Erma-Werke EP-452 ჩვენი შთაბეჭდილებები

სტატია, რომელსაც ახლა კითხულობთ რამოდენიმე კვირაა დასრულებული სახით მქონდა შენახული მეხსიერების ბარათზე(ფლეშკაზე), რომელიც დაკარგული მეგონა. ორო დღის წინ მეხსიერების ბარათი ვიპოვე და გადავწყვიტე დაუყოვნებლივ დამედო სტატია ბლოგზე. ეს სტატია ეხება გერმანული კომპანია ERMA-WERKE –ს მიერ დამზადებულ მცირეკალიბრიანი პისტოლეტის ერთერთ მოდელს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო ბაზრისთვის იწარმოებოდა. პისტოლეტი, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ შეძენილ იქნა თბილისის ერთერთ მაღაზიაში დაახლოებით 2 წლის წინ. მისი ფასი თავდაპირველად შეადგენდა 800 ლარს, შემდეგ 700 ლარს და ბოლოს 690 ლარათ იყიდებოდა. სიმართლე რომ გითხრათ ახლა არც ვიცი იყიდება თუ არა ეს პისტოლეტები ამ მაღაზიაში. სულ რამოდენიმე ცალი იქნა შემოტანილი და სავარაუდოდ ყველა მათგანი გაიყიდა. მოკლედ ჩვენი სტატიის მთავარი ობიექტი, როგორც უკვე ავღნიშნეთ წარმოებულია გერმანული კომპანია “ERMA-WERKE” –ს მიერ და გახლავთ მოდელი “EP-452” (EP - იშიფრება როგორც Erma Pistole).
პირველ რიგში მინდა ვისაუბრო თავად კომპანია „Erma-Werke“ -ზე, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღვაწლმოსილი წარსული აქვს გერმანიის არმიისთვის იარაღის წარმოებაში. 1919 წელს ვერსალის შეთანხმების შედეგად, დახურულ იქნა გერმანიის ქალაქ ერფურტში მდებარე სახელმწიფო საიარაღო არსენალი, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ბერთოლდ გაიპელი (გეიპელი ასეც მოიხსენიებენ) (Berthold Geipel). 1922 წელს ბერთოლდ გაიპელმა იარაღის კონსტრუქტორთან და ინჟინერთან ჰაინრიხ ფოლმერთან (Heinrich Vollmer) თანამშრომლობით ჩამოაყალიბა ფაბრიკა სახელწოდებით „Erfurter Maschinenfabrik B. Geipel GmbH“ (შემოკლებით ERMA).
(Heinrich Vollmer  1885-1961)
ფაბრიკის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ჰაინრიხ ფოლმერმა. მას გერმანიაში ბიბერბახის (Biberbach) მუნიციპალიტეტში გააჩნდა მცირე საწარმო საიდანაც უზრუნველყო გარკვეული ჩარხების და აღჭურვილობის გადმოტანა. აგრეთვე ბერთოლდ გაიპელმა და ჰაინრიხ ფოლმერმა ხელში ჩაიგდეს ერფურტში მდებარე სახელმიწოფო საიარაღო არსენალის ჩარხები და შენობის გარკვეული ნაწილი, სადაც განათავსეს თავიანთი საწარმო „Erfurter Maschinenfabrik B. Geipel GmbH“. საწარმო საქმიანობდა დახურული სააქციო საზოგადოების სახით. თავდაპირველად ოფიციალურად უშვებდა სხვადასხვა საწარმოო ხელსაწყოებსა და დანადგარებს, ხოლო არალეგალურად (გასაიდუმლოებული სახით) მუშაობდნენ ავტმატური ცეცხლსასროლ იარაღის შექმნაზე და დაპროექტებაზე. ჰაინრიხ ფოლმერი საკმაოდ ნიჭიერი კონსტრუქტორი აღმოჩნდა, მას ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დეტალების შემქნის მდიდარი გამოცდილება. იგი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდა ტყვიამფრქვევ MG 08 (Maschinengewehr 08) მოდელის გაუმჯობესებაზე. ასევე ჰაინრიხ ფოლმერი მონაწილეობას იღებდა პირველი გერმანული პისტილეტ-ტყვიამფრქვევის MP-18 -ის გაუმჯობესებაში. 