KTS WALTHER PPK 5,45x18

Walther-ის ლეგენდარული პისტოლეტი “PPK” ჩემთვის ყოველთვის ასოცირდება „ძველ სკოლასთან“ და რათქმაუნდა მაღალ ხარისხთან. ეს მოდელი ერთერთი ყველაზე საიმედო პისტოლეტია იმ ეპოქიდან და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ალბათ არ არსებობს ლიტერატურა, ბლოგი თუ ვებ გვერდი ცეცხლსასროლ იარაღზე, სადაც მინიმუმ ორი ღერი სიტყვით მაინც არ იქნება ნახსენები “Walther PPK“.  ამ მოდელის ბაზაზე უამრავი პისტოლეტი და კლონი შექმნილა. რიგ ქვეყანაში კი “PPK” ლიცენზირებულადაც უწარმოებიათ და დღემდე აწარმოებენ მას. ყველაზე იშვიათ მოდიფიკაციად შეიძლება ჩაითვალოს მოდელი „KPK“, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში (შეგიძლიათ იხილოთ ბმული) >  „Walther PPK-დან Walther KPK-მდე“.  თუმცა არსებობს Walther PPK-ს კიდევ ერთი კლონი სახელწოდებით “KTS”,  რომლის შესახებაც თითქმის არაფერია ცნობილი და შეიძლება ითქვას, რომ ვერცერთ ბლოგზე ვერ შეხვდებით სტატიას, სადაც  ამ პისტოლეტზე იქნება საუბარი.  აღნიშნულ მიკრო სტატიაში შევეცდები შევავსო ეს ცარიელი ნიშა და სწორედ ამ კლონზე მოგაწოდოთ ის მცირედი ინფორმაცია რასაც ვფლობ და რასაც ვფიქრობ მის შესახებ. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ამ პისტოლეტის გარშემო სრული ინფორმაციული ვაკუუმია და ფაქტიურად მთელს ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ რამოდენიმე ფოტოსურათს თუ შეხვდებით. ერთადერთი სადაც ფიგურირებს პისტოლეტი “KTS”, არის გერმანული ჟურნალ „VISIER”-ის 1998 წლის მეოთხე ნომერი (VISIER 4/1998).
90-ანი წლების შუა პერიოდში გერმანულმა კომპანიამ „Kirstein GmbH Technische Systeme“ (KTS) და „KTS Metall GmbH“ გადაწყიტეს შეექმნათ საკუთარი წარმოების პისტოლეტები. დღეს ჰოლდინგი „The Kirstein Group“ აერთიანებს სამ ძირითად კომპანიას.
ამ ჰოლდინგის მოღვაწეობის სფერო არც მაშინ და არც ახლა არ  წარმოადგენდა ცეცხლსასროლ იარაღს. მათ მთავარ სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტების და ელექტრო-მექანიკური მართვის დეტალების წარმოება. აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფების შექმნა და სხვადასხვა სამხედრო თუ სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი აპარატურის/დეტალების წარმოება.
რატომ გადაწყვიტა ამ პროფილის კომპანიამ ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა რიგი წყაროების თანახმად, მათი მიზანი იყო უბრალოდ ენთუზიაზმის დონეზე შეექმნათ თანამედროვე იარაღი, რომლსაც შესთვაზებდნენ  სპეციალურ დანაყოფებს და პოლიციას. თავდაპირველად კომპანიამ დაიწყო 15 ვაზნიანი პისტლეტის დაპროექტება, რომელიც არ გასცდა საპროექტო ნიმუშებს. პარალელურად კომპანიამ დაამზადა Walther PPK, რომელიც არაფრით არ განსხვავდებოდა ვალტერის ფაბრიკის მიერ წარმოებული ეგზემპლარისგან.
ერთადერთ სხვაობას წარმოადგენდა მხოლოდ პისტლეტში გამოყენებული ვაზნა. KTS Walther PPK გათვლილი იყო საბჭოთა ПСМ-ის პისტოლეტის ვაზნაზე 5,45x18 (МПЦ). რატომ მაინცდამაინც ეს უიშვიათესი და სუსტი ვაზნა? ამ შეკითხვაზე არ მე არ მაქვს ზუსტი პასუხი, თუმცა გამაჩნია ჩემი მოსაზრება ვარაუდის დონეზე. 