გეზი Vz.58 მოდელისკენ

სამოქალაქო ბაზრისთვის ადაპტირებული ჩეხოსლოვაკიური „Vz58”-ის ვარიანტები (CZ858) საქართველოში რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ამაზე ადრეც ვწერდით ჩვენს სტატიაში სახელწოდებით „VZ 58-ის მოდიფიკაციები და ქართული ბაზარი“. ამავე სტატიაში ჩვენ გიამბეთ Vz.58-ის შექმნის ისტორია, რომელიც დავიწყეთ მისი პროტოტიპის, კოდური სახელწოდებით "Koště" („ცოცხი“) აღწერით. ვფიქრობ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა პროტოტიპ "Koště"-ს შექმნამდე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ეს სტატია.

ჩეხოსლოვაკიური შუალედური ვაზნიდან - მოიერიშე შაშხანამდე
1943 წელს საბჭოთა კავშირში კონსტრუქტორებმა ნ.მ. ელიზაროვმა (Н. М. Елизаров) და ბ.ვ. სიომინმა  (Б. В. Сёмин), გერმანული შუალედური ვაზნის „7,92x33“ ბაზაზე,  შექმნეს თავიანთი შუალედური ვაზნა სახელწოდებით „M43“, რომლის მეტრული აღნიშვნაც იყო  „7,62x41“. მოგვიანებით ვაზნის მასრის სიგრძე შეამცირეს 39მმ-მდე. სწორედ ასე გაჩნდა პოპულარული ვაზნა 7,62x39. 1944 წელს კი ამ ვაზნაზე კონსტრუქტორმა სერგეი სიმონოვმა (Сергей Гаврилович Симонов) შექმნა თვითდამტენი კარაბინი სახელწოდებით „СКС“ (Самозарядный карабин Симонова) (მთავარი საარტილერიო-სარაკეტო სამმართველოს ინდექსი 56-А-231), რომლის პირველი საცდელი პარტია დამზადდა 1944 წლის მიწურულს. 1947 წელს კი საბჭოთა კავშირში აღნიშნულ ვაზნაზე გამოჩნდა უფრო სერიოზული მოთამაშე კალაშნიკოვის ავტომატი „АК-47“.  
რას აკეთებდნენ ამ პერიოდში ჩეხოსლოვაკიაში? ისინიც მუშაობდნენ შუალედურ ვაზნაზე? რა თქმა უნდა მუშაობდნენ! სამუშაოები მიმდინარეობდა გასაიდუმლოებულად. იქმნებოდა ექსპერიმენტალური ვაზნები და იარაღი, რომელთა უმეტესობაც დღეს უცნობია, თუმცა შევძელი მომეპოვებინა ინფორმაცია ერთერთ ასეთ ექსპერიმენტალურ ეგზემპლარზე. 1941 წელს ჩეხოსლოვაკიაში მაუზერის შაშხანის 8x57 JS ვაზნის ბაზაზე შეიქმნა საცდელი ვაზნა კოდური სახელწოდებით „8mm Rapid“.
დღეს აღნიშნული ვაზნები აღარ არსებობს ბუნებაში. კოლექციონერები კი ნახაზის მიხედვით ახდენენ მისი რეპლიკის დამზადებას. ვაზნის ნახაზები და დოკუმენტაცია დათარიღებულია 1942 წლით. დოკუმენტაციაში მოყვანილი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახისაა: ტყვიის მასა 8გრამი; ტყვიის საწყისი სიჩქარე 670მ/წამი; ენერგია 1800 ჯოული. 1941 წელს აღნიშნულ ვაზნაზე ჩეხოსლოვაკიაში  გენიალურმა კონსტრუქტორმა იოზეფ კოუცკიმ (Josef Koucký) შექმნა თვიტდამტენი კარაბინი სახელწოდებით "ZK-412" (ZK - Zbrojovka Koucký) (ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „MK SS 42“), რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ერთერთ პირველ ექსპერიმენტალურ მოიერიშე შაშხანად შუალედურ ვაზნაზე. ZK-412 დამზადდა ფაბრიკაში “Zbrojovka Brno”. ამ პერიოდში ფაბრიკას აკონტროლებდა გერმანული „Waffen SS“ (SS-Führungshaptamt).
მეორე მსოფლიო ომის პერიოდმა ხელი შეუშალა ახალი იარაღის სათანადო გამოცდებს და 1942 წელს პროექტი შეჩერდა. დღეს ცნობილია მხოლოდ ერთი ცალი ეგზემპლარის ვინაობა, რომელიც დაცულია პრაღის სამხედრო ისტორიულ უწყებაში.
ომის დასრულების შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში კვლავ დაიწყეს შუალედურ ვაზნაზე მუშაობა და 1946 წელს პოვაჟსკის მანქანამშენებელ ფაბრიკაში (Povážských strojírnách v roce) შექმნეს ახალი სცდელი ვაზნა სახელწოდებით “7,62x45 Vz.46”.