1925 წელს ჰაინრიხ ფოლმერმა დააპატენტა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც 1926 წელს სახელწოდებით „ERMA Mod.-1926” ჩაშვებულ იქნა მცირე წარმოებაში. 1931 წელს ფაბრიკა ERMA-ში გადამუშავდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და მოდერნიზირებული სახით გამოჩნდა 1932 წელს. ახალ ეგზემპლარს ეწოდა „Vollmer-ERMA Mod.1932”. შემდეგ იგი ისევ გადამუშავდა 1935 წელს და გამოჩნდა „Vollmer-ERMA EMP“ < ეს მოდელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვერმახტს ჰქონდა შეიარაღებაში სახელწოდებით “MP.704(f)”. მთავარი ტრიუმფი კი ჰაინრიხ ფოლმერს ელოდა 1936 წელს, როდესაც მის მიერ შეიქმნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “ERMA EMP-36”.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “ERMA EMP-36”
ეს გახლავთ ლეგენდარული MP-38 -ის და MP-40 - ის წინაპარი. ბევრი შეცდომით ამ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნას მიაწერს ჰუგო შმაისერს (Hugo Schmeisser), რეალურად კი მისი შემქმნელი გახლავთ თავად ჰაინრიხ ფოლმერი და ფაბრიკა ERMA. 1940-1945 წლებში სულ მილიონზე მეტი MP-38 და MP-40 იქნა დამზადებული ფაბრიკა ERMA -ს მიერ. გარდა ამისა ფაბრიკა აწარმოებდა მაუზერის კარაბინებს „K98k“. ERMA –ს მიერ აგრეთვე ათვისებულ იქნა კარაბინ „K98k“ და „Steyr-Mannlicher M1895“ მოდელებისთვის სპეციალური სავარჯიშო ადაპტერების წარმოება, რომლის მეშვეობითაც ჯარისკაცებს შეეძლოთ სროლაში ვარჯიში .22LR ვაზნების გამოყენებით. ამდაგვარი ადაპტერი გაკეთდა აგრეთვე პისტოლეტ პარაბელუმისთვისაც (Parabellum P-08). ფაქტიურად კომპანია ERMA იქცა გერმანიის სამხედრო მრეწველობის მარგალიტად. დღეს ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულთა უმეტესობას გერმანული იარაღის გაგონებაზე მხოლოდ Mauser-ი და Walther –ი ახსენდება, არადა ფაბრიკა ERMA მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამაყად იდგა გერმანიის არმიის სამსახურში და ქმნიდა/აწარმოებდა როგორც საშტატო იარაღს, ასევე სხვადასხვა ექსპერიმენტალურ ეგზემპლარებს. რამოდენიმე მათგანზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიებში შეგიძლიათ იხილოთ ბმულები:
http://www.iaragi.com/2015/09/erma-emp44.html   
http://www.iaragi.com/2015/10/erma-mp-56-mauser-mp57.html  
http://www.iaragi.com/2014/04/mgd-erma-pm-9.html
1945 წლის 12 აპრილს აშშ-ს III-ე არმიამ (III Corps) გენერალ ჯორჯ სმიტ პატონის (George Smith Patton) მეთაურობით, მიაღწია ქალაქ ერფურტამდე და დაიკავა ის ტერიტორია სადაც ფაბრიკა ERMA  მდებარეობდა. ბერთოლდ გაიპელმა მოასწრო გაქცევა და თან გაიყოლა ფაბრიკაში არსებული სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის ტექნიკური დოკუმენტაცია და ნახაზები. რამოდენიმე ხანში ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა საბჭოთა კავშირმა. მარშალ ჟუკოვის ბრძანებით 1948 წლის 31 აგვისტოს ფაბრიკა ERMA  განადგურდა.
