ERMA EMP.44 ერზაც იარაღი გერმანიიდან

საარმიო ცეცხლსასროლი იარაღის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოსავლენად და ახალი საჭიროებების დასადგენად, ყველაზე ობიექტური და ალბათ უტყუარი გამოცდა არის ომი. სწორედ ომის მკაცრ ექსპლუატაციის პირობებში შეიძლება დავინახოთ საარმიო იარაღის ისეთი ნიუანსები, რაც მანამდე შეუმჩნეველი იყო. ომის პერიოდში საარმიო იარაღის გამძლეობისა და ტექნიკურ-კონსტრუქციული თავისებურებების გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე მის წარმოების სირთულეებს. ასეთ დროს ყოველთვის იჩენს თავს ორი ძირითადი ფაქტორი:
1. იარაღი სწრაფად უნდა მზადდებოდეს, რათა დროულად მოხდეს მებრძოლთა შეიარაღება. შესაბამისად დროის მოგების კუთხით აუცილებელია წარმოების ტექნოლოგიის გამარტივება;
2. დროითი რესურსის გარდა მნიშვნელოვანია მატერიალური დანახარჯები. ანუ ის ფაქტორი თუ რა დაუჯდება ქვეყანას მისი წარმოება, რადგანაც ომის პერიოდში მატერიალურ დანახარჯებს დიდი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ ომის პერიოდში შექმნილი ეგზემპლარების უმეტესობა ამ ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით იქმნებოდა. რა თქმა უნდა დღეს თანამედროვე პირობებში ხშირად ამ ფაქტორებზე ომის დაწყებამდე ფიქრობენ და ცდილობენ მინიმუმადე იქნას დაყვანილი ხარჯები, წარმოების სირთულეები და სისწრაფე. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დიდი რაოდენობით იქმნებოდა ისეთი საარმიო იარაღი, რომლებიც მარტივად რომ ვთქვათ ზემოთ მოყვანილი ფაქტორებიდან გამომდინარე „ზარალდებოდნენ“. ეს ეხებოდა არამარტო ახალ შექმნილ ეგზემპლარებს, არამედ უკვე შეიარაღებაში არსებულ მოდელებსაც. მაგალითად გერმანული ლეგენდა „Walther P38“ 1942-45 წლებში ბევრად უხარისხოდ მზადდებოდა, ვიდრე მანამდე. იგივე შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირში წარმოებულ ტოკარევის სისტემის პისტოლეტზე “TT-33”, რომელიც ხშირად ხელით გამოთლილს ჰგავდა. მე მინახავს 1941 წელს დამზადებული „TT-33“ და მის ყველა დეტალზე ნათლად ჩანდა დაუმუშავებელი ჩარხების კვალი, ტარის ლოყები უბრალო ხისგან იყო დამზადებული, რომლის ღარებიც არასიმეტრიულად იყო შესრულებული, ხოლო დაფარვა კი საერთოდ აღარ ჰქონდა შერჩენილი. ასეთ დროს მწარმოებლები ნაკლებად ფიქრობდნენ იარაღის ესთეტიურ მხარეებზე და მუშაობდნენ პრინციპით „ომი ყველაფერს ჩამოგვაწერს“ («Война все спишет»). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პრინციპით „სწრაფად / იაფად / მარტივად“, გერმანელების მიერ შეიქმნა არაერთი „ერზაც“ ეგზემპლარი, რომელიც საცდელ ვარიანტებს და პროტოტიპებს ვერ გასცდა. მსგავსი ექსპერიმენტალური და საცდელი იარაღების უმეტესობა იმდენად მცირე რაოდენობით მზადდებოდა, რომ ბევრმა მათგანმა დღევანდელ დღემდე ვერც მოაღწია. ნაწილი დაბომბვების შედეგად სამუდამოდ ჩაიმარხა ნანგრევებში, ნაწილი წყალმა წაიღო ან ხანძარმა შეიწირა, ზოგიერთი ეგზემპლარი კი ნაალაფარის სახით მიითვისეს მებრძოლებმა. საბედნიეროდ ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი გადაურჩა ამ ყველაფერს და მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შემორჩა ისტორიას ინფორმაცია მის შესახებ.
