Sauer 38H

საქართველოში არ მეგულება მონადირე თუ იარაღის მოყვარული. რომელსაც არ ექნება გაგებული გერმანული კომპანია „Sauer“ -ის შესახებ. აღნიშნული კომპანია ჯერ კიდევ 1751 წელს დაფუძნდა Lorenz Sauer-ის მიერ გერმანიის ქალაქ ზულში.  შემდგომ მისმა ვაჟმა Johann Paul Sauer -მა  გააგრძელა მამამისის ბიზნესი და კომპანიას უწოდა „J.P. Sauer & Sohn“. მოგვიანებით ფაბრიკის საქმიანობაში ჩაერთო Johann Paul Sauer -ის შვილი Franz Sauer (დაიბადა 1790 წელს). შემდეგ Franz Sauer -ს შეეძინა ორი შვილი Rudolf Sauer (დაიბადა 1839 წელს) და Franz Sauer უმცროსი (დაიბადა 1840 წელს), რომლებიც ასევე ჩაერთნენ საგვარეულო ბიზნესში. Franz უმცროსსაც ეყოლა ორი შვილი Hans (დაიბადა 1875 წელს) და Rolf (Rudolf) Sauer (დაიბადა 1882 წელს). ბუნებრივია ისინიც საგვარეულო საქმიანობის მონაწილენი გახდნენ.  Rolf (Rudolf) Sauer იყო ზულის ფაბრიკის გაყიდვების დირექტორი და გარდაიცვალა 1972 წლის იანვარში. მისი შვილები იყვნენ Franz Joachim Sauer, Gisela Sauer და Dietrich Rudolf Sauer ასევე კომპანიის თანამშრომლები. საგვარეულო ბიზნესში ჩართული იყო აგრეთვე Johann Gotlobb Sauer, რომელიც გარკვეული პერიოდი კომპანიის მმართველის თანამდებობას იკავებდა. ალბათ ახლა უკვე ნათელია რატომაც ერქვა კომპანიას „J.P. Sauer & Sohn“ (ქართულად პირდაპირი თარგმანი „ჯ.პ.ზაუერი და შვილი“)
1811 წელს Sauer გახდა პირველი კერძო კომპანია, რომელიც გერმანიის არმიისთვის აწარმოებდა იარაღს. აქედან გამოდინარე 1837 წელს საწარმო გაფართოვდა და გახსნა ახალი ფაბრიკა. 1858 წელს ფაბრიკაში დასაქმებული იყო 200 თანამშრომლი. 1871 წელს ზაუერის ფაბრიკა მაუზერის ფაბრიკასთან ერთად ჩართო სახელმწიფო კონტრაქტის შესრულებაში, რომელიც გულისხმობდა მაუზერის 1871 წლის მოდელის გრძივად მოსრიალე საკეტიანი შაშხანების დამზადებას (Mauser M-1871), ხოლო 1880-ანი წლებიიდან ზაუერი გახდა ცნობილი, როგორც უმაღლესი ხარისხის სანადირო თოფების მწარმოებელი. იმდროინდელი პრაქტიკა გერმანიაში აჩვენებდა, რომ ვინც აწარმოებდა მაღალი კლასის სანადირო და სპორტულ იარაღს, დიდი ალბათობით კარგად გაართმევდა თავს საარმიო იარაღის წარმოებას. არაერთ ასეთ კომპანიასთან (მწარმოებელთან) დადებულა სახელმწიფო კონტრაქტები და არც ზაუერი იყო ამ მხრივ გამონაკლისი.  J.P. Sauer & Sohn -ის შემდეგი სახელმწიფო კონტრაკტი გახლდათ გერმანული საარმიო  რევოლვერების „Reichsrevolver M1879“ წარმოება. შემდეგ ზაუერის ფაბრიკამ 1900 წელს კომერციული მიზნით დაიწყო Burkard Behr -ის (ხშირად მოიხსენიებენ როგორც Burkhard Behr) კონსტრუქციის პისტოლეტის წარმოება, სახელწოდებით "Sauer Bär". აღნიშნულ მოდელზე სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე  http://www.iaragi.com/2014/04/sauer-bar.html  
1901 წლის მიწურულს ზაუერის ფაბრიკამ წამოწყო Karel Krnka -ს და Georg Roth -ის მიერ დაპატენტებული თვითდამტენი პისტოლეტის წარმოების ათვისება, რომელიც 1903 წლიდან მცირე სერიულ წარმოებაში ჩაუშვა. პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება “Roth Sauer”. ეს იყო ფაბრიკის ისტორიაში პირველი თვითდამტენი პისტოლეტი. ამ მოდელის წარმოებისას ფაბრიკა სერიოზულად დაინტერესდა თვითდამტენი პისტოლეტებით და 1913 წელს დაიწყო უკვე საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენი პისტოლეტების გამოშვება, რომელიც ზაუერის ფაბრიკის მთავარმა კონსტრუქტორმა Fritz (Hans) Zehner -მა შექმნა.
