FABARM SDASS MARTIAL ULTRASHORT 14

სტატია რომელსაც ახლა წაიკითხავთ, ნაკლებად ჯდება ჩვენი ბლოგის თემატიკაში, რადგანაც იგი ეხება თანამედროვე ცეცხლსასროლ იარაღს, ჩვენ კი როგორც უკვე ხვდებით და იცით უფრო მეტად ორიენტირებული ვართ სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის კვლევა-ძიებაზე. თუმცა დღეს მომეცა საშუალება ახლოს გავცნობოდი ამ იარაღს და გადავწყვიტე მაინც დამეწერა სტატია. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ეს ჩვენი პირველი სტატიაა, რომელიც მთლიანად გლუვლულიან თოფს ეხება.  სტატიის მთავარი გმირი კი არის იტალიური კომპანია „FABARM“-ის ქმნილება  „SDASS MARTIAL ULTRASHORT 14“.
სანამ სტატიის ძირითად ნაწილზე გადავიდოდეთ მინდა მოკლედ შევეხო კომპანია "FABARM"-მის ისტორიას. კომპანია ჩამოყალიბებულ იქნა 1900 წელს იტალიაში, ხოლო მისი სახელი მომდინარეობს ბრეშიის (ბრეშას) იარაღის ფაბრიკის შემოკლებიდან „Fabbrica Bresciana Armi“. თავდაპირველად კომპანია მოღვაწეობდა სახელწოდებით “Galesi”, რადგანაც დაფუძნებული იყო მეიარაღეთა დიანასტიის ერთერთი წარმომადგენლის ლუჩიანო გალეზის (Luciano Galesi) მიერ და არსად არ ჩანდა სიტყვა „FABARM”. (რიგი წყაროების თანახმად კომპანიის ჩამოაყალიბებაში ჩართული იყო ბატისტა გალეზი). (ამავე დინასტიის მიერ ბრეშაში იქნა ჩამოყალიბებული კომპანია "IAG" – Industria Armi Galesi)  კომპანია “FABARM” თავდაპირველად აწარმოებდა ორლულიან სანადირო თოფებს და პისტოლეტებს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი დაიწყო საბრძოლო იარაღის და მაკოპლექტებელი დეტალების წარმოება იტალიის არმიისთვის. ომის დასრულების შემდეგ „Fabarm“-მა განაახლა გლუვლულიანი სანადირო თოფების წარმოება, რომელთა ლულები ჰორიზონტალურად იყო განლაგებული. 1956 წელს კი კომპანიამ წარმოებაში ჩაუშვა ვერტიკალურად განლაგებული ორლულიანი სანადირო თოფები, ეგრედწოდებული „ბოკფლინტები“.  ამავე პერიოდში კომპანიამ დაიწყო პნევმატური იარაღის და წრიული აალების 9მმ-ანი ფლობერის ვაზნებზე გათვლილი შაშხანების წარმოება. რიგი წყაროების თანახმად კომპანია აწარმოებდა აგრეთვე ლულებს და დეტალებს სხვა უფრო მეტად ცნობილი იტალიური კომპანიებისთვის, როგორიცაა «Benelli» და  «Beretta».
1960 წელს კომპანია „Fabarm“-მა გამოუშვა საკუთარი წარმოების თვითდამტენი (ნახევრად ავტომატური) თოფი სახელწოდებით „GOLDENMATIC 125“, რომელიც გრძელი უკუსვლის (უკუცემის) პრინციპით მუშაობდა. "Fabarm"-ის ისტორიაში ეს იყო პირველი ნახევრად ავტომატური თოფი.
FABARM „GOLDENMATIC 125“ ფოტუსურათის პირველწყარო http://hadfieldguns.com/
შემდეგ კომპანიამ დაიწყო აირგამყვანი გადატენვის პრინციპით მომუშავე (ეგრედწოდებული „გაზაატვოდნი“) ნახევრადავტომატური თოფების და გრძივად მოსრიალე ტიბჟირის სქემაზე დაფუძნებული „პომპიანი“ თოფების წარმოება.
კომპანია „FABARM“ თავის თოფებში იყენებდა უმაღლესი ხარისხის ფოლადს, მოგვიანებით კი აქტიურად დაიწყო ალუმინის შენადნობის მარკით „ERGAL 55“ გამოყენება, რომლითაც ლულის კოლოფებს (რესივერებს) ამზადებდნენ. “ERGAL 55” არის მსუბუქი შენადნობი, რომელიც ალუმინთან შედარებით მეტად მყარია და უძლებს მეტ დატვირთვას.
1979 წელს კომპანიის სათავეებში მოვიდნენ ანტონიო სალა (Antonio Sala) და ოტავიო ოლინი (Ottavio Olini), რომლებმაც კომპანიას ოფიციალურად მიანიჭეს სახელწოდება და სავაჭრო ნიშანი “FABARM”.  