მაშ ასე ! გაიცანით გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “ERMA EMP.44” !
 
შექმნის ისტორია
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელებს შეიძლება ითქვას მასიურად ჰქონდათ შეიარაღებაში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები „MP 40“ და ნაწილობრივ “MP-38”.  გარდა ამ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისა ისინი მცირე რაოდენობით იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყნის მიერ შექმნილ ეგზემპლარებსაც.
1940-იანი წლების დასაწყისში ადოლფ ჰიტლერმა მოითხოვა შეექმნათ ახალი იარაღი, რომელიც საცეცხლე ძალით აჯობებდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბს და ამავდროულად იქნებოდა ერთგვარი შუალედური ვარიანტი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებსა და შაშხანებს შორის. ახალი იარაღი უნდა გამხდარიყო ეგრედწოდებული „მოიერიშე შაშხანა“ (Sturmgewehr).
საკონსტრუქტორო ბიუროები მთლიანად გადაერთვნენ ახალი იარაღის შექმნის პროცესებზე. განსაკუთრებული მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობდა   "C.G. Haenel"-ის და "Steyr-Daimler-Puch"-ის საკონსტრუქტორო ბიუროებში. იარაღის მწარმოებლები კი აგრძელებდნენ არსებული „MP-40“ მოდელის წარმოებას. ცნობისათვის 1 ცალი “MP-38”-ის წარმოება ჯდებოდა 57 რეიხსმარკა (1939 წლის მდგომარეობით 57 რეიხსმარკა იყო 4,93 ფუნტ სტერლინგი). ღირებულება იმ დროისათვის არ იყო მაინცდამაინც მაღალი, თუმცა მოითხოვდა დიდ დროით დანახარჯებს. სწორედ ამიტომ შეიქმნა „MP-40”, რომელიც წარმოების /ტექნიკური  კუთხით უფრო გამარტივდა და „MP-38”-თან შედარებით მცირე დროში მზადდებოდა, თუმცა ჯდებოდა 60 რეიხსმარკა (5.19 ფუნტ სტერლინგი).
1939-დან 1943 წლამდე გერმანიის არმიამ დაკარგა „MP-38“-ების და  „MP 40“-ების უდიდესი მარაგები.  ხოლო 1943 წლის 1 აპრილიდან 1 ნოემბრამდე  ბრძოლების შედეგად დაკარგულ იქნა 56 800 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „MP-40“. შესაბამისად საგრძნობლად შესუსტდა არმიის მომარაგება. ახალი იარაღი კი ჯერ დამუშავების სტადიაში იმყოფებოდა. ნელნელა ჩნდებოდა საჭიროება შექმნილიყო ისეთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც მინიმალურ დროით და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვდა. ასეთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი დაეხმარებოდა გერმანიის არმიას მასიურად შეევსო დაკარგული მარაგები. იარაღის საწარმოს ”Erfurter Maschinenfabrik“ (შემოკლებით „ERMA“) ხელმძღვანელმა, დოქტორმა ბერთოლდ გეიპელმა (Berthold Geipel)(აგრეთვე მოიხსენიებენ, როგორც ბერტოლდ გაიპელი), რომელიც 1922 წლიდან ხელმძღვანელობდა საწარმოს, თითქოს წინასწარ განსჭვრიტა ყველაფერი და 1943 წლის დასაწყისში გადადგა  მსგავსი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნის პირველი ნაბიჯი. აღნიშნული საწარმო ომის დაწყებიდან ძირითადად ამზადებდა კარაბინებს “Kar98k” და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს “MP 40”. სწორედ საწარმო „ERMA“-ში შეიქმნა „MP-38“ მოდელის პირველი პროტოტიპი „EMP-36“, შემდგომ კი „MP-38“, MP-38/40” და “MP-40” მოდელები. შესაბამისად კომპანიას ჰქონდა მდიდარი გამოცდილება პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების კონსტრუირების და წარმოების კუთხით.
