15-ის გამოყენება დაშვებული იყო მხოლოდ მოდერნიზირებულ მაკაროვის პისტოლეტებში (ПММ) და ახალ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში, რომლებიც მაღალიმპულსურ ვაზნებზე იყვნენ გათვლილნი. 
საბოლოოდ კონკურსში «Грач» გაიმარჯვა იარიგინის პისტოლეტმა (ПЯ-Пистолет Ярыгина), რომელიც 9х19 Luger-ის ვაზნაზე იყო გათვლილი. ამან განაპირობა ის, რომ მოდერნიზირებული მაკაროვის პისტოლეტები (ПММ) მცირე რაოდენობით დამზადდა, შესაბამისად მაღალიმპულსური საბრძოლო ვაზნების წარმოება აზრს კარგავდა. 1996 წელს 7Н15 ტიპის ვაზნების წარმოება შეწყდა.
2000-ანი წლების დასაწყისში საკაონსტრუქტორო ბიუროს თანამშრომლები ისევ მიუბრუნდნენ ვაზნას 7Н15 და შექმნეს ტყვიის მოდერნიზირებული ვარიანტი, რომელიც განსხვავდებოდა ტყვიის გარსის ფორმით და მისი წონა ამჯერად შეადგენდა 5გრამს. 
ვაზნები გამოდიოდა ბიმეტალის და ფოლადის ლაკირებული მასრებით, რომლებიც ტულის ვაზნების ქარხნის №539 (Тульский патронный завод) მიერ მზადდებოდა. მოდერნიზირებული 7Н15 ვაზნების მწარმოებისას გამოყენებულ იქნა ფოლადის მასრები ფოსფატ-პოლიმერული დაფარვით.
 




ტყვიის გულარიანი ვაზნა სამართალდამცავი ორგანოებისთვის ППО (ПППО)

2004 წელს ტულის ვაზნების ქარხანამ (ОАО ТПЗ) რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД РФ) დაკვეთით,  შეიმუშავა ახალი ვაზნა, რომლის მთლიანად გარსით დაფარულ ტყვიას გააჩნდა მხოლოდ ტყვიის გულარი. ვაზნას მიენიჭა სახელწოდება ПППО - пистолетный патрон правоохранительных органов (სამართალდამცავი ორგანოების პისტოლეტის ვაზნა) შემდგომ სიტყვა „пистолетный“ გაქრა სახელწოდებიდან და დარჩა მხოლოდ ППО- патрон правоохранительных органов (ვაზნა სამართალდამცავი ორგანოებისათვის).  ახალი სპეციალური საპოლიციო ვაზნის შემუშავების და შეიარაღებაში მიღების საფუძველი გახდა ის ფაქტორი, რომ ქალაქში შესრულებული ოპერაციების დროს საარმიო ПСТ ტიპის ფოლადის გულარიანი ტყვიებით დაამუხტული ვაზნების გამოყენება ქმნიდა იმის ალბათობას, რომ რიკოშეტირებული ტყვია დააზიანებდა შემთხვევით უდანაშაულო ადამიანს ან თავად სამართალდამცავს.

ППО ვაზნის ტყვიის მასა თავდაპირველად მერყეობდა 6,1გრამიდან- 6,4 გრამამდე, ხოლო 2007 წლიდან იწარმოება  5,75 გრამიდან- 6,15 გრამამდე დამუხტული ტყვიებით. ტყვიის გარსი დამზადებულია ბიმეტალისაგან და გააჩნია კონუსისებური მოყვანილობა, ბლაგვი ცხვირით, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ტყვიის რიკოშეტირება(ასხლეტვა). ვაზნა დამუხტულია П-125 მარკის დენთით. 2007 წლამდე ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 305-330მ/წამს, ხოლო შემდგომ იგი შემცირებულ იქნა 290-315მ/წამამდე. 


ППО ტიპის ტყვიით დამუხტული ვაზნების საცდელი პარტია დამზადდა 2004 წელს. ვაზნებს მასრის ფუძეზე გააჩნდა მარკირება "539 04"  და დამუხტული იყო სერიული ვაზნის ტყვიისაგან განსხვავებული კონუსური ფორმის ტყვიით.  ვაზნების სერიული წარმოება დაიწყო 2005 წლიდან ტულის ვაზნების ქარხანაში. ვაზნას გააჩნდა ფოლადის მასრა. მასრის ფუძეზე მარკირება იყო შემდეგი სახის "ППО". 2009 წლიდან ტულის ვაზნების ქარხანამ (ТПЗ) დაიწყო ვაზნების წარმოება ფოლადის მასრებით, რომლებსაც გააჩნდათ ფოსფატი-პოლიმერული დაფარვა. 2005 წელს საქართველოში მინახავს მსგავსი ტიპის ვაზნები რომლებსაც მასრაზე ჰქონდა მარკირება(დამღა) "9х18 WOLF".
 


