Walther P.38 და ყველაფერი მის შესახებ (ნაწ. 1)

პირველი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომელიც აბსოლუტურად რასაც ჰქვია ბოლო ჭანჭიკამდე დავშალე იყო Walther P.38.  შემდეგ სრულად დავშალე CZ-24. სიმართლე რომ ვთქვა CZ-24  -ის კონსტრუქციით უფრო აღვფრთოვანდი, ვიდრე P.38 -ის, თუმცა Walther P.38 ჩემთვის არის კულტურული ძეგლი პისტოლეტებს შორის. დღევანდელი გადმოსახედიდან მას აქვს გარკვეული მინუსები, მაგრამ ჩემთვის იგი დღესაც საუკეთესო ეგზემპლარად ითვლება. ერთხელ ერთმა მეგობარმა მკითხა ძველი თაობის პისტოლეტებიდან რომელს ატარებდი თავდაცვის მიზნითო.  ამ კითხვაზე გამიჭირდება პირდაპირ პასუხის გაცემა, თუმცა ერთერთი ნამდვილად იქნება “Walther P.38”. დარწმუნებული ვარ ახლა ბევრი თქვენთაგანი იცინით და ამბობთ რაღადროს P.38 -იაო, მაგრამ სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი ჩემთვის ამ პისტოლეტს არ აქვს დრო! და ახლა დარწმუნებული ვარ ბევრს ხელები აგექავათ რომ კომენტარები დაწეროთ „Glock ჯობია და ზიგი მაგარია“. ვიცით რომ მაგარია, ვიცით რომ სჯობს  P.38 -ს, მაგრამ საერთოდ სხვადასხვა თემებს ნუ შევადარებთ. Glock არის გლოკი და P.38 არის ძველი სკოლის წარმომადგენელი. ამიტომ ამ ორი პისტოლეტის შედარება ყვერებში მახათის ყრის ტოლფასია და არასერიოზულ ხასიათს ატარებს.  (ლირიული გადახვევა) ისე ამ  ბოლო დროს არაერთხელ შევამჩნიე ინტერნეტში ვინმე დადებს მაგალითად მაუზერის ან პარაბელუმის სურათს და ქვემოთ კომენტარებში წერენ ჯიგრები - გლოკი ჯობია, ან - ხეკლერ კოხი უფრო მაგარია, დეზერტ იგლი ბევრად მხეცია :))) რა შუაშია მერე მაუზერთან ან პარაბელუმთან? მოკლედ გავაგრძელოთ... ეგზემპლარი რომელიც მე ახლოდან გავიცანი ვიზუალურად (კოსმეტიკურად) ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მისი ლულა ფაქტიურად იყო გლუვი და მხოლოდ ჭრილების მცირე ნაკვალევი ეტყობოდა. ეს ეგზემპლარი დამზადებული იყო შპრეევერკეს ფაბრიკაში. ჩემი პირველი ნაცნობობა ამ მოდელთან 1995 წელს შედგა. მას მერე გადავწყვიტე შემეგროვებინა ინფორმაცია ამ მოდელის პისტოლეტზე. მაშინ მე არ მქონდა არც კომპიუტერი და არც ინტერნეტთან წვდომა. მქონდა ერთი რვეული, რომელშიც ვაკეთებდი ჩანაწერებს, ნახაზებს, სქემებს სხვადასხვა წიგნებიდან და ჟურნალებიდან.  შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა კომპიუტერი და ინტერნეტი, რის შემდეგაც აქტიურად დავიწყე ინფორმაციის შეგროვება. რამოდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ვიპოვე ძველი რვეულები და ამობეჭდილი მასალები სხვადასხვა წყაროებიდან, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სტატიის დაწერაც ჯერ კიდევ 1995 წელს დავიწყე.  მიუხედავად იმისა, რომ სტატიას დავარქვი „Walther P.38 და ყველაფერი მის შესახებ“, ვთვლი, რომ ეს სტატია ვერ იქნება ამომწურავი და ყველაფრის მომცველი, რადგანაც P.38 ისეთი თემაა, რომლის შესახებაც სქელტანიანი წიგნი შეიძლება დაიწეროს და არაერთი სერიოზული წიგნი არსებობს ამ მოდელზე.  მოკლედ რაც გამოვიდა სულით და გულით გთავაზობთ.

პირველი ნაბიჯები
„Walther“ –ის ფაბრიკაში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში 1916 წელს სცადეს 9x19 Parabellum ვაზნაზე გათვლილი საარმიო პისტოლეტის შექმნა და სამხედრო პირებს წარუდგინეს  „Walther Model 6“, რომელიც უძრავი ლულით და თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობდა.
