“Squib Load”

“Squib Load” -ამ ტერმინით აღნიშნავენ განსაკუთრებულ შემთხვევას ცეცხლსასროლ იარაღში, რომელიც ალბათ ერთერთი ყველაზე საშიში და საყურადღებო მომენტია ყველა მსროლელისთვის თუ იარაღის მოყვარულისთვის. ეს ტერმინი ეხება იმ შემთხვევას, როდესაც გასროლისას „უვარგისი“ ვაზნის გამო ტყვია რჩება ლულაში. ტყვიის ლულაში ჩარჩენის მიზეზი “Squib Load” -ის დროს შეიძლება იყოს შემდეგი ფაქტორებით გამოწვეული:
დენთი საერთოდ არ ყრია ვაზნაში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ასეთ დროს მხოლოდ კაფსულ-მაალებელის აალებას შესწევს იმის ენერგია, რომ მასრაში ჩასმული ტყვია დაძრას და შეიტანოს ლულის არხში.
დენთი ძალიან მცირე რაოდენობით ყრია ვაზნაში, რაც გამოიწვევს იმას, რომ დენთის მუხტს აალების შემდეგ არ ეყოფა ძალა ბოლომდე გამოიტანოს ტყვია ლულიდან. ეს ყველაზე სახიფათო შემთხვევაა, რადგანაც გასროლას ხმაც აქვს მართალია დაბალი მაგრამ მაინც აქვს ხმა და მცირე უკუცემაც. შესაბამისად მსროლელს შეიძლება ეგონოს, რომ უბრალოდ ტყვია ააცილა მიზანს. სინამდვლიეში კი ტყვია ლულაში ჩარჩა.
დანესტიანებული ან დასველებული დენთი. ასეთ დროს შესაძლოა მოხდეს დენთის მცირე ნაწილის აალება (ე.წ. ნაწილობრივი აალება), რაც გამოიწვევს იმას, რომ ტყვია დაიძრება ლულის არხში თუმცა არ ეყოფა ძალა ლულის დასატოვებლად და ჩარჩება ლულაში.
ასეთი ვაზნების მსროლელის ხელში ჩავარდნა შეიძლება გამოწვეული იყოს ქარხანული „ბრაკის“ შემთხვევაშიც და სახლის პირობებში გაკეთებული „რელოადის“ დროს, როდესაც ხელით ხდება ვაზნის დატენვა ან გადატენვა. შესაბამისად უმუხტო, ან არასრულად დამუხტული ვაზნები თავისუფლად შეიძლება მოხვდეს რომელიმე მაღაზიის დახლზე.
როგორც ზევით ავღნიშნეთ შემთხვევა “Squib Load”  ძალზედ სახიფათოა. წარმოიდგინეთ მსროლელი დგას სამიზნის წინ, ყურებზე უკეთია დამცავი საყურისი, აწვდის ვაზნას სავაზნეში და ანხორციელებს გასროლას. გასროლის მაგივრად კი მხოლოდ კაფსულ-მაალებელმა გაიტკაცუნა ისე, რომ შესაძლოა მსროლელმა ვერც გაიგო მისი ხმა. სინამდვილეში კი ტყვია დაიძრა ლულის არხში და გაჩერდა (გაიჭედა). ასეთ დროს დიდი ალბათობაა მსროლელმა ჩათვალოს, რომ უბრალოდ ვაზნა არ აალდა (ე.წ. მტყუნება იგივე „ასეჩკა“) და მოახდინოს იარაღის ხელახალი გადატენვა, რასაც მოყვება მასრის ამოგდება და ახალი ვაზნის მიწოდება ლულის სავაზნეში. ამ დროს კი ტყვია ლულაშია დარჩენილი, შესაბამისად გასროლის დროს ტყვია დაეჯახება ლულაში გაჭედილ ტყვიას და ყველაზე კარგ შემთხვევაში გამოიწვევს მხოლოდ იარაღის დაზიანებას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი იარაღის მწყობრიდან გამოსვლასთან ერთად მსროლელიც მიიღებს სერიოზულ დაზიანებას, შესაძლოა სიცოცხლისათვის შეუთავებელსაც კი. ამიტომ სასხლეტზე თითის დაჭერის (დასხლეტვის) შემდეგ თუკი არ მოხდა გასროლა აუცილებელია ლულა გვქონდეს მიმართული უსაფრთხო ადგილას და დავიცადოთ 20—30 წამი (შესაძლოა წუთიც), რათა გამოვრიცხოთ ე.წ. „გაწელილი“ / „შენელებული გასროლა“ (ეს ის შემთხვევაა, როდესაც დენთის მუხტი გვიან იწყებს აალებას. პრაქტიკაში ყოფილა სიტუაციები, როდესაც 2-3 წუთის დაგვიანებით მომხდარა დენთის აალება). შემდეგ აუცილებელია ამოვაგდოთ ვაზნა საკეტის სწრაფი გახსნით და მოვახდინოთ ამოგდებული ვაზნის ინსპექტირება. თუკი აღმოვაჩენთ, რომ ვაზნის მაგივრად მხოლოდ მასრაა და ტყვია აღარ აქვს, აუცილებლად უნდა მოხდეს ლულის დათვალიერება რათა დავრწმუნდეთ ხომ არ არის ტყვია გაჭედილი ლულაში. ასევე მნიშვნელოვანია იარაღის ლულა დათვალიერდეს იმ შემთხვევაშიც, თუკი გასროლის დროს თქვენი იარაღს ტიპისათვის არაადექვატურად სუსტი ხმა ან უკუცემა იქნება.
ზევით დაწერილი ინფორმაცია შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს სისულელედ, თუმცა არაერთი მსგავსი ფაქტი მომხდარა იარაღის მოყვარულთა წრეებში. თან ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ჩვენ ქვეყანაში კაციშვილმა არ იცის რა ვაზნები შემოდის, ამიტომ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.
ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე სურათი, ამ იარაღების დაზიანების მიზეზი სწორედ “Squib Load” -გახდა.
კომპანია Marlin -ის ბერკეტიანი შაშხანა
აღნიშნულ შემთხვევაში ტყვიის გაჩერება მოხდა ლულის გამოსასვლელთან
რევოლვერის ლულა ჭრილში. სურათზე ნათლად ჩანს, რომ ლულაში რამოდენიმე ტყვია დაეჯახა ერთმანეთს
ლულის გამოსასვლელთან ჩარჩენილი ტყვია
Glock -ის ლულა "Squib Load"-ის შემდეგ. ლულამ გაუძლო თუმცა შესამჩნევია გაბერილობა
ამ შემთხვევაში Glock -ის ლულა გახლეჩილია
"Squib Load" -ის შედეგად წნევამ გამოანგრია პისტოლეტის პოლიმერული ჩარჩო
ტყვიამფრქვევის ლულა ჭრილში. ფოტოზე კარგად ჩანს ლულის არხში დაგროვილი ტყვიები

1 comment:

  1. მართლა საყურადღებოა, კიდე უფრო სახიფათოა როცა გადასახსნელი სანადირო თოფიდან ასეთი გაჭედვისას დარჩენილი წნევა მასრას უკან ისვრის და საკმაოდ ძლიერადაც, მსმენია რო ასე ვიღაც მოკვდა კიდეც.

    ReplyDelete