როგორც ირკვევა ახალი იარაღის ნახაზები და საპროექტო სამუშაოები მომზადებულ იქნა ჯერ კიდევ 1942 წლის მიწურულს, ხოლო 1943 წლის თებერვალში ფაბრიკა „ERMA“-ში დამზადდა ახალი იარაღის პირველი პროტოტიპები, რომელსაც შემდგომ მიენიჭა სახელწოდება “Erma Maschinenpistole 44” (შემოკლებით „ЕМР.44”). (რიგ წყაროებში მას მოიხსენიებდნენ აგრეთვე შემდეგი დასახელებით „MPE .44“ - Maschinenpistole Erma 44).
იარაღის კონსტრუქცია და ეგებულება
მთავარ კონცეფციას ახალ იარაღში წარმოადგენდა ის, რომ მისი დამზადება შესაძლებელი იყო არადეფიციტური მასალებისგან და დამზადების პროცესში გამოიყენებოდა საპრეს-საშტამპი დაზგები. რიგი დეტალების ერთმანეთთან მიმაგრება კი ხდებოდა მარტივი შედუღების მეთოდით. ყველაზე სასაცილო კი ამ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონსტრუქციაში იყო ის, რომ მისი ლულის კოლოფი (რესივერი), პისტოლეტისებური სახელური, ლულის გარსაცმი და სამხრე კონდახი მზადდებოდა ფოლადის მილებისგან. აღნიშნული მილები იყო ერთი დიამეტრის, შესაბამისად ერთი გრძელი მილის დაჭრით კეთდებოდა მთელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კორპუსი, რომელშიც შემდგომ ხდებოდა საკეტის, დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის, მჭიდის მიმღების და ლულის ჩაყენება. საერთო ჯამში პისტლეტ-ტყვიამფრქვევი თითქმის 300 გრამით მსუბუქი იყო MP-40-ზე და თითქმის 800გრამით მსუბუქი MP-38-ზე.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ისროდა  მხოლოდ ავტომატური ჯერებით და სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან, რაც გულისმობს შემდეგს: მსროლელი საკეტის შესამართ ბერკეტს გადაწევდა უკიდურეს პოზიციაში, რასაც მოჰყვებოდა საბრძოლო ზამბარის შეკუმშვა და საკეტის დაფიქსირება ჩურჩულაზე. სასხლეტ კავზე თითის გამოკვრისას, საკეტი წყდებოდა ჩურჩულადან და შეკუმშული დამაბრუნებელი ზამბარის ხარჯზე მიემართებოდა წინ. საკეტის წინ გადაადგილებისას ხდებოდა ვაზნის მიწოდება ლულის სავაზნეში და კაფსულ მაალებლის მყისიერი აალება.
იარაღის საკეტი შედგებოდა ორი დეტალისგან: 1. MP-40-ის საკეტის თავის მსგავსი წინა ნაწილი; 2. სწორკუთხოვანი რკინის დეტალი, რომელსაც ჰქონდა ცილინდრული ფუძე. აღნიშნული დეტალი ასრულებდა დამრტყმელის ფუნქციას. საკეტის წინა ნაწილზე შესრულებული იყო ნახვრეტი, რომელშიც გაყრის მეშვეობით მაგრდებოდა პატარა შესამართი სახელური. შესამართ სახელურს თავზე გააჩნდა პატარა ნაჭდევები. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში გამოიყენებოდა მოგრძო მრგვალი ზამბარა, რომელიც ასრულებდა როგორც საკეტის დამაბრუნებელი ზამბარის, ასევე საბრძოლო ზამბარის როლს.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულა სიგრძეში იყო 250მმ, ისევე როგორც „MP-38“ და „MP-40“ მოდელებში. მე რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ „EMP.44“-ში იყენებდნენ  „MP38“-ის და „MP40“-ის ლულებს, ან ზუსტად იგივე ჩარხის მეშვეობით ამზადებდნენ, თუმცა სხვადასხვა წყარობში გადავამაწმე და აღმოვაჩინე, რომ EMP44-ის ლულას გააჩნია მარჯვნივ მიმართული 4 ჭრილი, ხოლო MP38-ის და MP40-ის ლულებს  კი მარჯვნივ მიმართული 6 ჭრილი აქვთ.
