„ČSZ“ (CZK - CSZ)

ჯიბის პისტოლეტი, რომელზეც ამ მიკრო სტატიაში ვისაუბრებთ დიდად არ განსხვავდება სხვა მისი თანამოძმეებისაგან. ეს არის ბრაუნინგის 6,35მმ კალიბრის ვაზნაზე გათვლილი 1906 წლის მოდელის (Browning M1906) ჩეხური კლონი, სახელწოდებით „ČSZ“. ასეთი ტიპის პისტოლეტები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში იწარმოებოდა სხვადასხვა ფაბრიკების და საამქროების მიერ. აღარაფერს ვიტყვით ესპანეთზე, რომელიც ფაქტიურად რეკორდსმენია ბრაუნინგის 1906 წლის მოდელის კოპირებაში. რატომ გადავწყვიტეთ სტატიის დაწერა მაინცდამაინც  ამ ჩეხურ კლონზე, რომელიც დიდად არ განსხვავდება სხვა კლონებისგან? ამის მიზეზი რამოდენიმეა: 1. ჩეხური იარაღი მიყვარს და არაერთხელ ავღნიშნე უკვე სხვა სტატიებშიც; 2. ეს პისტოლეტი მახსენებს ჩემს ბავშობას. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ბავშობაში მქონდა ჟურნალიდან ამოჭრილი მისი შავთეთრი ფოტოსურათი. მაშინ არც კი ვიცოდი რა პისტოლეტი იყო გამოსახული ამ ფოტოზე. უბრალოდ მომწონდა და მეგონა, რომ ეს იყო ერთერთი საუკეთესო პისტოლეტი; 3. ითვლება, რომ ეს არის ერთადერთი ჯიბის პისტოლეტი, რომელიც დამზადდა ჩეხოსლოვაკიის იარაღის ფაბრიკაში „Československá státní zbrojovka“ (Československá zbrojovka). (მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფაბრიკას შეეცვალა დასახელება და ეწოდა „Zbrojovka Brno“).
ფაბრიკის სავაჭრო ნიშანი
ითვლება, რომ ფაბრიკამ საქმიანობა დაიწყო 1918 წელს. ბევრს აღნიშნული ფაბრიკა ერევა „Česká zbrojovka“ (CZ)-ში. რეალურად კი ეს ფაბრიკები დამოუკიდებელ საწარმოებს წარმოადგენდნენ. 2003 წელს ფაბრიკა გაბანკროტდა, რის შედეგადაც მისი ნაწილი შეურთდა Česká Zbrojovka-ს (CZ), ნაწილი 2006 წელს სლოვაკეთის ერთერთმა საწარმომ შეისყიდა, ხოლო 2007 წელს „Zbrojovka Brno“ ოფიციალურად აღარ არსებობდა.
ფაბრიკა „Československá státní zbrojovka“ იგივე „Zbrojovka Brno“, აწარმოებდა როგორც ცეცხლსასროლ იარაღს, ასევე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს და ძრავებს. ფაბრიკა ცნობილია აგრეთვე იმით, რომ აწარმოებდა საბეჭდ მანქანებს.
იარაღის წარმოების ყველაზე დიდი ნაწილი მოდიოდა შაშხანების და ტყვიამფრქვევების დამზადებაზე. ფაბრიკამ მისი არსებობის განმავლობაში აწარმოა შემდეგი იარაღები: შაშხანები „vz. 98/22“ და „vz. 24“, აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აწარმოებდა გერმანული მაუზერის სისტემის კარაბინს „Karabiner 98k“. აღნიშნულ ფაბრიკაში დამზადდა აგრეთვე პისტოლეტ Vz.22(CZ-22)-ის პირველი პროტოტიპები, თვითდამტენი შაშხანა „ZH-29“, მოიერიშე შაშხანის პროტოტიპი „ZB-530“, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „ZB-47“, მსუბუქი ტყვიამფრქვევი „ZB vz.26“, ტყვიამფრქვევი„ZB-50“ და  ZB-53“ და კიდევ სხვა მრავალი საცდელი პროტოტიპები. ასევე „Zbrojovka Brno“ სამოქალაქო ბაზრისათვის აწარმოებდა სანადირო შაშხანებს და გლუვლულიან თოფებს.
ჯიბის პისტოლეტი „ČSZ“ ბუნებრივია არ შექმნილა სამხედრო პირებისთვის, თუმცა რიგი წყაროების თანახმად იგი რამოდენიმე სამხედრო პირს ჯილდოს სახით გადაეცა და ითვლებოდა ერთგვარ სტატუსის ნიშნად. დიდიხანია ვცდილობ გავარკვიო თუ ვინ იყო აღნიშნული პისტოლეტის შემქმნელი (კონსტრუქტორი) თუმცა ამაოდ. ერთადერთი რისი გარკვევაც შევძელი არის ის, რომ კონსტრუქტორი იყო ავსტრიული „Steyr“-ის ფაბრიკის “OEWG” (Oesterreichische Waffenfabriks- Gesellschaft) ყოფილი კონსტრუქტორი.