გაქცეულმა კომპანიის მმართველმა ბერთოლდ გაიპელმა 1949 წელს ახალი სული ჩაბერა ERMA -ს და ბავარიაში ააღორძინა მცირემასშტაბიანი ფაბრიკა, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც “ERMA WERKE GmbH“. შემდგომ 1952 წელს ფაბრიკამ გადაინაცვლა მიუნხენთ ახლოს მდებარე ქალაქ დაჰაუში. ახალ ფაბრიკას ბერთოლდთან ერთად სათავეში ჩაუდგა მისი შვილი და იარაღის კონსტრუქტორი რუდოლფ გაიპელი (Rudolf Geipel). 1952 წელსვე კომპანიამ მიიღო სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეკვეთები, რომელიც ეხებოდა დასავლეთ გერმანიის პოლიციის მომსახურებას იარაღის შეკეთების და მოდერნიზების კუთხით. 1954 წელს ბერთოლდ გაიპელი დაკავებულ იქნა ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო, რის შემდეგაც იგი მალევე გაანთავისუფლეს. ციხიდან  გამოსულმა ბერთოლდმა მუშაობა დაიწყო ჰაინრიჰ ფოლმერის კომპანიაში „Vollmer GmbH“. შეიძლება ითქვას, რომ როლები შეიცვალა და ახლა თვითონ ბერთოლდი აღმოჩნდა ჰაინრიხ ფოლმერის მოადგილის თანამდებობაზე.  კომპანია ERMA-მ 50-ანი წლების მეორე ნახევრიდან გააგრძელა სხვადასხვა სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობა. მან საკმაოდ დიდი შეკვეთა აიღო გერმანიის მთავრობისგან ჯავშან ფარების დამზადებაზე.
1964 წელს კომპანია “ERMA WERKE GmbH“ -მ დაიწყო სამოქალაქო ბაზრისათვის სხვადასხვა პისტოლეტების, რევოლვერების და მცირეკალიბრიანი შაშხანების წარმოება. ასევე ამ პერიოდში ძალზედ პოპულარული გახდა აირის (გაზის) პისტოლეტები, რაც კომპანიისთვის დამატებით შემოსავლის წყაროდ ითვლებოდა და დაწყებულ იქნა მათი წარმოებაც.  ფაბრიკაში შეამჩნიეს, რომ ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მათ მიერ დამზადებული აირის პისტოლეტი, რომელიც ვიზუალურად COLT M1911 მოდელის შემცირებულ ვარიანტს წარმოადგენდა. ასევე კომპანია აწარმოებდა Walther PPK -ს ტიპის გაზის პისტოლეტებს, რომელიც სამოქალაქო ბაზარზე ასევე მოთხოვნადი მოდელი აღმოჩნდა. 70-ანი წლების მიწურულს და 80-ანი წლების დასაწყისში კომპანიაში დაწყებულ იქნა ახალი სერიის ცეცხლსასროლი პისტოლეტების წარმოება. სერიას მიენიჭა ინდექსი “EP-450”.  ეს სერია ვიზულაურად ჰგავდა COLT -ის 1911 წლის მოდელს (M1911), რომელსაც გააჩნდა შემცირებული გაბარიტები. გარდა ამისა ERMA WERKE-ს პისტოლეტები კოლტისგან განსხვავებით მუშაობდა უძრავი ლულის და თავისუფალი საკეტის პრინციპით. დამზადებულ იქნა პისტოლეტის 3 ძირითადი ვარიანტი: 1. მოდელი EP-459 გათვლილი ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე (9x17 Browning იგივე .380 ACP); 2. EP-457 გათვლილი ბრაუნინგის 7,65მმ-ან ვაზნაზე (7,65x17 Browning იგივე .32 ACP); 3. EP-452 გათვლილი წრიული აალების .22LR ვაზნაზე. სწორედ ეს ეგზემპლარი გახლავთ ჩვენი სტატიის მთავარი ობიექტი.
პისტოლეტი “ERMA-WERKE EP-452” გამოირჩევა ძალიან მარტივი კონსტრუქციით. მჭიდის დაფიქსირება პისტოლეტის ტარში ხდება ტარის ქვემოთ განთავსებული ღილაკ ფიქსატორის მეშვეობით. საკეტ-გარსაცმის უკანა ნაწილში გააჩნია მსხვილად დაღარული ნაჭდავები. დამრტყმელ გამშვები მექანიზმი არის ორმაგი მოქმედების (DA) და აქვს ღია ჩახმახი. სასხლეტზე თითის გამოკვრა ერთმაგი რეჟიმის დროს (წინასწარ შეყენებული ჩახმახით) ადვილია და პროგნოზირებადი, თუმცა ორმაგი რეჟიმით სასხლეტზე თითის დაჭერა მე პირადად არ მომეწონა. იგი ზედმეტად ხისტი მეჩვენა. ეს უბრალოდ ჩემი აზრია, თორემ  მომხმარებლის დონეზე ამ კატეგორიის პისტოლეტით ორმაგი რეჟიმით სროლა არცაა რაიმე ზეპრიორიტეტული საკითხი.
