შვეიცარიელი "MAYOR ARQUEBUSIER"

ჩემი გემოვნება და პირადი ინტერესი ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ ყოველთვის შორს იდგა „პრაქტიკულობისგან“. „პრაქტიკულობაში“ ვგულისხმობ იმ ფაქტორებს, რომ მე ცეცხლსასროლი იარაღი ნაკლებად მაინტერესებს თავდაცვითი მიზნებისთვის და მოწინააღმდეგე მხარის მწყობრიდან გამოსაყვანად. მე იარაღი მისი პირდაპირი დანიშნულებისთვის არასოდეს მინატრია. სასწორის ერთ მხარეს რომ იდოს თანამედროვე ძლიერი პისტოლეტი. მაგალითად „Glock“-ის რომელიმე მოდელი ან კიდევ ლეგენდარული „Beretta M92“, ხოლო სასწორის მეორე მხარეს კი ბელგიური „Clement M1903“ 5მმ-ან ვაზნაზე, დაუფიქრებლად ავიღებდი კლემანს, რომლის ვაზნასაც კი ვერ იშოვი საქართველოში და რომც იშოვო არანაირი იმედი არ უნდა გქონდეს ამ პისტოლეტის მეშვეობით თავდაცვის ან შეიარაღებული მოწინააღმდეგის მოგერიების. ჩემთვის ცეცხლსასროლ იარაღს პირველ რიგში კოლექციური ღირებულება აქვს და შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი ფაქტორები. ამიტომაც ვწერ სტატიებს „ნაკლებ პრაქტიკულ“ ცეცხლსასროლ იარაღზე.  ჩვენი ბლოგის შექმნის მთავარი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ქართველ მკითხველებს გავაცნოთ ისეთი ეგზემპლარები, რომლებიც მხოლოდ ვიწრო წრეებშია ცნობილი და მივიწყებას მიეცა.  ჩვენი მორიგი სტატიაც ასეთი იარაღის „მოსაგონარი“ იქნება.  ერთერთი მიზეზი რამაც განაპირობა ამ სტატიის დაწერა არის ის, რომ ინტერნეტში არცერთ ენაზე არაა დაწერილი სტატია ამ პისტოლეტზე (ყოველ შემთხვევაში მე ვერსად ვერ ვნახე).

შვეიცარიაში ნიონის (Nyon) მუნიციპალიტეტის მკვიდრმა  ერნესტ როშამ (Ernest Rochat)  1917-1918 წლებში შექმნა მცირე ზომის ჯიბის თვითდამტენი პისტოლეტი, რომელიც დაპატენტებულ იქნა 1919 წლის 11 თებერვალს. (პატენტის ნომერი 86863, რომლის მოძიებაც სამწუხაროდ ვერ შევძელი). მან იარაღის დამზადებაში დახმარება თხოვა მის ძმას მაიორ ფრანსუას (Francois), რომელიც ცხოვრობდა შვეიცარიის ქალაქ ლოზანში (Lausanne). ფრანსუას დახმარებით დაწყებულ იქნა პისტოლეტების დამზადება მცირე პარტიებად, რომელიც ფრანსუას საკუთრებაში არსებულ სახელოსნოში მზადდებოდა და მისსავე მაღაზიაში იყიდებოდა. პისტოლეტის მწარმოებლად სხვადსხვა წყაროებში სწორედ ერნესტი და მაიორი ფრანსუა ქალაქ ლოზანიდან არიან მოხსენიებულნი.
პისტოლეტს ოფიციალურად ეწოდა „MAYOR ARQUEBUSIER“.  საიდან წამოვიდა ეს სახელწოდება? Arquebusier-ები ერქვათ იმ მებრძოლებს, რომლებიც ჯერ კიდევ 16 საუკუნეში ბრძოლისას იარაღდებოდნენ ფითილიანი თოფებით. სწორედ ამ ფითილიან თოფებს უწოდებდნენ არკებუზებს (Arquebus).

პისტოლეტი გათვლილი იყო 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.25 ACP) და მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. პისტოლეტის ვიზუალური მახასიათებელი იყო ის, რომ ლულა გამოშვერილი იყო საკეტ-გარსაცმის მიღმა.  
პისტოლეტის ჩარჩო შედგებოდა ორი ნაწილისგან (მარჯვენა და მარცხენა მხარე). ჩარჩოს მარჯვენა ნაწილში დამონტაჟებული იყო დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, ხოლო მარცხენა მხარეზე მონტაჟდებოდა მხოლოდ მცველის ბერკეტი. ჩარჩოს მარცხენა ნაწილის დანიშნულება იყო ის, რომ საიმედოდ დაეჭირა მთელი მექანიზმი.
საკეტ გარსაცმს ლულის ნაწილში ზემოდან გააჩნდა ჭრილი, საიდანაც ხდებოდა მასრების ამოყრა. ექსტრაქტორის კბილიც სწორედ ზამოდან იყო განთავსებული. მცველის ბერკეტი დამაგრებული იყო მარცხენა მხარეს ჩარჩოზე, სასხლეტი კავის უკან და მარკირებული იყო ასეოებით “S”, “F”.  
პისტოლეტის ტარის ლოყები იმდაგვარად იყო დამაგრებული, რომ გარედან არ ჩანდა არანაირი ხრახნები და ჭანჭიკები. თავდაპირველად ტარის ლოყები მზადდებოდა ხისგან, ხოლო მოგვიანებით კი მათი დამზადება ხდებოდა პლასტმასისგან.
პისტოლეტს წინა მხრიდან ლულის ქვემოთ გააჩნდა პატარა შვერილი ღილაკი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა მისი დაშლა. აღნიშნულ ღილაკზე დაწოლით თავისუფლდებოდა საკეტი და იხსნებოდა პისტოლეტის ჩარჩოდან, რის შედეგადაც მფლობელი განახორციელებდა არასრულ დაშლას.

