1854 წელს ებრაელმა ძმებმა ლებ (ასევე წარმოთქვამენ
როგორც ლიებ) და მოსე ზიმსონებმა (Löb Simson - Moses Simson) შეიძინეს ფოლადის სამჭედლო
გერმანიაში, კერძოდ ზულში (Suhl). 1856 წელს მათ მიერ დაფუძნებულ იქნა კომპანია ზიმსონი „Simson
& Co“, რომელიც თავდაპირველად დაკავდა იარაღის საწმენდი ზუმბების (შომპოლების)
და ხიშტების წარმოებით. 1871 წელს კომპანიას შემოუართდა გერშელ ზიმსონი, რომელმაც შეიძინა
ველოსიპედების მწარმოებელი ხაზი და კომპანიამ დაიწყო ველოსიპედების წარმოება. შემდეგ
კომპანიამ აითვისა თოფის ლულების წარმოება, ხოლო 1880 წელს სანადირო იარაღის წარმოებაშიც
ჩაერთო. 1907 წლიდან კი კომპანიამ დაიწყო მანქანების, მოტოციკლების, მოპედების და საბავშო
ეტლების წარმოება. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას კომპანია ზიმსონმა აითვისა „Mauser
Gewehr 98“ მოდელის შაშხანების წარმოება. ამ პერიოდში კომპანიაში დასაქმებული იყო დაახლოებით
3500 ადამიანი. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიას ვერსალის შეთანხმების
თანახმად დაუწესდა შეზღუდვა საარმიო იარაღის წარმოებაზე. ერთადერთი კომპანია, რომელსაც
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოფიციალურად შეეძლო Parabellum P-08 პისტოლეტების წარმოება
გერმანიის არმიისთვის გახდა „Simson & Co“. კომპანიას ვერსალის შეთანხმების თანახმად
შეეძლო ეწარმოებინა პარაბელუმის პისტოლეტი მხოლოდ 100მმ-ზე მოკლე ლულით, ამიტომაც აწარმოებდა
მოდელებს 98მმ სიგრძის ლულებით. სულ 1923-1934 წლებში, ზიმსონმა დაამზდა მხოლოდ 12
000 ცალი Parabellum P-08.
1934 წელს კომპანიას ხელმძღვანელობდა არტურ ზიმსონი,
რომელიც დაკავებულ იქნა ჰიტლერის მთავრობის მიერ. დაკავების მიზეზი გახლდათ ის, რომ
ზიმსონი იყო ებრაული გვარის წარმომადგენელი. 1936 წელს ზიმსონების გვარმა შეძლო გერმანიის
დატოვება. რიგი წყაროების თანახმად ზიმსონის საგვარეულომ შეძლო ამერიკის შეერთებულ
შტატებში ემიგრირება. გერმანიის მფლობელობაში დარჩენილი კომპანია კი შეურთდა ბერლინის
იარაღის და სატრანსპოტო საშუალებების ფაბრიკას „Berlin Suhler Waffen- und
Fahrzeugwerke“ (BSW). ხუმრობით კი ნაცისტური მთავრობის კრიტიკოსები აბრევიატურა BSW
–ს ასე შიფრავდნენ „Bis Simson Wiederkommt“ „სანამ ზიმსონი დაბრუნდებოდეს“.
აგრეთვე „Simson & Co“ -ს იარაღის საწარმო ხაზის
ჩარხების და დანადგარების გარკვეული ნაწილის გამოყენებით, ჩამოყალიბდა იარაღის საწარმო
ფაბრიკა სახელწოდებით „Gustloff-Werke – Waffenwerk Suhl“. სახელწოდება მინიჭებულ იქნა
ებრაელი სტუდენტის მიერ მოკლული შვეიცარიელი ნაცისტის ვილჰელმ გუსტლოფის (Wilhelm
Gustloff) საპატივსაცემოთ. ვილჰელმ გუსტლოფი იყო საზღვრებს გარე ორგანიზაცია Auslandsorganisation
(АО) Nationalsozialistische Deutsche Arbeiterpartei -ს (შემოკლებით ორგანიზაციას
ერქვა NSDAP/AO) ხელმძღვანელი (როგორც გერმანიაში უწოდებდნენ Landesgruppenleiter)
პირი შვეიცარიაში. აღნიშნულ პარტიული ერთეული შეიქმნა გრეგორ შტრასერის (Gregor
Strasser) ინიციატივით. მიზანი კი გახლდათ ის, რომ ხელმძღვანელობა გაეწიათ გერმანიის
საზღვრებს გარეთ მცხოვრები გერმანელების, ნაციონალ-სოციალისტური სულისკვეთების ამაღლებისთვის
და იდეოლოგიური პროპაგანდისთვის.
