«Эльф», «Гоблин» და «Гном» უკრაინიდან

90-ანი წლების დასაწყისში, უკრაინაში კიევის სპეცტექნიკის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ „КБС“ (Конструкторском бюро спецтехники, უწოდებდნენ აგრეთვე „КБСТ“-ს Конструкторское бюро специальной техники) წამოწყებულ იქნა მუშაობა ახალ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებზე. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შექმნა მიმდინარეობდა ორი ძირითადი სახელწოდებით «Эльф» და «Гоблин». მოგვიანებით კი ამავე პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური პისტოლეტი «Гном». აღნიშნული იარაღები მისი საჭიროებიდან გამომდინარე განკუთვნილი უნდა ყოფილიყო უკრაინის უშიშროების სამსახურისათვის СБУ (Служба безопасности Украины). აგრეთვე ახალ იარაღით მოხდებოდა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფების გარკვეული თანამშრომლების შეიარაღება. ამავდროულად განიხილებოდა ანტიტერორსტული დანაყოფების, სამხედრო მანქანების და ვერტმფრენების ეკიპაჟის წევრების შეიარაღების სკითხიც. ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შექმნის პროექტს სათავეში ჩაუდგა „КБСТ“-ს მთავარი კონსტრუქტორი იგორ მიხეილის ძე ალექსეენკო (Игорь Михайлович Алексеенко).  

„Эльф-2“ (ელფი)
1993 წლის მიწურულს წარმოდგენილ იქნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი სახელწოდებით „Эльф“. მისი მუშაობის პრინციპი დაფუძნებული იყო თავისუფალი საკეტის სქემაზე, თუმცა კონსტრუქციაში გამოიყენებოდა სპეციალური ზამბარიანი შემანელებელი, რომელიც ანელებდა საკეტის უკუსვლას და ამცირებდა სროლის ტემპს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ „ელფი“ ერთგვარ ნახევრადთავისუფალი საკეტის სქემას იყენებდა.  სროლა წარმოებდა ღია საკეტით. შესაძლებელი იყო როგორც სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა, ასევე ერთეული გასროლებით. მასრების ექსტრაქცია ხდებოდა მარჯვენა მხარეს განთავსებული ფანჯრიდან.
 ერთერთ უცნაურ მიდგომას წარმოადგენდა ლულის ჰაერით გაგრილების გადაწყვეტილება. საკეტი წინ მოძრაობისას ტუმბოს მსგავსად ახდენდა ჰაერის ნაკადის შეფრქვევას ლულის გარსაცმსა და ლულას შორის. დაახლოებით ასეთივე გაგრილების სქემას იყენებს იტალიური პისტოლეტ ტყვიამფრქვევი „Spektre M-4“.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ ელფის ლულის კოლოფი მზადდებოდა ცივი დაბეჭდვის მეთოდით (ე.წ. შტამპოვკა). ამავე მეთოდით დამზადდა დეტალების 62%, ხოლო დანარჩენი 38% დამზადდა დაზგებზე ფრეზირების მეთოდით. სულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შედგებოდა 49 დეტალისგან. აქედან 6 ცალი დეტალი იყო გამშვები მექანიზმის.
მჭიდის მოთავსება ხდებოდა პისტოლეტისებურ სახელურში. პისტოლეტისებური სახელურის უკანა ნაწილში დამონტაჟებული იყო ავტომატური მცველის ღილაკი, რომლის გათიშვაც ხდებოდა მსროლელის მიერ პისტოლეტისებურ ტარზე ხელის მტევნის მოჭერის შემთხვევაში. იარაღს წინა ნაწილში გააჩნდა დამატებითი საკეცი სახელური.
მცირედი გადამუშავების შედეგად გაჩნდა პროტოტიპი „„Эльф-2“,  რომელის წინა სახელურში შესაძლებელი იყო სათადარიგო მჭიდის მოთავსება. აღნიშნული სახელურიც იკეცებოდა 90 გრადუსიანი შებრუნებით.  მსროლელს შეეძლო მისი მოკეცვა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი აღჭურვილია მეტალის დუგლუგით, რომელიც არის საკეცი. მისი ორი ღერო დაკეცვისას შედის ლულის კოლოფზე არსებულ ლიანდაგებში. ხოლო სამხრე დეტალი იკეცება ლულის კოლოფის ქვემოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. საკეტის შესამართი სახელური განთავსებულია ზემოთა მხრიდან.
ელფი დაპროექტებულ იქნა მაკაროვის ვაზნებზე 9Х18 ПМ, აგრეთვე დამზადდა პროტოტიპი 9x19 Parabellum-ის ვაზნაზე. საცდელი სახით იგეგმებოდა 9მმ-ანი ბრაუნინი მოკლე (9х17Browning/.380ACP) ვაზნაზე გათვლილი ვარიანტის დამზადებაც.
ზამბარიანი საკეტის მასა მაკაროვის ვაზნაზე 9х18ПМ გათვლილი პროტოტიპის  შემთხვევაში შეადგენდა 310 გრამს, ხოლო 9x19 Parabellum ვაზნაზე გათვლილი მოდელის შემთხვევაში 370 გრამს.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ ელფის ლულის ბოლოში შესაძლებელი იყო ალმქრობის და აქტიურ-რეაქტიული კომპენსატორის დამაგრება. აგრეთვე შესაძლებელია მაყუჩის დამაგრებაც.  