პისტოლეტის წინა სამიზნე საკეტ-გარსაცმის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო უკანა სამიზნე ცალკე დეტალია, რომელიც მერცხლის კუდის ტიპის მსგავსი ჭრილით არის დამაგრებული. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტ-გარსაცმი რჩება ღია (უკანა პოზციაში). პისტოლეტს არ აქვს გარე ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც დავკეტავთ ღია საკეტს. ამისათვის საჭიროა მოვხნათ ცარიელი მჭიდი და მოვქაჩოთ საკეტს ოდნავ, შემდეგ კი გავუშვათ ხელი. (ან იგივე ოპერაცია მხოლოდ დამუხტული მჭიდის მორგებით. ასეთ დროს საკეტ-გარსაცმის ოდნავი მოქაჩვა უკან და შემდგომ ხელის გაშვება გამოიწვევს ვაზნის მიწოდებას ლულის სავაზნეში). პისტოლეტის საკეტ-გარსაცმის მარცხენა მხარეს განტავსებულია დროშიბერუ მცველის ბერკეტი, რომელიც გააქტიურების შემთხვევაში (გააქტიურება ხდება დაბლა დაწევით) ბლოკირებას უკეთებს საცემ ნემსას.
როდესაც მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი მწირი გამოცდილებისთვის აალი იარაღი შევისწავლო და ახლოს გავიცნო, პირველი რასაც ვაკეთებ არის მისი არასრული დაშლა, შიგნეულობის დათვალიერება და აღქმა იმისა თუ როგორგ ფუნქციონირებეს მისი შიდა მექანიზმი. ამ შემთხვევაშიც პისტოლეტის ხელში აღებიდან პირველივე წუთში გადავწყვიტე მისი დაშლა, თუმცა თავიდან ძალიან დავიძაბე, რადგანაც ვერ გავერკვიე  როგორ იშლებოდა, რატომღაც ველოდებოდი, რომ COLT 1911 მოდელივით ლულის მხრიდან მოხსნადი საცმი (Barrel Bushing) ექნებოდა, თუმცა აღნიშნული საერთოდ არ აქვს. უფრო სწორად აქვს, მაგრამ მხოლოდ ვიზულურად სინამდვილეში კი იგი საკეტ-გარსაცმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად აღმოჩნდა. პისტოლეტი იშლება ისევე, როგორც Walther PP / PPK (და ყველასთვის გასაგები  რომ იყოს, საბჭოთა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ПМ). დასაშლელათ საჭიროა სასხლეტი კავის დამცავი რგოლის დაბლა ჩამოწევა, შემდგომ საკეტ-გარსაცმის ბოლომდე უკან გაწევა და მისი უკანა ნაწილის მაღლა აწევა (აჰა თან გაირითმა).
პისტოლეტი ERMA-WERKE EP-452 მზადდებოდა ორნაირი ტარის ლოყებით (პანელებით). ეგზემპლარი რომელიც ჩვენ შევისწავლეთ აღჭურვილია პლასტმასის ლოყებით. არსებობს აგრეთვე ხისგან დამზადებლი ლოყები, რომელსაც შუაში დატანილი აქვს ოქროსფერი მედალიონი კომპანიის ლოგოთი.
პისტოლეტის დაშლისას ჩემი ყურადრება მიიქცა საკეტ-გარსაცმმა და ჩარჩომ. თავიდან მე ეს ძირითადი დეტალები მეგონა ფოლადის, თუმცა დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს არ არის ფოლადი. არც სილუმინია, რადგანაც პისტოლეტი მისი გაბარიტებისთვის საკმაო წონას ფლობს. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს წნევით ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული ცინკის და ალუმინის შენადნობი (Zinc-aluminium) (ZA), ან კიდევ ZAMAK (Zink, Aluminium, Magnesium, Kupfer).
პისტოლეტის საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხრიდან დატანილია წარწერა ERMA-WERKE Mod. EP 452 Kal. 22long rifle. მარჯვენა მხარეს დატანილია წარწერა Made in W. Germany.
ყველაზე სოლიდურ დეტალს პისტოლეტ ERMA-WERKE EP-452 -ის შმთხვევაში, წარმოადგენს მისი ლულა, რომელიც მთლიანად ფოლადისგანაა დამზადებული და გააჩნია საკმაოდ სქელი კედლები. ლულის სიგრძე შეადგენს 82მმ-ს. პისტოლეტის საერთო სიგრძე არის 160მმ, სიმაღლე 125მმ, სიგანე 28მმ, ხოლო სამიზნე ხაზის სიგრძე შეადგენს 118მმ-ს.