ლულას გააჩნდა მილისებური გარსაცმი, რომელიც იცავდა მსროლელს ცხელ ლულაზე ხელის შეხებისგან და დამწვრობის მიღებისგან. ეს გარსაცმი აღჭურვილი იყო ოთხრიგად შესრულებული მოგძო ჭრილისებური ნასვრეტებით (თითო რიგში 4 ჭრილისებური ნასვრეტი), რომელიც ამსუბუქებდა კონსტრუქციას და ასრულებდა ლულის გაგრილების დანიშნულებას. გარსაცმის ბოლოში ლულის ცხვირის წინ, მიდუღებული იყო პრიმიტიული მუხრუჭ-კომპენსატორი. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი განთავსებული იყო მილისებურ პისტოლეტისებური სახელურისა და მჭიდის მიმღებს შორის. მასრების ექსტრაქცია (ამოყრა) ხდებოდა მჭიდის მიმღები შახტის ზემოთ, ლულის კოლოფზე განთავსებული ფანჯრიდან. საექსტრაქციო ფანჯრის ზემოთ მიდუღებული იყო მასრების ამრეკლი ფირფიტა.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ვაზნებით კვება ხდებოდა MP-40-ის 32ვაზნიანი მჭიდებით, რაც ფინანსების დაზოგვის კუთხით იყო განპირობებული. მწარმოებელს არ დასჭირდებოდა ახალი ტიპის მჭიდების დამზადება და პირდაპირ არსებულ სათადარიგო მჭიდებს გამოიყენებდა. 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ერთერთი თავსებურება იყო ის, რომ მჭიდის მიმღებში ერთდროულად გვერდიგვერდ თავსდებოდა 2ცალი 32 ვაზნიანი მჭიდი (ჯამში 64 ვაზნა). ორივე მჭიდს გააჩნდა დამოუკიდებელი ფიქსატორი. მჭიდის მიმღების ყელს წინა მხრიდან გააჩნდა სპეციალური ზამბარიანი კლავიშისებური ღილაკი. აღნიშნულ ღილაკზე ხელის დაჭერისას მსროლელს შეეძლო მჭიდების მიმღები ყელის მარცხნივ ან მარჯვნივ გაწევა (გადაადგილება). შესაბამისად ლულის მიმწოდებელ ხაზზე მოექცეოდა ან ერთი მჭიდი ან მეორე.
როდესაც მებრძოლი გაისვრიდა 32 ვაზნას და დაიცლებოდა ერთი მჭიდი, დააწვებდა კლავიშს, გვერდით გაწევით გადაადგილებდა მჭიდებს, რის შედეგადაც მეორე სავსე მჭიდი მოექცეოდა ლულის მიმწოდებელ ხაზზე. ამის შემდეგ მსროლელი უცებ შემართვდა საკეტს და გააგრძელებდა სროლას. ფაქტიურად ასეთი კონსტრუქცია იძლეოდა საშუალებას, რომ მსროლელს სწრაფად მოეხდინა ერთი სავაზნე კოლოფიდან მეორეზე გადასვლა. 64 ცალი ვაზნით დამუხტული ორივე მჭიდი იწვევდა იარაღის დამძიმებას დაახლოებით 1,35 კილოგრამით.
