Vz.28(Wz.28) / CZ-28 თურმე არსებობს!

რაც უფრო მეტი დრო გადის ვრწმუნდები, რომ საცდელი პროტოტიპების და ექსპერიმენტალური იარაღების ზღვა რაოდენობა არსებობს. ხშირად ასეთი ეგზემპლარების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. არსებობს მხოლოდ თეორიები, მოსაზრებები და მშრალი ინფორმაცია, რომელსაც ძნელია პირდაპირ ენდო. CZ-24 (Vz.24) დიდიხანია ჩემი კვლევის ობიექტია და ძალიან კარგად ვიცნობ მას. ჩვენს ბლოგზე ვრცელი სტატიაცი კი გამოვაქვეყნეთ მის შესახებ. იხილეთ ბმული > CZ-22 / CZ-24 / CZ-27  ამ სტატიით მეგონა ამოიწურებოდა საკითხი, თუმცა სულ მქონდა ეჭვი, რომ არსებობდა უცნობი პროტოტიპები, რომელიც სტატიის მიღმა დარჩა და ვერ ვისაუბრეთ მათზე.  სტატიაში ჩვენ ავღნიშნეთ, რომ CZ-24 (Vz.24) 1929 – 1934 წლებში მზადდებოდა აგრეთვე პოლონეთისათვის და ლიტვასათვის (ლიტვა). სწორედ პოლონეთისათვის გათვლილი ეგზემპლარები იწვევდა ჩემში გარკვეულ ეჭვს, რადგანაც რამოდენიმე წყაროში სახელდებოდა, რომ ეს პისტოლეტები იყო განსხვავებული და სპეციალური მოთხოვნებით შექმნილი, რომელიც დამკვეთის (ამ შემთვევაში პოლონეთის) მიერ, იქნა წამოყენებული. თუმცა რა მოთხოვნები იყო წამოყენებული პოლონეთის მხრიდან ამის შესახებ ადრე ვერ შევძელი ვერანაირი ინფორმაციის მოძიება. CZ-24 მოდელს ხშირად ახლავს თან ერთი გაუგებარი რამ. ეს გაუგებრობა ეხება პისტოლეტის ჩარჩოზე ან საკეტ-გარსაცმზე დატანალ მარკირებებს, რომელიც ზოგ ეგზემპლარზე გვხვდება და ზოგზე არა. აღნიშნული მარკირება არის იარაღის გამოშვების წელი და დატანილია შემდეგი ფორმით: CZ-ს სავაჭრო ნიშანი (ლოგო) და შემდეგ დამზადების წელის ბოლო ორი ციფრი.
მაგალითად აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულია ჩვეულებრივი CZ-24(Vz.24), რომლის საკეტ-გარსაცმზეც დატანილია სავაჭრო ნიშანი და რიცხვი „29“. შესაბამისად ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ მას აქვს „CZ-29“ მოდელი, არადა ეს ასე არ არის. მინახავს აგრეთვე „CZ-24“ მსგავსი მარკირებით, რომელსაც დარტყმული ჰქონდა ჩეზეს ლოგოტიპი და ეწერა 27, მინახავს 30-იც. ეს ნიშნავს, რომ იარაღები დამზადდა 1927 და 1930 წელს. ვიღაცამ კი შეიძლება იფიქროს, რომ ეს არის CZ-27, რომელიც რეალურად არსებობს, მაგრამ კონსტრუქციულად განსხვავებული პისტოლეტია. ანალოგიურად შეიძლება ითქვას 1930 წელს დამზადებულ ეგზემპლარებზე, რომელსაც დასმული აქვს  „CZ“-ს ლოგოტიპი და შემდეგ „30“, რომელიც მის მფლობელს აფიქრებინებს, რომ აქვს  CZ-30, რაშიც შეცდება. შეცდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი მოდელი საერთოდ არ არსებობს ბუნებაში.
დიდი ხნის წინ ერთერთ უცხოურ ფორუმზე, ფორუმის წევრმა დაწერა, რომ მის მეგობარს მემკვიდრეობით ერგო ბაბუამისის ნაქონი იარაღი, რომელიც არის CZ-28/Vz.28 (Wz.28), და მის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოიძია ინტერნეტში. მეც და ალბათ ფორუმის სხვა წევრებმაც ჩათვალეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი CZ-24, რომელიც გამოშვებული იყო 1928 წელს და ამიტომ მის მფლობელს ეგონა, რომ ჰქონდა „CZ-28“, რომელის შესახებ ინფორმაცია თითქმის არცერთ სახელმძღვანელოში და ცნობარში არ გვხვდება. მეც დარწმუნებული იმაში, რომ არ არსებობს მოდელი სახელწოდებით „CZ-28“ აღარ მიმიქცევია ყურადღება ფორუმის ამ თემისთვის და უბრალოდ დავივიწყე.
და მაინც არსებობს კი მოდელი CZ-28 / Vz.28(Wz.28) ?