Walther Model 6
გამოცდების შედეგად პისტოლეტი მოდელი 6 დაიბრაკა, რადგანაც თავისუფალი საკეტის პრინციპზე დაფუძნებული პისტოლეტი ვერ უძლებდა 9x19 Parabellum  ვაზნის ენერგიას. სულ ჯამში დამზადებულ იქნა 1000 ცალამდე ეგზემპლარი, რომელთა ნაწილი საცდელ სროლებს შეეწირა, ხოლო ნაწილი სხვადასხვა პირებს გადაეცათ საჩუქრად.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიას გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა იარაღის დამზადება-წარმოების კუთხით. ამიტომ ქვეყანაში არსებული იარაღის მწარმოებლები და კონსტრუქტორები ძირითადად სამოქალაქო და სამსახურეობრივ-საპოლიციო პისტოლეტების კონსტრუირებით დაკავდნენ.
1929 წელს ფაბრიკაში „Carl Walther Waffenfabrik GmbH“ გასაიდუმლოებულად დაიწყეს მუშაობა ახალ პისტოლეტზე, რომელიც გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში გერმანიის არმიას უნდა მიეღო შეიარაღებაში. გასაიდუმლოების მთავარ მიზეზზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ გერმანიას პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, ვერსალის შეთანხმების თანახმად არ ჰქონდა უფლება ეწარმოებინა ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომლის კალიბრიც იქნებოდა 8მმ-ზე მეტი და ლულის სიგრძე 100მმ-ზე მეტი. ამიტომ ახალი მოდელის პროექტი შენიღბეს, როგორც საპოლიციო პისტოლეტი.
„Walther MP“ (Militarpistote - სამხედრო პისტოლეტი)
30-იანი წლების დასაწყისში დიდი წარმატება მოჰყვა 1929 წელს შექმნილ ვალტერის საპოლიციო პისტოლეტის „Walther PP“  გამოჩენას, ამიტომაც კონსტრუქტორები შეეცადნენ სწორედ მისი გაბარიტების გაზრდით მოეხდინათ ახალი ეგზემპლარის შექმნა. ასე გაჩნდა კიდევ ერთი წარუმატებელი საარმიო პისტოლეტი საკმაოდ ამბიციური სახელწოდებით „Walther MP“ (Militarpistole - სამხედრო პისტოლეტი). ფაქტიურად ეს იყო გაზრდილი „Walther PP“, რომელიც გათვლილი იყო 9х19 Parabellum ვაზნაზე. გერმანელებმა აგრეთვე შექმნეს მისი პროტოტიპი 9mm Steyr (9x23) ვაზნაზე. პისტოლეტი ერთი ერთში იმეორებდა Walther PP-ს კონსტრუქციას და მისგან განსხვავდებოდა მხოლოდ დიდი გაბარიტებით და კალიბრით 9x19. სწორედ ამის გამო მისი დასახელება რიგ წყაროებში ფიგურირებს, როგორც “Walther MP/PP”. ფაქტიურად ეს იყო მსოფლიოში პირველი 9x19 Parabellum (9mm Luger) ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმით.
თავდაპირველად დამზადდა პისტოლეტი „Walther MP“ ვარიანტი #1, ხოლო მოგვიანებით იგი მცირედი გადამუშავების შემდეგ მოგვევლინა, როგორც „Walther MP“ ვარიანტი #2
ეს ორი ეგზემპლარი მცირედით განსხვავებოდა ერთმანეთისგან, თუმცა მუშაობის პრინციპი ორივე ეგზემპლარის შემთხვევაში ისევ თავისუფალი საკეტი იყო, რამაც  იგივე პრობლემები წარმოქმნა, რაც Walther Model 6 –ის შემთხვევაში. ჯერ კიდევ ქარხნის საგამოცდო პერიოდში დაიწყო პისტოლეტების დაზიანება
თავისუფალი საკეტი ვერ ინელებდა 9x19 ვაზნის იმპულსს და ძალიან მალე გამოდიოდა მწყობრიდან პისტოლეტის ჩარჩო. ასევე ზიანდებოდა დამაბრუნებელი ზამბარა და საკეტის წამყვანი ნაწილები. საგამოცდო სროლებისას დაფიქსირდა  შემთხვევები, როდესაც საკეტ-გარსაცმი ისეთი ენერგიით ეჯახებოდა პისტოლეტის ჩარჩოს უკანა ნაწილს, რომ იჭედებოდა უკანა პოზიციაში და სჭირდებოდა ხელის დარტყმა. იმისათვის, რომ საკეტი ნაადრევად არ გახსნილიყო ვალტერის ფაბრიკაში დაამძიმეს საკეტ-გარსაცმი და დამაბრუნებელი ზამბარა გახადეს ზედმეტად ხისტი. შესაბამისად მსროლელს საკეტ-გარსაცმის მოქაჩვაზე სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე ჰქონდა შეიარაღებაში ავსტრიელი კონსტრუქტორის გეორ ლუგერის მიერ კონსტრუირებული ლეგენდარული პისტოლეტი Parabellum P-08, მაინც არ წყდებოდა მუშაობა ახალ პისტოლეტზე. ეს განპირობებული იყო იმით, რომ პარაბელუმი გამოირჩეოდა რთული კონსტრუქციით და მისი წარმოება მოითხოვდა ძალიან დიდ მატერიალურ და დროით რესურსს, ასევე სპეციალურ რთულ ინსტრუმენტებს, რაც საბოლოოდ არარენტაბელურს ხდიდა პისტოლეტეს. გარდა ამისა იგი მორალურადაც მოძველებულად ითვლებოდა. გერმანელებს ესაჭიროებოდათ ახალი ძლიერი საარმიო პისტოლეტი.
