ექსპერიმენტალური ZB-46 / ZB-47

დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ჩეხოსლოვაკიური იარაღის მიმართ უკვე მანიაკალური დამოკიდებულება მექმნება. ამის საბაბს უდაოდ მაძლევს ჩეხური ექსპერიმენტალური იარაღები და პროტოტიპები, რომელთა შესახებაც სხვადასხვა წიგნებიდან თუ ვებ წყარობიდან ვიღებთ ცნობებს. ინფორმაცია რომელმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია ჩეხოსლოვაკიაში შექმნილი არაერთი უცნაური პროტოტიპის შესახებ ძალიან ძვირფასია პირადად ჩემთვის. მეორე მსოფლიო ომმა კი ექსპერიმენტებისა და პროტოტიპების უდიდესი ნაწილი დაასამარა, რომლის შესახებაც ალბათ ვერასოდეს ვეღარ შევიტყობთ.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის არმიამ მოითხოვა სპეციალური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნა. ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი უნდა შექმნილიყო სპეციალურად ტანკების და ჯავშანმანქანების ეკიპაჟისათვის. აგრეთვე იარაღი უნდა გამოეყენებინა საპარაშუტო დესანტს. აქედან გამომდინარე მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა შემდეგი ფაქტორები:
·         პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი უნდა ყოფილიყო კომპაკტური;
·         არ უნდა ჰქონოდა გამოშვერილი ნაწილები, რომელიც ხელს შეუშლიდა ეკიპაჟს მანქანის უცებ დატოვებაში;
·         პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გათვლილი უნდა ყოფილიყო 9x19 კალიბრის ვაზნაზე და მის სავაზნე კოლოფში (მჭიდში) უნდა მოთავსებულიყო მინიმუმ 30 ცალი ვაზნა.
1946 წლის მარტს ფაბრიკა “Zbrojovka Brno”-მ წარმოადგინა  კონსტრუქტორ ვაცლავ ჰოლეკის (Václav Holek) მიერ შექმნილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის პროტოტიპი სახელწოდებით “ZB Vz.1946”.  კონსტრუქტორმა იარაღის გაბარიტების შემცირების მიზნით გამოიყენეა იმ დროისათვის ინოვაციური მეთოდები:
1.      პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს არ გააჩნდა გამოშვერილი პისტოლეტისებური სახელური. მის როლს ასრულებდა ლულის კოლოფის უკანა ნაწილში გაკეთებული დიდი ზომის მრგვალი ჭრილი, რომელშიც მსროლელი ათავსებდა ცერა თითს მთლიანი ფუძით.
2.      სავაზნე კოლოფი (მჭიდი) მოთავსებული იყო იარაღის ქვემოთა მხრიდან ნახევრად დახრილ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
ასეთი წყობის შედეგად იარაღს არ გააჩნდა არანაირი გამოშვერილი ნაწილი, რისი წყალობითაც მიიღწეოდა მაქსიმალური კომპაკტურობა. ამ პერიოდში არსებობდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები, რომელთაც მჭიდის ყელი თავისი მჭიდიანად ეკეცებოდათ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ისე, რომ ტრანსპორტირების დროს ყოფილიყო კომპაკტური და მოსახერხებელი. ასეთი იყო მაგალითად უნგრელი კონსტრუქტორის პ.კირალის „Kiraly 39M“ და „43M“, შვეიცარიული „MP-46“ (მისი შემდგომი ვარიანტი „MP-48“), შემდგომ კი ფრანგული „MAT-49“. თუმცა დაკეცილ მდგომარეობაში ასეთი იარიღით სროლა ვერ ხდებოდა. ჩეხურ პროტოტიპში კი მჭიდი სულ მუდამ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამავდროულად სროლაც წარმოებდა.
ვინაიდან მჭიდი განთავსებული იყო ოდნავ დახრილ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ვაზნების მიწოდება ლულის სავაზნის ხაზზე ვერ მოხდებოდა სტანდარტული სქემით, როგორც ხდებოდა ვერტიკალურად განლაგებულ მჭიდიან მოდელებში.
ამიტომ კონსტრუქტორმა შექმნა სპეციალური 4 კბილიანი მბრუნავი ვარსკვლავისებური დისკი, რომელიც საკეტის მოძრაობისას, სპეციალური ბერკეტის მეშვეობით ბრუნავდა ერთი მეოთხედით და ყოველი გადაბრუნებით ახდენდა ვაზნის განთავსებას მიწოდების ხაზზე.
იარაღის კვება ვაზნებით ხდებოდა ორრიგიანი სავაზნე კოლოფით (მჭიდით). არსებობდა ორი სხვადასხვა ტევადობის მჭიდი:
1. სტანდარტული ზომის მჭიდი გათვლილი 32 ცალ 9x19 Parabellum ვაზნაზე;  
2. გრძელი მჭიდი რომელშიც თავსდებოდა 72 ცალი ვაზნა.
ყველაზე საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ გრძელი მჭიდის მორგების შემთხვევაში მაინც არ იზრდებოდა იარაღის გაბარიტები, რადგანაც იგი ქვემოდან გაზდევდა იარაღის კონდახს და ფაქტიურად დამალული იყო მასში.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულის კოლოფი (რესივერი) შედგებოდა 2 ნაწილისგან. 1. ზედა მილისებური ფორმის ნაწილი, რომელშიც მოთავსებული იყო საკეტის დეტალები და დამაბრუნებელი ზამბარა; 2. ქვედა ნაწილი, რომელსაც გააჩნდა სახასიათო სამკუთხა ფორმა. იგი ზედა მილისებურ ნაწილთან დაკავშირებული იყო ლულის ქვემოთ არსებული სპეციალური ღერძის მეშვეობით. აღნიშნულ ღერძს მარჯვენა მხრიდან ჰქონდა სპეციალური მბრუნავი თავი, რომლის გადატრიალების მეშვეობით ხდებოდა იარაღის ორ ნაწილად გადახსნა გასაწმენდათ. ლულის კოლოის ქვედა ნაწილში განთავსებული იყო დამრტყმელ-გამშევები მექანიზმის კომპონენტები და სავაზნე კოლოფი (მჭიდი) თავისი დამჭერით.
1947 წელს კონსტრუქტორმა მოახდინა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მცირედი მოდიფიცირება და შექმნა ეგზემპლარი, რომელსაც ხის კონდახის ნაცვლად გააჩნდა ტელესკოპურად საკეცი მეტალის დუგლუგი (კონდახი).
ZB-47 ზევით გაშლილი დუგლუგით და მოხსნილი 32 ვაზნიანი მჭიდით, ქვემოთ დაკეცილი დუგლუგით და მორგებული მჭიდით
 