დღეს „FABARM” ითვლება ერთერთ წარმატებულ კომპანიად, რომელიც წელიწადში აწარმოებს 30 000 დან 40 000-მდე სხვადასხვა ტიპის გლუვლულიან თობეს. წარმოებაშია აგრეთვე  ჭრილიან იარაღიც. კომპანია თანამშრომლობს  «Heckler&Koch»-თან, გერმანულ კონცერნ «Wischo Jagd & Sportwaffen GmbH»-თან და კომპანია «Dynamit Nobel - RWS, Inc.»-თან. Fabarm-ის თოფებს ყიდის აგრეთვე ფინური კომპანია «Tikka». იგი აგრეთვე ითვლება ევროპაში პომპიანი თობების ყველაზე დიდ მწარმოებლად, რომელიც თავდაცვისთვის და პოლიიისათვის მზადდება.

თოფი „FABARM SDASS MARTIAL ULTRASHORT 14“ თბილისის ერთერთ მაღაზიაში იქნა შეძენილი ჩემი კოლეგის მიერ 1390 ლარათ. მას დიდიხანია უნდოდა მოკლელულიანი პომპიანი თოფის შეძენა თავდაცვისთვის, რომლის არჩევანიც საქართველოში ფაქტიურად არ იყო თუ არ ჩავთვლით თურქული წარმოების რამოდენიმე ეგზემპლარს. სწორედ ერთერთი ასეთი თურქული თოფის შეძენას ფიქრობდა იგი და საბოლოოდ FABARM-ის სასიკეთოდ შევაჩერებინე არჩევანი. თოფის სახელწოდება „SDASS“ არის აბრევიატურა, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება  „Special Defense And Security Shotgun“- „სპეციალური თოფი თავდაცვისთვის და უსაფრთხოებისთვის“. აღნიშნული სერიის თოფებიდან მოდელი „SDASS MARTIAL ULTRASHORT 14“, არის ყველაზე მოკლე ვარიანტი 14 ინჩიანი (36 სმ) „TriBore“ პრინციპით შესრულებული ლულით, რომელსაც იყენებენ როგორც სამართალდამცავები, ასევე მოქალაქეები პირადი თადვაცვისთვის. ასეთი მოკლელულიანი პომპიანი თოფით ოპერირება ვიწრო ადგილებში, როგორიცაა პატარა ოთახები სადაც ავეჯია განლაგებული და პატარა ჰოლებში ბევრად უფრო პრაქტიკულია, ვიდრე გრძელლულიანი ვარიანტებით ოპერირება. ამიტომ თავდაცვისთვის ეს ეგზემპლარი ჩემი აზრით შესანიშნავია. რაც შეეხება მის სანადირო პოტენციალს, ეს თოფი არაა სანადიროთ შექმნილი და რა თქმა უნდა ვერ გავუწევდი რეკომენდაციას ამ მიზნისთვის.
თოფის მუშაობის პრინციპი ეფუძნება გრძივად მოსრიალე (მოძრავი) ტიბჟირის სქემას (ეგრეთ წოდებული ხელით დატენვადი „პომპა“). ლულის და საკეტის ერთმანეთთან შეჭიდება და გადაბმა ხდება ერთი ცალი საბრძოლო ბჯენით, რომელიც ლულის სავაზნესთან არსებულ სპეციალურ ღარში ჯდება.
ბუნებრივია პომპიანი თოფის ხელში აღებისას პირველი რაც გავაკეთე იყო  ტიბჟირით გადატენვა, რის შემდეგაც გაოგნებული დავრჩი იმდენად რბილად და ამავდროულად საიმედოდ დასრიალებს იგი, არანაირი რყევა ან გართულებული სვლა! ყველაფერი ისე მუშაობს როგორც იტალიურ იარაღს შეეფერება.
სასხლეტის გამოკვრისას კი ახალი სურპრიზი მელოდა, კერძოდ რბილი და პროგნოზირებადი სასხლეტის დაშვება. ამდროს მივხვდი, რომ ეს თოფი თავის ფასს ამართლებს. პოლიმერული ტიბჟირის რელიეფური ფაქტურაც ძალიან მომეწონა, რაც ხელს უწყობს მასზე ხელის საიმედო მოჭიდებას.  ტიბჟირს ქვემოთა მხრიდან გააჩნია 2 ცალი ხრხახნიანი ნასვრეტი, რომელზეც შესაძლებელია დავამაგროთ პიკატინის ტიპის სამაგრი. აღნიშნულ სამაგრზე კი შესაძლებელია წინა დამატებითი პისტოლეტისებური სახელურის დამონტაჟება, ან ფანარის დამაგრება.