9х18 ПМ/ СП7 (ვაზნა პლასტმასის გულარიანი ტყვიით) და  СП8 ( ვაზნა მცირე გამტანობის შესაძლებლობის მქონე ტყვიით)  

СП7
80-ანი წლების შუალედში ЦНИИТОЧМАШ -მა  საბჭოთა კავშირის უშიშროების  (КГБ СССР) დაკვეთით შეიმუშავა სპეციალური პისტოლეტის ვაზნა, რომლის 9მმ-ან ტყვიას გააჩნდა პლასტმასის გულარი.  მოქმედების პრინციპით ტყვია წარმოადგენდა ექსპანსიურ კატეგორიას, რომელიც გათვლილი იყო მოწინააღმდეგის მაღალი ეფექტურობით დასაზიანებლად.  ვაზნას მიენიჭა სახელწოდება СП7. მისი ტყვია  შედგებოდა ჭიქისებური ფორმის ლატუნის გარსისაგან, რომლის ცხვირიც და უკანა მხარეც იყო ოდნავ ოვალური ფორმის. ტყვიის უკანა ნაწილი (კუდი) წააგავდა წაკვეთილ კონუსს. ტყვიას გულარის ცხვირის ნაწილი იყო პლასტმასისაგან დამზადებული, ხოლო უკანა კი მთლიანად ტყვიის შენადნობისაგან. ტყვიის მასა იყო 5,1გრამი, სიგრძე 13,6მმ და ანვითარებდა საწყის სიჩქარეს 420მ/წამი, რაც უზრუნველყოფდა მაღალ დამაზიანებელ მოქმედებას. იმისათვის რომ უკეთ მომხდარიყო ტყვიის გაშლა (ექსპანსიური ეფექტი), მის გარსს გააჩნდა 6 ცალი ჭრილი ცხვირიდან-თითქმის წამყვან ნაწილამდე.
СП7-ის გამოშვება ხორციელდებოდა  ქ.კლიმოვსკის შტამპურ ქარხანაში №711 (Климовский штамповочный завод). გამოიყენებოდა   №38 (Юрюзанский механический завод) ქარხნის და შემდგომ კი (1990-ან წლებში) №539 ქარხნის მასრები. ტყვიას ცხვირზე გააჩნდა შავი მარკირება. შავი ხაზით იფარებოდა აგრეთვე ვაზნის მუყაოს შეფუთვა, რომელზეც ეწერა  "9,0-СП7 гж". 


СП8
ЦНИИТОЧМАШ-ში СП7-ის პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა ვაზნაზე მცირე გამხვრეტი შესაძლებლობის მქონე ტყვიით, რომელიც მოითხოვა ისევ საბჭოთა კავშირის უშიშროებამ.  ვაზნა განკუთვნილი იყო სპეციალური შემთხვევებისათვის, სადაც არ იყო საჭირო ან სულაც საშიში იყო მომატებული მხვრეტელობისა და დამაზიანებელი ეფექტის მქონე ტყვიების გამოყენება (მაგალითად ანტიტერორისტული ოპერაციების ან თვითმფრინავის სალონში სროლისას). აგებულებით СП8 იდენტური იყო СП7-ის და მისგან განსხვავდებოდა შემცირებული მასით 3,9 გრამი, ნაკლები სიგრძით 11,1მმ და დაბალი საწყისი სიჩქარით 255 მ/წამში. დაბალი წონის, ქვებგერითი სიჩქარის და განსაკუთრებული კონსტრუქციის გამო, ტყვია ვერ ახერხებდა თვითმფრინავის კედლებისა და ტიხრების გახვრეტას, რაც საიმედოს ხდიდა ვაზნის უსაფრთხოდ გამოყენაბას სპეციალურ ოპერაციებში.    ტყვიას ცხვირზე გააჩნდა იასამნისფერი მარკირება.  იასამნისფერი ხაზით იფარებოდა აგრეთვე ვაზნის მუყაოს შეფუთვა, რომელზეც ეწერა  "9,0-СП8 гж".


9x18 ექსპანსიური ტყვიით ПЭ (იგივე 9x18мм Ппэ)

სპეციალური ვაზნის 9x18 СП-7 გამოყენების პრაქტიკამ აჩვენა, რომ პლასტმასის გულარიანი ექსპანსიური ტყვია ბიო სამიზნეში შეღწევისას ვერ იშლებოდა  სათანადაოდ. აქედან გამომდინარე ბარნაული ვაზნების ქარხნის აკონსტრუქტორო ბიურომ დაიწყო მუშაობა ახალ ექსპანსიურ ვაზნაზე, რომელიც პლასტმისას მაგივრად ტყვიისაგან ჩამოსხმულ გულას გამოიყენებდა.