მთლიანობაში ელფი არის მარტივი კონსტრუქციის, იტანს დაბინძურებას და არ ეშინია ტემპერატურული ვარდნის. კონსტრუქტორის თქმით იარაღის დაფარვა არის ზემდეგი მომატებული ტენიანობის მიმართ და თითქმის არ იჟანგება, რაც ზღვის კლიმატურ პირობებში უდაოდ გასათვალისწინებელია. რამდენადაც ცნობილია ელფის ლულის ჭრილები იყო პოლიგონალური ტიპის და მისი რესურსი შეადგენდა 10 000 გასროლას.
ელფი აღჭურვილი იყო მარტივი ღია სამიზნე მოწყობილობით. როგორც ამბობენ გამოცდებისას 25 მეტრ დისტანციაზე სროლისას, ერთეულ რეჟიმში 25 გასროლიდან ყველა ტყვია ჩაჯდა 4სანტიმეტრიან წრეში.
 ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი/ვაზნა: 9მმ/ 9х18 ПМ მაკაროვის ვაზნა; (მწარმოებლის თქმით რამოდენიმე ეგზემპლარი დამზადდა შემდეგ ვაზნებზე:
წონა: 2,5 კგ მჭიდის გარეშე;
სიგრძე გახსნილი დუგლუგით: 580 მმ;
სიგრძე დაკეცილი დუგლუგით: 416 მმ;
ლულის სიგრძე: 240 მმ;
სისქე: 38 მმ;
სროლის ტემპი: 400-500 გასროლა წუთში;
მჭიდის ტევადობა: მოკლე მჭიდი 25 ვაზნაზე; გრძელი მჭიდი 32 ვაზნაზე
დამიზნების მანძილი: 100-150 მეტრი;
ტყვიის საწყისი სიჩქარე: 9х18ПМ  350-385 მ/წამი (ვაზნის ტიპიდან გამომდინარე), ხოლო 9х19 Parabellum ვაზნაზე გათვლილი მოდელის ტყვიის საწყისი სიჩქარე იყო  425 მ/წამი

