SABLE BABY (სიასამური)

მე-19-ე საუკუნის მიწურულს და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში მომცრო ზომის ჯიბის რევოლვერები ერთგვარ მოთხოვნად პროდუქტს წარმოადგენდნენ სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯიბის რევოლვერების მთელი კლასიც კი ჩამოყალიბდა „ბულდოგების“ და „ველოდოგების“ სახით. ხშირ შემთხვევაში ასეთი რევოლვერების უმეტესობას ახასიათებდა ერთი კონსტრუქციული თავისებურება, კერძოდ, შედარებით გრძელი დასაკეცი სასხლეტი კავი, რომელიც იძლეოდა იარაღის ჯიბეში უკეთ მოთავსების საშუალებას და დაკეცილ მდგომარეობაში ერთგვარი მცველის ფუნქციასაც ასრულებდა. ბუნებრივია სანამ მასიურად გავრცელდებოდა 6,35მმ-ან ვაზნაზე (.25ACP)  გათვლილი თვითდამტენი პისტოლეტები, ჯიბის იარაღის ბაზრის თითქმის მთლიანი წილი, სწორედ მცირეგაბარიტიან რევოლვერებს ეჭირათ.  6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი მთელი რიგი თვითდამტენი პისტოლეტების გამოჩენის შემდეგაც კი უამრავი  მუშტარი ჰყავდა მცირე ზომის რევოლვერებს. შესაბამისად ევროპის და ამერიკის იარაღის მწარმოებლები ცდილობდნენ ეწარმოებინათ მსგავსი რევოლვერები, რომელიც გაცილებით იაფი ღირდა იმ პერიოდში და ფასით უწევდა დიდ კონკურენციას თვითდამტენ პისტოლეტებს. ბევრი მყიდველი თვითდამტენი პისტოლეტების საიმედოობას ეჭვის თვალითაც კი უყურებდა და არჩევდა „უფრო საიმედო“ რევოლვერი ჰქონოდა ჯიბეში, ვიდრე იმ დროისათვის ჯერ კიდევ „ახალი ხილი“ თვითდამტენი პისტოლეტის სახით. დღეს იმ ეპოქის მცირეგაბარიტიანი რევოლვერების გარკვეული ეგზემპლარები ნაკლებად ფასობს, რადგანაც მათი დამზადება უხარისხოდ ხდებოდა, თუმცა რიგი მოდელები საკმაოდ ძვირია და არსებობს კოლექციონერთა  წრეები, რომლებიც ეძებენ იშვიათ ეგზემპლარებს. მე როგორც ძველმანების და „ჯართის მკვლევარი“ პერიოდულად ვზვერავ ინტერნეტ აუქციონებს, სადაც ხშირად ამოტივტივდება ხოლმე სხვადასხვა უცნობი მწარმოებლის მიერ დამზადებული მომცრო ზომის ჯიბის რევოლვერები. პირადად მე მომწონს იმ ეპოქის „არაფრისმაქნისი“ მცირეგაბარიტანი რევოლვერები და განსაკუთრებულ სიმპატიას იწვევს ჩემში ერთი ეგზემპლარი, რომელსაც ამ სტატიით წარმოგიდგენთ.
ამ რევოლვერს პირველად 1995 წელს ა.ბ. ჟუკის რევოლვერებისა და პისტოლეტების „მწვანე წიგნის“ თვალიერებისას წავაწყდი. (მწვანე წიგნი პირობითი სახელია, რადგანაც ამ წიგნის ყველაზე დიდი ტირაჟი სწორედ მწვანე ფერის გარეკანით იყო გამოცემული, თორემ არსებობს სხვანაირი გაფორმებით დაბეჭდილი ვარიანტებიც).
ილუსტრაცია ა.ბ. ჟუკის ცნობარიდან „რევოლვერები და პისტოლეტები“
ერთი შეხედვით სმიტ და ვესონის (Smith & Wesson) რევოლვერის იაფფასიანი კლონი მიმზერდა ფურცლიდან, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა სავაჭრო ნიშანმა. სავაჭრო ნიშანი დატანილი იყო რევოლვერის ჩარჩოზე მარცხენა მხარეს, უკანა ნაწილში, რომელზეც გამოსახული იყო სიასამური და მეტი არაფერი. რაც შეეხება ინფორმაციას მის შესახებ, ჟუკის წიგნში მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა, რომელიც იუწყებოდა, რომ რევოლვერი დამზადებულია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, იტალიაში, კომპანია „Beretta“-ს მიერ. დიახ ზუსტად კომპანია „Beretta” ასე იყო მითითებული მწარმოებელში.