-         რამდენად საიმედოდ მუშაობდა ასეთი 2 მჭიდიანი სისტემა? სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ვინაიდან „ERMA EMP.44“ არ გამოყენებულა ბრძოლებში. შესაძლოა ასეთ რთულ კონსტრუქციას საველე პირობებში მოჰყოლოდა გარკვეული შეფერხებები და მარტივად რომ ვთქვათ მჭიდების მოძრავი ყელი გაჭედილიყო. აქვე ისმის მეორე შეკითხვა: - რამდენად სწრაფად მოახდენდა მსროლელი სავაზნე კოლოფების უცებ გადაადგილებას? მე ვვარაუდობ, რომ თუკი მსროლელი შეასრულებდა გარკვეულ ვარჯიშებს, გამოიმუშავებდა მოტორიკას, რომლის წყალობითაც უფრო სწრაფი გახდებოდა ერთი მჭიდიდან მეორეზე გადასვლა, ვიდრე ეს ხდებოდა სტანდარტულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში ცარიელი მჭიდის მოხსნით, მეორე სავსე მჭიდის ამოღებით და იარაღზე მორგებით.
ზემოდან მჭიდების მიმღებს  ორივე მხარეს გააჩნდა ფრთებივით გამოშვერილი ფირფიტები, რომელიც იცავდა მიმღებს მტვრით და ქვიშით დაბინძურებისგან.
რიგ ლიტერატურაში მოხსენიებულია, რომ არსებობდა გამარტივებული ეგზემპლარი, რომელსაც სტანდარტულად მხოლოდ ერთი მჭიდი უკეთდებოდა.
ზუსტად ასეთივე 2 მჭიდიანი სისტემა მოარგეს ფაბრიკა „Steyr-Daimler-Puch“-ის კონსტრუქტორებმა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ MP-40 მოდელს, რომელიც 1943 წლის ივლისში დამზადდა პროტოტიპის სახით. პროტოტიპს მიენიჭა სახელწოდება „MP-40/I“ (ქარხნული ინდექსი „Gerat 3004”), რომელიც მხოლოდ მცირე სერიით იქნა დამზადებული.


რამ განაპირობა ასეთი  2 მჭიდიანი კონსტრუქციის შექმნა? სავარაუდოდ გერმანელებმა დაინახეს მოწინააღმდეგე მხარის შეიარაღებაში არსებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების უპირატესობა. მაგალითად შპაგინის სისტემის საბჭოთა „ППШ-41“-ის დისკისებურ მჭიდში 75ცალი ვაზნა თავსდებოდა. არსებობდა აგრეთვე ამერიკული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები „Thompson M1921“ / “Thompson M1928 A1”, რომელშიც შესაძლებელი იყო 50 და 100 ცალ ვაზნაზე გათვლილი დისკისებური მჭიდების გამოყენება. (სხვათაშორის მცირე რაოდენობით ორივე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს იყენებდნენ გერმანელები თავიანთ არმიაში. რა თქმა უნდა ისინი თავად არ აწარმოებდნენ მას და შეტაკებების დროს მოპოვებულ ეგზემპლარებს იყენებდნენ).
მცველი
პისტოლეტს არ გააჩნდა დროშისებური მცველი ან რაიმე დამატებითი ბერკეტი, თუმცა იმისათვის, რომ იარაღის გადატანა/ტარება მომხდარიყო უსაფრთხოდ, მფლობელს შეეძლო საკეტის დაფიქსირება ან შეყენებულ პოზიციაში, ან კიდევ დახურულ პოზიციაში. ამისათვის უნდა შესრულიყო შემდეგი ოპერაცია: დაშვებული საკეტის შემთხვევაში, საკეტის შესამართ სახელურზე უნდა მომხდარიყო დაწოლა. დაწოლის შედეგად საკეტის სახელურის მეორე მხარე გამოვიდოდა იარაღის მილისებური ჩარჩოს მარცხენა მხარეს გაკეთებულ ნასვრეტში და მოახდენდა საკეტის დაფიქსირებას. იგივე ოპერაცია კეთდებოდა შეყენებული საკეტის შემთხვევაშიც და საკეტი იბლოკებოდა ღია მდგომარეობაში. ასეთ დროს სასხლეტ კავზე თითის გამოკვრისას, საკეტი არ წყდებოდა ჩურჩულას, ვინაიდან ბლოკირებული იყო შესამართი (შესაყენებელი) სახელურის მიერ. სხვა უსაფრთხოების სისტემა არ გააჩნდა აღნიშნულ ეგზემპლარს.