ერთ მშვენიერ დღეს, ვეძებდი ინფორმაციას სხვადასხვა პოლონურ პისტოლეტებზე და სრულიად შემთხვევით Google-მა  ამომიგდო ჩემთვის კარგად ნაცნობი "Vz.24/CZ-24"-ის ფოტოსურათი, რომელიც ცოტათი უცნაური მეჩვენა. უცნაურობა კი მდგომარეობდა პისტოლეტის ტარში, რომელიც ზედმეტად გრძელი იყო და ამავდროულად გააჩნდა ბრტყელი საზურგე, რომელზეც ბუდე-კონდახის სამაგრი ლიანდაგის კონტური იყო გამოკვეთილი. ევრიკააააა! დაიძახა ჩემმა შინაგანმა ხმამ, რადგანაც მეგონა, რომ დიდი ხნის შემდეგ გამოჩნდა თურქეთის არმიისთვის დამზადებული „CZ-24“-ის პროტოტიპი, გათვლილი 9x19 Parabellum-ის ვაზნაზე, რომელიც რიგი წყაროების თანახმად სწორედ ბუდე-კონდახით იყო აღჭურვილი, თუმცა ოფიციალურად არცერთი ასეთი ეგზემპლარი დღემდე არაა ნაპოვნი (ამის შესახებ ჩვენ წინა სტატიაშიც ვისაუბრეთ). ფოტოსურათის უკეთ შესწავლის და სხვადასხვა წყაროებში გადამოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ეს იყო სპეციალურად პოლონეთისთვის დამზადებული იშვიათი პისტოლეტი სახელწოდებით “CZ-28” (Vz.28/Wz.28)! რას ვერჩით მართალი ყოფილა ის კაცი!
“CZ-28” (Vz.28/Wz.28)
“CZ-28” (Vz.28/Wz.28)
1926 წელს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების თანამხმდა დადგინდა, რომ შეიარაღებაში უნდა მიღებულიყო თვითდამტენი პისტოლეტი. ამ დროისთვის პოლონეთს არ გააჩნდა საკუთარი წარმოების პისტოლეტი, ამიტომ დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ პისტოლეტების შეძენა მომხდარიყო სხვა ქვეყნიდან. ზუსტად ამ პერიოდში ჩეხოსლოვაკიაში, კერძოდ კი სტრაკონიცეში მდებარე იარაღის ფაბრიკა “Ceska Zbrojovka” (CZ) განიცდიდა გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს და დაინტერესებული იყო მისი ახალი პისტოლეტის მოდელის “CZ-24” გაყიდვით სხვა ქვეყნებში. “Ceska Zbrojovka”-ს მიერ მომზადდა სპეციალური შეთავაზება (ოფერი), რომლის თანახმადაც, პოლონეთის არმიას სთავაზობდნენ, თავიანთ “CZ-24” (Vz.24) მოდელს, მხოლოდ მცირედი მოდიფიცირებით. მოდიფიცირება მდგომარეობდა დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმში, რომელიც უნდა ყოფილიყო მხოლოდ ორმაგი მოქმედების, ეგრედწოდებული DAO (Double-action only). ანუ გასროლის დროს საკეტის უკან გადაადგილება არ გამოიწვევდა ჩახმახის ავტომატურ შეყენებას (შემართვას) და მხოლოდ მსროლელის მიერ სასხლეტზე დაჭერისას მოხდებოდა მისი შეყენება-გაშვების ციკლი ისე, როგორც ხდება ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის მქონე რევოლვერებში. რატომ მაინცდამაინც ასეთი მექანიზმი? ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი ვერსად ვერ მოვიძიე. ერთადერთი შემიძლია ვარაუდის დონეზე ვთქვა, რომ პოლონეთში კულუარულად მიდიოდა საუბარი უსაფრთხოებაზე, რომელიც ეხებოდა თვითდამტენი პისტოლეტის გამოყენებას. ვინაიდან პოლონეთს შეიარაღებაში არასოდეს არ ჰქონია თვითდამტენი პისტოლეტი, იყო გარკვეული რისკი იმისა, რომ რევოლვერზე მიჩვეულ სამხედრო პირებს და პოლიციელებს მოუვიდოდათ უნებლიე გასროლის ფაქტები, რადგანაც მათ არ ჰქონდათ თვითდამტენ-პისტოლეტთან მოპყრობის გამოცდილება. ალბათ ამიტომაც “Ceska Zbrojovka”-მ პოლონეთის სამხედრო უწყებას შესთავაზა მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-გამშვები მექანიზმით აღჭურვილი პისტოლეტები. 1927 წლის მიწურულს სპეციალურად პოლონეთისთვის დამზადდა პირველი “CZ-24/Vz.24” პროტოტიპი „DAO” გამშვებით.
დღეისათვის უცნობია რამდენი ცალი ეგზემპლარი იქნა გამოშვებული. სავარაოდოდ ასეთი მოდელი მხოლოდ პროტოტიპის სახით შეიქმნა და სერიულ წარმოებამდე არ მისულა საქმე.
