Armand Gavage (გავაჟის პისტოლეტი)

გადავწყვიტე ჩვენს ბლოგზე პერიოდულად განვათავსო სტატიები, ისეთ ცეცხლსასროლ იარაღზე, რომელიც დღესაც ნაკლებად ცნობილია და არც არასოდეს არ სარგებლობდა განსაკუთრებული პოპულარობით. სწორედ ერთერთ ასეთ პისტოლეტზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.
1930-ანი წლების დასაწყისში ბელგიის ქალაქ ლიეჟში კომპანია „Fabric d'Armes de Guerre Haute Precision Armand Gavage“-ის მიერ დაწყებულ იქნა თვითდამტენი პისტოლეტის წარმოება.  პისტოლეტი გათვლილი იყო იმ პერიოდში ერთერთ ყველაზე პოპულარულ ბრაუნინგის 7,65მმ-ან პისტოლეტის ვაზნაზე (7,65x17 იგივე .32ACP).  პისტოლეტი შეიქმნა როგორც სამოქალაქო თავდაცვითი იარაღი, თუმცა მწარმოებელი უშვებდა იმ ფაქტსაც, რომ მის პისტოლეტი რომელიმე ქვეყნის პოლიციის ან არმიის შეიარაღებაშიც მოხვდებოდა.
პისტოლეტი მუშაობდა თვისუფალი საკეტის პრინციპით და გააჩნდა უძრავი ლულა, რომელიც შეადგენდა საკეტის კოლოფის ნაწილს. სწორედ საკეტის კოლოფში მაგრდებოდა დამოუკიდებლად მოძრავი ჩამკეტი ბლოკი. თავად საკეტი ბლოკი იყო მართხკუთხა ფორმის დეტალის სახით შესრულებული, გვერდებზე თითების მოსაჭიდებელი ნაჭდევებით.
დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი იყო ერთმაგი მოქმედების და გააჩნდა მომცრო ზომის დახურული ჩახმახი.  სასხლეტი კავის ზემოთ განთავსებული იყო დროშისებური გადამრთველი, რომელიც პისტოლეტის დასაშლელად გამოიყენებოდა. ანალოგიური ფორმის იყო აგრეთვე პისტოლეტის მცველი, რომელიც ჩარჩოზე უკანა ნაწილში იყო დამონტაჟებული. მჭიდის ფიქსირება ხდებოდა, პისტოლეტის ტარის ძირში ქვემოთა მხრიდან არსებული ფიქსატორის მეშვეობით.
პისტოლეტს არ გააჩნდა რაიმე განსაკუთრებული სამინზე მოწყობილობა. მის როლს ასრულებდა საკეტის კოლოფის ზემოთა მხრიდან მთელს სიგრძეზე გაკეთებული ღარი. წინა სამიზნე კი იყო ოდნავ შემაღლებული წვრილი ფორმის ამონაზარდის სახით შესრულებული. პისტოლეტის საერთო სიგრძე შეადგენდა 151მმ-ს, წონა (მასა) ვაზნების გარეშე 600 გრამს, ლულის სიგრძე 75მმ-ს, ხოლო მჭიდის ტევადობა 7 ცალ ვაზნას.  
პისტოლეტის წარმოება ხდებოდა ძალიან მცირე პარტიებად სავარაუდოდ სულ 1932-1940 წლებში დამზადებული პისტოლეტების რაოდენობამ შეადგინა 5000 ცალი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პისტოლეტის წარმოება ხორციელდებოდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ლიეჟის ტერიტორიაზეც. დღეს სხვადასხვა ინტერნეტ აუქციონებზე შეხვდებით ეგზემპლარებს, რომლებზეც დატანილია ნაცისტური გერმანიის დამღები.
სამწუხაროდ ვერსად ვერ შევძელი ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ თუ კონკრეტულად ვის ჰქონდა ასეთი ეგზემპლარები შეიარაღებაში. რიგ წყაროებს თუ დავუჯერებეთ ოკუპაციის პერიოდში სულ დამზადებულ იქნა 1500 ცალი ეგზემპლარი. თუმცა ინტერნეტ აუქციონზე მინახავს პისტოლეტი სერიული ნომრით 1576, რომელსაც ჰქონდა ნაცისტური დამღები და მინახავს 4503, რომელსაც ასევე ჰქონდა ნაცისტური დამღები, რაც უკვე მოწმობს იმას, რომ 1500 ცალზე მეტი ეგზემპლარი დამზადდა ოკუპაციის პერიოდში. ასევე ერთერთ აუქციონზე  მინახავს პისტოლეტი სერიული ნომრით 4590, რომელსაც არ ჰქონდა ნაცისტური დამღები. სავარაუდოდ ასეთი ეგზემპლარები ოკუპაციის შემდეგ მორჩენილი დეტალებისგან ააწყვეს.
თავდაპირველად პისტოლეტის ტარის ლოყები (პანელები) მზადდებოდა პლასტმასისგან და ზედ გააჩნდა კომპანიის ლოგოტიპი ორი ასოს სახით „AG”. ოკუპაციის პერიოდში კი ტარის ლოყების დამზადება ხდებოდა უბრალოდ ხისგან, ყოველგვარი სავაჭრო ნიშნის გარეშე. თუმცა შესაძლოა შეგხვდეს ოკუპაციის პერიოდში დამზადებული ეგზემპლარები, რომელთაც არმან გავაჟის სავაჭრო ლოგოტიპიანი პლასტმასის ლოყები აქვს დამაგრებული.
ოკუპაციამდე დამზადებული პისტოლეტი ბელგიური დამღებით
სტატიის დაწერის მომენტში ჩემს მიერ გდამოწმებულ იქნა სხვადასხვა ინტერნეტ აუქციონები, სადაც ეგზემპლარების ღირებულება, მათი კონდიციიდან გამომდინარე მერყეობდა 585$ დან 3510$-მდე. მიუხედავად იმისა, რომ „გავაჟ“-ის პისტოლეტი „არაფერი განსაკუთრებულობით“ არ გამოირჩევა, მისი ღირებულებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ მაინც სანუკვარ საკოლექციო ნივთს წარმოადგენს კოლექციონერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც მოსწონს რარიტეტული იარაღი.

No comments:

Post a Comment