კალაშნიკოვის ავტომატური პისტოლეტი "АПК"

40-ანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირის არმიაში გაჩნდა ახალი იარაღის შექმნის საჭიროება. კერძოდ უნდა შექმნილიყო მცირეგაბარიტიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელსაც გამოიყენებდა სატანკო ეკიპაჟი, დაჯავშნული მანქანების ეკიპაჟი და ის სამხედრო პირები, რომლებიც შედიოდნენ თვითმსვლელი საარტილერიო დანადგარების გათვლაში. ზუსტად ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში გამოჩნდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და მისი ვაზნა „9x18 ПМ“. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო მაკაროვის პისტოლეტზე ეფექტური იარაღი, რომლითაც შეაიარაღებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს. აღნიშნული იარაღის შექმნის პროცესში ჩაერთო რამოდენიმე კონსტრუქტორი, რომელთა შორისაც იყვნენ იგორ სტეჩკინი (И.Я. Стечкин) და მიხაილ კალაშნიკოვი (М. Т. Калашников). ამ ორმა კონსტრუქტორმა სხვა კონსტრუქტორებისგან განსხვავებით გადაწყვიტეს შეექმნათ არა სრულგაბარიტიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, არამედ გაეკეთებინათ დიდი ზომის საარმიო მოიერიშე პისტოლეტი, რომელიც იქნებოდა გათვლილი  მაკაროვის ვაზნაზე (9x18 ПМ), ექნებოდა გაზრდილი ტევადობის მჭიდი (სავაზნე კოლოფი) და შეეძლებოდა როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა.
ორივე კონსტრუქტორი წავიდა თითქმის ერთი მიმართულებით და შექმნეს იდენტური ტიპის იარაღი, რომლიდანაც მხოლოდ სტეჩკინის სისტემის პისტოლეტმა მოიპოვა აღიარება და 1951 წელს მაკაროვის სისტემის პისტოლეტთან ერთად მიღებულ იქნა შეიარაღებაში. რამდენადაც ცნობილია კალაშნიკოვის პისტოლეტმა ვერც კი მიაღწია საპოლიგონო გამოცდებამდე. ამის მიზეზი არ გახლდათ ის, რომ პისტოლეტი უვარგისი იყო. უბრალოდ კალაშნიკოვი ამ პერიოდში მთლიანად გადაერთო მისი მოიერიშე შაშხანის AK-47 მოდელის მოდერნიზებაზე და  ტყვიამფრქვევის შექმნაზე. შესაბამისად მას აღარ ეცალა პისტოლეტისთვის, ხოლო საცდელი პარტიის სახით დამზადებული კალაშნიკოვის ავტომატური პისტოლეტის ეგზემპლარებმა კი საცავში გადაინაცვლეს. სწორედ ამ ეგზემპლარებს შეეხება ჩვენი სტატიაც.
АПК პირველი ვარიანტი (1950 წელი)
1949 წელს კალაშნიკოვმა დაასრულა მის ავტომატურ პისტოლეტზე მუშაობა და საცდელი ეგზემპლარის სახით წარმოადგინა იგი 1950 წელს. პისტოლეტს არაოფიციალურად მიანიჭა სახელწოდება „АПК (Автоматический пистолет Калашникова) Опытный образец 1950 года“.
კალაშნიკოვის პისტოლეტი ვიზუალურად ჰგავდა ვალტერის მოდელს “PP”ფაქტიურად იგი იყო დიდი გაბარიტების “Walther PP”, რომელიც გათვლილი იყო მაკაროვის ვაზნებზე და სიმარტივის მიზნით არ გააჩნდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. პისტოლეტი დაფუძნებული იყო თავისუფალი საკეტის პრინციპზე და შეეძლო როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმული იყო უძრავ ლულაზე. ცნობისთვის კალაშნიკოვის პისტოლეტის დამაბრუნებელი ზამბარა თითქმის ორჯერ მოკლე იყო სტეჩკინის პისტოლეტის (АПС) დამაბრუნებელ ზამბარაზე.
მჭიდის ფიქსირება პისტოლეტის ტარში ხდებოდა ტარის ქვემოთ ფსკერზე განთავსებული ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით. იარაღის კვება ხდებოდა 18 ცალ ვაზნაზე გათვლილი სავაზნე კოლოფით, რომელშიც ვაზნები ორრიგიანი შახმატისებური წყობით იყო განლაგებული.
პისტოლეტის ჩახმახი იყო ღია და გააჩნდა სპეციალური უსაფრთხოების სისტემა, რაც გამორიცხავდა შემთხვევით გასროლას იარაღის დავარდნისას ან ჩახმახის თითით დაშვების დროს. სპეციალური მექანიზმის მეშვეობით ჩახმახი საცემ ნემსასთან კონტაკტში შედიოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მსროლელი ბოლომდე მიაჭერდა თითს სასხლეტ კავს.
დროშისებური მცველი განთავსებულია საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხარეს და იგი ამავდროულად ასრულებს სროლის რეჟიმების გადამრთველის დანიშნულებას. მცველს გააჩნია სამი პოზიცია: მცველი, ერთეული გასროლები და სრულიად ავტომატური რეჟიმი. მცველის გააქტიურებისას ავტომატურად ხდება შემართული ჩახმახის უსაფრთხო დაშვება. გააქტიურებული მცველი ახდენს ჩახმახის, სასხლეტი კავის და საკეტის ბლოკირებას. მასრების ექსტრაქცია ხდება საკეტ-გარსაცმზე მარჯვენა მხარეს განთავსებული ფანჯრიდან.
სტეჩკინის პისტოლეტისგან განსხვავებით კალაშნიკოვის პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმს არ გააჩნია ავტომატური ჯერების სროლისას ტემპის შემამცირებელი მექანიზმი. დიდიხანია დაინტერესებული ვარ კალაშნიკოვის პისტოლეტის სროლის ტემპით ავტომატური ჯერებისას, თუმცა ვერსად ვერ შევძელი ამ ინფორმაციის მოპოვება. ჩემი ვარაუდით იგი უნდა შეადგენდეს 850-1000 გასროლას წუთში.


