ERMA MP-56 / MAUSER MP-57

უკვე წელიწადზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც  ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ იქნა სტატია სახელწოდებით  „უცნაური ფრანგი MGD / ERMA PM-9“, რომელიც ეხებოდა ფრანგი კონსტრუქტორის მიერ შექმნილ  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ „MGD“-ს. აღნიშნული პისტოლეტი მცირედი მოდიფიცირების შედეგად  საცდელი ეგზემპლარების სახით დაამზადა გერმანულმა კომპანიამ “ERMA”, სახელწოდებით „PM-9“. იხილეთ ბმულიპისტოლეტ-ტყვიამფრქვევმა მისი რთული კონსტრუქციიდან გამომდინარე არ დაიმსახურა მოწონება და საბოლოოდ უარი თქვეს მის წარმოებაზე. ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ იმ პერიოდის კიდევ ერთ მსგავს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე, რომელსაც ზუსტად იგივე ბედი ეწია. 
 
Erma MP-56

1940 წლის მიწურულს ფრანგი კონსტრუქტორის ლუი ბონე კამილისის  (Louis Bonnet de Cammillis) (რიგ წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე როგორც Louis Camillus) მიერ პროექტირებულ იქნა „9х19 Parabellum“ ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. 1955 წელს აღნიშნულმა კონსტრუქციამ მოწონება დაიმსახურა გერმანული კომმპანია „Erma Werke“-ს მხრიდან და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაემზადებინათ იგი რამოდენიმე  საცდელი ეგზემპლარის სახით. საბოლოო დაპროექტების შემდეგ, იარაღის კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა საკეცი დუგლუგი და 1956 წელს დამზადებულ იქნა 10 ცალ ეგზემლარამდე, რომელსაც მიენიჭა სახელწოდება “Erma MP-56”.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყო ზომიერად კომპაკტური. მასში გამოიყენებოდა გერმანული MP-40-ის 32 ვაზნიანი სავაზნე კოლოფები (მჭიდები), რომელიც თავსდებოდა იარაღის პისტოლეტისებურ სახელურში. კონსტრუქცია შესრულებული იყო მარტივად. მილისებურ ლულის კოლოფში მთლიანად იმალებოდა ლულა, საკეტი და დამაბრუნებელი ზამბარა. ვინაიდან სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან, დამაბრუნებელი ზამბარა ამავდროულად ასრულებდა საბრძოლო ზამბარის როლს. საკეტის შესამართი (შესაყენებელი) სახელური განთავსებული იყო მარცხენა მხარეს. მასრების ექსტრაქცია ხდებოდა ლულის კოლოფზე ზემოთა მხრიდან შესრულებული ფანჯრიდან, რომელსაც გააჩნდა სპეციალური თავსაფარი. დროშისებური მცველი განთავსებული იყო სასხლეტი კავის ზევით. სხვა და სხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სროლის ტემპი ავტომატური ჯერებით სროლისას შეადგენდა 550 გასროლას წუთში, რაც ტემპის შემანელებელი კონსტრუქციის გარეშე პირადად მე არარეალურად მეჩვენება. ვინაიდან იარაღი იყო კომპაკტური, ავტომატური ჯერებით სროლისას მის უკეთესად მოთოკვის მიზნით ლულის წინა ნაწილში დამონტაჟებული იყო დამატებითი საკეცი სახელური მსროლელის მეორე ხელისათვის. სავაზნე კოლოფის (მჭიდის) ღილაკ-ფიქსატორი, დამონტაჟებული იყო პისტოლეტისებური სახელურის ზემოთ, მარცხენა მხარეს.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნის მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ გერმანიის პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები, რომელთაც ესაჭიროებოდათ მცირე ზომის ავტომატური იარაღი. ზუსტად ამ პერიოდში ფეხს იდგამდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (BRD-Bundesrepublik Deutschland) არმია „ბუნდესვერი“ (Bundeswehr), რომელთა რიგებშიც საჭირო იქნებოდა კომპაკტური გაბარიტების მქონე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.
1957 წელს პროექტის მენეჯერმა და ამავდროულად სპონსორმა ფენერ ახენბახმა (Fenner Achenbach), გადაწყიტა, რომ კომპანია მაუზერთან თანამშრომლობა უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა და კონტრაქტი გააფორმა მაუზერის ფაბრიკასთან (Mauser-Werke A.G.).