Sauer 1913
პისტოლეტი 1913 წლიდან მზადდებოდა და მის კონსტრუქციაში ეტაპობრივად შედიოდა გარკვეული ცვლილებები. როგორც აღნიშნული პისტოლეტი, ასევე მისი წარმოების მანძილზე განხორციელებული ცვლილებების თემა საკმაოდ ვრცელია, ამიტომ მოგვიანებით ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ მის შესახებ.
1928-1929 წლებში ზაუერის ფაბრიკამ გადაამუშავა მისი 1913 წლის მოდელი და  1930 წელს დაიწყო ახალი 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტის წარმოება, სახელწოდებით „Sauer Model 1930“.
Sauer Model 1929-1930
აღნიშნული პისტოლეტის საკეტი ისევე როგორც 1913 წლის მოდელში წარმოადგენდა ცალკე დეტალს, რომელიც ჩამაგრებული იყო მილისებურ გარსაცმში. შემდგომ პისტოლეტმა კვლავ განიცადა მცირედი მოდიფიცირება და გამოჩნდა ახალი მოდელის სახით. პისტოლეტს გააჩნდა ერგონომიული ტარი, დამაბრუნებელი ზამბარის უკანა ნაწილი თავსდებოდა სპეციალურ ბუდეში, აღჭურვილი იყო ლულის სავაზნეში ვაზნის მაჩვენებელი ინდიკატორით და სასხლეტ კავზე ჰქონდა სპეციალური კლავიში, რომელიც ასრულებდა მცველის დანიშნულებას.  
ნახაზი გერმანული პატენტიდან Patent 485710
თუკი არ მოხდებოდა ამ კლავიშზე თითის დაწოლა, ისე სასხლეტი არ გადაადგილდებოდა უკან.  დიახ დიახ ეს ზუსტად ისეთი კლავიაშია, რომელიც შემდგომ გლოკის (Glock) პისტოლტებში იქნა გამოყენებული. განახლებულ მოდელს გააჩნდა აგრეთვე შეცვლილი ფორმის მჭიდი და ღილაკ ფიქსატორი.

განახლებულ მოდელს მიენიჭა სახელწოდება „Behördenmodell“ (ოფიციალური მოდელი. აგრეთვე ეს პისტოლეტი მოხსენიებულია როგორც სამსახურეობრივი მოდელი). აღნიშნული პისტოლეტით დაინტერესდა გერმანიის ჟანდარმერია და პოლიცია, რომელმაც განახორციელა მცირე შეკვეთა. ასევე „Behördenmodell“  მოხვდა ნახევრად გასამხედროებული ფორმირებების ხელშიც. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ პისტოლეტების მცირე ნაწილი პირადი სახსრებით შეიძინეს არმიის ოფიცრებმა და საიდუმლო სამსახურის “SD” პირებმა.
ზუსტად ამ პერიოდში Walther -ის მოდელები PP და PPK სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა, როგორც საპოლიციო, ასევე სამხედრო მოსამსახურეებს შორის, ამიტომ ზაუერის ფაბრიკაში შეეცადნენ კონკურენციის მიზნით შეექმნათ უფრო მაღალი კლასის პისტოლეტი ვიდრე იყო მათივე წარმოების „Behördenmodell“ და Walther -ის მოდელი PPK. ახალი პისტოლეტის სამიზნე ჯგუფი გარდა სამხედროებისა და პოლიციელებისა, თავისუფალი ბაზარიც უნდა გამხდარიყო.