პისტოლეტის მჭიდი კარგად არის შესრულებული. გვერდიდან აქვს ნასვრეტები, რომელიდანაც შესაძლებელია ვაკონტროლოთ მჭიდში არსებული ვაზნების რაოდენობა. ძირზე გააჩნია თხელი სამკუთხა ფორმის პლასტმასის ქუსლი. მჭიდი განკუთვნილია 8 ცალ .22lr ვაზნაზე. პისტოლეტი საიმედოდ მუშაობდა, როგორც სტანდარტულ სიჩქარიან ვაზნებზე, ასევე მაღალსიჩქარიან კონუსისებური მოსპილენძებული ტყვიის მქონე Sellier & Bellot -ის ვაზნებით. < ეს უკანასკნელი ვაზნა თითქმის ჰიპერ სიჩქარის მქონე ვაზნაა, ამიტომ მისი გამოყენება მინც არ არის რეკომენდირებული ასეთ პისტოლეტში.
ალბათ ყველაზე სუსტ წერტილს ამ პისტოლეტებში წარმოადგენს დაფარვა, რომელზეც თამამდ შეიძლება ითქვას, რომ არ ძმაკაცობს იმ მეტალთან, რაც გააჩნია პისტოლეტს. დაფარვა ძალიან მარტივად ზიანდება და იქერცლება პისტოლეტის კორპუსიდან. როდესაც ასეთი სახელის მატარებელი კომპანია ხარ და ამხელა წარსული დგას შენს უკან ალბათ უმჯობესია უკეთეს დაფარვაზე იზრუნო.  თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა ამ პისტოლეტების წარმოება, კომპანიას ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები, რაც საბოლოოდ აისახებოდა მათ პროდუქციაზეც.
პისტოლეტი ERMA-WERKE EP-452 ძირითადად იყიდებოდა ევროპის ქვეყნებში, როგორც გასართობი და თავდაცვითი კატეგორიის იარაღი. მის იმპორტს და რეალიზაციას აშშ-ში ახდენდა კომპანია “American Arms”. ასეთი პისტოლეტები მზადდებოდა გერმანიაში Erma -ს ფაბრიკაში, თუმცა მათი იმპორტი ხდებოდა სახელწოდებით „American Arms PK-22“.
პისტოლეტის საკეტ-გარსაცმზე დატანილი იყო “American Arms” ის სავაჭრო ნიშანი (ორი ლულა წინიდან, რომელშიც ჩახატული იყო ასოები A A), წარწერა PK-22 და Cal..22lr. ასევე არსებობს ეგზემპლარები, რომელთა მარკირებაც ხდება შემდეგნაირად. საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხარეს „AMERICAN ARMS.INC.-N.K.C.-MO PK Cal..22l.r.” (ისე პირველად ვნახე აღნიშვნა .22lr, სადაც l-ს და r-ს შორის წერტილია დასმული). საკეტის მარჯვენა მხარეს ასეთ პისტოლეტებს დასმული აქვთ წარწერა “DESIGN BY ERMA-WERKE”
 
1997 წლის ოქტომბერში ERMA-WERKE ოფიციალურად გაბანკროტდა, ხოლო ფაბრიკის დარჩენილი აქტივები გადაეცა „Steyr Mannlicher“ -ის კონტროლის ქვეშ მყოფ კომპანიას „Suhler Jagd und Sportwaffen, GmbH“ (შპს ზულის სანადირო და სპორტული იარაღი).
პისტოლეტი საერთო ჯამში კარგად არის შესრულებული. ხელშიც კარგად ჯდება და ლამაზია. ბოლობოლო COLT M1911 -ის მინი ვარიანტია. ჩემი აზრით ამ პისტოლეტის მთავარ მუღამს წარმოადგენს ის, რომ იგი დამზადებულია კომპანია ERMA-ს მიერ. პირადად მე მისი ხელში დაჭერისთანავე პირველ რიგში ERMA-ს წარსული გამახსენდა და გამიხარდა ის, რომ ერთდროს ასეთი მნიშვნელოვანი ფაბრიკის ქმნილება გავიცანი.

No comments:

Post a Comment