დუგლუგის დაკვეცა კიდევ უფრო კომპაკტურს ხდიდა იარაღს. მისი დაკეცვა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღზე მორგებული იყო მოკლე 32 ვაზნიანი მჭიდიდ, ან მჭიდის გარეშე. 72 ვაზნიანი მჭიდის გამოყენების შემთხვევაში დუგლუგი ვერ დაიკეცებოდა. დაკეცვისას დუგლული დასრიალებდა იარაღის ჩარჩოზე არსებულ მიმმართველებზე, რომლის ქვემოთაც ნახევრად იმალებოდა მჭიდი. საკეც კონდახიან ვარიანტს მიენიჭა სახელწოდება ZB-47. (მოგვიანებით ხის კონდახიან ეგზემპლარსაც იგივე სახელწოდება მიენიჭა).
წინა სამიზნე დამაგრებული იყო იარაღის ლულის გარსაცმის ბოლოში, ხოლო უკანა სამიზნე დამონტაჟებული იყო ლულის კოლოფზე. სამიზნეს გააჩნდა ორი პოზიცია: 1. გათვლილი 100 მეტრამდე დამიზნებისთვის; 2. გათვლილი 300 მეტრამდე დამიზნებისთვის.
ZB-47 ზედხედი. დუგლუგი გაშლილ მდგომარეობაში
ლულის გარსაცმი იცავდა მსროლელს დამწრობისგან და ასრულებდა გამაგრილებელი სისტემის როლს. გარსაცმი ბოლომდე არ ფარავდა ლულის წინა ნაწილს, რათა მსროლელს ადვილად მოეხდინა ტანკიდან ან ჯავშანმანქანის სასროლი ფანჯრიდან (ე.წ. ამბრაზურადან) ლულის გამოყოფა. თუმცა არსებობდა ეგზემპლარები მოკლე ლულითაც, რომელიც მთლიანად დაფარული იყო ლულის გარსაცმით. ასეთი ეგზემპლარები სავარაუდოდ საპარაშუტო დესანტისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სულ 24 დეტალისგან შედგებოდა და რიგი დეტალების დამზადება შესაძლებელი იყო დაშტამპვის (დაბეჭდვის) მეთოდით, იგი საბოლოოდ არ იქნა მიღებული შეიარაღებაში, რადგანაც გააჩნდა რთული მექანიზმი, რომელიც საბრძოლო პირობებში შეიძლება ადვილად გამოსულიყო მწყობრიდან. ზუსტად რამდენი ცალი ეგზემპლარი იქნა დამზადებული დღეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ იგი მცირე რაოდენობით  არაოფიციალურად საცდელი პარტიის სახით მაინც მოხვდა სამხედროების ხელში.
1947 წელს სპეციალურად ZB-47 მოდელისთვის დაიბეჭდა კარიკატურებით შესრულებული სამომხმარებლო ინსტრუქცია, რომელშიც დეტალურად არის მოცემული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოყენების წესები. (თუ ვინმეს დაგაინტერესებთ აღნიშნული ინსტრუქცია მომწერეთ და შემიძლია გამოგიგზავნოთ ელექტრონული ვერსიის სახით pdf ფორმატში).
ბელგიური FN P90
შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩეხურმა ეგზემპლარმა არ ჩაიარა უკვალოდ და სწორედ იგი გახდა ბელგიური „FN P90“-ს სულისჩამდგმელი. რათქმაუნდა ეს თანამედროვე კლასის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი რადიკალურად განსხვავდება ZB-57 მოდელისგან, თუმცა საერთო  ჯამში იდეა იგივეა.  

No comments:

Post a Comment