ვაზნა  “7,62x45 Vz.46”
მცირედი გადამუშავების შემდეგ 1949 წელს ვაზნას მიენიჭა სახელწოდება “7,5x45 Vz.49”. 1949 წლის გაზაფხულს დაიწყო სპეციალური საგამოცდო კონკურსი, რომელზეც მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ახალ „Vz.49“ ტიპის ვაზნაზე შექმნილი იარაღი.  საბოლოოდ ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია მსგავსი ტიპის ორმა იარაღმა:
1.      ძმებ ჯოზეფ კოუცკის (Josef Koucký) და ფრანტიშეკ კოუცკის (František Koucký) მიერ წარმოდგენილი თვიტდამტენი კარაბინი, რომელიც 1948 წელს შექმნეს პროტოტიპის სახით  სახელწოდებით “ZK-472”;
2.      იან კრატოჩვილის მიერ (Jan Kratochvíl) (ქართველი არ გეგონთ J ) წარმოდგინილი თვითდამტენი შაშხნის პროტოტიპი „ČZ-493“, რომელიც მის ძმასთან ერთად შექმნა 1949 წელს.
ორივე იარაღის მომდევნო გამოცდები გაიმართა ზამთრის კლიმატურ პირობებში, ხოლო 1950 წელს საბოლოო გამოცდებზე ძმები კოუცკების “ZK-472” პროტოტიპს საიმედოობით აჯობა იან კრატოჩვილის და მისი ძმის მიერ წარმოდგენილმა პროტოტიპმა „ČZ-493“. მოგვიანებით აღნიშნული თვიტდამტენი კარაბინი იქნა მოდიფიცირებული და მიენიჭა სახელწოდება „ČZ 502“.
1951 წელს დასრულდა ჩეხოსლოვაკიური შუალედური ვაზნის საბოლოო ვარიანტი, რომელიც ოფიციალურად იქნა შეიარაღებაში მიღებული 1952 წელს, სახელწოდებით “7,62x45 Vz.52”. ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით ჩეხოსლოვაკიური ვაზნა მცირედით აღემატებოდა საბჭოთა კავშირში შექმნილ 7,62x39 ვაზნას. 8,4 გრამიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 745მ/წამში, ხოლო ენერგია 2326 ჯოულს.
ზემოთ ჩეხოსლოვაკიური ვაზნა 7,62x45 "Vz.52”, ქვემოთ საბჭოთა ვაზნა 7,62x39
1952 წელს ვაზნასთან ერთად შეიარაღებაში იქნა მიღებული თვითდამტენი შაშხანა “Vz.52”, რომელიც ძმები კრატოჩვილების პროტოტიპ „ČZ 502“-ის გადამუშავების შედეგადად შეიქმნა.
თვითდამტენი Vz.52
შაშხანის შეიარაღებაში მიღებამდე უკვე გამოიკვეთილი იყო მისი სუსტი მხარეები:
1.      დიდი გაბარიტები;
2.      იარაღის მასა (4.08კგ. ვაზნების გარეშე);
3.      მცირე ტევადობის მჭიდი (10 ცალი ვაზნა);
4.      იარაღს არ შეეძლო ავტომატური ჯერებით სროლა.
საბჭოთა კავშირში კი ამ პერიოდში იქოქებოდა კალაშნიკოვის AK-47 მოდელის წარმოება, რომელიც ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით ბევრად აღემატებოდა ჩეხოსლოვაკიურ Vz.52 მოდელს.
ჩეხოსლოვაკიაში შეეცადნენ არ აეღოთ ლიცენზია კალაშნიკოვის ავტომატის წარმოებაზე და დამოუკიდებლად შეექმნათ მოიერიშე იარაღი. ძმები კოუცკების მიერ ინიცირებული იქნა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი მოიერიშე იარაღის შექმნას. იარაღი გათვლილი უნდა ყოფილიყო იმ დროს ჩეხოსლოვაკიაში არსებულ სტანდარტულ შუალედურ ვაზნაზე “7,62x45 Vz.52”. მთავარ მოთხოვნას აგრეთვე წარმოადგენდა ის, რომ იარაღის წონა უნდა ყოფილიყო მაქისმუმ 3,5 კილოგრამი და 400 მეტრამდე სროლისას უნდა ჰქონოდა დამაკმაყოფილებელი სიზუსტე.
1951 წელს სამმა დამოუკიდებელმა საკონსტრუქტორო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ახალ მოიერიშე იარაღზე.
ეს კონსტრუქტორები იყვნენ:  
1.      იოზეფ კოუცკი (Josef Koucký), რომელის ჯგუფშიც შედიოდა მისი ძმა ფრანტიშეკ კოუცკი (František Koucký). ძმები მოღვაწეობდნენ „Zbrojovka Brno”-ში;