ფაბრიკა „Gustloff-Werke – Waffenwerk“ ძალიან სწრაფად
გახდა ერთერთი სერიოზული კონცერნი, რომელიც აერთიანებდა რამოდენიმე შვილობილ კომპანიას.
კონცერნის მფლობელობაში შედიოდა 5 ძირითადი ერთეული:
1.
Fritz-Sauckel-Werk
Weimar - ვეიმარში მდებარე
ფაბრიკა - აწარმოებდა იარაღს, დაზგებს და სამხედრო ტექნიკას;
2.
Waffenwerk
Suhl i.Thuringen - იარაღის საწარმო გერმანიის ფედერალური მიწის თიურინგიის ქალაქ ზულში
- აწარმოებდა ტყვიამფრქვევებს, თოფებს, შაშხანებს, მოტოციკლებს, ველოსიპედებს და ეტლებს;
3.
Otto-Eberhardt-Patronenfabrik
Hirtenberg - ვაზნების საწარმო ავსტრიის ქალაქ ჰირტენბერგში - აწარმოებდა ვაზნებს და
სხვადასხვა საბრძოლო მასალებს;
4.
Maschinenfabrik
Meuselwitz - მაიზელვიტცის მანქანამშენებელი ფაბრიკა - აწარმოებდა დაზგა-დანადგარებს;
5.
Zweigniederlassung
Berlin Thuringenhaus - თიურინგიის სახლის ბერლინის განყოფილება - საექსპორტო გაყიდვების
განყოფილება.
მცირე საწარმო იყო აგრეთვე ქალაქ გრეიცში (Greiz). ასევე
გერმანელების მიერ პოლონეთის ოკუპაცის პერიოდში Gustloff-Werke -ს ფილიალი მდებარეობდა
ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ლოძში (Łódź).
1942 წელს გაკეთებული კომპანიის სარეკლამო პლაკატი
1940 წლამდე კომპანია Gustloff-Werke
თავის პროდუქციაზე ანთავსებდა დამღას კოდის სახით "337". 1940 წლიდან -
1945 წლამდე ვეიმარში მდებარე ფაბრიკა პროდუქციაზე ახდენდა დამღის დატანას კოდის სახით
„bsd" და "bed", ხოლო ზულში მდებარე ფაბრიკის პროდუქციის დამღა იყო
"dfb".
„Gustloff-Werke“ ძირითადად აწარმოებდა ტყვიამფრქვევებს
გერმანიის არმიისთვის, ასევე ჩართული იყო წვრილკალიბრიანი საზენიტო ქვემეხების წარმოებაში.
1939 წელს ფაბრიკაში დაიწყეს მუშაობა თვითდამტენ
პისტოლეტზე. პისტოლეტის შექმნის პროექტს სათავეში ჩაუდგა „Gustloff-Werke“ -ს მმართველი
ფრიც ზაუკელი (Fritz Sauckel) (სრული სახელი Ernst Friedrich Christoph
"Fritz" Sauckel), რომელიც ძალზედ გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა ნაცისტურ
გერმანიაში.