„Walther MP“ ვარიანტი #3.
1934 წლის მიწურულს გერმანიის სახმელეთო ძალების შეიარაღების სამმართველოს Heereswaffenamt -ს (შემოკლებით HWA. აღნიშნავენ აგრეთვე HwaA), კარლ ვალტერის ფაბრიკისგან გადაეცა ახალი პისტოლეტი „Walther MP“ ვარიანტი #3. აღნიშნული სამმართველოს შემადგენლობაში შედიოდა დეპარტამენტი №2, რომელიც ქვეითთა შეიარაღების და ამუნიციის განხრით მუშაობდა. სწორედ ამ დეპარტამენტს უნდა გამოეცადა „Walther MP“ ვარიანტი #3. გამოცდაში აგრეთვე ჩაერთო დეპარტამენტი №1, რომელიც საბრძოლო მასალების და ბალისტიკის განხრით მუშაობდა.
ბერლინი Heereswaffenamt  -ის შენობა
Heereswaffenamt იყო ერთგვარი ტექნოლოგიური სააგენტო, რომელიც მუშაობდა იარაღის და ამუნიციის ტექნიკური განვითარების, ასევე წარმოების და გერმანიის არმიის მომარაგება-აღჭურვის მიმართულებით.
“Walther MP ვარიანტი #3” ვიზუალურად და კონსტრუქციულად განსხვავდებოდა მისი წინამორბედი #1 და #2 ვარიანტებისგან. პისტოლეტის დაპროექტებისას გეორგ (Georg Walther) და ერიხ ვალტერმა (Erich Walther) შეიმუშავეს მთელი რიგი სიახლეები: პირველ რიგში  სიახლე ეხებოდა საკეტ-გარსაცმის ახალ ფორმას, რომელიც მხოლოდ ლულის მცირე ნაწილს ფარავდა და ზევითა მხრიდან გააჩნდა ამოღებული ადგილი.
სიახლეს წარმოადგენდა ახალი თვითშეყენებადი (ორმაგი მოქმედების) დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი, რომელიც დახურულ ჩახმახს იყენებდა. აგრეთვე პისტოლეტში ჩადებულ იქნა ახალი ტიპის დიდი ექსტრაქტორი, რომელიც ზემოდან გასდევდა პისტოლეტის საკეტ-გარსაცმს. 
„Walther MP“ ვარიანტი #3-ის პროტოტიპი, რომელსაც საკეტ-გარსაცმის ორივე გვერდზე გააჩნდა ორი ცალი ნეკნი. აღნიშნულ პისტოლეტს ლულის გვერდებზე დამაგრებული ჰქონდა მოძრავი ბლოკი, რომელიც ნეკნების მეშვეობით აიძულებდა ლულას გარკვეული მანძილი გაევლო საკეტთან ერთად, ხოლო შემდეგ ეს ბლოკი გადაადგილდებოდა დაბლა და მხოლოდ საკეტი-გარსაცმი აგრძელებდა უკუსვლას. გარდა ამისა ნეკნები უზრუნველყოფდა მეტ სიმტკიცეს და საკეტ-გარსაცმს ანიჭებდა დამატებით წონას. ეს პისტოლეტი ყველგან მოხსენიებულია, როგორც თავისუფალ საკეტიანი ეგზემპლარი, რეალურად კი იგი არ იყო თავისუფალი საკეტის სქემაზე დაფუძნებული.