1932 წელს ზაუერის ფაბრიკაში Hans Zener (Zehner) -ის თაოსნობით დაწყებულ იქნა პროექტი, რომელიც მიზნად ისახვადა ახალი საპოლიციო პისტოლეტის შემუშავებას. 1937 წელს უკვე მზად იყო პისტოლეტის პირველი პროტოტიპები, რომელიც „Behördenmodell“ -ისგან განსხვავდებოდა საკეტ-გარსაცმით, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმით, რომელსაც გააჩნდა შიდა (დახურული) ჩახმახი, საკეტ-გარსაცმზე განლაგებული დროშისებური მცველით. აღნიშნული მცველი ბლოკირებას უკეთებს ჩახმახს. პისტოლეტის ჩარჩოზე სასხლეტი კავის უკან დამატებულ იქნა სპეციალური ბერკეტი (cock/decock lever), რომელიც იმ პერიოდში იყო ერთერთი ყველაზე ინოვაციური ფუნქციის მქონე დეტალი. აღნიშნული ბერკეტი დაკავშირებული იყო პისტოლეტის ჩახმახთან და მასზე ცერა თითის დაწოლით შესაძლებელი იყო დაფარული ჩახმახის შეყენება (შემართვა) ან პირიქით შეყენებული ჩახმახის უსაფრთხო დაშვება. ამგვარი ბერკეტის გამოყენება ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმთან კომბინაციაში იძლეოდა შესაძლებლობას სწრაფად და მარტივად მომხდარიყო ჩახმახის შეყენება ან პირიქით დაშვება ისე, რომ პისტოლეტი მიმართული ყოფილიყო მიზნისკენ. გარდა ამისა ორმაგი რეჟიმის მქონე დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის წყალობით, მსროლელი  დაშვებული ჩახმახის შემთხვევაშიც განახორციელებდა გასროლას. ორმაგი მოქმედების რეჟიმში გასროლის განსახორციელებლად სასხლეტ კავზე თითის დაწოლის ძალისხმევა უნდა ყოფილიყო 5,5კგ, ხოლო წინასწარ შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში 2,3კგ. ასეთი ბერკეტის გამოყენებამ განაპირობა იარაღის პოპულარობის გაზრდა, რადგანაც ეს ფუნქცია  თვითდამტენ პისტოლეტებში იყო ერთგვარი ახალი ხილი. 
პისტოლეტი შედგებოდა ჯამში 57 ცალი დეტალისგან და მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. საკეტი დამზადებული იყო ცალკე დეტალის სახით და სპეციალური სარჭის მეშვეობით მაგრდებოდა გარსაცმის კარკასში. სროლისას საკეტი და მისი  გარსაცმი ერთად მოძრაობდა. საკეტში ჩამაგრებული იყო  ექსტრაქტორი, საცემი და ლულის სავაზნეში ვაზნის მაჩვენებელი ინდიკატორი. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტ-გარსაცმი არ დგებოდა შემაკავებელზე. ასეთი რამ საერთოდ არ იყო ჩადებული პისტოლეტის კონსტრუქციაში. საკეტ-გარსაცმის დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმული იყო ლულაზე, ხოლო საბრძოლო ზამბარა განთავსებული იყო პისტოლეტის ტარში. მჭიდის დაფიქსირება ხდებოდა  სასხლეტი კავის უკან ჩარჩოზე განთავსებული ღილაკის მეშვეობით.
მჭიდში თავსდებოდა 8 ცალი 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა (7,65x17 Browning / .32ACP). პისტოლეტს გააჩნდა მჭიდის მცველი. თუკი ტარში არ იყო მოთავსებული მჭიდი, ხდებოდა დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის ბლოკირება. გაბარიტებით პისტოლეტი არ განსხვავდებოდა იმ პერიოდში ბაზარზე არსებული სხვა 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი ეგზემპლარებისგან. მუდმივი (ფიქსირებული) სამიზნე მოწყობილობა გათვლილი იყო 30 მეტრამდე სროლისთვის. წინა სამიზნე შეადგენდა საკეტ-გარსაცმის განუყოფელ ნაწილს, ხოლო U -სებრი ჭრილის მქონე უკანა სამიზნე საკეტ-გარსაცმზე დამაგრებული იყო მრცხლის კუდის ტიპის სამაგრით. პისტოლეტის საკეტ-გარსაცმს ზევითა მხრიდან მთელს სიგრძეზე ჰქონდა ნაჭდევები, რომელიც მზიან ამინდში ერთგვარ ანტი ბლიკურ ფუნქციას ასრულებდა.