პისტოლეტის საკეტზე, მარცხენა მხრიდან დატანილია მარკირება წარწერის სახით „MAYOR ARQUEBUSIER“.  მარჯვენა მხარეს კი საკეტ-გარსაცმზე ხდებოდა სერიული ნომრების დატანა.
პისტოლეტის მარცხენა მხარეს დატანილია აგრეთვე სავაჭრო ნიშანი თევზის სახით რომელსაც ზემოთ აწერია ასო R ხოლო ქვემოთ კი N.  ანალოგიური თევზი დატანილია პისტოლეტის ტარის ლოყებზე დახაზული რომბის შუაში.  მე გამიჩნდა ერთი შეკითხვა სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებით - რატომ მაინცდამაინც თევზი? რომელზეც პასუხი ვერსად ვერ ვიპოვე. შემდეგ შემთხვევით მოვხვდი ნიონის (Nyon)  მუნიციპალიტეტის ინტერნეტ აღწერილობაში  და აღმოვაჩინე, რომ მათ გერბზე გამოსახულია ზუსტად ისეთივე თევზი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პისტოლეტის შემქმნელი ერნესტ როშა სწორედ ნიონის მკვიდრი გახლდათ.

პისტოლეტების დეტალების უმეტესობა მზადდებოდა ხელით და მათი მორგებაც ხდებოდა ინდივიდუალურად. შესაბამისად პისტოლეტის ღირებულებას ეს ფაქტორი აძვირებდა და მოითხოვდა დიდ დროით რესურსებს და დანახარჯებს.

მეორე თაობა

მოგვიანებით წარმოების გამარტივების გამო შეიცვალა პისტოლეტის კონსტრუქცია. საკეტ-გარსაცმი გახდა ორი დეტალისგან დამზადებული. საკეტ-გარსაცმის წინა ნაწილი სროლისას რჩებოდა უძრავად, ხოლო უკანა ნაწილი კი გადაადგილდებოდა უკუცემის წყალობით. ამდაგვარი სქემის გამოყენების შედეგად აღარ იყო საჭირო საკეტ-გარსაცმის ზემოდან მასრების საექსტრაქციო ფანჯრის გაკეთება. მასრების ამოყრა ხდებოდა უძრავი გარსაცმის და მოძრვაი საკეტ-გარსაცმის დაშორების ადგილიდან. ექსტრაქტორის კბილმა კი ზემოთა ნაწილიდან გადაინაცვლა მარჯვენა მხარეს. შეიცვალა აგრეთვე მცვლის ბერკეტი, რომელიც იგივე ადგილას იყო დამონტაჟებული, თუმცა გახდა სლაიდერული ტიპის და დასრიალებდა წინ-უკან.

მეორე თაობის პისტოლეტების საკეტ-გარსაცმზე მარჯვენა მხარეს გარდა სერიული ნომრისა გამოჩნდა აგრეთვე პატენტის ნომერიც „86863“. შეიცვალა აგრეთვე ტარის ლოყების დამაგრების მეთოდი, რომელიც უკვე ხრახნების მეშვეობით ხდებოდა და ვიზუალურად ჩანდა ტარის ლოყებზე არსებული 2 ცალი ხრახნის თავები.
საბოლოო ჯამში მცირე საწარმომ ვერ შეძლო კონკუენცია გაეწია მსხვილი მწარმოებლებისთვის და 20-ანი წლების მიწურულს შეწყვიტეს პისტოლეტების წარმოება.  დღეისათვის უცნობია თუ რამდენი ცალი ეგზემპლარი დამზადდა. რიგი წყაროების თანახმად სულ დამზადებულ იქნა 600-900 ეგზემპლარი.
ერთერთ უცხოურ ინტერნეტ მაღაზიაში გასაყიდად დაიდო პისტოლეტის ორივე ვარიანტი. პირველი (ადრეული) მოდელის ღირებულება შეადგენდა 2650 აშშ დოლარს, ხოლო მეორე მოდელის ღირებულება 2150 აშშ დოლარს.
დღეს პისტოლეტები „მაიორი“ თითქმის აღარ შემორჩა, თუმცა როგორც შემორჩენილი ეგზემპლარების მფლობელები ამბობენ, პისტოლეტები იმდენად მაღალი ხარისხისაა, რომ ამწუთასაც უპრობლემოდ ფუნქციონირებენ, რაც მათი დამზადების ხარისხს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს, რომ პისტოლეტები უმაღლესი კლასის იყო.

No comments:

Post a Comment