(სტატიის დაწერის მომენტში მეც შევცდი და მეგონა, რომ იგი თავისუფალი საკეტის სქემით მუშაობდა, თუმცა შემდგომ აღმოვაჩინე დაშლილი პისტოლეტის ფოტო, სადაც ნათლად ჩანს ლულის გვერდებზე დამაგრებული მოძრავი ბლოკი. აღნიშნულ პროტოტიპში პისტოლეტის დამშლელი ბერკეტის და საკეტ-გარსაცმის შემაკავებლის როლს ასრულებდა ერთი მთლიანი დეტალი.
პისტოლეტის ჩარჩოს უკანა ზედა ნაწილში გააჩნდა ბუდე-კონდახის სამაგრი ღარი
პროტოტიპის შემდეგ შეიქმნა ძირითადი მოდელი „Walther MP“ ვარიანტი #3, რომელსაც გააჩნდა ბრტყელი საკეტ-გარსაცმი ყოველგვარი ნეკნების გარეშე. სამაგიეროდ საკეტ-გარსაცმის წინა ნაწილი გახდა შეერთებული არკისებური ფორმით. აგრეთვე ძირითად ვარიანტში პისტოლეტის დასაშლელი ბერკეტი და საკეტის შემაკავებელი გახდა ერთმანეთისგან  დამოუკიდებელი დეტალები. შეიცვალა ექსტრაქტორი, ამჯერად იგი საკეტ-გარსაცმის მარცხენა მხარეს განთავსდა. პისტოლეტში აგრეთვე დამატებულ იქნა ლულის სავაზნეში ვაზნის მანჩვენებელი ინდიკატორი, რომელიც მოგვიანებით 1936 წლის 10 აპრილის გერმანული პატენტით იქნა დაცული (პატენტი DRP № 706038).
Walther MP ვარიანტი #3 ბრტყელი საკეტ-გარსაცმით ფოტოზე გამოსახულია უნიკალური ეგზემპლარი, რომელიც გათვლილია .45ACP ვაზნაზე
ნახაზი პატენტიდან  DRP № 706038

როგორც საპოლიგონო, ასევე ქარხნული გამოცდებისას პისტოლეტმა აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგები. ხშირი შეფერხებები, დეტალების ზედმეტი ცვეთა და გატეხვა საბოლოოდ გახდა გამომცდელების მხრიდან უარის მიზეზი, ხოლო პროექტი „Walther MP“ ვარიანტ #3 შეჩერებულ იქნა. ვალტერის ფაბრიკაში საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ იმ ფაქტზე, რომ რაიმე განსაკუთრებული სქემა უნდა მოექფირებინათ, რომელიც საიმედოდ იმუშავებდა 9x19 Prabellum -ის ვაზნებზე.
„Walther АР“ (Armeepistole - საარმიო პისტოლეტი)
დრო გადიოდა გერმანიის ნაცისტური ხელისუფლება კი ძლიერდებოდა და ახალ ძალებს იკრებდა. ამ ყველაფერთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდებოდა ძლიერი საარმიო პისტოლეტის შექმნა. იარაღის სხვადასხვა მწარმოებლები კი ფიქრობდნენ რა ვარიანტი შეეთავაზებინათ სამხედროებისთვის. ვალტერის ფაბრიკაშიც არ წყდებოდა ფიქრი ახალი მექანიზმის მქონე პისტოლეტის შექმნაზე.  გარკვეული კვლევა-ძიების შედეგად ვალტერის ორმა თანამშრომელმა ესენი იყვნენ ფრიც ვალტერი (Fritz Walther) და ფრიც ბარტჰლემენსი (Fritz Barthlemens), 1936 წლის 27 ოქტომბერს დააპატენტეს ლულის ჩაკეტვის ახალი მექანიზმი, რომელიც ლულის მოკლე სვლის და ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავი ბლოკისებური ქანქარისგან შედგებოდა (პატენტი DRP № 721702).

მსგავსი ჩაკეტვის სქემა ჯერ კიდევ რამოდენიმე წლით ადრე  ჰქონდათ მოფიქრებული ამ კონსტრუქტორებს, თუმცა მისი ქანქარები, ჰორიზონტალურად (გვერდებზე) მოძრაობდა.  რთული კონსტრუქციის გამო კონსტრუქტორები თავს იკავებდნენ ამდაგვარი სქემის გამოყენებისგან და არ აღიქვამდნენ მას როგორც სერიოზულ მოთამაშეს.
ეს არის პირველი პროტოტიპი, რომელიც ნახევრად კუსტარულად ფოლადის ფურცლებისგან იქნა  დამზადებული და იყენებდა ჰორიზონტალურად მოძრავ ქანქარებს.
კონსტრუქტორებმა ახალი ჩაკეტვის სქემის ადაპტირება მოახდინეს  „Walther MP“ ვარიანტ #3 -ში და ამით შექმნეს კონსტრუქციულად ახალი პისტოლეტი ძველი იერით. ახალ პისტოლეტს მიენიჭა სახელწოდება „Walther АР“ (Armeepistole - საარმიო პისტოლეტი).