პისტოლეტს გააჩნდა ლულის სავაზნეში ვაზნის არსებობის ინდიკატორი, რომელიც სავაზნეში ვაზნის არსებობის შემთხვევაში საკეტ გარსაცმის უკანა ნაწილში წვრილი წკირის სახით გამოდიოდა და ანიშნებდა მსროლელს, რომ სავაზნეში ვაზნაა. აღნიშნული წკირის წყალობით ცუდი განათების პირობებში მსროლელს შეეძლო საკეტ-გარსაცმის უკანა ნაწილზე თითის მოსმით დაედგინა იყო თუ არა ლულის სავაზნეში ვაზნა.
იმისათვის, რომ მომხდარიყო პისტოლეტის არასრული დაშლა, მსროლელს უნდა ჩამოეწია სასხლეტი კავის წინ ჩარჩოზე განთავსებული ორმხრივი ბერკეტი, ხოლო შემდეგ საკეტ-გარსაცმის უკან მოქაჩვით და ზევით აწევით მოეხსნა პისტოლეტიდან.
რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ 1937 წლის ზაფხულის მიწურულს მცირე არასერიული პარტიის სახით მოხდა პისტოლეტების გარკვეული ნაწილის დამზადება, რომელიც SA - (Sturmabteilung) გადაეცა და 1 სექტემბერს იქნა მიღებული ნაწილობრივ შეიარაღებაში. 1938 წელს პისტოლეტმა განიცადა უმნიშვნელო ტექნოლოგიური ცვლილება და 1 აპრილს პისტოლეტების მცირე ნაწილი მოხვდა პოლიციაში, შემდგომ კი ჯავშან-სატანკო ჯარის ოფიცრების ხელში. 1939 წელს წამოწყებულ იქნა პისტოლეტის სერიული პარტიის დამზადება, რომელსაც მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება „Sauer 38H“ (38 ნიშნავდა მოდელის შექმნის წელს, ხოლო ასო H ნიშნავდა Hahn -ს გერმანულად ჩახმახი). პისტოლეტის გრძელი დასახელება კი იყო ასეთი ფორმით „Sauer Pistole Modell 38 Hahn Selbstspannung“ (ზაუერის პისტოლეტი მოდელი 38 თვითშეყენებადი ჩახმახით).
Sauer 38H
ძირითადი პარტიის პისტოლეტების სერიული ნომერი დაწყებულ იქნა დაახლოებით 260 000 -დან. რატომ მაინცდამაინც ამ ნომრიდან? 1937 წელს სწორედ ამ ნიშნულზე გაჩერდა Sauer 38H -ის წინამორბედი მოდელის „BehördenModell“ წარმობა, ამიტომაც გადაწყვიტეს ამ ნიშნულიდან დაეწყოთ ახალი Sauer 38H -ის წარმოების ათვლა.
პისტოლეტის რამოდენიმე გამოცდის შემდეგ, გერმანიის სახმელეთო ძალების შეიარაღების სამმართველომ (Heereswaffenamt) 1941 წელს Sauer 38H დაამტკიცა, როგორც ვერმახტში გამოყენებისთვის ვარგისი პისტოლეტი, რასაც მოჰყვა გერმანიის არმიის ოფიცრების მხრიდან პისტოლეტების პირადი ინიციატივით შეძენა.

პისტოლეტები Sauer 38H მზადდებოდა უმაღლესი ხარისხის ლეგირებული ფოლადისგან, რომელიც შემდგომ გადიოდა სპეციალურ დაფერვას (ე.წ. ვარანენიე). პისტოლეტები გამოირჩეოდა, როგორც საიმედოობით, ასევე დამზადების საუკეთესო ხარისხით და სიზუსტით. პისტოლეტი იმ პერიოდში იქცა ერთგვარ სტატუსის ნიშნად და ყველა ოფიცერი ცდილობდა Walther PPK -ს ნაცვლად, Sauer 38H ჩაეგდო ხელში. პისტოლეტების მცირე ნაწილი მოხვდა აგრეთვე საიდუმლო სამსახურში (SD – Sicherheitsdienst) და პარაშუტისტების (Fallschirmjägers) განკარგულებაში. რიგი წყაროების თანახმად პისტოლეტი შეიარაღებაში ჰქონდა NSDAP -საც (Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei).