მიუხედავად დიდი ინტერესისა იმ დროს ვერსად ვერ შევძელი რაიმე ინფორმაციის მოძიება აღნიშნულ რევოლვერზე. ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად დავიწყე ძიება და გარკვეული ინფორმაციის მოპოვება.
რევოლვერის ოფიციალური სახელწოდებაა “SABLE” (ქართულად „სიასამური“, რუსულად „Соболь“). მთლიანობაში კი რევოლვერის სრული დასახელებაა “Sable Baby Hammerless”.
არსებობს სიასამურის ორი ვარინტი:
1.      ღია ჩახმახით;
2.      დახურული ჩახმახით.
სიასამურის ორიგინალურ კოლოფზე დატანალი წარწერით და სხვადასხვა ფოტოსურათებით თუ ვიმსჯელებთ რევოლვერები იწარმოებოდა ორნაირი დაფარვით: 1. ნიკელის დაფარვით (ვერცხლისფერი დაფარვა), რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც ქრომირებულს; 2. შავი ფერის (ეგრედწოდებული „შავი ვარანენიე“).
ქარხნულად ყველა სიასამურს გააჩნდა თეთრი ან სპილოსძვლისფერი პლასტმასისგან დამზადებული ტარი, რომელიც მდიდრულად გამოიყურებოდა, თუმცა რეალურად იყო უბრალო პლასტმასი.
როგორც ზევით ავღნიშნე, რევოლვერი წარმოადგენს „სმიტ და ვესონის“ კლონს, რომელშიც ვაზნების ჩასალაგებლად ლულა დოლურასთან ერთად იკეცება (იხსნება) ქვევით.
ლულის დაფიქსირება ისევე როგორც „სმიტ და ვესონის“ რევოლვერებში ხდება ჩარჩოს ზედა ნაწილში არსებული ორი ცალი შვერილი კბილის მეშვებოთ.  რევოლვერი სიასამური გათვლილია წრიული აალების ვაზნაზე .22 Short (.22 მოკლე), რომელიც ძალიან სუსტი ვაზნაა. შეიძლება იქთვას, რომ ეს არის ყველაზე სუსტი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, რომელიც მასიურად იწარმოება. (ხაზს ვუსვამ სიტყვა მასიურს, რადგანაც ამაზე სუსტი ვაზნებიც არსებობს ბუნებაში, თუმცა მათი წარმოება მასიურად არ ხდება). სტანდარტული მუხტის მქონე .22 Short ვაზნის ტყვიის ენერგია მოკლელულიანი იარაღიდან სროლისას შეადგენს 45-60 ჯოულს. (არსებობს სწრაფი ვაზნებიც, რომელთა ენერგია 80-90ჯოულსაც აღწევს, თუმცა მას იშვიათად იყენებენ).  მცირე უკუცემიდან გამომდინარე ვაზნა .22 Short ხშირად გამოიყენება სასროლოსნო სპორტში ჩქაროსნული სროლის დროს. ისტორიულად .22 Short წარმოადგენს .22LR ვაზნის წინაპარს. სწორედ .22 Short-ის ბაზაზე შეიქმნა ვაზნა .22 Long, რომელიც შემდეგ გადამუშავებულ იქნა „J. Stevens Arm & Tool Company“-ს მიერ და გაჩნდა .22 Long Rifle.
ვაზნა .22 Short ითვლება ერთერთ პირველ უნიტარულ ვაზნად, რომელიც რევოლვერის დოლურაში უკანა მხრიდან იდებოდა. (უკანა მხრიდან ჩადებაში ვგულისხმობ იმას, რომ მანამდე არსებული საცდელი უნიტარული ვაზნები, წინა მხრიდან იდებოდა დოლურაში და არა ისე, როგორც დღეს თანამედროვე რევოლვერებში). .22 Short პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა და გამოიყენებოდა სმიტ ვესონის პირველ რევოლვერში.