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ვალტერის ფაბრიკის ისტორიაში პირველი სრულფასოვანი პისტოლეტი, რომელიც არ იყენებდა უძრავი ლულის და თავისუფალი საკეტის კომბინაციას. პისტოლეტი “Walther AP” მცირე პარტიებად რამოდენიმე ცალი ერთეული (დაახლოებით 100-დან 200 ცალამდე) დამზადდა 1936-1937 წლებში.
„Walther АР“ გვხვდება 3 განსხვავებული სიგრძის ლულებით. 1. სტანდარტული 5 ინჩიანი სიგრძის ლულით; 2. გრძელულიანი პისტოლეტ-კარაბინის ვარიანტი 9,5 ინჩიანი სიგრძის ლულით, რომელიც არტილერისტებისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ასევე ფაბრიკის გათვლით პისტოლეტ-კარაბინი სამოქალაქო ბაზარზეც გაიყიდებოდა; 3. ვარიანტი დამოკლებული 3 ინჩიანი სიგრძის ლულით.
პისტოლეტები „Walther АР“ აღჭურვილი იყო ხის ბუდე-კონდახის სამაგრით, რომელიც ჩარჩოს უკანა ნაწილში საკეტის ქვემოთ მდებარეობდა. თუმცა არსებობდა ეგზემპლარები, რომელთაც არ ჰქონდა აღნიშნული სამაგრი. ბუდე-კონდახში პისტოლეტთან ერთად ინახებოდა სათადარიგო მჭიდი და პისტოლეტის დასაშლელად განკუთვნილი გასაღები.
„Walther АР“ -ში გასროლის დროს მიღებული უკუცემის ხარჯზე ლულა და საკეტი ერთად გადაადგილდებდა უკან, ხოლო გარკვეული მანძილის შემდეგ ლულის ქვემოთ განთავსებული 2 ცალი ქანქარა გადაადგილდებოდა ვერტიკალურ სიბრტყეში და ათავისუფლებდა საკეტს (ანუ წყვეტდა ლულის და საკეტის გადაბმულობას), რის შემდეგაც ლულა ჩერდებოდა, ხოლო საკეტი აგრძელებდა უკუსვლას. ამდაგვარი გადაწყვეტილებით პისტოლეტის გასროლის ციკლი იმდაგვარად იწლებოდა, რომ 9მმ-ანი პარაბელუმის ტყვია ასწრებდა ლულის დატოვებას, ლულაში წნევა ვარდებოდა და შემდეგ იხსნებოდა საკეტი.
„Walther АР“ -ს დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი გადმოტანილ იქნა მისი წინამორბედი  “Walther MP #3” მოდელისგან და კვლავ იყენებდა საკეტ-გარსაცმის შიგნით დაფარულ ჩახმახს. ორი ცალი დამაბრუნებელი ზამბარა განთავსებული იყო პისტოლეტის ჩარჩოს გვერდებზე მარჯვენა და მარცხენა მხრიდან. საკეტ-გარსაცმის მარცხენა მხარეს დამონტაჟებული იყო დროშისებური მცველი. მარცხენა მხარეს პისტოლეტის ჩარჩოზე სასხლეტი კავის ზმოთ განთავსებული იყო საკეტ-გარსაცმის შემაკავებელი, რომელიც ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ ღიას (უკანა პოზიციაში) ტოვებდა საკეტ-გარსაცმს. ჩარჩოს წინა ნაწილში განთავსებული იყო მბრუნავი ბერკეტი, რომლის შემობრუნების მეშვეობით ხდებოდა პისტოლეტის დაშლა.
1937 წლის გაზაფხულს ვალტერის ფაბრიკამ 100 ცალ ერთეულამდე პისტოლეტი “Walther АР” მიაწოდა ბერლინიდან 30 კილომტრში მდებარე ბრანდენბურგის  პროვინციაში არსებულ კუმმერსდორფის (Kummersdorf ) პოლიგონზე მდებარე კვლევით ცენტრს. ეს პოლიგონი იმ პერიოდში იყო გერმანიის სახელმწიფო თავდაცვის „Reichswehr“ განკარგულებაში. სწორედ ამ პოლიგონზე უნდა გაევლო ვალტერის ახალ პისტოლეტს გამოცდები. რიგი წყაროების თანახმად ვალტერის ფაბრიკამ კიდევ დამატებით 100 ცალ ეგზემპლარამდე პისტოლეტი გადასცა პოლიგონს. (ანუ სულ ჯამში 200 ცალამდე. თუმცა რიგი წყაროები ამბობს, რომ 100 ცალზე მეტი ეგზემპლარი არც დამზადებულა).