2.      ვაცლავ ჰოლეკი  (Václav Holek). მოღვაწეობდა Zbrojovka Brno-ში;
 
3.      და ყველაზე ახალგაზრდა კონსტრუქტორი ჟირი (მოიხსენიებენ აგრეთვე როგორც ირჟი) ჩერმაკი (Jiří Čermák). მოღვაწეობდა  „Česka zbrojovka“-ში.
1953 წლის გამოცდები
1953 წლის აგვისტოს გაიმართა პროტოტიპების ტესტირება სადაც  ძმებმა კოუცკებმა წარმოადგინეს საკუთარი კონსტრუქციის მოიერიშე შაშხანის პროტოტიპი სახელწოდებით „ZK 503“.
ძმები კოუცკების პროტოტიპები „ZK 503“.  ზევით ვარიანტი საკეცი დუგლუგით, ქვევით ხის ფიქსირებული კონდახით.

იარაღის საერთო სიგრძე 854მმ, ლულის სიგრძე 349მმ, მჭიდის ტევადობა 30 ცალი ვაზნა, წონა ცარიელი მჭიდით 4550 გრამი.  პროტოტიპი მუშაობდა ლულის მოკლე სვლის პრინციპით და შეეძლო როგორც ერთეული, ასევე ავტომატური ჯერებით სროლა. ვინაიდან პროტოტიპს გააჩნდა დიდი ზომის მოძრავი დეტალები, ჯერებით სროლისას სიზუსტე იყო ძალიან ცუდი. აგრეთვე იარაღს გააჩნდა ზედმეტად დიდი უკუცემა. გაიცა რეკომენდაცია, რომ კონსტრუქციას დამატებულიყო უკუცემის შემამცირებელი ამორტიზატორი, რომელიც შეამცირებდა იარაღის ჩარჩოზე დარტყმას.
კონკურსზე ირჟი ჩერმაკმა წარმოადგინა იარაღის პროტოტიპი სახელწოდებით „CZ-515“, რომელშიც სროლა წარმოებდა ღია საკეტით. იარაღს შეეძლო როგორც ერთეული, ასევე ავტომატური ჯერებით სროლა.
ისვე როგორც ძმები კოუცკების იარაღს, აღნიშნულ პროტოტიპსაც ჰქონდა არადამაკმაყოფილებელი სიზუსტე, რადგანაც სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. შესაბამისად სასხლეტზე თითის გამოკვრისას საკეტი წყდებოდა ჩურჩულას და შეკუმშული ზამბარის წყალობით მიექანებოდა წინ. ამ პროცესს თან ზდევდა რხევები, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა იარაღის სტაბილურობაზე, რაც თავისთავად იწვევდა მეტ გაფანტულობას როგორც ავტომატური ჯერებით, ასევე ერთეული გასროლების დროს.

პროტოტიპები "CZ-515". ზემოთ  მოგვიანებით გადამუშავებული ვარიანტი საკეცი დუგლუგით
 
1954 წლის გამოცდები (ჩეხოსლოვაკიაში და საბჭოთა კავშირში)
1954 წელს ვაცლავ ჰოლეკის მიერ წარმოდგენილ იქნა პროტოტიპი სახლწოდებით “ZB-530”. ეს პროტოტიპი კონკურენტებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ 30ცალ ვაზნაზე გათვლილი  მჭიდი უკეთდებოდა ზევიდან. ფაქტიურად ეს იყო ვაცლავ ჰოლეკის მიერ მანამდე შექმნილი ტყვიამფრქვევის „ZB vz. 26“-ის შემსუბუქებული და შემოკლებული ვარიანტი.
ვაცლავ ჰოლეკის პროტოტიპები “ZB-530”. ზევით ადრეული ვარიანტი, ქვემოთ გადამუშავებული ვარიანტი
ძმებმა კოუცკებმა წარმოადგინეს თავიანთი პროტოტიპის „ZK 503“ გაუმჯობესებული და გადამუშავებული ვარიანტი „ZK 503/2“. რომელიც მცირე დეტალებით განსხვავდებოდა პირველი ვარიანტისგან.
„ZK 503/2“

ირჟი ჩერმაკმა კი წარმოადგინა ახალი პროტოტიპი სახელწოდებით „CZ-522“. ეს იარაღი მისი წინამორბედისგან განსხვავებით ისროდა დახურული საკეტით, ლულა შემოკლებული იყო 350მმ-მდე. აგრეთვე შეიცვალა საკეტის შესამართი სახელურის განლაგებაც.


