Beholla / Menta / Stenda / Leonhardt

პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, გერმანიის არმიას შეექმნა გარკვეული პრობლემები, რომელიც  სამხედრო პირების ცეცხლსასროლი პისტოლეტებით მომარაგებას უკავშირდებოდა. იმ პერიოდში გერმანიის საშტატო პისტოლეტებს  წარმოადგენდა „Mauser C-96“ და „Parabellum P-08”, რომელთა წარმოებაც მათი რთული კონსტრუქციიდან გამომდინარე დიდ დროს მოითხოვდა, ხოლო არმიას კი სასწრაფო მომარაგება ესაჭიროებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1914 წლის მიწურულს, არმიამ დახმარებისთვის მიმართა  გერმანიის ქალაქ ზულში (Suhl) მდებარე რამოდენიმე იარაღის საწარმოს. არმიის მოთხოვნა იყო რაც შეიძლება მალე დაემზადებინათ მარტივი კონსტრუქციის თვითდამტენი პისტოლეტი, რომელსაც  შედარებით დაბალი რანგის სამხედრო პირებს დაურიგებდნენ. არმიის დახმარება პისტოლეტებით მომარაგების კუთხით ორმა საწარმომ ითავა:
1.      ზულში მდებარე აუგუსტ მენცის ფაბრიკა „Waffenfabrik August Menz“, რომელიც 1905 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად მხოლოდ სხვადასხვა იარაღის ნაწილების დამზადებით იყო დაკავებული;
2.      ასევე ზულში მდებარე კომპანია „Becker & Hollander Waffenbau“, რომელიც სანადირო შაშხანებს და გლუვლულიან თოფებს აწარმოებდა.
რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ აუგუსტ მენცს ჯერ კიდევ 1913 წელს ჰქონდა 6,35მმ-ანი ჯიბის პისტოლეტის პროექტი სახელწოდებით „Menta” (Menz Taschenpistole) (Taschen -გერმანულიდ ნიშნავს ჯიბეს), რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას შეაჩერა. გადაწყდა, რომ მომხდარიყო აღნიშნული მოდელის გადამუშავება და წარმოებაში ჩაშვება. გადამუშავების შედეგად უნდა გაზრდილიყო იარაღის გაბარიტები და გამოყენებულიყო 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა.
კომპანია „Becker & Hollander Waffenbau“-მ ძალიან სწრაფად შეძლო წარმოებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება, ხოლო 1915 წელს საწარმომ უკვე დაიწყო პირველი პარტიის დამზადება და გერმანიის არმიისთვის მიწოდება. პისტოლეტს  ეწოდა „Beholla”, რომელიც გამომდინარეობდა საწარმოს დასახელებიდან „Becker & Hollander“. 1 ცალი პისტოლეტი გერმანიის არმიას უჯდებოდა 41 მარკა.
პისტოლეტი „Beholla” მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ერთმაგი მოქმედების და გააჩნდა საკეტში განთავსებული საცემი ნემსა. შესაბამისად თანამედროვე გაგებით პისტოლეტი „Beholla” არის ე.წ. “Striker-fired” ტიპის. პისტოლეტის ტარში მჭიდის დაფიქსირება ხდებოდა ტარის ძირზე არსებული ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით. პისტოლეტს გააჩნდა მარტივი სამიზნე მოწყობილობა, რომელიც 25 მეტრამდე სროლისათვის იყო განკუთვნილი.
ერთერთ უჩვეულობას წარმოადგენდა პისტოლეტის ჩარჩოზე ლულის დამაგრების მეთოდი, რომელიც სპეციალურად შესრულებული „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრით და მასში გაყრილი პატარა ღერძით (შტიფტით) ხდებოდა.