ფრიც ზაუკელი (Ernst Friedrich Christoph "Fritz" Sauckel)
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრიც ზაუკელი იყო კასელის
რაიონის რაიხსკომისარი (Reichsverteidigungskommissar). 1942 წლის 21 მარტიდან მეორე
მსოფლიო ომის ბოლომდე კი იყო „Generalbevollmächtigter für den Arbeitseinsatz“ შრომის განვითარების და განაწილების გენარალური
უფლებამოსილი პირი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მუშათა ძალდატანებითი დეპორტაციების
ხელმძღვანელი. მან მიიღო აგრეთვე
SA -ს (Sturmabteilung) და SS -ის (Schutzstaffel)
Obergruppenführer -ის წოდება.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ფრიც ზაუკელმა გადაწყვიტა
შეექმნა და მის კომპანიაში ეწარმოებინა თვითდამტენი პისტოლეტი, რომელსაც ესესი (SS), გერმანიის
პოლიცია, საზღვრებს გარე ორგანიზაცია NSDAP და აგრეთვე სპეციალური სამსახურები მიღებდნენ შეიარაღებაში.
რიგი წყაროების თანახმად ფრიც ზაუკელს
1938 წელს უკვე ჰქონდა დაწყებული ამ პისტოლეტის შექმნისათვის საჭირო სამუშაოები და მომზადებული ჰქონდა საწარმოო დოკუმენტაცია.
1939 წლის მიწურულს უკვე მზად იყო პისტოლეტის პროტოტიპები.
პისტოლეტი „Gustloff-Werke“ გათვლილი იყო ბრაუნინგის
7,65მმ-ან ვაზნაზე (.32ACP). მისი მუშაობის პრინიპი დაფუძნებული იყო უძრავი ლულისა
და თავისუფალი საკეტის სქემაზე. დამაბრუნებელი ზამბარა ჩამოცმული იყო ლულაზე, საბრძოლო
ზამბარა კი განთავსებული იყო პისტოლეტის ტარში. ძალიან ბევრ წყაროში მოხსენიებულია,
რომ პისტოლეტი არის ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმით რაც არ შეესაბამება
რეალობას. პისტოლეტის დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ერთმაგი მოქმედების და გააჩნდა
დახურული (შიდა) ჩახმახი. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის თავისებურებას წარმოადგენდა,
მარცხენა მხარეს, პისტოლეტის ტარის ზედა ნაწილში დამონტაჟებული მცოცავი (სლაიდერული) ბერკეტი, რომელიც ახდენდა
საბრძოლო ზამბარის დაჭიმულობის რეგულირებას. შემართული (შეყენებეული) ჩახმახის შემთხვევაში
თუკი ამ ბერკეტს გადავწევდით, უკან ხდებოდა პისტოლეტის მცველზე დაყენება და ამავდროულად
დაჭიმული საბრძოლო ზამბარის შესუსტება.
ფაქტიურად
ეს იყო ერთგვარი „დეკოკერი“, რომელიც მხოლოდ საბრძოლო ზამბარის განტვირთვას ასრულებდა,
ხოლო ჩახმახი კი მაინც შეყენებულ მდგომარეობაში რჩებოდა. ბერკეტის საწყის პოზიციაზე
დაბრუნებით (წინ მიწევით) საბრძოლო ზამბარა
ისევ მოდიოდა დაჭიმულ მდგომარებაში და პისტოლეტი მზად იყო სროლისთვის. დაახლოებით მსგავს
სქემას იყენებდა ამავე პერიოდში შექმნილი გერმანული პისტოლეტი “Sauer 38 H” უბრალოდ
ზაუერის შემთხვევაში ბერკეტით ხდებოდა როგორც ჩახმახის შეყენება (შემართვა), ასევე
უსაფრთხო დაშვება.
გერმანული წარმოების პისტოლეტი Sauer 38h
პისტოლეტის ტარში მჭიდის ფიქსირება ხდებოდა, სასხლეტი
კავის უკან ჩარჩოზე განთავსებული ღილაკ ფიქსატორის მეშვეობით. წინა სამიზნე მოწყობილობა
წარმოადგენდა ფოლადის საკეტ-გარსაცმის შემადგენელ ნაწილს, ხოლო უკანა სამინზე იყო ცალკე
დეტალის სახით, რომელიც მერცხლის კუდის ტიპის სამაგრით იყო დამაგრებული საკეტ-გარსაცმზე.