Mauser MP-57
„Erma MP-56“-ის მცირედი ვიზუალური და კონსტრუქციული ცვლილებების შემდეგ, 1957 წელს მაუზერის ფაბრიკაში დამზადებულ იქნა ახალი ეგზემპლარი სახელწოდებით “Mauser MP-57”, რომლის კონსტრუქციაშიც დამატებულ იქნა მეტალის საკეცი დუგლუგი. წინა საკეცი სახელური გახდა მომრგვალებული (მილისებური) ფორმის, რომელსაც თითებისათვის განკუთვნილი ჭრილების მაგივრად გაუკეთდა ხავოიანი ზედაპირი. თითებისთვის განკუთვნილი ჭრილები ამოღებულ იქნა აგრეთვე პისტოლეტისებური სახელურიდანაც, შესაბამისად ტარის ლოყები გახდა უფრო თხელი და ლამაზი, რომელზეც ლოგოტიპის სახით დატანილ იქნა მაუზერის სავაჭრო ნიშანი.
კონსტრუქციიდან ამოიღეს აგრეთვე მასრების ექსტრაქციისათვის განკუთვნილი ფანჯრის თავსაფარი. უკანა ღია სამიზნე მოწყობილობა იყო პრიმიტიული U-სებური ჭრილით. იარაღს მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის ზევით გააჩნდა დროშისებური გადამრთველი, რომელიც ასრულებდა, როგორც მცველის ასევე სროლის რეჟიმების სელექტრორის ფუნქციას. გადამრთველი მარკირებული იყო შემდეგი ფორმით: “Е” - ერთჯერადი გასროლები, “S” - მცველი, “D” - ავტომატური ჯერებით სროლა. პისტოლეტ-ტყვიამფრქვავი ისევე როგორც მისი წინამორბედი „MP-56“ მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით და სროლა წარმოებდა ღია საკეტიდან. სხვადასხვა ცნობარებს თუ დავუჯერებთ ავტომატური ჯერებით სროლისას ტემპი შეადგენდა 800 გასროლას წუთში. დაკაცილი დუგლუგით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სიგრძე იყო 430 მმ, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში საერთო სიგრძე შეადგენდა 610 მმ-ს. ლულის სიგრძე იყო 260მმ. ცარიელი იარაღის მასა 3,2კგ, ხოლო 32 ვაზნით დამუხტულ მდგომარეობაში იგი იწონიდა 3,7 კგ-ს.
1957 წლის მიწურულს, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Mauser MP-57“ გამოსცადეს ბუნდესვერის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, თუმცა საბოლოო ჯამში 1959 წელს კონკურსის გამარჯვებულად აღიარეს უზიელ გალის მიერ შექმნილი ებრეაული „უზი“ (UZI), რომელიც მუდმივი (არა დასაკეცი) ხის კონდახიანი ვარიანტით მიიღებულ იქნა ბუნდესვერის შეიარაღებაში, სახელწოდებით „MP-2“. 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი უზი მუდმივი ხის კონდახით. (მოგვიანებით ბუნდესვერმა შეიარაღებაში მიიღო უზის საკეც დუგლუგიანი ვარიანტიც, სახელწოდებით „MP-2A1“).
სულ მაუზერის ფაბრიკის მიერ დამზადებულ იქნა 25 ცალი “Mauser MP-57”, რომელიც ბუნდესვერის კონკურსზე წარუმატებლობის შემდეგ სხვა და სხვა ქვეყნების მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე იქნა გაგზავნილი, თუმცა საბოლოოდ არცერთმა ქვეყანამ არ გაამახვილა მასზე ყურადღება და მივიწყებულ იქნა. 
აღნიშნული ეგზემპლარი 1983 წელს აღმოჩენილ იქნა  რესპუბლიკა სალვადორში, კომუნისტური პარტიზანების ხელში. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კორპუსი დაფარულია კამუფლირებული ფირით. მისი სერიული ნომერია 21. ფოტოსურათის ავტორი Peter G. Kokalis
ჩემი აზრით მაუზერის „MP-57“ მისი მარტივი კონსტრუქციიდან და  გაბარიტებიდან გამომდინარე არ უნდა ყოფილიყო ცუდი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და ნორმალურად შეასრულებდა პერსონალური თავდაცვითი იარაღის (PDW -Personal defense weapon) დანიშნულებას. ალბათ მაშინდელი დროიდან გამომდინარე არ იყო ასეთი ტიპის იარაღი მაინც და მაინც აქტუალური, რამაც მისი ჩრდილში მოქცევა განაპირობა. თუმცა მისი ავ კარგიანობა და სუსტი მხარეები ალბათ ბუნდესვერის კონკურსის გამომცდელებმა უკეთესად დაინახეს.

No comments:

Post a Comment