გამოცდების შემდეგ Heereswaffenamt -ის წარმომადგენელმა კომისიამ აღნიშნა, რომ პისტოლეტის დამზადება მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე დიდ დანახარჯებს მოითხოვდა, რაც ზრდიდა იარაღის თვითღირებულებას. ასევე უკმაყოფილება გამოითქვა დახურულ ჩახმახთან მიმართებაში. კომისიის აზრით ასეთი ჩახმახის გამოყენება არ იყო უსაფრთხო, რადგანაც მსროლელი ვერ მიხვდებოდა დამუხტული იყო თუ არა იარაღი. ასევე შეუძლებელი იყო ჩახმახის ხელით დაშვება და შეყენება. შესაბამისად ამ მოდელმაც კრახი განიცადა, თუმცა ვალტერის ფაბრიკაში ოპტიმისტურად მიუდგნენ საკითხს და შეეცადნენ გაეთვალისწინებინათ საგამოცდო სიტუაციისას წარმოქმნილი მინუსები და Heereswaffenamt -ის მოსაზრებები.

„Walther MP/H”
1937 წელსვე ფრიც ვალტერმა წარმოადგინა კიდევ ერთი განახლებული ვარიანტი სახელწოდებით „Walther MP #4“. ახალ ეგზემპლარში გათვალისწინებული იყო Heereswaffenamt -ის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმთან მიმართებაში და შესაბამისად ახალ პისტოლეტს გააჩნდა ღია ჩახმახი, რომელიც მარტივად კონტროლირებადი იყო. ასევე შეიცვალა საკეტის გეომეტრია და გამარტივდა მისი დამზადების პროცესი. პისტოლეტი აღიჭურვა „Walther PP“ -ს იდენტური ვაზნის მაჩვენებელი ინდიკატორით.
ამ პროტოტიპს რიგ წყაროებში მოიხსენიებენ როგორც „Walther MP/H” (H ამ შემთხვევაში ნიშნავს Hahn -ს. გერმანულად ჩახმახი).
აღნიშნული პისტოლეტი ყველაზე მეტად მოეწონათ გამომცდელებს და გამოთქვეს გარკვეული რჩევები მის გადასამუშავებლად. იმისათის, რომ ქარხნულ ტექნიკურ დოკუმენტაციას არ გამოეწვია გაუგებრობა, პისტოლეტი უმნიშვნელოდ გადამუშავდა და მიენიჭა ახალი სახელწოდება „Walther HP” (Heeres-Pistole - შეიარაღებული ძალების პისტოლეტი).

„Walther HP” (Heeres-Pistole - შეიარაღებული ძალების პისტოლეტი)

ვალტერის ფაბრიკაში გადაწყვიტეს, რომ პისტოლეტი „Walther HP”, გაეშვათ სამოქალაქო ბაზარზეც. ამდაგვარი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ თუკი გერმანიის არმია უარს განაცხადებდა პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებაზე, ვალტერის ფაბრიკა სამოქალაქო ბაზრიდან მაინც ნახავდა გარკვეულ შემოსავალს. ვინაიდან იმ დროს გერმანიას ვერსალის შეთანხმებით აკრძალული ჰქონდა 8მმ-ზე მეტი კალიბრის მქონე პისტოლეტის წარმოება, ვალტერის ფაქბრიკაში გადაწყვიტეს, რომ სამოქალაქო ბაზარზე გაეშვათ 7,65მმ-იან პარაბელუმის ვაზნაზე (.30 Luger იგივე 7,65x21) გათვლილი პისტოლეტი. აგრეთვე განიხილებოდა ვარიანტი .45 ACP ვაზნაზეც, რომელიც აშშ-ი უნდა გასულიყო. დამზადდა აგრეთვე სავარჯიშო ვარიანტი წრიული აალების .22lr ვაზნაზე, რომელიც თავისუფალი საკეტის პრინციპით მუშაობდა.
საბოლოო ჯამში პისტოლეტი „Walther HP” იმ დროისათვის იყო საკმაოდ ერგონომიული და კარგად თავსდებოდა მსროლელის ხელში.  პისტოლეტის მცველზე დაყენება ხდებოდა მარცხენა მხარეს საკეტ-გარსაცმზე განთავსებული დროშისებური გადამრთველით. მცველზე დაყენებისას საცემი ნემსა  გადაადგილდებოდა საკეტში და ფიქსირდებოდა იმდაგვარად, რომ დაშვებული ჩახმახი ვერ წვდებოდა მას.  ტარის ლოყები Walther HP -ზე შეიძლება შეგვხვდეს თხილისგან ან პლასტმასისგან დამზადებული, რომელზეც შესრულებულია წვრილი ბადისებური ნაჭდევები.