საცდელი სროლებისას სამივე კონსტრუქტორის მიერ წარმოდგენილ ეზემპლარებს შეექმნათ გარკვეული შეფერხებები, თუმცა ყველაზე საუკეთესო საბჭოთა კავშირის გამომცდელების აზრით  აღმოჩნდა ახალგაზრდა კონსტრუქტორის ირჟი ჩერმაკის პროტოტიპი „CZ-522“.
სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებში CZ-515 და CZ522 პროტოტიპების ფოტოები გავრცელებულია პირიქით. ანუ რეალური CZ-522 მოხსენიებულია როგორც CZ-515, ხოლო, რეალური CZ-515 მოხსენიებულია როგორც CZ-522.
1955 წელს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩეხოსლოვაკიას უნდა ჩაენაცვლებინა მათი ვაზნა Vz.52, საბჭოთა ვაზნით 7,62x39. საბოლოოდ ჩეხოსლოვაკია შეუერთდა ვარშავის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მათ მოუწიათ საბჭოთა 7,62x39 ვაზნაზე გადასვლა. შესაბამისად ახალი მოიერიშე იარაღი სწორედ ამ ვაზნაზე უნდა შექმნილიყო. ზუსტად ამ პერიოდში პროექტის ინიციატორებმა ძმებმა კოუცკებმა უარი განაცხადეს პროექტში მონაწილეობაზე.
ჩეხოსლოვაკიაში გაიწერა ახალი მოიერიშე იარაღის მოთხოვნები, რომელიც შემდეგი სახის იყო:
-         იარაღი უნდა ყოფილიყო გათვლილი საბჭოთა 7,62x39 ვაზნაზე;
-         იარაღის წონა სავაზნე კოლოფის გარეშე 2,7კგ-მდე;
-         იარაღის წონა სავსე სავაზნე კოლოფით 4კგ-მდე;
-         იარაღის სიგრძე 85სმ-მდე (850მმ);
-         მჭიდის ტევადობა 30 ცალი ვაზნა;
-         მტყუნების (ასეჩკის) დასაშვები პროცენტულობა 0,3%;
-         ძირითადი ნაწილების რესურსი 15 000 გასროლა;
-         დამიზნების მანძილი სროლისას 1000 მეტრამდე;
-         ტყვიების მაქსიმალური გაფანტულობა ერთეული გასროლებით, დაწოლილ მდგომარეობაში სროლით, საყრდენის გამოყენებით 100 მეტრ დისტანციაზე 11სმ;
-         ტყვიების მაქსიმალური გაფანტულობა მოკლე ჯერებით (3-5გასროლა), დაწოლილ მდგომარეობაში სროლით, საყრდენის გამოყენებით 100 მეტრ დისტანციაზე 22სმ.
ახალი მოთხოვნების შესაბამისად დაწყებულ იქნა პროექტი სახელწოდებით "KOŠTĚ" (ცოცხი).

ახალგაზრდა კონსტრუქტორმა ჟირი ჩერმაკმა დაიწყო მისი პროტოტიპის (CZ-522) გადამუშავება ახალი მოთხოვნების შესაბამისად. მასთან ერთად ახალი იარაღის შემუშავებაში აქტიურად ჩაერთო კონსტრუქტორი ბოჰუსლავ ნოვოტნი (Bohuslav Novotný), რომელიც ირჟი ჩერმაკის მარჯვენა ხელს წარმოადგენდა.
 Bohuslav Novotný
გარდა ბოჰუსლავ ნოვოტნისა, პროექტში მონაწილეობას იღებდნენ Jindřich Jakubec-ი და Karel Vystrčil-ი.
ჩამკეტი მექანიზმის სქემა პატენტიდან #118921, რომელიც ჟირი ჩერმაკის სახელზეა გაცემული
ლულის კოლოფის თავსაფარის და მისი ფიქსატორის სქემა პატენტიდან #118925, რომელიც ჟირი ჩერმაკის  და Jindřich Jakubec-ი სახელზეა გაცემული
 
დამრტყმელის სქემა პატენტიდან #118926, რომელიც ბოჰუსლავ ნოვოტნის და  Karel Vystrčil-ის სახელზეა გაცემული
1956 წელს კი მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად მზად იყო პროტოტიპი სახელწოდებით  "KOŠTĚ Samopal 56“ (შემოკლებით Sa-56). ამ პროტოტიპიდან Vz.58 მოდელეამდე გავლილი გზის ისტორია კი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ძველ სტატიაში "„VZ 58-ის მოდიფიკაციები და ქართული ბაზარი“.  ბმული > http://www.iaragi.com/2015/04/vz-58.html 

No comments:

Post a Comment