80-ანი წლების მიწურულს გერმანიაში არალეგალურად მოხვდა ПСМ-ების პარტია და მისი ვაზნები. საბჭოთა პისტოლეტის და მცირეკალიბრიანი ვაზნის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ 5,45-მმ-ანი პესეემის ტყვია მიუხედავად დაბალი შემაკავებელი (შემაჩერებელი) ენერგიისა თავისუფლად ხვრიტავდა იმ პერიოდში გერმანიის პოლიციაში არსებულ ჯავშანჟილეტებს. ეს განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ წვრილთავიანი მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე გარსიანი ტყვია უბრალოდ გვერდზე წევდა კევლარის ქსოვილის ბადეს და ძვრებოდა მის უჯრედებში. სტანდარტულად Walther PPK იწარმოებოდა ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე 9x17(.380 ACP), 7,65 Browning და .22LR. (მცირე პარტიად დაახლოებით 1000 ცალამდე დამზადებულ იქნა 6,35მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნაზეც). აღნიშნული ვაზნებიდან ვერცერთი ვერ ხვრეტდა გერმანულ საპილიციო ჯავშანჟილეტს. შესაბამისად გერმანელებმა გადაწყვიტეს დაემზადებინათ Walther PPK საბჭოთა ვაზნაზე. რიგი წყაროების თანახმად კომპანია KTS-ს სწორედ პოლიციის სპეც სამსახურმა დაუკვეთა მცირეგაბარიტიანი იარაღი, რომელსაც შეეძლებოდა საპოლიციო ჯავშანჟილეტის გახვრეტა. შესაბამისად KTS-სმა არ გამოიგონა არაფერი ახალი და შექმნა ПСМ-ის ვაზნაზე გათვლილი Walther PPK.  ამ ვაზნაზე არჩევანის გაკეთების მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ПСМ-ის ვაზნის ტყვიას აქვს ქვებგერითი სიჩქარე 315-320 მ/წამი, რაც ეფექტურს ხდის ასეთ ვაზნაზე გათვლილ იარაღზე მაყუჩის გამოყენებას.
მაყუჩით აღწურვილი “KTS Walther PPK 5,45”
პისტოლეტი “KTS Walther PPK 5,45” მცირე რაოდენობით იქნა დამზადებული 1996 წელს. (რიგი წყაროებში სახელდება, რომ 1998 წლის დასაწყისში დამზადდა), თუმცა ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე წავაწყდი ეგზემპლარს, რომელიც მფლობელის თქმით 1996 წელს იყო დამზადებული და ყიდიდა 700 ევროდ.
„KTS Walther PPK“-ს ლულის ბოლოში გააჩნდა სპეციალურად მაყუჩისთვის განკუთვნილი ხრახნი, რომელიც დაფარული იყო ლულის გარე დიამეტრის ზომის სამაგრით. აღნიშნული სამაგრის მოხსნის შემდეგ, მასზე მაგრდებოდა სპეციალური გადამყვანი, რომელზეც შესაძლებელი იყო მაყუჩის დამაგრება.
სხვადასხვა ფოტების წყალობით დავადგინეთ, რომ პისტოლეტები “KTS Walther PPK 5,45” გვხვდება ორნაირი ტარის ლოყებით. 1. სტანდარტული ვალტერის პლასტმასის ლოყებით და ხის ტარით.
აგრეთვე არსებობს ორნაირი მცირედი სხვაობის მქონე მარკირებები: რიგ ეგზემპლარებს საკეტ-გარსაცმზე გააჩნია მარკირება „KTS-Mod. WALTHER PPK Cal. 5,45x18 Mak”, ხოლო რიგ ეგზემპლარებზე კი გვხვდება მარკირება „KTS-Walther Mod.PPK  Cal.:5,45x18 Mak”.
კალიბრის აღნიშვნა „5,45x18 Mak“ სავარაუდოდ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროპულ და ამერიკულ ლიტერატურაში, პესეემის ვაზნას ბევრი მოიხსენიებს, როგორც 5,45x18 მაკაროვის ვაზნა.
რაც შეეხება პისტოლეტების დაფარვას, აქაც ორნაირი ეგზემპლარები გვხვდება: 1. მუქი მონაცრისფრო ანოდიზირებული დაფარვით; 2. ნიკელის დაფარვით.
სხვა მხირვ პისტოლეტი „KTS Walther PPK„ არ გამოირჩევა სტანდარტული Walther PPK-სგან.
მოხვდა თუ არა „KTS Walther PPK„  სპეც. სამსახურებში? ამ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხი არ გვაქვს, თუმცა ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ არა. მეეჭვება ვინმეს სერიოზულად აღექვა ამ იშვიათ ვაზნაზე შექმნილი „ძველი სკოლის“  Walther PPK. თან როგორც უკვე ავღნიშნეთ სულ რამოდენიმე ათეული ეგზემპლარი დამზადდა.
ამ წარუმატებელი პისტოლეტის შექმნის შემდეგ KTS-მა შეწყვიტა იარაღის შექმნაზე მუშაობა. თუმცა რიგი წყაროები გვეუბნება, რომ მათ მიერ მცირე პარტიად დამზადდა აგრეთვე მაკაროვის ვაზნაზე 9x18ПМ გათვლილი გეორგ ლუგერის სისტემის პისტოლეტი Parabellum P-08. დიდი ხანია ვეძებ ინფორმაციას ასეთ ეგზემპლარზე თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს მივაკვლიე. ისე გერმანიაში რატომ უნდა დაამზადო „Parabellum P-08“ მაკაროვის ვაზნაზე ეგეც არ დადის ჩემამდე.

No comments:

Post a Comment