1927 წლის მიწურულს “Ceska Zbrojovka”-ში დამზადებულ იქნა CZ-24-ის კიდევ ერთი ახალი მოდიფიკაცია, რომელსაც 14მმ-ით დაგრძელებული ტარი ჰქონდა. შესაბამისად მასში თავზდებოდა 9 ვაზნაზე გათვლილი მჭიდი (სტანდარტულ Vz.24/CZ-24-ის მჭიდში თავსდებოდა 8 ვაზნა). აგრეთვე ახალ პროტოტიპს ტარზე გააჩნდა ხისგან დამზადებული ბუდე-კონდახისათვის განკუთვნილი სამაგრი ჭრილი. გამოდის რომ მთავარი სხვაობა სტანდარტული CZ-24(Vz.24) მოდელთან შედარებით იყო მხოლოდ მოგრძო ტარი, რომელიც იტევდა 1 ცალი ვაზნით გაზრდილ მჭიდს და ჰქონდა ხის ბუდე-კონდახის სამაგრი. პრაღის სამხედრო-ისტორიული ინსტიტუტისა და იარაღის მუზეუმის (VHU – Vojenský historický ústav Praha) მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ 1928 წელს პოლონეთის ფინანსთა სამინისტრომ (Ministerstwo Skarbu), “Ceska Zbrojovka”-ს დაუკვეთა 730 ცალი მოდიფიცირებული CZ-24(Vz.24) 9 ვაზნიანი მჭიდით და მისთვის განკუთვნილი 230 ცალი ხისგან დამზადებული ბუდე-კონდახი, რომელიც სპეციალურად პოლონეთის მესაზღვრეებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. აღნიშნულ მოდელს მიენიჭა სახელწოდება „Wz.28“ (Vz.28/CZ-28). 
 რიგი წყარების თანახმად 1929 წელს პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს მიეწოდა აღნიშნული 730 ცალი „Wz.28“ (Vz.28/CZ-28), რომლიდანაც მხოლოდ 230 ცალს ჰქონდა ბუდე-კონდახისათვის განკუთვნილი სამაგრი. ამ პარტიასთან ერთად მიწოდებულ იქნა აგრეთვე 230 ცალი ხის ბუდე-კონდახი და 20 000 ცალი ჩეხური წარმოების ვაზნა “9x17 Vz.22”, რომელიც ბრაუნინგის 9x17 (.380ACP) ვაზნის ჩეხურ ვარიანტს წარმოადგენდა.
„Wz.28“ (Vz.28/CZ-28) სერიული ნომრით 360 
 ერთერთ ინტერნეტ აუქციონზე წავაწყდი პისტოლეტ „Wz.28“ (Vz.28/CZ-28) მოდელს, რომელსაც გააჩნდა ბუდე-კონდახის სამაგრი და მისი სერიული ნომერი იყო 360. პისტოლეტის ფასი შეადგენდა 2000$
„Wz.28“ (Vz.28/CZ-28) სერიული ნომრით 360  ფოროზე ჩანს ბუდე-კონდახის ლიანდაგისებური სამაგრი
1930 წლის იანვარში პოლონეთის მესაზღვრეებისთვის შეკვეთილ იქნა კიდევ 1000 ცალი პისტოლეტი „Wz.28“ (Vz.28) ბუდე-კონდახის სამაგრის გარეშე და 5000 ცალი ვაზნა “9x17 Vz.22”, ხოლო 1931 წლის მარტში კი ვარშავის მესაზღვრეთა შტაბში გაგზავნილ იქნა დამატებით 800 ცალი პისტოლეტი და 55000 ცალი ვაზნა “9x17 Vz.22”.  სულ ჯამში პოლონეთმა მიიღო 2530 ცალი პისტოლეტი „Wz.28“ (Vz.28/CZ-28) და 80000 ცალი ვაზნა “9x17 Vz.22”. 
1930 წელს დამზადებული „Wz.28“ (Vz.28/CZ-28), რომელსაც არ გააჩნია ხის ბუდე-კონდახის სამაგრი. სერიული ნომერი 2341. მისი ფასი ინტერნეტ აუქციონზე შეადგენდა 2100$
რიგი წყაროები ამბობს, რომ გარდა „Wz.28“ (Vz.28/CZ-28) მოდელისა, პოლონეთის არმიას მიეწოდა 1700 ცალი სტანდარტული პისტოლეტი Vz.24(CZ-24).
შეიძლება გავიდეს გარკვეული დრო და რომელიმე ინტერნეტ აუქციონზე გამოჩნდეს თურქეთის არმიისთვის შექმნილი 9x19 Parabellum ვაზნაზე გათვლილი ეგზემპლარის ფოტოსურათი, რომელსაც უკვე წლებია ვეძებ. პისტოლეტ „Wz.28“-ს გამოჩენამ კი კიდევ ერთხელ შეამახსენა, რომ ძალიან ცოტა რამ ვიცი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ და მიხარია ის, რომ წინ ზღვა მასალაა!

No comments:

Post a Comment