პისტოლეტის ერთერთ თავისებურებას წარმოადგენს აგრეთვე
მსუბუქი ჩარჩო, რომელიც ცინკის (თუთია) და ალუმინის
ფხვნილის შენადნობისგან მზადდებოდა ჩამოსხმის მეთოდით.
პისტოლეტი დურალუმინის ჩარჩოთი, რომელსაც გააჩნია ფოლადის წინა ნაწილი და სასხლეტი კავის დამცავი რკალი. ვინაიდან პისტოლეტს არ გააჩნია არანაირი მარკირება შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი არის ერთერთი პირველი საცდელი პროტოტიპი
არსებობდა ეგზემპლარები, რომელთაც ჰქონდა მსუბუქი ალუმინის ჩარჩო და გააჩნდა გარკვეული ადგილები, სადაც ჩადგმული იყო ფოლადის წამყვანი ნაწილები რათა ნაკლები დატვირთვა მიეღო ალუმინის ჩარჩოს.
აგრეთვე მოგვიანებით გამოჩნდა ეგზემპლარები მთლიანად ფოლადის ჩარჩოთი
წარმოების გამარტივების
მიზნით მაქსიმალურად შეეცადნენ პისტოლეტში დეტალების რაოდენობის შემცირებას. ჯამში
სულ პისტოლეტი შედგებოდა 37 ცალი დეტალისგან.
პისტოლეტის საკეტ-გარსაცმზე
მარცხენა მხრიდან დატანილი იყო კომპანიის ლოგოტიპი "G" ასოს სახით, მის ქვემოთ
კი იყო მარკირება "GUSTLOFF-WERKE
/ WAFFENWERK SUHL". პისტოლეტის მარჯვენა მხარეს მასრების საექსტრაქციო ფანჯარასთან
ლულის სავაზნე ნაწილში დატანილი იყო მარკირება "Kal.7.65mm". კომპანიის ლოგოტიპი
ასვე დატანილი იყო პისტოლეტის ტარის მარცხენა ლოყაზე.
პისტოლეტი იშლებოდა ძალიან
მარტივად. მსროლელს უნდა ჩამოეწია სასხლეტი კავის ზევით ჩარჩოზე არსებული მცოცავი ღილაკი
(სლაიდერი) და შემდეგ მოექაჩა საკეტი უკან და ზევით.
1940 ერთერთი ეგზემპლარი თავად ფაბრიკის მმართველმა ფრიც ზაუკელმა პირადად გადასცა
ადოლფ ჰიტლერს საჩუქრად. ასევე პისტოლეტი საჩუქრად გადაეცა ჰაინრიხ ჰიმლერს (Heinrich
Luitpold Himmler). საბოლოოდ
Heereswaffenamt -მა
(HwaA) უარაი განაცხადა
პისტოლეტის წარმოებაზე და არანაირი
ოფიციალური შეკვეთა არ განხორციელდა. უარის
მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ იგი არაფრით არ გამოირჩეოდა სხვა მსგავსი კატეგორიის
პისტოლეტებისგან, რომელიც იმ პერიოდში გერმანიაში იწარმოებოდა და ვერ ჯობდა შეიარაღებაში
არსებულ „Walther PP“ -ს. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ სულ საგამოცდოთ პროტოტიპების
სახით 100 ცალ ერთეულამდე პისტოლეტი დამზადაა. რიგ წყაროებში კი სახელდება 200-300
ცალი, რაც ჩემი აზრით ბევრად ახლოსაა სიმართლესთან, რადგანაც ინტერნეტში შემხვედრია
პისტოლეტი სერიული ნომრით 131.