ვაზნა 9x18 ექსპანსიური ტყვიით ПЭ 

ექსპანსიური ტყვიით დამუხტული ვაზნა შემუშავდა 1990-ანი წლების მიწურულს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისთვის. იგი განკუთვნილია 50 მეტრამდე ცოცხალი ძალის დასაზიანებლად. ჭიქისებური ფორმიის ტყვიის გარსი ცხვირის ნაწილში არის ღია და გააჩნია ნასვრეტის სახით შესრულებული სიცარიელე, რაც ტყვიის სხეულში შესვლის დროს უზრუნველყოფს გულარის გაშლას. ასევე ტყვიის ბიმეტალის გარსს ცხვირის ნაწილში გაკეთებული ჰქონდა 6 ცალი ჩანაჭრელი, რომლის წყალობითაც უფრო სიმეტრიულად და ყვავილისებურად გაიშლებოდა გულარი. ვაზნის წარმოება რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სდანაყოფებისთვის და ასევე საექსპორტოთ დაწყებულ იქნა ბარნაულის ვაზნების ქარხანაში №17 БПЗ (Барнаульский патронный завод) და ნოვოსიბირსკის ვაზნების ქარხანაშ №188 НПЗ (Новосибирский патронный завод). 
                                  
ვაზნა 9x18 Ппэ თავდაპირველად იწარმოებოდა ბიმეტალის მასრისგან, ხოლო შემდგომ მათი წარმოება ხდებოდა ფოლადის ლაქირებული მასრებით და ბოლადის მასრებით, რომელიც ცინკის დაფარვით იყო შესრულებული.  ვაზნის კოლოფზე დატანილი იყო მარკირება წარწერის სახით „ПЭ“ 

სხვადასხვა გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ ტყვიის ექსპანსიური მოქმდება არც ამ ტიპის ვაზნაში მუშაობდა ეფექტურად და ხშირ შემთხვევაში ან სერთოდ არ ხდებოდა გულარის გაშლა ან ხდებოდა არასრული (ნაწილობრივი) გაშლა. აქედან გამომდინარე რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ამ ნომენკლატურის ვაზნა.


ვაზნა შემცირებული რიკოშეტირების შესაძლებლობით 9x18 ПРС (пониженной рикошетирующей способностью).

აღნიშნული ვაზნა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) დაკვეთთ იქნა შემუშავებული ბარნაულის ვაზნების ქარხნის სპეციალისტების მიერ 2000-ანი წლების დასაწყისში. ტყვიას გარედან აქვს გარსი, რომლის ცხვირზეც შესრულებულია სპეციალური წრიული ღარი (რედაქტირება: ასეთი წრიული ღარი გაუკეთდა 2008 წლიდან), ხოლო მისი გულა მთლიანად ტყვიისგანაა ჩამოსხმული. ტყვიის გულას შუაში გაკეთებული აქვს სიცარიალე. ასეთი კონსტრუუქციით მყარ ზედაპირზე მოხვედრის დროს ტყვია დეფორმირდება და სწრაფად კარგავს სიჩქარეს, რაც ამცირებს რიკოშეტირების ალბათობას. ხოლო თუ რიკოშეტირება მაინც მოხდა ამ შემთხვევაში მას აღარ გააჩნია იმხელა ენერგია, რომ შემთხვევით დააზიანოს ცოცხალი ორგანიზმი.  

ვაზნა შემცირებული რიკოშეტირების შესაძლებლობით 9x18 ПРС, ვაზნის ფუძე, ტყვია და ტყვის გულა გაჭრილ მდგომარეობაში

2004 წლიდან  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (МВД) შეწყვიტა ფოლადის გულარიანი ტყვიით დამუხტული ვაზნების 9x18 ПМ ПСТ (საარტილერიო სამმართველოს ინდექსი 57-Н-181С) ექსპლუატირება, რომელიც მყარზე ზედაპირზე მოხვედრისას გამოირჩეოდა მაღალი რიკოშეტირებით. 


შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინსტრო და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურის რიგებში დაწყებულ იქნა 9x18 ПРС და ППО ტიპის ვაზნების გამოყენება. ასევე სამართალდამცავები იყენებენ მთლიანად გარსიან ტყვიის გულარიან ე.წ. ПСО ტიპის ვაზნებს და ექსპანსიური ტიპის ტყვიით დამუხტულ ვაზნებს.