1938 წელს Heereswaffenamt -ის მიერ გაიმართა Walther HP -ს სპეციალური გამოცდები და კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა  Mauser-Werke A.G., Sauer & Sohn და  Berlin-Suler Waffenfabrik.   ეს გამოცდები  Walther Waffenfabrik GmbH -ს ისტორიაში იყო ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც გამარჯვება წილად ხვდა „Walther HP“ მოდელს.
სანამ მოხდებოდა პისტოლეტის ოფიციალურ შეიარაღებაში მიღება, საგამოცდო კომისიის მიერ კვლავ გაიცა გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა რიგი დეტალების გადამუშავებას. გადამუშავების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გაადვილებულიყო პისტოლეტის მასიური წარმოების პროცესი. ვალტერის ფაბრიკაში დაუყოვნებლივ შეუდგნენ პისტოლეტის გადამუშავებას და საბოლოო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას.
პისტოლეტის გადამუშავების შემდეგ ვალტერის ფაბრიკას გაუჩნდა პირველი ოფიციალური შეკვეთა შვედეთისგან. ომის დაწყებამდე ფაბრიკამ 1500 ცალი კომერციული Walther HP მიაწოდა შვედეთს, სადაც იგი ნაწილობრივ შეიარაღებაში იქნა მიღებული  სახელწოდებით M/39. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ხელი შეუშალა შემდგომი პარტიების მიწოდებას, შვედეთმა კი  ფინური  აიმო იოჰანეს ლახტის კონსტრუქციის პისტოლეტი L-35 მიიღო ძირითად შეიარაღებაში სახელწოდებით Husqvarna M/40.
გადამუშავებული “Walther HP”
მთავარი გადამუშავება შეეხო მცველის მექანიზმის გამარტივებას. განახლებულ მოდელში მცველი ასრულებდა დეკოკერის ფუნქციას. ანუ თუკი მსროლელი შეყენებული ჩახმახის შემთხვევაში მცველის ბერკეტს დააყენებდა მცველის პოზიციაზე, მოხდებოდა საცემი ნემსას ბლოკირება და ჩახმახის უსაფრთხო ავტომატური დაშვება. აგრეთვე პისტოლეტს გააჩნდა კიდევ ერთი ავტომატური დაცვის მექანიზმი. თუკი საკეტი არ იყო ბოლომდე დაკეტილი საცემი ნემსა იყო დაბლოკილი და ამავდროულად ვერ მოხდებოდა ჩახმახის დაშვება. განახლებულ მოდელში გადამუშავება განიცადა აგრეთვე ექსტრაქტორმაც და გახდა უფრო განიერი, რათა საველე პირობებში დაბინძურების შემთხვევაში უფრო საიმედოდ მოეხდინა მასრების ექსტრაქცია. შეიცვალა აგრეთვე დამრტყმელის ფორმაც. მანამდე იგი იყო კუთხოვანი ფორმის, ხოლო განახლებულში გახდა მომრგვალებული. საკეტის შემაკავებელი ბერკეტი განახლებულ ვარიანტში მზადდებოდა ფოლადის ფირფიტისგან დაბეჭდვის მეთოდით (მანამდე აღნიშნული ბერკეტი მზადდებოდა ფრეზირების მეთოდით).
პირველი პარტიები და ოფიციალური სახელწოდება “P.38”
პირველი ოფიციალური შეკვეთა განახლებულ პისტოლეტზე ვერმახტის მხრიდან მოხდა 1938 წლის მიწურულს. ამ შეკვეთის თანახმად ვალტერის ფაბრიკას უნდა მიეწოდებინა 41 0 000 ცალი პისტოლეტი Walther HP. მეორე მსოფლიო ომის დაწყებას მოჰყვა გარკვეული შეფერხებები განახლებული პისტოლეტის წარმოების კუთხით. 1939 წლის ზაფხულის მიწურულს ვერმახტს გადაეცა მხოლოდ 100 ცალი გადამუშავებული პისტოლეტი. ხოლო 1940 წლის 20 აპრილს Walther HP -ს გადამუშავებული ვერსია ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში სახელწოდებით „Walther Pistole 38“  (შემოკლებით Walther P.38).
1940 წლის 26 აპრილს Carl Walther Waffenfabrik GmbH -ს მიერ ვერმახტს გადაეცა  1500 ცალი პისტოლეტი „Walther P.38“ (ამ ეგზემპლარებს მასრის ექსტრაქტორის კბილი დაფარული ჰქონდა საკეტ-გარსაცმში), ხოლო ამავე წლის ზაფხულის მიწურულს ვალტერის ფაბრიკას სპეციალურად სახმელეთო ჯარისთვის უკვე დამზადებული ჰქონდა 13 000 ცალი პისტოლეტი Walther P.38.