პისტოლეტის დასაშლელათ საჭირო იყო საკეტ-გარსაცმზე არსებული ნასვრეტიდან ლულის დამჭერი ღერძის გამოგდება. ამ ოპერაციის შესრულება აუცილებლად მოითხოვდა რაიმე დამხმარე საგანს. (მაგალითად ზუმბას წვრილ ღეროს ან ლურსმანს). როდესაც მოხდებოდა ლულის დამჭერი ღერძის გამოგდება საჭირო იყო საკეტ-გარსაცმის უკან გაწევა და დროშისებური მცველის მაღლა აწევით მისი დაფიქსირება გახსნილ მდგომარეობაში. შემდგომ ხდებოდა ლულის უკან გაწევა, რაც იწვევდა ლულის სამაგრი ბუდიდან გამოსვლას. როდესაც ლულა მოშორდებოდა პისტოლეტის ჩარჩოს შესაძლებელი იყო მისი მოხსნა საკეტ-გარსაცმთან ერთად.
პისტოლეტის მარკირება ხდებოდა შემდეგნაირად: საკეტის მარცხენა მხარეს დატანილი იყო წარწერა „SELBSTLADE PISTOLE BEHOLLA CAL 7,65 D.R.P.„, ხოლო მარჯვენა მხარეს  „BECKER U HOLLANDER WAFFENBAU SUHL“. პისტოლეტის ტარის ლოყებზე (პანელზე) დატანილი იყო ერთმანეთში შერწყმული ორი ასო “B” და „H”. გვხვდება ეგზემპლარები, რომელსაც გააჩნია უბრალოდ ხისგან დამზადებული ტარის ლოყები ყოველგვარი ემბლემის გარეშე.
პისტოლეტ „Beholla” -ს წარმოება გაგრძელდა 1918 წლამდე. ამ პერიოდში დამზადებულ ყველა ეგზემპლარზე გვხვდება გერმანიის ოფიციალური საგამოცდო დამღები, რომელიც მოწმობს, რომ პისტოლეტი ვარგისია საარმიო გამოყენებისთვის.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სულ ჯამში დამზადებულ იქნა დაახლოებით 40 000 ცალამდე “Beholla”, ხოლო შემდგომ მორჩენილი დეტალებისგან კვლავ ხდებოდა მცირე პარტიების დამზადება სხვადასხვა სახელწოდებით. ამაზე უკვე სტატიის ქვემოთ ვისაუბრებთ.
“Menta”
პისტოლეტ „Beholla” –ს წარმოებაში ჩაერთო აგრეთვე კომპანია „Waffenfabrik August Menz“, რომელიც აწარმოებდა პისტოლეტს სახელწოდებით „Menta” (Menz Taschenpistole). „Becker & Hollander“ -ის მიერ წარმოებული პისტოლეტისგან, Menta განსხვავდებოდა მხოლოდ მარკირებით. პისტოლეტის საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო წარწერა „MENTA KAL. 7,65”.  როგორც უკვე ავღნიშნეთ ზევით, პისტოლეტ Beholla –ს სქემა, სწორედ აუგუსტ მენცის ფაბრიკაში შეიქმნილი Menta -სგან აიღეს. იყო თუ არა პისტოლეტის სქემა აუგუსტ მენცის ფაბრიკაში შექმნილი? ამ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს, თუმცა ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ პისტოლეტის საფუძვლად აღებულ იქნა წარმოშობით ჩეხი კონსტრუქტორის ალოიზ ტომიშკას (Alois Tomiška) პისტოლეტი “Little-Tom”, რომელიც ჯერ კიდევ 1908 წელს იყო  ჩაშვებული მცირე წარმოებაში.
Alois Tomiška -ს კონსტრუქციის პისტოლეტი “Little-Tom”
გარდა ვიზუალური მსგავსებისა, Menta –ს და Beholla -ს ჩარჩოზე ლულის  დამაგრების კონსტრუქციაც იმეორებს “Little-Tom” -ის პისტოლეტში არსებულ კონსტრუქციას. მთავარ სხვაობას წარმოადგენს დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი. “Little-Tom” -ის შემთხვევაში იგი არის ჩახმახიანი და ორმაგი მოქმედების (DA), ხოლო „Menta” –ს და „Beholla” -ს შემთხვევაში, როგორც უკვე ავღნიშნეთ გამოიყენება საცემიანი მექანიზმი ე.წ. “Striker-fired”.
1920-ანი წლების დასაწყისიდან აუგუსტ მენცის ფაბრიკამ კომერციული მიზნებისთვის მცირე პარტიებად დამზადა 6,35მმ-ან ბრაუნიბგის ვაზნაზე (.25ACP) გათვლილი პისტოლეტები, რომელიც 7,65მმ-ანი პისტოლეტ Menta –ს მცირე-გაბარიტიან ვარიანტს წარმოადგენდა.