სამიზნე მოწყობილობები
ბევრ სხვა მინუსებთან ერთად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ერთერთ მინუსს წარმოადგენდა ის, რომ ლულის ხაზი და კონდახი პრაქტიკულად მდებარეობდა ერთ დონეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მის დაპროექტებისას მოხდა სამიზნე მოწყობილობის ზევით აწევა. წინა სამიზნე ლულის გარსაცმზე იყო ხამუტისებურად დამაგრებული. იგი შედგებოდა მაღალი ფოლადის ფურცლებისგან შეკრული ჯებირებისგან, რომლის შუაშიც მაგრდებოდა წვეტიანი სამიზნე ღერო.
წინა სამიზნის ჯებირებს ორივე მხრიდან გააჩნდა ვერტიკალურად შესრულებული ჭრილი, რომელზეც მაგრდებოდა იარაღის ღვედი (ღვედის სამაგრი მეორე წერტილი შესრულებული იყო ფოლადის მსხვილი მავთულისგან და ვერტიკალურად იყო მიდუღებული იარაღის მილისებური კონდახის და ლულის კოლოფის გადაბმის ადგილას).  იარაღის უკანა სამიზნეს გააჩნდა 3 ცალი ფირფიტა 100, 200 და 300 მეტრამდე სასროლად. ფირფიტებს გააჩნდა V-სებური ჭრილი.
მილისებური პისტოლეტის სახელურს შიგნით ჰქონდა სიცარიელე და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მისი რაიმე ღეროზე დამაგრება (ჩამოცმა), რაც მსროლელს აძლევდა საშუალებას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გამოეყენებინა, როგორც დაზგიანი ტყვიამფრქვევი. ამბობენ „ERMA EMP.44-ისათვის სპეციალური მინი დაზგაც კი შეიქმნა, თუმცა ასეთი დაზგის ან მისი საკონსტრუქტორო ნახაზების ვინაობა დღეს უცნობია.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დაშლა / აწყობა
ლულის კოლოფის ბოლოშო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონდახთან, ჩამაგრებული იყო ზამბარიანი ღერძი, აღნიშნული ღერძის მოხსნის შემდეგ, შესაძლებელი იყო უკანა მხრიდან გამოგვეღო დამაბრუნებელი ზამბარა. შემდეგ უნდა მოგვეხსნა საკეტის შესამართი სახელური. აღნიშნული ოპერაციის შესრულების შემდეგ, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის უკანა მხარე უნდა დაგვეწია დაბლა, რასაც მოჰყვებოდა მილისებური კორპუსიდან საკეტის ორივე ნაწილის გამოცურება.


პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დაშლა არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს, მაგრამ სანდო წყაროებს თუ დავუჯერებთ, მისი აწყობა დიდ ნერვების შლას უკავშირდებოდა.  მილისებურ ლულის კოლოფში უკანა მხრიდან უნდა შეგვეცურებინა საკეტის წინა ნაწილი, შემდეგ გვერდიდად უნდა ჩაგვევსვა საკეტის შესამართი სახელური და შემდგომ უნდა ჩაგვეცურებინა საკეტის მეორე ნაწილი. ვინაიდან ლულის კოლოფი იყო მილისებური და შიგნით არ გააჩნდა არანაირი ღარები, ხოლო საკეტის ორივე ნაწილი იყო მრგვალი, ჩასმის დროს ორივე მათგანი  თავისუფლად ბრუნავდა საკუთარი ღერძის გარშემო რაც ართულებდა სწორად აწყობის პროცესს.
რამდენი ცალი ეგზემპლარი დამზადდა სულ?
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგანაც ისტორიას არ შემორჩა არანაირი ცნობები დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების რაოდენობის შესახებ.
დღესათვის ცნობილია მხოლოდ ერთი ცალი EMP 44-ის ვინაობა, რომლის სერიული ნომერიც არის 00015. სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე გავრცელებული ფოტოებიც, სწორედ ამ ეგზემპლარის გახლავთ.