ეს 13 000 ცალი ეგზემპლარი დღეს ცნობილია როგორც ნულოვანი სერიის პისტოლეტები. (რიგ წყაროებს თუ დავუჯერებთ, პირველ  4500 ცალ პისტოლეტში საცემი ნემსას კუდი ჯერ კიდევ ისეთივე კუთხოვანი ფორმის იყო, როგორც თავდაპირველად ჰქონდა „Walther HP“ მოდელს). რას ნიშნავდა „0 სერიის პისტოლეტები“? პირველ პარტიებზე პისტოლეტების მარკირება და დანომრვა ხდებოდა შემდეგი სახით: პისტოლეტის საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო ვალტერის სავაჭრო ნიშანი დროშისებური ემბლემა წარწერით WALTHER,  მოდელის დასახელაბა P.38 და სერიული ნომერი, რომელიც იწყებოდა ნულებით (მაგალითად 0345). 1940 წლის ზაფხულის ბოლოდან უკვე ხდებოდა პისტოლეტების მარკირება შემდეგი ფორმით: P.38  კოდი 480 და შემდეგ სერიული ნომერი ნული პრეფიქსის გარეშე. (P.38 ების მარკირებები და კოდები იმდენად ვრცელი თემაა, რომ ამაზე ცალკე ვისაუბრებთ სტატიის ქვემოთ).
გარკვეული სხვაობები პირველ პარტიებს და ძირითად ეგზემპლარებს შორის
0 სერიის პისტოლეტები შემდგომში დამზადებული ძირითადი პარტიებისგან გამოირჩეოდა ტარის ლოყებითაც, რომელიც Walther HP -სგან ერგო მემკვიდრეობით. ეს იყო პლასტმასის ლოყები წვრილი ხორკლისებური ზედაპირით და პატარა მრგვალი თასმის გასაყრელი ყულფით, რომელიც 06000 სერიიდან შეიცვალა ჰორიზონტალურად დაზოლილი ტარის ლოყებით. ასეთი ლოყებით აღჭურვილ პისტოლეტებს უფრო დიდი ზომის თასმის გასაყრელი ყულფი გააჩნდა.
 ითვლება, რომ პირველი პარტიების P.38 არის ყველაზე უმაღლესი ხარისხის. მათი მექანიზმის ყველა გარე დეტალიც კი პრიალდებოდა და გულმოდგინედ გადიოდა დამუშავებას.
მიუხედავად ახალი სახელწოდებისა „P.38”, ვალტერის ფაბრიკა აგრძელებდა მცირე პარტიებად პისტოლეტების წარმოებას მარკირებით „Walther HP“, რომელიც კომერციული დანიშნულებით გამოდიოდა. კონსტრუქციულად იგი არ განსხვავდებოდა შეიარაღებაში მიღებული Walther P.38 -სგან. ასეთი მარკირებით პისტოლეტების გამოშვება გაგრძელდა 1944 წილის შუა პერიოდამდე. რიგი წყაროების თანახმად ომის საწყის ეტაპზე დაახლოებით 17 000 ცალი პისტოლეტი მარკირებით „Walther HP“ მოხვდა აგრეთვე არმიის შეიარაღებაშიც.
სამოქალაქო ბაზრისათვის დამზადდა აგრეთვე 7,65მმ-ან პარაბელუმის ვაზნაზე (.30 Luger იგივე 7,65x21) გათვლილი 95 ცალი პისტოლეტი „Walther HP“.
Walther HP 7,65მმ-ან პარაბელუმის ვაზნაზე ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმით
ასევე მცირე სერიით 230 ეგზემპლარად დამზადდა 7,65მმ-ან პარაბელუმის ვაზნაზე (.30 Luger იგივე 7,65x21) გათვლილი პისტოლეტები, რომელთაც ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი ჰქონდა. აგრეთვე სხვადასხვა ლიტერატურაში მოხსენიებულია, რომ საცდელი სახით დამზადდა .38 Super და .45ACP ვაზნაზე გათვლილი ეგზემპლარებიც. ვალტერის ფაბრიკაში ძალიან მცირე რაოდენობით დამზადებუ იქნა Walther HP მსუბუქი ალუმინის ჩარჩოთი, რომელიც პისტოლეტის შემსუბუქების კუთხით გაკეთდა, თუმცა სამომავლოდ აღნიშნული პროექტი გაუქმებულ იქნა. 
გაგრძელება იქნება !
 

No comments:

Post a Comment