ისევე როგორც სტეჩკინის პისტოლეტზე, კალაშნიკოვის ტარზე უკანა მხარეს ქვედა ნაწილში გაკეთებულია სპეციალური ჭრილი, რომელზეც შესაძლებელია ბუდე-კონდახის დამაგრება. ბუდე კონდახი კალაშნიკოვის პისტოლეტისთვის დამზადებულ იქნა ხისგან.
პისტოლეტის ტარის ლოყები დამაგრებულია ორი ხრახნის მეშვეობით. ლოყებზე ორივე მხრიდან დატანილია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

АПК მეორე ვარიანტი (1951 წელი)
1951 წელს კალაშნიკოვმა წარმოადგინა მისი პისტოლეტის მცირედად მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელშიც შეცვლილი იყო ჩარჩოს ფორმა.
უკანა სამიზნე გახდა უფრო კომფორტული და სტეჩკინის პისტოლეტის მსგავსად მისი რეგულირება ხდებოდა დოლურისებური დეტალის ბრუნვის მეშვეობით. შეიცვალა აგრეთვე საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი ღილაკის კონსტრუქცია.
გამარტივდა ტარის ლოყების დამაგრების მეთოდი და ახალ ეგზემპლარში ხდებოდა ერთი ხრახნის მეშვეობით. კალაშნიკოვის პისტოლეტის კვება 1951 წლის ეგზემპლარში ხდებოდა 20 ვაზნიანი სტეჩკინის სავაზნე კოლოფებით (მჭიდებით), რომელსაც აჭრიდნენ საკეტ-გარსაცმის შემაკავებელ შვერილს. კალაშნიკოვის პისტოლეტში საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი ღილაკი აქტიურდებოდა პირდაპირ მჭიდში არსებული ვაზნების მიმწოდებლის მეშვეობით. სტეჩკინის შემთხვევაში შემაკავებელ ღილაკს ააქტიურებდა მჭიდის ვაზნების მიმწოდებელზე არსებული სპეციალური შვერილი.
საბოლოო ჯამში კალაშნიკოვის პისტოლეტი იყო ძალზედ მარტივი კონსტრუქციის და როგორც ამბობენ ქარხნის ტირში საკმაოდ ბევრი გასროლა განახორციელეს ისე, რომ მას არცერთი სერიოზული შეფერხება არ ჰქონია. დღეს კალაშნიკოვის ავტომატური პისტოლეტები რამოდენიმე ეგზემპლარის სახით ინახება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სამხედრო მუზეუმებში.
მარცხნივ სტეჩკინის პისტოლეტი (АПС), მარჯვნივ კალაშნიკოვის პისტოლეტი (АПК 1951)



No comments:

Post a Comment