მილისებური მჭიდი პომპიანი თოფებისთვის სტნდარტულ ადგილას, ლულის ქვემოთაა განთავსებული და მასში თავსდება 4 ცალი 12 კალიბრიანი ვაზნა (12/76). შესაძლებელია 1 ვაზნა დამატებით მოვათავსოთ ლულაში (სავაზნეში), ანუ 4+1 პრინციპით. მილისებური მჭიდის დათვალიერებისას ეგრევე აღმოვაჩენთ, რომ  სოლიდურადაა დამზადებული და არანაირ ეკონომიას არ აქვს ადგილი, როგორც იაფფასიან თოფებში ხდება.
იარაღის ლულის კოლოფი (რესივერი) დამზადებულია მსუბიქი შენადნობისგან, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „Ergal 55“.
ღილაკისებური მცველი განთავსებულია სასხლეტი კავის უკან და მოძრაობს ჰორიზონტალურ სიბრტყეში. გამორთული მცველის შემთხვევაში მცველის ღილაკზე მოჩანს წითელი ფერის მარკირება, რომელიც გვაფრთხილებს, რომ იარაღი მოხსნილია მცველიდან და მზადაა სასროლათ.
პოლიმერისგან დამზადებული პისტოლეტისებური ტარის ბოლოში არის სპეციალური მოგრძო ჭრილი (ნასვრეტი) ღვედის გასაყრელად.
მორე წერტილი ღვედისათვის კი განთავსებულია ლულისქვეშა მილისებური მჭიდის ბოლოში სპეციალური რკინის ყულფის სახით.
პისტოლეტისებური ტარი ერთი დიდი ხრახნის მეშვეობითაა დამაგრებული ლულის კოლოფის უკანა ნაწილში. შესაძლებელია მისი მოხსნა და ჩანაცვლება კონდახიანი სახელურით. თუმცა ჩემი აზრით ასეთ პატარა პომპას არ სჭირდება კონდახი, რადგანაც მისი მთავარი პლიუსი კომპაკტურობა დაიკარგება.
თოფის ლულა დაფარულია სპეციალური დასვრეტილი ეკრან-გარსაცმით, რაც დაიცავს მსროლელს გახურებულ ლულაზე ხელის მოკიდების და დამწვრობის მიღებისგან. გარდა ამისა დასვრეტილი ეკრან-გარსაცმი ასრულებს ლულის სწრაფად გაგრილების დანიშნულებას. სწორედ ამიტომ კომპანია ამ გარსაცმს უწოდებს „MULTI+COOLING JACKET“-ს (მულტი გაგრილების გარსაცმი).
მე პირადად ყველაზე მეტად მომეწონა იარაღის დაფარვა, რომელიც ერთერთი ყველაზე საუკეთესოა რაც კი მინახავს პომპიან თოფებში. პირველი რაც გავაკეთე სწორედ დაფარვაზე მოვიძიე ინფორმაცია და გავარკვიე, რომ აღნიშნული თოფის დაფარვისას გამოყენებულია ტექნოლოგია “PVD” (Physical Vapour Deposition), რომელიც ერთქგვარი ვაკუუმური დამტვერვის საფუძველზე ხდება. მარტივად რომ ავხსნათ ტექნოლოგია, ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ სააბაზანოში ბანაობის შემდეგ ორთქლის საფუძველზე სარკეზე წარმოიქმნება წყლის წვეთები, გრედწოდებული კონდენსატი. სწორედ ამდაგვარი ტექნოლოგიით ხდება იარაღის გარეგანი დაფარვა, სპეციალურ აირის კამერაში და არა პირდაპირ რაიმე ხელსაწყოთი დაფარვის დატანა, შეღებვა ან დაფრქვევა.
თოფის წინა სამიზნე შესრულებულია მომცრო შვერილის სახით, ხოლო უკანა მხარეს ლულის კოლოფის მთელს სიგრძეზე გაკეთებულია განიერი ღარი.
ლულის ბოლოში შესაძლებელია სხვადასხვა ჩოკების ან მუხრუჭ-კომპენსატორის დამაგრება. ჩოკები და მუხრუჭ-კომპენსატორი თოფს არ მოჰყვება კომპლექტაციაში და ცლკე უნდა შეიძინოს მფლობელმა.
რაც შეეხება თოფის სიზუსტეს, გამიჭირდება რაიმე ვთქვა, რადგანაც მე იგი არ მისვრია. ახლო მომავალში მომეცემა მისი გატესტვის საშუალება და შევეცდები დავამატო ტესტირების შედეგები, რათა შევავსო ეს მშრალი ადგილი. თუმცა განსაკუთრებულ სიზუსტეს ასეთი მოკლელულიანი პომპისგან არც უნდა ველოდოთ. ახლო დისტანციაზე კი თავის საქმეს ხუთიანზე შეასრულებს.

No comments:

Post a Comment