7,65 მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი “Menta” ისევე, როგორც პისტოლეტი „Beholla” პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მიეწოდებოდა გერმანიის არმიას და მასზეც დატანილია შესაბამისი დამღები, რომ ვარგისია საარმიო გამოყენებისთვის. რამდენადაც ცნობილია სხვადასხვა წყაროებიდან 1 ცალი პისტოლეტი „Menta” გერმანიის მთავრობას უჯდებოდა 35 მარკა (6 მარკით იაფი, ვიდრე „Beholla”). პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ „Menta” -ს წარმოება გაგრძელდა კომერციული მიზნით და იწარმოებოდა 1927 წლამდე.
„Stenda“
1919 წელს ქალაქ ზულში კომპანია  «Waffenfabrik Stenda-Werke-Suhl I/TH» -ის მიერ  დაწყებულ იქნა პისტოლეტ „Beholla” -ს წარმოება. თავდაპირველად პისტოლეტების გარკვეული ნაწილი მზადდებოდა «Becker & Hollander Waffenbau» -ის საწარმოდან წამოღებული მორჩენილი დეტალებით. სწორედ ამიტომ შეიძლება შეგვხვდეს პისტოლეტები, რომლის საკეტზეც დატანილია «Stenda-Werke» -ს დამღები, ხოლო ტარის ლოყებზე კი „Becker & Hollander“ -ის ლოგო ორი ერთმანეთშო შერწყმული „B” და “H” ასოს სახით. არსებობს ეგზემპლარები რომლის საკეტ-გარსაცმზე დატანილია წარწერა „Beholla”  და ამავდროულად  „Stenda-Werke“ -ს დამღები.
როგორც უკვე ავღნიშნეთ ზევით პისტოლეტ „Beholla” -ს დასაშლელათ საჭირო იყო დამხმარე ინსტრუმენტის გამოყენება, რომლითაც ხდებოდა ლულის დამჭერი ღერძის გამოგდება. «Stenda-Werke» -ს შემთხვევაში აღნიშნული ღერძის ნაცვლად გამოიყენებოდა სასხლეტი კავის ზევით პისტოლეტის ჩარჩოზე განთავსებული პატარა მცოცავი ღილაკი, რომელზეც საკმარისი იყო დაშლის წინ თითის დაწოლა. სწორედ ამ ღილაკის მეშვებით შეიძლება ამოვიცნოთ პისტოლეტი „Stenda”.
აღნიშნული ღილაკი აკავებდა როგორც ლულას, ასევე პისტოლეტის საკეტ-გარსაცმს. ასეთი დეტალის გამოყენებამ გაოიწვია პისტოლეტის დაშლის თანიმიდევრობის შეცვლა. პირველი იხსნებოდა საკეტ-გარსაცმი და შემდგომ ლულა. („Beholla“ -ს შემთხვევაში ჯერ ლულა იხსნებოდა და შემდეგ საკეტ-გარსაცმი).
პისტლეტ „Stenda” -ს წარმოება  გაგრძელდა დაახლოებით 1926 წლამდე და სულ 1919-1926 წლის მანძილზე დამზადებულ იქნა 25 000 ცალამდე. (თუმცა ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე მინახავს პისტოლეტი, რომელსაც არანაირი დამღა არ ჰქონდა საკეტ-გარსაცმზე და სერიული ნომერი ჰქონდა 61 103)

“Leonhardt“

ბუნებაში გვხვდება პისტოლეტი „Beholla”, რომელიც მარკირებულია სახელწოდებით “Leonhardt“.
აღნიშნულ პისტოლეტს საკეტ-გარსაცმის მარჯვენა მხარეს დატანილი აქვს წარწერა H.M. GERING & CO ARNSTADT. რეალურად ეს კომპანია არ ფიგურირებს არცერთ სხვა პისტოლეტზე, გარდა “Leonhardt“ -ისა. აქედან გამომდინარე ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ H.M. GERING & CO იყო უბრალოდ საბითუმო მოვაჭრე, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ „Beholla“ -ს მორჩენილი დეტალებისგან დაიწყო პისტოლეტების აწყობა და სამოქალაქო ბაზარზე გაყიდვა.
სხვადასხვა წყაროების თანახმად Leonhardt -ის სახელწოდებით დამზადებული პისტოლეტების არცერთ ეგზემპლარს არ აქვს გერმანული სამხედრო მიღების დამღა.

No comments:

Post a Comment