კონსტრუქციულად იგი განსხვავდება ბრაუნინგის 1906 წლის მოდელისგან იმით, რომ არ გააჩნია ტარის საზუსრგეზე განთავსებული მცველის ღილაკი (კლავიში), რომელსაც მსროლელი ხელის მოჭიდებით თიშავს. აგრეთვე მისი დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი განსხვავდება იმით, რომ აქვს შიდა (დაფარული) ჩაქუჩისებრი ჩახმახი, რომელიც საკეტის უკან გადაწევისას შეიმართება და გასროლისას ახდენს საცემ ნემსაზე დარტყმას. ბრაუნინგ 1906-ში კი პირდაპირ ზამბარიანი საცემი (ე.წ. “Striker”) გამოიყენება. ასეთივე დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი გამოიყენება ავსტრიულ ჯიბის პისტოლეტში “Steyr M1909” მოდელში.  კიდევ ერთერთი ნიუანსი, რომლითაც პისტოლეტი „ČSZ“ ჰგავს ავსტრიულ “Steyr M1909” მოდელს, არის მჭიდის ფსკერის ფორმა და მისი დაფიქსირების მეთოდი.  
მე არ მახსენდება არცერთი პისტოლეტი, რომლის მჭიდსაც აქვს  ფსკერი ამსიგრძე კუდის სახით. ზუსტად იგივე ტიპის მჭიდი გააჩნია “Steyr M1909” მოდელს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტს, რომ პისტოლეტ „ČSZ“-ს კონსტრუქტორი, მანამდე მუშაობდა „Steyr“-ის ფაბრიკაში და სწორედ “Steyr M1909” ის  გავლენით შექმნა იგი.
“Steyr M1909”  ფოტოზე ჩანს პისტოლეტის მჭიდი, რომელსაც ფსკერზე აქვს მოგრძო კუდი.
ისევე როგორც ბევრ ჯიბის პისტოლეტს, ჩეხურ „ČSZ“-საც  არ გააჩნია სამიზნე მოწყობილობა და დამიზნება ხდება პირდაპირ საკეტ-გარსაცმის ზედა ხაზით.
ტარის ლოყები დამზადებულია პლასტმასისგან და ზედა ნაწილში გააჩნია მარკირება „ČSZ“. საკეტ-გარსაცმზე მარცხენა მხარეს დატანილია შემდეგი სახის მარკირება: ფაბრიკის სავაჭრო ნიშანი და წარწერა „6,35mm K Čs zbrojovka, akc.spol. Brno.”  იარაღის სერიული ნომერი დატანილია ჩარჩოზე სასხლეტი კავის დამცავი რგოლის ნაწილში.
სხვადასხვა წყაროებზე დარყდნობით შეიძლება ითქვას, რომ 1923 წელს ფაბრიკაში “Zbrojovka Brno” დაიწყო პისტოლეტ „ČSZ“-ს წარმოება. პირველმა პარტიამ დღის სინათლე იხილა 1924 წელს. პირველი პარტია მოიცავდა სულ 74 ცალ პისტოლეტს, შემდგომ, კიდევ დამზადდა მცირე პარტია 67 ერთეულის სახით და ასე მცირე პარტიებად მისი წარმოება გაგრძელდა 1936 წლამდე.  რიგ წყაროებში სახელდება, რომ პისტოლეტები  დამზადდა 1923-დან 1936 წლამდე სულ 5 პარტიად. თითო პარტიაში შედიოდა 200 ცალ ეგზემპლარამდე. ვარაუდობენ, რომ სულ ჯამში დამზადებულ იქნა 976 ცალი ეგზემპლარი. აგრეთვე ამბობენ, რომ მოგვიანებით მორჩენილი მარაგების გამოყენებით კიდევ დამზადდა 20 ცალი ეგზემპლარი, რომელიც სხვადასხვა პირებს გადაეცათ საჩუქრად.
მე პერიოდულად ვათვალიერებ ცეცხლსასროლი იარაღის აუქციონებს, სადაც უამრავი რარიტეტული და ბევრად იშვიათი იარაღები იდება ხოლმე გასაყიდად, ვიდრე ჩეხური „ČSZ“, თუმცა ჯერ არასოდეს არ შემხვედრია იგი გაყიდვაში.
პრაღის სამხედრო-ისტორიული ინსტიტუტისა და იარაღის მუზეუმის (VHU – Vojenský historický ústav Praha) ექსპონატი „ČSZ“. სერიული ნომერი 936.

No comments:

Post a Comment