პისტოლეტ Sauer 38H -ს წარმოება გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე. დღეს ისტორიას არ შემორჩა იმ დროინდელი დოკუმენტაცია და ზუსტად უცნობია წარმოებული პისტოლეტების რაოდენობა, ვარაუდის დონეზე ცნობილია, რომ 1945 წლის აპრილისთვის, როდესაც შეწყდა მისი წაარმოება, სერიული ნომერი შეადგენდა დაახლოებით 607 000 -ს. რიგ წყაროებში მოხსენიებულია, რომ სულ სერიული სახით დამზადებულ იქნა 200 000-295 000 ცალამდე ეგზემპლარი, რიგ წყაროებში კი სახელდება 265 000 ცალი, რომლიდანაც 65 000 ცალი 1943-1944 წლებში ვერმახტს გადაეცა.

პისტოლეტის ვარიანტები
ვარიანტი დურალუმინის ჩარჩოთი და საკეტ-გარსაცმით - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მცირე პარტიად საცდელი სახით დამზადდა პისტოლეტი დურალუმინის ჩარჩოთი და საკეტ-გარსაცმით. აღნიშნული ეგზემპლარი გაკეთდა ორი მიზეზით: 1. პისტოლეტის საერთო მასის (წონის) შემსუბუქება; 2. წარმოების გამარტივება და პისტოლეტის თვითღირებულების შემცირება.
ვარიანტები 9მმ-ან ბრაუნინგის  და .22LR ვაზნაზე - მცირე პარტიად კომერციული მიზნებისთვის დამზადდა პისტოლეტის ვარიანტები ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე (.380 ACP) და წრიული აალების .22LR ვაზნაზე. დღეს აღნიშნული ეგზემპლარები ყველაზე მეტად ფასობს კოლექციონერების წრეში. რიგ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომ არსებობდა საცდელი სახით დამზადებული 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.25ACP) გათვლილი ეგზემპლარებიც.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ისევე, როგორც სხვა მწარმოებლების პისტოლეტებზე, ზაუერსაც დაეტყო გარეგანი დამუშავების გაუარესება. რიგ ეგზემპლარებს გააჩნდა შავი ბაკელიტის ტარის ლოყები (პანელები), ხოლო რიგ ეგზემპლარებზე გვხდება ნხევრად კუსტარული წესით დამზადებული უბრალო ხის ლოყები. ასევე გვხვდება გარკვეული ეგზემპლარები, რომელთაც არ გააჩნია მჭიდის მცველი და ლულის სავაზნეში ვაზნის არსებობის ინდიკატორი.
 
1943 წლის მიწურულს დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა დროშისებური მცველის ბერკეტი, რომელიც ზედმეტად მიიჩნეოდა, რადგანაც პისტოლეტს ჰქონდა ჩახმახის უსაფრთხოდ დაშვების და შეყენების ბერკეტი. აღნიშნული დეტალის ამოღებამ განაპირობა პისტოლეტის წარმოების გაადვილება და ღირებულების შემცირება.
აგრეთვე დამზადდა ვარიანტები, რომლებსაც გააჩნდათ მცველის ბერკეტი, მაგრამ არ ჰქონდა ჩახმახის უსაფრთხო დამშვების ბერკეტი.
საბოლოოდ 1945 წელს, (მეორე მსოფლიო ომის მიწურულს) კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა ჩახმახის უსაფრთხოდ დამშვები ბერკეტიც. ასეთი ეგზემპლარები არ გადიოდა არანაირ გარეგან დაუშავებას და ასევე არ უკეთდებოდა დაფარვა.
Sauer 38H იმ ეპოქისთვის იყო უდაოდ ინოვაციური და უმაღლესი ხარისხის პისტოლეტი, რომელმაც ისტორიული კვალი დატოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Walther -ის ფაბრიკამ განაახლა მისი პისტოლეტ PPK -ს წარმოება, რომელსაც დღემდე აწარმოებს. კარგი იქნებოდა Sauer -საც რომ გაეგრძელებინა ომის შემდგომ 38H მოდელის წარმოება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ერთერთი დიდი კვალი, რომელიც ამ პისტოლეტიდან შემორჩა, არის SIG-Sauer -ის რიგი მოდელები (მაგალითად P-226) რომელიც აღჭურვილია Sauer 38H -ს მსგავსი ჩახმახის უსაფრთხო დამშვები ბერკეტით.

No comments:

Post a Comment