ფაქტიურად ფოტოსურათზე წარმოდგენილია მცირეკალიბრიანი წრიული აალების ვაზნების ევოლუცია ქრონოლოგიურად
სიასამურს გააჩნია დასაკეცი სასხლეტი კავი, რომელიც აადვილებს მის ჯიბეში მოთავსებას და ერთგვარ მცველს წარმოადგენს. მისი დოლურა იტევს 6 ცალ ვაზნას. ლულის ქვემოთ ჩაწევისას (გადახსნისას) ვარსკვლავისებური ექსტრაქტორი ახდენს მასრების ამოწევას.
მთლიანობაში რევოლვერი არის ძალზედ კომპაქტური, მისი საერთო სიგრძე შეადგენს 120,6 მმ-ს, ხოლო ლულის სიგრძე კი არის 2 ინჩი (50,8მმ). რევოლვერი ვაზნების გარეშე იწონიდა 227 გრამს.
რევოლვერზე არსებული მარკირებები და დამღები
ლულაზე ზევითა მხრიდან დატანილია წარწერა „SABLE BABY”. ლულის მარცხენა მხარეს დატანილია წარწერა „CAL .22 SHORT ONLY“, ხოლო მარჯვენა მხარეს „MADE IN BELGIUM”.  
მარჯვენა მხარეს ლულასა და ჩარჩოზე დატანილია ბელგიური ლიეჟის საგამოცდო დამღები ეგრედწოდებული  “Liege ELG proofed“.  იარაღის სერიული ნომერი დატანილია ტარის ფსკერზე.
აწარმოებდა თუ არა „ბერეტა“ აღნიშნულ რევოლვერებს?
ეს კითხვა დიდიხანია მაწუხებს, თუმცა ზუსტი პასუხი მასზე არ მაქვს. ფაქტი ერთია, რომ რევოლვერზე დატანილი წარწერა მოწმობს, რომ იგი არის ბელგიური. კვლევა ძიებისას აღმოვაჩინე ერთერთი სავაჭრო ცნობარის გვერდი, სადაც მითითებულია კომპანია “BERETTA”.
შესაბამისად ვარაუდის დონეზე შეიძლება ორი მოსაზრების განხილვა: 1. იარაღი იწყობოდა ბელგიაში (ლიეჟში) და მის გაყიდვა/რეალიზაციას ანხორციელებდა იტალიური კომპანია „Beretta“; 2. იარაღს სპეციალურად ბელგიისთვის ამზადებდა კომპანია „Beretta“, რომელიც ანხორციელებდა მის იმპორტს და  გაყიდვა ხდებოდა ბელგიის იარაღის სამოქალაქო ბაზარზე.
როგორც ცნობარის გვერდიდან ჩანს, სიასამურის ღირებულება იმ პერიოდში შეადგენდა 32 აშშ დოლარს. სტატიის დაწერის დროს სხვადასხვა ინტერნეტ აუქციონების შესწავლისას სიასამურის ფასები შეიძლება ითქვას, რომ მერყეობს 164-1500$ ფარგლებში. ფასი დამოკიდებულია რევლვერის მდგომარეობაზე და აგრეთვე მოყვება თუ არა ორიგინალურ მუყაოს ყუთი და ინსტრუქცია.
ზუსტად რა რაოდენობის რევოლვერი იქნა დამზადებული გამიჭირდება ამის თქმა. ინტერნეტ აუქციონებზე წარმოდგენილი ეგზემპლარების თვალიერებისას ყველაზე მაღალი სერიული ნომრი რომელიც მე შემხვდა იყო ღია ჩახმახიანი ვარიანტი ნომრით 7684.  აქვე ბუნდოვანია თუ რომელ წლებში იწაროებოდა რევოლვერი სიასამური. სავარაუდოდ მისი წარმოება 50-60-ან წლებში ხდებოდა.
თუ შევხედავთ სიასამურს პრაქტიკული კუთხით, იგი არაფრისმაქნისი ჯიბის რევოლვერია, თუმცა პირადად ჩემთვის არის მასში გარკვეული ეშხი და სილამაზე, განსაკუთრებით მომწონს დახურულ ჩახმახიანი ვარიანტი, რომლის ჩარჩოდანაც სიასამურის გრავიურა შემოგცქერის.

No comments:

Post a Comment