 „Гоблин“
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ „ელფის“ შემდეგ, კიევის სპეცტექნიკის საკონსტრუქტორო ბიუროში იგორ ალექსეენკოს ხელმძღვანელობით მუშაობა დაიწყეს ახალ იარაღზე. იარაღი უნდა ყოფილიყო დასაკეცი, რომლის დაკეცვის შემთხვევაში მისი გაბარიტები არ უნდა ყოფილიყო სიგარეტის 10 კოლოფიან ბლოკზე დიდი. აგრეთვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს საიმედოდ უნდა ემუშავა რთულ კლიმატურ პირობებში და ამავდროულად უნდა ყოფილიყო მარტივი კონსტრუქციის.
1994 წელს, მუშაობის დაწყებიდან 2 თვეში შექმნილ იქნა პირველი პროტოტიპი «Гоблин-1», რომელიც კონსტრუქციულად შედგებოდა ორი ცალი მეტალის კოლოფისგან (ბლოკისგან).  ერთ ბლოკში, რომელსაც პირობითად შეიძლება ლულის კოლოფი ვუწოდოთ, ჩამონტაჟებული იყო ლულა, საკეტი, დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი და გააჩნდა პისტოლეტისებური სახელური.
"Гоблин" დაკეცილ მდგომარეობაში
სახელურში თავსდებოდა მაკაროვის 9х18ПМ ვაზნაზე გათვლილი 25 ან 32 ვაზნიანი მჭიდი. მეორე ბლოკი ასრულებდა სამხრე დუგლუგის (კონდახის) დანიშნულებას. ლულის კოლოფი მზადდებოდა ცივი დაბეჭდვის მეთოდით. იარაღი ტრანსპორტირების დროს იკეცებოდა და ხდებოდა ერთგვარი პარალელეპიპედის ფორმის.
ანალოგიური დასაკეცი კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 90-ანი წლების დასაწყისში შეიქმნა რუსეთშიც, რომელიც ПП-90 სახელითაა ცნობილი. დასაკეცი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები საკმაოდ საინტერესო თემაა პირადად ჩემთვის და შევეცდები ახლო მომავაში ცალკე სტატია დავწერო მათი შექმნის ისტორიაზე.
გობლინიდან სროლა შეიძლება როგორც სრულიად ავტომატური ჯერებით, ასევე ფიქსირებული 2 გასროლიანი რეჟიმით, რომელიც კონსტრუქტორის აზრით ყველაზე ეფექტურ დამიზნებით სროლას უზრუნველყოფს. უცნაურია აგრეთვე სროლის რეჟიმების გადართვის მეთოდიც, რომელიც ხდება სასხლეტი კავის მარჯვნივ და მარცხნივ გაწევით (გადაადგილებით). ისევე როგორც მის წინამორბედ „ელფში“, აქაც გამოყენებული იყო ლულის გაგრილების სპეციალური მეთოდი.
"Гоблин"-ს წინა ნაწილში გააჩნდა მომცრო ზომის დამატებითი სახელური მეორე ხელისათვის

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები (ტტმ):
კალიბრი: 9მმ;
ვაზნა: 9х18 ПМ მაკაროვი / 9x19 Parabellum;
სიგრძე: 510მმ გაშლილ მდგომარეობაში / 290მმ დაკეცილ მდგომარობაში;
წონა: 1,9კგ მჭიდის გარეშე;
სროლის ტემპი: 400-500 გასროლა წუთში;
ტყვიის საწყისი სიჩქარე: ვაზნაზე 9х18 ПМ მაკაროვი 380მ/წამი, 420მ/წამი 9x19 Parabellum;
მჭიდი ტევადობა: მოკლე მჭიდი 25 ვაზნაზე, გრძელი მჭიდი 32 ვაზნაზე;
სამიზნე მანძილი: 100-150 მეტრი.