ჯავშანგამტანი ვაზნა 9x18 ПБМ (7Н25) 

90-ანი წლების შუა პერიოდში ქალაქ ტულის ხელსაწყომშენებელ საკონსტრუქტორო ბიროს (КБП), ასევე სპორტული და სანადირო იარაღის ცენტრალურ საკონსტრუქტორო-კვლევითი ბიროს (ЦКИБ СОО) (Центральное конструкторское исследовательское бюро спортивно-охотничьего оружия) სპეციალისტების მიერ შემუშავდა პისტოლეტის ვაზნა გაზრდილი ჯავშანგამტანი მოქმედების ტყვიით, რომელსაც მიენიჭა აღნიშვნა „ПБМ“ (მთავარი საარტილერიო სამმართველოს ინდექსი 7Н25). 

„ПБМ“ (მთავარი საარტილერიო სამმართველოს ინდექსი 7Н25)

ვაზნის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ ვ.კ ზელენკო (В.К. Зеленко), ვ.მ ვლასოვი (В.М. Власов), ვ.მ კარალიოვი (В.М. Королёв), ნ.პ სოლომინი (Н.П. Соломин) და ვ.ს. ტოკმაკოვი (В.С. Токмаков). ვაზნის საფუძვლად აღებულ იქნა იგივე კომპონირება, რაც გამოიყენებოდა ЦНИИточмаш -ის მიერ შექმნილ 9x19 მმ-ან სპეციალურ ჯავშანგამტან საცდელ ვაზნებში შიფრით „РГ054“ და „РГ057“.

„ПБМ”-ის ტყვია შედგება ბიმეტალის გარსისგან, ტყვიისგან და ალუმინისგან ჩამოსხმული პერანგისგან და 5მმ დიამეტრის ჯავშანგამტანი გულარისგან რომელიც დამზადებულია ფოლადისგან მარკით 20Х (აღნიშნული ნახშირბადოვანი ფოლადის სიმკვრივე შეადგენს 60 ერთეულზე მეტ HRC-ს). ჯავშანგამტან გულარს გააჩნია წაწვეტებული ცხვირი, რომელიც გამოშვერილია ტყვიის გარსიდან. ასეთი გადაწყვეტილების მეშვეობით გულარი არ კარგავს ენერგიას ტყვიის გარსის გაჭრაზე და პირდაპირ ეჯახება ჯავშანს, რაც თავის მხრივ ზრდის ჯავშანგამტან შესაძლებლობას. ჯავშანზე მოხვედრის დროს ტყვიის გარსი მარტრივად იშლება და ძვრება გულარს, ხოლო გულარი თავის მხრივ დამოუკიდებლად აგრძელებს ჯავშნის გარღვევას.  

ტყვია, ტყვიის გარსი და ჯავშანგამტანი გულარი

ჯავშანგამტანი მოქმედაბ: 10 მეტრზე სროლისას 80%-ანი ალბათობით ხვრეტს 5მმ ფოლადის ფურცელს Ст.3 ან 2,4მმ-ანი ჯავშანს თავის კევლარის ბალისტიკური ფენით. 30 მეტრზე სროლისას 100%-ანი ალბათობით ხვრეტს სამართალდამცავების და საარმიო საშტატო ჯავშანჟილეტს БЖ 6Б5–12 (რომელიც შედგება 1,25 მმ სისქის ტიტანის ფილისგან და 30 ფენა კევლარის ქსოვილისგან). ზემოაღნიშნული ჯავშანჟლეტის გახვრეტის შემდეგ ტყვიის გულარი ინარჩუნებს იმდენ ენერგიას, რომ ბალისტიკურ ჟელატინში შედის 12-13სმ-ზე.

ვაზნების დამზადებას თავდაპირველად საცდელი სახით ანხორციელებდა ტულის ვაზნების ქარხანა №539 ТПЗ (Тульский патронный завод), რომელშიც გამოიყენებოდა კომერციული ვაზნებისთვის განკუთვნილი ფოლადის ლაკირებული მასრები და ასევე საარმიო ვაზნებისთვის განკუთვნილი ბიმეტალის მასრები. 2007 წლიდან ვაზნების წარმოება ხდებოდა ბიმეტალის ვაზნებით რომლის მასრაზეც დატანილი იყო №335 ქარხნის „ЦКИБ СОО“ კოდი. ტყვიის ცხვირზე გაკეთებული იყო  შავი ფერის მარკირება. ასევე კოლოფზე დატანილი იყო შავი ფერის ხაზი.


სტატია არაა დასრულებული
!

No comments:

Post a Comment