თუმცა ინტერნეტში ასევე გავრცელებულია ფოტო რომელზეც ჩანს მსროლელი EMP 44-ით ხელში და ეს ეგზემპლარი არის ერთ მჭიდიანი ვარიანტი, ხოლო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სერიული ნომრით 00015 კი 2 მჭიდიანი ვარიანტია. შესაძლოა ეს ერთ მჭიდიანი ვარიანტი იყოს რომელიმე ენთუზიასტის მიერ დამზადებული რეპლიკა, შესაძლოა ორიგინალიცაა.
ეგზემპლარი სერიული ნომრით 00015 დაცულია აბერდინის (მერი ლენდი) მუზეუმში, რომელიც ამ ეტაპზე  გადატანილია ფორტ ლიში (ვირჯინიას შტატი).  სხვათაშორის ამ ერთადერთი ეგზემპლარის ისტორია ძალზედ საინტერესოა. 1945 წლის 12 აპრილს აშშ-ს III-ე არმიამ (III Corps) გენერალ ჯორჯ სმიტ პატონის (George Smith Patton) მეთაურობით, მიაღწია ქალაქ ერფურტამდე.
George Smith Patton
ფაბრიკა ERMA-ს ხელმძღვანელმა ბერთოლდ გაიპელმა მოასწრო გაქცევა და თან გაიყოლა ფაბრიკის არქივებში არსებული საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური დოკუმენტაცია. ზუსტად ამ დროს ამერიკელ სამხედროებს ხელში ჩაუვარდათ გერმანელების დანატოვარი სხვადასხვა აღჭურვილობა, რომელთა შორისაც იყო დღეისათვის ერთადერთი ცნობილი ეგზემპლარი „ERMA EMP 44“. აღნიშნული ეგზემპლარი დაუყოვნებლივ იქნა გაგზავნილი აშშ-ში. რამოდენიმე ხანში კი ერფურტის ეს ტერიტორია წითელმა არმიამ დაიკავა და მთლიანად გადავიდა მათი კონტროლის ქვეშ.  აშშ-ში გაგზავნილ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ „ERMA EMP 44“-ს მერილენდში აბერდინის პოლიგონზე ჩაუტარდა ზედაპირული გამოცდები. გამოცდებისას იარაღმა არ აჩვანეა რაიმე განსაკუთრებული მონაცამები და გაგზავნილ იქნა საცავში. შემდგომ კი საერთოდ იქნა დავიწყებული. საბოლოოდ სწორედ ამ საცავიდან მოხვდა იგი აბერდინის მუზეუმში და დღემდე იქ ინახება.
რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუკი ეს ეგზემპლარი ხელში ჩაუვარდებოდა წითელ არმიას?
ჩემი ვარაუდით იარაღი საერთოდ გაქრებოდა უკვალოდ! შესაბამისად ვერც ეს ინფორმაცია მოაღწევდა ჩვენამდე და აღნიშნული სტატიაც ვერ დაიწერებოდა. მაგრამ დიდი ალბათობით გამოჩნდებოდა რუსული წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელშიც მარტივად ამოვიცნობდით ჩვენი სტატიის მთავრი გმირის „ERMA EMP 44“-ის შტრიხებს, რომელზეც რუსები მათთვის ჩვეული პათოსით იტყოდნენ:  ”Мы создали оружие у которого нет аналогов в мире!“
 
სტატიის მომზადებისას ფაქტების გადამოწმებაში დამეხმარა ქვემოთ მოყვანილი ლიტერატურა:
Ian Vernon HOGG – SUBMACHINE GUNS © 2000;
Chris Bishop - Combat Guns © 1998;
Mike Ingram - The MP40 Submachine Gun © 2001;
Бабак Ф. К. – Стрелковое оружие вермахта © 2001;
Монетчиков С. Б. Пехотное оружие Третьего рейха. Часть 3 - Пистолеты-пулеметы / [2001, Справочник].

No comments:

Post a Comment