დღეს პისტოლეტი ძალზედ იშვიათია და შემორჩენილი ეგზემპლარები გარკვეულწილად განსხვავდება
ერთმანეთისგან. ძირითადი სხვაობები მდგომარეობს პისტოლეტის ჩარჩოებში. ზოგი მთლიანად დურ-ალუმინია, ზოგი შერეული (ალუმინი+ფოლადის ჩანართები), ზოგიც კი მთლიანად ფოლადის ჩარჩოთია. აგრეთვე სხვაობაა ტარის ლოყებში. რიგ ეგზემპლარებზე
გვხდება პლასტმასის ლოყები შავი ან ყავისფერი ფერის, ხოლო ზოგზე კი ხისგან დამზადებული.
სხვაობებია მჭიდის ღილაკ-ფიქსატორის ფორმაშიც. რიგ ეგზემპლარებზე ღილაკი მრგვალია,
რიგზე კი მოგრძო (ოვალური) ფორმის.
პისტოლეტი ‘Gustloff-Werke”
-ზე შეიძლება ითქვას, რომ იგი ცეცხლსასროლი იარაღის კოლექციონერებისთვის ერთერთი ყველაზე დიდი ნადირობის ობექტია. რამოდენიმე
ხნის წინ ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე გადავაწყდი იდეალურ კონდიციაში მყოფ ეგზემპლარს,
რომლის საწყისი ღირებულებაც 11 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ზოგადად ამ პისტოლეტის ფასები აუქციონობზე მერყეობს 7000-20 000 დოლარის ფარგლებში.
რამდენადაც ცნობილია,
მეორე მსოფლიო ომის დროს 1945 წლის 3 აპრილიდან 3 ივლისის ჩათვლით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა
დაიკავეს თიურინგიის ის ტერიტორია სადაც “Gustloff-Werke” -ს საცავები მდებარეობდა,
შესაბამისად გადარჩენილი პისტოლეტების ყველაზე დიდი ნაწილი, ამერიკელი ჯარისკაცების
ხელში იქნა ჩაგდებული და წაღებულ იქნა სამშობლოში, როგორც ე.წ. „ტრაფეი“. აბზაცის ამ მომენტში გამახსენდა
ფრიც ზაუკელის სიტყვები. იგი ამბობდა „მე პატივს ვცემ ამერიკელ ოფიცრებს და სამხედროებს,
თუმცა არა ამერიკულ იუსტიციას“ J
ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტის 9მმ-ანი პროტოტიპი. მისი ჩარჩო დამზადებულია ფოლადისგან და გათვლილია ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე 9mm Kurz (380 Auto).
დღეისათვის ეს არის ყველაზე იშვიათი ეგზემპლარი. ოფიციალურად მხოლოდ 2 ცალი 9მმ-ანი „Gustloff-Werke”-ს არსებობის შესახებაა ცნობილი.
ფოტოზე გამოსახულია პისტოლეტის 9მმ-ანი პროტოტიპი. მისი ჩარჩო დამზადებულია ფოლადისგან და გათვლილია ბრაუნინგის 9მმ-ან მოკლე ვაზნაზე 9mm Kurz (380 Auto).
დღეისათვის ეს არის ყველაზე იშვიათი ეგზემპლარი. ოფიციალურად მხოლოდ 2 ცალი 9მმ-ანი „Gustloff-Werke”-ს არსებობის შესახებაა ცნობილი.
1946 წელს „Gustloff-Werke”
-ს მმართველი ფრიც ზაუკელი აღმოჩნდა ნიურნბერგის პროცესზე წარმოდგენილ ადამიანებს შორის,
სადაც იგი სცნეს როგორც სამხედრო დამნაშავედ, ასევე დამნაშავედ მშვიდობისა და კაცობრიობის
წინააღმდეგ. 1946 წლის 16 ოქტომბერს ფრიც ზაუკელი ჩამოახრჩეს. ეშაფოტზე ასვლისას მისი
ბოლო სიტყვები იყო "Ich sterbe unschuldig, mein Urteil ist ungerecht. Gott
beschütze Deutschland!" „მე ვკდები უდანაშაულო კაცად. ჩემი განაჩენი არასამართლიანია. ღმერთო დაიფარე გერმანია!“
No comments:
Post a Comment