„ელფის“ მსგავსად „გობლინიც“ მუშაობს თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც სპეციალური ზამბარის მეშვეობით ხდება საკეტის უკუსვლის შენელება და სროლის ტემპის შემცირება, რასაც თან ახლავს უკუცემის იმპულსის შესუსტებაც. „გობლინის“ შემთხვევაში უკუცემას ამცირებს აგრეთვე ის ფაქტორიც, რომ საკეტს უკან გადაადგილებისას უწევს დიდი მანძილის გავლა.
იარაღის სამიზნე მოწყობილობები არის დასაკეცი ტიპის, რომლებიც კონსტრუქტორის აზრით კარგად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. ამბობენ, რომ გამოცდებისას 100 მეტრ დისტანციაზე სროლისას ტყვიების 85% მოხვდა სამკერდე ფიგურაში. კონსტრუქტორ იგორ ალექსეენკოს თუ დავუჯერებთ იარაღის რესურსი შეადგენს 24 000 გასროლას, ხოლო ლულის რესურსი, როგორც მის წინამორბედ „ელფში“ არის 10 000 გასროლა.
გამოცდების შემდეგ დამზადდა გადამუშავებული პროტოტიპი „Гоблин-2“, რომლის საკეტიც 550 გრამიდან 350 გრამამდე იქნა შემცირებული. აგრეთვე გაჩნდა ვარიანტი გათვლილი 9X19 Parabellum ვაზნაზე. იგეგმებოდა ვარიანტ „Гоблин-3“-ის დამზადებაც, თუმცა საბოლოოდ უკრაინის მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები არ დაინტერესდნენ ახალი იარაღით. შესაბამისად არც „ელფი“ და არც „გობლინი“ არ იქნა შეიარაღებაში მიღებული, ხოლო პროექტი საბოლოოდ ჩავარდა.  

„Гном“
წარუმატებელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების პროექტის შემდეგ, 1995 წელს კიევის სპეცტექნიკის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შეიქმნა სპეციალურად ფარული ტარებისათვს განკუთვნილი დასაკეცი მოიერიშე პისტოლეტი სახელწოდებით „Гном“.
 ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი ტრილოგია ზღაპრული „ელფების“, „გობლინების“ და „გნომების“ თემიდან. ითვლება, რომ „გნომის“ დანიშნულება იყო ფარული ტარება ტანისსამოსის შიგნით, ან ჯიბეში მოთავსება, თუმცა ჩემი აზრით მისი გაბარიტები და წონა ძალიან დიდია ფარულად სატარებელი იარაღისათვის. პისტოლეტი „გნომი“ გათვლილი იყო  მაკაროვის პისტოლეტის ვაზნაზე 9×18 ПМ. იგორ ალექსეენკოს თქმით ძალიან მარტივი იყო პისტოლეტის ამოღება, გაშლა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.   
საკეტის შემართვა ხდებოდა პისტოლეტის უკანა ნაწილში არსებული სპეციალური სახელურის მეშვეობით, რომელიც შეიძლება „Mauser C96“-ის საკეტის სახელურს შეიძლება შევადაროთ. დაკეცილ მდგომარეობაში პისტოლეტის მჭიდი ისე ფიქსირდება, რომ გამორიცხულია მისი უნებლიე გამოვარდნა. მჭიდი გათვლილი იყო 20ცალ ვაზნაზე. პისტოლეტი იწონიდა 1,18 კილოგრამს. მუმდმივი (არარეგულირებადი) სამიზნე მოწყობილობა განკუთვნილი იყო 50 მეტრამდე სროლისათვის. ეფექტური სწრაფსროლა შეადგენდა 40 გასროლას წუთში. ისევე როგორც „ელფი“ და „გობლინი“ მისი კორპუსის დეტალებიც მზადდებოდა ცივი დაბეჭდვის მეთოდით.
საბოლოოდ „გნომმაც“ მისი წინამორბედი ეგზემპლარების ბედი გაიზიარა და პროექტი მხოლოდ რამოდენიმე საცდელი პროტოტიპის დამზადებით შემოიფარგლა. მოგვიანებით კი კიევის სპეცტექნიკის საკონტრუქტორო ბიურო საერთოდ დაიშალა. 

No comments:

Post a Comment